Monday, March 2, 2015

არტურ შნიცლერი - ვაჟიშვილი

შუაღამეა, მე კი ჯერ ისევ საწერ მაგიდას ვუზივარ. არ მასვენებს იმ უბედურ ქალზე ფიქრი... ვიხსენებ ბნელ ოთახს ძველმოდური სურათებით; საწოლს მეწამული გადასაფარებლით, რომელზეც იგი დაეწვინათ, მის ფერწასულ სახესა და სანახევროდ დახუჭულ თვალებს. მოღუშული, წვიმიანი დილა იდგა. ოთახის მეორე კუთხეში კი, სკამზე, ფეხისფეხგადადებული, ჯიუტი გამომეტყველებით, ის იჯდა, მისი წყეული ვაჟიშვილი, დედაზე ნაჯახი რომ აღმართა...

დიახ, ასეთი ადამიანებიც არსებობენ და ყველა მათგანს გიჟსაც ვერ დაარქმევს კაცი. დავაკვირდი ამ ჯიუტს სახეს, ვცადე რაიმე ამომეკითხა მასზე. ბოროტი, გაფითრეუბლი პირისახე, არცთუ უშნო, არცთუ უაზრო. სისხლგამოცლილი ტუჩები, ჩაშავებული თვალები, პერანგის დაჭმუჭნულ საყელში ჩამალული ნიკაპი, თხელი ყელსახვევი, რომლის ერთ ბოლოს იგი გამხდარი თითებით აწვალებდა. - ასე ელოდა პოლიციას, რომელსაც უნდა წაეყვანა. ამასობაში კი კაცი, ვისაც მისი ყარაულობა დაევალა, გარეთ, კარს უკან იდგა. უბედურ დედას საფეთქელზე ჭრილობა გადავუხვიე; საბრალო უგონოდ იწვა. მერე ავადმყოფი მეზობლის ქალს გადავაბარე, რომელმაც მასთან დარჩენა ითავა. კიბეზე შემომხვდნენ ჟანდარმები, დედის მკვლელის წასაყვანად რომ მოსულიყვნენ. ქალაქის გარეუბანში მდებარე ამ სახლის ბინადარნი ძლიერ აღელვებულნი ჩანდნენ; ისინი ჯგუფ-ჯგუფად იდგნენ სადარბაზოს კართან და ამ სამწუხარო ამბავზე მსჯელობდნენ. ზოგიერთებმა მეც მკითხეს, ზემოთ როგორ არის საქმე და დაჭრილის გადარჩენის რაიმე იმედი თუ რჩებაო. გადაჭრით ვერაფერი ვუპასუხე.

ერთმა ჩემმა ნაცნობმა, არცთუ მთლად ახალგაზრდა ქალმა, იმ პატარა მოხელის ცოლმა, უწინ დროდადრო რომ ვმკურნალობდი ხოლმე, სხვებზე მეტი ხნით გამაჩერა. ქალი კიბის მოაჯირს ჩამოყრდნობოდა და სრულიად განადგურებული ჩანდა. "ეს ყველაფერი გაცილებით უფრო საზარელია, ვიდრე თქვენ გგონიათ, ბატონო ექიმო!" თავის ქნევით მომმართა მან. "უფრო საზარელი?" ვკითხე მე. - "დიახ, ბატონო ექიმო! რომ იცოდეთ, როგორ აღმერთებდა თავის შვილს!" - "აღმერთებდა?" - "დიახ, ანებივრებდა, ხელის გულზე ატარებდა", - "იმ არამზადას?! კი მაგრამ, რატომ?" - "მართლაც რატომ!.., იცით, ბატონო ექიმო, ბიჭი ბავშვობიდანვე უზნეო იყო. მაგრამ დედამისი ყველაფრის ნებას აძლევდა.., ყოველგვარ უმსგავსობას პატიებდა... მეზობლები ხშირად ვაფრთხილებდით. ეგ უსაქმური ჯერ სულ პატარა იყო, სასმელს რომ მიეძალა, მერე კი, როცა წამოიზარდა... აი, მაშინ დაიწყო ეს ამბები!"
- "რა ამბები?" - "ერთხანს ვითომ საქმესაც მოჰკიდა ხელი, მაგრამ მალე სამსახურის დატოვება მოუხდა!" - "მოუხდა?" - "დიახ, რა აღარ იკადრა! თავისი უფროსიც კი გაქურდა... ფულის დაბრუნება დედას მოუწია. ამ საბრალო ქალს, ისედაც ძლივს რომ ირჩენდა თავს!"

