ფრენსის ბეკონი - განათლებისათვის

განათლება ადამიანის გონებიდან განდევნის ველურობას, ბარბაროსობასა და სისასტიკეს; თუმცა კნინი და ზერელე განათლება სრულიად საპირისპირო შედეგის მომტანია.

განათლება დევნის ფუქსავატობას, სიშმაგესა და თავხედობას იმით, რომ გულუხვ რჩევას გვაძლევს დაეჭვებისას და სიძნელეებისას და გონებას შეაძლებინებს აწონ-დაწონოს მიზეზები, არ აჰყვეს პირველივე რჩევას და არ იყოს თავდაჯერებული, არაფერი ირწმუნოს შეუმოწმებლად და განუსჯელად. განათლება აქარწყლებს ფუჭ აღფრთოვანებას, რაც ყოველგვარი სისუსტის წყაროა: რადგან რაიმეთი აღფრთოვანება მაშინ შეიძლება, როცა ის ახალი ან დიადია.

სიახლეს არავინ მიეტანება შესასწავლადა თუ განუსჯელად, თუ არა იგი, ვისაც თავისთვის ჩაუგონებია, არაფერი ვიციო. არც არავინ გაოცდება, ფარდის უკან სანახევროდ მიმალული თოჯინების თამასს ვინც უყურებს, თუ მათი მოძრაობის საიდუმლოში კარგად ერკვევა. რაც შეეხება სიდიადეს, ალექსანდრე მაკედონელს, მას შემდეგ, რაც უზარმაზარი არმიით აზიის ვრცელი პროვინციები დაუპყრია, წერილი მიუღია საბერძნეთიდან, იქ ატეხილი შფოთისა და ბრძოლების თაობაზე, რაც უმთავრესად რომელიღაც გზების, სიმაგრეებისა თუ კედელშემოვლებული ქალაქების გამო მომხდარი, და უთქვამს - ეს ყოველივე ისე წარმომიდგენია, თითქოს ბაყაყებისა და თაგვების ომზე მიყვებოდნენ, ზღაპრებში რომ მომისმენიაო; ასე რომ, თუკი კაცი წარმოიდგენს ბუნების უნივერსალურობას, დედამიწას, დედამიწაზე ადამიანს და სულის ღვთაებრიობას არ ირწმუნებს, სხვას ვერაფერს წარმოიდგენს, გარდა ჭიანჭველების ბორცვისა, სადაც ჭიანჭველები მარცვლებს ან ჭუპრებს დაათრევენ ან უტვირთოდ დაღოღავენ წინ და უკან მტვრის პატარა გროვაში.

განათლება აქარწყლებს ან ასუსტებს სიკვდილისა თუ დუხჭირ ბედის წინაშე ძრწოლას, რაც ყველაზე დიდი დაბრკოლებაა სათნოებისაკენ მიმავალ გზაზე და ადამიანის ქცევას ამახინჯებს. თუ კაცს კარგად ეცოდინება საგანთა წარმავალი და ლპობადი ბუნება, იგი ადვილად დაეთანხმება ეპიქტეტეს, ვინც ერთ დღეს, გზად მიმავალმა, ქალი დაინახა, ქოთანი რომ გასტეხოდა და ტიროდა, მეორე დღეს კი ნახა ქალი, თავის გარდაცვლილ ვაჟს რომ დასტიროდა; და თქვა, გუშინ ვიხილე მყიფე საგანი გატეხილი, დღეს კი - მოკვდავი საგანი, მკვდარი.

სწორედ განათლებით შეატყუპა ვერგილიუსმა ასე ბრწყინვალედ და ღრმად მიზეზთა ცოდნა და ყოველგვარი შიშის დათრგუნვა.

თარგმნეს პაატა და როსტომ ჩხეიძეებმა