ფილიპ როთი - ამერიკული პასტორალი

„იოცნებე, როდესაც დღე იწურება, იოცნებე, როდესაც შეიძლება მიაგნო ჭეშმარიტებას. ცხოვრება ისეთი საშიში არაა, როგორც გეჩვენება, ამიტომ იოცნებე, იოცნებე, იოცნებე“, - ჯონი მერსერი, 40-იან წლებში პოპულარული სიმღერიდან „ოცნება“

„იშვიათია შემთხვევა, როდესაც მოლოდინი ხორცს ისხამს...“, - უილიამ კარლოს უილიამსი, ლექსიდან „კენეტ ბერკთან“, 1946

ჩვენ ვიყავით ნაშიერნი არასაკმარისად განათლებული და ჯაფით დაქანცული მშობლებისა, რომლებიც, პირველ რიგში, აკადემიურ წარმატებას აფასებდნენ.

ირონია, რომელიც ადამიანისთვის თავდაცვის ხერხია, სრულიად გამოუსადეგარია, თუკი შენი გზა ღვთისკენ მიმავალი გზაა.

ივან ილიჩისცხოვრება, წერს ტოლსტოი მოთხრობის დასაწყისში სასამართლო პალატის წევრის შესახებ, რომელსაც ჰქონდა სახლი პეტერბურგში, იღებდა ხუთიათასმანეთიან ჯამაგირს და ჰყავდა საზოგადოებაში დაფასებული მეგობრები, მარტივი, ჩვეულებრივი და ამიტომ ძალზე შემზარავი გახლდათო. შესაძლოა, 1886 წლის რუსეთში ასეც იყო. მაგრამ ოლდ-რიმროკში (ნიუ-იორკის შტატი), 1995 წელს, ივან ილიჩები, რომლებიც დილაობით გოლფს თამაშობენ, შემდეგკ ი მიემართებიან კლუბის რესტორანში სასაუზმოდ და ყვირიან: „უკეთესს ვერაფერს მოიფიქრებ, ძმაო!“, შეიძლება უფრო ახლოს იყვნენ ჭეშმარიტებასთან, ვიდრე ოდესმე ყოფილა ლევ ტოლსტოი.

და მაინც, რა უნდა ვუყოთ ამ არაჩვეულებრივად მნიშვნელოვან ფენომენს, რომელსაც სხვა ადამიანები ჰქვია? იქნებ ამ ფენომენს სულ სხვა მნიშვნელობა აქვს და არა ის, რასაც მივაწერთ - ჩვენ ხომ არ შეგვიძლია ჩავწვდეთ ერთმანეთის შინაგან არსსა და უჩინარ აზრებს? ნუთუ უნდა დავშორდეთ ერთმანეთს, კარი ჩავკეტოთ და განვმარტოვდეთ, ისე, როგორც იქცევიან მარტოსული მწერლები, რომლებიც თავიანთ ყრუ კაბინეტებში იკეტებიან და სიტყვებისგან ადამიანებს ქმნიან, შემდეგ კი იჯერებენ, რომ ეს სიტყვა - ადამიანები უფრო ახლოს არიან რეალობასთან, ვიდრე რეალური ადამიანები, რომლებსაც ყოველდღე ვხვდებით და რომლებისაც არაფერი გვესმის? ცხადია, ადამიანების მართებულად გაგება ცხოვრება არაა. ცხორება მათი არასწორად გაგებაა, სულ უფრო მეტად არასწორად გაგება, საკუთარი გადაწყვეტილებების საგულდაგულოდ გადაფასება და კვლავ არასწორი დასკვნის გამოტანა. ჩვენი ცხოვრება განუწყვეტელი შეცდომებია. ალბათ სჯობს, თავი არ შევიწუხოთ იმაზე ფიქრით, ვცდებით თუ არა. უბრალოდ, უნდა ვიცხოვროთ. თუ ამას მოახერხებთ, გზა დამილოცნია.