"სადმე თუ მუშაობდა?"

"კერავდა და ქსოვდა; მეტად მწირი შემოსავალი ჰქონდა, ბიჭი კი, დახმარების მაგივრად, იმ ოფლით მოპოვებულ მცირედ თანხასაც ართმევდა და დუქნებში, თუ ღმერთმა იცის კიდევ სად, ხარჯავდა. თუმცა ესეც არ აკმარა. დანა-ჩანგალი, ჭურჭელი, ორი თუ სამი სურათი, კედლის საათი, თითქმის ყველაფერი, რაც დალურსმული არ იყო, ლომბარდში დააგირავა..!"

"დედა კი ამას ითმენდა?"

"ითმენდაო?! - კიდევ უფრო მეტად უყვარდა შვილი! მეზობლებს გვიკვირდა კიდეც... მერე იმან ფულიც მოინდომა... დედამ ყველაფერი მისცა, რაც კი ებადა... დაემუქრა, გინდა თუ არა, ფული მომეციო!"

"საიდან იცით ეს ყველაფერი?"

"ერთ სახლში ვცხოვრობთ, ერთმანეთის ამბავს ვგულისხმობთ. მისი ღრიალი მთელ სადარბაზოში ისმოდა ხოლმე, ხოლო თუ ღამით ან კიდევ დღისითაც ნასვამი დაბრუნდებოდა შინ, კართანვე მოჰყვებოდა ყვირილს და ლანძრვა-გინებას. საბრალო ქალი სულ ვალებში იყო ჩაფლული: პური რომ პურია, ზოგჯერ ისიც არ ჰქონდა შინ... დროდადრო მეზობლები ვუმართავდით ხელს, თუმცა არც ჩვენა ვართ მდიდრები. მდგომარეობა სულ უფრო უარესდებოდა. ქალი თითქოს სიყვარულმა დააბრმავაო. ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ ცელქი ჭაბუკის ოინებად მიიჩნევდა; ზოგჯერ, როცა მისი შვილი ღამით ბრახაბრუხით ადიოდა კიბეზე, ჩვენთანაც მოიბოდიშებდა ხოლმე. აი, ასეთი შვილი ჰყავდა ამ ქალს, ბატონო ექიმო. - მაგრამ საქმე აქამდე თუ მივიდოდა..." და საზარელი ამბის მოყოლა დაიწყო: "დღესაც მხოლოდ გამთენიისას დაბრუნდა შინ; გავიგონე, ჩვენი ბინის შესასვლელთან როგორ წამოჰკრა ფეხი კიბის საფეხურს, თან ჩახლეჩილი ხმით რაღაცას ღიღინებდა. ჰოდა, ზემოთ, ეტყობა, ისევ ფული მოითხოვა. კარი არ დაუკეტავს - წარმოიდგინეთ, მისი გამძვინვარებული ხმა მეოთხე სართულიდან ჩვენამდე აღწევდა, მეორე სართულამდე. მერე კი უცებ კივილი მოგვესმა. შემდეგ კიდევ ერთხელ. ხალხი ზემოთ აცვივდა და იქ ეს სურათი დახვდა. ის თურმე იდგა გახევებული და მხრებს იჩეჩდა...!"

