გაბრიელ გარსია მარკესი - დაკარგული დროის ზღვა

თებერვლის ბოლოს ზღვა აღელდებოდა ხოლმე, მთელ ნაგავსა და სიმყრალეს გამორიყავდა და მალე ყველაფერი აუტანელი სუნით იჟღინთებოდა. ამ ხნიდან მომავალ დეკემბრამდე ცხოვრება მოსაწყენი და ერთფეროვანი ხდებოდა და რვა საათის შემდეგ სოფელში მღვიძარ კაცს ვერ ნახავდი.

მაგრამ იმ წელწიადს, სენიორ ჰერბერტი რომ ჩამოვიდა, ზღვა თებერვალშიც არ აღელვებულა, პირიქით, სულ უფრო მშვიდი და მანათობელი ხდებოდა. მარტის პირველ დღეებში კი ვარდების სურნელი მოიტანა.

ტობიასმა ეს იგრძნო. მისი სისხლი რატომღაც ძლიერ იზიდავდა კიბორჩხალებს და ისიც მთელ ღამეებს საწოლიდან მათ განდევნას უნდებოდა, მხოლოდ განთიადის ნიავის წამობერვისას თუ მილულავდა თვალებს. უძილოდ გატარებული ღამეების წყალობით ტობიასს ჰაერის ოდნავი ცვლილებაც არ ეპარებოდა და, ვარდების სურნელი რომ იგრძნო, კარის გაუღებლადაც მიხვდა - სუნი ზღვიდან მოდიოდა.

დილით გვიან ადგა. კლოტილდე ეზოში ცეცხლს აჩაღებდა, ზღვიდან მაცოცხლებელი სიო უბერავდა. ყველა ვარსკვლავი თავის ადგილზე ჩანდა, მაგრამ ზღვის ნათების გამო მათი დათვლა თითქმის შეუძლებელი იყო. ყავა რომ დალია, ტობიასმა პირში წინა ღამის კვალი იგრძნო.

- წუხელ, - გაიხსენა მან, - რაღაც საოცრება მოხდა.

კლოტილდეს, როგორც მოსალოდნელი იყო, არაფერი გაუგია. ისე ღრმად ეძინა, სიზმარიც კი არ ახსოვდა.

- ვარდების სუნი მეცა, - თქვა ტობიასმა, - და დარწმუნებული ვარ, ზღვიდან მოდიოდა.
- არ ვიცი, როგორი სუნი აქვს ვარდს, - თქვა კლოტილდემ.

ასეც იყო. ქვასავით მაგარ, გვარჯილანარევ მიწაზე გაშენებულ სოფელში ათასში ერთხელ თუ მოიტანდა ვინმე შორიდან თაიგულს, ისიც მიცვალებულთან ერთად ზღვაში ჩასაშვებად.

- ეს ის სუნია, გუაკამაიელ დამხრჩვალს რომ ასდიოდა, - აუხსნა ტობიასმა.

კლოტილდემ გაიცინა:

- თუ კარგი სუნი იყო, დარწმუნებული ბრძანდებოდა, ეს ზღვა არ მოიტანდა!

მართლაც რომ დაწყევლილი ზღვა იყო. ბადეს სიბინძურის მეტი არაფერი ამოჰქონდა, დინამიტიც კი მხოლოდ ჩაძირული გემის ნაფოტებს ამოატივტივებდა ხოლმე. სამაგიეროდ, მოქცევის შემდეგ ქუჩები დახოცილი თევზებით ივსებოდა.

სოფელში შემორჩენილი რამდენიმე ქალი ახლა კლოტილდესავით კერას დასტრიალებდა თავს. მოხუცი ხაკობის ცოლიც იმ დღეს ჩვეულებრივზე ადრე ადგა, სახლი დაალაგა და უბედურების მომასწავებელი გამომეტყველებით საუზმის მზადებას შეუდგა.

- ჩემი უკანასკნელი სურვილია, - უთხრა ქმარს, - ცოცხლად დამმარხოთ.

ეს სიტყვები ისე წარმოთქვა, კაცს ეგონებოდა, სასიკვდილო სარეცელზე წევსო, თუმცა მაგიდის თავში იჯდა სამზარეულოში რომლის ფართო ფანჯრებიდან მარტის დღის სინათლე მთელ სახლს ეფინებოდა. მის პირდაპირ მჯდომი მოხუცი ხაკობი უმამოდ იკირკნებოდა. კაცს იმდენი ხანი და ისე უყვარდა ცოლი, რომ უკვე ყველა მისი ტკივილი გაეთავისებინა.

- სიკვდილის წინ მინდა დავრწმუნდე, რომ მეც მიწას მომაყრიან, როგორც ყველა ღირსეულ ადამიანს. ამის მიღწევის ერთადერთი საშუალება არსებობს: გავიდე ქუჩაში და ხალხს შევევედრო ცოცხლად დამმარხონ.
- არავის ხვეწნა არ გინდა, - მშვიდად შეაწყვეტინა მოხუცმა ხაკობმა, - მე თვითონ დაგმარხავ.
- მაშინ წავიდეთ, - სთხოვა ქალმა, - თორემ სადაცაა მოვკვდები.

მოხუცი ხაკობი ყურადღებით დააკვირდა ცოლს. ქალს მხოლოდ თვალები შერჩენოდა ახალგაზრდული, სახსრებში გამოჩრილი ძვლები, როგორც ყოველთვის, დაბარვის შემდეგ მოსწორებულ მიწას უგავდა.

- მშვენივრად გამოიყურები, - უთხრა.
- წუხელ, - ამოიოხრა ქალმა, - ვარდების სუნი ვიგრძენი.
- ნუ გეშინია,- დაამშვიდა მოხუცმა ხაკობმა, - ეს ღარიბებს ხშირად გვემართება.
- არაფერიც, - თქვა ქალმა, - ყოველთვის ვნატრობდი წინასწარ მეგრძნო სიკვდილის მოახლოება, რათა ამ ზღვისგან შორს მოვმკვდარიყავი. ვარდების სურნელი სხვა არაფერია, თუ არა ღვთის ნიშანი.

მოხუცმა ხაკობმა, უკეთესი რომ ვერაფერი მოიფიქრა, საქმეების მოსაგვარებლად ცოლს ცოტა დრო სთხოვა. სადღაც გაეგონა: ადამიანი მაშინ კი არ კვდება, როცა საჭიროა, არამედ მაშინ, როცა სურსო, და ქალის წინათგრძნობით ერთობ შეშფოთებული, იმასაც კი ფიქრობდა, ნეტა თუ მეყოფა გამბედაობა, ცოცხლად დავმარხოო.

