პლატონი - თეაგე

დემოდოკე, სოკრატე, თეაგე

დემოდოკე: მე მინდოდა, სოკრატე, თუ გცალია, ცალკე მოგლაპარაკებოდი; ხოლო თუ არ გცალია, გთხოვ, როგორმე მოიცალო ჩემი გულისთვის, თუკი რაღაც გადაუდებელი საქმე არა გაქვს.

სოკრატე: მაგრამ მე ისედაც მოცლილი ვარ, შენთვის კი - მით უმეტეს; მაშ, მითხარი, მაინც რა გაქვს ჩემთვის სათქმელი?

დემოდოკე: ცოტა იქით ხომ არ მივდგეთ, ზევს ელევთერიოსის ბჭესთან?

სოკრატე: როგორც გენებოს.

დემოდოკე: მაშ, წავიდეთ. მე მგონია, სოკრატე, ყველა ქმნილება, მიწის ნაყოფი იქნება ეს, ცხოველი თუ სხვა რამ, ან კიდევ თვით ადამიანი, ერთმანეთსა ჰგავს, კერძოდ, რაც შეეხება მცენარეს, ჩვენთვის - მიწის მუშაკთათვის ადვილია წინასწარ მოვამზადოთ ყველაფერი მის დასარგავად, და არც თვით დარგვაა ძნელი, მაგრამ როცა ნერგი ძალას მოიცემს და ზრდას იწყებს, სწორედ მაშინ იწყება ჩვენი წვალებაც, იმდენი ზრუნვა და მოვლა-პატრონობა სჭირდება მას. როგორც ჩანს, იგივე ითქმის ადამიანთა მიმართ. ჩემი საკუთარი გამოცდილების მიხედვით ვმსჯელობ სხვებზედაც. აი, ეს ჩემი შვილი: მისი ჩარგვა თუ ჩასახვა, რა სახელიც უნდა ვუწოდოთ ამას, ყველაზე ადვილი გახლდათ, მაგრამ მისი აღზრდა კი მართლაც თავსამტვრევი შემექნმა: ერთთავად შიშსა და კანკალში ვარ. სხვაზე რომ არაფერი ვთქვა, მისი ახლანდელი ახირება თავზარსა მცემს: არა იმიტომ, თითქოს საძრახისი რამ იყოს, მაგრამ სახიფათო კია. ამ ვაჟბატონს დაუჩემებია, სოკრატე, გინდა თუ არა, ბრძენი უნდა გავხდეო. როგორც ჩანს, მისი თანატოლები და მეზობლები, ქალაქში რომ ჩამოდიან, იქ მოსმენილი სიტყვებით ულაყებენ თავს. სწორედ მათდამი შურის გამო რახანია თავს მაბეზრებს, დროა ჩემზე იზრუნო და ფული მისცე ერთ სოფისტთაგანს, რომელიც ბრძნად მაქცევსო. ფული ყველაზე ნაკლებ მადარდებს, მაგრამ ის კი მაფიქრებს, რომ დიდ განსაცდელში იგდებს თავს. აქამდე ასე თუ ისე კიდევ ვაკავებდი დარიგებით, ახლა კი თავს ზევით ძალა აღარა მაქვს და ვფიქრობ უმჯობესია ნებას დავყვე, რათა უჩემოდ ვიღაც ოხერს არ გადაეყაროს და სულ მთლად ხელიდან არ წავიდეს. დღეს სწორედ იმიტომ ჩამოვედი, რომ ერთ-ერთ მათგანს მივაბარო, ვისაც სოფისტებს ეძახიან. რა კარგ ფეხზე შეგხვდი: ამ საქმეში ვის ვნახავ შენზე უკეთეს მრჩეველს? მე ჩემი გითხარი და, თუ შეგიძლია, მირჩიე რამე; თუმცა, რა თქმა უნდა, შეგიძლია და ვერც მეტყვი უარს.

სოკრატე: ხომ  გაგიგონია, დემოდოკე, რჩევა წმინდა საქმეაო; და თუ ყველა სხვა შემთხვევაში წმინდაა, მით უმეტეს - იმ საქმეში, რაშიაც ახლა მთხოვ რჩევას. რადგან ყველაზე ღვთაებრივი, რაზედაც კაცმა შეიძლება იფიქროს, თავისი თავისა და თავისი ოჯახის წევრების აღზრდაა. მაგრამ თავდაპირველად შევთანხმდეთ, მაინც რა არის ის, რაზედაც ვმსჯელობთ, რათა ისე არ გამოვიდეს, რომ მე ერთს ვგულისხმობ, შენ კი - მეორეს, და, ამრიგად, საუბრის დამლევსღა ვიგრძნოთ, რაოდენ სასაცილონი ვართ, მეც - მრჩეველი და შენც - რჩევის მთხოვნელი, რაკირა თურმე სულ სხვადასხვა რამეს ვგულისხმობთ.

დემოდოკე: ჩემის აზრით, მართალს ამბობ, სოკრატე; სწორედ ასე უნდა მოვიქცეთ.

სოკრატე: მართალს კი ვამბობ, მაგრამ არცთუ მთლად მართალს; ამიტომ ცოტა სხვაგვარად ვიტყვი. ასეთი აზრი მომივიდა თავში: იქნებ, აი, ამ ყმაწვილს ის კი არ სურს, რაც ჩვენ გვგონია, არამედ სულ სხვა რამ; ჰოდა, მით უფრო სასაცილონი ვიქნებით, თუკი რაღაცა სხვაზე ვისმჯელებთ. ამიტომ, ჩემის აზრით, უფრო მართებული იქნება სწორედ მისგან დავიწყოთ და გამოვკითხოთ, მაინც რა სურს.

