ჯეიმს ჯოისი - ირლანდიელი პოეტი

რეცენზია უილიამ რუნის „ლექსებსა და ბალადებზე“ გამოქვეყნდა „დეილი ექსპრესში“ (დუბლინი), 1902 წლის 11 დეკემბრის ნომერში

ჩვენს წინაშეა აწ გარდაცვლილი მწერლის ლექსები, ბევრი მას ახალ დევისად მიიჩნევდა ბოლო დროის ნაციონალურ მოძრაობაში. ლექსები პირველწყაროებიდან არის შეკრებილი და წამძღვარებული აქვს ორი წინასიტყვაობა, რომლებშიც ბევრია ნათქვამი მშრომელებზე, საყოველთაო ცხოვრების გაუმჯობესებამდე, დიდებულ პიროვნებაზე, უნიჭო მუსიკალურ დადგმებზე და ასე შემდეგ. ეს ყოველივე ნაციონალურ ხასიათს გამოხატავს და, ამის გამო, წინასიტყვაობის ავტორები უყოყმანოდ ასხამენ ამ ყველაფერს ქევა-დიდებას.

მაგრამ ასეთ ქება-დიდებას ფასი ეკარგება, თუ ის ლიტერატურული სიმართლის გარკვეული საბუთით არ არის განმტკიცებული. რადგან კაცი, ვინც წიგნს წერს, არ შეიძლება მხოლოდ კეთილი სურვილებისა და მაღალი ზნეობისათვის გავამართლოთ; იგი ფეხს დგამს იმ სამყაროში, სადაც მთავარი დაწერილი სიტყვაა, და კარგი იქნებოდა თუ ამას გონებაში ჩავიბეჭდავდით ახლა, როცა ლიტერატურულ სამყაროს გააფთრებით უტევენ ენთუზიასტები და დოქტრინიორები.

უილიამ რუნის ლექსებისა და ბალადების განხილვის შემდეგ ცხადი ხდება, რომ არავის ეპატიება ამ ლექსებს ქება-დიდება შეასხას. ლექსების თემატიკა მტკიცედ ეროვნულია, ისეთი უკომპრომისო, რომ მკითხველი თვალებს დააჭყეტს და ძლივს დაიჯერებს, როცა 114-ეგვერდზე დ’არსი მაკჯიის სახელს წააწყდება. მაგრამ თემატიკა მშვენივრად სულაც არ გახლავთ დამუშავებული. „წმ. პატრიკის დღესა“ და „დრომსიტში“ დენის ფლორენს მ’კარტისა და ფერგიუსონის გულისგამაწვრილებელი მიბაძვის მეტს ვერაფერს ნახავთ. თვით მ-რ თ.დ. სალივანსა და მ-რ. როლსტონსაც მიუძღვით წვლილი ამ წიგნის შექმნაში. მაგრამ „ორომტრიალს“ ძალზე აკლია „კლონმაკნოზელი მიცვალებულების“ გამორჩეული, მაღალი ღირსებანი, და მ-რ როლსტონი, ვინც, ცხადია, პოეტური იმპულსით არ არის შთაგონებული, ლექსს მხოლოდ იმიტომ წერს, რომ ეპიტაფიების შეთხზვას პოეტური იმპულსი არ სჭირდება. რამდენი რამ შეუძლია დაკვირვებულ წერას, და უეჭველია, რომ ძალზე მცირეა მიღწეული ამ ლექსებში, რადგან ასე დაუდევრად არის დაწერილი და ასე, დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, მდარეა, რადგან თუ დაუდევრობის ცნებას ძალზე ფართოდ წარმოვიდგენთ, შესაძლოა ძლიერ კარგიც კი გვეგონოს, მაგრამ ჩვეულებრივი დაუდევრობა სხვა არაფერია, თუ არა ყალბი და უფერული იდეების ყალბი და უფერული გამოხატულება.
მ-რ რუნი მართლაც ოსტატია ამგვარი „სტილისა“, რაც არც კარგია და არც ცუდი. ერთ ლექსში წერს:

„დამცველ მთებსა და გაშლილ წყლებს შორის დაასვენეს იგი და ნიში დაუდგეს ყველაზე ფიცხს ერინის ქალიშვილთაგან, ყველაზე მამაცი ბუნებისას, ვისაც კი ოდესმე სახელი გაუთქვამს“.

აქ მწერალმა კი არ გამოიგონა, არამედ უბრალოდ ისარგებლა გამოხატვის უფერული ხერხით, და მაშინაც კი, როცა გამოხატვის მშვენიერი ხერხები გამოიყენა, ვერ შეძლო გაემართლებინა მათი ხმარება. მენგენის მიერ გამოყენებული ჰომეროსული ეპითეტი, „ღვთისნიერი“, რუნის წიგნში იქცევა უფერულ და უმნიშვნელო ეპითეტად, რომელსაც შეუძლია დაფაროს სპექტრის ერთ-ერთი ან ყველანაირი ფერი. როგორც სხვაგვარად წერს მენგენი:

„იცნობთ იმ ციხე-სიმაგრეს, ღვინისფერ ზღვაზე რომ გადმოკიდულა“. (ჯოისს მოსწონდა, როცა მენგენი ერთმანეთს ურწყავდა შექსპირულსა და ჰომეროსულ გამოთქმებს; ამას ადასტურებს ის, რომ „ულისეში“ გვხვდება „ღვინისფერი ზღვაც“ და „გადმოკიდებული ციხე-სიმაგრეც“)

აქ ფერი მომდინარეობს გონებიდან და მტკიცედ არის მიმართული იმ ოქროსფერი თაკარას წინააღმდეგ, მომდევნო სტრიქონებში რომ მოსდევს.

