Tuesday, March 31, 2015

მილორად პავიჩი - რომანი როგორც სახელმწიფო

ცოტა რამ ჩემზე და ჩემს „ხაზარულ სიტყვისკონაზე“

რაც მწერალი ვარ, უკვე ორ ათეულ წელიწადზე მეტია, შორეულ 1766 წელს ერთ-ერთმა პავიჩმა ბუდიმში თავის ლექსთა კრებული გამოსცა და იმ დროიდან ჩვენს თავს ლიტერატურულ დინასტიად მივიჩნევთ.

დავიბადე 1929 წელს სამოთხის ოთხი მდინარიდან ერთ-ერთის ნაპირას დილის 8 საათსა და 30 წუთზე სასწორის ნიშნით (მორიელის ნიშნის დებით), აცტეკთა ჰოროსკოპით კი გველი ვარ.

პირველად ბომბები რომ დამაცვივდა თავზე, 12 წლისა ვიყავი. მეორედ 15 წლისა მოვყევი ბომბების თავსხმაში. ამ ორი დაბომბვის შუა მოქცეულს მეწვია პირველი სიყვარული და ოკუპირებულ მიწა-წყალზე იძულებული გავხდი, მესწავლა გერმანული. იმავე დროს ინგლისურს ჩუმად მასწავლიდა მავანი ბატონი, რომელიც სურნელოვანი თამბაქოთი დატენილ ჩიბუხს ეწეოდა და მაინცდამაინც კარგი ინგლისურით ვერ მეტყველებდა. სწორედ მაშინ დამავიწყდა პირველად ფრანგული ენა (შემდგომ კიდევ ორჯერ დამავიწყდა). ბოლოს, როცა ერთხელ ინგლისელები და ამერიკელები ერთად გვბომბავდნენ და თავის საშველად ძაღლების საწვრთნელ სკოლაში შევვარდი, ერთ რუს ემიგრანტს გადავეყარე, მეფის არმიის ოფიცერს, რომელმაც შემდგომ რუსული ენის სწავლება დამიწყო და გაკვეთილებისთვის ფეტისა და ტიუტჩევის ლექსთა კრებულებს იყენებდა. სხვა რუსული წიგნები ხელთ არცრა ჰქონდა. დღევანდელი გადასახედიდან ვფიქრობ, უხოური ენების სწავლისას სულში, ალბათ, ზღაპრული რამ მაქცია-ნადირი თუ მყავდა-მეთქი ჩასახლებული, რადგან ჩემდა უნებურად ხან რად გადავიქცეოდი ხოლმე და ხან რად.

სიყვარულით ორი იოანე მიყვარდა - იოანე დამასკინი და იოანე ოქროპირი (ქრიზოსტომი). ჩემს წიგნებში უფრო ხშირად ვხვდებოდი სიყვარულს, ვიდრე ცხოვრებაში. თუ სათვალავში არ ჩავაგდებთ ერთ გამონაკლისს, რომელიც დღემდის გრძელდება. როცა კი მეძინა, ღამე მუდამ ტკბილად მეკვროდა ორსავე ლოყაზე.

მე, როგორც უმკითხველო მწერალი, ჩემს ქვეყანაში ყველაზე ნაკლებად ვიყავი ცნობილი 1984 წლამდე, როცა უცებ ერთ დღეში გავხდი ყველაზე უფრო უხვმკითხველიანი და ცნობილი. პირველი რომანი სიტყვისკონის სახით დავწერე, მეორე - კროსვორდის სახით, მესამე - კლეპსიდრის სახით და მეოთხე - როგორც ტაროს ბანქოთი მკითხაობის სახელმძღვანელო. მეხუთი ასტროლოგიური ცნობარი იყო საქმეში ჩაუხედავთათვის. მუდამ ვცდილობდი, რომ ჩემს რომანებს რაც შეიძლება ნაკლებად დასტყდომოდათ ჩემგნა ხელის შესლა. ჩემის ფიქრით, კობოსი არ იყოს, რომანიც თავის მეტასტაზების ხარჯზე ცხოვრობს და იმათით იკვებება. დროის გასვლასთან ერთად სულ უფრო ნაკლებად ვგრძნობ თავს უკვე დაწერილი ჩემი წიგნების მწერლად და უფრო მეტად თავს სხვა, მომავალში დასაწერ ან, უფრო სწორად, იმ წიგნების მწერლად მივიჩნევ, რომელთაც დაწერა არ უწერიათ.

ჩემდა დიდ გასაკვირად, ამჟამად ჩემი წიგნები თითქმის ას სხვადასხვა ენაზეა თარგმნილი. ერთი სიტყვით, ბიოგრაფია არ გამაჩნია. მაქვს მხოლოდ ბიბლიოგრაფია. საფრანგეთისა და ესპანეთის კრიტიკოსებმა XXI საუკუნის პირველი მწერალი მიწოდეს, თუმცა XX საუკუნეში ვცხოვრობდი, ანუ იმ დროში, როცა არა ბრალი და დანაშაული, არამედ უდანაშაულობა უნდა დაგემტკიცებინა.

ცხოვრებაში ყველაზე მეტად გული მაშინ გამტეხია, როცა კი გამიმარჯვია. გამარჯვება ვერცროდის ამართლებს თავის თავს. მოკვლით არასოდეს არავინ მომიკლავს. მე კი ბევრჯერ მოვუკლავარ, სიკვდილამდე ბევრად ადრე. ჩემი წიგნები უკეთეს ბედში იქნებოდნენ, უკეთუ ვინმე თურქი ანდა გერმანელი დაწერდა. მე კი ყველაზე საძულველი ხალხის - სერბი ხალხის ყველაზე ცნობილი მწერალი ვიყავი.

ახალი ათასწლეული ჩემთვის 1999 წელს დაიწყო (სამი გადაბრუნებული ექვსიანი) ჩემს ცხოვრებაში მესამე დაბომბვით, როცა ჩრდილოატლანტიკური ბლოკის თვითმფრინავებმა ბომბები დაუშინეს ბელგრადს, სერბეთს. იმიერიდან დუნაი - მდინარე, რომლის ნაპირზეც ვცხოვრობ, არასანაოსნო გახდა.