დემოდოკე: იქნებ მართლა ისე სჯობდეს, როგორც შენ ამბობ.

სოკრატე: მაშ, მითხარი, რა ჰქვია ამ ყმაწვილს? როგორ მივმართო?

დემოდოკე: თეაგე ჰქვია, სოკრატე.

სოკრატე: მართლაც რომ მშვენიერი და საღმრთო სახელი დაგირქმევია შენი ვაჟისთვის, დემიკოდე. მითხარი, თეაგე, მაშ, შენ ამბობ, რომ ბრძენი გინდა გახდე და მამაშენს სთხოვე, იმნაირ კაცს მიგაბაროს, რომელიც ბრძენად გაქცევს?

თეაგე: დიახ.

სოკრატე: კი მაგრამ, ვის უწოდებ ბრძენს, - ვისაც რამე გაეგება თუ ვისაც არა გაეგება რა?

თეაგე: ვისაც რამე გაეგება.

სოკრატე: მერედა, განა მამაშენმა არ გასწავლა ყოველივე ის, რასაც სწავლობენ კეთილშობილთა შვილები: გრამატიკა, კითარაზე დაკვრა, ჭიდაობა და ორთაბრძოლის ზოგიერთი სხვა სახეობა?

თეაგე: მასწავლა.

სოკრატე: მაშასადამე, შენ ფიქრობ, რომ რაღაცის ცოდნა გაკლია და მამაშენი მოვალეა ამ მხრივაც იზრუნოს შენზე?

თეაგე: დიახ.

სოკრატე: მაინც რა ცოდნაა ასეთი? ჩვენც გვითხარი, რათა სურვილი შეგისრულოთ.

თეაგე: მამაჩემმა მშვენივრად იცის, სოკრატე, რადგანაც არაერთხელ მითქვამს მისთვის; მაგრამ განზრახ გეუბნება, თითქოს არ იცის, რაც მინდა. ამიტომაც ასე თავგამოდებით მედავება და არასდიდებით არ სურს ვინმეს მიმაბაროს.

სოკრატე: მაგრამ რაც მას ადრე უთხარი, ასე ვთქვათ, მოწმეების გარეშე იყო ნათქვამი, ახლა კი მე დამიყენე მოწმედ და ჩემი თანდასწრებით თქვი, მაინც რა არის ეგ შენი სასურველი ცოდნა? იცი რა? თუ ისა გსურს, რისი წყალობითაც ადამიანები მართავენ ხომალდებს, და მე სასხვათაშორისოდ გკითხო: რისი ცოდნა გსურს, თეაგე, ან რის გამო ემდური მამაშენს, რომ არ თანხმდება მიგაბაროს იმას, ვისი წყალობითაც ბრძენი გახდები-მეთქი, რას მეტყოდი ამის პასუხად, მესაჭეების ცოდნა მსურსო, არა?

თეაგე: დიახ.

სოკრატე: ხოლო თუ შენ გსურს შეიძინო ის ცოდნა, რომლის წყალობითაც ეტლებს მართავენ და ამის გამო ემდური მამაშენს, მე კი, ჩემის მხრივ, კვლავ გკითხო, მაინც რა არის-მეთქი ეგ ცოდნა, რას მეტყოდი პასუხად? მეეტლეების ცოდნაო, არა?

თეაგე: დიახ.

სოკრატე: კი მაგრამ, ის რაღა არის, რაც ახლა გსურს: უსახელოა, თუ სახელი აქვს?

თეაგე: მე მგონია, სახელი აქვს.

სოკრატე: მერედა, ის იცი და მისი სახელი კი არ იცი, თუ სახელიც იცი?

თეაგე: რა თქმა უნდა, სახელიც ვიცი.

სოკრატე: მაინც რა ჰქვია სახელად? თქვი.

თეაგე: სხვა რა უნდა ერქვას, სოკრატე, თუ არა ცოდნა?

სოკრატე: კი მაგრამ, განა ეტლის მართვა ცოდნა არ არის? ან იქნებ შენი აზრით, არცოდნაა?

თეაგე: არა.

სოკრატე: ესე იგი, ცოდნაა?

თეაგე: დიახ.

სოკრატე: მერედა, რაში გვარგია ეს ცოდნა? იმაში, რომ ცხენებშებმული ეტლი ვმართოთ?

თეაგე: დიახ.

სოკრატე: განა ხომალდის მართვაც ცოდნა არ არის?

თეაგე: მე მგონია.

სოკრატე: მერედა, რაში გვარგია ის? იმაში, რომ ხომალდი ვმართოთ?

თეაგე: რა თქმა უდნა.

სოკრატე: ეგ შენი სასურველი ცოდნა რაღაა? რას ვმართავთ მისი წყალობით?

თეაგე: ჩემის აზრით, ადამიანებს.

სოკრატე: ავადმყოფებს?

თეაგე: არა.

სოკრატე: რადგან მაშინ ეს სამკურნალო ხელოვნება იქნებოდა, არა?

თეაგე: დიახ.

სოკრატე: ან, იქნებ, მისი წყალობით მომღერალთა გუნდებსა ვმართავთ?

თეაგე: არა.