მაგრამ ასეთი რამის ძიებას თავი უნდა დავანებოთ, როცა მწერალი პატრიოტიზმს ჩაუგდია ხელში, ეს მწერალი ყველაფერს აუფასურებს, იმის მაგივრად, რომ რაიმე შექმნას ლიტერატურული ხელოვნების მიხედვით. არა უდიდესი ხელოვნებისა, არამედ ბოლოს და ბოლოს ხელოვნებისა, რომელსაც წინ უძღვის გარკვეული ტრადიცია და მწერალს გარკვეულ ფორმებს სთავაზობს. ნაცვლად ამისა, ამ ფურცლებზე ვნახულობთ მომაბეზრებელ ციკლს ლექსებისა, სახოტბო ლექსების - რაც ყველაზე უარესია. როგორც ჩანს, ისინი იწერებოდა კვირიდან კვირამდე მოხსენებებისა და თავყრილობისათვის და ამჟღავნებენ განწირულსა და ქანცგაწყვეტილ ენერგიას. მაგრამ ამ ლექსებს არა აქვს სულიერი და სასიცოცხლო ენერგია, რადგან ისინი მომდინარეობენ იმის ხელიდან, ვისი სულიც მკვდარია, ან ბოლოს და ბოლოს საკუთარ ჯოჯოხეთშია გამომწყვდეული. დაქანცული და უგუნური სული, განთავისუფლებასა და შურისგებაზე რომ საუბრობს, ლანძღავს ტირანებს და ცრემლებითა და წყევლით აღსავსე სატანური შრომით მიისწრაფვის წინ. რელიგია და ყოველივე ეს გაერთიანებულია, რათა ნათლად დაუმტკიცონ ხალხს უდიდესი ცოდვა, უდიდესი ბოროტება; და ამ ლექსებით, თუნდაც მათ შეეძლოთ, როგორც წინასიტყვაობის ავტორს ჰგონია, აღანთონ ირლანდიელი ჭაბუკები იმედითა და მხნეობით, მ-რ რუნი ახალგაზრობას დიდი ბოროტებისაკენ აქეზებს.

და მაინც, მას შეეძლო უკეთ ეწერა, იმ მაღალფარდოვანი სიტყვების გავლენის ქვეშ რომ არ მოქცეულიყო, სიტყვებისა, რომელთაც უბედურება მოაქვთ. („მე მეშინია მაღალფარდოვანი სიტყვებისა, რომელთაც უბედურება მოაქვთ“, თქვა სტივენმა, „ულისე“) წიგნში ერთი სტრიქონიც კი არ არის ისეთი, რომელსაც მშვენიერების თუნდაც უპირველესი თვისება ჰქონდეს, სიწმინდის თვისება, თვისება, რომელიც სრულყოფილია და გამოცალკევებული, მაგრამ არის წიგნში ერთი ადგილი, რაც, მე მგონი, შეგნებული პირადი ცხოვრებიდან უნდა მომდინარეობდეს. ეს გახლავთ დ-რ დუგლას ჰაიდის რამდენიმე ლექსის თარგმანი და ჰქვია „თხოვნა“, და მაინც, არ შემიძლია დავიჯერო, რომ რამე აქ უფრო მეტი იყოს, ვიდრე ორიგინალში. იწყება ასე: „იმ უკანასკნელ შავბნელ საათს, როცა საწოლში ვიწექი, ჩემს ვიწრო საწოლში, ფიჭვისგან გამოთლილ საწოლში, გარშემო მიდგნენ ჩემი მეზობლები და ნათესავები და სიკვდილის ფართო ფრთები იგრძნობოდა დამძიმებულ ჰაერში“.

ლექსში თანდათან მატულობს განწირულება და პოეტი ამას გადმოგცემს როგორც საგულისხმო, ასევე მომდევნო სტრიქონებით. მესამე სტროფი ალბათ სუსტია, მაგრამ მეოთხე სტროფი ისე საოცრად კარგია, რომ შეუძლებელია არ შევაქოთ: „როცა ღამე გასრულდება და ჩემი დღე მიიწურება, და სიკვდილის ფერმკრთალი სიმბოლო ჩემს სახეს გააცივებს, როცა გული და ხელები მეტად ვეღარ აღელდებიან, ო, უფალო და მხსნელო, დამიფარე მე“.

და როცა ეს სტროფი გარშემო განწირულებს შემოიკრებს, გაიხსენებს ღვთაებრივ ცდუნებას და ღვთაებრივ შეწყალებას ლოცვას აღუვლენს. როგორც ჩანს, ეს ლექსი პირადი ცხოვრებიდან უნდა მომდინარეობდეს, თვითვე რომ განსჯის საკუთარ თავს და სიკვდილი და ეს განსჯა ერთად რომ ეწვევა. და, ამგვარად, იმ ადამიანის მედიდურობასთან ერთად, ვისაც ახსოვს თავისი სხეულის ნაწილთა შეცდომები და ცოდვანი თავისი მეტყველებისა, ეს ლექსიც მდუმარებაში შეაბიჯებს.

თარგმნეს პაატა და როსტომ ჩხეიძეებმა