მიგელ დე უნამუნო - ინტერვიუ აუგუსტო პერესთან

ალბათ, ჩემი მკითხველი უკვე შეეგუა ჩემი პიროვნებისგან მომდინარე თვითნებობასა და პერსონალიზმს. ამიტომაც კითხულობენ მიგელ დე უნამუნოს და არა სხვას ვისმეს. ესეც არ იყოს, კიდეც მიმიხვდნენ, რომ საკუთარი პიროვნების ასე დაბეჯითებით დაცვითა და განდიდებით, მე ვიცავ და განვადიდებ ყოველ პიროვნებას, თითოეულ პიროვნებას, ვინც კითხულობს ან არ კითხულობს ჩემს ნამოღვაწარს. ყველას ჩვენ-ჩვენი „მე“ გვაქვს ნაბოძები, დიახ, ყველა თქვენგანს, მკითხველო, თქვენი „მე“ გაქვთ, ამიტომაცაა, რომ ამქვეყნად ყველაზე უფრო ყოვლისმომცველ და ალტრუისტულ პოზიციად ეგოიზმია მიჩნეული. მე, გერმანიზმის მოციქული ფიხტეს მსგავსად, როდი ვიცავ და ვქადაგებ წმინდა „მეს“.

მისი „მე“ სხვა არა არის რა, თუ არა „მე“, მაშინ, როცა მე ვიცავ და ვქადაგებ შერეულ „მეს“, რომელიც თანაბრად მოიცავს ჩემთან ერთად, სხვა ადამიანებსაც, რამეთუ მე, - ოჰ, ჩემო მკითხველო, - მინდა ვიყო საკუთრივ მეც და ამავე დროს ვიყო „თქვენც“, ვიყო რაღაც და, ამავე დროს, ვიყო თითოეული თქვენგანიც. მე რომ მხოლოდ მე ვიყო, მე, მიგელ დე უნამუნო, მაშინ აღარც ერთი თქვენგანი, ვინც კი ჩემს წიგნებს კითხულობთ, აღარ წამიკითხავდა მე. მე რომ არ გეუბნებოდეთ იმას, რაც უკვე თქვენი სულის სიღრმეშია ჩაბეჭდილი, თუმცა კი შეიძლება, ეს თქვენ თვითონაც არ იცოდეთ, განა მე წამიკითხავდით? ერთი სიტყვით, ვცდილობ თქვენი სულის ბნელი თუ ბუნდოვანი ნააზრევი რაღაც ფორმაში მოვაქციო. და თუ ჩემი ნათქვამი ზოგჯერ კიდეც გაგაბრაზებთ და აღგაშფოთებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ მართლაც შევხებივარ თქვენი ცნობიერების ნაოჭებსა და ხვეულებში ღრმად მიმალულ წამების მიზეზს.

„კაცმა რომ თქვას, რა საჭიროა ასეთი შესავალი?“ - იკითხავს რომელიმე მკითხველი. მე კი ასე ვუპასუხებდი: „ვაითუ, ეს ჩემი წიგნიც მხოლოდ შესავალია! განა არ შეიძლება, რომ მთელი წიგნი მარტო შესავალი, თუ პროლოგი იყოს? ანდა, წიგნების უმრავლესობა მარტო პროლოგები არ არის? მე თუ მკითხავთ, საუკეთესო წიგნი მხოლოდ პროლოგია სხვა წიგნისა, რომელიც, საბედნიეროდ, არასოდეს დაიწერება.

ძვირფასო მკითხველო, არ ვიცი, გაიგეთ, თუ არა, რომ რამდენიმე თვის წინათ გამოქვეყნდა რომანი, ან თუ გნებავთ, რიმანი, - რომლის სათაურია „ბურუსი“. „ეეჰ, - იტყვით თქვენ, - თურმე საკუთარი წიგნის პოპულარიზაციას ეწევა!“ მირჩევნია ცინიკოსად ჩამთვალონ, ვიდრე პირმოთნედ, მძულს ყოველგვარი თვალთმაქცობა და ამიტომ ვუპასუხე: „დიახ!“ რაკი თავგამოდებულმა კრიტიკოსებმა, ნამდვილმა კრიტიკოსებმა, არ ვიცი, გულმოწყალებისა თუ გულღვარძლიანობის გამო, კრინტიც არ დაძრეს ჩემს რომანზე, ავდგები და მე თვითონ განვმარტავ ზოგიერთ რამეს, ანდა რატომაც არ უნდა განვმარტო?