სოკრატე: რადგან მაშინ ეს მუსიკალური ხელოვნება იქნებოდა, ხომ?

თეაგე: რა თქმა უნდა.

სოკრატე: იქნებ მისი წყალობით გიმნასტებს ვმართავთ?

თეაგე: არა.

სოკრატე: რადგან მაშინ ეს გიმნასტიკის ხელოვნება იქნებოდა?

თეაგე: დიახ.

სოკრატე: კი მაგრამ, ვის ან რის მაქნის ხალხსა ვმართავთ მაგ შენი ცოდნის წყალობით? ეცადე ისევე ზუსტად მიპასუხო, როგორც მე გეკითხებოდი წეღან.

თეაგე: მე მგონია, მოქალაქეებს.

სოკრატე: ნუთუ ავადმყოფები მოქალაქეები არ არიან?

თეაგე: რა თქმა უნდა, მაგრამ მე მათ კი არ ვგულისხმობ, არამედ ქალაქის სხვა მცხოვრებთ.

სოკრატე: ახლა კი მესმის, რანაირ ცოდნაზედაც ლაპარაკობ; შენ, ალბათ, იმ ცოდნასა თუ ხელოვნებას როდი გულისხმობ, რომლის მეშვეობითაც წარვმართავთ მომკელთა, ყურძნის მკრეფელთა, მრგველთა, მხვნელ-მთესველთა თუ მცეხველთა შრომას; ვინაიდან ეს სამიწათმოქმედო ხელოვნების საქმეა, არა?

თეაგე: დიახ.

სოკრატე: ჩემის აზრით, არც იმას, რომლის წყალობითაც წარვმართავთ მხეხავთა, მბურღავთა, მრანდავთა თუ მტვიფრავთა შრომას, ვინაიდან ეს სადურგლო ხელოვნების საქმეა, არა?

თეაგე: დიახ.

სოკრატე: მაგრამ იქნებ შენ გულისხმობ იმ ცოდნას, რომლის წყალობითაც ვმართავთ ყოველივე ამას, აგრეთვე მიწათმოქმედთა, დურგალთა თუ სხვა ხელოსანთა, ისევე როგორც კერძო პირთა, კაცთა თუ ქალთა შრომას; სწორედ ამნაირ ცოდნას გულისხმობ?

თეაგე: რა ხანია მინდოდა მეთქვა, სწორედ მაგას-მეთქი, სოკრატე.

სოკრატე: ხომ ვერ მეტყვი, ეგისთე, რომელმაც აგამემნონი მოჰკლა არგოსში, სწორედ იმათ მართავდა, ვისაც შენ გულისხმობ, - ხელოსნებ,ს კერძო პირებს, კაცებს თუ ქალებს, სუყველას ერთად, - თუ სხვებს?

თეაგე: არა, სწორედ მათ.

სოკრატე: ხოლო პელევსი, ეაკეს ძე, განა მათვე არ მართავდა ფთიაში?

თეაგე: დიახ.

სოკრატე: ანდა პერიანდრე, კიფსელეს ძე, კორინთოს მმართველი... ხომ გაგიგონია?

თეაგე: რა თქმა უნდა.

სოკრატე: განა სწორედ არ მართავდა თავის ქალაქში?

თეაგე: დიახ.

სოკრატე: ან კიდევ არქელაოსი, პერდიკეს ძე, რომელიც ამ ცოტა ხნის წინათ განაგებდა მაკედონიას, განა მათივე მბრძანებელი არ იყო?

თეაგე: რა თქმა უნდა.

სოკრატე: ისევე როგორც ჰიპია, პისისტრატეს ძე, რომელიც ამ ჩვენს ქალაქს მართავდა, მათივე მბრძანებელი იყო, არა?

თეაგე: რასაკვირველია.

სოკრატე: თუ შეგიძლია მითხრა, რა სახელს უწოდებენ ბაკისს, სიბილას და ჩვენს ამფილიტეს?

თეაგე: სხვას რას უწოდებენ, სოკრატე, თუ არა მისნებს?

სოკრატე: მართალი ხარ; მაგრამ ეცადე იმათზედაც ასევე მიპასუხო: რა სახელს უწოდებენ ჰიპიასა თუ პერიანდრეს მმართველობას?

თეაგე: ჩემის აზრით, ტირანიას; მაშ, რას?

სოკრატე: მაგრამ ვისაც სურს ყველა კაცზე მბრძანებლობდეს მთელს ქალაქში, განა სწორედ ამნაირ მმართველობას, ესე იგი, ტირანიასა და ტირანობას არ მიელთვის?

თეაგე: როგორც ჩანს.

სოკრატე: მაშასადამე, შენ ამბობ, რომ სწორედ ესა გსურს?

თეაგე: ჩემი სიტყვებიდან აგრე გამოდის.

სოკრატე: აჰ, შე ეშმაკო! ჩვენი ტირანობა რომ გსურს, მიტომაც რახანია საყვედურობ მამაშენს, რატომ არ მიმაბარებ ვინმე ბრძენ მოძღვარს, ტირანიის მასწავლებელსო? შენ კი, დემოდოკე, ნუთუ არ გრცხვენია, რომ ამდენი ხანია იცი, რა სურს მას, და ისიც, თუ სად შეიძლება გაგზავნო იგი, რათა ზედმიწევნით დაეუფლოს იმ ცოდნას, რასაც ესწრაფვის, მაგრამ მაინც არსად არ უპირებ გაგზავნას, რადგან გშურს მისი. ახლა კი, ხომ ხედავ, მას შემდეგ, რაც ჩემს წინაშე გამხილა, ისღა დაგვრჩენია, რომ მე და შენ ერთად მოვითათბიროთ, თუ ვის გავუგზავნოთ და ვისთან ურთიერთობის წყალობით შესძლებს იმას, რომ მცოდნე ტირანი გახდეს?