XXI საუკუნეში თეატრალური ფიცარნაგით შევედი. პალინდრომულ 2002 წელს რეჟისორმა ვლადიმერ პეტროვმა ჩეხოვის თეატრში ჩემი „თეატრალური მენიუ მარადიულობისა და კიდევ ერთი დღისთვის“ დადგმით „მოსკოვში პირველი ინტერაქტიული მერცხალი შეაფრინა და უბრძოლველად დაიპყრო რუსული დედაქალაქი“. იმავე წელს ტომაჟ პანდურმა გოდოლის კონსტრუქცია ააგო, რომელშიც 365 დასაჯდომი ადგილი განალაგა, მერე ეს გოდოლი შაპიტოს ცირკად გამოიყენა და ბელგრადსა და ლუბლიანაში „ხაზარული სიტყვისკონა“ წარმოადგინა, მაყურებლის თვალწინ სიტყვა ხორცად აქცია და წყალი - დროდ. 2003 წელს პეტერბურგელებმა ერთ-ერთ თავიანთ აკადემიურ თეატრში ნახეს ჩემი პიესა „კაცობრიობის მოკლე ისტორია“, რომლის პრემიერით ქალაქი თავისი დაარსების სამასი წლისთავის საიუბილეო თეთრ ღამეებს შეხვდა.

საერთოდ თამამად შემიძლია იმის თქმა, რომ მე სიცოცხლეშივე ვეწიე ყოველსავე, რასაც ბევრი მწერალი მხოლოდ სიკვდილის შემდგომ ეღირსება ხოლმე. მწერლობის სიხარულთან ერთად ღმერთმა თვისი წყალობის კალთაც უხვად დამაბერტყა, მაგრამ თან დამსაჯა. ალბათ, ამ სიხარულის გულისთვის.

ახლა საქმესთან უფრო ახლოს მივალ... რომანი იგივე სახელმწიფოა. თავისი მოსახლეობა ჰყავს, თავისი კანონები აქვს, თავის ფულს ატრიალებს, რომელსაც ქვეყნის გარეთაც აქვს ან არა აქვს გასავალი. რომანს თავისი ნაპირები, თავისი საზღვრები, თავისი ომი, თავისი მშვიდობა და თავისი დრო აქვს, რომელი დროც გრინვიჩით გაზომვის სისტემას არ ექვემდებარება. რომანს თავისი ჰავა აქვს, ზღვის დონიდან თავისი სიმაღლე აქვს, თავისი დაბლობები აქვს (ზღვის დონის დაბლა მდებარე ნაწილები) და თავისი მეზობლები ჰყვანან. აქვს აგრეთვე თავისი ეკონომიკა, კარგი ან ცუდი, და ძალუძს ან არ ძალუძს თავის მოქალაქეთა გამოკვება. რომანს, როგორც ყველა სახელმწიფოს მსოფლიოში, აქვს თავისი ენა, რომელიც ესმით ან არ ესმით იმის საზღვრებს გარეთ მყოფ ადამიანებს. რომანს ჰყავს თავისი უცნობი ჯარისკაცები, აქვს თავისი მშიერი და მაძღარი წლები, თავისი ღარიბი მხარეები და თავისი ჭირნახულიანი ხოდაბუჭურ-ხოდაბუნები. არ შეიძლება რომ სახელმწიფო არ დაქვეითდეს და არ დაკნინდეს, უკეთუ იქ კარგად ისინი ცხოვრობენ, ვინც ანგრევს იმ თავის სახელმწიფოს, ხოლო ცუდად ისინი არიან, ვინც ძირს უმაგრებს იმავე ქვეყანა-სახელმწიფოს. იგივე ამბავია რომანის თავსაც. რომანს აქვს თავისი დიპლომატიური სამსახური, აქვს ექსპორტი და იმპორტი. უკეთუ რომანს თავისი ქვეყნიდან გაპარვა უნდა, საზღვრების გადასაკვეთად მრავალი უცხოური ვიზა თუ არ გაიჩალიჩა, მაინცდამაინც შორს ვერ წავა.

სახლს, კარგად მოგეხსენებათ, საძირკვლიდან აშენებენ, რომანს - სახურავიდან. ეს უკუპერსპექტივა იმის მაჩვენებელია, რომ რომანი კირჩხიბის ნიშნით იბადება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, იგი თავისი მეტასტაზების ხარჯზე ცხოვრობს და იმათით იკვებება. გულისყურიანი მკითხვე უთუოდ შეამჩნევს ზოგიერთ რასმე განმეორებას აქაც და სხვა წიგნებშიც. ეს განმეორებანი იმით უნდა ავხსნათ, რომ ყოველი რამ ორჯერ უნდა ითქვას, რათა ერთხელ მაინც გაიგონონ...