ეს რომანი თუ რიმანი - რაც შეეხება სიტყვას რიმანი, ამაზე უკვე ამ წიგნშივე ითქვა ყველაფერი, - ასევე პროლოგია. დიახ, პროლოგია სხვა წიგნისა, რომელსაც, ღვთის მადლით, არასოდეს დავწერ.

საქმე ისაა, რომ ერთხელ ჩემში ჩაისახა ავბედითი გამოგონილი არსება, რომანისათვის ნამდვილი მიგნება, ჭეშმარიტი პერსონაჟი, ჰომუნკულუსი და მთხოვა, სიცოცხლე მიბოძეო. საბრალოს ყოფნა, არსებობა სწყუროდა; მე ვერ მივხვდი რანაირად ამესრულებინა მისი წადილი: მერე შოპენჰაუერის იდეა გამახსენდა - შეყვარებულ წყვილს ერთმანეთისკენ პოტენციური არსება, მომავალი ადამიანი უბიძგებსო. ასეა, გვარის გენია წარმოშობს სიყვარულს, ხოლო გამონაგონის გენია გვაიძულებს ვწეროთ. სერვანტესის კალამს დონ კიხოტე უჩვენებდა გეზს. ჩემი საბრალო ჰომუნკულუსი, ჩემი აუგუსტო პერესიც, - ასე დავარქვი თუ მოვნათლე, - ამნაირად ჩაისახა ჩემი ტვინის წიაღში და შემევედრა, სიცოცხლე მიბოძეო. ასე დაიწყო ჩვენი ჭიდილი.

ჩემს რომანში მე თქვენ გიხსნით იმას, თუ როგორ მიხვდა ბოლოს და ბოლოს ეს საცოდავი ლიტერატურული პერსონაჟი, რომ იგი იყო მხოლოდ და მხოლოდ გამოგონილი არსება და ჩემი ფანტაზიის ნაყოფი, მერე, როცა ყველაფერი ცხადად წარმოიდგინა, როგორ შეიპყრო ტრაგიკულმა გრძნობამ და საერთოდ, გიამბობთ მის მთელ შემდგომ ტრაგედიას. როცა იგი ტიროდა, მეც მეტირებოდა, მაგრამ არ მინდოდა ცრემლი შეემჩნია ჩემს თვალზე და ამიტომ დავუწყე დაცინვა, ის კი არა, საკუთარი თავიც არ დავინდე, საკუთარი სიცილი.

როცა ამ ბედშავმა აუგუსტო პერესმა თქვა, ხელოვნების გამათავისუფლებელი ძალა ჩემის აზრით ისაა, რომ ადამიანს თავის არსებობას ავიწყებსო, - აკი უმეტესობა რომანებს მართლაც იმიტომ კითხულობს, რომ საკუთარი დარდი, საკუთარი თავი დაივიწყოს, - მისმა მეგობარმა, ჩემი „ბურუსის“ პროლოგის ავტორმა ვიქტორ გოტიმ უპასუხა: „ხელოვნების უზენაესი გამათავისუფლებელი ძალა ისაა, რომ ადამიანს თავის არსებობაში ეჭვს შეატანინებს!“ მე თუ მკითხავთ, იგი მართალი გახლდათ. მე მგონია, ადამიანი, რომელიც არასოდეს დაეჭვებულა თავის მატერიალურ არსებობაში, არ უფიქრია, ეგებ რაღაც უფრო მეტი ვარ, ვიდრე გამონაგონი, ლანდი, სიზმარი ანდა რომელიმე ლანდის სიზმარიო, - როგორც პინდარეს უთქვამს, - ასეთი ადამიანი ვერასოდეს მიაღწევს თავისუფლებას. და, ალბათ, საბრალო აუგუსტოც საკმაოდ ახლოს მივიდა ჭეშმარიტებასთან, როცა ჩემგან თავისი გარდუვალი სიკვდილის ამბავი შეიტყო და შესძახა, ყველა, ვინც კი ჩემს ამბავს წაიკითხავს, ჩემსავით გამოგონილი არსებები არიანო. რამეთუ შემზარავია ადამიანი, რომელიც ღრმადაა დარწმუნებული თავის მატერიალურ რეალობაში.