დემოდოკე: დიახ, ვფიცავ ზევსს, სოკრატე, უთუოდ მოვითათბიროთ, ვინაიდან ამ საქმეში საფუძვლიანი რჩევაა საჭირო.

სოკრატე: მოითმინე, ჩემო კეთილო; ჯერ თვითონ მას გამოვკითხოთ დაწვრილებით.

დემოდოკე: ჰკითხე.

სოკრატე: რა ვქნათ, თეაგე, ევრიპიდე ხომ არ დავიმოწმოთ, რომელიც ამბობს: "მცოდნე ტირანებს მცოდნენი ზრდიან". ჰოდა, ევრიპიდესთვის რომ ეკითხა ვინმეს: ო, ევრიპიდე, მაინც რა იციან იმათ, ვისი წყალობითაც მცოდნენი ხდებიან ტირანებიო? თითქოს მას ეთქვას: "მცოდნე გლეხკაცებს მცოდნენი ზრდიან", და ჩვენ გვეკითხება, მაინც რისი მცოდნენიო, რას გვიპასუხებდა ჩვენს შეკითხვაზე? სამიწათმოქმედო ხელოვნებისაო, არა?

თეაგე: რა თქმა უნდა.

სოკრატე: ანდა ასე რომ ეთქვა: "მცოდნე მზარეულთ მცოდნენი ზრდიან", და ჩვენ გვეკითხა, მაინც რისი მცოდნენიო, რას გვიპასუხებდა იგი? სამზარეულო ხელოვნებისაო, არა?

თეაგე: დიახ.

სოკრატე: ან კიდევ - ასე: "მცოდნე მორკინლებს მცოდნენი ზრდიან", და ჩვენ გვეკითხა, რისი მცოდნენიო, სხვას რას გვიპასუხებდა, გარდა ამისა: ჭიდაობის ხელოვნებასაო?

თეაგე: დიახ.

სოკრატე: მაგრამ რაკი ის ამბობს: "მცოდნე ტირანებს მცოდნენი ზრდიან", ამიტომ ჩვენ რომ გვეკითხა, მაინც რისი მცოდნენიო, ევრიპიდე, რას გვეტყოდა პასუხად? რომელი ხელოვნებისაო?

თეაგე: არ ვიცი, ვფიცავ ზევსს.

სოკრატე: თუ გინდა, მე გეტყვი.

თეაგე: თუკი ინებებ...

სოკრატე: იმისა, რის ცოდნასაც ანაკრეონი მიაწერს კალიკრიტეს; ან, იქნებ, შენთვის უცნობია ეს სიმღერა?

თეაგე: არა, ნაცნობი.

სოკრატე: მერედა, სწორედ იმ კაცთან ურთიერთობა გსურს, ვინც იმავე ხელოვნების მიმდევარი იქნებოდა, რომელსაც ფლობდე კალიკრიტე, კიანეს ასული, ესე იგი, "ტირანიის მცოდნე", როგორც ამბობს მასზე პოეტი, - რათა, ამრიგად, შენც ჩვენი და ამ ჩვენი ქალაქის ტირანი გახდე?

თეაგე: რა ხანია, სოკრატე, დამცინი და მასხრად მიგდებ.

სოკრატე: როგორ, განა შენ არ ამბობდი, რომ სწორედ ის ცოდნა გსურს, რომლის წყალობითაც შეიძლება მბრძანებლობდე ყველა მოქალაქეზე? ხოლო ამის მოქმედი სხვა რა იქნები, ტირანის გარდა?

თეაგე: მართლაცდა, მე მგონია, შეიძლება მესურვა კიდეც, რომ ყველა კაცის თუ არა, უმრავლესობის მბრძანებელი მაინც ვყოფილიყავი. ისევე, როგორც შენცა და ყველა სხვა კაცსაც, ჩემის აზრით, უფრო მეტიც გსურთ: ღმერტად ქცევა; მაგრამ მე ამნაირ სურვილს როდი ვგულისხმობდი.

სოკრატე: კი მაგრამ, მაშ რა გინდა? განა შენ არ ამბობდი, მოქალაქეთა მბრძანებლობა მსურსო?

თეაგე: მაგრამ არა ძალადობით და არა ტირანებივით, არამედ კეთილი ნებით, მთელ ქალაქში სახელგანთქმულ სხვა კაცთა მსგავსად.

სოკრატე: თემისტოკლეს, პერიკლეს, კიმონსა და სხვა მოღვაწეებს ხომ არ გულისხმობ, რომლებმაც პოლიტიკურ ასპარეზზე გამოიჩინეს თავი?

თეაგე: ვფიცავ ზევსს, სწორედ მაგათ.

სოკრატე: კეთილი, მაგრამ შენ რომ მოგესურვებინა დაუფლებოდი იმ ცოდნას, რომლის წყალობითაც მარჯვედ მართავენ ცხენებს, როგორ გგონია, ვის მიმართავდი იმის სასწავლად, რომ მარჯვე ცხენოსანი გამხდარიყავი? ვის, თუ არა მხედრებს?