წასვლა დავაპირე. უკნიდან მძიმე ნაბიჯების ხმა შემომესმა. დედის მკვლელი მოჰყავდათ. კიბის ბაქნებზე კაცები, ქალები და ბავშვები შეგროვილიყვნენ, მკვლელს თვალს არ აცილებდნენ; ერთი სიტყვაც არავის დასცდენია. დერეფნიდან გასასვლელისკენ გავუხვიე, კიბე ჩავიარე, სახლიდან გავედი და უსიხარულო ფიქრებით დამძიმებული ჩემს ყოველდღიურ საქმეს შევუდექი. შუადღე ახალი გადასული იყო, როცა იმ დაწყევლილ სახლში დავბრუნდი; დაშავებული იმავე მდგომარეობაში დამხვდა, როგორც დავტოვე, გონწასული, მძიმედ სუნთქავდა. მომვლელმა ქალმა მიამბო, თქვენ არყოფნაში სასამართლო კომისია მოვიდა და მომხდარის გამო ოქმიც შეადგინაო. ოთახში ისე ბნელოდა, რომ სანთელი ავანთებინე და საწოლის თავთან პატარა მაგიდაზე დავადგმევინე... ო, რა უსასრულო ტანჯვა იყო გამოხატული ამ მომაკვდავ სახეზე... ავადმყოფს შეკითხვა დავუსვი. მას მოუსვენრობა დაეტყო, დაიკვნესა და თვალიც ოდნავ გაახილა. ლაპარაკის თავი არ ჰქონდა. დავარიგე, რა უნდა ექნა და იქაურობას გავშორდი... საღამოს, ავადმყოფთან რომ ავედი, მომეჩვენა, თითქოს საბრალო ქალი ცოტა მომჯობინებულიყო. როცა ვკითხე, თავს როგორ გრძნობთ-მეთქი, მიპასუხა კიდეც: "უკეთ..." და გაღიმება სცადა. თუმცა უმალ ისევ დაკარგა გონება.

დილის  ექვსი საათია!

შუაღამისას - ის იყო ჩემს დღიურში ბოლო სტრიქონი ჩავწერე - კარზე დაჟინებული რეკვა გაისმა... ფრაუ მარტი ებერლაინი - ასე ერქვა მძიმედ დაჭრილს - ჩემთან შეხვედრას ითხოვდა. ამის სათქმელად მეზობლის ბიჭი გამომიგზავნეს; ახლავე უნდა წამობრძანდეთო, ახლავე, ახლავე... ალბათ სიცხემ თუ აუწია, ან იქნებ აღასასრულიც მოახლოვდა... ბიჭმა არაფერი იცოდა; გარდა იმისა, რომ დრო არ ითმენდა.

ბიჭს ფეხდაფეხ გავყევი და ქირურგიული ჩანთით ხელში სასწრაფოდ ავირბინე სახლის კიბე. ბიჭი ქვემოთ დარჩა, ხელში წვრილი სანთელი ეჭირა, რათა ჩემთვის  გზა გაენათებინა. ბოლო საფეხურები უკვე ღრმა სიბნელეში ჩამალულიყო, მხოლოდ  გზის დასაწყისში მიმიძღვებოდა მქრქალი მციმციმე შუქი, მაგრამ ავადმყოფის ბინის ნახევრად გამოღებული კარიდან სინათლის სხივი შემომეგება. ბინაში შევედი და წინკარის გავლით, რომელსაც, ეტყობა, სამზარეულოდაც ხმარობდნენ. სასტუმრო ოთაში აღმოვჩნდი. მომვლელი ქალი ჩემი ნაბიჯების გაგონებაზე წამომდგარიყო და ჩემ შესახვედრად წამოსულიყო. "რა მოხდა?" ჩურჩულით ვკითხე... "თქვენთან ლაპარაკი სურს, ბატონო ექიმო!", მიპასუხა.

უკვე საწოლთან ვიდექი; ავადმყოფი გაუნძრევლად იწვა; თვალები ფართოდ გაეღო; მზერა მე მომაპყრო. მერე ჩუმად წარმოთქვა: "გმადლობთ, ბატონო ექიმო - გმადლობთ!" ხელი მოვკიდე; მაჯისცემა ცუდი არ ჰქონდა, სალაპარაკოდ მხიარული კილო ავირჩიე. რომელიც ექიმებს, მოგეხსენებათ, მუდამ ენის წევრზე უნდა გვქონდეს მაშინაც კი, როცა სულაც არა ვართ საამისო გუნებაზე. "მაშ, როგორც ვხედავ, უკეთ გრძნობთ თავს, ფრაუ ებერლაინ, მეტად მოხარული ვარ!"

მან გამიღიმა. "დიახ, უკეთ - და თქვენთან სალაპარაკო მაქვს..."

"მართლა?" ვკითხე მე - "ყურადღებით გისმენთ!"

"მხოლოდ თქვენთან!"

"ცოტა ხანს დაისვენეთ!" მივუბრუნდი მომვლელ ქალს.

"გარეთ!" დასძინა ავადმყოფმა.

მომვლელმა კიდევ ერთხელ შემომხედა, თითქოს სურდა რაღაც ეკითხა, რის შემდეგაც ოთახიდან გავიდა და კარი ფრთხილად გაიხურა. ავადმყოფთან მარტო დავრჩი.