ცხრა საათზე თავისი გაუქმებული დუქნის კარი შეაღო. კარში ორი სკამი და პატარა მაგიდა ჩადგა, ზედ შაშის დაფა შემოდო და მთელი დილა გამვლელებს ეთამაშებოდა. ფანჯრიდან დანგრეული სოფლის ერთ დროს სხვადასხვაფერად შეღებილი, ახლა კი მზისგან გახუნებული და ჩამოქცეული სახლების კედლები და ზღვის ნაგლეჯი მოჩანდა.

სადილის წინ, ჩვეულებისამებრ, დონ მაქსიმო გომესს ეთამაშა, კაცს, რომელიც ორი სამოქალაქო ომს უვნებლად გადაურჩა და მხოლოდ მესამეში დატოვა ცალი თვალი. მოხუც ხაკობს მასზე ღირსეული მოწინააღმდეგე ვერც წარმოედგინა. მოხუცმა ძალით წააგო ერთი პარტია და ის იყო მეორე უნდა დაეწყოთ, რომ ჰკითხა:

- მითხარით, დონ მაქსიმო, შეძლებდით ცოლის ცოცხლად დამარხვას?
- რა თქმა უნდა, - უპასუხა დონ მაქსიმო გომესმა, - მერწმუნეთ, ხელიცარ ამიკანკალდებოდა.

გაოცებული მოხუცი ხაკობი ერთხანს დადუმდა, შემდეგ განგებ მოაკვლევინა საუკეთესო ქვები და ამოიოხრა:

- მგონია, პეტრა სიკვდილს აპირებს.

დონ მაქსიმო გომესი არც შეწუხებულა.

- ასეთ შემთხვევაში, - თქვა, - რა საჭიროა ცოცხლად დამარხვა?

კიდევ ორი ქვა მოკლა და ცრემლით დაბინდული ცალი თვალი მიაპყრო მოხუცს.

- რა მოუვიდა? - იკითხა.
- წუხეთ, - ამოიოხრა მოხუცმა ხაკობმა, - ვარდების სუნი იგრძნო.
- აბა მთელი სოფელი გამწყდარა და ეს არის, - თქვა დონ მაქსიმო გომესმა, - მთელი დღეა ვარდის სურნელზე ლაპარაკობენ.

მოხუცმა ხაკობმა დიდი გაჭირვებით მოახერხა ისე წაეგო, რომ დონ მაქსიმოს თავი შეურაცხყოფილად არ ეგრძნო. სკამები და მაგიდა დუქანში შეიტანა, კარი დაკეტა და ისეთი კაცის ძებნად შეუდგა, დონ მაქსიმოს სიტყვებს რომ დაადასტურებდა. მტკიცედ დარწმუნებული მხოლოდ ტობიასი აღმოჩნდა. მოხუცმა ხაკობმა სთხოვა, სახლში წამომყევი, ვითომ შემთხვევით შემხვდი, და ყველაფერი ჩემს ცოლს უამბეო.

ტობიასი დაეთანხმა. საგარეოდ გამოწყობილი, ოთხ საათზე უკვე დერეფანში იდგა, სადაც მოხუცი ხაკობის ცოლი ქმარს საქვრივო ტანსაცმელს უკერავდა.

ტობიასი ისე უხმაუროდ წამოადგა მას თავზე, რომ ქალი შიშისგან შეხტა.

- ღმერთო ჩემო, - წამოიყვირა მან, - მთავარანგელოზი გაბრიელი მეგონე!
- არა, ეს მე ვარ, - უთხრა ტობიასმა, - რაღაც უნდა მოგიყვე.
- უკვე ვიცი, რასაც მეტყვი, - თქვა მან.

დედაბერმა სათვალე შეისწორა და მუშაობა განაგრძო.

- მაინც რას?
- რომ წუხელ ვარდების სუნი იგრძენი.
- საიდან მიხვდი? - ჩაეკითხა გაოგნებული ტობიასი.
- ჩემს ასაკში, - აუხსნა ქალმა, - ფიქრისთვის იმდენი დრო გაქვს, ბოლოს და ბოლოს სხვისი აზრების ამოცნობასაც იწყებ.

კედელზე ყურმიდებულ მოხუც ხაკობს შერცხვა და კედელს მოსცილდა.

- ხომ ხედავ, - დაუძახა მეორე ოთახიდან და დერეფანში გამოვიდა, - სულაც არ ყოფილა ისე, შენ რომ გეგონა.
- ამ ბიჭის ფანტაზიაა, - თავი არც აუღია ქალს, - არაფერიც არ უგრძვნია.
- დაახლოებით თორმეტი საათი იყო, - თქვა ტობიასმა, - კიბრჩხალებს ვაფრთხობდი.

ქალმა პერანგს საყელო მიაკერა.

- ტყუი, - გაუმეორა, - მთელმა ქვეყანამ იცის, რა მატყუარაც ბრძანდები, - ძაფი კბილით მოკვნიტა და სათვალის ზემოდან გახედა ტობიასს, - ოღონდ ერთი რამ ვერ გამიგია, ნუთუ მხოლოდ გაიპრიალე ფეხსაცმელი და ქოჩორიც ვაზელინით გადაიგლისე, რომ მოსულიყავი და ტყუილუბრალოდ მოგეცდინე?!

ამის შემდეგ ტობიასი ზღვას დაუდარაჯდა. ჰამაკი ეზოში ჩამოკიდა და მოთმინებით დაიწყო ლოდინი, თან უკვირდა, თურმე რამდენი რამ ხდება ღამით, ხალხს რომ სძინავსო. ესმოდა, რა ფხაჭაფხუჭით ცდილობდნენ კიბორჩხალები იმ ხეზე აცოცებას, ჰამაკი რომ ეკიდა და რამდენიმე ღამის შემდეგ როგორ მობეზრდათ უშედეგო ცდა. კლოტილდეს ძილიც შეისწავლა. ნახა, სიცხის მომატებასთან ერად როგორ უხეშდებოდა მისი ფლეიტის ჰანგებივით ნაზი სუნთქვა და ხვრინვადქცეული როგორ ერთვოდა ივლისის ხვატს.

თავდაპირველად ტობიასმა,ზღვის კარგი მცოდნესავით, ჰორიზონტზე ერთ წერტილს გაუშტერა თვალი. ნახა, როგორ იცვალა ფერი წყალმა, როგორ გამუქდა, როგორ მოიყენა ქაფი და გაუთავებელი წვიმებით აზვირთებულმა როგორ გამორიყა ნაპირზე სიბინძურით სავსე ტალღები. ცოტა ხნის შემდეგ უყურებენ, მაგრამ ძილშიც მასზე ფიქრობენ.

