უილიამ სომერსეტ მოემი - მწითური

შკიპერმა შარვალის ჯიბეში ჩაიყო ხელი და მოზრდილი ვერცხლის საათი ამოიღო, საათის ამოღება ძალიან გაუჭირდა, რადგან სქელი კაცი იყო და ჯიბეებიც გვერდზე კი არა, წინ ჰქონდა გაჭრილი. მან ჯერ საათს დახედა, შემდეგ კი ჩამავალ მზეს მიაპყრო მზერა.

გახედა შკიპერს, მაგრამ ხმა არ ამოუღია, შკიპერი ახლა თვალს არ აშორებდა კუნძულს, რომელიც თანდათან ახლოვდებოდა. ბრაგას ქაფის თეთრი ზოლი ერტყა გარს. მან იცოდა აქ, სადღაც, იმოდენა გასასვლელი იყო, რომ მისი გემი გაეტეოდა. ალბათ ცოტათი კიდევ რომ მიუახლოვდებით, დავინახავო, ფიქრობდა შკიპერი.

დაბინდებამდე ერთი საათი მაინც იქნებოდა დარჩენილი. ყურე ღრმა იყო და ღუზაზე დადგომა შეიძლებოდა.ქოქოსის პალმებში უკვე მოჩანდა სოფლის მამასახლისი, რომელიც შკიპერის თანაშემწის მეგობარი იყო. ალბათ ამაღამ კარგად ვისიამოვნებთო, - გაიფიქრა მან.

ამ დროს გემბანზე თანაშემწეც გამოჩნდა.შკიპერი შებრუნდა და უთხრა:

-ერთი ბოთლი სასმელი გავიყოლოთ და გოგოები მოვიპატიჟოთ საცეკვაოდ.

-გასასვლელს ვერა ვხედავ, - თქვა თანაშემწემ.

თანაშემწე კანაკელი იყო, ლამაზი, შავგვრემანი ახალგაზრდა, რომის რომელიღაც ბოლო იმპერატორს წააგავდა.

ცოტა არ იყოს დასრულებულიყო, მაგრამ სახე თხელი და გაწყობილი ჰქონდა. -ნამდვილად ვიცი, რომ აქ უნდა იყოს,-ჩაილაპარაკა შკიპერმა და დურბინდით გახედაზღვას, - ნეტა რატომ ვერა ვპოულობ. აბა ვინმე ბიჭი აუშვი ანძაზე -გადაიხედოს.

თანაშემწემ ერთ-ერთ მეზღვაურს დაუძახა და უბრძანა, ანძაზე ადიო. კანაკელი ანძაზე აცოცდა. შკიპერმა თვალი გააყოლა - ელოდებოდა, აბა რას იტყვისო. მაგრამ კანაკელმა ჩამოსძახა: ქაფის ზოლის მეტს ვერაფერს ვხედავო. შკიპერმა ადგილობრივ მკვიდრებზე ნაკლებად არ იცოდა სამოას ენა და ერთი გულიანად შეიგინა.

-ჩამოვიდეს? - ჰკითხა თანაშემწემ.

- აბა იქ რა ჯანდაბა უნდა. მაინც ვერაფერს ხედავს ეგ ყეყეჩი.

ერთი მე ამიყვანა და ნახავდი, თუ ვერ ვიპოვნიდი, - ჩაიბურდღუნა მან და გაბრაზებით ახედა წვრილ ანძას; აქაურებს რა უშავთ, მთელი სიცოცხლე ქოქოსის პალმებზე დაცოცავენ. თვითონ კი სქელია და მძიმე.

- ჩამოდი! - დაუყვირა მეზღვაურს. - არაფრის მაქნისი არა ხარ, ისევ რიფს უნდა გავყვეთ ნაპირ-ნაპირ, სანამ გასასვლელს არ მივაგნებთ.

მის სამოცდაათტონიან სარდალს ნავთის ძრავაც ჰქონდა და თუ პირქარი იყო, საათში 4-5 კვანძის გასვლა შეეძლო. სანდალი კარგა ძველი იყო. ოდესღაც, დიდი ხნის უკან, თეთრად შეეღებათ, ახლა კი საღებავი აცვენოდა და აჭრელებულიყო. იგი სულ ერთნაირად ჰყარდა ნავთისა და კოპრის სუნით, რადგან მეტწილად კოპრს ეზიდებოდა.

რიფებამდე ასი ფუტიღა იყო დარჩენილი და შკიპერმა მესაჭეს უბრძანა-სანამ გასასვლელს არ დაინახავ, მათ გასწვრივ იარეო. ორიოდე მილის გასვლის შემდეგ მიხვდა, რომ გასასვლელი გამოეპარა.

მაშინ სარდალი მოატრიალა და ისევ ნელ-ნელა დაუყვა რიფებს. ქაფის ზოლს ბოლო არ უჩანდა, მზე კი სადაც იყო ჩავიდოდა. შკიპერმა თავისი უტვინო მეზღვაურები გამოლანძღა და გადაწყვიტა, ღია ზღვაში გაეთია ღამე.

- მოაბრუნე, - ბრძანა მან, - აქ ღუზას ვერ ჩავუშვებთ.

სანდალი ღია ზღვისკენ წავიდა. უკვე ბნელოდა, როცა ღუზა ჩაუშვეს. იალქანი რომ აკეცეს, სანდალმა ძლიერი რწევა დაიწყო. აპიაში აკი ეუბნებოდნენ ხოლმე, ერთხელაც იქნება გადაჰყირავდებაო. თვითონ სანდალს პატრონი ამერიკელი გერმანელი, რომელსაც აპიის ერთ-ერთი უდიდესი მაღაზია ეკუთვნოდა, ამბობდა: მილიონი რომ მომცენ, ამ სანდალში არ ჩავჯდებიო.

ჩინელმა მზარეულმა, რომელსაც ძალზე ჭუჭყიანი დაგლეჯილი თეთრი ხალათი ეცვა, შკიპერს მოახსენა, ვახშამი მზად არისო.

როცა შკიპერი კაიუტაში შევიდა, მექანიკოსი უკვე მიჯდომოდა სუფრას. იგი მაღალი, გამხდარი, გრძელკისერა კაცი იყო, ლურჯი კომბინიზონი ეცვა და ზოლებიანი მაისური. გამხდარი მკლავები იდაყვამდე მოსვირინგებული ჰქონდა.

- ეს რა ოხრობაა, შუა ზღვაში უნდა გავათიოთ ღამე! - თქვა სკიპერმა.

მემანქანემ არაფერი უპასუხა და ვახშამი ისე გაათავეს, არცერთს კრინტი არ დაუძრავს. კაიუტაში ნავთის ლამპა ბჟუტავდა. ვახშამს ჭერმის კონსერვი დააყოლეს, შემდეგ ჩინელმა თითო ფინჯანი ჩაი მიუტანა. შკიპერმა სიგარას მოუკიდა და გემბანზე ავიდა. ჩაშავებული ცის ფონზე კუნძული ლანდად მოჩანდა.

ცაზე ვარსკვლავები კაშკაშებდნენ, მდუმარებას მარტო ნაპირზე მოხეთქებული ტალღების ხმა არღვევდა. შკიპერი შეზლონგზე დამჯდარიყო და ნება ნება ეწეოდა სიგარას. მალე გემბანზე სამი თუ ოთხი მეზღვაური ამოვიდა, ისინი შორიახლო ჩამოსხდენენ. ერთს ბანჯო ეჭირა ხელში, მეორეს კონცენტინო. მათ დაკვრა დაიწყეს და ერთ ერთმა მათგანმა სიმღერა წამოიწყო. ცოტა არ იყოს უცნაურად ჟღერდა აქაურ მკვიდრთა სიმღერა ამ ევროპულ საკრავებზე. ორმა მეზღვაურმა სიმღერას ცეკვა ააყოლა.

ეს ბარბაროსთა ცეკვა იყო - ველური, პირველყოფილი, მკვირცხლი. ხელებს და ფეხებს სწრაფად ამოძრავებდნენ, ტანი უცნაურად ეკრუნჩხვებოდათ. ეს ცეკვა ავხორცი და ვნებიანი იყო, მაგრამ ლტოლვა არ იგრძნობოდა. ეს აშკარად ცხოველური, უცნაური ცეკვა იყო, მაგრამ ვერ იტყოდით, რომ მასში რაიმე იდუმალი იფარებოდა, პირიქით - ისეთ უშუალო იყო, თითქოს ბავშვები ცეკვავენო.

ბოლოს მეზღვაურები მოიქანცნენ, იქვე გემბანზე წამოწვნენ. ირგვლივ სიჩუმემ დაისადგურა.

შკიპერი მძიმედ წამოდგა ფეხზე, კიბეზე ჩავიდა, თავის კაიუტაში შევიდა, ტანთ გაიხადა და წამოწვა.

ცხელოდა და, ცოტა არ იყოს, სული ეხუთებოდა.

დილით, როცა მშვიდ ზღვაზე აისის სხივები აციმციმციმდა. ცოტა მოშორებით, აღმოსავლეთისაკენ, სწორედ ის გასასვლელი გამოჩნდა, წუხელ რომ ვერ იპოვნეს.

სანდალი ყურეში შევიდა. აქ ზღვა სარკესავით კრიალა იყო. სიღრმეში მარჯნებს შორის სწრაფად დასრიალებდნენ ფერად-ფერადი პატარა თევზები. შკიპერმა ღუზა ჩააშვებინა, ისაუზმა და გემბანზე ავიდა. მოწმენდილ ცაზე მზე კაშკაშებდა, მაგრამ ჯერ კიდევ იგრძნობოდა დილის მადლიანი სიგრილე.

კვირა დღე იყო, ირგვლივ ისეთი სიმშვიდე და სიჩუმე სუფევდა, თითქოს ბუნებაც ისვენებსო. შკიპერს ტანში სიამოვნების ჟრუანტელმა დაუარა. იგი იჯდა და ზანტი კმაყოფილებით გასცქეროდა ტყიან ნაპირს. ცოტა ხნის შემდეგ ტუჩებზე ღიმილმა გადაურბინა, სიგარის ნამწვი წყალში გადაისროლა და თქვა:

- დროა ნაპირზე გადავიდეთ, აუშვით ნავი!

იგი თოკის კიბით ჩაბობღდა ნავში, მეზღვაურებმა ნიჩბები მოუსვეს და ცოტა ხნის შემდეგ უკვე პატარა უბეში იყვნენ.

ქოქოსის პალმები იმ ადგილას ლამის წყალში ჩამოდიოდნენ, მწკრივად არ იდგნენ, მაგრამ მათ განლაგებაში მაინც რაღაც მკაცრი წესრიგი იგრძნობოდა.

ისინი იმ შინაბერების კორდებალეტს მოგაგონებდათ, რომლებსაც ახალგაზრდული ქარფშუტობა შემორჩენიათ და კვლავ ძველებურად იპრანჭებიან.

შკიპერი პალმებში შევიდა და ხშირი ბალახით დაფარულ მიხვეულ-მოხვეულ ბილიკს დაადგა. ბილიკმა მალე მდინარესთან მიყვანა. ზედ ქოქოსის პალმების ხიდი იყო გადებული, ათიოდე მორი ერთმანეთზე მიედოთ და ქვეშ ორკაპა ხიმინჯები შეედგათ.

მგზავრს ამ მრგვალსა და სლიპ მორებზე უნდა გაევლო, თანაც მოაჯირი არა ჰქონდა. კარგი მუხლმაგარი ვაჟკაცი უნდა ყოფილიყავი, რომ ზედ შედგომა გაგებედნა.

შკიპერი შეყოყმანდა, მაგრამ გაღმა ხხეებში ჩადგმული ევროპული სახლი რომ დაინახა, გაბედა და ფრთხილად შედგა ფეხი მორზე.

იგი ყოველ ნაბიჯს ზომავდა, ტორტმანით გადიოდა მორიდან მორზე, რომლებიც სხვადასხვა სისქისა იყო და როცა ბოლო მორს მიაღწია, შვებით ამოისუნთქა. ბოლოს, როგორც იყო, მიწაზე დადგა ფეხი. ამ სახიფათო გადასვლით გართულმა ვერ შეამჩნია, რომ ვიღაც უყურებდა და ძალიან გაოცდა, როცა გაიგონა:

- მაგარი ნერვები უნდა ჰქონდეს კაცს, რომ ამ ხიდზე გადმოსვლა გაბედოს, თანაც თუ შეუჩვეველი ხარ.

შკიპერმა თავი ასწია. ალბათ ეს კაცი იმ სახლიდან გამოვიდა, გაღმიდან რომ დაინახა.

- შეგამჩნიეთ, კარგა ხანს რომ ყოყმანობდით,- განაგრძო უცნობმა ღიმილით,- ვფიქრობდი, სადაცაა ფეხი დაუცდება-მეთქი.

- რასა ბრძანებთ!- იწყინა შკიპერმა, რომელსაც უკვე გული საგულეს ჩასდგომოდა.

- მეც ჩავვარდნილვარ ხოლმე. მახსოვს, ერთ საღამოს ნადირობიდან ვბრუნდებოდი და თოფიან-ტანსაცმლიანად ჩავვარდი წყალში. ახლა ბიჭსა ვქირაობ ხოლმე თოფის გადმოსატანად.

უცნობი შუა ხნის კაცი იყო, მოკლე, ჭაღარაშერეული წვერი და თხელი სახე ჰქონდა.

უსახელო ხალათსა და ტილოს შარვალში იყო გამოწყობილი, მაგრამ არც წინდა ეცვა და არც ფეხსაცმელი. ლაპარაკში ცოტათი უცხოურად უქცევდა.

- თქვენ ნეილსონი ხართ? - ჰკითხა შკიპერმა.

- გახლავართ.

- შორიდან გიცნობთ. ვიცოდი, რომ სადღაც აქეთ ცხოვრობდით.

მასპინძელმი შკიპერს პატარა ბუნგალოში გაუძღვა. სტუმარი მძიმედ ჩაეშვა სავარძელში. სანამ ნეილსონი ვისკისა და ჭიქების მოსატანად იყო გასული, ოთახი დაათვალიერა.

ოთახმა გააოცა - ამდენი წიგნი არასოდეს ენახა. ოთხივე კედელზე იატაკიდან ჭერამდე აზიდული თაროები წიგნებით იყო გაჭედილი. როიალზე ნოტები დაეზვავებინათ.

იქვე ჟურნალების დიდი მაგიდა იდგა და ზედ უწესრიგოდ ეყარა წიგნები და ჟურნალები.

შკიპერი ცოტათი შეკრთა, მაგრამ მერე გაახსენდა, რომ ნეილსონს უცნაური კაცის სახელი ჰქონდა გავარდნილი. თუმცა კარგა ხანია კუნძულზე ცხოვრობდა, კარგად არავინ იცნობდა; ისე კი, ვისთანაც რაიმე საქმე ჰქონია, ყველა ამბობდა, ახირებული კაციაო.

- უთვალავი წიგნები გქონიათ, - უთხრა შკიპერმა, როცა ნეილსონი დაბრუნდა.

- მერე რა, ვის რას უშლიან? - გაიღიმა ნეილსონმა.

- ყველა წაკითხული გაქვთ?

- უმეტესობა.

- ცოტ-ცოტას მეც ვკითხულობ. ,,სათერდი ივნინგ პოსტი" მაქვს გამოწერილი.