"გთხოვ!" თქვა მან და თვალებით მიმითითა სკამზე, რომელიც ფეხებთან ედგა. მე დავჯექი, ქალისთვის ხელი არ გამიშვია და სკამი უფრო ახლოს მივწიე, რათა უკეთ გამეგო მისი საუბარი.

საკმაოდ ხმადაბლა ლაპარაკობდა. "ბატონო ექიმო", დაიწყო მან, "ასე მოურიდებლად იმიტომ დაგიბარეთ, რომ აუცილებლად უნდა გელპარაკოთ!"

"ბრძანეთ, ჩემო ძვირფასო!" ვთქვი მე... "ოღონდაც თავს მეტისმეტად ნუ დაატანთ ძალას!"

"ო, არა... მხოლოდ რამდენიმე სიტყვას გეტყვით... თქვენ ის უნდა დაიგენახათ ბატონო ექიმო!"

"ვინ?"

"ჩემი შვილი!"

"ჩემო ძვირფასო ფრაუ ებერლაინ", მივუგე აღელვებულმა... "თქვენ ხომ მშვენივრად მოგეხსენებათ, რომ ეს ჩემს ძალას აღემატება!"

"ო, თქვენ ეს შეგიძლიათ, თუ ქვეყანაზე სამართალი არსებობს..."

"ძალიან გთხოვთ, ნუ აღელდებით... მე შესანიშნავად ვგრძნობ, რომ თქვენს მეგობრად მიგულეთ და მადლობასაც გიძღვნით ამისთვის; მაგრამ მე ხომ თქვენი ექიმიც ვარ და უფლება მაქვს, ცოტა რამ გიბრზანოთ კიდეც. ასე არ არის? - გთხოვთ, დამშვიდდეთ! ახლა მთავარია სიმშვიდე!"

"სიმშვიდე...", გაიმეორა მან, ტკივილმა თვალებსა და პირთან ნაკვთები აუთრთოლა... "ბატონო ექიმო - კარგად უნდა მომისმინოთ... თორემ აუტანელ ტვირთად მაწევს სათქმელი!"

ჩემს მდუმარე სახეზე ქალმა ეტყობა, თანხმობა ამოიკითხა, ხელი მაგრად მომიჭირა და დაიწყო:

"ის არ არის დამნაშავე - ან უკეთ, ნაკლებად დამნაშავეა, ვიდრე ხალხს შეიძლება ეგონოს. მე ცუდი, საზიზღარი დედა ვიყავი..."

"თქვენ?"

"დიახ, მე... მე ბოროტმოქმედი ვიყავი!"

"ფრაუ ებერლაინ!"

"ახლავე ყველაფერს აგიხსნით... მე ფრაუ ებერლაინი არა ვარ.., მე გახლავარტ ფროილაინ მარტა ებერლაინი... ხალხს ქვრივი ვგონივარ... არა, ვინმეს მოტყუება არასოდეს მიცდია, მაგრამ ყველასთვის ხომ არ შემეძლო ჩემი თავგადასავალი მეამბნა..."

"კეთილი.., მაგრამ განა შეიძლება ეს ყოველივე დღესაც ასე მწარედ გტანჯავდეთ?"

"ო, ეგ არა! უკვე ოცი წელია, რაც მიმატოვეს.., ჯერ კიდევ მანამ, ვიდრე ჩემი შვილი დაიბადებოდა, ჩემი და მისი შვილი, და მაშინ... მხოლოდ უბრალო შემთხვევის ბრალია, რომ დღეს ის ცოცხალია, ბატონო ექიმო, რადგან.., მე მისი მოკვლა მსურდა პირველ ღამეს!... გიკვირთ?... სრულიად მარტო დავრჩი, უიმედო და სასოწარკვეთილი... თუმცა, რად მინდა თავის მართლება... ავიღე საბნები და სხვა თეთრეული და ჩვილს დავაყარე, ვიფიქრე, გაიგუდება-მეთქი... მერე, დილაადრიან, თეთრეული ძრწოლით გადავხადე..., და ბავშვი საწყლად კვნესოდა! დიახ, კვნესოდა, - და სუნთქვადა - ცოცხალი იყო!" იგი ატირდა, საბრალო ქალი, მე ენა წამერთვა, მან კი მცირე ხნის დუმილის შემდეგ განაგრძო:

"ბავშვი თავისი დიდრონი თვალებით მომაცქერდა, თან გაუთავებლად კვნესოდა! ხოლო მე ამ პატარა არსების წინაშე, ერთი დღეც რომ არ შესრულებოდა, შიშის ჟრუანტელმა დამიარა ტანში... ნათლად მახსოვს, ალბათ მთელი საათი ვიდექი ასე, მივშტერებოდი და ვფიქრობდი: რა საყვედურით გიცქერს! იქნებ მიგიხვდა კიდეც, რასაც უპირებდი და ახლა ამისთვის გსაყვედურობს, იქნებ უკვე მეხსიერებაც აქვს და მაშინ არასოდეს, აღარასოდეს გაპატიებს... ეს პატარა არსება თანდათან იზრდებოდა - და მის დიდრონ ბავშვურ თვალებსი მე სულ ერთსა და იმავე საყვედურს ვხედავდი, როცა პაწაწინა ხელებს სახეზე მომითათუნებდა, ვფიქრობდი: დიახ, შენი დაკაწვრა სურს, ცდილობს შური იძიოს, რადგან კარგად ახსოვს თავისი ცხოვრების პირველი ღამე, როცა შენ იგი საბნების ქვეშ ჩამარხე..! - მერე ბავშვმა ტიტინი დაიწყო, დაიწყო ლაპარაკიც. მე კი იმ დღისა მეშინოდა, როცა მართლაც ისწავლიდა ლაპარაკს, მაგრამ ეს როგორღაც თანდათანობით მოხდა - ნელა და თანდათანობით.

- სულ ერთის მოლოდინში ვიყავი - პირს გააღებდა თუ არა, ველოდი: აი, ახლა მეტყვის ყველაფერს-მეთქი. ჰო, ჰო, მეტყვის, რომ არაფერში ტყუვდება, რომ ვერავითარი კოცნა, ვერავითარი ალერსი. ვერავითარი სიყვარული ვეღარ მაქცევს ჭეშმარიტ დედად. იგი მიშორებდა, არ მაკოცნინებდა, ჭირვეულობდა, არ ვუყვარდი... ხოლო მე არ ვუშლიდი ხუთი წლის ბავშვს ჩემთვის ეცემა. დრო რომ გავიდა და წამოიზარდა, მერეც ვაძლევდი ამის უფლებას და თან ღიმილს არ ვიშორებდი სახიდან... ერთიანად შემიპყრო გიჟურმა სურვილმა, დანაშაული ჩამომერეცხა, მაგრამ ამავე დროს მშვენივრად მესმოდა, რომ ეს შეუძლებელი იყო! განა ოდესმე შევძლებდი ბრალის გამოსყიდვას?... და როცა კი იგი შემომხედავდა, თვალებში მუდამ იგივე საზარელი გამომეტყველება ეხატებოდა...! ხოლო რომ წამოიზარდა და სკოლაშიც წავიდა, ჩემთვის საბოლოოდ ნათელი შეიქნა, მას ჩემი საიდუმლოს განჭვრეტა შეეძლო... დანაშაულის გრძნობით აღსავსე, მზად ვიყავი ყველაფერი მიმეტევებინა მისთვის... ეჰ, თანაც დამჯერი ბავშვი როდი იყო..., მაგრამ ვერაფერზე ვუჯავრდებოდი! ვუჯავრდებოდიო?! ო, მე ის მიყვარდა, გაგიჟებით მიყვარდა... და წამდაუწუმ ვუჩოქებდი, ვუკოცნიდი ხელებს - მუხლებს! - ტერფებს! - მაინც არ მაპატაია.  - მის თვალებში ერთხელაც არ შემინიშნავს სიყვარული, მის სახეზე ერთხელაც არ დამინახავს თბილი ღიმილი...! იგი ათი წლის გახდა, მერე თორმეტის; მე მას ვძულდი! - სკოლაში ცუდად იქცეოდა... ერთხელაც, შინ დაბრუნებულმა, ჯიუტად განაცხადა: სკოლაში აღარ წავალ, ჩემი მისვლა იქ არავის უნდაო... რა შემაძრწუნებელი ვიყავი მაშინ! მინდოდა რაიმე ხელობა მესწავლებინა შვილისთვის - ვთხოვდი, ვემუდარებოდი - არაფერმა გაჭრა - მუშაობის გაგონებაც არ სურდა. უსაქმოდ დაეხეტებოდა... რა შემეძლო მისთვის მეთქვა - რა უნდა მესაყვედურა? ... მისი ერთი შემოხედვა კმაროდა მთელი ჩემი სითამამის გასაქრობად... შიშის ზარს მცემდა იმ დღეზე გაფიქრება, როცა პირში მომახლიდა: დედა, დედა! შენ ჩემზე ყველა უფლება დაკარგული გაქვსო! - მაგრამ ამას არა და არ მეუბნებოდა... ზოგჯერ, შინ მთვრალი რომ დაბრუნებულა, მიფიქრია: ზარხოში ახლა მაინც ამოადგმევინებს ენას-მეთქი... მაგრამ არა... ზოგჯერ იატაკზე დავარდებოდა და შუადღემდე ასე იწვა. მერე კი, როცა გაიღვიძებდა და მის გვერდით მჯდომს დამინახავდა, დამცინავად შემომხედავდა..., ტუჩებზე მრავალმნიშვნელოვანი ღიმილი ეხატა, თითქოს სურდა ეთქვა: ვიცი, ყველაფერი ვიციო! მუდამ ფული სჭირდებოდა, ბევრი ფული, ეს ფული კი მე უნდა მეშოვნა... მაგრამ საქმე ყოველთვის ისე ხომ ვერ აეწყობოდა, როგორც მას სურდა. აი, მაშინ კი განრისხდებოდა, გამხეცდებოდა - ხშირად ჩემს ცემასაც არ ერიდებოდა... ხოლო როცა დაღლილ-დაქანცული საწოლში მივესვენებოდი, მოვიდოდა და ისევ იმ დამცინავ სიცილს მომახლიდა სახეში, თითქოს მეუბნებოდა: არა, არ მოგკლავ, ამ სიკეთეს ვერ გაჩუქებ! ...დღეს დილით, როგორც იქნა - ლანძღვა-გინებით ამოვარდა ზემოთ  - ფული, ფულიო! - ღმერთო ჩემო, ფული სულ არ მქონდა! როგორ თუ არ გაქვს? - სევევედრე, მომავალ კვირამდე მაცადე-მეთქი, ან თუნდაც ხვალამდე, ან დღეს საღამომდე! არა! - ახლავე უნდა მომცე ფულიო - სადღაც გენქება გადამალულიო - ღრიალებდა და თან ეძებდა, კარადის უჯრებს ამტვრევდა, საწოლი სულ გადააქოთა... და ილანძღებოდა... მერე კი... მერე კი..."

