აკა მორჩილაძის წიგნის პრეზენტაცია - ასი მილიონი გირვანქა სტერლინგით შორს

12 მარტს, "წიგნის სახლში ბახტრიონზე" გამართულ პრეზენტაციაზე "ასი მილიონი გირვანქა სტერლინგისა" და ავტორის შესახებ დათო ტურაშვილმა ისაუბრა.

აკა მორჩილაძის საავტორო სვეტები 2010, 2011, 2014 წლებში ჟურნალ „ლიბერალში“ იბეჭდებოდა. „ასი მილიონი გირვანქა სტერლინგით შორს“ ლიბერალისა“ და გამომცემლობა „არტანუჯის“ ერთობლივი პროექტია.

„ნამდვილად არ მიფიქრია, რომ ოდესმე ვინმე შეკრებდა და გამოსცემდა ამ „ლიბერალურ“ საფეხბურთო მზესუმზირას. რახან მოხდა და ასე გამოდის, ალბათ ეს წიგნაკი არაფერს დააშავებს და მზესუმზირადაც ივარგებს, სახალისოდაც და ახლო წარსულის სურათებსაც გაახსენებს მის გადამფურცლავ ფეხბურთის მოყვარე ხალხს“ - აკა მორჩილაძე

„ბედნიერებაა, როდესაც ქართველი მწერალი ხარ და ასე გიყვარს ფეხბურთი. კიდევ უფრო დიდი ბედნიერებაა, როდესაც ქართველი მკითხველი ხარ, რომელსაც ხელში ასეთი წიგნი შეგიძლია აიღო და დატკბე იმით, რომ მარადონამ სიზმარი ნახა, რომ "აჰმედს ინგლისის არ სჯერა", რომ „ვუვუზელა“ ისევ იქაა, „ვედრების დრო“ რომ დადგა და იმითაც, რომ სოკრატე ბუნდოვნად, მაგრამ სოკრატესი ცხადად გახსოვს“ - ლევან ბერძენიშვილი