ნეილსონმა მოზრდილ ჭიქაში დაუსხა სტუმარს ვისკი და სიგარა მიაწოდა. შკიპერმა იგრძნო,რომ საჭირო იყო თავი გაეცნო ნეილსონისათვის.

- მე წუხელ ჩამოვედი, მაგრამ შემოსასვლელი ვერ ვიპოვნე და ზღვაში გავათიე ღამე. ამ მისადგომისა არაფერი ვიცი, აქ პირველად ვარ, მაგრამ უფროსებმა რაღაც გამომატანეს გრეისთან. იცნობთ?

- კი. აქვე ახლოსა აქვს მაღაზია.

- ჰოდა იმას კონსერვები ესაჭიროება, თვითონ კი კოპრა აქვს გასაყიდი.

აპიაში მაინც უქმად ვიყავი და აქ გამომგზავნეს. ჩვეულებრივ პაგო-პაგოში დავდივარ, მაგრამ ახლა იქაურობას ყვავილი მოედო და ყველაფერი ჩაკვდა.

შკიპერმა ვისკი მოსვა და სიგარა გააბოლა. იგი სიტყვაძვირი კაცი იყო. მაგრამ ნეილსონი რაღაცით აფორიაქებდა და ამიტომ ალაპარაკდა. შვედი

დაჟინებით მისჩერებოდა შკიპერს, დიდრონ შავ თვალებში მსუბუქი დაცინვის ნაპერწკლები უკიაფებდა.

- რა მშვენიერი კარ-მიდამო გაქვთ!

- ჰო. დიდი ჯაფა კი ჩავყარე.

- ეს ხეები ალბათ გვარიან შემოსავალს გაძლევენ. კარგი ხეებია, კოპრას კი ახლა რიგიანი ფასი აქვს. მეცა მქონდა ოდესღაც პატარა პლანტაცია უპოლში, მაგრამ იძულებული გავხდი გამეყიდა.

შკიპერმა კვლავ მოავლო თვალი ამ გაუგებარი და თითქოს მისდამი მტრულად განწყობილი წიგნებით გამოტენილ ოთახს.

- აქ, ალბათ, ცოტა არ იყოს, მოწყენილი იქნებით, - თქვა შკიპერმა.

- არაფერია, უკვე მივეჩვიე. 25 წელია აქა ვცხოვრობ.

შკიპერს სალაპარაკო გამოელია და თამბაქოს მიეძალა. ნეილსონიც არ აპირებდა მდუმარების დარღვევას. იგი ჩაფიქრებით ათვალიერებდა თავის სტუმარს.

შკიპერი მაღალი კაცი იყო - ექვს ფუტზე მეტი თუ არა, ნაკლები არ იქნებოდა, თანაც უზომოდ ჩაგოდრებული. მწითური, ლაქებიანი სახე ჰქონდა, ლოყებზე მოლურჯო ძარღვები უჩანდა. თვალები ჩასისხლიანებოდა. კისერი ქონის ნაკეცებში ჩაჰკარგვოდა. მელოტი იყო, ოღონდ კეფაზე შერჩენოდა გრძელი, ხვეული და თითქმის მთლიანად გაჭაღარავებული თმის არშია, მაღალსა და პრიალა შუბლს თითქოს ჭკვიანური შესახედაობა უნდა მიეცა, მაგრამ პირიქიით, მეტისმეტად ყეყეჩს აჩენდა. ცისფერი ფლანელის ხალათი ეცვა და ჟღალი ბალნით დაფარული მსუქანი მკერდი უჩანდა; შალის ლურჯი შარვალი საკმაოდ შემოცვეთოდა. იგი ულამაზოდ იჯდა სკამზე - ღიპი გადმოეგდო და მსხვილი, ტლანქი ფეხები გაეჩაჩხა. მის სხეულს დაეკარგა ყოველგვარი მოქნილობა. ნეტავ ახალგაზრდობაში როგორი შესახედავი იყოო, ზანტად გაიფიქრა ნეილსონმა. თითქმის შეუძლებელი იყო იმის წარმოდგენა, რომ ეს უზარმაზარი მასა ოდესღაც ცელქი ბიჭუნა იქნებოდა.