ფრაგმენტი, ფრაგმენტის უსაზღვროება, ფრაგმენტის ძალმოსილება, ფრაგმენტის წონა - სიყმაწივლის ხანაში უსასრულო ფრაგმენტებით ისე ხარ გარემოცული, როგორც ექვსი ფუტი მიწით, რომელსაც გარდაცვალების შემდეგ შენს კუბოს აყრიან.

ალბათ, თავისი არსით, უახლოესი გარემო ის ადგილია, რომელზეც ბავშვის მთელი ყურადღებაა მიპყრობილი. ის აქ უშუალოდ ეზიარება ჭეშმარიტ საზრისებს, მის წინაშე შიშვლდება საგანთა ფარული არსი. და მაინც, ახლა, ორმოცდაათი წლის შემდეგ, გეკითხებით: შეგიღწევიათ თუ არა ცხოვრებაში ისე ღრმად, როგორც იმ ქუჩებში, სადაც ყოველი ეზო, ყოველი სახლი, ყოველი სახლის ყოველი სართული, ყოველი ნაცნობი ბინის კედლები, ჭერი, კარები და ფანჯრები ასეთი განუმეორებელი იყო? შემდგომში ასე ზუსტად აღგიქვამთ თუ არა ირგვლივ მიმოფანტული საგნების ფორმათა ყველა ნიუანსი, სოციალური სტატუსის უმცირესი გრადაციები, რომლებიც თავს იჩენს ლინოლიუმსა და მუშამბაში, სადღესასწაულო დღეებში ანთებულ სანთლებში, კერძების სუნში, „რონსონის“ ფირმის სამაგიდო ნათურებსა და ჟალუზებში?

გასაოცარია, რომ ყველაფერი, რასაც ოდესმე უშუალოდ ვხედავდით - მაგალითად, ჩვენი თანაკლასელების გარეგნობა - ასე დეტალურად გვახსოვს. გასაოცარია იმ გრძნობის სიმძაფრეც, რომელსაც განვიცდით, როდესაც ერთმანეთს ვხვდებით.

როგორ მოხდა ეს ტრანსფორმაცია - რისგან ჩამოყალიბდა ისტორიული დრამა, რომელსაც პატარა პროტაგონისტები ქვეშეცნეულად თამაშობდნენ საკლასო ოთახებში, სამზარეულოებში, და რომელიც არაფრით წააგავდა ცხოვრების დიდ თეატრს?

ჩვენ ხომ არა მარტო უმნიშვნელო, არამედ ძალზე მნიშვნელოვან ამბებსაც ვივიწყებთ - თითოეული ჩვენგანის მიერ დამახსოვრებული და დავიწყებული მოვლენები ისეთ ნაყშს წარმოქმნის, რომლის ლაბირინთისმაგვარი ხვეულებიც თითების ანაბეჭდებივით განუმეორებელია. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ რეალობის ნამსხვრევებს ერთი ადამიანი უფრთხილდება, როგოროც ჭეშმარიტ ბიგრაფიას, ხოლო სხვა, რომელთან ერთად მას არაერთხელ უსადილია ერთ მაგიდასთან, მათ ფანტაზიის ნაყოფად მიიჩნევს.

- საოპერაციო ოთახი ისეთ ადამიანად გაქცევს, რომელიც არასოდეს ცდება. მწერლობას წააგავს.
- მწერლობა ისეთ ადამიანად გაქცევს, რომელიც ყოველთვის ცდება. და მხოლოდ იმიტომ არ წყვეტ მუშაობას, რომ გჯერა, ოდესმე არ შეცდები. რა უნდა ქნა? საბედნიეროდ მწერლობა, ისევე, როგორც სხვა პათოლოგიები, ბოლომდე არ გირღვევს ცხოვრებას.