თეაგე: ვფიცავ ზევსს, სხვას არავის.

სოკრატე: მაგრამ სწორედ მათ, ვინც ამ საქმის მცოდნენი არიან, ბევრი ცხენები ჰყავთ და ხშირად თავის ნებაზე დააჭენებენ როგორც თავისას ისე სხვისასაც?

თეაგე: რასაკვირველია.

სოკრატე: ხოლო შენ რომ მოგესურვებინა მარჯვე შუბოსანი გამოსულიყავი, როგორ გგონია, განა სწორედ იმის წყალობით არ მიაღწევდი მიზანს, რომ სასწავლებლად მიადგებოდი შუბოსნებს, რომლებსაც ბევრი იარაღი აქვთ და ხშირად ხმარობენ როგორც საკუთარ, ისე სხვის შუბებსაც?

თეაგე: აგრე მგონია.

სოკრატე: მაშინ მითხარი: რაკიღა გსურს პოლიტიკოსი გახდე, როგორ გგონია, იმის წყალობით მიაღწევ მიზანს, რომ ვიღაც სხვებს მიადგები სასწავლად და არა პოლიტიკოსებს, რომლებიც თვითონაც მარჯვენი არიან პოლიტიკაში და შეუძლიათ არა მარტო თავიანთი, არამედ ბევრი სხვა ქალაქის მართვაც, ელინურსა თუ ბარბაროსულ პოლისებთან კავშირის წყალობით? ან, იქნებ, ფიქრობ, რომ მათთან კი არა, სხვებთან ურთიერთობის შედეგად თუ მიაღწევ იმ სიმარჯვეს, რაც ნიშნეულია ამ სახელმწიფო მოღვაწეთათვის?

თეაგე: სხვებისგან გამიგონია, სოკრატე, რომ, შენი მტკიცებით, ამ სახელმწიფო მოღვაწეთა შვილები თურმე არაფრით არა სჯობიან ხარაზთა შვილებს; და, ჩემის აზრით, ცამდე მართალიც ხარ, რამდენადაც მე შემიძლია ვიმსჯელო ამაზე. მაშასადამე, ნამდვილი ბრიყვი ვიქნებოდი, იმის იმედი რომ მქონოდა, თითქოს ერთ-ერთი მათგანი მე გადმომცემდა თავის ცოდნას, რომლითაც ვერას შეეწია საკუთარ შვილს, თუკი ვინმეს საერთოდ შეუძლია ამ მხრივ რაიმე არგოს რომელიმე მოკვდავს.

სოკრატე: კი მაგრამ, კაცთა შორის ყველაზე უკეთესო, შენ თვითონ რაღას იზამდი, ვაჟიშვილი რომ გყავდეს და მოსვენებას არ გაძლევდეს, მინდა კარგი მხატვარი გამოვიდეო და, თანაც, ყვედრებით გავსებდეს შენ, როგორც მამას, რატომ ფულს არ იმეტებ ჩემი გულისთვისო, თვითონ კი ლანძღვით იკლებდეს ამ საქმის მასწავლებლებს, ესე იგი, მხატვრებს, და არასდიდებით არ უნდოდეს მხატვრობის სწავლა მათგან? ანდა სალამურზე დაკვრის სწავლა რომ სურდეს და ასევე იქცეოდეს სალამურზე თუ კითარაზე დაკვრის მასწავლებელთა მიმართ? რას მოუხერხებდი, ან სხვას ვის მიაბარებდი მას, რაკიღა არ ინებებდი ამ ხალხისგან ესწავლა რამე?

თეაგე: არ ვიცი, ვფიცავ ზევსს.

სოკრატე: მერედა ახლა, როცა ზუსტად ასევე ექცევი მამაშენს, რაღად გიკვირს და ყვედრებით ავსებ იმის გამო, რომ საგონებელში ჩავარდნილმა აღარ იცის, რა გიყოს ან ვისთან გაგგზავნოს? თუკი ინებებ, ჩვენ მზადა ვართ მიგაბაროთ პოლიტიკაში ერთ-ერთ ყველაზე რჩეულ ათენელს, რომელიც უფასოდ გამეცადინებს; ფულსაც დაზოგავ და უფრო დიდ სახელსაც მოიხვეჭ ხალხში, ვიდრე სხვა ვინმესთან ურთიერთობის წყალობით.

თეაგე: კი მაგრამ, სოკრატე, განა შენ არ ეკუთვნი რჩეულ ათენელთ? თუ ინებებ მამეცადინო, ჩემთვის ეს სავსებით საკმარისია, და სხვა ვინმეს აღარ დავეძებ.

სოკრატე: რას ამბობ თეაგე?

დემოდოკე: ცუდს არაფერს ამბობს, სოკრატე; ამით მეც ძლიერ მაამებ. იმაზე დიდი ბედნიერება რა იქნება ჩემთვის, რომ ჩემს შვილს ჭკუაში დაუჯდეს შენთან მეცადინეობა, ხოლ შენ დათანხმდე და ამეცადინო იგი. მრცხვენია კიდეც იმის გამხელა, თუ რარიგ მწადია ეს. ორტავეს გეხვეწებით: შენ - იმას, რომ შეივრდომო იგი, შენ კიდევ - იმას, რომ სხვა მასწავლებელი არ ინდომო, სოკრატეს გარდა. რომ იცოდეთ, რამდენი დავიდარაბისა და ვაი-ვაგლახისგან დამიხსნით; რადგან ჯერხნობით სულ იმის შიშში ვარ, ვაითუ ვინმე ოხერს გადაეკიდოს და თავი წააგოს.