სახელმწიფოს აქვს თავისი ენა, ენას კი თავისი გრამატიკა. თავისი ენა და გრამატიკა აქვს რომანსაც. რომანს, როგორც რომ სახელმწიფოს, აქვს აგრეთვე თავისი გეოგრაფიული რუკა. ეს არის რომანის ენათა რუკა. აქ მნიშვნელოვან როლს ასრულებს წარმოშობა. არიან „ჯიშიანი“ სახელმწიფოები, წარმოშობით დიდებულნი და უძველესნი, და არიან, ღვინის ქინქლისა, ანუ ბურნისა არ იყოს, ერთი სეზონისთვის გაჩენილი სახელმწიფოები... სხვა სიტყვებით თუ გამოვთქვამთ ჩვენს აზრს, ჰეგელის კვალდაკვალ შეგვიძლია იმის მტკიცება, რომ ადამიანთა საზოგადოებაში არის ორი „ობიექტური ძალა“ - სახელმწიფო და ოჯახი. რომანიც მუდამ რომელსამე ოჯახს ეკუთვნის. რომანს თავისი მამაცა ჰყავს და თავისი დედაც. მაგრამ უდედმამო, ობოლი რომანიც არის, სხვისად მიგდებული. Enfant terrible. სახელმწიფოს მსგავსად ისიც შეიძლება რომ თავის გვარტომს მიეთვლებოდეს ანდა სულაც ნაგერალი იყოს, დაუთესლად მოსული. ან იქნებ ჩალისფასიანი მეძავი ინყოს, ანდა დიდფასიანი დიაცი. კარგადაც შეიძლება რომ ეცვას და ცუდადაც. იქნებ არც თვისი მოდგმისა და საგვარეულოს ღალატი გაუჭირდეს, რამეთუ თავისი ცხოვრების სხვადასხვა ჟამს (სახელმწიფოსი არ იყოს) ადამიანი თავის წინაპართ ემსგავსება, როგორც რომ მამაკაცთ, ისე დედაკაცთ, მაგრამ რომელიღაც დროს ის ანაზდად ჯერეთ კიდევ დაუბადებელი თავისი შვილთაშვილის ალი-კვალი ხდება, რომელ შვილთაშვილსაც ვერცროდის მოიხილავს. ჩვენ არც ჩვენს შორეულ წინაპართ ვიცნობთ და არც შთამომავალთ და ზუსტად ასევე არ ვიცნობთ არც რომანის წინაპართ და შთამომავალთ. რომანთ კი არა მარტო თავიანთი წინამორბედნი, არამედ თავიანთი შთამომავლობაც, თავიანთი ძე-ასულნი, თავიანთი შვილთაშვილის შვილნი ჰყვანან.

წიგნთათვის სასიცოცხლო კავშირის გამბმელი ენაა, რომელიც სახელმწიფოში არსებული კანონის მსგავსია, მაგრამ ამავე დროს კანონიცა და ენაც ძალზე პირობითად უნდა გავიგოთ და როგორც ერთში, ისე მეორეში უწინარესად ის აზრი უნდა ვიგულისხმოთ, თავისი რიტმისა და ხმის ცვლა რომ შეუძლია და ამ რიტმთან და ხმასთან ერთად თვითონაც რომ იცვლება.

და დროსა და სივრცეში რიტმის, აზრისა და ხმის ეს ცვლა, ყველა ის გარდაქმნა, რაც თაობიდან თაობაში ერთსა და იმავე ენაში ანდა ერთი ენიდან მეორეში გადასვლისას ხდება, სუყოველი ლიტერატურული ნაწარმოების, სუყოველი სიტყვაკაზმული ქმნილების ბედსა და სიღრმისეულ ბუნებას წარმოსახავს. თუკი დერეკ ვოლკოტს უარვყოფთ, მაშინ შეიძლება იმის მტკიცება, რომ ნაწერი, გინდ ტექსტი თქვი, ფონეტიკური სხეულის მარტოოდენ ჩრდილია. მხატვრული ნაწარმოები რიტმია, რომელიც ჟამთა ცვლაში და ახალ-ახალ თარგმანთა კვალდაკვალ სულ უფრო და უფრო შორდება ავტორს. ამ დაშორებას იწვევს თარგმანის უზუსტობა და ტექსტის არასწორი გაგება, აგრეთვე ის გარემოება, რომ თითოეულ მკითხველს ტექსტში რაღაც თავისი შეაქვს და ეს მკითხველის პირადი წვლილი მსოფლიო მწერლობის უზარმაზარ ვირტუალურ დარგს წარმოადგენს.

ბარემ აქვე დავძენ იმასაც, რომ მხოლოდ ცუდი ნაწარმოებები ვერ უძლებენ სუსტი თარგმანებით გამოცდას, ვერ იტანენ რიტმის ცვლას, როგორც ერთი ენიდან მეორე ენაში, ისე ერთი საუკუნიდან მეორე საუკუნეში გადაიტანს. გარკვეული აზრით, უკეთუ რომანმა თავისი დამოუკიდებელი ცხოვრებით დაიწყო სიცოცხლე, უკეთუ „ყველას ყურზე აკერია“, მან აუცილებლად უნდა უღალატოს თავის ავტორსაც და იმ ენასაც, რომელზედაც დაწერილია. „ხაზარული სიტყვისკონა“ არა მარტო სივრცეში მემანძილება, რამეთუ სულ უფრო ცხრამთასიქითურ ენებზე თარგმნიან, როგორიც, მაგალითად ჩინური, იაპონური ანდა კორეულია, არამედ დროშიც მშორდება - თანდათან სულ უფრო ნაკლებად მეკუთვნის მე და სულ უფრო მეტად ახალ თაობათა კუთვნილება ხდება, იმათ ენასა და მოლოდინს ენაქვსება, სულ მეტად და მეტად იქცევა იმ მხატვრულ ნაწარმოებად, რომლებიც „ხაზარული სიტყვისკონისა“ და „ჩაითი დახატული პეიზაჟის“ ავტორად, ვიდრე გუშინ ვგრძნობდი, და კიდევ უფრო ბევრად ნაკლებად ვგრძნობ, ვიდრე მაშინ, როცა ამ რომანებს ვწერდი. გარდა ამისა, უკეთუ ახალი წიგნის დაწერას აპირებ, წინა უნდა დაივიწყო. აი, რატომ არის, რომ სულ უფრო ნაკებად ვარ ჩემი წიგნების მწერალი, და ის დღეც მოვა, როცა საერთოდ აღარც ვიგრძნობ თავს ამ ჩემი წიგნების დამწერად, რამეთუ ბევრად უფრო შორს ვიქნები ჩემეულინაწარმოებთაგან, ვიდრე რომელიც გნებავთ ჩემი მკითხველი. ვგონებ, ეს ძალიან კარგი ამბავია, და აკი მახარებს კიდეც.

სახელმწიფოს ჰყავს თავისი დამფუძნებელი, დამსაძირკვებელი. ის რომანსაც ჰყავს. მწერალზე მოგახსენებთ. მწერალი იქნებ ბრძენიც იყოს, მაგრამ ნიჭს მოკლებული. ან იქნებ სულელიც იყოს, მაგრამ ნიჭიერი. ეს ერთ-ერთი ყველაზე უარესი ვარიანტია. მწერალს თავისი სახელიც შეიძლება რომ ერქვას და სხვისიც, ანუ თიკუნს იყოს ამოფარებული.