- მხოლოდ მწერალი რომ ვყოფილიყავი, ბევრ საზრუნავს ავიცილებდი თავიდან. საერთოდ, წერა საზიზღრობისგან თავის დახსნის საშუალებას გაძლევს.
- რა საზიზღრობისგან?
- ჩვენი წარმოდგენისგან ერთმანეთის შესახებ. გაუგებრობისგან. ჩვენი წარმოდგენისგან საკუთარი თავის შესახებ, რაც ასე გაზვიადებულია. არაადეკვატური. მაგრამ ასე ვაგრძელებთ და ამ წარმოდგენებით ვხელმძღვანელობთ. „ის კაცი ასეთია, ის ქალი ასეთია, მე ასეთი ვარ. აი, ეს მოხდა, ამიტომ მოხდა...“

რთული საკითხების გააზრებისთვის გარკვეული დროა საჭირო. ცუდია, როდესაც მათზე ძალიან ადრე დაფიქრდები, მაგრამ კიდევ უფრო უარესია, როდესაც ეს ძალიან გვიან ხდება.

თუ ღვთაებად მიგიჩნევენ, სამწუხაროდ, თაყვანისმცემელთა ბრმა ილუზიებს უნდა შეეგუო.

ცხოვრება აზრსმოკლებული იყო. როდესაც ეს ხდება, ადამიანი სტიქიური ბედნიერების განცდის უნარს კარგავს. ბედნიერება მან უკვე ხელოვნურად უნდა შექმნას. ამის საზღაურია გაუცხოება საკუთარი თავისა და საკუთარი ისტორიისგან.

ტრაგედია ადამიანისა, რომელიც გაჩენილი არაა ტრაგედიისთვის - ეს ყოველი ადამიანის ტრაგედიაა.

ჩვეულებრივ, ისტორიას ძალზე ხანგრძლივ პროცესად წარმოიდგენენ ხოლმე, სინამდვილეში კი ის მყისიერია.

სხვისი - ბიჭის თუ მამაკაცის - დიდების მოპოვება შეუძლებელია. თუ მწერალი არ ხარ, ფსიქოლოგიური დაბრკოლებები წარმოიშობა, თუ მწერალი ხარ - ესთეტიკური ხასიათის შეფერხებები.

ჩემი აზრით, ექსტრემიზმი ისაა, როდესაც ისე ცხოვრობ, ვითომც აქ არაფერიაო, ირგვლივ კი საშინელებები ხდება. როდესაც ადამიანებს ჩაგრავენ, შენ კი ყოველდღე იცვამ კოსტიუმს, იკეთებ ჰალსტუხს და სამსახურში მიდიხარ, თითქოს არაფერიც არ ხდება - აი, ესაა ექსტრემიზმი. ეს ექსტრემალური სისულელეა.

„გ-გ-გ-განა აუცილებლად ცეცხლი უნდა წაიკიდო, ადამიანები ჭ-ჭ-ჭკუაზე რომ მოვიდნენ? ეს არავის აღელვებს? ს-ს-ს-სინდისი არავის აქვს? ამქვეყნად ს-ს-ს-სინდისი არავის აქვს?

იმისთვის, რათა შეეგუო საკუთარ სილამაზეს და არ შეგაწუხოს იმან, რომ სილამაზე ჩრდილავს შენს სხვა ღირსებებს, ძალაუფლებით ტკბობა უნდა შეგეძლოს და ულმობელი უნდა იყო ადამიანების მიმართ. სილამაზე, ისევე, როგორც ყოველგვარი განსაკუთრებული თვისება, სხვათაგან გამოგარჩევს, განუმეორებლობას განიჭებს და შურისა და მტრობის ობიექტად გაქცევს. იმისთვის, რომ უშფოთველად აღიქვა საკუთარი სილამაზე და შეეგუო მის ზმოქმედებას ადამიანებზე, თავი სეიქციო ამ სილამაზით და, საერთოდ, სათანადოდ გამოიყენო, იუმორის გრძნობის გამომუშავებაა საჭირო.

ამერიკისადმი გააფთრებული სიძულვილი ცალკე დაავადებაა.