ასე და ამგვარად, აუგუსტო პერესი კვლავ გამომეცხა და სიზმრად; როცა ვამბობ გამომეცხადა-მეთქი, ვითარცა იოსებს ანგელოსი უფლისა (მათე I, 20), ის მინდა ვთქვა, რომ მეზმანა, ვითომ გამომეცხადა, და მან უკვე „შენობით“ მომმართა და მითხრა: - აჰა, კვლავაც წარვდექი შენს წინაშე. მოვედი შენს შემწედ. ვიცი, სამშობლოში მოგზაურობამ გონებრივად დაგშრიტა და აღარაფერი მოგდის აზრად. ისიც ვიცი, რომ ომზე ფიქრებმა იმდენად შეგმუსრა, სხვა ვეღარაფერზე გიზრუნია და ველაფერი, რასაც წერ, ისევ და ისევ ომის გარშემო მსჯელობად იქცევა.

- შენ როგორღა ცხოვრობ იმქვეყნად? - ვკითხე მე.

- სად იმქვეყნად? - შემომიბრუნა კითხვა, - რას ნიშნავს იმქვეყნად და ამქვეყნად? რას ვუძახით იმ ქვეყანას? იქნებ გგონია, რომ ერთზე მეტი ქვეყანა მართლა არსებობს?

- იმქვეყნად, სადაც დასაფლავების შემდეგ აღმოჩნდი, - ვუთხარი მე.

- ეს ხომ იგივეა, რაც ჩემს გაჩენამდე იყო! თუმცა მოდი, მოვეშვათ ფილოსოფიას. მე შენთან მარტო იმისთვის მოვედი, რომ მეთქვა, თუ როგორ მომრავლდნენ მანდ, თქვენს დედამიწაზე გამოგონილი პერსონაჟები, ბურუსოვანი, რომანული გმირები. იფიქრებთ, უმრავლესობა რეალობის მიღმა ცხოვრობსო.

- მერედა, სადაა რეალობა? - შევბედე კითხვა.

- მართალი ხარ, - მომიგო მან, - ვინ გაარჩევს, სადაა რეალური და სად იდეალური! მით უფრო ახლა, როცა ხალხი ერთხმად გაიძახის სანტიმენტებს მოვეშვათ და სარგებელზე ვიფიქროთო. ვისიც გინდა, იმის იყოს ეს სარგებელი, გინდა ინდივიდუუმისა, გინდა კოლექტივისა, ერთი ადამიანისა, თუ ხალხისა, ერისაო. დამიჯერე, გრძნობა გაცილებით უფრო საიმედო წინამძღოლია, ვიდრე ეგრეთ წოდებული სარგებელი. ადამიანმა ბევრად უკეთესად იცის, რას გრძნობს, უყვარს თუ სძულს და ბევრად უარესად, რა არის მისთვის სასარგებლო. ახლა ევროპის ხალხთა უმრავლესობა სისხლისმღვრელ ომშია ჩაბმული და ზოგიერთს ჰგონია, საბაბი სარგებლის დაცვაა. მე კი ვიტყოდი, რომ ადამიანს სარგებლიანობისა არაფერი გაეგება, მაგრამ აბა, ნახეთ, საკუთარ ვნებებში როგორ ერკვევა! როცა ჰგონია, სარგებლისთვის ვირჯებიო, მაშინაც კი მხოლოდ ვნებებს ემორჩილება!..

- საბედნიეროდ! - გავბედე სიტყვის ჩართვა.

- რასაკვირველია, საბედნიეროდ! ყოველთვის და ყველაზე მეტად ის ცდება, ვინც ფიქრობს, სარგებლისთვის ვიღვწიო. ვინ იცის, რა არის მისთვის სარგებელი? ანდა პირიქით, ყველამ კარგად იცის, რა უყვარს და რა სძულს! მაგრამ აქ, შენს სამშობლოში... თორემ ჩვენ, გამოგონილ არსებებს ხომ სამშობლო არცა გვაქვს...

- გაქვთ, როგორ არა გაქვთ, გამოგონილი სამშობლო ხომ გაქვთ, - გავაწყვეტინე სიტყვა.