რომანის წერისას სუყველა მწერალი ორ კრიზისს განიცდის. სამუშაოს თავსა და ბოლოში. პირველი კრიზისი მაშინ დგება, როცა ეს- ეს არის ხელი მიჰყავით რომანს, როცა სიუჟეტი ფრთების გაშლას იწყებს. როცა ის თავთან უფრო ახლოა, ვიდრე ბოლოსთან. რომანი ჯერეთ არ მომწიფებულა, არ იცის, როგორ გაგრძელდება, საით წავა ხვალ. ეგ არც თქვენ იცით. რომანი ფეხდაფეხ ვერ მოგდევთ, ერთი სული გაქვთ, სანამ სუყველა თქვენს აზრს რომანში გადაიტანდეთ, ის კი ჯერეთ ამორფულია, სიჩქარე არ განუვითარებია, ძალა არ მოუკრებია, ის მხოლოდ ამუხრუჭებს თქვენს მოძრაობას. სიზიფესი არ იყოს, თავის ლოდ-საგორავს ისიც მთის წვერისკენ მიაგორებს. იმჟამად ის თავის შემქნელზე გონიერია. აგრეა, ხან ჩვენი შვიელბიც აკი ჩვენზე ბევრად ჭკვიანები არიან. ნამდვილად აჯობებს, თუ ავტორი თავს აიძულებს და ყურს მიუგდებს რომანს, მაგრამ ეს ფრიად ძნელი საქმეა...

მეორე კრიზისი „აპოგეის“ შემდეგ დგება, როცა მთის წვერზე მოქცეული რომანი მოწყდება და მთის მეორე ფერდობზე დაქანდება. აწ უკვე თქვენ ვეღარ მისდევთ ფეხდაფეხ, დაღლილ-დაქანცული ხართ, გასავათებული, მაგრამ არ შეგიძლიათ შეჩერება და შესვენება, რამეთუ თქვენი რომანი ერთ ადგილზე არა დგას. თავისით მიიწევს წინ და ღმერთმა უწყის, სად გადიჩეხება. ამჯერად ის ჟამი დგას, როცა რომანი თავის შემქმნელზე ძლიერი გახდა და მწერალმა მთელი ძალ-ღონე უნდა მოიკრიბოს, რათა გაუძლოს და ზედ არ გადაიტაროს თავისი ქმნილება. უკეთუ ამას მოახერხებთ, რომანს გადაარჩენთ, ოღონდ ბოლოსა და ბოლოს ლოგინად ჩავარდებით და თითქმის მთელი ერთი წელიწადი იავადებთ. მსგავს მდგომარეობაშია ადამიანი სასიყვარულო პაემნის შემდეგ, და პუშკინმა ეს მდგომარეობა იმ ლექსში აღწერა, „ევგენი ონეგინზე“ მუშაობის დამთავრების ღამეს რომ შეთხზა.

უკეთუ ბედმა გაგიღიმათ, რომანი თქვენზე მეტ ხანს იცოცხლებს, ხოლო იმისი სახელწოდება თქვენი სახელის სიკვდილს მოესწრება. ამ ამბავმა არ უნდა შეგაშფოთოთ. ყოვლის უფრო სახელგანსმენელი ფერმწერალნი, ფრესკებს რომ წერდნენ, და ყოვლის უფრო განთქმული მესაროთენი, ანუ მოზაიკის ოსტატნი, თავიანთ ქმნილებებს ხელს არ აწერდნენ. ბორხესი მონატრებული იყო, რომ იმისი მოთხრობები დაეხსომებინათ და არა იმ მოთხრობების ავტორი.

ჩემი სამწერლო გამოცდილება ორი ასწლეულის და ორი ათასწლეულის მიჯნაზე მოწმობს, რომ სულ სხვადასხვაგვარად მომიხსენიებდნენ ჯერეთ კიდევ სიცოცხლეში. ჩემს წიგნებს ხან რა სახელი შეარქვეს, ხან რა როგორც ინგლისურენოვან დასავლეთში, ისე გერმანიაში: „ელექტრონული მოდერნიზმი“ (R. Coover. L. Olsen If cdt.b). საფრანგეთსა და ესპანეთში „XXI საუკუნის პირველი მწერალი“ მიწოდეს, ხოლო ამ ქვეყნების თანამედროვე ლიტერატურის თეორეტიკოსებმა მიმაკუთვნეს la literature a contrainte-ს, ანუ წარსულისა და აწმყოს იმ ავტორებს, რომლებიც საკუთარ სავალს ქმნიან და ახალ ლიტერატურულ მომავალს უკაფავენ გზას (B. Schiavetta და ჟურნალი “Formule”). რუსეთში ჩემი წიგნები „პოსტგუტენბერგულ სამყაროს“ მიათვალეს (ა. გენისი) და დაახასიათეს როგორც „მაგიური კონცეპტუალიზმი“ (მ. ეპსტეინი).

რა ვქნა, გინდა ქოთანიც დამარქვან, ოღონდ ქურაში ნუ შემსვამენ.

თუ არ მეშლება, 1979 წლის გაზაფხულის დილა იყო. მზე ეღვრებოდა საქაღალდის ფურცელი გავშალე. თითოეულზე იმ წიგნის 47 სიტყვა-სტატიისა თუ თავის ერთ-ერთი სახელწოდება ეწერა, რომელსაც მაშინ ვწერდი. წიგნს უკვე ჰქონდა სახელი, „ხაზარული სიტყვისკონა“ ერქვა. ოთახში ერთ-ერთი ჩემი ვაჟიშვილი შემოვიდა და მკითხა:

- რას აკეთებ, მამა?

მართალი გითხრათ, არ ვიცოდი, რა უნდა მეპასუხა. იმხანად კომპიუტერი საყოველთაოდ არ იყო შემოსული, არც ჩვენ გვქონდა ოჯახში. მე კი  ისეთი რამ დავწერე, რის წაკითხვაც მოსახერხებელი იქნებოდა კომპიუტერული კლავიატურის წყალობით. დღეს ვინც ასეთ არახაზობრივ ტექსტებს წერს, ელექტრონულ მწერლებს უწოდებენ. ზოგიერთი ჩემი ნაწარმოების და გამო იმათ რიცხვს ვეკუთვნი მეც.

