პლატონი - კრიტონი

სოკრატე, კრიტონი

სოკრატე: ეს რა დილაადრიან მოსულხარ, კრიტონ; თუ აღარც ისე ადრეა?

კრიტონი: ძალიან ადრეა.

სოკრატე: რა დროა მაინც?

კრიტონი: ირიჟრაჟა.

სოკრატე: მიკვირს, როგორ შემოგიშვა დილეგის მცველმა?

კრიტონი: რაც მე აქ შენს სანახავად დავდივარ, უკვე შემეჩვია, სოკრატე, და ეგეც არ იყოს, არც პატივისცემა აკლია ჩემგან.

სოკრატე: ახლახან მოხველი თუ დიდი ხანია?

კრიტონი: კაი ხანია.

სოკრატე: მერედა, რა ჩუმად ზიხარ, რად არ გამაღვიძე?

კრიტონი: ვფიცავ ზევსს, არ ვისურვებდი, სოკრატე, შენს დღეში ვიყო და ძილი რომ ძილი, ისიც კი არ მეკარებოდეს. აგერ, რამდენი ხანია გიყურებ და მიკვირს, რა ტკბილად გძინავს; გაღვიძებითაც განრახ არ გაგაღვიძე, რათა შენთვის მყუდროება არ დამერღვია. ადრე ხომ, მთელი ჩვენი ნაცნობობის მანძილზე, მაკვირვებდა შენი ხასიათის სიმტკიცე, და მით უმეტეს მაკვირვებს ახლა, ამ საშინელი განსაცდელის ჟამს, შენი უდრტვინველობა და აუმღვრევლობა.

სოკრატე: კი მაგრამ, განა სიბრიყვე არ იქნებოდა, კრიტონ, ჩემი ხნის კაცის დრტვინვა კარს მომდგარი სიკვდილის გამო?

კრიტონი: რა ვიცი, შენი ხნისა სხვაც ბევრი ჩავარდნილა ამ დღეში, ჩემო სოკრატე, მაგრამ ასაკს არ დაუშლია მათთვის ბედისწერის გმობა და მოთქმა-გოდება.

სოკრატე: სხვისა სხვამ იცის; მაგრამ ერთი ეს მითხარი, რამ მოგიყვანა ამ დილაუთენია?

კრიტონი: ცუდი ამბავი მოგიტანე, ჩემო სოკრატე, ცუდი და საშინელი არა მარტო შენთვის, არამედ ჩემთვისაც და ყველა შენი მეგობრისთვისაც; მე მგონია, ყველაზე მეტად მე გამიჭირდება ამ საშინელების გადატანა.

სოკრატე: მაინც რა ამბავი? იქნებ დელოსიდან უკვე მოაღწია ხომალდმა, რომლის დაბრუნებისთანავე უნდა მოვკვდე?

კრიტონი: არა, ჯერ არ დაბრუნებულა, მაგრამ როგორც ჩანს, დღეს დაბრუნდება. ასე თქვეს სუნიონიდან ჩამოსულებმა, რომლებმაც იქ დატოვეს იგი, ასე რომ, ცხადია, დღესვე აქ იქნება. ხვალ კი შენ უნდა მოკვდე, ჩემო სოკრატე.

სოკრატე: კეთილი და პატიოსანი, კრიტონ. თუ ასე ნებავთ ღმერთებს, დე, იყოს მათი ნება. მაგრამ არა მგონია, რომ დღეს დაბრუნდეს.

კრიტონი: ვითომ რატომაო?

სოკრატე: გეტყვი: მე ხომ ხომალდის დაბრუნების მეორე დღეს უნდა მოვკვდე?

კრიტონი: დიახ, ასეთია  განაჩენი.

სოკრატე: ჰოდა, მე მგონია, დღეს კი არ დაბრუნდება, არამედ ხვალ. რატომ მგონია? წუხელი სიზმარი ვნახე და, მართალი გითხრა, კარგი ქენი, რომ არ გამაღვიძე.

კრიტონი: რა ნახე ეგეთი?

სოკრატე: მესიზმრა, ვითომ მოვიდა ჩემთან თეთრით მოსული, მშვენიერი და საყვარლად სახილველი ქალი; სახელით მიხმო და მითხრა: სოკრატე! "ზეგ უეჭველად ნაყოფიერს მიაღწევ ფთიას!"

კრიტონი: უცნაური სიზმარი გინახავს, სოკრატე.

სოკრატე: მე კი მისი აზრი გასაგები მგონია, კრიტონ.

კრიტონი: დიახ, დიახ, გასაგებია, და მერე რა ადვილი  გასაგებია. მაგრამ ახლა მაინც დამიჯერე, ჩემო ძვირფასო სოკრატე, და ნება მიბოძე გადაგარჩინო. შენ თუ მოკვდები, მარტო ერთი უბედურება კი არ დამატყდება თავს, რასაც ჰქვია უძვირფასესი მეგობრის დაკარგვა, რომლის ბადალსაც ვეღარასოდეს შევიძენ. არა, ყველა, ვინც კარგად არ გვიცნობს მე და შენ, იმას იფიქრებს, რომ თავი არ შევიწუხე მეგობრის გადასარჩენად, თუმცა შემეძლო კია გადამერჩინა, თუ არ ვიძუნწებდი და ფულს არ დავინანებდი. ხოლო ვისი სირცხვილი შეედრება იმ კაცის სირცხვილს, ვისზედაც ფიქრობენ, რომ მან ფული არჩია მეგობარს? მოდი და დააჯერე ხალხი, რომ, ჩვენი თავგამოდებული მცდელობის მიუხედავად, შენ თვითონ არ მოისურვე აქედან გაქცევა.

სოკრატე: რა მნიშვნელობა აქვს ხალხის აზრს, ჩემო ძვირფასო კრიტონ? ყველა წესიერი კაცი, ვის აზრსაც მართლა უნდა ვუწევდეთ ანგარიშს, დიახ, ყველა წესიერი კაცი იფიქრებს, რომ ყველაფერი ზუსტად ისე მოხდა, როგორც მოხდა სინამდვილეში.

კრიტონი: კი მაგრამ, შენ ხომ უკვე დარწმუნდი, ჩემო ძვირფასო სოკრატე, რომ არც ხალხის აზრის უგულებელყოფა ეპატიება ვინმეს? შენმა საქმემ თვალნათლივ გვიჩვენა, რომ ბრბოს თამამად შეუძლია არა მარტო უმნიშვნელო, არამედ უდიდესი ბოროტების ჩადენაც, თუკი ვინმეს ცილს დასწამებენ მის წინაშე.