- ყოველი სამშობლო გამოგონილია. ჰო, კარგი, აქ, შენს სამშობლოში ისეთი ნეიტრალები ანდა, უკეთ რომ ვთქვათ, ისეთი უსქესონი გამოჩნდნენ, რომლებიც ამტკიცებენ, გვირჩევნია სამშობლოს სარგებლიანობაზე ვიფიქროთ, ვიდრე სიმპათიებსა და ანტიპათიებს ავყვეთო; თითქოს სიმპათიასა და ანტიპათიაზე უფრო მაღალი სხვა სარგებლიანობა იყოს კიდევ რამე! გეგონებათ, სიმპათია და ანტიპათია სარგებლიანობის საუკეთესო ნაყოფი და მისი უმაღლესი გამოვლინება არ იყოს! მერე კი აღმოჩნდება, რომ ვინც ამ თვალსაზრისზე დგას, ვისაც დღე და ღამე მარტო სარგებლიანობა აკერია პირზე, ყველაზე მეტად ის ნებდება ვნებებს, თანაც მდაბალ ვნებებს და სწორედ ისინი არიან წმინდა სულელები ანუ დადებითი და აგრესიული სულელები...

- ეს რაღას ნიშნავს? - ვკითხე მე.

- აკი გერმანული ფილოსოფია შეისწავლე! მაშინ სიწმინდის იდეაც უნდა იცოდე, პლატონისგან რომ ისესხეს გერმანელებმა, რაინჰაიტ, ასე არ უწოდებენ? არის წმინდა იდეა, წმინდა მეცნიერება, წმინდა გონება... და არიან წმინდა სულელები, განსაკუთრებული სულელები, უპირატესად სულელები, ისეთები, რომელთაც სისულელის მეტი სხვა თვისება არ ურევიათ. წმინდა სულელის არსი ისაა, რომ იგი ვერც ხვდება თავის სისულელეს. წრფელად სჯერა საკუთარი გონიერებისა და, რაც უფრო მეტ სისულელეს იმეორებს, - სისულელეს კი არათუ ამბობენ, არამედ იმეორებენ კიდეც, - მით უფრო რწმუნდება, ძალზე ღრმა აზრს გამოვთქვამო. ამიტომ წმინდა სულელი არის დადებითი, აგრესიული და შემტევი, არაწმინდა სულელის საპირისპიროდ, რომელიც უარყოფისა და თავდაცვის საზღვრებს არა სცილდება.

- არაწმინდა სულელის არსი რაღაა?

- ახლავე გეტყვი. შენს სამშობლოში, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა დანარჩენ ქვეყნებში, სულელები მუდამ იყვნენ, არიან და იქნებიან; მაგრამ აქამდე ყველას მიაჩნდა, რომ მათი უმეტესობა არაწმინდა, ნეგატიური, თავდამცველი სულელი იყო, რომელმაც თავისი სისულელის ამბავი კი იცოდა, მაგრამ მაინც ცდილობდა დაჭკვიანებულიყო, რათა თავი დაეცვა...

- განა, ისეთი სულელებიც მოიპოვებიან, თავიანთი სისულელის ამბავი რომ იციან? - შევაწყვეტინე სიტყვა.

- აბა, რა გგონია! რამდენიც გინდა. თან ბევრმა ისიც კარგად იცის, რომ სულელებად თვლიან და როცა საკუთარ თავთან, საკუთარი სინდისის სარკის წინ მარტო რჩება, აღიარებს კიდეც თავს სულელად. მთლად სწორი არ უნდა იყოს, ვითომ ადამიანი საკუთარ თავს არ იცნობსო. მე უფრო იმას ვფიქრობ, ადამიანი საკუთარი სინდისის სამსჯავროს წინაშე თავის თავს სათანადოდ ვერ აფასებს, თუმცა სხვათა წინაშე ასე თუ ისე თავისი სისულელის დამალვას ახერხებს; მაგრამ თუ ამას მაინც გრძნობს, სულ ერთია, თავი ჭკვიანი კაცივით უჭირავს, ერთიც ვნახოთ და ვინმე მოვატყუეო. და, წარმოიდგინე, ამ სხვათა დარწმუნებადაჯერებაში თავადაც ირწმუნებს, სულელი არა ვყოფილვარო. ადამიანებს ხომ იმდენად სწამთ თავიანთი თავისა, რამდენადაც სხვებს სწამთ მათი. იქნება გაგიგონიათ ერთი ხვლიკის ამბავი, ზოოლოგები მოლოქს რომ უწოდებენ?

