ჰენრი კისინჯერი - გამარჯვებულთა დილემა

ვერსალის ხელშეკრულების ძალისმიერი გზით განხორციელება ემყარებოდა საერთო გეგმის ორ კონცეფციას, რომლებიც გამორიცხავდნენ ერთმანეთს. პირველმა კრახი განიცადა, რადგანაც ყოვლისმომცველი იყო, მეორემ კი იმიტომ, რომ ეფუძნებოდა უკმაყოფილებას და ცრურწმენას.

საყოველთაო უსაფრთხოების კონცეფცია იმდენად საერთო ხასიათის იყო, რომ მიუღებელი აღმოჩნდა კონკრეტული სიტუაციისთვის და შეიძლებოდა გარკვეულწილად დაერღვია მშვიდობა; არაფორმალური ფრანგულ-ინგლისური ურთიერთობა იმდენად დაძაბული და ორაზროვანი იყო, რომ არ შეეძლო წინააღმდეგობა გაეწია გერმანელთა ძირითადი მოთხოვნებისა და ნაბიჯებისათვის. არ გასულა ხუთი წელიც, რომ ომში დამარცხებული ორი სახელმწიფო ერთმანეთს შეხვდა რაპალოში. გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის თანამშრომლობის გაფართოება გადამწყვეტი დარტყმა იყო ვერსალის სისტემისათვის, ამასთან დემოკრატია მეტისმეტად გახრწნილი იყო, რომ შეეცნოთ მისი მნიშვნელობა.

პირველი მსოფლიო ომის ბოლოს კამათი მორალსა და კონკრეტული სახელმწიფოების ინტერესის შესახებ დასრულდა ეთიკისა და სამართლებრივი ნორმების გამარჯვებით. მომხდარი კატაკლიზმით გაოგნებულები იმედოვნებდნენ უკეთესი მსოფლიოს შექმნას, რომელიც თავისუფალი იქნებოდა ,,რეალპოლიტიკ”-ისაგან, რომლის გამოც დაიღუპა ახალგაზრდა თაობის მნიშვნელოვანი ნაწილი. ამ პროცესში კატალიზატორის როლში გამოვიდა ამერიკა. ვილსონის მემკვიდრეობას წარმოადგენდა ის, რომ ევროპა დაადგა ვილსონიანელების კურსს, ცდილობდა რა, რომ სტაბილურობა შენარჩუნებულიყო კოლექტიური უსაფრთხოების მეშვეობით და არა ტრადიციული ევროპული მიდგომით, რაც გულისხმობდა ალიანსების შექმნას და ძალთა წონასწორობის დამყარებას, თუნდაც ამერიკის გარეშე.

ამერიკულ პრაქტიკაში შემდგომი კავშირები, რომლებშიც მონაწილეობას იღებდა ამერიკა (მაგ: ,,ნატო”), ჩვეულებრივ წარმოადგენდნენ კოლექტიური უსაფრთხოების ინსტრუმენტს. კოლექტიური უსაფრთხოებისა და კავშირების კონცეფციები განსხვავებული იყო და მიმართული იყო კონკრეტული საშიშროების წინააღმდეგ და გულისხმობდა კონკრეტული მოვალეობების დაკისრებას ქვეყნების განსზღვრული ჯგუფისთვის, რომლებიც დაკავშირებულნი იყვნენ ერთმანეთთან საერთო ეროვნული ინტერესებით ან უსაფრთხოების საკითხით. კოლექტიური უსაფრთხოების კონცეფცია კი, არ გულისხმობს კონკრეტულ საშიშროებას და არ აძლევს რაიმე გარანტიას ცალკეულ ერს და არც არავის დისკრიმინაციას არ ახდენს. მისი თეორიული არსი არის, წინ აღუდგეს მშვიდობის ნებისმიერ მუქარას, ვის მიერაც არ უნდა იყოს წამოყენებული და ვის წინააღმდეგაც არ უნდა იყოს მიმართული. კავშირები ყოველთვის ვარაუდობენ კონკრეტული პოტენციური მოწინააღმდეგის არსებობას; კოლექტიური უსაფრთხოება იცავს საერთაშორისო კანონს აბსტრაქტულად. სამართლის და მისი დახმარებით წესრიგი ისევე მყარდება, როგორც საშინაო სისხლის სამართალი ქმნის სამართლებრივ სისტემას. მაგრამ კოლექიური უსაფრთხოების სისტემა არ არის იმდენად ორიენტირებული დამნაშავეზე, რამდენადაც საშინაო სამართალი. კავშირისთვის ,,კაზუს ბელი” - ეს არის მისი წევრების ინტერსებსა და უსაფრთხოებაზე თავდასხმა. კოლექტიური უსაფრთხოების სისტემისთვის კი ,,კაზუს ბელი” არის კონფლიქტის ,,მშვიდობიანი” გზით მოგვარების პრინციპის დარღვევა. კავშირის მიზანია გამოიმუშავოს მოვალეობები, რომლებიც იქნება უფრო სუსტი და განსაზღვრული, ვიდრე ამას იძლევა ეროვნული ინტერესების უბრალო ანალიზი. კოლექტიური უსაფრთხოების სისტემა სრულიად საწინააღმდეგოდ მოქმედებს. მისი ძირითდი პრინციპის გამოყენება დამოკიდებულია კონკრეტულ ვითარებაზე და მაშასადამე თითოეული ერის თვითნებობაზე.

კოლექტიური უსაფრთხოება უსაფრთხოებას უზრუნველყოფს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველა ერს ან, უკიდურეს შემთხვევაში, ყველა იმ ერს, რომლებსაც ეხება კოლექტიური დაცვის პრინციპი, აქვს დაახლოებით ერთნაირი შეხედულებები და მზად არიან გამოამჟღავნონ ძალა ან სანქციები მათთვის დამახასიათებელი ეროვნული ინტერესების მიუხედავად. მხოლოდ მოცემული პირობების შესრულების შემთხვევაში შეუძლია საერთაშორისო ორგანიზაციას დაადოს სანქციები ან გამოვიდეს არბიტრის როლში საერთაშორისო საქმეებში. სწორედ ასე წარმოედგინა ვილსონს კოლექტიური უსაფრთხოების როლი ომის ბოლოს, 1918 წლის სექტემბერში.

,,ეროვნული ინტერესები თანდათან უკანა პლანზე გადადიან და მათ ადგილს იკავებს განათლებული კაცობრიობის საერთო ამოცანები. ჩვეულებრივი ადმიანების რჩევები უფრო მარტივი და სწორხაზოვანია, ვიდრე დაბრძენებული და დახელოვნებული პროფესიონალებისა, რომლებიც ჯერ კიდევ ცხოვრობენ იმ შთაბეჭდილებით, რომ წარმართავენ ძალისმიერ თამაშებს და თამაშობენ მაღალ ფსონებზე.” ამ სიტყვებში კარგად ჩანს ძირეული განსხვავება ვილსონისა და ევროპულ თვალსაზრისს შორის საერთაშორისო კონფლიქტების მიზეზების განხილვასთან დაკავშირებით. ევროპული დიპლომატია გამოდის იქიდან, რომ ეროვნული ინტერესები შეიძლება შეეჯახოს ერთმანეთს და დიპლომატიას განიხილავს, როგორც საშუალებას მოაგვაროს ეს კონფლიქტები; ვილსონი კი, თავის მხრივ, თვლის, რომ საერთაშორისო უთანხმოება ეს არის ,,დაბინდული აზროვნების” და არა ინტერესების შეჯახების შედეგი. რეალპოლიტიკ - ის მიხედვით, სახელმწიფო მეთაური იღებს განსაკუთრებული ინტერესების საერთო ინტერესებთან შეთანხმების პასუხისმგებლობას წამახალისებელი და დამსჯელი ზომების შეთავსების მეშვეობით.

ვილსონის აზრით, სახელმწიფო მეთაურს მოეთხოვება უნივერსალური პრინციპების გამოყენება კონკრეტულ შემთხვევებში. ასევე მათ ექცევიან, როგორც ომის გაჩაღების გამომწვევ მიზეზს, რადგანაც მიჩნეულია, რომ ისინი ამახინჯებენ ადამიანის ბუნებრივ მისწრაფებას ჰარმონიისადმი ეგოისტური ზრახვებით. სახელმწიფო მეთაურების უმრავლესობის მოქმედებებმა იმედი გაუცრუა ვილსონს. ისინი ყველანი ეყრდნობოდნენ ეროვნულ ინტერესებს და საერთო პრინციპების დაცვას უტოვებდნენ ვილსონს, რომლის ქვეყანასაც არ ქონდა არანაირი ეროვნული ინტერესი (ევროპული გაგებით) ტერიტორიულ გადანაწილებასთან დაკავშირებით. წინააღმდეგობებმა, რომლებსაც ვილსონი წააწყდა ვერსალში, მას განუმტკიცა რწმენა თავისი პრინციპების გამოყენების აუცილებლბაში. მას სჯეროდა, რომ ერთა ლიგა შეცვლიდა შეთანხმების მრავალ დებულებას, რომლებმაც მის პრინციპებს გადაუხვიეს. და მართლაც, ვილსონის იდეალების ძალა კარგად გამოჩნდა იმ ზეგავლენაში, რომელიც მან მოახდინა დიდ ბრიტანეთზე, რომელიც იყო ძალთა წონასწორობის პოლიტიკის სამშობლო. ერთა ლიგის წესდების ოფიციალურ ბრიტანულ კომენტარებში ნათქვამი იყო, რომ ,,ყველაზე ეფექტური სანქცია იქნება ცივილიზებული სამყაროს საზოგადოებრივი აზრი.” ან როგორც ლორდი სესილი ამტკიცებდა თემთა პალატის სხდომაზე - ,,ჩვენ დავეყრდნობით საზოგადოებრივ აზრს და თუ მას აღვიქვამთ არასწორად, ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი არასწორი იქნება.”

წარმოუდგენელია, რომ პიტის, კანინგის, პალმერსტონის და დიზრაელის პოლიტიკის მიმდევრები თვითონ მისულიყვნენ ამ დასკვნამდე. თავდაპირველად ისინი ფეხს უწყობდნენ ვილსონის პოლიტიკას, რათა უზრუნველეყოთ ამერიკის მხარდაჭერა ომში. შემდეგ, დროთა განმავლობაში, ვილსონის პრინციპებმა მიიპყრო ბრიტანული საზოგადოების ყურადღება და 20-30-იან წლებში ბრიტანეთის მხარდაჭერა კოლექტიური უსაფრთხოებისადმი აღარ იყო ტაქტიკური სვლა. ვილსონიანობაზე გადსვლა იყო ჭეშმარიტი და გულწრფელი.

ბოლოსდაბოლოს კოლექტიური უსაფრთხოების კონცეფციამ მარცხი განიცადა საკუთარი ძირითადი მოსაზრების პრეამბულის გამო, თითქოსდა ყველა ქვეყანა დაინტერესებულია წინააღმდეგობა გაუწიოს აგრესიის კონკრეტულ გამოვლინებას და მზად იყოს ერთნაირი რისკისთვის მის წინააღმდეგ. გამოცდილებამ აჩვენა, რომ ეს ვარაუდი მცდარია. არც ერთი აგრესიული აქტი, რომელშიც ჩარეული იყო დიდი სახელმწიფო, არასოდეს არ იყო გადაჭრილი კოლექტიური უსაფრთხოების პრინციპით. მსოფლიო საზოგადოება ან აგრესიულად არ ცნობდა ამ ფაქტს, ან ვერ თანხმდებოდა სათანადო სანციების დაწესებაზე და როცა სანქციებს მიმართავდნენ, ხშირად უნაყოფო აღმოჩნდებოდა ხოლმე მათი დაწესება, რადგან უფრო დიდი ზარალი მოჰქონდა ვიდრე სარგებელი.

იაპონელთა მიერ მანჯურიის დაპყრიობის დროს 1932 წელს ლიგას არ ჰქონდა სანქცირების მექანიზმი. მან გამოასწორა ეს დეფექტი, მაგრამ როდესაც შეეჯახა იტალიელთა აგრესიას აბისინიაში, ხმა მისცა სანქციების დაწესებას, მაგრამ არ შეუწყვეტია ნავთობის მიწოდება შემდეგი ლოზუნგით: ყველა სანქცია, ომის შესამცირებლად. როდესაც ავსტრია ძალდატანებით შეუერთეს გერმანიას, ჩეხოსლოვაკიის თავისუფლება კი გააუქმეს, ლიგას საერთოდ არ მოუხდენია რეაგირება. ერთა ლიგის ბოლო აქტი, როდესაც მისი წევრები აღარ იყვნენ გერმანია, იაპონია და იტალია, იყო ამ ორგანიზაციიდან საბჭოთა კავშირის გარიცხვა, როდესაც ის ფინეთში შეიჭრა 1939 წელს. მაგრამ საბჭოთა კავშირის ქმედებაზე ამას გავლენა არ მოუხდენია.

,,ცივი ომის” პერიოდში გაერთიანებული ერების ორგანიზაცია დიდი სახელმწიფოების აგრესიის ყველა შემთხვევაში არაეფექტური აღმოჩნდა, ან კომუნისტური ვეტოს გამოიყენებისას უშიშროების საბჭოში ან პატარა სახელმწიფოების თავშეკავებისს გამო იმ საკითხების მიმართ, რომლებსაც არ ქონდათ მათთან პირდაპირი კავშირი. გაერო არაეფექტური აღმოჩნდა ან გვერდზე იდგა ბერლინის კრიზისის დროს, ასევე საბჭოთა ინტერვენციის დროს უნგრეთში, ჩეხოსლოვაკიასა და ავღანეთში. ის ყურადღებას არ აქცევდა კუბის რაკეტების კრიზისს, სანამ ორი უდიდესი საახელმწიფო არ შეთანხმდა მის დარეგულირებაზე. ამერიკამ შეძლო გამოეყენებინა გაეროს ავტორიტეტი ჩრდილოეთ კორეის აგრესიის წინააღმდეგ 1950 წელს, მხოლოდ იმიტომ, რომ საბჭოთა წარმომადგენელმა ბოიკოტი გამოუცხადა უშიშროების საბჭოს და გენერალურ ასამბლეაში ჯერ კიდევ უმრავლსობას წარმოადგენდნენ ის ქვეყნები, რომლებთაც ამერიკის მხარდაჭერა სჭირდებოდათ საბჭოთა აგრესიის შემთხვევაში ევროპაში. სამაგიეროდ, გაერო იქცა დიპლომატების შეხვედრის ადგილად და შესაფერის ფორუმად იდეების გაზიარებისთვის. ის ასევე ასრულებდა მნიშვნელოვან ტექნიკურ ფუნქციებს, მაგრამ ვერ განახორციელა კოლექტიური უსაფრთხოების ძირითადი პრინცპი - ომის შეჩერება და აგრესიისადმი კოლექტიური დაპირისპირება.

ეს ეხება გაეროს მოღვაწეობას ,,ცივი ომის” დასრულების შემდეგაც. 1991 წელს ,,ყურეში ომის” დროს მან მოიწონა ამერიკის მოქმედება, მაგრამ ერაყის აგრესიის წინააღმდეგ გამოსვლას არ შეიძლება ვუწოდოთ კოლექტიური უსაფრთხოების დოქტრინის პრაქტიკაში გამოყენება. არ დაელოდა რა საერთაშორისო კონსენსუსს, ამერიკამ გააგზავნა დიდი საექსპედიციო ძალები. სხვა ერებს შეძლოთ გავლენა მოეხდინათ ამერიკის მოქმედებებზე, მხოლოდ იმით, რომ შეერთებოდნენ ამერიკის წამოწყებას. ისინი თავს ვერ დააღწევდნენ კოფლიქტის რისკს ვეტოს დადებით. გარდა ამისა, საშინაო მღელვარებები საბჭოთა კავშირსა და ჩინეთში გაეროს უშიშროების საბჭოს მუდივ წევრებს აძლევდა სტიმულს მხარი დაეჭირათ ამერიკისთვის.

რა თქმა უნდა, ეს გაკვეთილები არ იყო ათვისებული იმ დროს, როდესაც კოლექტიური უსაფრთხოების კონცეფცია პირველად შემოვიდა დიპლომატიაში. ვერსალის ხელშეკრულების მომდევნო პერიოდში სახელმწიფოების მეთაურებმა ნაწილობრივ დაარწმუნეს საკუთარი თავი, რომ დაძაბულობის მიზეზი იყო შეიარაღება და ნაწილობრივ სჯეროდათ, თუ ეჭვების ნაცვლად იქნებოდა კეთილი ნება, მაშინ საერთაშორისო კონფლიქტებიც აღმოიფხვრებოდა. მიუხედავად ემოციური სიცარიელისა, რომელიც დარჩა ომის შემდეგ, ევროპის სახელმწიფოების მეთაურებს უნდა გაეაზრებინათ, რომ კოლექტიური უსაფრთხოების საყოველთაო დოქტრინა ვერ იმუშავებდა, სანამ არ მოიცავდა სამ უძლიერეს სახელმწიფოს: შეერთებულ შტატებს, გერმანიას და საბჭოთა კავშირს. შეერთებულმა შტატებმა უარი თქვეს ერთა ლიგაში შესვლაზე, გერმანია არ დაუშვეს, ხოლო საბჭოთა კავშირს კი არად აგდებდნენ.

ქვეყანა ,რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა ომის შემდგომი წესრიგით, იყო ,,გამარჯვებული” საფრანგეთი. ფრანგმა ხელმძღვანელებმა იცოდნენ, რომ ვერსალის ხელშეკრულება სამუდამოდ ვერ დაასუსტებდა გერმანიას.

ბოლო ევროპული ომის, ყირიმის ომის (1854-1856) შემდეგ გამარჯვებულმა ქვეყნებმა, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა შეინარჩუნეს სამხედრო შეთანხმება 20 წელზე ნაკლებ ხანს. ნაპოლეონის ომების შემდეგ საფრანგეთი უკვე სამ წელიწადში გახდა ,,ევროპული კონცერტის” სრულუფლებიანი წევრი. ვერსალის შემდეგ საფრანგეთის სისუსტე გერმანიასთან შედარებით უფრო და უფრო აშკარა გახდა, თუმცა კი ის ცდილობდა სამხედრო უპირატესობის მოპოვებას ევროპაში. მართალი იყო ფრანგი მხედართმთავარი მარშალი ფერდინანდ ფოში, როდესაც ამბობდა, რომ ვერსალის ხელშეკრულება ,,ეს არის არა მშვიდობა, არამედ დაზავება 20 წლით.”

1924 წელს ბრიტანეთის სამხედრო ძალებს შტაბიც იმავე დასკვნამდე მივიდა და იწინასწარმეტყველა, რომ გერმანია ისევ დაიწყებდა ომს ბრიტანეთის წინააღმდეგ. ვერსალის შეთანხმების შეზღუდვებმა გერმანიის ხელახალი შეიარაღება შეაყოვნა მხოლოდ ცხრა თვით. გენერალური შტაბის აზრით კი - ათ წელში შესაძლებელი იყო გერმანია პოლიტიკურად მოძლიერებულიყო და მოეშორებინა ვერსალის ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეზღუდვები. შტაბმა ასევე გათვალა, რომ საფრანგეთი აღმოჩნდებოდა დაუცველი, თუ ის კავშირს არ დაამყარებდა ,,პირველი კლასის ძალასთან/სახელმწიფოსთან”.

ერთადერთი ასეთი სახელმწიფო კი ამ შემთხვევაში შეიძლება ყოფილიყო დიდი ბრიტანეთი, მაგრამ სახელმწიფოს მეთაურები არ იზიარებდნენ სამხედრო მრჩეველების თვალსაზრისს. ამის ნაცვლად ისინი თავიანთ პოლიტიკას აფუძნებდნენ მცდარ მოსაზრებაზე, რომ საფრანგეთი საკმაოდ ძლიერი იყო და არ საჭიროებდა ბრიტანეთთან კავშირს. ბრიტანეთის ლიდერებს დემორალიზებული საფრანგეთი მიაჩნდათ პოლიტიკურად დომინანტ ძალად, რომელსაც სჭირდებოდა დარეგულირება, ხოლო გერმანია მიაჩნდათ შეურაცხყოფილ ქვეყნად, რომელსაც სჭირდებოდა ნუგეში. ეს ორი მოსაზრება სწორი იყო მხოლოდ დროის მცირე მონაკვეთზე, მაგრამ ხანგრძლივი პოლიტიკისთვის კატასტროფულად მცდარი აღმოჩნდა. ბრიტანელმა ომისშემდგომა ლიდერებმა კი კარგად ვერ შეაფასეს მათთვის გრძელვადიანი საკითხები. საფრანგეთს სურდა სამხედრო კავშირი ბრიტანეთთან იმ გარანტიების სანაცვლოდ, რომელიც გაქრა, როცა შეერთებული შტატების სენატმა უარი თქვა ვერსალის ხელშეკრულების რატიფიცირებაზე. ბრიტანეთს კავშირი არასოდეს შეუქმნია ევროპაში ყველაზე ძლიერ ქვეყანასთან, ამიტომაც ბრიტანელი ლიდერები ამ დროს საფრანგეთს აღიქვამდნენ როგორც საფრთხეს კონტინენტზე მათი ტრადიციული გაბატონებული მდგომარეობის მიმართ.

1924 წელს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური დეპარტამენტი ფრანგების მიერ რაინის ოლქის ოკუპაციას აღიქვამდა, როგორც ,,დასაწყის ეტაპს ცენტრალურ ევროპაში შესასვლელად” და მემორანდუმის ეს ფაქტი აღქმული იყო, როგორც ალყის შემორტყმა ბელგიისთვის, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნიდა შელდისა და ზეიდერ-დეს შესართავებს და შესაბამისად, არაპირდაპირი საფრთხე ემუქრებოდა ამ ქვეყანას, მაგრამ ეს მოსაზრებები საერთოდ არ ეთანხმებოდა იმროინდელი საფრანგეთის ფსიქოლოგიას.

სამხედრო-საზღვაო სამინისტროს არგუმენტებად მოჰქონდა ნაპოლეონისა და ესპანეთის ტახტისთვის ბრძოლები. დიდ ბრიტანეთს მიაჩნდა, რომ თუ საფრანგეთი ხელში ჩაიგდებდა რაინის ოლქს, მაშინ ის ავტომატურად გაბატონდებოდა ბელგიის და ჰოლანდიის პორტებზე საფრანგეთის ეს კონტროლი კი ავნებდა დიდი ბრიტანეთის საზღვაო ძალების ოპერაციების დაგეგმვას საფრანგეთთან ომის შემთხვევაში.

არ იყო არანაირი იმედი, რომ ევროპაში დამყარდებოდა ძალთა წონასწორობა, რამდენადაც ბრიტანეთი უპირველეს საფრთხედ მიიჩნევდა საფრანგეთს, რომლის საგარეო პოლიტიკა მიმართული იყო მხოლოდ იმისკენ, რომ როგორმე გადაევადებინა გერმანიის მორიგი თავდასხმა. მალე ბრიტანეთში გერმანია საფრანგეთის დაბალანსების საშუალებად მიიჩნიეს. მაგალითად ბრიტანეთის ელჩი ბერლინში ვიკონტი დ’აბერნონი აცხადებდა: ინგლისის ინტერესებში შედიოდა გერმანია შეენარჩუნებინა საფრანგეთის ზეგავლენის დასაბალანსებლად. ,,სანამ გერმანია არის მთლიანი - წერდა იგი 1923 წელს, - ევროპაში ასე თუ ისე შენარჩუნებულია ძალთა თანაფარდობა”. თუ გერმანია დაიშლებოდა, საფრანგეთი მოიპოვებდა ,,უცილო სამხედრო-პოლიტიკურ კონტრლს, რომელიც დამყარებული იქნებოდა მის არმიასა და სამხედრო კავშირებზე”.

ბრიტანეთი არ ცდებოდა, როცა ამტკიცებდა, რომ საერთაშორისო წესრიგის რეკონსტრუქცია მოითხოვდა ყოფილი მოწინააღმდეგის ერთა გაერთიანებაში დაბრუნებას. მაგრამ გერმანიის დამშვიდება ვერ დააბრუნებდა სტაბილურობას, რადგანაც ძალთა თანაფარდობა იცვლებოდა მის სასარგებლოდ. საფრანგეთი და ბრიტანეთი ერთმანეთს ვერ უგებდნენ და ერთმანეთს აღიზიანებდნენ, მაშინ როდესაც ქვეყნები, რომლებიც წარმოადგენდნენ წონასწორობისთვის საფრთხეს - გერმანია და საბჭოთა კავშირი გვერდზე აღშფოთებულები იდგნენ. დიდი ბრიტანეთი მეტისმეტად აზვიადებდა საფრანგეთის ძლიერებას, საფრანგეთი გადაჭარბებით აფასებდა საკუთარ შესაძლებლობებს გამოეყენებინა ვერსალის შეთანხმება თავისი ზარალის დაბალი ხარისხის კომპენსაციისთვის გერმანიასთან შედარებით. ბრიტანეთის შიში, რომ საფრანგეთი გაბატონდებოდა კონტინენტზე იყო აბსურდული, ხოლო საფრანგეთის რწმენა, რომ შეეძლო ეწარმოებინა საგარეო პოლიტიკა ისე, რომ გერმანია დარჩენილიყო დამარცხებულად, იყო თავის მოტყუება.

შეიძლება ბრიტანეთის უარი საფრანგეთთან კავშირზე გამოწვეული იყო იმით, რომ ინგლისელები ვერსალის ხელშეკრულებას თვლიდნენ უსამართლოდ აღმოსავლეთ ევროპის საკითხებთან დაკავშირებით და შიშობდნენ, რომ საფრანგეთთან ისინი შეიძლება ჩაეთრია მათთვის არასასურველ კონფლიქტებში. სწორედ ამას ამბობდა ლოიდ-ჯორჯი: ,,ბრიტანელი ხალხი არ იქნება მზად ჩაერიოს კონფლიქტში, რომელიც შეიძლება წარმოიშვას პოლონეთის, დანცინგის ან ზემო სილეზიის გამო. ბრიტანეთის ხალხმა გაიგო, რომ ევროპის ამ ადგილების მოსახლეობამ შეიძლება ომი დაიწყოს ნებისმიერ დროს და ძალიან ძნელი იქნება იმის დადგენა, თუ ვინ იქნება მართალი ამ კამათში. ბრიტანელი ლიდერები იყენებდნენ მოლაპარაკებებს საფრანგეთთან კავშირის შესაძლებლობაზე, რაც იყო ტაქტიკური გეგმა გერმანიაზე საფრანგეთის ზემოქმედების შესამსუბუქებლად.

საფრანგეთი თავის მხრივ ყველანაირად ცდილობდა უსაფრთხოების უზრუნველყოფის ისეთი ფორმები მოენახა, რომლებიც გააქრობდნენ ფრანგების შიშს და ბრიტანეთს რაიმე ვალდებულებას არ დააკისრებდა. მაგრამ ბრიტანეთს არ შეეძლო საფრანგეთისთვის მიეცა ის ერთადერთი გარანტია, რომელიც მას [საფრანგეთს] მისცემდა საშუალებას უფრო მშვიდობიანი და წყნარი პოლიტიკა ეწარმოებინა გერმანიის მიმართ ანუ ვერ უზრუნველყოფდა სამხედრო კავშირს.

1922 წელს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ბრიანი, რომელიც მიხვდა, რომ ბრიტანეთის პარლამენტი არასოდეს გასცემდა სანქციას სამხედრო ხასიათის ვალდებულებაზე, დაუბრუნდა 1904 წლის ანტანტის პრეცენდენტს - ინგლისურ-ფრანგულ დიპლომატიურ თანამშრომლობას სამხედრო პირობების გარეშე. მაგრამ 1904 წელს დიდ ბრიტანეთს ეშინოდა გერმანიის საზღვაო ფლოტის, ხოლო 20-იან წლებში ბრიტანეთს ნაკლებად ეშინოდა გერმანიის, ვიდრე საფრანგეთის და მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთი უხალისოდ დათანხმდა ბრიანის წინადადებას, ამ საქციელის რეალურმა მიზეზმა გამოხატულება პოვა ბრიტანეთის კაბინეტის ცინიკურ ნოტაში, რომელიც საფრანგეთთან ალიანსს იცავდა, როგორც საშუალებას კავშირების გამყარებისა ბრიტანეთსა და გერმანიას შორის.

,,გერმანია ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანაა ჩვენთვის ევროპაში და არა მარტო ვაჭრობის თვალსაზრისით, არმედ იმიტომ, რომ იგი წარმოადგენს გასაღებს რუსეთთან მიმართებაში. გერმანიის დახმარებისთვის ჩვენ შეიძლება დაგვადანაშაულონ, რომ ვტოვებთ საფრანგეთს, მაგრამ თუ საფრანგეთი გახდება ჩვენი მოკავშირე, მსგავსი ბრალდება გამოირიცხება.”

მაგრამ საფრანგეთის პრეზიდენტმა ალექსანდრე მილერანმა, ან იგრძნო ბრიტანეთის ორჭოფობა ან იფიქრა, რომ მოლაპარაკებები ატარებდნენ მეტისმეტად არაფორმალურ ხასიათს და უარყო ბრიანის სქემა, რასაც მოჰყვა პრემიერ-მინისტრის გადადგომა.

საფრანგეთი, რომელმაც ვერ შეძლო მიეღწია ტრადიციული ბრიტანული ალიანსისთვის, შეეცადა იგივე შედეგისთვის მიეღწია ერთა ლიგის მეშვეობით. ამ საქმეში წარმატება საფრანგეთს ადებდა მკაცრ ვალდებულებებს ერთა ლიგის ფარგლებში და ლიგას ხდიდა გლობალურ ალიანსად. 1923 წლის სექტემბერში საფრანგეთისა და ბრიტანეთის მოთხოვნით ლიგის საბჭომ შეიმუშავა უნივერსალური ხელშეკრულება ურთიერთდახმარების შესახებ. კონფლიქტის წარმოქმნის შემთხვევაში ლიგის საბჭოს ჰქონდა უფლებამოსილება განესაზღვრა, თუ რომელი სახელმწიფო იყო აგრესორი და რომელი მსხვერპლი. და მაშინ ლიგის თითოეული წევრი ვალდებული ხდებოდა დახმარება აღმოეჩინა მსხვერპლისათვის, თუ საჭირო გახდებოდა ძალისმიერიც, იმ კონტინენტზე, სადაც გეოგრაფიულად მდებარეობდა ლიგის მოცემული წევრი. ეს განმარტება დაამატეს, რადგან ლიგის მოვალეობები არ გავრცელებულიყო კოლონიურ კონფლიქტებში. ხელშეკრულება, ამავე დროს, აცხადებდა, რომ აგრესიის მსხვერპლს, რომ მიეღო დახმარების უფლება, ხელი უნდა მოეწერა განიარაღებაზე და რამდენადაც მსხვერპლი საერთოდ სუსტია, ხელშეკრულება ურთიერთდახმარებაზე აქეზებდა აგრესიას, მოითხოვდა რა უფრო სუსტი მხარისაგან გამწვავებულიყო მათი სიძნელეები. აბსურდული იყო მოწოდება, რომ საერთაშორისო წესრიგი უნდა დაეცვათ განიარაღების და არა სახელმწიფოთა საციცოცხლო ინტერესების სახელით. განიარაღებაზე მოლაპარაკებები მოითხოვდა წლებს, ამიტომაც უნივერსალური ხელშეკრულება ურთიერთდახმარებაზე ქმნიდა დროის უზარმაზარ ვაკუუმს. და თუ ლიგის მოვალეობა - წინააღმდეგობა გაეწია აგრესორისათვის მხოლოდ შორეული მომავლის საქმე იყო, მაშინ საფრანგეთი ან სხვა რომელიმე ქვეყანა, რომელსაც ემუქრებოდა თავდასხმა, მარტო უნდა შეხვედროდა მტერს.

მიუხედავად შესწორებებისა, ხელშეკრულებამ მხარდაჭერა მაინც ვერ პოვა. შეერთებულმა შტატებმა და საბჭოთა კავშირმა საერთოდ უარი თქვეს მის განხილვაზე. გერმანიას საერთოდ არაფერი არ ჰკითხეს. როგორც კი აშკარა გახდა, რომ ეს პროექტი ბრიტანეთს (რომელსაც ჰქონდა კოლონიები) დაავალდებულებდა დახმარება გაეწია აგრესიის თითოეული მსხვერპლისთვის სადაც არ უნდა ყოფილიყო. ლეიბორისტული მთავრობის პრემიერ- მინისტრმა რამსეი მაკდონალდმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი არ მიიღებს ამ ხელშეკრულებას, თუმცა კი ის ხელს შეუწყობდა მის შემუშავებას.

საფრანგეთს არ სურდა ეღიარებინა თავისი ძალისხმერვის ამაოება და არ ამბობდა უარს მოეძებნა კრიტერიუმები, რომლებიც ეთანხმებოდნენ კოლექტიური უსაფრთხოების პრინციპებს, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ბრიტანეთის მთავრობა რამსეი მაკდონალდის მეთაურობით მხარს უჭერდა კოლექტიური უსაფრთხოებისა და განიარაღების იდეას ე.წ. ლიგის ,,პროგრესულ გეგმებს”. შედეგად, მაკდონალდმა და საფრანგეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ერიომ შეიმუშავეს წინა წინადადების ახალი ვარიანტი. 1924 წლის ჟენევის ოქმი მოითხოვდა ლიგის არბიტრაჟს ყველა საერთაშორისო კონფლიქტში და ადგენდა უნივერსალური მოვალეობების სამ კრიტერიუმს, რომლებიც დაეხმარებოდა აგრესიის მსხვერპლს: თუ აგრესორი ნებას არ დართავდა დავა მოეგვარებინა შერიგებით; თუ ის თავს შეიკავებდა საქმე გადაეცა სამართლებრივი მოგვარებისთვის ან არბიტრაჟისთვის; და რა თქმა უნდა, თუ მსხვერპლი იყო საყოველთაო განიარაღების სისტემის წევრი. ოქმის ყველა მონაწილე მოვალე იყო მხარი დაეჭირა აგრესიის მსხვერპლისთვის ყველანაირი საშუალებით.

ჟენევის ოქმმაც მარცხი განიცადა იმავე მიზეზით, რომლითაც ურთიერთდახმარების ხელშეკრულება არ განხორციელდა ისევე როგორც 20-იანი წლების კოლექტიური უსაფრთხოების ყველა პროექტი. მას ძალიან შორს მიჰყავდა ბრიტანეთი და აშკარად არასაკმარისი იყო საფრანგეთისთვის. ბრიტანეთმა ეს წინადადება წამოაყენა, იმიტომ რომ საფრანგეთი ჩაეთრია განიარაღების სისტემაში და არა იმიტომ, რომ თავისთვის შეექმნა ახალი ვალდებულებები დაცვის სფეროში. საფრანგეთმა კი ოქმი, პირველ რიგში, განიხილა, როგორც ურთიერთდახმარების ვალდებულება. ამასთან, განიარაგება, თუ საერთოდ აინტერესებდა საფრანგეთს, იდგა მეორე პლანზე. და რათა ხაზი გაესვა ამ მცდელობის უნაყოფობისთვის, შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა, რომ არ მიიღებდა ჟენევის ოქმს და არ აიტანდა რაიმე სახის ჩარევას შეერთებული შტატების სავაჭრო ურთიერთობებში. ხოლო მაშინ, როდესაც ბრიტანეთის შტაბმა გააფრთხილა ქვეყანა, რომ ოქმი უქმნიდა საშიშროებას ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალებს (ტვირთავდა მას ზედმეტად). კაბინეტმა უარყო ეს ოქმი უკვე 1925 წლის დასაწყისში.

იქმნებოდა უაზრო სიტუაცია. აგერესიის თავიდან აცილება დამოკიდებული გახდა მსხვერპლის განიარაღებაზე. გეოპოლიტიკურმა მოსაზრებებმა და რეგიონის სტრატეგიულმა მნიშვნელობამ - ანუ იმ მიზნებმა, რომლის გამოც საუკუნეების განმავლობაში სახელმწიფოები აწარმოებდნენ ომს, ლეგიტიმურობა დაკარგა. ასეთი მიდგომით, ბრიტანეთი დაიცავდა ბელგიას არა იმიტომ, რომ ამ ტერიტორიას სტრატეგიული თვალსაზრისით, სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა, არამედ იმიტომ, რომ ის განიარაღებული იყო. რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების შემდეგაც კი დემოკრატიული ქვეყნები წინ ვერ წავიდნენ ვერც უსაფრთხოების თვალსაზრისით. მიუხედავად კონცეფციის სიტყვიერი შექებისა, ბრიტანეთი კოლექტიური უსაფრთხოების ვალდებულებებს განიხილავდა ნაკლებად რეალურად, ვიდრე ტრადიციული ალიანსების პირობებს.

კაბინეტი კოლექტიური უსაფრთხოების მრავალ ფორმულირებას გვთავაზობდა, მაგრამ ის მტკიცედ უარყოფდა ფორმალურ ალიანსს საფრანგეთთან ომის დაწყების წინ. მოკავშირეებისთვის ყველაზე ბრძნული კურსი იქნებოდა, რომ ნებაყოფლობით ეთქვათ უარი გერმანიისთვის სასტიკი პირობების დაწესებაზე და რომ შეექმნათ ბრიტანულ-ფრანგული ძლიერი კავშირი. სწორედ ამას გულისხმობდა უინსტონ ჩერჩილი, როდესაც მოუწოდებდა საფრანგეთთან კავშირისკენ. თუ ის შეცვლიდა გერმანიისადმი დამოკიდებულებას და მიიღებდა ბრიტანეთის დახმარების პოლიტიკას გერმანიისადმი. საფრანგეთის ხელმძღვანელობას მეტისმეტად ეშინოდა როგორც გერმანიის, ისე საკუთარი საზოგადოებრივი აზრისაც, რომელიც მტრულად იყო განწყობილი გერმანიისადმი. ბრიტანეთის ხელმძღვანელები კი ეჭვის თვალით უყურებდნენ საფრანგეთის გეგმებს.

განიარაღების მდგომარეობამ, რაც გათვალისწინებული იყო ვერსალის ხელშეკრულებით, გააღრმავა უფსკრული ინგლისსა და საფრანგეთს შორის. ბედის ირონიით, მათ გზა გაუხსნეს გერმანიას სამხედრო პარიტეტისკენ, რაც აღმოსავლეთ ევროპის სისუსტის პირობებში, გრძელვადიან მონაკვეთში გულისხმობდა გეოპოლიტიკურ უპირატესობას.

გარდა ამისა, მოკავშირეებმა გამოავლინეს არაკომპეტენტურობა, როცა არ შეიმუშავეს მექანიზმი, რათა შეემოწმებინათ განიარაღების პირობების დაცვა. ვერსალზე საფრანგეთის წარმომადგენელმა ანდრე ტარდემ პოლკოვნიკ ჰაუსისადმი მიწერილ წერილში 1919 წელს იწინასწარმეთყველა, რომ დამცველი მექანიზმების არ შექმნა ზიანს მიაყენებდა შეთანხმების მუხლებს განიარაღებასთან დაკავშირებით: ,,სუსტი, საშიში დ აბსურდული ინსტრუმენტი შეიქმნა... ლიგა გერმანიას განუცხადებს: დაამტკიცეთ, რომ ჩემი ინფორმაცია ტყუილია.” ,,ან ჩვენ გვსურს შემოწმება”. მაგრამ მაშინ ეს არის ზედამხედველობაზე უფლების მოთხოვნა და გერმანია უპასუხებს ,,და რა უფლებით?” აი ამას უპასუხებს გერმანია და ის მართალი იქნება ასეთი პასუხის გამო, თუ ხელშეკრულებით არაა იძულებული ცნოს ზედამხედველობის უფლება.”

იმ დროს, როდესაც კონტროლი შეიარაღებაზე არ წარმოადგენდა აკადემიური შესწავლის თემას, არავის ეჩვენებოდა უცნაურად შეეთავაზებინა გერმანიისთვის ინსპექტირება მოეხდინა საკუთარი განიარაღებისთვის. თუმცა კი, წესისთვის, შეიქმნა მოკავშირეთა სამხედრო კონტროლის კომისია, მაგრამ მას არ ჰქონდა დამოუკიდებელი ინსპექციის უფლება; მას მხოლოდ შეეძლო მოეთხოვა გერმანიის ხელმძღვანელობისგან ინფორმაცია გერმანიის დარღვევებზე - არც თუ ისე საიმედო პროცედურა. 1926 წელს კომისია დაიშალა. გასაკვირი არ არის, რომ განიარაღების მუხლები უხეშად ირღვეოდა ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლამდეც.

პოლიტიკურ დონეზე გერმანიის ხელმძღვანელები ყოველთვის გამოდიოდნენ საყოველთაო განიარაღების განხორციელების მხარდასაჭერად, რაც გათვალისწინებული იყო ვერსალის ხელშეკრულებით. რომლის მიხედვითაც საწყის ეტაპზე მოხდებოდა მათი განიარაღება. დროთა განმავლობაში მათ მიაღწიეს მოეპოვებინათ ბრიტანეთის მხარდაჭერა და ამას იყენებდნენ, რათა გაემართლებინათ ხელშეკრულების სხვა პირობების შეუსრულებლობა. საფრანგეთზე ზეწოლა რომ მოეხდინა, ბრიტანეთმა გამოაცხადა სახმელეთო ძალების შემცირება, მაგრამ არა ფლოტის. მეორე მხრივ საფრანგეთის უსაფრთხოება ეფუძნებოდა მუდმივი ჯარის რაოდენობრივ უპირატესობას გერმანიის არმიასთან შედარებით. მაგრამ გერმანიის ინდუსტრიული პოტენციალი და მოსახლეობა გაცილებით მეტი იყო. ამ ბალანსის შეცვლას - გერმანიის შეიარაღებული ძალების გადახალისებას ან საფრანგეთის განიარაღებას, შედეგად მოჰყვა ომის შედეგების შეცვლა. ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლისთვის აშკარა გახდა, რომ ხელშეკრულების ის თავები, რომლებიც განიარაღებას ეხებოდა, მალე დაიმსხვრეოდა და გერმანიის გეოპოლიტიკური უპირატესობაც აშკარა გახდებოდა. რეპარაცია კიდევ ერთი მიზეზი გახდა, რათა უთანხმოება გაზრდილიყო საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის. ვერსალის ხელშეკრულებამდე აქსიომად ითვლებოდა, რომ დამარცხებული იხდის რეპარაციებს. 1870 წლის საფრანგეთ- პრუსიის ომის შემდეგ გერმანიამ საკმარისად ჩათვალა საფრანგეთთან მისი გამარჯვების ფაქტი კომპენსაციის მოსათხოვნად; იგივენაირად მოიქცა 1918 წელს, როდესაც რუსეთს მოსთხოვა უზარმაზარი თანხა რეპარაციების გადახდის მიმართებაში, რომელიც ხელმოწერილი იყო ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულებაში.

მაგრამ ახალ სამყაროში, რომელიც შექმნილი იყო ვერსალის ხელშეკრულებით, მოკავშირეებმა დაარწმუნეს საკუთარი თავი, რომ რეპარაციები მოითხოვდა მორალურ გამართლებას და მათ ეს გამოხატეს/გამოავლინეს 231-ე მუხლში ომში დამნაშავეობის შესახებ. ეს მუხლი სასტიკად გააკრიტიკეს გერმანიაში და ეს ყველაფერი აუქმებდა ისედაც ნაკლებ სურვილს თანამშრომლობაზე საქმის მშვიდობიანად მოგვარების საკითხში. ამასთან ვერსალის ხელშეკრულების შემდგენლებმა არ მიუთითეს რეპარაციის ზუსტი თანხა. ასე რომ, რეპარაციები და განიარაღება გახდა საბაბი გერმანიის მომხრეებისთვის გადაეხედათ ხელშეკრულებისთვის. ექსპერტები სულ უფრო და უფრო აყენებდნენ ეჭვის ქვეშ არა მარტო მორალურობას არამედ პრეტენზიების საფუძვლიანობასაც. ბრწყინვალე მაგალითი აღმოჩნდა ჯონ მეინარდ კეინზის ნაშრომი ,,ტრაქტატი ზავის ეკონომიკური შედეგების შესახებ.” საბოლოოდ, გამარჯვებულის უნარი, მოითხოვოს თავის სასარგებლოდ რაიმე, დროთა განმავლობაში მცირდება. რასაც ვერ მიიღებ დამარცხების შოკის დროს, ძნელია მისი მიღება მოგვიანებით - გაკვეთილი, რომელიც ისწავლა ამერიკამ ერაყთან მიმართებაში 1991 წელს სპარსეთის ყურის ომის ბოლოს.

მხოლოდ 1921 წელს ანუ ვერსალის ხელშეკრულების დადებიდან ორი წლის შემდეგ, დაადგინეს საბოლოოდ რეპარაციის თანხა. ის აბსურდულად დიდი აღმოჩნდა: 132 მილიარდი ოქროს მარკა (დაახლოებით 40 მილიარდი დოლარი, რაც დღევანდელი მასშტაბით არის 323 მილიარდი დოლარი.) რა თქმა უნდა, გერმანიამ გამოაცხადა, რომ არ შეეძლო ასეთი თანხის გადახდა. 1921 წლის ზაფხულში გერმანიამ პირველი შენატანი გააკეთა ერთი მილიარდი მარკა (250 მილიონი დოლარი). მაგრამ ეს გააკეთა დაბეჭდა რა ქაღალდის მარკები და გაყიდა ღია ბაზარზე როგორც ვალუტა ანუ მოახდინა საკუთარი ფულის ერთეულის ინფლაცია ისე, რომ მნიშვნელოვანი ფონდების გატანას ადგილი აღარ ჰქონდა. 1922 წელს გერმანიამ მოითხოვა რეპარაციებზე ოთხწლიანი მორატორიუმი. ვერსალის საერთაშორისო წესრიგის და საფრანგეთის დემორალიზაცია მიდიოდა სრული სვლით.

რეპარაციების მიღებაზე ძალდატანების სისტემა არ არსებობდა, ისევე, როგორც არ არსებობდა კონტროლი განიარაღებაზე. რამდენადაც საფრანგეთსა და ბრიტანეთს ამ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრებები ჰქონდათ, გერმანია გაღიზიანებული იყო, შეერთებული შტატები და საბჭოთა კავშირი რჩებოდნენ თამაშს გარეთ. ვერსალმა პრაქტიკულად წარმოქმნა არა მსოფლიო წესრიგი, არამედ რაღაც საერთაშორისო პარტიზანული ომის მსგავსი. ანტანტის მოგებიდან ოთხი წლის შემდეგ გერმანიის მდგომარეობა აღმოჩნდა უფრო მყარი, ვიდრე საფრანგეთის. ასეთ მდგომარეობაში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ლოიდ-ჯორჯმა მოუწოდა გენუაში მოეწვიათ საერთაშორისო კონფერენცია 1922 წლის აპრილში. რაც წარმოადგენდა გონივრულ მცდელობას, განეხილათ რეპარაციების საკითხი, სამხედრო ვალები და ევროპის განახლება საერთო პრობლემის გადასახედიდან - როგორც ეს გააკეთა მომდევნო თაობამ ,,მარშალის გეგმის” განხხილვისას. რადგანაც უაზრო იყო ლაპარაკი ევროპის ეკონომიკურ განახლებაზე კონტინენტის ორი უდიდესი ქვეყნის არყოფნის პირობებში, ამიტომაც პირველად ომის შემდეგ საერთაშორისო კონფერენციაზე მიიწვიეს გერმანია და საბჭოთა კავშირი. შედეგად ამას მოჰყვა არა საერთაშორისო წესრიგის დამყარება, რასაც იმედოვნებდა ლოიდ-ჯორჯი, არამედ ორი განდევნილის გაერთიანების შესაძლებლობა.

საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ ევროპულ ჰორიზონტზე არ გამოჩენილა არაფერი, რაც თუნდაც მიახლოებით მაინც მოგვაგონებდა საბჭოთა კავშირს. პირველად 100 წლის მანძილზე ერთ-ერთმა ქვეყანამ ოფიციალურად მიუძღვნა თავი დამყარებული წესრიგის დარღვევას. ფრანგი რევოლუციონერები მიისწრაფოდნენ, რომ შეეცვალათ სახელმწიფო წყობილების ხასიათი; ბოლშევიკები კი გვთავაზობდნენ სახელმწიფოს, როგორც ასეთის, განადგურებას. როგორც კი გაქრება სახელმწიფო, ამბობდა ლენინი, არ იქნება საჭირო არც დიპლომატია და არც საგარეო პოლიტიკა.

თავიდან ასეთი მიდგომა საგონებელში აგდებდა თავად ბოლშევიკებსაც და იმათაც, ვისაც უხდებოდათ მათთან ურთიერთობა. თავიანთი არსებობის პირველ ეტაპზე ბოლშევიკებმა შეიმუშავეს კლასობრივი ბრძოლისა და იმპერიალიზმის თეორია, როგორც ომების წარმოშობის მიზეზი. თუმცა ისინი არასოდეს დაფიქრებულან როგორ ეწარმოებინათ საგარეო პოლიტიკა სუვერენულ სახელმწიფოებთან. ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მათ გამარჯვებას რუსეთში, მოყვებოდა მსოფლიო რევოლუცია. ლევ ტროცკი, საგარეო საქმეთა პირველი საბჭოთა მინისტრი, თვლიდა საკუთარ თავს არა მხოლოდ მოხელედ, არამედ სხვადასხვა საიდუმლო ხელშეკრულებების გამჟღავნების მოვალედაც, რათა მოეხდინათ კაპიტალისტების დისკრედიტაცია. არც ერთი ადრეული კომუნისტი ლიდერი თავიდან არ თვლიდა შესაძლებლად კომუნისტური და კაპიტალისტური ქვეყნების თანაცხოვრებას და რადგანაც კომუნისტები მიიჩნევდნენ, რომ რამდენიმე თვეში ან წელიწადში სახელმწიფო საერთოდ გაქრებოდა, საბჭოთა საგარეო პოლიტიკის ძირითადი ამოცანა იყო მსოფლიო რევოლუციისთვის დახმარების აღმოჩენა და არა სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის დარეგულირება.

ასეთ მდგომარეობაში საბჭოთა კავშირის გარიცხვა ვერსალის ხელშეკრულებიდან სავსებით გასაგები იყო. მოკავშირეებს არ ჰქონდათ არანაირი მიზეზი თავის რიგებში მიეღოთ ქვეყანა, რომელმაც სეპარატისტული ზავი დადო გერმანიასთან და რომლის აგენტებიც ცდილობდნენ მათი ხელისუფლების დამხობას. ლენინსაც თავის კოლეგებთან ერთად, არანაირი სურვილი არ ჰქონდა მონაწილეობა მიეღო საერთაშორისო წესრიგის დამყარებაში, რომლის დანგრევასაც ცდილობდა.

ბოლშევიკებს არ ჰქონდათ არანაირი მშვიდობის პროგრამა, რადგანაც ისინი თავის ქვეყანას განიხილავდნენ არა როგორც სახელმწიფოს, არამედ როგორც თვალსაჩინო მაგალითს. და ამიტომაც მოქმედებდნენ ისე, თითქოსდა ომის დამთავრება და ევროპულ რევოლუციებზე გადასვლა იყო ერთიანი პროცესი. და მართლაც, მათი პირველი საგარეო პოლიტიკური დეკრეტი/დადგენილება, რომელიც გამოვიდა 1917 წელს, რევოლუციის მეორე დგეს, იყო ,,დეკრეტი ზავის შესახებ”, რომელიც მოუწოდებდა მთავრობებს და ხალხს დაედოთ ე.წ. ,,დემოკრატიული ზავი”.

ბოლშევიკების ილუზიები მალე დაიმსხვრა. გერმანიის მთავრობა დათანხმდა ბრესტ-ლიტოვსკში მოლაპარაკებებს საზავო ხელშეკრულების დადებაზე. თავდაპირველად ტროცკი ფიქრობდა, რომ ზეწოლას მოახდენდა მსოფლიო რევოლუციის მუქარით, მაგრამ ტროცკის სამწუხაროდ, გერმანიის დელეგაციას ხელმძღვანელობდა არა ფილოსოფოსი, არამედ გამარჯვებული განერალი. მაქს ჰოფმანმა, რომელიც აღმოსავლეთის ფრონტის შტაბს ხელმძღვანელობდა, 1918 წელს შესთავაზა მეტისმეტად მკაცრი პირობები. მან მოითხოვა ყველა ტერიტორიის ანექსია, რომლებიც ესაზღვრებოდნენ ბალტიის ზღვას, ბელორუსიის ნაწილი, დე- ფაქტო პროტექტორატის აღიარება დამოუკიდებელ უკრაინაზე და უზარმაზარი კონტრიბუცია. ჰოფმანმა ტროცკის აჩვენა რუკა, რომელზეც ლურჯი ხაზი აღნიშნავდა გერმანელთა მოთხოვნებს და ნათლად მიანიშნა, რომ გერმანია არ დაიხევდა უკან, სანამ რუსეთი არ მოახდენდა დემობილიზაციას ანუ არ გახდებოდა დაუცველი.

ჰოფმანის ულტიმატუმმა გამოიწვია პირველი მნიშვნელოვანი დებატები კომუნისტებს შორის საგარეო პოლიტიკის სფეროში. ეს დაიწყო 1918 წლის იანვარში. სტალინის მხარდაჭერით ლენინი მოითხოვდა ზავის დადებას; ბუხარინი მოუწოდებდა რევოლუციური ომისკენ. ლენინი ამტკიცებდა, რომ თუ გერმანიის რევოლუცია არ მოხდებოდა ან თუ დამთავრდებოდა მარცხით, რუსეთს ემუქრებოდა ,,ძლიერი მარცხი”, რასაც მოჰყვებოდა უფრო არახელსაყრელი მშვიდობა, თანაც ამ მშვიდობას დაასრულებდა არა სოციალისტური მთავრობა, არამედ სხვა რამ... დაუშვებელი იქბებოდა ტაქტიკა, რომ სოციალისტური რევოლუციის ბედი გაერისკათ მხოლოდ იმისთვის, რომ დაიწყებოდა გერმანიის რევოლუცია ახლო მომავალში. იცავდა რა იდეოლოგიზირებულ საგარეო პოლიტიკას, ტროცკიმ წამოაყენა პრინციპი ,,არც მშვიდობა, არც ომი”, მაგრამ უფრო მეტად სუსტ მხარეს შეუძლია აირჩიოს თამაშის დროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი მოწინააღმდეგე თვლის, რომ მოლაპარაკება მიდის მათი საშინაო (პოლიტიკის) ლოგიკის მიხედვით - ეს ილუზია მხარდაჭერილი იყო აშშ-ს მიერ, მაგრამ გერმანელებს ასეთი ხედვა არ ქონდათ. და როდესაც ტროცკი მოლაპარაკებებზე დაბრუნდა ინსტრუქცით, რომელიც გამოხატავდა ,,არც მშვიდობის და არც ომის” პოლიტიკას და ცალმხრივად გამოაცხადა ომის დასრულება, გერმანელებმა განაახლეს საომარი ოპერაციები. სრული მარცხით შეშინებულმა ლენინმა და მისმა კოლეგებმა მიიღეს ჰოფმანის პირობები და ხელი მოაწერეს ბრესტ-ლიტოვსკის ზავს და აღიარეს თანაარსებობა იმპერიულ გერმანიასთან.

თანაარსებობის პრინციპს მთელი მომდევნო 60 წლის მანძილზე წამოაყენებენ საბჭოები და მოწინააღმდეგეთა რეაქციაც ერთნაირი იქნება: დემოკრატიული ქვეყნები ყოველთვის მიესალმებიან საბჭოთა კავშირის მიერ წამოყენებულ პრინციპს მშვიდობიანი თანაარსებობის შესახებ. შამაგიეროდ, კომუნისტები ამართლებდნენ მშვიდობიანი თანაარსებობის პერიოდებს იმით, რომ ძალთა თანაფარდობა ხელს არ უწყობდა კონფრონტაციას. აქედან გამომდინარეობს ლოგიკური დასკვნა, რომ როგორც კი შეიცვლებოდა ძალთა თანაფარდობა, შეიცვლებოდა ბოლშევიკების დამოკიდებულებაც მსოფლიო მშვიდობიანი თანაარსებობის პრინციპისადმი. ლენინის სიტყვებით, კაპიტალისტურ მტრებთან თანაარსებობა განპირობებულია რეალური მდგომარეობით: ,,ვდებთ რა სეპარატისტულ ზავს, მოცემულ მომენტში, ჩვენ ვთავისუფლდებით იმპერიალისტური ჯგუფების გარემოცვისგან და ვიყენებთ მათ მტრობას და ომს, რომელიც ართულებს მათ მოლაპარაკებებს ჩვენს წინააღმდეგ.”

ამ პოლიტიკის პიკი იყო, რა თქმა უნდა, პაქტი ჰიტლერსა და სტალინს შორის, რომელიც დაიდო 1939 წელს. ყველა შეუთანხმებლობა ახსნეს ადვილად რავიონალურ ფორმაში. კომუნისტური განცხადება ამბობდა ,,ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, თანმიმდევრული სოციალისტური პოლიტიკა შეიძლება შევუთავსოთ მკაცრ რეალობას და ყველაზე ზომიერ პრაქტიციზმსაც.”

1920 წელს საბჭოთა პოლიტიკამ გადადგა საბოლოო ნაბიჯი ტრადიციული პოლიტიკისკენ დასავლეთთან მიმართებაში, რის შესახებაც განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი ჩიჩერინმა: ,,შეიძლება არსებობდეს უთანხმოება თვალსაზრისებში, სანამ იარსებებს კაპიტალისტური სისტემა, მაგრამ მანამ არსებობს კაპიტალისტური წყობა, უნდა მოიძებნოს ,,მოდუს ვივენტი”.

ბოლოსდაბოლოს გამოიკვეთა საგარეო პოლიტიკის უმთავრესი ეროვნული ინტერესი. პირველად ამოცანად გახდა გადარჩენა, ხოლო თანაარსებობა - ტაქტიკურ ხერხად. და მაინც სოციალისტური სახელმწიფო აღმოჩნდა ომის საშიშროების წინაშე, როდესაც 1920 წლის აპრილში მას თავს დაესხა პოლონეთი. სანამ დაამარცხებდნენ პოლონელებს, ისინი მივიდნენ კიევამდე, ხოლო როცა წითელი არმია მივიდა ვარშავამდე, საქმეში ჩაერივნენ დასავლეთის მოკავშირეები და მოითხოვეს შეეწყვიტათ თავდასხმა და დაედოთ ზავი. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორდ კერზონმა წინადადება წამოაყენა სასაზღვრო ზოლის შესახებ პოლონეთსა და რუსეთს შორის, რომლის მიღებასაც საბჭოები დათანხმდნენ. მაგრამ უარი თქვა პოლონეთმა, ასე რომ სასაზღვრო ზოლი გაივლო ომამდელ საზღვარზე, რაც იყო უფრო აღმოსავლეთით, ვიდრე კერზონმა შეთავაზა.

პოლონეთმა, ამგვარად, შეძლო ურთიერთობა გაემწვავებინა ორ ისტორიულ მტერთან: გერმანიასთან, რომელსაც წაართვა ზემო სილეზია და ,,პოლონეთის დერეფანი” და საბჭოთა კავშირთან, რომელსაც წაართვა ტერიტორიები აღმოსავლეთით ე.წ. ,,კერზონის ხაზიდან”. როდესაც კვამლი გაიფანტა საბჭოთა კავშირმა ბოლოსდაბოლოს დაინახა, რომ დამთავრდა ომის პერიოდი და რევოლუციების ხანა, თუმცა კი მან დაკარგა მეფის რუსეთის დროს დაპყრობილი ტერიტორიების უმრავლესობა ბალტიკაში, ფინეთში, პოლონეთში, ბესარაბიაში და თურქეთის საზღვართან. 1923 წელს მოსკოვმა კონტროლი განაახლა უკრაინასა და საქართველოზე, რომლებიც განუდგნენ რუსეთის იმპერიას არეულობის დროს.

საკუთარ ქვეყანაში კონტროლის აღსადგენად საბჭოთა კავშირი იძულებული გახდა წასულიყო პრაგმატულ კომპრომისზე რევოლუციურ დაპყრობებსა და რეალპოლიტიკ-ს შორის, მსოფლიო რევოლუციისკენ მოწოდებასა და მშვიდობიან თანაარსებობას შორის. თუმცა საბჭოთა კავშირმა არჩევანი გააკეთა მსოფლიო რევოლუციის გადავადების სასარგებლოდ. ის მაინც უჭერდა მხარს არსებულ წესრიგს. მშვიდობაში კაპიტალისტური ქვეყნების ერთმანეთთან გადაკიდების საშუალებას. კონკრეტულ მიზნად დაისახა გერმანია, რომელიც ყოველთვის წამყვან როლს თამაშობდა საბჭოთა პოლიტიკურ აზროვნებაში. 1920 წლის დეკემბერში ლენინი ასე აღწერდა საბჭოთა სტრატეგიას: ,,ჩვენი არსებობა დამოკიდებულია იმაზე, რომ 1. არსებობს ძირეული განსხვავებები იმპერიალისტურ სახელმწიფოებს შორის და 2. ანტანტის გამარჯვებამ და ვერსალის ხელშეკრულებამ შეუძლებელი გახადა გერმანელი ერის არსებობა. გერმანიის ბურჟუაზიული მთავრობა ვერ იტანს ბოლშევიკებს, მაგრამ საერთაშორისო მდგომარეობა მას უბიძგებს ზავი დადოს საბჭოთა კავშირთან საკუთარი სურვილის წინააღმდეგ.”

გერმანიაც იმავე დასკვნამდე მიდიოდა. საბჭოთა კავშირი-პოლონეთის ომის გენერალი ჰანს ფონ სექტი, ომისშემდგომი გერმანული არმიის არქიტექტორი, წერდა: ,,ახლანდელი პოლონეთი არის ანტანტის შექმნილი. ის შეიქმნა იმიტომ, რომ მოეხდინათ ზეწოლა, რომელსაც ადრე ახორციელებდა რუსეთი გერმანიის აღმოსავლეთ საზღვრებთან. სსრკ-ს ბრძოლა პოლონეთთან დაკავშირებული იყო არა მარტო ამ უკანასკნელთან, არამედ ანტანტასთან - საფრანგეთთან და ბრიტანეთთან. თუ პოლონეთი განადგურდება, ვერსალის ხელშეკრულების მთელი ნაგებობა მტვრად იქცევა. აქედან გამომდინარე, გერმანიას არა აქვს ინტერესი დაეხმაროს პოლონეთს რუსეთთან ბრძოლაში”.ფონ სექტის შეხედულება ამტკიცებდა შიშებს, რომელიც რამდენიმე წლის წინ გამოთქვა ლორდმა ბალფურმა - იმის შესახებ, რომ პოლონეთი გერმანიისა და რუსეთისათვის საერთო მტრად იქცეოდა და მათ შორის ძალთა თანაფარდობას გამორიცხავდა, როგორც ეს იყო მთელი მე-19 საუკუნე. ვერსალის სისტემაში, გერმანია პირისპირ იდგა არა ანტანტასთან (სამთა კავშირთან), არამედ მრავალ ქვეყანასთან, რომლებსაც სხვადასხვა საფეხურზე ჰქონდათ ერთმანეთთან უთანხმოება. ამასთანავე ყველა მათგანს სსრკ ეჭვით უყურებდა, ტერიტორიული უთანხმოებებით რომელიც გავდა გერმანიისას. ორი გამოძევებული აუცილებლად გააერთიანებდა თავიანთ შეურაცხყოფას და ეს მხოლოდ დროის საკითხი იყო.

და 1922 წელს რაპალოში, გენუის მახლობლად, ლოიდ-ჯორჯის ინიციატივით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე წარმოიქმნა ხელსაყრელიო სიტუაცია. ბედის ირონიით, ის შესაძლებელი გახდა რეპარაციების შესახებ მუდმივი დავით, რომელიც გრძერლდებოდა ვერსალის ხელშეკრულების შემდეგ და ასევე გაძლიერდა მას შემდეგ რაც მოკავშირეებმა წარმოადგინეს რეპარაციების კანონპროექტი და გერმანელებმა განაცხადეს, რომ არ შეეძლოთ გადახდა. თუმცა კონფერენციის წარმატებას ხელს უშლიდა ის, რომ ლოიდ-ჯორჯს არ ჰქონდა ძალა და არც სახელმწიფო მდივნის ჯორჯ მარშალის სიბრძნე, რომელიც მოგვიანებით შეძლებს თავისი პროგრამის ნაყოფიერად განხორციელებას. უკანასკნელ მომენტში სათრანგეთმა უარი თქვა დღის წესრიგში რეპარაციების საკითხის შეტანაზე, შიშობდა რა, რომ მასზე მოახდენდნენ ზეწოლას, რომ შეემცირებინა თანხა. ჩანდა, რომ საფრანგეთი ყველაზე მეტად მიისწრაფვოდა საერთაშორისო აღიარებისაკენ მის განუხორციებელ პრეტენზიების კომპრომისთან დაკავშირებით. გერმანიას სურდა რეპარაციების მორატორიუმი. საბჭოები კი შიშობდნენ, რომ ანტანტა შეეცდებოდა სამეფო ვალები შეეერთებინა გერმანული რეპარაციებისთვის და მოითხოვდა საბჭოთა კავშირისგან ამის აღიარებას, მაგრამ მოახდენდა ანაზღაურებას გერმანული რეპარაციების ხარჯზე. ვერსალის ხელშეკრულების 116-ე მუხლი სწორედ ასეთ შესაძლბლობას იძლეოდა.

საბჭოთა ხელისუფლებას სურდა ეღიარებინა სამეფო ვალები არა მეტად, ვიდრე ბრიტანეთისა და საფრანგეთის ფინანსური პრეტენზიები. ასევე არ სურდა, რომ გერმანია მისი მტრების ფართო სიას დამატებოდა, რეპარაციების შეერთების გამო. იმისთვის, რომ ეს საკითხი სსრკ-სთვის ზარალით არ გადაწყვეტილიყო გენუის კონფერენციაზე, მოსკოვმა კონფერნციამდე შეთავაზა გერმანიას დიპლომატიური ურთიერთობა და რომ მათ უარი ეთქვათ ერთმანეთის მიმართ რაიმე პრეტენზიის ქონაზე. მაგრამ გერმანიას არ სურდა ყოფილიყო პირველი ევროპული სახელმწიფო, რომელიც დიპლომატიურ ურთირერთობას დაამყარებდა საბჭოთა კავშირთან და თავი შეიკავა ამ წინადადებაზე. ეს წინადადება გადაიდო მანამ, სანამ გენუის მოვლენებმა არ შეაცვლევინეს მისადმი დამოკიდებულება.

საგარეო საქმეთა მინისტრმა გეორგი ჩიჩერინმა, რომელსაც ღრმად სწამდა ბოლშევიზმის საქმის, გადაწყვიტა გამოეყენებინა შესაძლებლიობები გენუის კონფერენციაზე და რევოლუციური შეხედულებები დაეყენებინა ,,რეალპოლიტიკ”-ის სამსახურში. მან ,,მშვიდობიანი თანაარსებობა” გამოაცხადა ისეთი ტერმინებით, რომ პრაქტიკული თანამშრომლობა დააყენა იდეოლოგიურ მოთხოვნებზე მაღლა:

,,რუსეთის დელეგაცია აღიარებს, რომ ამჟამინდელ ისტორიულ პერიოდში, რომელიც საშუალებას იძლევა პარალელურად არსებობდეს ძველი სოციალური წყობა და ახლადშექმნილი წყობა, აუცილებელია ეკონომიკური თანამშრომლობა სახელმწიფოებს შორის საერთო ეკონომიკური რეკონსტრუქციისთვის.”

ამასთან ჩიჩერინმა შემოიტანა წინასწარ გააზრებული წინადადებები, რათა განხეთქილება გაეღრმავებინა დემოკრატიულ ქვეყნებს შორის. მან შესთავაზა ისეთი დღის წესრიგი, რომლის პრაქტიკულად განხორციელება შეუძლებელი იყო და ასევე შეუძლებელი იყო დემოკრატიული მთავრობების მიერ მისი უგულებელყოფა. ეს დღის წესრიგი მოიცავდა მასობრივი განადგურების იარაღების ლიკვიდაციას, საერთაშორისო ეკონომიკური კონფერენციის მოწყობას და საერთაშორისო კონტროლის დაწესებას საზღვაო გზებზე. ამ წინადადების მიზანი იყო დასავლეთის საზოგადოებრივი აზრის ყურადღების მიქცევა და მოსკოვისთვის მშვიდობისმოყვარული ინტერნაქციონალისტის რეპუტაციის მიცემა, რაც ხალს შეუშლიდა დემოკრატიული ქვეყნების მიერ ანტიკომუნისტური კოალიციის შექმნას.
ჩიჩერინი თავს აუთსაიდერად გრძნობდა გენუაში, ისევე როგორც გერმანიის დელეგაცია. დასავლეთის მოკავშირეები ვერ ხვდებოდნენ, რა ცდუნებაში აგდებდნენ გერმანიას და საბჭოთა კავშირს, როცა ამ ორ უძლიერეს სახელმწქიფოს კონტინენტზე იგნორირებას უკეთებდნენ. სამჯერ უთხრეს უარი გერმანიის კანცლერს და საგარეო საქმეთა მინისტრს ლოიდ-ჯორჯთან შეხვედრაზე. ამავდროულად საფრანგეთი კერძო კონსულტაციებს მართავდა ბრიტანეთთან და საბჭოთა კავშირთან საიდანაც გერმანიას გამორიცხავდნენ. ამ შეხვედრების მიზანი იყო, რომ აღედგინათ მეფის ვალი გერმანიის რეპარაციების გამო - მიზანი, რომელსაც საბჭოელებზე ნაკლებად საეჭვო დიპლომატებიც კი განმარტავდნენ, როგორც მახეს, რათა ძირი გამოეთხარათ გერმანია-სსრკ-ს გაუმჯობესებული კავშირების პერსპექტივისთვის.

კონფერენციის პირველი კვირის ბოლოს გერმანიაც და საბჭოთა კავშირიც შეშფოთებულები იყვნენ იმით, რომ შეიძლებოდა ისინი ერთმანეთისთვის დაეპირისპირებინათ. და მაშინ ჩიჩერინის ერთერთმა თანაშემწემ 1922 წლის 16 აპრილს დარეკა გერმანიის დელეგაციაში ღამით და შეთავაზა შეხვედრა დღის განმავლობაში რაპალოში. გერმანელებმა ენთუზიაზმით მიიღეს ეს წინადადება. საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეადგინეს შეთანხმება, რომლის თანახმადაც გერმანია და საბჭოთა კავშირი ამყარებდნენ დიპლომატიურ ურთიერთობებს, უარს ამბობდნენ პრეტენზიებზე ერთმანეთის მიმართ და ერთმანეთს მიანიჭეს ყველაზე უფრო სასურველი ერის სტატუსი. ლოიდ-ჯორჯმა, რომელმაც დაგვიანებით მიიღო ინფორმაცია ამ შეთანხმების შესახებ, შეეცადა დაკავშირებოდა გერმანიის დელეგაციას და მოეწვია სასაუბროდ. თხოვნა მიუვიდა გერმანიის დელეგაციის ხელმძღვანელს რატენაუს სწორედ მაშინ, როცა ის მიდიოდა საბჭოთა კავშირ-გერმანიის ხელშეკრულებაზე ხელმოსაწერად. ის შეყოყმანდა, მერე წაიჩურჩულა: ,,ღვინო დასხმულია, ის უნდა დაილიოს”.

ერთი წელიც არ გასულა, რომ გერმანია და საბჭოთა კავშირი უკვე აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს საიდუმლოი შეთანხმებაზე სამხედრო და ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ. თუმცა რაპალო შემდგომში იქცა საბჭოთა კავშირ-გერმანიის დაახლოების საშიშროების სიმბოლოდ. ეს მაინც იყო საბედისწერო შემთხვევა, რომელიც გარდაუვალი იყო. შემთხვევითი იყო, რადგან არც ერთი მხარე არ გეგმავდა; გარდაუვალი იყო, რადგანაც დასავლეთის მოკავშირეებმა შეუწყეს ხელი, რომლებიც ცდილობდნენ კონტინენტის ორი უდიდესი სახელმწიფოს გაძევებას, სუსტი, ერთმანეთთან მტრულად განწყობილი ქვეყნებით სარტყლის შექმნით და ამასთანავე სსრკ-სა და გერმანიის გაყოფით. ყველაფერმა ამან შექმნა მიზეზი, რომ გერმანიასა და საბჭოთა კავშირს გადაელახეთ იდეოლოგირი მტრობა და ეთანამშრომლათ ვერსალის ხელშეკრულების შერყევის საკითხში.

თვითონ რაპალოს კონფერენციამ არ გამოიღო მსგავსი შედეგები, სამაგიეროდ გახდა სიმბოლო ინტერსთა ერთიანობის გამარჯვებისა, რომელმაც დაახლოვა საბჭოთა და გერმანიის ლიდერები ომებს შორის პერიოდში. ჯორჯ კენანი ამას მიაწერდა ერთი მხრივ საბჭოთა კავშირის სიჯიუტეს, ნაწილობრივ კი დასავლეთის ქვეყნების ერთიანობის არ არსებობას. აშკარა იყო, რომ დემოკრატიული ქვეყნები იყვნენ ახლომხედველები და გულუბრყვილოები. მაგრამ რადგანაც მათ დაუშვეს შეცდომა და შეადგინეს ვერსალის ხელშეკრულება, მათ სხვა არაფერი დარჩენოდათ გარდა იმისა, რომ წასულიყვნენ უკიდურესი ზომების მიღებაზე.

საბჭოთა-გერმანული თანამშრომლობა შეიძლებოდა გაწონასწორებულიყო ბრიტანეთის და საფრანგეთის თანამშრომლობით ნებისმიერ ამ ქვეყანასთან. თუმცა გერმანიასთან ასეთი მოლაპარაკებებისთვის ალბათ დასათმობი იქნებოდა პოლონეთის საზღვარი გერმანიის სასარგებლოდ და ,,პოლონეთის დერეფნის” გაუქმება. ასეთ ევროპაში საფრანგეთს შეეძლო არ დაეშვა გერმანიის უპირატესობა მხოლოდ ბრიტანეთთან კავშირით, მაგრამ ბრიტანეთი, რა თქმა უნდა, ამ საკთხის განხილვაზე უარს იტყოდა. შესაბამისად საბჭოთა კავშირთან მოლაპარაკების შემთხვევაში უნდა აღედგინათ ,,კერზონის ხაზი”, რაზეც პოლონეთი უარს იტყოდა, საფრანგეთი კი იგნორირებას მოახდენდა. დემოკრატიული ქვეყნები არ აღმოჩნდნენ მზად გადაეხადათ, არც იმისთვის, რომ ეღიარებინათ დილემის არსებობა, თუ როგორ დაეცვათ ვერსალის ხელშეკრულება ისე, რომ არსებითი როლი არ მიენიჭებინათ არც გერმანიისთვის და არც საბჭოთა კავშირისთვის.

და რადგანაც საქმე სწორედ ამაში მდგომარეობდა, არსებობდა ვარიანტი, რომ ორ გიგანტს გაენაწილებინა აღმოსავლეთ ევროპა ნაცვლად ერთმანეთის მოწინააღმდეგე კოალიციის შექმნისა. ასე რომ, ჰიტლერს და სტალინს რჩებოდათ ერთი რამ, არ ეფიქრათ წარსულზე და ძალაუფლებისკენ მისწრაფების გზაზე დაენგრიათ ის სახლი, რომელიც ააშენეს კეთილი განზრახვის მქონე, მაგრამ გაუბედავმა სახელმწიფო მეთაურებმა ომებს შორის პერიოდში.