ქალმა თხრობა შეწყვიტა... წამიერი დუმილის შემდეგ თქვა, "განა არ ჰქონდა ამის უფლება?"

"არა!" ვუპასუხე მე... "არა, ფრაუ ებერლაინ! თქვენ კარგა ხანია გამოისყიდეთ დანაშაული. თქვენი უდიდესი სიკეთის წყალობით დიდი ხანია გამოიხსენით ცოდვა წამიერი აბნეულობის გამო, როცა თვალთ დაგიბნელდათ და სიგიჟისა თუ ეშმაკის ტყვეობაში მოექეცით!"

"არა, ბატონო ექიმო!" მომიგო მან - "ეს არ იყო სიგიჟე! მკაფიოდ მახსოვს ის ღამე..., გაგიჟების არაფერი მეტყობოდა, მე ვიცოდი, რაც მსურდა!... სწორედ ამიტომ, ბატონო ექიმო, წადით სასამართლოში და ყველას უამბეთ, რაც აქ ჩემგან მოისმინეთ; მას გაათავისუფლებენ, მოვალენი არიან გაათავისუფლონ...!"

ვიგრძენი, რომ ვერაფერს  გავაწყობდი. "მოდით" - მივმართე ქალს - "ამაზე ხვალ ვისაუბროთ, ფრაუ ებერლაინ - დღეს თქვენ სიმშვიდე გესაჭიროებათ... უკვე ისედაც საკმაოდ გადაიღალეთ...!"

მან თავი გააქნია.

"ბატონო ექიმო! მომაკვდავის ნება წმიდათაწმიდაა... თქვენ პირობა უნდა მომცეთ!"

"თქვენ არ მოკვდებით - მხოლოდ ახლა დაისვენებთ".

"მე მოვკვდები - იმიტომ, რომ ასე მსურს... მაშ, წახვალთ სასამართლოში...?"