- როგორ არ გამიგონია, - ვუთხარი მე, - იმ უწყინარ ცხოველზე არ მეუბნები, მიმიკრიის წყალობით მტაცებლად რომ ითვლება? თურმე, როცა თავს დაესხმიან, კუდს აბზეკს, მკაცრ იერს მიიღებს და საკუთარი შიშით სხვის დაშინებას ცდილობს!

- ჰოდა, მეც მაგაზე მოგახსენებ. სწორედ იმ ხვლიკსა ჰგავს ნეგატიური ანუ თავდამცველი სულელიც; როცა რაიმე სისულელე მოუვა თავში, თან იცის, რომ ეს სისულელეა, როცა უნდა ცოცხალი აზრის რომელიმე ზოგადი ადგილი გაიმეოროს, - უხამსობის ეს სარკე, - ისე ბრტყლად და საზეიმოდ გამოაცხადებს, თითქოს რაიმე ღრმააზროვანი აფორიზმი წარმოთქვა ან სრულიად ახალი, გენიალური პრინციპი აღმოაჩინაო; თან ამას იმიტომ სჩადის, რომფიქრობს, ეგებ ვინმე ჩემივ მსგავსი მაინც გავაბა მახეშიო:„თქვენ მე მთვლით სულელად? მე კი თავს ვიცავ და ვცდილობ, ჭკვიან, ანდა უფრო ზუსტად, ცოცხალი აზროვნების კაცად მოგაჩვენოთ თავი“. და ამას ბრწყინვალედაც ასრულებს. აი, როგორია თავდამცველი ანუ ნეგატიური სულელი.

ახლა, ნელ-ნელა უკვე თქვენთან, ესპანეთშიც გამოჩნდნენ ეს დადებითი და აგრესიული სულელები, წმინდა სულელები, ისეთები, რომელთაც არათუ ჭკვიანად მოაქვთ თავი, არამედ, თავადაც გულწრფელად სჯერათ თავიანთი სიჭკვიანის ამბავი. მერწმუნე, აგრესიულობა დღეს მოდაში შემოდის. მახსოვს, ომის დაწყებამდე, კარგა ხნით ადრე, ესპანეთში ტრაიჩკეს ხსენებაც რომ არ იყო, შენ ხშირად მოგყავდა მისი ციტატები...

- სწორია, - ვუპასუხე მე, - ომს არ დავლოდებივარ, ტრაიჩკე წამეკითხა და მით უმეტეს არ დავლოდებივარ, რომ ჩემი თანამოძმეები გამეფრთხილებინა, რა საშიშროება მოჰყვებოდა ჩვენთვის ოთხქიმიანი K-თი დაწერილ „კულტურას“. 1913 წლის დასაწყისში უკვე განგაშიც ავტეხე.

- ალბათ, მაშინ კითხულობდი „პოლიტიკაში“ მაგ ტრაიჩკეს სტრიქონებს სულელების თაობაზე. აი, ვინ იცნობდა მათ! პირველი წიგნის ორმოცდამეათე თავში ამბობს - როგორც ჩანს XIX საუკუნეში ადამიანის სისულელის ფარგლები ბევრად გაფართოვდაო, სამოცდამეათე თავში კი წერს, XIX საუკუნემ სწავლულთა წრეში უფართოესი სისულელე - სტუპიდიტატ - მისივე სიტყვას ვიმეორებ - წარმოაჩინაო და დასძენს: „წინათ ადამიანები ისეთი სულელები არა ყოფილან, როგორიც ჩვენს დროში“. მერე სისულელის პარტიების შესახებაც ლაპარაკობს. სისულელის პარტია - მართლაც დიდებული ნათქვამია! ამის შემდეგ ამტკიცებენ: პრუსიელებს ფსიქოლოგიური ალღო არ გააჩნიათო! მართალია, ვუნდტს, თავისი ექსპერიმენტული თუ ფიზიოლოგიური ფსიქოლოგიის - მიუხედავად, აზრადაც არ მოსვლია სისულელის პარტია, სამაგიეროდ, ტრაიჩკეს მოუვიდა, მასავით გერმანელს! გეუბნები, „სისულელის პარტია“, მართლაც მიგნებაა!

- მერე, შენ გგონია, ჩვენთან ასეთი პარტია უკვე არის, ანდა უკვე იქმნება?