აგვისტოში მოხუცი ხაკობის ცოლმა სული უფალს მიაბარა. დილით მკვდარი ნახეს საწოლში და სხვა მიცვალებულივით ზღვაში ჩაუშვეს უყვავილებოდ.

ტობიასი მაინც იცდიდა. ეს გაუთავებელი ლოდინი უკვე მისი ცხოვრების საზრისად იქცა.

ერთ ღამეს, ჰამაკში რომ თვლემდა, ჰაერს რაღაც ცვლილება შეატყო, ნიავმა უცხო სუნი მოიტანა, როგორც მაშინ, იაპონურმა ხომალდმა ნავსადგურში დამბალი ხახვი რომ გადმოტვირთა. ცოტა ხანში სუნი მკვრივი და უმოძრაო გახდა, ტობიასმა ცოტა კიდევ მოიცადა და, რომ დარწმუნდა, ახლა კი შემიძლია ხელით შევეხოო, ჰამაკიდან გადმოვიდა, კლოტილდეს ოთახში შევიდა და ცოლი რამდენჯერმე შეანჯღრია.

- აქ არის, - უთხრა.

წამოჯდომა რომ მოეხერხებინა, კლოტილდე იძულებული გახდა სუნი აბლაბუდასავით გაეწია ხელით.

- დასწყევლოს ღმერთმა, - თქვა და მოცახცახე ტილოზე დაეშვა.

ტობიასი კარს ეცა, შუქი ქუჩაში გავარდა და ყვირილი მორთო. მთელი ძალით ყვიროდა, სულს მოითქვამდა და ისევ აყვირდებოდა. შემდეგ გაჩუმდა და ღრმად ჩაისუნთქა. სუნი ისევ იდგა ზღვაზე. არავინ გამოხმაურებია. მაშინ კარდაკარ დაიწყო სირბილი და ბრახუნი, მიტოვებულ სახლებსაც არ უვლიდა გვერდს. ხმაური ძაღლებმაც აიტაცეს და მალე მთელი სოფელი ფეხზე დადგა. ბევრმა ვერაფერი იგრძნო, მაგრამ ზოგიერთი, განსაკუთრებით მოხუცები, სურნელის უკეთ ჩასასუნთქად სანაპიროზე ჩავიდნენ. სუნი ისე შესქელდა, რომ ძველი სუნებისთვის ჭუჭრუტანაც კი არსად დატოვა. ზოგიერთი მოქანცა ახალმა სუნმა და შინ დაბრუნდა, მაგრამ უმეტესობა გამოსაძინებლად პლაჟზე დარჩა. დილით სუნი ისე გამჭვირვალე გახდა, რომ ჩასასუნთქად ვერც გაიმეტებდი.

ტობიასს მთელი დილა ეძინა. სიესტაზე კლოტილდემ გააღვიძა და დაღამებამდე ხან მუხლუხოებივით, ხან კურდღლებივით და ხან კუებივით ბღლარძუნობდნენ, ჭიშკარი არც კი დაუკეტავთ. ვარდების სურნელი ღამეც არ გამქრალა. ხანგამოშვებით ოთახში მუსუკის ჰანგები იჭრებოდა.

- კატარინოსგან ისმის, - თქვა კლოტილდემ, - ვინმე თუ ჩამოვიდა.

სამი კაცი და ერთი ქალი ჩამოსულიყო. კატარინომ იფიქრა: ამათ სხვებიც ჩამოჰყვებიანო, და პატეფონის მომართვა სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და დახმარებისთვის პანჩო აპარესიდოს მიმართა, მას ხომ ყველაფერი ეხერხებოდა, რადგან საქმე არაფერი გააჩნდა, თანაც ხელსაწყოების ყუთი და ოქროს ხელები ჰქონდა.

კატარინოს დუქანი ზღვისპირა ფიცრულში იყო მოთავსებული. იგი ერთი დიდი სალონისა და რამდენიმე ოთახისგან შედგებოდა. სალონში მაგიდები და სავარძლები იდგა. ჩამოსულები ჩუმად სვამდნენ დახლთან, თან პანჩო აპარესიდოს საქმიანობას ადევნებდნენ თვალს და რიგრიგობით ამთქნარებდნენ. როგორც იქნა, პატეფონი ამუშავდა. შორეული ჰანგების გაგონებაზე ხალხს თითქოს ხმა ჩაუვარდა, მხოლოდ მაშინ მიხვდნენ, როგორ დაბერებულიყვნენ იმ დღის შემდეგ, რაც პირველად მოისმინეს ეს მუსიკა.

იმ დღეს ცხრა საათის შემდეგაც არავის დაუძინია. ისხდნენ თავიანთი სახლების ზღურბლზე, კატარინოს ძველ ფირფიტებს უსმენდნენ და სახეებზე იმ ბავშვის გაოცება ეხატათ, რომელმაც პირველად ნახა მზის დაბნელება.

ყოველი ფირფიტა მათ ხან რომელიმე გარდაცვლილს აგონებდა, ხან ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გასინჯული საჭმლის გემოს, ხან სახვალიოდ გადადებულ ან კარგახნის წინ დაგეგმილ და გულმავიწყობის გამო გაუკეთებელ საქმეებს.

თორმეტი საათისთვის მუსიკა შეწყდა. უმრავლესობა დაწვა. ისეთი ლეგა ღრუბელი ჩამოწვა, ეგონათ, გაწვიმდებაო, მაგრამ ღრუბელმა ცოტა ხანი ზღვის ზედაპირზე ილიცლიცა და ჩაიძირა. ცაზე მხოლოდ ვარსკვლავები დარჩა. შემდეგ სოფლის ნიავი შუა ზღვაში შეიჭრა და იქიდან ვარდების სურნელი გამოიყოლა.

- ხომ გითხარი, ხაკობ, - თქვა დონ მაქსიმო გომესმა, - ისევ დაბრუნდა. ეჭვიც არ მეპარება, ყოველღამე ვიგრძნობთ.
- ღმერთმა ნუ ქნას, - ამოიოხრა მოხუცმა ხაკობმა, - ეს სუნი ერთადერთი რამაა, რაც ცხოვრებაში დაგვიანებით მეწვია.

მოხუცი ცარიელ დუქანში შაშს თამაშობდა. მუსიკას ყურადღებასაც არ აქცევდა. მისი მოგონებები კატარინოს ფირფიტაზე ძველი იყო და ამიტომ ეს მელოდია არც აღელვებდა.