თეაგე: ამას იქით ნურაფრის შიში ნუ გექნება, მამაჩემო, თუკი დაითანხმებ, რომ მამეცადინოს.

დემოდოკე: რა კარგად ლაპარაკობ. ახლა კი მხოლოდ შენ მოგმართავ, სოკრატე. მე მზადა ვარ, ჩემი თავიცა და მთელი ჩემი ავლადიდებაც, მოკლედ რომ მოვჭრა, ყველაფერი, რაც საჭიროა, უყოყმანოდ შემოგთავაზო, რათა ისე მოიხმარო, როგორც მოგეპრიანება, თუკი შეივრდომებ ამ ჩემს თეაგეს და რამდენადაც შეგიძლია, შენს წყალობას არ მოაკლებ.

სოკრატე: არ მიკვირს, დემოდოკე, შენი გულმოდგინება, თუკი ფიქრობ, რომ შენი შვილი სწორედ ჩემი წყალობით ეზიარება ყველაზე მეტ სიკეთეს; რადგან მე არ ვიცი, იმაზე დიდი საზრუნავი რა უნდა ჰქოდნეს გონიერ კაცს, რომ შვილი რაც შეიძლება უკეთესი გამოუვიდეს? მაგრამ ძალიან მაკვირვებს, რამ გაფიქრებინა, თითქოს მე შენზე მეტად შემიძლია შევეწიო შენს შვილს იმაში, რომ ღირსეული მოქალაქე გახდეს, ან თვითონ მას საიდან მოუვიდა თავში აზრად, რომ მე შეიძლება შენზე მეტად გამოვადგე? ჯერ ერთი, ჩემზე უფროსი ხარ, და ეგეც არ იყოს, რამდენი დიდმნიშვნელოვანი თანამდებობა გჭერია ათენში; თანაც, როგორ პატივს გცემენ შენი ანაგირუნტელი მეზობლები და არც ქალაქში გაქვს ვინმეზე ნაკლები სახელი; მაშინ, როდესაც ვერცერთი თქვენგანი რომელიმე ამ ღირსების ნატამალსაც ვერ ჰპოვებს ჩემში. ხოლო თუ ამ ჩვენს თეაგეს არ მოსწონს სახელმწიფო მოღვაწეები და სხვებს დაეძებს, რომლებიც ყმაწვილკაცების აღმზრდელად ასაღებენ თავს, აქ არა გვყვანან პროდიკე კეოსელი, გორგია ლეონტინელი, პოლოს აკრაგანტელი და სხვანი და სხვანი, ქალაქიდან ქალაქში რომ დაეხეტებიან და თავიანთი სიმარჯვის წყალობით არწმუნებენ ყველაზე კეთილშობილსა და ყველაზე მდიდარ ჭაბუკებს, რომლებსაც შეუძლიათ, ვისაც მოისურვებენ, თავიანთ თანამოქალაქეთა შორის, იმას მიებარონ უფასოდ, დიახ, არწმუნებენ, დაივიწყონ ძველი ნაცნობები და მათ დაემოწაფონ, თანაც დიდძალი გასამრჯელოს ფასად და მადლობელიც იყვნენ მათი. მე კი არა, აი, ვინ უნდა ამოგერჩიათ შენცა და შენს შვილსაც, ვინაიდან, ძალიანაც რომ მინდოდეს, არცერთი ამ კუთხეული და მშვენიერი მეცნიერების არა გამეგება რა. განა ერთთავად არ ვამტკიცებ, რომ არაფერი ვიცი, თუ შეიძლება ასე ითქვას, ერთი პატარა მეცნიერების - სიყვარულის მეცნიერების გარდა? აი, აქ კი, ვფიქრობ, უფრო ძლიერი ვარ, ვიდრე რომელიმე ჩვენი წინამორბედი თუ თანამედროვე.

თეაგე: ხედავ, მამაჩემო, სოკრატეს, როგორც ჩანს, სულაც არა სურს შეგირდად ამიყვანოს, მიუხედავად იმისა, რომ მე მზადა ვარ, თუკი ინებებს. მხოლოდ ხუმრობით გვეუბნება ყოველივე ამას, ვინაიდან ჩემს თანატოლებსა და ცოტა უფროსებს შორისაც ბევრს ვიცნობ ისეთს, რომლებიც, ვიდრე მასთან დაიწყებდნენ სიარულს, არაფრად არ ვარგოდნენ, ხოლო მას შემდეგ რაც მის საუბრებს ისმენენ, სულ მოკლე ხანში იმათზე უკეთესნი გახდნენ, ვისაც მანამდე ვერც კი შეედრებოდნენ.

სოკრატე: თუ იცი, რას ნიშნავს ეს, დემოდოკეს ძევ?

თეაგე: დიახ, ვფიცავ ზევსს, ვიცი, რომ თუკი ინებებ, მეც შემიძლია მათზე არანაკლები გავხდე.