- ჰო, რაღაც მაგის მსგავსი თითქოს გაჩნდა. სულელებს შორის თვითშემეცნებაც კი შეიმჩნევა. ყველა საცოდავი გამოგონილი არსება, ვისაც ეჭვი არ გასჩენია თავისი ირრეალობის შესახებ, ყველა, ვინც ერთხელაც არ დაფიქრებულა, არათუ თავის არსებობაზე, არამედ თავის მნიშვნელობაზეც კი. ყველა წმინდა სულელი ან დადებითი და აგრესიული სულელი, ყველა თავს იყრის სისულელის დროშის ქვეშ, რომელსაც ცოცხალ აზრს არქმევს. ამ სისულელის პაროლი და მცნებაა: ეროვნული სარგებლიანობა უპირველეს ყოვლისა! მაგრამ ის არ იციან, რაში მდგომარეობს ეს სარგებლიანობა და სისულელის მარტო ერთ მდაბალ ვნებას არქმევენ ამ სახელს...

- ... ანუ შურს! - დავასრულე მისი აზრი.

- სწორია, წმინდა სულელს, უპირველეს ყოვლისა, აღიზიანებს სხვისი პიროვნება, საერთოდ, ყოველგვარი სუბიექტური, ბუნებრივია! რადგან თავად სულელი შეიძლება იყოს მხოლოდ ობიექტი, თანაც მისივ მსგავსთან ერთად კლასიფიკაციის, ნუმერაციისა და ორგანიზაციისთვის საკმაოდ მარჯვე ობიექტიც. ასეთ ადამიანებს დღეს საფიცრად აქვს მაგიური სიტყვა „ორგანიზაცია“.

- აბა, მეტი რაღა დარჩენიათ იმ საცოდავებს? - ვკითხე მე.

- როგორ თუ რა დარჩენიათ? თვითმკვლელობა!

- თვითმკვლელობა? - წამოვიძახე და მყისვე გამახსენდა, რომ აუგუსტო პერესს თავის მოკვლის ნება არ მივეცი და ვაიძულე ჩემი, ესე იგი, ავტორის ნება-სურვილით მომკვდარიყო.

- დიახ, თვითმკვლელობა! მაგრამ ისეთ თვითმკვლელობაზე როდი გეუბნები, რასაც მე თვითონ ვაპირებდი და შენ უფლება არ მომეცი; მათ ბოლო უნდა მოუღოს სისულელისგან თავის დაღწევის მათივე უიმედო ცდამ. სულელის მორალური ვალია, - რამდენადაც იგი მაინც არის ადამიანი, - აღარ იყოს სულელი ანდა სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ცოცხალი აზრის პრინციპები საკუთარი გონების დასკვნებად გადააქციოს, დამოუკიდებლად გაიაზროს ზოგადი ადგილები, რაც მერე ზოგადიც აღარ იქნება, გააკრიტიკოს ყოველგვარი უხამსობა. სულელი ცდილობს ეს ყველაფერი როგორმე დაძლიოს, მაგრამ მეტისმეტად უმძიმს, ამიტომ ერთხელაც ადგება, ამ თავის სისულელეს და თავის გონებასა და მერე სიცოცხლესაც ბოლოს მოუღებს, ერთი სიტყვით, თავს მოიკლავს. მაშასადამე, მასაც იგივე დაემართება, რაც იგავ-არაკის ბაყაყს დაემართა, ხარს რომ გაეჯიბრა და ბოლოს გასკდა. აი, ასე უნდა გასკდეს სულელი!

ამას წინათ, აქ, საიქიოს გამონაგონთა ჩვენს სამყაროში პაპინის წიგნი „გულადობა“ მოიტანეს. მოგეხსენება, მე, შენი ფანტაზიის თუ წარმოსახვის პირმშოს, რარიგად მიტაცებს პარადოქსების ოსტატები ანდა უფრო სწორად, ადამიანები, ვინც აზროვნების დამოუკიდებლობას ნერგავენ. პაპინი კიდეც მხიბლავს და კიდეც მართობს. მის წიგნში წავიკითხე: „მთელი სერიოზულობით ვამბობ, ძალზე მაწუხებს, რომ მხოლოდ თითო- ოროლა ადამიანი ცდილობს გენიოსი გახდეს!“ ბრწყინვალედაა ნათქვამი. განა ყოველი ადამიანი არ უნდა ესწრაფოდეს გენიალობას?