საქმის არსი ის არის, რომ კითხვის ჩვენი ხერხი, რომელსაც ათასწლეულთა მანძილზე იყენებდნენ, უკვე რამდენადმე მოძველებულია და შეიძლება რომ შეიცვალოს კიდეც. ამისთვის მწერალმა თავისი სამუშაოს ნაწილი მკითხველს უნდა დაუთმოს და ლიტერატურული ნაწარმოების შექმნის პროცესის უფრო სრულუფლებიანი მონაწილე გახადოს.

მკითხველს საშუალება უნდა მივცეთ, რომ თავად გაიკვლიოს გზა რომანში, ლექსსა თუ მოთხრობაში, რომელთა შინაარსიც იმისდა მიხედვით შეიძლება რომ შეიცვალოს, კითხვის რა რუკასაც აირჩევს იგ. ლიტერატურის თეორია ამ პროცესს დღეს სხვადასხვა სახელს არქმევს (hypertext ..., ამასთანავე, უკანასკნელ ფრანგულ ტერმინს ბევრად ფართო მნიშვნელობა აქვს).

ოღონდ, ვისაც რომანის კითხვის ხერხის შეცვლა უნდა, იმან რომანის დაწერის ხერხიც უნდა შეცვალოს. საჭიროა ისეთი ნაწარმოებების შექმნა, რომელსაც გამოვიყენებდით როგორც ინტერაქტიულ პროზას. ეს კი მოითხოვს რომანისა თუ მოთხრობის დაწერის სრულიად სხვა, ახალ ტექნიკას, რომელიც წინასწარ ითვალისწინებს და უზრუნველყოფს ათასგვარ სავალ ბილიკს ნაწარმოების კითხვისას. ხაზობრივ სამწერლობო ენაზე უაარის თქმით თითქოს სიზმრებისა და ცნობიერების ნაკადის ჩვენთვის ცნობილ მექანიზმს ვუბრუნდებით და კიდევ ზეპირსიტყვიერებას. ხაზობრივნი არ არიან არც ადამიანის სიზმრები და არც აზრები, ისინი ფუთფუთებენ, სულ სხვადასხვა მხარეს იტოტებიან, სუყველანი ერთჟამიერად არსებობენ და ამისდა წყალობით ბევრად უფრო მსჭვალავენ ცხოვრებას და იმსჭვალებიან ცხოვრებით, ვინემ რომელიც გნებავთ ფრაზა. ამას საკუთარი გამოცდილება მალაპარაკებს, რათა ჩემს მხატვრულ ნაწარმოებებში აზრები და სიზმრები ამესახა, ჩვენი ენის გარდაქმნა გადავწყვიტე, რომელშიც სიტყვები, როგორც რომ ყვავები მავთულებზე, ერთიმეორის მიყოლებით, არახაზობრივ ფენომენად ჩამწკრივებულან. ეს ამბავი მარტო მე არ მომსვლია თავში. აღმოჩნდა, რომ კითხვის ახალი ტექნიკის გამოყენება ყველაზე უფრო წარმატებულად შეიძლებოდა კომპიუტერულ სამყაროში, სადაც დისკებზე თუ ინტერნეტში აღბეჭდილი ტექსტები მონიტორებიდან იკითხება. მკითხველი მინიშნებულ ადგილას თითს აჭერს კლავიშს, სასრუველს ირჩევს და თავად როგორც სურს, ისე უცვლის გეზს თვის ნაირ-ნაირ ლიტერატურულ თავგადანახადსა თუ თავგადანაყარს.

პოსტმოდერნიზმის ლიტერატურის ხსენებული მიმართულების ისტორიას არ ჩავუღრმავდები, ამ დარგში მხოლოდ ჩემს მწერლურ გამოცდილებაზე ვიტყვი ცოტაოდენს. უწინარესად შევნიშნავ, რომ მუდამ არახაზობრივი თხრობის ტექნიკის გათვალისიწნებით ვწერდი, რის გამოც შესაძლებელი ხდება ინტერაქტიული ტექსტების დაბეჭდვა და წაკითხვა „კლასიკური“ წესით, ანუ წიგნის სახით და არამარტო ინტერნეტის საშუალებით.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ არახაზობრივი ტექნიკით დაიწერა „ხაზარული სიტყვისკონა“ (1984), რომლის ქვესათაურიც - „რომანი-ლექსიკონი“ - უმალ მიანიშნებს ამ ნაწარმოების ბუნებას. „სიტყვისკონის“ წაკითხვა შეიძლება ისე, თითქოს ლექსიკონს იყენებდე. ბევრი ვცადე თუ ცოტა, მაინც მივაღწიე იმას, რომ თითოეული სიტყვა-სტატია გინდ მეორე სიტყვა-სტატიამდე წაეკითხა მკითხველს, გინდ მერე, არცრა დაღვეულიყო. საკითხავიც სწორედ აქ გაჩნდა: სად არის რომანის თავი და სად არის ბოლო?

ჯერეთ კიდევ კარგა ხნის წინათ ვეკითხებოდი საკუთარ თავს, სად არის რომანის დასაბამი და დასასრული-მეთქი. სულაც ჰომეროსიდან ხომ არ იწყება რომანი? ანდა რომანის ისტორია უფრო ადრე ხომ არ მთავრდება, ვიდრე თვითონ ისტორიის ისტორია, სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, ხომ არ დადგა რომანის დასასრული ჩვენს დროში, რომელსაც პოსტისტორიას, პოსტფემინიზმს და პოსტმოდერნიზმს ვუწოდებთ?