სოკრატე: არა, ჩემო ძვირფასო, შენ არ იცი, რას ნიშნავს ეს, მაგრამ მე გეტყვი. საქმე ისაა, რომ ღვთიური წინასწარგანჩინებით, ბავშვობიდან თანა მდევს რაღაც დემონიური. ესაა ერთგვარი იდუმალი ხმა, რომელიც ანაზდეულად ჩამესმის ყოველთვის, როცა რაღაცის ქმნას ვაპირებ, და ნიშანს მაძლევს თავი შევიკავო ამისაგან, მაგრამ არაფრის საქმნელად კი არ მაქეზებს. როდესაც რომელიმე მეგობარი ამა თუ იმ განზრახვას მიმჟღავნებს და მე ანაზდეულად ჩამესმის ხმა, ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთი არ იწონებს განზრახულს და მისი ასრულების ნებას არ იძლევა. შემიძლია მოწმეებიც დაგისახელოთ. ხომ იცნობთ ჩვენს ქარმიდეს, მომხიბლავ ჭაბუკს, გლავკონის ძეს? ჰოდა, ერთხელ მან მითხრა, განზრახული მაქვს, მორბენალთა ასპარეზობაზე გამოვიდე ნემეაშიო. ამის თქმაც იყო, და ხმაც ჩამესმა. შევეცადე ამ განზრახვაზე ხელი ამეღებინებინა მისთვის და ვუთხარი: შენ რომ გელაპარაკებოდი, ჩემი დემონის ხმა ჩამესმა და ამიტომ ასპარეზობაზე ნუ გამოხვალ-მეთქი. - კი მაგრამ, - მითხრა ქარმიდემ, - იქნებ მან მხოლოდ ის განიშნა, რომ ვერ გავიმარჯვებ? მაგრამ რომც ვერ გავიმარჯვო, ამ ხნის მანძილზე წვრთნა მაინც სასარგებლო იქნება ჩემთვის. ასე თქვა და თავისი არ დაიშალა. ღმერთმანი, ღირს, თვითონ მას ჰკითხოთ, რა შედეგი გამოიღო ამან. თუ გნებავთ, ტიმარქეს ძმას, კლიტომაქეს ჰკითხეთ, რა უთხრა მას ტიმარქემ, სასიკვდილოდ რომ გადასდო თავი, რაკი დემონს არ დაუჯერა; დიახ, მან და ევათლემ, სახელგანთქმულმა მორბენალმა, რომელმაც შეიფარა დევნილი ტიმარქე. კლიტომაქე გეტყვით, რა უთხრა ძმამ...

თეაგე: რა?

სოკრატე: ო, კლიტომაქე, - უთქვამს მას, - მე ახლა უნდა მოვკვდე იმიტომ, რომ სოკრატეს არ დავუჯერე. ხოლო რატომ თქვა ასე ტიმარქემ, მე მოგახსენებთ. როდესაც სუფრიდან ადგა ტიმარქე, ფილემონთან, ფილემონიდის ძესთან ერთად, რათა ნიკიას, ჰეროსკამანდრეს ძის მოსაკლავად წასულიყვნენ, მხოლოდ ამ ორმა იცოდა შეთქმულების ამბავი, მაგრამ ტიმარქემ წამოდგომისას მითხრა: თქვენ სმა განაგრძეთ, სოკრატე, მე კი ერთ ადგილას ვარ მისასვლელი და, თუ მოვახერხებ, ცოტა მოგვიანებით დავბრუნდებიო. ხოლო მე ხმა ჩამესმა და ვუთხარი მას: არამც და არამც არ ადგე, დემონის ხმამ თავისი ჩვეული ნიშანი მომცა-მეთქი. ის შეჩერდა, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ კვლავ დააპირა წასვლა და მითხრა: მე მივდივარ, სოკრატე. კვლავ ჩამესმა ხმა და ხელახლა ვაიძულე დარჩენილიყო. მესამედაც კი გადაწყვიტა დამმალვოდა, სიტყვის უთქმელად წამოდგა, ცოტა შეიცადა და როცა მე სხვა რაღაცით ვიყავი გართული, ჩემდა შეუმჩნევლად გაიპარა, რათა ჩაედინა ის, რაც საბედისწერო აღმოჩნდა მისთვის. აი, რატომ უთხრა თავის ძმას, რასაც ახლა თქვენ გეუბნებით: იმიტომ ვკვდები, რომ სოკრატეს არ დავუჯერეო. სიცილიის ლაშქრობაზედაც მრავალი გეტყვით, რას ვამბობდი მაშინ ჯარის დაღუპვაზე. წარსულთან დაკავშირებით ყველაფერს ადვილად გაიგებთ მცოდნე ხალხისგან, მაგრამ შეგვიძლია ახლავე გამოვცადოთ ჩემი ნიშანი, ვნახოთ მართალს ვამბობ თუ არა: საქმე ისაა, რომ პირმშვენიერი სანიონის ლაშქრად წასვლისას ჩამესმა ხმა, ხოლო ის ახლა თრასილესთან ერთად მიდის საომრად ეფესსა და იონიაში. მე მგონია, დაიღუპება, ან რაღაცა უბედურება შეემთხვევა და დანარჩენი ლაშქრის ბედიც ძალზე მაფიქრებს.