"პირველ ყოვლისა, დამემორჩილეთ და გაიხსენეთ, რომ თქვენი ექიმი ვარ! გიბრძანებთ, ხმა აღარ ამოიღოთ და დამშვიდდეთ".

ამ სიტყვებით ფეხზე წამოვდექი და მომვლელ ქალს ვუხმე. მაგრამ როცა ფრაუ ებერლაინს დასამშვიდობებლად ხელი გავუწოდე, მაგრად ჩამავლო და აღარ გამიშვა - მის თვალებში შეკითხვა ენთო.

"დიახ!" მხოლოდ ეს ვთქვი.

"გმადლობთ! მიპასუხა მან. მერე მომვლელ ქალს საჭირო მითითებანი მივეცი და იმ განზრახვით წავედი, რომ ხვალ, გათენდებოდა თუ არა, ისევ დავბრუნდებოდი...

დილით ავადმყოფი ცნობამიხდილი დამხვდა; შუადისას კი გარდაიცვალა... მისი საიდუმლო ჯერ კიდევ ჩემთან, ამ ფურცლებშია ჩამარხული, ჩემი გადასაწყვეტია, შევასრულებ თუ არა მის უკანასკნელ სურვილს. წავალ თუ არ წავალ სასამართლოში - ეს სულ ერთია საბრალო დედის წყეული შვილისთვის! დედამიწის ზურგზე არ მოიძებნება მოსამართლე, რომელიც დედის მცდარ მოქმედებას ბრალის შესამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნევს შვილის უმძიმესი დანაშულისთვის, მკვლელობისთვის. ამ უბედური დედის ცოდვისთვის საკმარისზე მეტი მონანიება იყო ის მცდარი ფიქრი, თითქოს შვილის თვალებში იგი ხედავდა უსასრულო საყვედურს, მუდმივ შეხსენებას იმ საზარელი ღამისა.

თუმცა, ვინ იცის, იქნებ ასეთი რამ შესაძლებელიც არის? იქნებ ჩვენში აღიბეჭდება კიდეც ჩვენი არსეობბის თუნდაც პირველი საატების ბინდიანი მოგონებანი. რომელთაც ვეღარ ვაცნობიერებთ, მაგრამ რომელნიც არ ქრებიან უკვალოდ? - იქნებ ფანჯრიდან შემოწრილი მზის სხივია კეთილი ზნის უპირველესი მიზეზი? - და როცა დედის პირველი მზერა უსასრულო სიყვარულით დაგვათბობს, განა იგი ტკბილად და სამუდამოდ არ აირეკლება ბავშვის ლურჯ თვალებში? - ხოლო თუკი ეს პირველი მზერა სასოწარკვეთილებისა და სიძულვილის მზერაა, მაშინ იგი იქნებ ყოვლისდამანგრეველი ძალით შანთავს ბავშვის სულს, სულს, რომელიც ათას მოვლენასა თუ საგანს ჯერ კიდევ მაშინ გრძნობს და აღიქვამს, როცა არ ძალუძს შეიმეცნოს ისინი? და რა უნდა მომხდარიყო იმ ბავშვის გრძნობათა სამყაროში, ვისი სიცოცხლის პირველმა ღამემ სიკვდილის საზარელ, გაუცნობიერებელ შიშში ჩაიარა? ჯერ არც ერთ ადამიანს არ მისცემია შეძლება იმისა, რომ თავისი ცხოვრების პირველ ისაათი აღეწერა - და ვერც ერთი თქვენგანი - ასე შემიძლია ვუთხრა მოსამართლეებს - ვერ დაიჩემებს ცოდნას იმისა, საკუთარ თავში ჩაბუდებული სიკეთიდან თუ ბოროტებიდან რას უნდა უმადლოდეს ნიავის პირველ მსუბუქ შეხებას, რას მზის პირველ სხივს და რას - დედის პირველ მზერას! - მე წავალ სასამართლოში; ახლა მტკიცედ გადავწყვიტე ეს, რადგან ჩემი აზრით, ჯერ კიდევ გამოსარკვევია, ცხოვრებაში რამდენი რამ არის დამოკიდებული ჩვენს პირად არჩევანზე, ხოლო რამდენი რამ იძულებული ვხდებით ავირჩიოთ.

თარგმნა დავით კაკაბაძემ