- მე ამ ამბების მაინცდამაინც არ მჯერა, - თქვა დონ მაქსიმო გომესმა, შეიძლება ეს ყველაფერი მოეჩვენოს, შემდეგ კი მართლა დაიჯეროს.
- მაგრამ საკუთარი ცხვირით რომ ვგრძნობთ? - თქვა მოხუცმა ხაკობმა.
- ეს არაფერს ნიშნავს, - დაიწყო დონ მაქსიმომ, - ომის დროს, რევოლუციის გადარჩენის ყოველგვარი იმედი რომ დავკარგეთ, ისე ვინატრეთ გენერალი, რომ ბოლოს ხორცშესხმული ჰერცოგი მარლბორო გამოგვეცხადა და ეს ყველაფერი საკუთარი თვალით ვიხილე, ხაკობ.

თორმეტი გათავდა. მარტო რომ დარჩა, მოხუცმა დუქანი დაკეტა და სანთელი საწოლ ოთახში აიტანა. ფანჯარაში ზღვის შუქი კრთოდა და ის კლდე მოჩანდა, საიდანაც მიცვალებულს უშვებდნენ წყალში.

- პეტრა! - დაუძახა წყნარად.

პეტრამ ვერ გაიგო, ან კი როგორ გაიგებდა, როცა უკვე ბენგალის ყურეში მიცურავდა, სადაც მცხუნვარე შუადღე იდგა და ცდილობდა წყალში, როგორც ილუმინატორში, ვეება გემი დაენახა, ოკეანეს რომ სერავდა. მოხუცი ხაკობი კი დედამიწის მეორე მხარეს იჯდა და კატარინოს ფირფიტებს უსმენდა.

- ხედავ? - განაგრძობდა მოხუცი, - ექვსიოდე თვის წინ გიჟად გთვლიდნენ, ახლა კი თვითონ ზეიმობენ იმ სუნის მოსვლას, შენ რომ გიმსხვერპლა, - რომ შემეძლოს, გადავიხვეწებოდი ამ სოფლიდან, - ჩაიბუტბუტა ძილ-ბურანში. - ნამდვილად წავიდოდი, ოცი პესო მაინც რომ მქონდეს.

კიდევ რამდენიმე კვირას ტრიალებდა სუნი ზღვაზე. სახლის ფიცრები, წყალი და საჭმელიც კი ამ სუნით გაიჟღინთა, ზოგი სერიოზულად შეშფოთდა, საკუთარ განავალშიც ვარდების სურნელი რომ იგრძნო.

კატარინოს დუქანში ჩამოსული სამი კაცი და ერთი ქალი ოთხშაბათს წავიდა და შაბათს ისევ დაბრუნდნენ უამრავ ხალხთან ერთად. კვირას კიდევ ჩამოვიდნენ, საჭმლისა და ღამის გასათევის ძიებაში ყოველ კუთხე-კუნჭულს მოედვნენ და მალე ქუჩაში ნემსი არ ჩავარდებოდა.

ხალხის ნაკადი კი არ წყდებოდა. დაბრუნენ ქალები, პირველებმა რომ მიატოვეს სოფელი. უფრო გასუქებულიყვნენ და ფერზე მოსულიყვნენ, თან ახალი ფირფიტები მოიტანეს, არავის არავითარ მოგონებებს რომ არ აღუძრავდა. რამდენიმე ძველი მოსახლეც დაბრუნდა, გამდიდრების სურვილს ოდესღაც შორეულ მხარეებში რომ გადაეხვეწა, ისინი გაუთავებლად ლაყბობდნენ თავიანთ უჩვეულო წარმატებებზე, თუმცა რითაც წავიდნენ, იმავე ტანსაცმლით დაბრუნდნენ.

ჩამოვიდნენ მუსიკოსები, მკითხავები, მკვლელები და სიცოცხლის ელექსირით მოვაჭრენი, წელზე გველშემოხვეულები რომ დადიოდნენ. დადგეს ლატარია. კიდევ რამდენიმე კვირა მოედინებოდა ხალხი. პირველი წვიმების დაწყებისთანავე ზღვა აიმღვრა და სუნიც გაქრა, ჩამომსვლელთა რიცხვი კი მაშინაც არ შემცირებულა.

ბოლოს მღვდელი ჩამოვიდა. მხოლოდ რძიან ყავაში ჩამბალ პურს მიირთმევდა, ყველგან ცხვირს ჰყოფდა და ნელ-ნელა ყველაფერს კრძალავდა: ლატარიას, მოდურ მუსიკას, ახალ ცეკვებს, ასე განსაჯეთ, ახალშემოღებული წესი - პლაჟზე ძილიც კი აკრძალა. ერთ საღამოს მელჩონის სახლში ზღვის სუნზე იქადაგა კიდეც:

- მადლობა აღავლინეთ ღმერთისა მიმართ, შვილნო ჩემნო, რამეთუ უფლის წყალობაა სურნელი ესე.

ვიღაცამ მღვდელს სიტყვა გააწყვეტინა:

- რა იცით, პადრე, თქვენ ხომ არც გიგრძვნიათ სუნი.
- წმინდა წერილი არ სტყუის, შვილო ჩემო, - თქვა მან, - ჭეშმარიტად ღვთის რჩეულ სოფელში ვართ.

ტობიასი მთვარეულივით დაბორიალებდა. კლოტილდეს ფული აჩვენა. წარმოიდგინეს, თითქოს რულეტს თამაშობდნენ და როცა მოგებული თანხა გადათვალეს, თავი უმდიდრეს ადამიანებად ჩათვალეს, მაგრამ სულ მალე მარტო მათ კი არა, ყველა იმ სოფლელმა, ოცნებასაც რომ ვერ გაბედავდა, იმდენი ფული ნახა ერთად. ეს ის ღამე იყო, სენირ ჰერბერტი რომ ჩამოვიდა. მოულოდნელად გამოჩნდა, შუა ქუჩაში მაგიდა გამოატანინა და ზედ ბანკნოტებით სავსე ორი უზარმაზარი ჩემოდანი შემოდგა. თავდაპირველად ყურადღება არავის მიუქცევია. აბა, ვინ წარმოიდგენდა, რომ ამდენი ფული მართლა შეიძლებოდა არსებულიყო. როცა სენიორ ჰერბერტმა ზარს შემოჰკრა, ხალხმა მხოლოდ მაშინ დაიჯერა ეს ამბავი და ჩამოსულს გარს შემეხვია.

- მე დედამიწის ზურგზე უმდიდრესი ადამიანი ვარ, - დაიწყო სენიორ ჰერბერტმა, - ფული იმდენი მაქვს არც კი ვიცი, სად წავიღო, და რადგან ისეთი კეთილიც გახლავართ, რომ მკერდში გული ძლივს მეტევა, გადავწყვიტე მსოფლიო შემოვიარო და კაცთა მოდგმის პრობლემები გადავჭრა.

მაღალი იყო, წითური. ხმამაღლა და შეუსვენებლად ლაპარაკობდა, თან გაძვალტყავებულ ხელებს იქნევდა, იფიქრებდი, ეს-ესაა გაუპარსავსო. თხუთმეტი წუთი ილაპარაკა, შეისვენა, ისევ შემოჰკრა ზარს და განაგრძო. შუა ლაპარაკში რომ იყო, ბრბოში ვიღაცის სომბრერო შეინძრა და მოუთმენელი ხმა გაისმა:

- მორჩით, მისტერ, ლაპარაკს და ფულის დარიგებაზე გადადით!
- ასე არა, - უპასუხა სენიორ ჰერბერტმა, - არაფრის გამო ფულის დარიგება გაუმართლებელი და უაზრო საქციელია.

ბრბოში ის კაცი მოძებნა, ვინც სიტყვა გააწყვეტინა, და ხელით ანიშნა - მომიახლოვდიო. ხალხმა გზა დაუთმო.

- ახლა, - თქვა სენიორ ჰერბერტმა, - ამ მოუსვენარი მეგობრის დახმარებით აგიხსნით ფულის განაწილების ჩემს უბრალო სისტემას. რა გქვია? - ჰკიტხა და ხელი გაუწოდა.
- პატრისიო.
- ძალიან კარგი, პატრისიო, - უთხრა სენიორ ჰერბერტმა, - შენ, რა თქმა უნდა, შენი გადაუჭრელი პრობლემაც გექნება.

პატრისიომ ქუდი მოიხადა და ეს ვარაუდი თავის დაქნევით დაადასტურა.

- რა გაწუხებს?
- მთელი ჩემი პრობლემა უფულობაა.
- რამდენი გჭირდება?
- ორმოცდარვა პესო.

სენიორ ჰერბერტს გამარჯვების ყივილი აღმოხდა.

- ორმოცდარვა პესო, - გაიმეორა, ხალხმა ტაში დასცხო.
- კეთილი და პატიოსანი, პატრისიო, - განაგრძო სენიორ ჰერბერტმა, - ახლა ერთი რამ გვითხარი, რისი გაკეთება შეგიძლია?
- ბევრი რამისა.
- აირჩიე, რასაც ყველაზე კარგად ფლობ, - ურჩია სენიორ ჰერბერტმა.
- ყველაზე კარგად ჩიტებს ვაჯავრებ.

ისევ გაისმა ტაში. სენიორ ჰერბერტი ხალხს მიუბრუნდა.

- მაშ, ასე, ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენი მეგობარი პატრისიო ახლა ჩვენ თვალწინ გამოაჯავრებს ორმოცდარვა სხვადასხვა ჩიტს და ამით თავისი ცხოვრების პრობლემასაც გადაჭრის.

გაოცებული ხალხი მიჩუმდა. პატრისიომ დაიწყო ჩიტების გამოჯავრება - ხან უსტვენდა, ხანაც ხორხისმიერ ბგერებს გამოსცემდა. ყველა ნაცნობ და უცნობ ჩიტს გამოაჯავრა. ბოლოს, სენიორ ჰერბერტმა ტაში დაუკრა და პატრისიოს ორმოცდარვა პესო გაუწოდა.

- ახლა თითო-თითოდ მომიახლოვდით. ხვალ ამ დრომდე აქ ვარ თქვენი პრობლემების გადასაჭრელად, - თქვა მან.

მოხუცმა ხაკობმა ეს ყველაფერი გამვლელებისგან შეიტყო. ყოველ სიახლეზე გული ისე უხტოდა, ლამის გასკდომოდა.

- რას ფიქრობთ ამ გრინგოზე? - ჰკითხა მან დონ მაქსიმო გომესს.

დონ მაქსიმომ მხრები აიჩეჩა:

- ფილანტროპს ჰგავს.
- რამის გაკეთება რომ შემეძლოს, - თქვა მოხუცმა ხაკობმა, - ჩემს პრობლემასაც გადავწყვეტდი, დიდი კი არაფერია, ოცი პესო.
- თქვენ ხომ ბრწყინვალედ თამაშობთ შაშს, - შეახსენა დონ მაქსიმო გომესმა.

მოხუც ხაკობს მისთვის ყურადღება არ მიუქცევია, მაგრამ მარტო რომ დარჩა, დაფა და ქვები გაზეთში გაახვია და სენიორ ჰერბერტის საძებნელად წავიდა.

შუადღემდე უცადა რიგს. ბოლოს სენიორ ჰერბერტმა ჩემოდნები დახურა და მეორე დღემდე დაემშვიდობა ხალხს, თუმცა დასაძინებლად არ წასულა, თავის მტვირთავებთან და ჩემოდნებთან ერთად კატარინოს დუქანში ამოჰყო თავი. ხალხმა იქაც მიაგნო და პრობლემების გადაჭრა ახლა დუქანში გაგრძელდა. ნელ-ნელა ყველა პრობლემა გადაიჭრა. მალე დუქანში მხოლოდ ქალები და პრობლემაგადაჭრილი კაცები დარჩნენ. სალონის სიღრმეში ვიღაც ქალი განმარტოებით მიმჯდარიყო და ნელა ინიავებდა რეკლამის ფურცლით.

- ეი! - დაუძახა სენიორ ჰერბერტმა, - შენ რაღა პრობლემა გაქვს?

ქალმა მონიავება შეწყვიტა.

- თავი დამანებეთ, მისტერ, - გადასძახა მთელი სალონის გასაგონად, - მე მეძავი ვარ და არავითარი პრობლემა არ გამაჩნია!

სენიორ ჰერბერტმა მხრები აიჩეჩა და ახალი პრობლემების მოლოდინში ჩაცივებული ლუდის სმა განაგრძო. ოფლი ასხამდა. ცოტა ხნის შემდეგ ხალხის ჯგუფს ერთი ქალი გამოეყო, სენიორ ჰერბერტს მიუახლოვდა და ჩუმად დაუწყო ლაპარაკი. მისი პრობლემა ხუთასი პესოთი განისაზღვრებოდა.