დიახ, ჩვენ მარტონი ვართ, უსაზღვროდ მარტონი, და კიდევ უფრო მძაფრი მარტოობა მოგველის, რომლისგანაც თავს ვერაფრით დავიხსნით. არა, მარტოობამ არ უნდა გაგვაკვირვოს, რაოდენ მძაფრიც უნდა იყოს ეს განცდა. შეიძლება ტყავში გაძვრე, მაგრამ მაინც მარტო იქნები, ოღონდ შიგნეულობა გექნება გარეთ.

ყველა შემთხვევაში მარტონი ვართ, სულერთია, არის ჩვენ გარშემო სახლები თუ არ არის. როგორ უნდა გამოთქვა პროტესტი მარტოობის წინააღმდეგ? არც ერთმა დაბომბვამ მასზე ნაკაწრიც კი არ დატოვა. ადამიანის ხელით შექმნილი ყველა მომაკვდინებელი ასაფეთქებელი ნივთიერებაც კი ვერაფერს დააკლებს მარტოობას.

ყველაფერი, რაც იწყება „სერ“-ით და მთავრდება „სერ“-ით, ჩვეულებრივ, ნიშნავს: „ფული მინდა“.

საკუთარ სახლში არაა იმის შესაძლებლობა, რომ ასეთ სიბინძურეში ჩაიძირო. საკუთარ სახლში ცხოვრება გარკვეულ წესრიგს გულისხმობს. იქ აუცილებლად მოთოკავ თავს. სახლი უზარმაზარი უფსკრულია სამყაროს შენეულ ხატსა და იმას შორის, თუ როგორ წარმოგიდგება ის სინამდვილეში.

ვიტრინების მსხვრევის ხმა სასიამოვნოდ უღიტინებდა ნერვებს. ადამიანებს ნუსხავდა საქონლის მუქთად შოვნის შესაძლებლობა. არნახული ძალით გამოვლინდა ამერიკელთა მესაკუთრული მიდრეკილებები, რაც მაღაზიების გაძარცვაში გამოიხატა. ყველას აებნა თავგზა, როდესაც სასურველი ნივთების უფასოდ მოპოვების შესაძლებლობა მიეცა. მიდი, გაძარცვე!

როდესაც ნუგეში გჭირდება, მას ვერ მიიღებ ვერც ძმისგან, ვერც მამისგან, ვერც დედისგან და ვერც ცოლისგან. ჰოდა, მიეჩვიე იმას, რომ საკუთარი თავი თვითონ უნდა ინუგეშო, გამხნევდი და ანუგეშე სხვები.

რატომაა, რომ როდესაც ძალიან ცუდად ხარ, ვიღაც საჭიროდ მიიჩნევს იმსჯელოს შენს ხასიათზე და მრავალი წლის განმავლობაში დაგროვებული ღვარძლი გადმოანთხიოს? რატომაა, რომ შენი ტანჯვა ადამიანებს უზომო უპირატესობას აგრძნობინებს? რატომაა, რომ ასე ახარებთ მისი გამოხატვა?

სწორია! ზუსტად ასეა! უძლურნი ვართ. ყველანი უძლურნი ვართ. ისიც, ვინც ყოველთვის სწორად იქცევა! წესების შესაბამისად!

მღვდლები პროტესტანტულად განწყობილი ლიბერალები როდი არიან. სხვა შემთხვევაში, მღვლდებლად არ ეკურთხებოდნენ.

ყველაზე მეტად ის მაკვირვებს, რომ ორალური სექსის დეტალურად ამსახველი ფილმის სანახავად კინოთეატრებს მიაწყდა სწორედ ის ელექტორატი, რომელიც „მაღალზნეობრივი“ რესპუბლიკელი პოლიტიკოსებისგან შერჩეულ პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს აძლევს ხმას.

მთარგმნელი - თამარ ლომიძე
გამომცმელობა „დიოგენე“, 2014წ.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში