კურტ ვონეგუტი - სამყაროს აღსასრული

ამ წიგნში სიმართლის მისხალს ვერ ნახავ.

„ფოომას - იმ უვნებელ ტყუილს მისდიე, რაც სამომავლოდ კეთილს, მამაცს, ჯანმრთელსა და ბედნიერს გაგხდის“. ბოკონონის წიგნები, 1:5

გნებავთ, იონა დამიძახეთ. ჩემმა მშობლებმა გადაწყვიტეს ასე - უფრო სწორად, ლამის იყო, ასე გადაწყვიტეს. ბოლოს კი სულაც ჯონი დამარქვეს.

იონა… ჯონი… ის კი არა, სულაც სემი რომ მრქმეოდა, მაინც ხომ იონა ვიქნებოდი - არა იმიტომ, ბიბლიური სეხნიასავით უიღბლობა რომ დამებედა, არამედ იმის გამოისობით, ვიღაც თუ რაღაც ძალა რომ ხან სად ამომაყოფინებდა ხოლმე თავს და ხან - სად. არადა, მიზანიცა და საშუალებაც - უცნაური თუ ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი - თითქოსდა თავისთავად ჩნდებოდა: რაღაც ზეგარდმო ჩანაფიქრის თანახმად, ეს თქვენი მონა-მორჩილი იონა სწორედ იქ და იმწამს აღმოჩნდებოდა ხოლმე, სადაც გაემწესებინათ.

აბა ერთი, ყური დამიგდეთ.

ახალგაზრდობისას, ორი ცოლის გაშვებამდე, 250 000 ღერი სიგარეტის მოწევამდე, 3 000 კვარტი სასმლის მიღებამდე - მოკლედ, როცა ბევრად უფრო ჯეელი გახლდით, მასალის შეგროვებას შევუდექი ერთი წიგნისთვის, რომლის სათაურად “სამყაროს აღსასრული” მქონდა შერჩეული.

წიგნი მომხდარ ამბავს უნდა დაფუძნებოდა.

ანუ იმის ერთგვარი ანგარიში უნდა ყოფილიყო, თუ რა მოიმოქმედეს ცნობადსახიანმა ამერიკელებმა იმ დღეს, როცა პირველი ატომური ბომბი იაპონიის ქალაქ ჰიროშიმას დაეცა.

ჩანაფიქრით, ქრისტიანული წიგნი უნდა დამეწერა - იმხანად ხომ თავადაც ქრისტიანი გახლდით.

ახლა უკვე ბოკონონის მიმდევარი ვარ.

სხვათა შორის, ალბათ მაშინაც ბოკონონისტი ვიქნებოდი, ვინმე რომ გამომჩენოდა ისეთი, ვინც მის ტკბილ-მწარე ლათაიებს მაზიარებდა. ოღონდ ამ მოძღვრებას მაშინ მხოლოდ ქვიშიანი ნაპირებითა და მარჯნის რიფებით შემოსაზღვრულ, კარიბის ზღვის იმ პაწია კუნძულზე იცნობდნენ, სან-ლორენცოს რესპუბლიკად რომ იწოდებოდა.

ჩვენ, ბოკონონის მიმდევრებს, გვწამს, რომ მთელი კაცობრიობა გუნდ-გუნდადაა დანაწევრებული, ხოლო ეს გუნდები ისე აღასრულებენ უზენაესის ნებას, წარმოდგენაც კი არა აქვთ, რას სჩადიან. ბოკონონი ყოველ ამგვარ გუნდს კარასს უწოდებს, ხოლო საშუალება, ანუ კან-კანი, რამაც პირადად მე ჩემთვის განსაზღვრული კარასი მაპოვნინა, სწორედ ის დაუმთავრებელი წიგნი აღმოჩნდა, სავარაუდო სათაურით “სამყაროს აღსასრული”.

ნაწყვეტი კურტ ვონეგუტის რომანიდან - "სარწეველა ფისოსათვის" 
მთარგმნელები ზაზა ჭილაძე, გია ჭუმბურიძე  
დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს წიგნების თარგმნის პროგრამის ფარგლებში