- რამდენად? - ჰკითხა სენიორ ჰერბერტმა.
- ხუთ პესოდ.
- წარმოიდგინე, - თქვა სენიორ ჰერბერტმა, - ასი კაცი იქნება.
- არაფერია, - უპასუხა ქალმა, - თუ ამ თანხას შევაგროვებ, ეს ჩემი ბოლო ასი კაცი იქნება.

სენიორ ჰერბერტმა ქალი შეათვალიერა. ძალიან ახალგაზრდა ჩანდა, ძვალსუსტი, თვალებში კი მტკიცე გადაწყვეტილება ედგა.

- კარგი, - უთხრა სენიორ ჰერბერტმა, - შედი ოთახში, იქ გამოგიგზავნი ხუთპესოიან ხალხს.

შემდეგ ქუჩაში გავიდა და ხალხის მოსახმობად ზარს შემოჰკრა.

დილის შვიდ საათზე ტობიასიც შევიდა კატარინოს დუქანში. სალონში ბნელოდა. ნახევრად მთვლემარე, ლუდით გაბერილი სენიორ ჰერბერტი ოთახში შემსვლელთა რიგს აწესრიგებდა.

ტობიასიც შევიდა. გოგო მას იცნობდა და, ოთახში შესული რომ დაინახა, გაუკვირდა.

- შენც? - ჰკითხა.
- მითხრეს, შედიო, - თქვა ტობიასმა, - ხუთი პესო მომცეს და დამარიგეს არ გაჩერდეო.

ქალმა ოფლით გაჟღენთილი ზეწარი აიღო და ტობიასს სთხოვა მეორე ბოლოსთვის მოეკიდა ხელი. ზეწარი მძიმე იყო. მანამდე წურავდნენ, - სანამ თავისი წონა არ დაუბრუნდა. მერე ლეიბი გადმოაბრუნეს. ტობიასმა ყველაფერი გააკეთა, რაც ევალებოდა. გასვლის წინ თავისი ხუთი პესო ფულის გორას მიუმატა, რომელიც ნელ-ნელა იზრდებოდა საწოლის გვერდით.

- რაც შეიძლება მეტი ხალხი გამოგზავნე, - უთხრა სენიორ ჰერბერტმა, - იქნებ შუაღამემდე ამ საქმესაც მოვრჩეთ.

გოგომ ოთახის კარი გამოაღო და ცივი ლუდი ითხოვა. კიდევ რამდენიმე კაცი იცდიდა.

- რამდენი დარჩა? - იკითხა მან.
- სამოცდაცამეტი, - უპასუხა სენიორ ჰერბერტმა.

მოხუცი ხაკობი დაფით ხელში მთელი დღე კუდში დასდევდა სენიორ ჰერბერტს. დაღამებსას, როგორც იქნა მოუწია რიგმა. სენიორ ჰერბერტს თავისი პრობლემა გააცნო და ისიც დათანხმდა. შუა ქუჩაში გამოტანილ დიდ მაგიდაზე პატარა მაგიდა და ორი სკამი შემოდგეს და მოხუცმა ხაკობმა თამაში დაიწყო. წააგო.

- ორმოცი პესო, - თქვა სენიორ ჰერბერტმა და ორი ქვით ნაკლები დაიტოვა დაფაზე.

ისევ მოიგო. თითებით ოდნავ ეხებოდა ქვებს. დაფას ზედ არ უყურებდა, მოწინააღმდეგის სვლებს წინასწარ ხვდებოდა და სულ იგებდა. ხალხი დაიღალა მათი ცქერით. როცა მოხუცი ხაკობი საბოლოოდ დანებდა, სენიორ ჰერბერტისა ხუთი ათას შვიდას ორმოცდაორი პესო და ოცდასამი სენტავო ემართა.

არ შეკამათებია. რიცხვი ფურცელზე ჩაიწერა და ჯიბეში ჩაიდო, შემდეგ დაფა დახურა, ქვები ყუთში ჩააწყო და ეს ყველაფერი გაზეთში გაახვია.

- რაც გინდათ, ის მიყავით, - თქვა მან, - ოღონდ ესენი დამიტოვეთ. პირობას გაძლევთ, დარჩენილ დღეებში სულ ვითამაშებ და ვალს შევაგროვებ.

სენიორ ჰერბერტმა საათს დახედა.

- ძალიან ვწუხვარ, - თქვა მან, - მაგრამ ვადა ოც წუთში გადის. - შემდეგ ცოტა ხანს იყუჩა, მაგრამ როცა დარწმუნდა, მოწინააღმდეგემ ვერაფერი მოიფიქრაო, ჰკითხა: - სხვა არაფერი გაგაჩნიათ?
- ღირსება.
- ეს ისეთი რამაა, - ახსნა სენიორ ჰერბერტმა, - ფერს რომ იცვლის ჭუჭყიანი ფუნჯის შეხებისას.
- სახლი, - განაგრძო ხაკობმა, თითქოს თავსატეხს ხსნისო, - მართალია, დიდი ვერაფერი შვილია, მაგრამ რაც უნდა იყოს, მაინც სახლია.

მაშინ სენიორ ჰერბერტმა მოხუც ხაკობსაც და იმათაც, ვისაც წაგებულის გადახდა არ შეეძლო, შესთავაზე სახლებით გაესტუმრებინათ ვალი. სამაგიეროდ ერთკვირიანი კარნავალი მოაწყო შუშხუნებით, მუსიკით და აკრობატებით. ზეიმს თვითონ ხელმძღვანელობდა.

მართლაც რომ დაუვიწყარი კვირა იყო. სენიორ ჰერბერტმა სოფლის არაჩვეულებრივ ბედზე ილაპარაკა, მომავლის ქალაქიც კი დახატა უამრავი მინის სახლითა და სახურავებზე მოწყობილი საცეკვაო მოედნებით. ხალხი გაოცებული მიჩერებოდა ნახატს. ყველა ცდილობდა საკუთარი თავი ამოეცნო, მაგრამ ნახატზე ისელაზათიანად იყვნენ გამოწყობილები, არაფერი გამოუვიდათ, ამ კაცის ზრუნვის შემყურეთ პირდაპირ გული უკვდებოდათ, იცინოდნენ, მაგრამ სიცილის დროსაც ტირილის ისეთ დაუოკებელ სურვილს გრძნობდნენ, ოქტომბერში რომ მოეძალება ხოლმე კაცს. სანამ სენიორ ჰერბერტი ლაპარაკობდა, იმედის ბურუსი ეხვიათ გარს. ბოლოს ორატორმა ზარს შემოჰკრა, ხალხს ზეიმის დამთავრება აუწყა და, როგორც იქნა, დაისვენა.

