ვუდი ალენი - ნიდელმანის მოსაგონარი

აგერ უკვე თვე იქნება გასული და ჯერ ისევ ძნელი დასაჯერებელია, რომ შანდორ ნიდელმანი ჩვენს შორის აღარაა… მის კრემაციას დავესწარი და მისივე შვილის თხოვნით, ჭირისუფლებს მამალოებიც ბლომად მივუტანე საწუწნად, ოღონდ დანაკარგისაგან მოწევნილი ტკივილი იმდენად დიდი იყო, არც ეს შველოდა.

კარგად მახსოვს, ნიდელმანი ლამის შეპყრობილი გახლდათ საკუთარი დასაფლავების გეგმების დაწყობით და ერთხელ მითხრა კიდეც: “კრემაცია ნამდვილად მირჩევნია დაფლვას, თუმცა ქ-ნ ნიდელმანთან კვირაძალის გატარებას მაინც ორივე ჯობიაო”. საბოლოოდ, მაინც დაწვა არჩია და თავისი ფერფლი ჰაიდელბერგის უნივერსიტეტს უანდერძა, იქ კი პირდაპირი მნიშვნელობით, ქარს გაატანეს და ურნის საფასურად შეტანილი გირაოც უკან დაიბრუნეს.

ახლაც ცოცხალივით მიდგას თვალწინ: დაჭმუჭნილი კოსტუმი, რუხი სვიტერი. მუდამ ფიქრებში წასულს, ხშირად მოსვლია რომ პიჯაკი საკიდიანად მოუცვამს მხრებზე. ერთხელაც - თუ არ ვცდები, პრინსტონის უნივერსიტეტში გამართულ მიღებაზე შენიშვნაც კი მივეცი ამის თაობაზე და მხოლოდ გაიღიმა: “ძალიანაც კარგი - ვისაც ჩემი აზრები არ ეხატება გულზე, იფიქრებენ რომ ბეჭებგანიერი ვინმე ვარ…”. სულ ორიოდე დღის შემდეგ, სტრავინსკის შეხვედრია და შუა საუბარში, არც აცია, არც აცხელა და უკუმალაყს გადავიდა თურმე - ბელვიუს ჰოსპიტალში ამოყო თავი.

საზოგადოდ, იოლი საურთიერთო კაცი არ გახლდათ და მისი კარჩაკეტილობა ბევრს გულცივობის ნიშნადაც კი მიუღია, მაგრამ უნდა გითხრათ, ცოტა ვინმეს თუ შეეძლო ასე გულთან ახლოს მიეტანა მოყვასის გასაჭირი - ერთხელ, როცა ტელევიზორში იხილა რომელიღაც მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგები, მეორე ჩამოტარება ნაყინიც კი ვეღარ დაამთავრა… ზოგ-ზოგს მისი სიტყვაძუნწობა არ მოსდიოდა თვალში, მაგრამ საქმეც ის იყო, რომ ნიდელმანი მეტყველებას მეტად უვარგის საურთიერთობო ხერხად მიიჩნევდა და გულიანი საუბრის წასამართავადაც კი, უბრალო სასიგნალო დროშები ერჩივნა.

როცა კოლუმბიის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან მოუვიდა უთანხმოება და იქიდან გამოაბუნძულეს, ფარდაგების საბერტყი ჯოხი აიღო, რექტორს ჩაუსაფრდა (მაშინ ეს დუაიტ ეიზენჰაუერი გახლდათ) და იმდენი ურტყა, საბრალო ყოფილი გენერალი იძულებული გახდა, სათამაშოების მიმდებარე მაღაზიისათვის შეეფარებინა თავი (თურმე იმაზე შეკამათებულან, ზარი ზოგადად, ლექციის დაწყებას გვამცნობს თუ - დასასრულსო…).

ნიდელმანი მუდამ მშვიდ სიკვდილზე ოცნებობდა. “ჩემსავე წიგნებსა და ხელნაწერებს შორის, ძმა იოჰანივით…” - ხშირად იტყოდა ხოლმე (მისი ძმა იმ დროს გაიგუდა, სეკრეტერში თავშეყოფილი რომ ეძებდა რითმების სიტყვარს).