- მაგრამ შენნაირი... - გავბედე სიტყვის გადაკვრა.

- ასე შენ მიგაჩნია, რადგან გგონია, შენვე შემქმენი, გამომიგონე, ის კი გავიწყდება, როგორ ამტკიცებდი, სერვანტესს დონ კიხოტემ ააღებინა კალამიო, თუმცა მან ბოლომდე მაინც ვერ გაუგო თავის გმირს, ყოველ შემთხვევაში, სანჩო პანსას მაინცო! და მეც, აუგუსტო პერესი, ასევევამტკიცებ, რომ შენ, მიგელ დე უნამუნო კარგად ვერ მიცნობ. თუმცა კი დარწმუნებული ხარ, ვითომ შენ შემქმენი...

- ნეტავი თავად მაინც თუ იცნობ საკუთარ თავს? - შევაწყვეტინე სიტყვა.

- აბა, რა სათქმელია! ჯერ კიდევ ისეთი წმინდა სულელი არ გავმხდარვარ, რომ ვამტკიცო, საკუთარი თავი შევიცანი-მეთქი. რაც გინდა ის იფიქრე, მაგრამ მე ჩემს წარმავალ, შენს მიერ ნაბოძებ ამ გამოგონილ არსებობაშიც კი, ჩემებურად ვესწრაფოდი გენიალობას, ჩემებურად ვცდილობდი მიმეღწია გენიალობისთვის და სწორედ მაგისთვის მეწია სიკვდილიც! შენ თვითონ გახდი იძულებული მოგეკალი, რადგან გზა ვერ მონახე, ჩემთვის გენიალობა გებოძებინა! შენ ადამიანის ნაცვლად ჰომუნკულუსი შექმენი, მე კი სრულყოფისაკენ, გაადამიანურებისაკენ ჩემმა ლტოლვამ მიმიყვანა სიკვდილამდე. სიკვდილი ჩემთვის უფრო თვითგანმტკიცება იყო და სულელის თვითგანმტკიცების გზაც ესაა მხოლოდ. მათ სხვისი პიროვნების დათრგუნვა კი არ უნდა ეცადათ, პირიქით, საკუთარი გაებერათ და იქამდე გაებერათ, სანამ გასკდებოდნენ. მაგრამ ისინი ოღონდ რომანულ ანარქიულობაზე ალაპარაკე და საკუთარი თავი რაღას გაახსენდებოდათ! ვისაც თავისი თავის ორგანიზების უნარი შესწევს, ის არც მოძალადეობრივ, გარედან თავსმოხვეულ ორგანიზაციისკენ მოუწოდებს, ჩვენ გვწამს შემთხვევისა და იმპროვიზაციის სასწაული, ამიტომ გვძულს ეს გარეგანი მექანიკური ორგანიზაციაც. მოგეხსენება, მე ყოველთვის უფრო შემთხვევას ვენდობოდი...

- ჰო, აკი შენგანაც შემთხვევის პირმშო მინდოდა შემექმნა, - ვთქვი მე, - სწორედ მაშინ, როცა ჩემი ფანტაზია შენ გშობდა, შემთხვევითობის ფილოსოფიაზე ვფიქრობდი და კურნოს ვკითხულობდი.

- წიგნებს მოეშვი, ირწმუნე შემთხვევითობა და იქნებ განგებაც, აკი შემთხვევა და განგება ლამის ერთი და იგივეა; შემთხვევა განგებითია და განგება შემთხვევითი. და კიდევ ირწმუნე იმპროვიზაცია! თუ მავანი და მავანი წმინდა სულელი მთელი წელი იმისთვის ემზადებოდა, ვარჯიშობდა და თავს წვრთნიდა, რომ შენთვის დარტყმა მოეყენებინა, იმ იმედით, რომ თავდაცვის იმპროვიზაციის უნარი არ გაგაჩნია, შენ ამას სიცილით უნდა შეხვედროდი, რადგან მან ეს ორმოცი წელიწადი საკუთარი სისულელის და საერთოდ, სისულელის მონობაში გაატარა. შენ კი ამასობაში შენთვის უზრუნველად, ნამდვილი ცხოვრებით ცხოვრობდი და თუ მაინც შეძლო და დარტყმა მოგაყენა, ის ხომ მაინც სულერთია, ისევ წმინდა სულელად დარჩება!