ჩემმა სამწერლო მუშაობ ეს საკითხი ახალი შინაარსით აავსო. დღე ერთი იყო და კითხვა ათასი. ვიდექი და ვეკითხებოდი ჩემს თავს, სად და როდის იწყება და სად და როდის მთავრდება რომანის კითხვა-მეთქი, ანუ სახელდობრ, ტექსტის რა ადგილას იწყება და მთავრდება-მეთქი რომანი? ზოგიერთ რომანში ეს ტექსტის პირველი და უკანასკნელი ფრაზაა, და ასეთი რომანის ამბავი ნათელია. მილოშ ცრნიანსკი ამის საუკეთესო მაგალითია. „დიდი ცისფერი წრე. შიგ ვარსკვლავია“ - ასე იწყებს ცრნიანსკი თავის უდიდეს ნაწარმოებს. აგრე ჟღერს რომან „გარდაცვალების“ დაუვიწყარი დასაწყისი, რომელი რომანის ბოლო ფრაზა დაუვიწყარსავე და უდავო დასასრულს წარმოადგენს: „არის გარდაცვალება. სიკვდილი არ არის“.

მაგრამ სხვაგვარადაც ხდება. მოვივარგოთ „ომი და მშვიდობა“. რომანი ბევრად ადრე მთავრდება, ვიდრე ტექსტი. და, მარტლაც, განა ვრონსკის კბილის ტკივილით არ ბოლოვდება „ანა კარენინა“? სად და როდის იწყება ჯოისის „ულისე“? „ულისეს“ ფინალი ერთ-ერთი ყოვლის უფრო დიდებული ფინალია მსოფლიო ლიტერატურაში. მამრული წიგნი მდედრულად ბოლოვდება. რომანის დასაწყისი და დასასრული თუ კითხვის დასაწყისი და დასასრული გარკვეული აზრით იქნებ იმით არის განპირობებული, რასაც იასმინა მიხაილოვიჩი „კითხვასა და სქესს“ უწოდებს? უნდა ჰქონდეს კი რომანს დასასრული? და რა არის რომანის დასასრული, ლიტერატურული ნაწარმოების დასასრული? და აუცილებლად ერთი უნდა იყოს? მაინც რამდენი დასასრული შეიძლება რომ ჰქონდეს რომანს ან პიესას? ზოგიერთ ამ კითხვაზე პასუხი ჩემს წიგნებზე მუშაობისას მივიღე. წიგნებმა თავადვე გამცეს პასუხი.

დავიწყოთ ბოლოდან, XXI საუკუნიდან. ჩემმა პარიზელმა გამომცემელმა პიერ ბელფონმა „ხაზარული სიტყვისკონის“ ახალი ფრანგული გამოცემისთვის პირველსათქმელის დაწერა მთხოვა. აქვე გთავაზობთ ამ ტექსტს, გამოქვეყნებულს, როგორც „ხაზარული სიტყვისკონის“ „ანდროგენული ვერსიის“ შესავალს, რომელი ვერსიაც 2002 წელს პარიზში გამომცემლობა „Memoire de Live”-მ გამოსცა:

„ხაზარული სიტყვისკონის“ ანდროგენული ვერსიის პირველსათქმელი

ჩემს აღქმაში ხელოვნების სუყველა დარგი „რევერსიულად“ და „არარევერსიულად“ იყოფა. არის ხელოვნების ისეთი დარგები, რომლებიც შესაძლებლობას აძლევენ ადამიანს (რეციპიენტს), რომ მხატვრულ ნაწარმოებს სულ სხვადასხვა მხრიდან მიუდგეს, გარშემოც კი შემოუაროს, თავისი სურვილისამებრ მიუმარჯვოს თვალთახედვის ისარი და წვლილად დაათვალიეროს. აგრეა, მაგალითად, როცა ლაპარაკია ხუროთმოძღვრების, ქანდაკებისა და ფერწერის ნაწარმოებზე. მაგრამ ვიცით აგრეთვე ხელოვნების არარევერსიული დარგები, ისეთი, როგორიც მუსიკა და ლიტერატურაა, ერთიცა და მეორეც იმ ქუჩასა ჰგავს, რომელზეც ცალმხრივი მოძრაობაა და ყველაფერი მოძრაობს დასაბამიდან დასასრულისკენ, დაბადებიდან სიკვდილისკენ. ჩემი დიდი ხნის სურვილი იყო და არის ლიტერატურის, ხელოვნების ამ არარევერსიული დარგის, რევერსიულად გადაქცევა. ამიტომაც არა აქვთ ჩემს რომანებს დასაწყისი და დასასრული ამ სიტყვის კლასიკური გაგებით. ისინი შექმნილია არახაზობრივი თხრობის ტექნიკით (nonlinear narratives).

ასე, მაგალითად, ჩემს „ხაზარულ სიტყვისკონას“ ლექსიკონის სტრუქტურა აქვს: ეს არის „რომანი, ლექსიკონი, რომელიც 100 000 სიტყვას შეიცავს“, და, ანბანისდა მიხედვით, სხვადასხვა ენაზე სხვადასხვანაირად მთავრდება. „ხაზარული სიტყვისკონის“ დედანი დაბეჭდილია კირილიცით და ერთი ლათინური ციტატით ბოლოვდება: „...sed venit ut illa implean et confirmem, Matthens”. ბერძნულ თარგმანში რომანი მთავრდება წინადადებით: „უცებ მივხვდი, რომ ჩემში სამი შიში ბინადრობს და არა ერთი“. ებრაულ, ესპანურ, ინგლისურ და დანიურ ვერსიებს ასეთი ბოლო აქვთ: „წამკითხველის უკან მობრუნებისთანავე კი ყველაფერი პირუკუ ხდებოდა და ტიბონს იმის მიხედვით შეჰქონდა შესწორებანი, რა შთაბეჭდილებასაც იმაზედ ამდაგვარი გზა-გზა ხმამაღალი კითხვა ახდენდა“. ეგევე დასასრული აქვთ წიგნის ჩინურ და კორეულ გამოცემებს. სერბული ვერსია, ლათინური ანბანით დაბეჭდილი, შვედური, გამომცემლობა Nordstedts-ის მიერ გამოცემული, ჰოლანდიური, ჩეხური და გერმანული, უკლებლივ სუყველა, მთავრდება ფრაზით: „ამ მზერას ჰაერში კოენის სახელი დაუწერია, პატრუქი აუნთია და ქალისთვის გზა თვით სახლამდე გაუნათებია“. „ხაზარული სიტყვისკონის“ უნგრული ვერსია ბოლოვდება წინადადებით: „უბრალოდ, იმაზედ უნდოდა შენი ყურადღების მიქცევინება, რა ბუნებისაც ხარ“, ხოლო ფრანგული, იტალიური და კატალონიური ვერსიები სიტყვებით: „და მართლაც, ხაზარული კოჭობი მოაქჟამამდე გვიწევს სამსახურს, თუმცა რაღა დროს ის არის“. აი იაპონური ვერსიის ბოლოც (ეს ვერსია გამოცემულია “Tokio Zogen Sha”-ს მიერ): „ქალმა მალი ასული დაბადა - თავისი სიკვდილი. იმ სიკვდილში ქალის სილამაზე გაყოფილი იყო შრატად და აჭრილ რძედ, ძირზე კი პირი ჩანდა, რომელსაც კბილებში ლელქაშის ფესვი ეჭირა“.