- ასე თუ განაგრძეთ, ნამდვილად მოკვდებით, - უთხრა მოხუცმა ხაკობმა.
- იმდენი ფული მაქვს, დიდი უსინდისობა იქნება ჩემი სიკვდილი, - უპასუხა სენიორ ჰერბერტმა.

საწოლში ჩაესვენა და დაიძინა. ძილში ლომივით ბრდღვინავდა. იმდენ ხანს ეძინა, ხალხი ლოდინით დაიღალა. შიმშილით რომ არ დახოცილიყვნენ, მიწიდან ამოთხრილ კიბორჩხალებს ჭამდნენ. კატარინოს ახალი ფირფიტები ისე მოძველდა, უცრემლოდ ვეღარავინ უსმენდა და იძულებული გახდნენ დუქანი დაეხურათ.

უკვე კარგა ხანი იყო გასული სენიორ ჰერბერტის დაძინებიდან, როცა მოხუცი ხაკობის კარზე მღვდელმა დააკაკუნა.

კარი შიგნიდან იყო ჩაკეტილი. რადგან მძინარე თითქმის მთელ ჟანგბადს ნთქვადა, ზოგიერთ ნივთს წონა დაეკარგა და ჰაერში დაფრინავდა.

- მასთან ლაპარაკი მსურს, - თქვა მღვდელმა.
- უნდა მოიცადოთ, - უპასუხა მოხუცმა ხაკობმა.
- დრო არა მაქვს!
- დაბრძანდით, პადრე, და დაიცადეთ, - არ თმობდა მოხუცი ხაკობი, - თან პატივი დამდეთ და მელაპარაკეთ: კარგა ხანია აღარ ვიცი, რა ხდება ქვეყანაზე.
- გარბის ხალხი, - თქვა მღვდელმა, - მალე სოფელი ისევ დაცარიელდება, ესაა ერთადერთი სიახლე.
- დაბრუნდებიან, - თქვა მოხუცმა ხაკობმა, - როცა ზღვაზე ვარდების სუნი ჩამოწვება, დაბრუნდებიან.
- მაგრამ, სანამ ეს მოხდება, ხალხს რწმენა უნდა შევუნარჩუნოთ, - აუხსნა მღვდელმა, - ტაძრის აშენება მოგვიწევს.
- ამიტომ მოხვედით მისტერ ჰერბერტთან? - ჰკითხა ხაკობმა.
- ამიტომ, - დაუდასტურა მღვდელმა, - გრინგოები მოწყალე ხალხია.
- მაშინ, მოიცადეთ, პადრე, - ურჩია მოხუცმა ხაკობმა, - იქნებ გაიღვიძოს.

შაშის თამაში დაიწყეს. ეს იყო უგრძესი და უძნელესი, რამდენიმედღიანი პარტია, სენიორ ჰერბერტი კი არა და არ იღვიძებდა. პადრე სულ აირია. მოწყალების სათხოვნელად სპილენძის თეფშით ხელში ყოველი კუთხე-კუნჭული შემოიარა, მაგრამ ბევრი ვერაფერი შეაგროვა. ამდენი ხეტიალით თანდათან გამჭვირვალე გახდა და ძვლებიც აუჩხრიალდა. ერთ კვირა დღეს ორი გოჯით ასცილდა მიწას, მაგრამ ეს ვერავინ შეიტყო. მაშინ ერთ ჩემოდანში ტანსაცმელი ჩააწყო, მეორეში - შეგროვილი ფული და სამუდამოდ აიკრა გუდა-ნაბადი.

- არ დაბრუნდება სურნელი, - ეუბნებოდა ყველას, ვინც მის შეჩერებას ცდილობდა, - აშკარაა, სოფელს რაღაც მომაკვდინებელი ცოდვა ჩაუდენია.

სენიორ ჰერბერტმა რომ გაიღვიძა, ცხოვრება უკვე ძველ კალაპოტში ჩამდგარიყო. წვიმებს ჩამოსულთა ყოველგვარი კვალი გადაერეცხა და მიწა ისევ აგურივით მაგარი და გამომშრალი იყო.

- დიხანს მეძინა? - დაამთქნარა სენიორ ჰერბერტმა.
- საუკუნეები, - დაუდასტურა მოხუცმა ხაკობმა.
- ვკვდები შიმშილით!
- მთელი ქვეყანა მაგ დღეშია, - თქვა მოხუცმა ხაკობმა, - ისევ კიბორჩხალების დაჭერა მოგვიწევს.

ტობიასი სენიორ ჰერბერტს მაშინ წამოადგა თავს, როცა ეს უკანასკნელი პირზე დუჟმორეული ქვიშას ქექავდა და ძალიანაც გაოცდა, მდიდრების და ღარიბების შიმშილი ერთმანეთს როგორ ჰგვანებიაო.

სენიორ ჰერბერტმა საკმარისი კიბორჩხალები ვერ იპოვა და ტობიასს ზღვის სიღრმეში შესვლა შესთავაზა.

- მხოლოდ მიცვალებულებმა იციან, რა არის იქ, სიღრმეში, - თქვა ტობიასმა.
- მეცნიერებმაც იციან, - აუხსნა სენიორ ჰერბერტმა, - ჩაძირული გემების ზღვის სიღრმეში შესანიშნავი მსუქან-მსუქანი კუები დაცურავენ, გაიხადე და წავიდეთ.

წავიდნენ. ჯერ პირდაპირ მიცურავდნენ, შემდეგ ქვემოთ ჩაუყვნენ, ძალიან ღრმად ჩავიდნენ, სადაც ჯერ მზის შუქი გაქრა, მერე ზღვისა და საგნებს მათივე შუქით თუ გაარჩევდა კაცი. ჩაუარეს ჩაძირულ სოფელს. ქალები და კაცები მუსიკალური ჯიხურის ირგვლივ წრიულად ლივლივებდნენ. მშვენიერი დღე იყო, ტერასებზე ფერად-ფერადი ყვავილები ჩანდა.

- კვირას ჩაძირულა, ასე თერთმეტ საათზე, - თქვა სენიორ ჰერბერტმა, - წარღვნა ყოფილა.

ტობიასმა სოფლისკენ გადაუხვია, მაგრამ სენიორ ჰერბერტმა ანიშნა, გზა გავაგრძელოთო.

- იქ ვარდებია, - თქვა ტობიასმა, - მინდა კლოტილდეს ვაჩვენო.