- მაგრამ ეს ყველაფერი ბოლოს მაინც ისე გამოვა, როგორც მან ჩაიფიქრა! - წამოვიძახე მე.

- ჩაიფიქრა? მერედა, რა ჩაიფიქრა? საერთოდ, რა უნდა ჩაეფიქრებინა? ეეჰ, რა ტყუილად არა გჯერა საკუთარი თავისა! მე რომ შემეძლოს, მე, ვისაც შენ გამოგონილ არსებად და საკუთარი იუმორისტული ფანტაზიის პირმშოდ მთვლი, დიახ, მე რომ შემეძლოს შენი ძალის ისეთივე რწმენა შთაგაგონო, როგორიც მე თვითონ მაქვს!.. აი, ხედავ, რა ვნება მოგიტანა სიწმინდისა და იდეალიზმის ფილოსოფიის შესწავლამ! როგორ გწამს, შე საცოდავო, მეტაფიზიკური გამარჯვებისა!

- მეტაფიზიკურ გამარჯვებას რაღას გადასწვდი? - ვკითხე მე.

- ნუთუ არ წაგიკითხავს ამას წინათ „ბერლინელ ტაგებლატში“ რომ წერდნენ: „გერმანელთა გამარჯვება შემთხვევითი კი არა, მეტაფიზიკური აუცილებლობა იყო. თუ ხალხთა ბედის წარმმართველი ძალები სინამდვილეში უზენაესის ნებაზეა დამოკიდებული, რომელსაც სხვაობის გავლების უნარი შესწევს, ჩვენც შეგვიძლია და კიდეც უნდა ვირწმუნოთ, რომ განგებამ მოგვიმზადა დიდებული აღსრულებანი“. მშვენიერი ტექსტია, ოღონდ კარგი გამგები უნდა. აქ ის აზრია გატარებული, რომ გერმანიამ თურმე განგებას მოუმზადა დიდი როლი, რამეთუ განგება, როგორც ეტყობა, კანტის ფილოსოფიის შესწავლას შესდგომია; მეორე მხრივ კი, გერმანელთა გამარჯვების მეტაფიზიკური აუცილებლობის თაობაზე ნათქვამი ეს სიტყვები მარტო იმას უნდა ნიშნავდეს, რომ გერმანელებისთვის სწორედ მეტაფიზიკური გამარჯვება ყოფილა აუცილებელი. მეტაფიზიკური გამარჯვება კი, მოგეხსენება, იმის რწმენაა, ვითომ გაიმარჯვე.

- მაშინ ის გამონათქვამიც მართალი უნდა იყოს, ერთ გენერალს რომ მიაწერენ - გამარჯვება იმის რწმენაა, რომ გაიმარჯვეო?! - ვკითხე მე.

- აი, სწორედ ეგ არის გენერალური სისულელე. პირიქით, გამარჯვება უფრო ხშირად იმაში მდგომარეობს, რომ თავი დამარცხებულად წარმოიდგინო. მხოლოდ სულელს მიაჩნია თავი უძლეველად. აბა, გაიხსენე, აქ, შენს სამშობლოში სამოქალაქო ომის დრო! ეს უბადრუკები და უგუნურები რომ გაიძახოდნენ - უძლეველები ვართ, რამეთუ რწმენას წინ ვერაფერი აღუდგებაო. მერე კი, როცა დამარცხება იგემეს, ღრიალებდნენ - „ღალატია!“ ანდა ირწმუნებოდნენ, მორალურად მაინც გამარჯვებულები გამოვედითო. „რომ არა...“ ამბობდნენ ისინი; ჰოდა, სწორედ ეს „რომ არა“ და „თუ არა“ გვშველის, თორემ პირს ხავსი მოგვედებოდა. შეამზადე თავი იმისთვის, რომ მალე ყველა სულელი ამ ჰანგზე დაიწყებს სიმღერას. თან არც ის დაგავიწყდეს - ახლა სულელების ლეგიონი კი არა, უკვე პარტიაცაა.

და აუგუსტო პერესი კვლავ შავ ბურუსს შეერთო. როცა გავიღვიძე, ჩემს თავს ვკითხე: „ვის შემოაქვს წესრიგი, ლოგიკა და კავშირი, ანუ ვინ აგვარებს ყველაფერ ამას?!“

სალამანკა, ოქტომბერი. 1915 წელი.
თარგმნა მერი ტიტვინიძემ