როცა ლაპარაკია ერთისა და იმავე წიგნის სხვადასხვა ფინალზე, საჭიროა შეხსენება, რომ „ხაზარული სიტყვისკონის“ დასასრულთან ამ წიგნს ბევრად ახლო აქვს რაღაც სასქესო ორგანოს მსგავსი რამ. ეს წიგნი 1984 წელს გამოჩნდა როგორც მამრული, ისე მდედრული ვერსიის სახით, და მკითხველს თავად შეეძლო არჩევა, რომელი ვარიანტი უნდა წაეკითხა. მკითხველები ხშირად მეკითხებოდნენ, მამრულ და მდედრულ ცალეულებს რა განასხვავებს ერთმანეთისგანო. საქმე ის არის, რომ მამრი სოფელ-ქვეყანას თავისი თავის გარეთ გრძნობს, სამყაროშია თვითონ, მდედრს კი თავის თავში დააქვს სამყარო. სწორედ ეს სხვაობა გახდა რომანის მამრული და მდედრული ვარიანტების შექმნის მიზეზი. თუ გნებავთ, ეს არის დროის დაშლის სახე თუ ხატი, რომელი დროც იყოფა კოლექტიურ მამრულ და ინდივიდუალურ მდედრულ დროდ.

ამ სახით „ხაზარულმა სიტყვისკონამ“, რომელსაც ანტონი ბურგესმა „ნახევარი ნადირი“ (half an animal) უწოდა, სუყველა თავისი ნაირ-ნაირი დასასრულ-დაბოლოებით, თავისი მამრული და მდედრული სქესით გაიარა მთელი ევროპა და ორივე ამერიკა და უკან იაპონიის, ჩინეთისა და რუსეთის გამოვლით დაბრუნდა. როგორც იტყვიან, ბევრი იარა თუ ცოტა იარა, გზადაგზა თავის ავტორთან და იმის სხვა წიგნებთან ერთად წარმატებაც ბევრი გაიზიარა და წარუმატებლობაც (cf.:www.khazars.com).

„ხაზარული სიტყვისკონა“, რომელსაც ჟურნალმა „Paris-Match”-მა XXI საუკუნის პირველი წიგნი უწოდა, მხოლოდ თავისი მდედრული ვერსიით შემოდის დღეს ამ საკუნესა და მერწყულის ხანაში. ამ ვერსიით მკითხველს მამრულ ვერსიაზე მსჯელობა მარტოოდენ ამ პირველსათქმელით შეუძლია. ამგვარად, წიგნი, რომელიც XX საუკუნეში ორსქესიანი არსება იყო, XXI საუკუნეში ჰერმაფროდიტად, ანუ აკუმად გადაიქცა, ანდროგენი გახდა. რაღაც სისხლაღრევითი რომ შეიძინა. ამ ახალ სახე-ხატში, რაც გამომცემლობის გარკვეული ეკონომიკური მოსაზრების ამბავია, წიგნი ისეთ სივრცედ უნდა აღვიქვათ, რომელშიც მდედრული დრო თავის თავში შეიცავს მამრულ დროსაც. მამრულ და მდედრულ ვერსიათა განმასხვავებელ ნაწყვეტს მკითხველი მოიხილავს წიგნის ბოლო წერილში იმ ფრაზის შემდეგ, რომელშიც ნათქვამია: „და მან ის ქაღალდები - ქსეროასლები გამომიწოდა, წინ რომ ეწყო“. ეს წიგნის ის მამრული ორგანოა, რაზედაც ზემოთ ვთქვი, ის ხაზარული ხეა, აწ რომანის მდედრულ ვერსიაში რომ შევიდა:

„ამ დროს ერთი ფიქრით ვიფიქრე კიდეც, ჩახმახს ხორსს თუ კაუჭს თითი დავაჭირო-მეთქი. უფრო ხელსაყრელი შემთხვევა, ალბათ, არც მომეცემოდა - ბაღში მხოლოდ ერთი მოწმე იყო, და ისიც ბავშვი. მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. გამოწვდილ ხელს მეც გაწვდილი ხელი შევაგებე და გამოვართვი ჩემი აგრერიგად ამაფორიაქებელი ქაღალდები, რომელთა ასლებიც ამ წერილსა აქვს დართული. როცა, იმის მაგივრად, რომ მესროლა, ქაღალდებს ვართმევდი, ჩემი მზერა სარკინოზის ფრჩხილებიან თითებს მიეყინა, რომელმა ფრჩხილებმაც თხილის ნაჭუჭი გამახსენა და უცაბედად ის ხე წამომაგონდა, ჰალევი ხაზართა შესახებ დაწერილ თავის წიგნებში რომ იხსენიებს. ყოველი ჩვენგანი ასეთი ხეა-მეთქი, გავიფიქრე: რაც უფრო მაღლა, ცისკენ მივიწევთ, ქარებსა და წვიმებს მივარღვევთ, რათა ღმერთს მივუახლოვდეთ, მით უფრო ღრმად უნდა გავიდგათ ფესვები წყვდიადში, მწვირესა და მიწისქვეშა წყლებში, ქვევით, ჯოჯოხეთისკენ. ასეთი აზრებით შეპყრობილი ვკითხულობდი იმ ფურცლებს, მწვანეთვალება სარკინოზმა რომ გადმომცა. და წაკითხულის შინაარსით განცვიფრებულმა ვკითხე, როგორ ჩაგივარდა-მეთქი ხელში ეს ქაღალდები“.

***

ეს იყო ჩემი რომანის ანდროგენული ვერსიის პირველსათქმელი. კიდევ რამდენსამე სიტყვას დავძენ.

„ხაზარული სიტყვისკონის“ დისკზე რომ ვმუშაობდი, როგორც კომპიუტერის სპეციალისტთა გამოთვლა-გამოანგარიშებით შევიტყვე, თურმე ამ წიგნის წაკითხვის თითქმის ორ-ნახევარი მილიონი ხერხი არსებობს. მკითხველი, უკეთუ შეძლებს და ამ ციფრს მიაღწევს, წაკითხვის ვიღაც სხვის გზას გაიმეორებს. ცხადია, ეს ოდენ ერთი მაგალითია არახაზობრივი თხრობის ტექნიკის გამოყენებისა და იმ ლიტერატურული ხერხისა, რომელიც ხაზობრივ ენას გაურბის. მერედა, რისთვის გვინდა ეს ყველაფერი? პასუხი ძალიან მარტივია, მაგრამ ხაზობრივი თხრობის ტექნიკასთან დაკავშირებული პრობლემები არამარტივ გადაწყვეტილებებს ითხოვენ.

XXI საუკუნე ჩვენ წინაშე სვამს ასეთ მოულოდნელ საკითხს: შევძლებთ კი ენისაგან ლიტერატურის გადარჩენას? ერთი შეხედვით კითხვა აბსურდული ჩანს, ხომ აგრეა? მაგრამ პრობლემა უკვე კარს გვიკაკუნებს. შევეცდები, რომ ჩამოვაყალიბო ენის ჩემეული, ამ შემთხვევისთვის შესაფერი, განსაზღვრება.

წარმოვიდგინოთ ენა, როგორც ადამიანის აზრთა, შეგრძნებათა და გამოგონებათა რუკა. ვით სუყველა დანარჩენი რუკა, ენაც ასი ათასჯე იმაზე მცირეა, რაც იმას სინამდვილეში შეესაბამება. ასი ათასჯერ უნდა შემცირდეს აზრთა, შეგრძნებათა და მიმოგონებათა გამოსახულებაც. გარდა ამისა, სუყველანი ანგარიშს ვუწევთ იმ ამბავს, რომ ამ რუკაზე არც ზღვებია მარილიანი, არც მცინარენი დიან, არც მთები მიიწევენ ცისკენ და არც ამ მთების მწვერვალებზე დევს ცივი თოვლი. გრიგალებისა და ქარიშხლების ნაცვლად დახატულია ქართა სქემა. იდეალურ რუკას უნდა ჰქონოდა მასშტაბი: 1:1, ეგევე ეხება ენას, როგორც ადამიანის შინაგანი მდგომარეობისა და მეხსიერების რუკას. სხვა დანარჩენი რუკები ვერ ამართლებენ ჩვენს მოლოდინს. იმ დარჩენილ ნაწილს თუ ნარჩენს, რომელსაც ვერ მოიცავს რუკა, ჩვენს შემთხვევაში კი ენა, რადგან არა აქვს მასშტაბი 1:1 (სხვა დანარჩენ შეუსაბამობათა შესახებ ნურც ვილაპარაკებთ), ჩვენს დროში სიტყვიერი შემოქმედების ზოგიერთი სხვა, „არალიტერატურული“ ტექნოლოგია და ის დარგები ავსებენ, ენასთან არცრა კავშირი რომ არა აქვთ.

ცხადია, რომ ახალი ათასწლეული და მერწყულის ხანა იწყება იკონიზაციის ნიშნით და არც ერთი ხელს არ უწყობს ენას. ენა იძულებული ხდება, რომ შევიწროვდეს... ეკონომიკური კომუნიკაცია, რომელიც ნიშანთა სისტემით სარგებლობს, სულ უფრო ამოკლებს იმ გზებს, ათასწლეულთა მანძილზე რომ კვალავდა ენა. შეიცვალა დამოკიდებულება როგორც დაწერილი, ისე დაბეჭდილი სიტყვის მიმართ. ადამიანი გრძნობს სხვაობას ლიტერატურის ხაზობრივ ენასა და თავის აზრთა და სიზმართა არახაზობრიობას შორის.

სამწერლო ენის ხაზობრიობა არც სასაუბრო მეტყველებას ახასიათებს. სალიტერატურო ენა ცდილობს, რომ ჩვენი აზრები და სიზმრები, გრძნობები და მიმოგონებანი თავის სწორხაზობრივ სისტემაში მოაქციოს, რომელიც ნელი და, როგორც დღეს გვეჩვენება, რბილად თუ ვიტყვით, დაყოვნებული სიჩქარით მოძრაობს. ყოველივე ამან წარმოშვა არახაზობრივი თხრობის შექმნის არაერთი ცდა, რომელი არახაზობრივი თხრობაც ლიტერატურულ ნაწარმოებს ხაზობრივი ენისაგან გადაარჩენდა. აი რატომ არის, რომ კომპიუტერული ან, თუ გნებავთ, ელექტრონული მწერლები ინტერაქტიულ რომანებს ქმნიან, რომელ რომანებშიც ენა კარგავს თავის ხაზობრიობას, მკითხველი კი კითხვის საკუთარ რუკას ქმნის.

კითხვის ახალი, ინტერაქტიული ორგანიზაციის საჭიროება რომ ვიგრძენი, ბუნებრივია, შესატყვისი ნაწარმოებების შექმნის მოთხოვნილებაც გამიჩნდა და როგორც „ხაზარულ სიტყვისკონაზე“ მუშაობისას, ისე მომდევნო ჩემი რომანების წერის დროს სულ იმის საცადისში ვიყავი, რომ ლიტერატურული მერმისის სესახვედრად მევლო.

თარგმნა გურამ გოგიაშვილმა