- სხვა დროს დაბრუნდი, - უთხრა სენიორ ჰერბერტმა, - ახლა შიმშილით ვკვდები, - და რვაფეხასავით ჩუმად და მარჯვედ გასცურა. ტობიასი ცდილობდა არ ჩამორჩენოდა, უკან მისდევდა და ფიქრობდა, ალბათ ყველა მდიდარი ასე ცურავსო. ცოტა ხნის შემდეგ საერთო უბედურებების ზღვა უკან მოიტოვეს და მკვდრების ზღვაში შეცურდნენ.

ტობიასს ამდენი ხალხი დედამიწაზეც არ უნახავს. გაუნძრევლად, პირაღმა მიცურავდნენ სხვადასხვა სიღრმეში და სახეზე ყველას მივიწყებულ არსებათა დაღი აჩნდა.

- ესენი ძალიან ძველი მიცვალებულები არიან, - თქვა სენიორ ჰერბერტმა, - საუკუნეები დასჭირდათ, ასეთი სიმშვიდისთვის რომ მიეღწიათ.

ცოტა ქვემოთ, ახალი მკვდრების ზღვაში სენიორ ჰერბერტი შეჩერდა. ტობიასი რომ წამოეწია, მის წინ ახალგაზრდა ქალი მიცურავდა. გვერდულად იწვა, თვალგახელილი და უკან ყვავილების დინება მიჰყვებოდა. სენიორ ჰერბერტმა საჩვენებელი თითი პირში ჩაიდა და სანამ მის წინ უკანასკნელი ყვავილი არ გაცურდა, არ განძრეულა.

- ასეთი ლამაზი ქალი ცხოვრებაში არ მინახავს, - თქვა მან.
- მოხუცი ხაკობის ცოლია, - უპასუხა ტობიასმა, - სულ ცოტა, ორმოცდაათი წლით ახალგაზრდა ჩანს, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ისაა.
- ბევრი უმოგზაურია, - თქვა სენიორ ჰერბერტმა, - უკან მთელი მსოფლიოს ზღვის ყვავილები მიჰყვებოდა.

ფსკერამდე ჩააღწიეს. სენიორ ჰერბერტი რამდენჯერმე დახტა გარანდულ დაფასავით პრიალა ფსკერზე. ტობიასიც მიჰყვა. როცა კვარამს თვალი შეაჩვია, კუები დაინახა; ფსკერზე უმოძრაოდ მიკრულნი, კაცს გაქვავებული ეგონებოდა.

- ცოცხლები არიან, - თქვა სენიორ ჰერბერტმა, - მაგრამ მილიონი წელია სძინავთ.

ერთი ააძრო და ფრთხილად წაიღო ზემოთ. მძინარე კუ ხელიდან გაუსხლტა და დრეიფით განაგრძო გზა. ტობიასს არც უცდია დაჭერა. შემდეგ ზემოთ აიხედა და მთელი ზღვა უკუღმა დაინახა.

- თავი სიზმარში მგონია, - თქვა მან.
- თუ შენი თავისთვის სიკეთე გსურს, რაც ნახე, ნურავის ეტყვი, - ურჩია სენიორ ჰერბერტმა, - წარმოიდგინე, რა მოხდება, ხალხმა რომ ეს ამბები გაიგოს.

შუაღამეს ცოტა აკლდა, სოფელში რომ დაბრუდნენ. წყლის ასადუღებლად კლოტილდე გააღვიძეს. სენიორ ჰერბერტმა კუს თავი წააგდებინა, მაგრამ იძულებული გახდა გული ცალკე მოეკლა, რადგან იგი სხეულიდან ამოხტა და ეზოში აქეთ-იქით ეხლებოდა. იმდენი ჭამეს, ძლივსღა სუნთქავდნენ.

- ახლა კი, ტობიას, - თქვა სენიორ ჰერბერტმა, - სიმართლეს თვალებში ჩავხედოთ.
- რა თქმა უნდა!
- საქმე ის არის, რომ ეს სუნი აღარასოდეს დაბრუნდება.
- დაბრუნდება.
- არა, - გააწყვეტინა კლოტილდემ, - როგორ დაბრუნდება, როცა არც არასოდეს ყოფილა. ეს შენ ააფორიაქე მთელი ქვეყანა.
- მაგრამ შენ თვითონაც ხომ იგრძენი! - წამოიძახა ტობიასმა.
- იმ ღამეს ნახევრად მეძინა, - თქვა კლოტილდემ, - ახლა ამ ზღვასთან დაკავშირებული არაფერი მწამს.
- მოკლედ, მე მივდივარ, - თქვა სენიორ ჰერბერტმა, შემდეგ ორივე შეათვალიერა და ურჩია: თქვენც უნდა წახვიდეთ, იმდენი რამაა ქვეყანაზე გასაკეთებელი, არ ღირს ამ სოფელში შიმშილობაო.

თქვა და წავიდა. ტობიასი ეზოში დარცა და ვარსკვლავების თვლა დაიწყო. წინა დეკემბერთან შედარებით სამით მეტი დათვალა. კლოტილდემ ოთახიდან გამოსძახა, მაგრამ ტობიასს ყურიც არ შეუბერტყავს.

- მოდი აქ, სულელო, - გასძახა კლოტილდემ, - საუკუნეა კურდღლებივით არ გვიქნია.

ტობიასმა შეიცადა. როცა ბოლსო და ბოლოს შევიდა, კლოტილდე უკვე იძინებდა. ტობიასმა ცოლი გააღვიძა, მაგრამ ისე იყო დაღლილი, ყველაფერი აურია და ბოლოს მუხლუხოებივით გამოუვიდათ.

- სულ გამოსულელდი, - უთხრა გაბრაზებულმა კლოტილდემ, - სხვა რამეზე იფიქრე!
- სხვა რამეზე ვფიქრობ.

კლოტილდე დაინტერესდა, რაზეო, ტობიასი შეჰპირდა მოყოლას, ოღონდ პირობა ჩამოართვა, არავისთან არაფერი დასცდენოდა.

- ზღვის სიღრმეში, - დაიწყო ტობიასმა, - ერთი სოფელია, თეთრი სახლებითა და ტერასებზე უამრავი ყვავილით.

კლოტილდემ თავში იტაცა ხელები.

- ოი, ტობიას! - დაიყვირა მან, - თუ ღმერთი გწამს, ნუ დაიწყებ ამ სისულელეებს თავიდან.

ტობიასი გაჩუმდა, საწოლის კიდისაკენ მიჩოჩდა და დაძინება სცადა, თუმცა, სანამ განთიადის ნიავმა არ წამოუბერა და კიბორჩხალებმა თავი არ დაანებეს, თვალიც ვერ მოხუჭა.

ესპანურიდან თარგმნა თეა გვასალიამ