ყოველივე ეს იმიტომ მოგახსენე, რომ სწორედ ამ ჩემი დემონის ნებაზეა დამოკიდებულები ჩემი ურთიერთობა მოწაფეებთან. ვინაიდან ბევრს ეწინააღმდეგება და მაშინ ისინი ვერავითარ სარგებელს ვერ იღებენ ჩემთან ურთიერთობის შედეგად, ხოლო, ჩემის მხრივ, არც მე შემიძლია ვამეცადინო ისინი. ბევრს კი თუმცა არ უკრძალავს ჩემ გვერდით ყოფნას, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მათთვის მაინც სრულიად ფუჭია ჩემთან მეცადინეობა. ხოლო ვისაც ჩემთან ურთიერთობაში ხელს უწყობს დემონიური ძალა, - შენ იცნობ მათ, - ისინი მართლაც მოკლე ხანში აღწევენ დიდ წარმატებას. თუცა ამ უკანასკნელთა შორისაც მხოლოდ ზოგიერთი იღებს მყარსა და წარუვალ სარგებლობას, ზოგიერთი კი, სანამ ჩემთანაა, განსაცვიფრებელ წარმატებას აღწევს, მაგრამ დამშორდება თუ არა, არაფრით აღარ გამოირჩევა სხვებისგან. სწორედ ასე დაემართა არისტიდეს ძის, ლისიმაქეს ვაჟს - არისტიდეს. სანამ ჩემთან იყო, მოკლე ხანში ბევრ რამეს მიაღწია, მაგრამ შემდეგ ზღვით გაემგზავრა რომელირაც ლაშქრობაში მონაწილეობის მისაღებად. დაბრუნებულმა ნახა, რომ, სხვებთან ერთად, თუკიდიდეს ძის, მელესიას ვაჟი - თუკიდიდეც მეცადინეობდა ჩემთან. ხოლო ეს თუკიდიდე, წინა დღის საუბრის სედეგად, რაღაცით გაბრაზებული იყო ჩემზე. როდესაც მინახულა, მომიკითხა და ახალი ამბებიც გამომკითხა, არისტიდემ თქვა: გავიგე, რომ თუკიდიდე ცხვირს იბზუებს შენს წინაშე და ისე იბღინძება, თითქოს დიდი ვინმე მყავდეს. - ეგრეა-მეთქი, - მივუგე მე. - კი მაგრამ, - თქვა მან, - ნუთუ არ იცის, რა შვილიცა ბრძანდებოდა, სანამდის სენთან დაიწყებდა სიარულს? - ღმერთმანი, როგორც ჩანს, არ იცის მეთქი, - მივუგე მე. - თუმცა მე თვითონაც რა სასაცილო საქმე დამემართა, სოკრატე, - თქვა მან. - მაინც რა? - ვუთხარი მე. - რა და, ის, რომ - თქვა მან, - გამგზავრებამდე შემეძლო ყველა კაცთან მემსჯელა და არავის არ ჩამოუვარდებოდი სიტყვა-პასუხით, ასე რომ, თვითონვე ვესწრაფოდი ყველაზე გამოჩენილ ხალხთან ურთიერთობას; ახლა კი, პირიქით, თავს ვარიდებ ყველას, ვისაც კი განსწავლულობას შევატყობ, ისეთნაირად მრცხვენია ჩემი უმეცრების. - კი მაგრამ, - ვუთხარი მე, - უცაბედად დაკარგე ეგ შენი უნარი თუ თანდათანობით? - უცაბედად, - მომიგო მან. - მერედა, ვუთხარი მე, - როცა ეგ უნარი გქონდა, ჩემთან სწავლის წყალობით გქონდა, თუ სხვა რაღაცის წყალობით? - გეტყვი, სოკრატე, - მითხრა მან, - თუმცაღა დაუჯერებლია, მაგრამ, ღმერთმანი, მართალი გახლავს. საქმე ისაა, რომ შენგან არც არასდროს მისწავლია რამე, როგორც თავადვე მოგეხსენება. თუმცა შენი საუბრებით რაღაცას მაინც ვიძენდი, უფრო მეტად მაშინ, როცა შენს გვერდით ერთ ჭერქვეშ მყოფი თვალებგაფართოებული მოგჩერებოდი და გისმენდი, ვიდრე მაშინ, როცა სხვაგან გამირბოდა მზერა. ახლა კი ამ ჩემი უნარიდან აღარაფერიც აღარ დარჩა.

აი, როგორია, თეაგე, ჩემთან ურთიერთობა. თუ ღმერთი ინებებს, მოკლე ხანში ბევრ რასმე მიაღწევ, თუ არა და, ნურაფრის იმედი ნუ გაქვს. მაშ, დაფიქრდი, ხომ არ გირჩევნია იმათ მიებარო, ვისაც, თავიანთი ნება-სურვილით, უეჭველი სარგებლობა მოაქვს ხალხისთვის, ვიდრე შემთხვევითობას მიენდო და ჩემს ხელში სცადო ბედი?

თეაგე: ჩემის აზრით, აი როგორ უნდა მოვიქცე, სოკრატე: ერთმანეთთან ურთიერთობის წყალობით გამოვცადო შენი დემონი; თუ ნებას დაგვრთავს, ხომ კარგი, თუ არა და, მაშინ ვნახავთ, როგორ მოვიქცეთ: სხვას მივმართო თუ შეიძლება ვცადოთ და ლოცვა-ვედრებითა თუ მსხვერპლშეწირვით მოვულბოთ გული მაგ შენ ღვთაებას.

დემოდოკე: უარს ნუ ეტყვი ყმაწვილს, სოკრატე; თეაგე ხომ კარგად ლაპარაკობს.

სოკრატე: კეთილი; თუ გგონიათ, რომ ასე უნდა მოვიქცეთ, ასეც მოვიქცეთ.

ძველი ბერძნულიდან თარგმნა ბაჩანა ბრეგვაძემ
გამომცემლობა "ნეკერი", 1997წ.