სოკრატე: რა იქნებოდა, კრიტონ, მას რომ მართლაც შეეძლოს უდიდესი ბოროტების ჩადენა და, იმავდროულად, უდიდესი სიკეთის ქმნაც? ნეტავი ასე იყოს! მაგრამ ვაი რომ ბრბოს არც ერთი შეუძლია და არც მეორე: ის ვერც გონებას გაუხსნის და ვერც გონებას დაუხშობს კაცს, არამედ ყოველთვის ალალბედზე, განუსჯელად და განუკითხავად მოქმედებს.

კრიტონი: აგრეა, მაგრამ ერთი ესეც მითხარი, სოკრატე: ხომ არ გეშინია, რომ, თუ აქედან წახვალ, სიკოფანტებმა მეც და შენს სხვა მეგობრებსაც შავი დღე არ დაგვაყარონ და, ამრიგად, იძულებულნი არ შევიქნეთ, დიდძალი ფული დავხარჯოთ, მეტიც, მთელი ჩვენი ავლა-დიდება გავანიავოთ, ანდა სხვა რამ ბოროტება დავითმინოთ? თუ რაიმე ამდაგვარი გაშინებს, ამაოდ შიშობ: რადგან სამართლიანობა მოითხოვს შენს დასახსნელად უყოყმანოდ ჩავიგდოთ თავი ამ საფრთხეში და, თუ საჭირო იქნება, უფრო დიდ განსაცდელსაც არ დავერიდოთ. მაშ, დამიჯერე და ისე მოიქეცი, როგორც მე გირჩევ.

სოკრატე: მარტო ეგ კი არა, ბევრი სხვა რამეც მაშინებს, კრიტონ.

კრიტონი: სხვისა რა გითხრა და, ამისი მაინც ნუ გეშინია. კაცმა რომ თქვას, არც ისე დიდი თანხას თხოულობენ ისინი, ვინც შენს დახსნას და აქედან გაპარებას კისრულობენ. რაც შეეხება სიკოფანტებს, ხომ იცი, რა იაფფასიანი ხალხია: შეგვიძლია ორიოდე გროშით მოვთაფლოთ. შენს განკარგულებაშია მთელი ჩემი ავლა-დიდება; მე მგონია, ესეც იკმარებს. ხოლო თუ ჩემი დარდი გაწუხებს და არ გინდა გავღატაკდე, აქვე არიან უცხოელები, რომლებიც ხალისით გაიღებენ საჭირო თანხას. კერძოდ, სიმია თებელი, რომელსაც თანა აქვს საკმაო ფული; მზადაა კებესიც და ბევრი სხვა შენი მეგობარიც. კვლავ გიმეორებ, ნურაფრის შიში ნუ გაქვს და ნება გვიბოძე გადაგარჩინოთ. ნურც ის გაშინებს, რაც სამჯავროში თქვი: თუ აქედან წავალ, არ ვიცი, რიღასი მაქნისი ვიქნები, რა უნდა ვაკეთოო. სადაც უნდა წახვიდე, ყველგან სიყვარულით მიგიღებენ. თუ თესალიას ინებებ წასვლას, იქ ბევრი მეგობარი მყავს, რომლებიც ზედ გადაგყვებიან და თვალისჩინივით გაგიფრთხილდებიან; ასე რომ მთელს თესალიაში ბუზსაც ვერავინ აგიფრენს.

ეგეც არ იყოს, მე მგონია, სოკრატე, უსამართლობის ჩადენას აპირებ: საკუთარ თავს ჰყიდი, თუმცა შეგიძლია გადაირჩინო, და იმასვე ცდილობ, რის მიღწევასაც ცდილობდნენ და რასაც უკვე მიაღწიეს შენმა მტრებმა, რომლებსაც შენი დაღუპვა სურდათ. გარდა ამისა, ჩემის აზრით, საკუთარ ვაჟებსაც ღალატობ, რაკიღა აობლებ მათ, თუმცა შეგეძლო თავად დაგეზარდა და აღგეზარდა ისინი. შენი ბრალი იქნება, თუ მათ უპატრონოდ დაჰყრი: დაობლებულნი როგორ დააღწევენ თავს ობლის მწარე ხვედრს? ან საერთოდ არ უნდა გააჩინო შვილები, ანდა თუ გააჩენ, თავად უნდა დაზარდო და დაავაჟკაცო ისინი, ბოლომდე გაიზიარო მათი ჭირიც და ლხინიც. შენ კი, მე მგონია, ყველაზე იოლ გზას ირჩევ. უნდა აირჩიო ის, რასაც აირჩევდა კეთილშბოლი და კაცური კაცი, მით უმეტეს, თუ ერთთავად ირმუნებოდა, რომ მთელი სიცოცხლის მანძილზე სიქველე იყო მისი ერთადერთი საზრუნავი.

სირცხვილით სადღა გამოვყო თავი, თუკი შენც მარცხვენ, ჩემი თავიც და ჩვენი მეგობრებიც; თუ შენს სიკვდილს ყველა ჩვენს სულმოკლეობას მიაწერს და ბრალად დაგვდებს, ჯერ ერთი, იმას, რომ საქმე სასამართლომდე მივიდა, თუმცა შეიძლებოდა არც მისულიყო; მეორეც, იმას, როგორ გაირჩა იქ, და, ბოლოს, ყველაფრის გათახსირებას და სამარცხვინო დაგვირგვინებას, - ამ უსამართლო განაჩენსაც? მართლაცდა, ხომ შეიძლება კაცმა იფიქროს, რომ ყველაფერი ჩვენი სიმხდალისა და სულმოკლეობის გამო მოხდა; რომ არც ჩვენ გადაგარჩინეთ და არც შენც გადაირჩინე თავი, თუმცა გადარჩენა დიახაც შეიძლებოდა, თუკი რამედ ვივარგებდით და ცოტა ფხას გამოვიჩენდით. მაშ, დაფიქრდი, სოკრატე, შენი სიკვდილით სირცხვილი არ ვჭამოთ; კარგად აწონ-დაწონე ყველაფერი, თუმცა რაღა დროს აწონ-დაწონაა, ახლავე უნდა გადაწყდეს საქმე. გადაწყვეტილება კი მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს: ამაღამ ყველაფერი უნდა აღსრულდეს. საკმარისია ცოტაც დავაყოვნოთ და ვეღარაფერი გვიხსნის. გემუდარები, ნუ უარყოფ ჩემს თხოვნას და თავს ნუ დაიღუპავ.

სოკრატე: ჩემო ძვირფასო კრიტონ, შენი გულმოდგინება ჭეშმარიტად ფასდაუდებელი იქნებოდა, იმავდროულად, სამართლიანიც რომ იყოს, მაგრამ რაკი ასე არ არის, რაც უფრო დიდია, მით უფრო მძიმეა და აუტანელი, რადგან ჯერ უნდა გავარკვიოთ, გვმართებს თუ არა ასე მოვიქცეთ? რა ვუყო, ჩემს წესს ვერ გადავალ, რაც ვიყავი, კვლავ იგივე ვარ: ვერაფერს ვერწმუნები, ვერც სხვაში და ვერც ჩემში, გარდა გონივრული რწმენისა, რომელიც, გულდასმით  განხილვისას, უფრო უტყუარი მეჩვენება და უკეთესი. ხოლო იმაზე, რაც ადრე მწამდა, არც ამჟამად შემიძლია ავიღო ხელი, - მას შემდეგ, რაც ასეთი ხვედრი მარგუნა ღმერთმა. არა, ჩემი ძველი მრწამსი ისეთივე მეჩვენება, ისევე ვაფასებ და ისეთსავე პატივს ვცემ, როგორც უწინ და თუ ამჯერად ვერაფერს მოვიგონებ უკეთესს, მერწმუნე, არასდიდებით არ დაგითმობ და დაგეთანხმები, თუნდაც ბრბოის ძალმოსილება აწინდელზე ათასჯერ მეტი საფრთხობელით გვაფრთხობდეს და თავზარს გვცემდეს, როგორც უმწეო ბალღებს, და ბორკილებით, სიკვდილით და მთელი ჩვენი ავლა-დიდების იავარყოფით გვემუქრებოდეს. მაშ, როგორ განვიხილოთ ეს ყველაზე უფრო ჯეროვნად და მართებულად? ხომ არ გადავხედოთ იმას, რასაც კაცთა აზრებისა და შეხედულებებისთვის ამბობდი, და ერთხელაც ხომ არ ავწონ-დავწონოთ, რამდენად მართებული იყო გამუდმებით იმის მტკიცება, რომ მხოლოდ ზოგის აზრს უნდა ვუწევდეთ ანგარიშს და ვაფასებდეთ, ზოგისას კი არა? მე მინდა შენთან ერთად განვიხილო, კრიტონ, ჩემს ახლანდელ მდგომარეობაში ოდნავ მაინც განსხვავებული მომეჩვენა ეს აზრი თუ ისევ ისეთი, რათა, ამრიგად, გავარკვიო, უკუვაგდებთ მას, თუ პირიქით, კვლავინდებურად ვაღიარებთ და ვერწმუნებით? მე მგონია, ყველა, ვისაც სწამს, რომ ჭკვიანური და გზიანი სიტყვა მოუდის, ყოველთვის იმას იტყოდა, რასაც მე ვამბობ ახლა: კერძოდ, იმას, რომ კაცტა აზრებიდან ყველას კი არა, მხოლოდ ზოგიერთს უნდა ვუწევდეთ ანგარიშს. ღვთის გულისათვის, მითხარი, კრიტონ, როგორ გგონია, კარგად არის თუ არა ნათქვამი? რადგან შენ, კაცთა ბედისწერის თანახმად, ხვალ როდი გიწერია სიკვდილი, ასე რომ შენგან ჯერ კიდევ შორსაა უბედურება, რომელსაც შეუძლია თავგზა აგირიოს და აგამღვრიოს. მაშ, მითხარი, განა მართალი არ არის ის, ვინც ამტკიცებს, რომ კაცტა ყოველგვარ აზრს კი არ უნდა ვუწევდეთ ანგარიშს, არამედ მხოლოდ ზოგიერთს? რას იტყვი, ხომ კარგად არის ნათქვამი?

კრიტონი: კარგად.

სოკრატე: მაშასადამე, მხოლოდ კეთილ აზრს უნდა ვუწევდეთ ანგარიშს და არა უკეთურს?

კრიტონი: დიახ.

სოკრატე: მაგრამ განა კეთილი აზრი გონიერთა აზრი არ არის, უკეთური კი - უგუნურთა?

კრიტონი: რა თქმა უნდა.

სოკრატე: ამ კითხვაზე რაღას იტყვი: გიმნასტი ყველა კაცის ქებას ან გმობას უწევს ანგარიშს, თუ მხოლოდ იმ ერთისას, ვინც ექიმია, ან გიმნასტიკის მასწავლებელი?

კრიტონი: მხოლოდ იმ ერთისას.

სოკრატე: მაშასადამე, მას უნდა ახარებდეს ქება და აშინებდეს გმობა მხოლოდ ერთი კაცისა და არა ბრბოსი?

კრიტონი: ცხადია.

სოკრატე: ამიტომ ის ყოველთვის უნდა მოქმედებს, ვარჯიშობდეს, ჭამდეს და სვამდეს მხოლოდ ისე, როგორც ამას მართებულად მიიჩნევს ამ საქმის მცოდნე და მასწავლებელი, და არა ისე, როგორც საჭიროდ თვლის ყველა დანარჩენი.

კრიტონი: დიახ.

სოკრატე: კეთილი და პატიოსანი; მაგრამ თუ ის არ ერწმუნება ამ ერთს, არ დააფასებს მის აზრს, ანგარიშს არ გაუწევს მის ქებას, და, პირიქით, ყურად იღებს მხოლდო ბრბოის მითქმა-მოთქმას და უვიცთა აზრს, დაითმენს თუ არა რაიმე ბოროტს?

კრიტონი: რასაკვირველია.

სოკრატე: კი მაგრა, რა არის ეს ბოროტება, ანდა რას ვნებს, - ურწმუნოს რომელ ნაწილს?

კრიტონი: ცხადია, სხეულს, რადგან ის ამახინჯებს და აკვდინებს სწორედ მას.

სოკრატე: მართალს ბრძანებ; მაგრამ თუ წვრილმანებს არ გამოვეკიდებით, განა იგივე არ ითქმის, კრიტონ, ყველა სხვა რამის, კერძოდ, ჩვენი ახლანდელი მახინჯის, კეთილისა და ბოროტის მიმართ? რას იტყვი, ანგარიშს უნდა ვუწევდეთ თუ გვეშინოდეს ბრბოის აზრისა თუ მხოლოდ ერთი, ერთადერთი კაცისა, თუკი მოიძებნება ვინმე ისეთი, ვისაც ყოველივე ეს ესმის და ვისიც უფრო უნდა გრცხვენოდეს და გვეშინოდეს, ვიდრე ყველასი ერთად? რადგან თუ ჩვენ მხარს არ ავუბამთ, თუ ანგარიშს არ გავუწევთ მის აზრს, უთუოდ დავამახინჯებთ და დავღუპავთ იმას, რაც სამართლიანობის წყალობით უკეთესი ხდება, უსამართლობისაგან კი იღუპება. თუ ეს არაფერს არ ნიშნავს შენთვის?

კრიტონი: რა თქმა უნდა, ნიშნავს, სოკრატე.

სოკრატე: ხოლო თუ უვიცთა აზრს აყოლილნი ვღუპავთ იმას, რაც ჯანმრთელობის წყალობით უკეთესი ხდება, სნეულებით კი ირღვევა და თანდათანობით იღუპება, განა გვეცოცხლება მისი დაშლისა და დაღრვევის შემდეგ? ხოლო ასეთია, თუნდაც ჩემი სხეული, არა?

კრიტონი: დიახ.

სოკრატე: მერედა, ღირს კია სიცოცხლე საპყარი და სახიჩარი სხეულით?

კრიტონი: არა, ღმერთმანი.

სოკრატე: მაგრამ ღირს კია სიცოცხლე, თუ დაირღვა და დაიშალა ის, რასაც უსამართლობა ვნებს, სამართლიანობა კი რგებს? ან იქნებ, გგონია, რომ ის, რაზედაც სამართლიანობა და უსამართლობა ასეთნაირად მოქმედებს, სხეულზე უარესია, ჩვენი არსების რა ნაწილიც არ უნდა იყოს იგი?

კრიტონი: არა, ღმერთმანი.

სოკრატე: მაშ, პირიქით, უკეთესია?

კრიტონი: გაცილებით უკეთესი.

სოკრატე: ამრიგად, ჩემო ძვირფასო, ის კი არ უნდა გადარდებდეს, რას იტყვის ჩვენზე ბრბო, არამედ ის, თუ რას იტყვის კაცი, რომელსაც ესმის რა არის სამართლიანი და რა უსამართლო, დიახ, მხოლოდ ეს ერთი კაცი და კიდევ თვით ჭეშმარიტება. მაშასადამე, შენ უწინარეს ყოვლისა, ცდები, როცა ამტკიცებ, თითქოს სამართლიანზე, მშვენიერზე, კეთილზე და ყველა მათ საპირისპიროზე მსჯელობისას მხოლდ ბრბოის აზრს უნდა ვუწევდეთ ანგარიშს. მაგრამ შეიძლება თქვა, "ბრბოს ხომ შეუძლია მოგაკვდინოს?"

კრიტონი: რა თქმა უნდა, იტყვიან, სოკრატე.

სოკრატე: მართალს ამბობ; მაგრამ, ჩემო ძვირფასო, შენი არ ვიცი და, მე კი მგონია, რომ ეს ჩვენი მსჯელობა წეღანდელსა ჰგავს. ერთი ამასაც დაუკვრიდი: კვლავინდებურად ვთვლით თუ არა, რომ ყოველგვარ სიცოცხლეს კი არ უნდა ვაფასებდეთ ყველაზე მეტად, არამედ მხოლოდ ღირსეულ სიცოცხლეს?

კრიტონი: რა თქმა უნდა, ვთვლით.

სოკრატე: ისიც თუ გვწამს კვლავინდებურად, რომ ღირსეული სიცოცხლე იგივეა, რაც კეთილი, მშვენიერი, სამართლიანი სიცოცხლე?

კრიტონი: დიახ, ეგეც გვწამს.

სოკრატე: მაშ, ასე, ვენი შეთანხმების საფუძველზე უნდა განვიხილოთ, რამდენად სამართლიანი იქნება ჩემი აქედან გაქცევის ცდა, მიუხედავად იმისა, რომ ათენელები ამის ნებას არ გვრთავენ, და თუ სამართლიანი აღმოჩნდა, ვცადოთ გაქცევა, თუ არა და, ხელი ავიღოთ ამაზე. ხოლო შენი მსჯელობა, კრიტონ, ფულის ხარჯვის, კაცთა აზრებისა და ბავშვთა აღზრდის შესახებ, არსებითად, სხვა არა არის რა, თუ არა ბრბოის აზრი, ბრბოისა, რომელიც მისი ნება რომ იყოს, განუსჯელად და განუკითხავად მოკლავდა კაცს, რათა შემდეგ მკვდრეთით აღედგინა იგი. ჩვენ კი, საკუთარი განსჯის თანახმად, უნდა განვიხილოთ მხოლოდ ის, რასაც ახლახან ვამბობდით: სამართლიანად მოვიქცევით, თუ ფულს შევთავაზებთ ჩემს აქედან გამპარებლებს და ზედ მადლობასაც მივუსართავთ, მართალნი ვიქნებით გამპარებელნიც და გაპარებულიც, თუ, პირიქით, ფეხქვეშ გავთელავთ სამართლიანობას ჩვენი უკანონო ქცევით? ხოლო თუ აღმოჩნდა, რომ ასეთი ცდა უსამართლოა, მაშინ ჯანდაბას სიკვდილიც და სხვა განსაცდელიც, აქ უნდა დავრჩეთ გულხელდაკრეფილნი და უდრტვინველად შევხვდეთ აღსასრულს, რადგანაც მთავარია უსამართლობით არ წავიბილწოთ სული.

კრიტონი: ჩემის აზრით, მშვენივრად მსჯელობ, სოკრატე, მაგრამ ბარემ ისიც გვითხარი, როგორ მოვიქცეთ.

სოკრატე: მოდი, ერთად მოვიფიქროთ, ჩემო კეთილო, და თუ შესძლებ რაიმე დაუპირისპირო ჩემს სიტყვებს, ნუ მოგერიდება, თამამად შემეკამათე: მე სიამოვნებით დაგეთანხმები; თუ ვერა და, მომეშვი, ერთთთავად ნუ ჩამჩიჩინებ იმას, რომ მე ათენელთა უნებართვოდ უნდა წავიდე აქედან. თუმცა მირჩვნია ამ საქმეში შენი ნებართვით მოვიქცე ისე, როგორც თავად მივიჩნევ მართებულად, ვიდრე შენი ნებართვის გარეშე. მაშ, დაუკვირდი, გაკმაყოფილებს თუ არა ჩვენი განხილვის დასაწყისი და ეცადე გულწრფელად მიპასუხო ჩემს კითხვებზე.

კრიტონი: ვეცდები.

სოკრატე: ვამტკიცებთ თუ არა ჩვენ, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოვიქცეთ უსამართლოდ, თუ ერთ შემთხვევაში უნდა მოვიქცეთ, მეორეში კი არა? ადრეც ხომ არაერთხელ შევთანხმებულვართ, რომ უსამართლო ქცევა არასდიდებით არ შეიძლება იყოს კეთილი და მშვენიერი? თუ მთელი ჩვენი მსჯელობა ამ რამდენიმე დღეში გაქარწყლდა და ჩვენ, ხნიერმა ხალხმა, ამ გაჭიანურებულ საუბარში ვერც კი შევნიშნეთ, კრიტონ, რომ არაფრით არ განვსხვავდებით ბალღებისაგან? ან, იქნებ, ყველაფერი მაინც ისეა, როგორც უწინ გვწამდა: მიუხედავად იმისა, თუ რას იტყვის ბრბო, მიუხედავად იმისა, თუ როგორი სასჯელი გველის: აწინდელზე უფრო მძიმე თუ უფრო მსუბუქი, - სულერთია, უსამართლო საქციელი ყველა შემთხვევაში მაინც სამარცხვინოა და საძრახისი უსამართლობის ჩამდენისათვის. ვამტკიცებთ თუ არა ამას?

კრიტონი: დიახ, ვამტკიცებთ.

სოკრატე: მაშასადამე, უსამართლო ქცევა მიუტევებელია.

კრიტონი: რა თქმა უნდა.

სოკრატე: ასე რომ, უსამართლოსაც უსამართლობით როდი უნდა გადავუხადოთ სამაგიერო, როგორც ჰგონია ბრბოს, რაკიღა უსამართლო ქცევა მიუტვებელია.

კრიტონი: მართალს ბრძანებ.

სოკრატე: კი მაგრამ, კრიტონ, საჭიროა თუ არა ბოროტის ქმნა?

კრიტონი: რა თქმა უნდა, არა, სოკრატე.

სოკრატე: ხოლო ბოროტისათვის ბოროტებითვე ნაცვლის მიგება, რასაც მოითხოვს ბრბო, სამართლიანი იქნება, შენი აზრით, თუ უსამართლო?

კრიტონი: რასაკვირველია, უსამართლო.

სოკრატე: იმიტომ, რომ კაცთა მიმართ ბოროტის ქმნა არაფრით არ განსხვავდება მათ მიმართ უსამართლობის ჩადენისაგან.

კრიტონი: ჭეშმარიტად.

სოკრატე: მაშასადამე, არც უსამართლობით უნდა მიაგო სანაცვლო უსამართლოს და არც ბოროტებით აზღვევინო სიავე ბოროტს. კარგად დაუკვირდი, კრიტონ: ამ აზრს რომ ეთანხმები, საყოველთაო შეხედულების საპირისპიროდ ეთანხმები მას, - მე ხომ ვიცი, რომ ასე ფიქრობენ და კვლავაც იფიქრებენ მხოლდო მცირერიცხოვანი რჩეულნი. ხოლო როცა ზოგი ასე ფიქრობს, ზოგი კი ისე, აღარ არსებობს საერთო აზრი და ერთი აშკარა ზიზღით უყურებს მეორეს მისი მრწამსის გამო. მაშ, კარგად დაფიქრდი, ჩემთან ერთად იზიარებ თუ არა ამ აზრს და სწორედ აქედან დავიწყოთ ჩვენი მსჯელობა იმის შესახებ, რომ არასოდეს არ ჩაითვლება მართებულად არც უსამართლო ქცევა და არც უსამართლოსათვის - უსამართლობით, ხოლო ბოროტისათვის - ბოროტებით ნაცვლის მიგება. ან იქნებ, უარყოფ და არ იზიარებ ამ პირველსაწყისს? მე კი ყოველთვის ასე მეგონა და ახლაც ასე მგონია, კრიტონ. თუ სხვა რამე გეჩვენება უმჯობესად, მეც ამიხსენი და მასწავლე, ხოლო თუ კვლავ ძველ აზრს ადგიხარ, მაშინ დანარჩენიც მოისმინე.

კრიტონი: დიახაც კვლავ ძველ აზრს ვადგივარ და გეთანხმები, მაგრამ განაგრძე.

სოკრატე: ბატონი ბრძანდები; თუმცა მირჩევნია ჯერ ამ კითხვაზე მიპასუხო: თუ კაცს რაიმე გადაწყვეტილება სამართლიანი ეჩვენება, უნდა აღასრულოს კიდევაც ის თუ არ უნდა აღასრულოს?

კრიტონი: უნდა აღასრულოს.

სოკრატე: მაშ, ამ თვალსაზრისით შეხედე საქმეს: თუ აქედან სახელმწიფოს ნებართვის გარეშე წავალ, ბოროტებას ჩავიდენთ თუ არა ვისიმე მიმართ, და, თუ ჩავიდენთ, მათ მიმართ ხომ არა, ვინც ყველაზე ნაკლებ იმსახურებს ბოროტს? ჩვენ თვითონ ხომ არ დავარღვევთ იმას, რისი სამართლიანობაც თავად ვაღიარეთ?

კრიტონი: არ ვიცი, რა ვუპასუხო შენს კითხვას, სოკრატე, იმიტომ რომ არაფერი მესმის.

სოკრატე: მაშინ ამასაც დაუკვირდი: აქედან გასაქცევად გამზადებულებს - თუ რაც გინდა, ის დაარქვი ჩვენს მოქმედებას, - ანაზდეულად რომ წაგვდგომოდნენ თავს სახელმწიფო და კანონები და ასე ეკითხათ: "გვითხარი, სოკრატე, ეს რა განგიზრახავს? ხომ არ აპირებ, შენი განზრახვის აღსრულებით დაგვღუპო ჩვენ, სახელმწიფოც და კანონებიც, რამდენადაც შენ შეგიძლია იყო ამის მიზეზი? ან იქნებ, გგონია, რომ შეიძლება არ შეირყეს სახელმწიფო, სადაც სასამართლოს განაჩენს არავითარი ძალა არა აქვს და სადაც მისი აღსრულება ან გაუქმება მხოლოდ და მხოლოდ კერძო პირთა ნება-სურვილზეა დამოკიდებული? რას ვიტყოდით ამ საშინელი და ბევრი სხვა ამნაირი კითხვის პასუხად, კრიტონ? რადგან არა მარტო ორატოს, არამედ ყველას შეუძლია ბევრი რამ თქვას ამ ფეხქვეშ გათელილი კანონის დასაცავად, რომელიც მოითხოვს, რომ სასამარტლოს გადაწყვეტილება თავის ძალას ინარჩუნებდეს. ან, იქნებ, ჩვენ ვეტყვით მათ: "სახელმწიფო უსამართლოდ მოგვექცა და უკანონოდ გადაწყვიტა საქმე"; თქვი ამას ვეტყვით?

კრიტონი: სწორედ ამას, ვფიცავ ზევსს, სოკრატე.

სოკრატე: მაგრამ რას გვეტყოდნენ კანონები? "ჩვენ ხომ შევთანხმდით, სოკრატე, რომ უყოყმანოდ დაეთანხმებოდი სახელმწიფოს მიერ გამოტანილ ყოველგვარ განაჩენს?" ხოლო თუ ჩვენ გავიოცებდით ამას, მათ კვლავ შეეძლოთ ეთქვათ: "ჩვენი სიტყვები ნუკი გიკვირს, არამედ გვიპასუხე, სოკრატე, რადგან კითხვა-პასუხი შენი საყვარელი ხერხია. გვითხარი, რა შევცოდეთ ჩვენ და სახელმწიფომ შენს წინაშე, რატომ გვიპირებ დაღუპვას? უწინარეს ყოვლისა, განა ჩვენ არ შეგქმენით შენ? განა ჩვენი წყალობით არ შეირთო მამაშენმა დედაშენი, ხოლო შენ მათი თანაყოფით არ გაჩნდი ამ ქვეყნად? ან, იქნებ, რამეს აყვედრი ზოგიერთ ჩვეგანს, რომლებიც ქორწინებას აკანონებენ?"

- არა, რას უნდა ვაყვედრიდე, - ვეტყოდი მათ.

"იმათთვის რაღას იტყვი, რომლებიც ბავშვთა აღზრდისა და სწავლა  განათლების წესს ამკვიდრებენ? შენც ხომ ამ წესით ხარ აღზრდილი? ვითომ ცუდი რა უბრძანეს მამაშენს, როცა შენი აღზრდის განაწესში მუსიკაც და გიმნასტიკაც შეიტანეს?"

- ცუდი არაფერი, - კვლავ ვეტყოდი მათ.

"კეთილი და პატიოსანი; ხოლო რაკი დაიბადე და აღიზარდე, განა შეგიძლია იმის უარყოფა, რომ ჩვენი ნაშიერი ხარ და ჩვენი მონა-მორჩილი? შენც და შენი წინაპრებიც; და თუ ასეა, ნუთუ ფიქრობ, რომ შენი და ჩვენი უფლებები თანასწორია? რასაც უნდა გიპირებდეთ,  ნუთუ გგონია, რომ უფლება გაქვს დაგიპირისპირდე? მამა რომ გყავდეს, ანდა ბატონი, ხომ ვერ გაბედავდი თავი გაგეტოლებინა მათთვის და, რა შეურაცხყოფაც უნდა მოეყენებინათ, შეურაცხყოფითვე გადაგეხადა სამაგიერო: ლანძღვა-გინებისთვის - ლანძღვა-გინებით, ცემისთვის - ცემით და ასე შემდეგ. ხოლო მამულსა და კანონებს, შენ გგონია, უფლება გაქვს, როგორც გინდა ისე მოექცე და შენი ნებასურვილისამებრ მიაგო სანაცვლო? ასე რომ, თუ სამართლიანად მივიჩნევტ სიკვდილით დაგსაჯოთ და შენს დაღუპვას განვიზრახავთ, არც თავად დაგვრჩები ვალში და, შენის მხრივ, განიზრახავ დაგვღუპო ჩვენ - სახელმწიფო და კანონები, რამდენადაც ეს შენზეა დამოკიდებული, და ეჭვიც არ შეგეპარება იმაში, რომ სამართლიანად იქცევი, შენ, ვინც ამტკიცებ, რომ ჭეშმარიტი გულმოდგინებით მხოლოდ სიქველისათვის ზრუნავ. თუ, მთელი შენი სიბრძნის მიუხედავად, ვერა გრძნობ, რომ სამშობლო დედაზე, მამაზე და ყველა სხვა წინაპარზეც უფრო ძვირფასია, უფრო წმინდა, უფრო საყვარელი და, როგორც ღმერთის, ისე კაცის თვალშიც, უფრო მეტი თაყვანისცემის ღირსი; ჩვენ ვგულისხმობთ, ცხადია, გონიერ კაცს. ამიტომ მის მიმართ უფრო მეტი მოწიწება, მეტი მორჩილება გვმართებს, ხოლო თუ გაგვირისხდა, უფრო მეტად უნდა დავუთმოთ და დავუყვავოთ, ვიდრე მშობელ მამას; ან უნდა გადავარწმუნოთ იგი, ანდა უყოყმანოდ შევასრულოთ მისი ბრძანება, და თუ რაიმეს მოგვისჯის, უდრტვინველად შევეგებოთ სასჯელს - ბორკილებს, გვემას, შეჩვენებას და, ბრძოლის ველზე - მის მიერ საომრად წარგზავნილნი, - სასიკვდილო ჭრილობებს და თვით სიკვდილსაც. დიახ, ყველაფერს უნდა გავუძლოთ, სწორედ ესაა სამართლიანობა; არ შეიძლება უკან დახევა, თავის არიდება და მწყობრში შენი ადგილის თვითნებურად მიტოვება. ომში იქნება, სამსჯავროში თუ სადაც გნებავთ, ყველგან უყოყმანოდ უნდა შევასრულოთ სამშობლოსა თუ სახელმწიფოს ბრძანება, ანდა შევაგნებინოთ მას, რას ნიშნავს ჭეშმარიტი სამართლიანობა, ხოლო ძალადობა დედის, მამის და, მით უმეტეს, მამულის მიმართ - მკრეხელობაა".

რას ვიტყვით ამაზე კრიტონ? მართალს ამობობენ კანონები თუ არა?

კრიტონი: ჩემის აზრით, მართალს ამბობენ.

სოკრატე: "მაშ, დაუკვირდი, სოკრატე, - ალბათ იტყვიან კანონები, - მართალს ვამბობთ თუ არა, როცა ვამტკიცებთ, რომ უსამართლოდ გვიპირებ დარღვევას, რაკიღა შენი განზრახვის აღსრულებას ცდილობ. ჩვენ დაგბადეთ, აღგზარდეთ, გასწავლეთ და, რამდენადაც შეგვეძლო, ყოველგვარი სიკეთე მოგანიჭეთ, შენც და ყველა სხვა მოქალაქესაც; და მაინც, ჩვენ ვაცხადებთ, რომ თვითეულ სრულასაკოვან ათენელს, რომელიც გაეცნო სახელმწიფო წესწყობილებისა და კანონების არსს, სრული უფლება აქვს, თუ არ მოვწონვართ, ადგეს და მთელი თავისი ავლადიდებითურთ, გადასახლდეს, სადაც ნებავს. არც ერთი ჩვენგანი ხელს არ უშლის და არ უკრძალავს არცერთ მსურველს, თუკი ჩვენ და სახელმწიფო არ მოვწონვართ, გაემგზავროს კოლონიაში, ან მისთვის სასურველ სხვა სახელმწიფოში გადასახლდეს და, ამასთან, შეუძლია ხელუხლებლად შეინარჩუნოს თავისი ქონება. მაგრამ ვინც აქ რჩება, რჩება ისე, რომ იცის, როგორ განვიკითხავთ ხალხს სამსჯავროში და როგორ ვაწარმოებთ სახელმწიფო საქმეებს, ჩვენ უფლება გვაქვს ვიფიქროთ, რომ კიდევაც გვეთანხმება და მზადაა საქმით დაგვიმტკიცოს თავისი ერთგულება, ხოლო თუ არ გვემორჩილება, ჩვენ ვამბობთ, რომ ის სამმაგად არღვევს და ფეხქვეშ თელავს სამართლიანობას: ჯერ ერთი, იმით, რომ გვეურჩება ჩვენ - თავის მშობლებს; მეორეც, იმით, რომ ანგარიშს არ გვიწევს თავის აღმზრდელებს, და, მესამეც, იმით, რომ, თუმცა ერთგულება შემოგვფიცა, მაინც ორგულობს და არ ცდილობს გამოგვასწოროს, თუკი არასწორად ვმოქმედებთ; მიუხედავად იმისა, რომ მკაცრად კი არ ვთხოვთ შეასრულოს ჩვენი ბრძანება, არამედ რბილად ვთავაზობთ და საშუალებას ვაძლევთ ორში ერთი ამოირჩიოს: ან კეთილ ინებოს და გადაგვარწმუნოს, ან ჩვენი გადაწყვეტილება აღასრულოს; და მაინც ის არც ერთით იწუხებს თავს და არც მეორით.

აი, რა ბრალდებას წამოგიყენებთ, სოკრატე, თუკი აღასრულებ განზრახულს. ალბათ, შენ უფრო იმსახურებ ამას, ვიდრე ზოგიერთი სხვა ათენელი".

ხოლო თუ ვიკითხავდი - რათა-მეთქი? - პასუხად, ალბათ მეტყოდნენ და მართალნიც იქნებოდნენ, თუ მეტყოდნენ, რომ ათენელთა შორის ერთგულებას ყველაზე მეტად მე ვეფიცებოდი მათ.

"მართლაც და, სოკრატე, - მომიგებდნენ ისინი, - რამდენი რამ გვიმოწმებს იმას, რომ ჩვენც და ჩვენი ქალაქიც ძალიან მოგწონდით; რადგან შენი ჩვენდამი სიყვარული რომ არა, განა უფრო ფეხმოუცვლელად იცხოვრებდი ათენში, ვიდრე რომელიმე სხვა ათენელი? შენ კი არსად, არცერთ სახალხო დღესასწაულზე დასასწრებადაც კი არ გასულხარ ქალაქიდან, არასოდეს დაგიტოვებია ათენი, თუ არ ჩავთვლით სალაშქროდ წასვლას; არასოდეს გიმოგზაურია, შენი თანამოქალაქეებისგან განსხვავებით, და არც არასდროს აღგძვრია სხვა ქალაქების ნახვისა და სხვა კანონების გაცნობის სურვილი. შენთვის სავსებით საკმარისი ვიყავით ჩვენ და ჩვენი ქალაქი, - ისეთნაირად გიყვარდით და ქედს იხრიდი ჩვენს წინაშე. შვილებიც სწორედ იმიტომ გააჩინე ათენში, რომ ასე ძალიან მოგწონდა იგი. და ბოლოს, შენ უფლება გქონდა სამსჯავროში მოგეთხოვა ათენიდან განდევნა და, ამრიგად, შეგეძლო ქალაქის თანხმობით ჩაგედინა ის, რასაც ახლა მისი თანხმობის გარეშე აპირებ. მაგრამ მაშინ დიდსულოვნების ნიღაბს ამოეფარე, თითქოს თამაშად გიჩნდა სიკვდილი, და ამაყად განაცხადე, ათენიდან გაძევებას სიკვდილი მიჯობსო. ახლა კი აღარ გრცხვენია შენი სიტყვებისა, აბუჩად გვიგდებ ჩვენ - კანონებს და გინდა დაგვღუპო. ისე იქცევი, როგორც მოიქცეოდა უღირსი მონა, გაქცევაზე რომ უჭირავს თვალი, მიუხედავად თავისი მოვალეობისა და მის მიერვე დადებული აღთქმისა, რომლითაც ერთგულება და მორჩილება შემოგვფიცა. მაშ, უწინარეს ყოვლისა, ამ კითხვაზე გვიპასუხე: მართალს ამბობდი თუ გვატყუებდი, როცა დაჟინებით არწმუნებდი ყველას, სიტყვით კი არა, საქმით ვამტკიცებ და ვადასტურებ კანონებისადმი ჩემს ერთგულებასო?"

რას ვიტყოდი ამაზე, კრიტონ? დავეთანხმებოდით თუ არა მათ?

კრიტონი: უსათუოდ, ჩემო სოკრატე.

სოკრატე: "თუ ასეა, - იტყოდნენ ისინი, - ხომ არ ღალატობ შენს მოვალეობას, ხომ არ არღვევს შენს აღთქმას, რომელცი ძალადობით, მოტყუებით ან იმიტომ კი არა დაგვიგდე, რომ დროის სიმცირის გამო არ შეგეძლო გაგეაზრებინა, რას ივალებდი: შენ ხომ სამოცდაათი წლისა ხარ და, თუ არ მოგწონდით, ან ჩვენი შეთანხმება უსამართლო გეჩვენებოდა, საკმაო დრო გქონდა საიმისოდ, რომ აქედან წასულიყავი. მაგრამ შენ არ არჩიე არც ლაკედემონი და არც კრეტე, მიუხედავად იმისა, რომ სულ მათი წესწყობილების ქებაში ხარ; არც რომელიმე სხვა ბერძნულ თუ ბარბაროსულ სახელმწიფოში ისურვე გადასახლება. მეტიც, უფრო იშვიათად სტოვებდი ათენს, ვიდრე ბარმანი, მაიმახნი და სხვა საპყარნი თუ სახიჩარნი, როგორც ჩანს, იმიტომ, რომ ყველა სხვა ათენელზე უფრო მოგწონდა ეს ქალაქი და, ალბათ, მისი კანონებიც, ვინაიდან შეუძლებელია მოგწონდეს ქალაქი და არ მოგწონდეს მისი კანონები და ადათ-წესები. ახლა კი, რაო, ღალატობ შენს აღთქმას? ნუ იზამ ამას სოკრატე, ყურად იღე ჩვენი რჩევა და ნუ გაიქცევი ქალაქიდან, რათა ქვეყნის სასაცილო არ გახდე!

თავად განსაჯე, თუ ამ შეცდომას დაუშვებ, რა სიკეთეს მოუტან ან შენს თავს და ან შენს მეგობრებს? რა ელის შენს ახლობლებს? განდევნა, მშობლიური ქალაქის დატოვება, ქონების ჩამორთმევა, - ეს ხომ ცხადია და ეჭვმიუტანელი, ან უწაინარეს ყოვლისა, რა გელის შენ, სოკრატე, თუ ერთ-ერთ უახლოეს ქალაქში - თებეში ან მეგარაში გადასახლდები, - ორივე ქალაქს ხომ დიდებული კანონები აქვს? განა სახელმწიფო წესწყობილების მტრად არ მოევლინები იქაურობას? ყველა, ვისთვისაც ძვირფასია თავისი ქალაქი, ეჭვის თვალით დაგიწყებს ცქერას, როგორც კანონებისა და კანონიერების დამრღვევს, რითაც მხოლოდ კეთილ სამსახურს გაუწევ შენს მსაჯულებს, ვინაიდან ყველა იფიქრებს, რომ მათ სამართლიანი განაჩენი გამოგიტანეს, რადგან კანონთა დამრღვევი ადვილი შესაძლებელია, იმავდროულად, ახალგაზრდობისა და მალემრწმენი ხალხის გამრყვნელიც იყოს.

ან, იქნებ აპირებ, საბოლოოდ განერიდო ყველა კეთილმოწყობილ სახელწმიფოსა და წესიერ ხალხს? მაგრამ მაშინ რაღა ფასი აქვს შენთვის სიცოცხლეს? თუ გსურს დაუახლოვდე უღირსთ და არ ითაკილებ მათთან საუბარს? მაგრამ რაზე ისაუბრებ, სოკრატე? იმაზე ხომ არა, რაზედაც ჩვენ ვესაუბრებოდი, - იმაზე, რომ კაცთათვის ყველაზე ძვირფასია სიქველე და სამართლიანობა, კანონები და ადათ-წესები? იქნებ, გგონია, რომ ეს არ შებღალავს სოკრატეს ღირსებას? ხომ უნდა დაუფქირდე ამას?

მაგრამ, ვთქვათ, გაეცალე აქაურობას და თესალიას ჩახვედი, კრიტონის მეგობრებთან. რას ნახავ იქ? უკანონობას, თვითნებობას, თავაშვებულობას. აი, იქაურები კი სიამოვნებით მოგისმენენ და სიცილითაც დასკდებიან, როცა გაიგებენ, როგორ გაიქეცი საპყრობილედან, თხის ტყავწამოხურული თუ, რა ვიცი, კიდევ რას ისხამენ გაქცევისას, და სამარცხვინოდ ებღაუჭებოდი სიცოცხლეს ამ ხნის კაცი, ცალი ფეხი სამარეში რომ გიდგია უკვე, და, ამრიგად, ბღალავდი სიკვდი-სიცოცხლის დიად კანონს? თუმცა, თუ არავის შეურაცხყოფ, შეიძლება არც დაგცინონ. მაგრამ თუ სიტყვა გადაგიბრუნდა, ვაი შენს დღეს და მოსწრებას მაშინ, სოკრატე. აი, ასე უნდა იცხოვრო, ყველას წინაშე მლიქვნელობით, პირფერობით, ქვემეთრეობით და აღარ დაგრჩება სხვა საზრუნავი, გარდა იმისა, რომ მაძღრისად სვა და ჭამო, თითქოს თესალიას სანადიმოდ ჩამოსულიყავი. კი, მაგრამ, საუბრები სიქველისა და სამართლიანობისათვის?

იქნებ, იმიტომ გინდა იცოცხლო, რომ თავად აღზარდო შენი შვილები? მერედა, როგორ უპირებ აღზრდას? თან წაიყვან თესალიას, ასმევ, აჭმევ ასწავლი და, მხოლოდ ამიტომ, უცხოელებად აქცევ მათ? თუ არ წაიყვან, მაგრამ, შენი სიჭორის მიუხედავად, მაინც არანაკლებ სწავლა-განათლებას მიიღებენ, ვინაიდან შენი ახლობლები იზრუნებენ მათზე? კი მაგრამ, რასა ჰგავს ეს: თუ თესალიას გადასახლდები, არ იზრუნებენ? უნდა ვიფიქროთ რომ ამ შემთხვევაშიც იზრუნებენ, თუკი მარტლა შენი ახლობლები არიან.

მაშ, დაგვიჯერე, სოკრატე, ყურად იღე შენი აღმზრდელების რჩევა და ნურაფერს დააყენებ სამართლიანობაზე მაღლა - ნურც შვილებს, ნურც სიცოცხლეს და ნურც სხვა რამეს, რათა ჰადესს ჩასულმა ამით იმართლო თავი იქაურ მსაჯულთა წინაშე.
რადგან შენი განზრახვის აღსრულება, სოკრატე, არც სამართლიანობად ჩაითვლება, არც საღმრთო საქმედ და სასიკეთოს არას გიქადით არც შენ და არც შენს ახლობლებს, სულის წაბილწვით გემუქრება აქაც და იქაც. ხოლო თუ აქედან ჩახვალ ჰადესში, ჩახვალ უსამართლოდ განკითხული და განწირული, ჩვენ, კანონები, კი არ ვიქნებით ამის მიზეზი, არამედ ადამიანები.

მაგრამ თუ საპყრობილედან გაიქცევი და ასე სამარცხვინოდ მიაგებ სანაცვლოს უსამართლობას - უსამართლობით, ბოროტებას - ბოროტებით, გატეხ აღთქმას, დაარღვევ ჩვენს შეთანხმებას და ბოროტმოქემდებით შებილწავ სწორედ იმათ, ვის მიმართაც ყველაზე ნაკლებ გმართებს ბოროტების ჩადენა, - შენს თავს, მეგობრებს, სამშობლოს, კანონებს - ჩვენ შეგრისხავთ ამ სიცოცხლეში და არც იმქვეყნად შეგიწყნარებენ ჩვენი ძმები - ჰადესის კანონები, რაკიღა გაიგებენ, რომ რამდენადაც ეს შენზე იყო დამოკიდებული, ჩვენი დაღუპვა გსურდა. ნუ დაუჯერებ კრიტონს, ნუ ჩაიდენ იმას, რასაც ის გირჩევს; უმჯობესია, ჩვენ დაგვიჯერო, დიახ, ჩვენ, სოკრატე!"

გარწმუნებ, კრიტონ, ისე ჩამესმის მათი სიტყვები, როგორც აღტკინებულ კორიბანტებს - საკრავთა ხმა, და მათი ექო ისე გუგუნებს ჩემში, რომ სხვას ვერაფერს ვარჩევ, აღარაფერი მესმის.

აი, ჩემი საბოლოო სიტყვა; და თუ გგონია შენი რჩევით შემაცვლევინებ აზრს, ტყუილად გგონია, კრიტონ. თუმცა, თუ თავის იმედი გაქვს, ილაპარაკე.

კრიტონი: რაღა მეთქმის, ჩემო სოკრატე.

სოკრატე: მაშ, მორჩი, კრიტონ, და ისე მოვიქცეთ, როგორც გვიბრძანებს ღმერთი.

ძველი ბერძნულიდან თარგმნა ბაჩანა ბრეგვაძემ 
გამომცემლობა "ნეკერი", 1997წ.