ვინ იფიქრებდა, თუკი ეს კაცი, შესვენებაზე, რომელიღაც სახლის ნგრევას მიაცქერდებოდა და თვალგაშტერებულს, ბულდოზერი გადაუვლიდა? არა, ღიმილიანი კი მიიცვალა და მისი ბოლო სიტყვების ენიგმა სამუდამოდ ამოუხსნელი დარჩა: “არა, გმადლობთ - ერთი ფრაკი უკვე მიკიდია კარადაში...”.

როგორც ჩვეოდა ხოლმე, ამ უბედური შემთხვევის წინაც ერთბაშად რამდენიმე თემაზე მუშაობდა. ჯერ ეს ერთი, მისსავე საზრისზე დამყარებულ ახალ ეთიკურ პოსტულატებს ქმნიდა, რითაც ამტკიცებდა - “სიკეთე და სამართლიანობა მხოლოდ ზნეობრივი კატეგორიებია, რომელთა ქმნა უბრალო ტელეფონითაც შესაძლებელია” და ასევე, თითქმის გასრულებული ქონდა შრომა სემანტიკის სფეროში, რომლითაც სურდა დაემტკიცებინა - ნებისმიერი წინადადების წყობა იმანენტურია, მაშინ როცა ყმუილი - პირწმინდად გამომუშავებული ჩვევააო. და ბოლოს - კიდევ ერთი წიგნის წერას განაგრძობდა ჰოლოკოსტის შესახებ, ამჯერად - დასურათხატებულის. ნიდელმანი მუდამ თავს იმტვრევდა ბოროტის ფენომენის თაობაზე და ფრიად დამაჯერებლადაც ასაბუთებდა - მისი წყაროსთვალი მხოლოდ და მხოლოდ ბლექისა თუ პიტის გვარის მატარებელი ხალხი შეიძლება იყოსო. თუმცა ისიც ითქვას - ნიდელმანის შეხმატკბილებამ ნაციონალ-სოციალისტებთან, დიდი ყალილა გამოიწვია აკადემიურ წრეებში, თუმცა ვერც ტანვარჯიშისა და ვერც ცეკვის გაკვეთილებმა, საბოლოოდ, მაინც ვერ აათვისებინა სამწყობრო ნაბიჯით სიარული.

ოღონდაც, ნაციზმი მისთვის ხომ უბრალოდ უკურეაქცია გახლდათ, კლასიკურ ფილოსოფიასთან მისივე შეუწყობლობით გამოწვეული: რამდენჯერ, თავადაც უცდია ეს მისივე მეგობრების ტვინებში შეეტენა, მერე კი, უცებ, ცხვირში წაავლებდა ხოლმე მოსაუბრეს თითებს და გაიძახოდა - “ეგეც შენ, ხომ გამოგიჭირე!” საქმეც ეგაა, რომ ვიდრე ჰიტლერის მიმართ მისი დამოკიდებულების განქიქებას მოვყვებით, ჯერ თავად ნიდელმანის ფილოსოფიას უნდა ჩავწვდეთ. აკი იმთავითვე უარყოფდა დღესინდელ ონტოლოგიას და აცხადებდა - ადამიანი მარადისობის გაჩენამდეც არსებობდა, თუნდაც შეზღუდულ შესაძლებლობებიანიო. ის მკვეთრ წყალგამყოფ ხაზს ავლებდა არსობასა და არსებობას შორის და თვლიდა, რომ ერთი მათგანი აშკარად ჯაბნის მეორეს, თუმცა კი ვერაფრით გაეხსენებინა - რომელი რომელს. ასევე, იმასაც ვარაუდობდა - ადამისშვილის თავისუფლება ცხოვრების აბსურდულობის გაგებაში ძევსო. “უფალი დუმს, - ხშირად იტყოდა ხოლმე, - ახლა ერთი იმისათვის მიგვაღწევინა, ადამიანმაც ჩაიგდოს ენა!”

“ჭეშმარიტი მყოფობა, - ირწმუნებოდა ნიდელმანი, - მხოლოდ შაბათ-კვირასაა ხელმისაწვდომი და ისიც იმ შემთხვევაში, თუკი მანქანას იქირავებთ”. მისი თვალსაზრისით, ადამიანი ბუნების “გარე” კი არა, მისსავე “შიგნით” მყოფობს, და საკუთარ არსებობას ვერაფრით მოიხილავს, თუკი ისეთ სახეს არ დააწყობს, თითქოსდა სულ ქინძზე ეკიდოს ყველაფერი, მერე კი - ჰოპლა! - და მყისიერად ოთახის მეორე კუთხეში არ გადაირბენს, თუნდაც ცალი თვალით მაინც რომ შეავლოს მზერა საკუთარ თავს.

ცხოვრების აღსანიშნად ნიდელმანი ერთადერთ ცნებას იყენებდა - Angst Zeit, რაც არცთუ მთლად ზუსტად მოითარგმნება როგორც “დრონი მღელვარებისა”. ადამიანიო - ასე იტყოდა ნიდელმანი - “დრომისჯილი” არსებაა, თუმცა ამ მოცემულ დროში არც არაფერი ფასეული არ ხდება. მრავალჯერადი განსჯისა და მისთვის დამახასიათებელი ინტელექტუალური ღიაობით, ბოლოს იძულებულიც კი გახდა ეღიარებინა რომ ის, როგორც ასეთი, საერთოდ არც არსებობს, არც მისი მეგობარ-ახლობლები უქნია ღმერთს და ერთადერთი ხელშესახები რამ მხოლოდ და მხოლოდ მის მიერვე აღებული 6 მილიონი მარკა ბანკის ვალი გახლდათ. რაღა გასაკვირია, თუკი შიშველი ძალის მქადაგებელი ნაციონალ-სოციალიზმი ეგზომ მიმზიდველი აღმოჩნდა ამგვარი გაქანების მოაზროვნისთვის? „ეს ყავისფერი პერანგები ჩემს თვალების ფერს უხდება კიდეც!“ - უთქვამს ერთხელ, მაგრამ როგორც კი აშკარა გახდა, რას უმზადებდა ნაც-სოცი თავად ნიდელმანს, დაჰკრა ფეხი და მარადმწვანე ბუჩქად შენიღბულმა, მოკლე-მოკლე გადარბენებით, ყველასაგან შეუმჩნევლად გადაკვეთა საზღვარი.

აღსანიშნავია, რომ მთელს ევროპაში, სადაც კი არ უნდა გამოეყო ცხვირი, ნიდელმანს ყველგან აღტაცებით ხვდებოდნენ და ნებისმიერი სტუდენტი თუ ინტელექტუალი პატივად მიითვლიდა, მისთვის დახმარების ხელი გაეწოდებინა. სწორედ დევნილობაში გამოაქვეყნა მან თავისი ცნობილი ნაშრომი „დრო, საზრისი და სინამდვილე: არმყოფობის საკითხის ახალი ხედვა“, რომელსაც თავადვე დაუსართა მშვენიერი პატარა ესსე სახელწოდებით „სად წავიხემსოთ, თუკი მოგვდევენ“. სწორედ ამ ნაწერების გაცნობის მერე გამოიდეს თავი ჰაიმ ვაიცმანმა და მარტინ ბუბერმა - ხელმოწერები შეაგროვეს ნიდელმანისათვის ამერიკაში ემიგრირიების ნებართვის გასაცემად. სამწუხაროდ, მის მიერ არჩეული სასტუმრო იმ დროს გადავსებული გახლდათ, მაგრამ რა ექნა - კუდზე გესტაპოს აგენტები ასხდნენ და ნიდელმანმაც პრაღა დატოვა, პირდაპირ ამერიკისაკენ აიღო გეზი. ოღონდ რეგისტრაციის გავლისას, წონა აღმოაჩნდა ზედმეტი; საქმე გართულდებოდა, იმავე რეისით მიმფრინავ ალბერტ აინშტაინს რომ არ ერჩია - ფეხსაცმელებიდან საფენები ამოაძრე და ყველაფერი კარგად იქნებაო. მას მერე ამ ორ დიდ ადამიანს ერთმანეთთან მიწერ-მოწერა არ შეუწყვეტიათ.

ერთხელაც, ნიდელმანმა აინშტაინისგან შემდეგი შინაარსის უსტარი მიიღო: „კაცმა რომ თქვას, მე და თქვენ ერთსა და იმავე საქმეს ვემსახურებით, ოღონდ ის ვერ გამირკვევია ბოლომდე, თქვენ რას საქმიანობთ...“.

შტატებში ჩამოსვლისთანავე, ნიდელმანი ნებისმიერ საჯარო შეხლა-შემოხლის ეპიცენტრში იმყოფებოდა ხოლმე. სწრაფადვე გამოაქვეყნა თავისი სახედაგდებული წიგნი „არმყოფობა: რა უნდა მოიმოქმედოთ, თუკი ეს თავად შეგემთხვათ?“ და ასევე, უკვე კლასიკად ქცეული მისი შრომა ლინგვისტიკის ფილოსოფიის განხრით: „სიცარიელის ფუნქციონირების სემანტიკური მოდელები“, რომლის მიხედვითაც მერე ფილმიც კი გადაიღეს - „ღამეწაღებულნი“ (რომელმაც, სხვათა შორის, გვარიანი შემოსავალიც მოუტანა კინოკომპანიას).

იმ დროს საყოველთაოდ გამეფებული სულისკვეთების შესაბამისად, ნიდელმანი ჰარვარდიდან მაინც გამოაპანღურეს - კომუნისტების მიმართ მისი გარკვეული სიმპათიების გამო. გრძნობდა, რომ მხოლოდ და მხოლოდ არაეკონომიკური უთანასწორობის პირობებში თუ მიიღწეოდა სრული თავისუფლება და ამის მაგალითად ჭიანჭველების ბუდე მოჰყავდა ხოლმე; ის კი არა, თავადაც საათობით შეეძლო მათზე დაკვირვება ეწარმოებინა და ჩაფიქრებული ბუტბუტებდა ხოლმე: „აი, ვინაა სრულიად გაწონასწორებული, ბატონო ჩემო! მდედრებიც რომ ცოტა უფრო შესახედავი ექნა ღმერთს, მათ ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა...“. საინტერესოა, რომ როცა ნიდელმანი კონგრესში დაიბარეს, ანტიამერიკული ქმედებების კომისიის სხდომაზე, სულ წვრილად ჩამოფქვა ყველაფერი და სახელებიც ბლომად დაუსარტა. შემდგომში, მეგობრებისა თუ კოლეგების თანდასწრებით, ასე ხსნიდა თავის ქცევას: „ამდენჯერ მითქვამს და ახლაც იგივეს გავიმეორებ, რომ პოლიტიკურ ქმედებებს არანაირი მომყოლი ზნეობრივი შედეგები არ ახლავს, რაკიღა ეს ყველაფერი ჭეშმარიტი რეალობის მიღმა ხდება!“ აკადემიურმა წრეებმა პირში წყალი ჩაიგუბეს და მხოლოდ კარგა ხნის მერეღა ამოიდგეს ენა - კუპრსა და ბუმბულში არ ამოუვლიათ საბრალო მეცნიერი, თორემ სიტყვით არც არაფერი დააკლეს. სხვათა შორის, საყურადღებოა რომ ნიდელმანმა იგივე დასაბუთება გამოიყენა თავისუფალი სიყვარულის თემაზე, თავის ორ სტუდენტ გოგონასთან საუბარში, რის შედეგადაც ერთმა მათგანმა, ჯერ თექვსმეტი რომ არ შესრულებოდა, დეკანატშიც კი უჩივლა.

ნიდელმანი მუდამ თავგამოდებით იბრძოდა ბირთვული გამოცდების წინააღმდეგ და ერთხელაც პირადად გაფრინდა ლოს-ალმოსში, რათა სტუდენტების მთელ ჯგუფთან ერთად, ფეხიც არ მოეცვალა დეგეგმილი აფეთქების ადგილიდან. მაგრამ როცა დრო მოახლოვდა, ხოლო ცდის გადადებას, აშკარად არავინ ეპირებოდა, თვითმხილველთა და თვითგამომგონეთა თქმით, ნიდელმანმა ერთი კი წაიბურტყუნა - ვაი ჩემს თავსო! და უკანმოუხედავად მოკურცხლა. ერთი ეგაა, რომ იმ დღეს მას თურმე ხემსი არ ჩაედო პირში.

ყველას კარგად გვახსოვს საზოგადოებაში გამოსული ნიდელმანი - სანდომიანი გარეგნობის, მუდამ მომღიმარი მამაკაცი, სახელგანთქმულ „მოდელების წყობათა“ ავტორი... ოღონდ იყო კიდევ სხვანაირი ნიდელმანიც, რომელსაც სიკვდილის დღემდე მუდამ ტკბილად გავიხსენებ ხოლმე - ბებერი შანდრო ნიდელმანი, ქუდს რომ არასოდეს იხდიდა თავიდან. ჭკუას კარგავდა ქუდებზე. ბოლოს და ბოლოს, სულაც ქუდითვე დაწვეს კრემატორიუმში. ალბათ, პირველი შემთხვევა თუ იყო ეგეთი. და დისნეის ფილმები როგორ უყვარდა! არადა, ანიმაციის ტექნიკის მაქს პლანკისეული, შეიძლება ითქვას, უნაკლო ახსნის მიუხედავად, არც არასოდეს დაუკარგავს იმედი, ოდესმე მიკი მაუსის მეუღლეს - მინი მაუსსაც გავიცნობო.

უნდა გითხრათ, მხოლოდ ერთი გარკვეული ჯიშის თევზს სწყალობდა - თინუსს, და ამიტომაც, როცა ვიცოდი, რომ მე უნდა მწვეოდა სტუმრად, მაცივარს მისი საყვარელი თევზის კონსერვებით გამოვტენიდი ხოლმე. თავად ძაან ერიდებოდა თავისი ამ სისუსტის აღიარება, მაგრამ ერთხელ, როცა ეგონა, მარტო ვარ სამზარეულოშიო, დავინახე როგორ ხსნიდა სათითაოდ და ისიც გავიგონე, როგორ ჩიფჩიფებდა: ყველა ჩემი შვილები ხართო...

ერთხელაც, მილანში ყოფნისას, მე და ნიდელმანი, ჩემს ქალიშვილთან ერთად წავედით ოპერაში. ის კიდე (ნიდელმანს ვგულისხმობ, რასაკვირველია) ლოჟის მოაჯირზე გადაეკიდა ვიღაცის მისასალმებლად და საორკესტრო ორმოში კი მოადინა ზღართანი! მეტისმეტად ამაყი გახლდათ, რათა თავად ეღიარებინა - სისულელე მომივიდაო, ამიტომაც მთელი თვის განმავლობაში, ყოველდღე დაიარებოდა იქ და ერთი და იმავე ლოჟიდან ენარცხებოდა ძირს. საბოლოოდ, როცა ტვინის შერყევა (მართალია, მსუბუქი) დაუდგინეს, პირდაპირ ვუთხარი - გეყოფა, შენი ხომ დაამტკიცე-მეთქი. „ერთხელ კიდევ, რა... - შემეხვეწა, - ახლაღა გავუგე ნამდვილი გემო!“

მისი სამოცდაათი წლისთავის აღსანიშნავად მოწყობილი საღამო მახსენდება: მეუღლემ პიჟამა აჩუქა, ოღონდ კაცს სახეზე დაეწერა იმედგაცრუება - აშკარად ახალი კადილაკის იმედზე იყო. და მაინც, იხტიბარი არ გაიტეხა - კაბინეტში გავიდა, საკუთარი აღშფოთება იქვე, სხვების დაუსწრებლად ჩაიქრო და მერე, უკვე ახალთახალ პიჟამაში გამოწყობილი გამოეცხადა სტუმრებს. ამაშიც კი ჩანს ამ დიდბუნებოვანი ადამიანის პირადი სიდიადე. ის კი არა, არაბალი ორი მოკლე პიესის პრემიერაზეც სწორედ ამ სამოსში მოევლინა საზოგადოებას.

მთარგმნელი გია ჭუმბურიძე