შკიპერმა ჭიქა დასცალა, ნეილსონმა ბოთლი მიუჩოჩა და თხოვა, კიდევ დალიეთო. შკიპერი წინ გადაიხარა, თავისი ვეება ხელი წაავლო ბოთლს და იკითხა:

- მაინც როგორ მოხვდით ამ მხარეში?

- სამკურნალოდ ჩამოვედი კუნძულებზე. ფილტვები მტკიოდა და ექიმებმა მითხრეს, ერთ წელსაც ვერ გაატანო. როგორც ხედავთ, მოტყუვდნენ.

- არა, მაინცდამაინც აქ რატომ დასახლდით-მეთქი.

- მე სენტიმენტალური ადამიანი ვარ.

- აა!

ნეილსონი მიხვდა, რომ შკიპერმა ვერაფერი გაიგო და კვლავ დაცინვით მიანათა შავი თვალები.

რა გაუთლელი და გონებაჩლუნგი კაციაო, - გაიფიქრა, მაგრამ მაინც განაგრძო თხრობა - გავერთობიო.

- ხიდზე რომ გადმოდიოდით, მარტო იმაზე ფიქრობდით, წყალში არ ჩავვარდეო, და თავიც არ აგიწევიათ. ეს კი ძალიან ლამაზი ადგილია.

- ჰო, კოხტა სახლი გაქვთ.

- ეს სახლი არ იყო, აქ რომ მოვედი. ერთი წვეტიან სახურავიანი, ბოძებზე შემდგარი პატარა ქოხი დამხვდა. ვეება, წითელყვავილებიანი ხეების ჩრდილში იდგა. ირგვლივ კროტონის ბუჩქების ღობე ჰქონდა შემოვლებული.

ბუჩქები წითლად, ყვითლად და ოქროსფრად ყვაოდნენ. ცოტა მოშორებით კი ქალებივით კოპწია და ქრაფშუტა ქოქოსის პალმების კორომი იყო, მდინარის ნაპირას იდგნენ და მთელი დღე ტკბებოდნენ თავიანთი ანარეკლის ჭვრეტით. მე ახალგაზრდა ვიყავი მაშინ- ღმერთო, ეს ხომ ოცდახუთი წლის წინ იყო!- და მინდოდა ამ ქვეყნიური სილამაზით დავმტკბარიყავი. მე ხომ დიდი ხნის სიცოცხლე აღარ დამრჩენოდა. ამისთანა თვალწარმტაცი ადგილი პირველად დავინახე. სუნთქვა შემეკრა, მეგონა ავტირდებოდი. სულ ოცდახუთი წლისა ვიყავი და თუმცა სიკვდილისა ძალიან მეშინოდა, გულს არ ვიტეხდი.

რატომღაც მეჩვენებოდა, რომ სწორედ ეს სიმშვენიერე გამიადვილებდა შევრიგებოდი ჩემს ხვედრს. აქ რომ ჩამოვედი, ვიგრძენი, რომ მთელი ჩემი წარსული სადღაც გაუჩინარდა- სტოკჰოლმი თავისი უნივერსიტეტით, ბონი... თითქოს ეს ვიღაც სხვისი ცხოვრება იყო, თითქოს მხოლოდ ახლა შევიცანი რეალობა, რომელზედაც ამდენს ლაპარაკობენ ფილოსოფიის დოქტორები (სხვათა შორის, მეც ფილოსოფიის დოქტორი ვარ!).
,,ერთი წელი! - შევძახე მე, - ერთი წელიღა დამრჩენია. ამ ერთ წელს აქ გავატარებ და მერე დაე მოვკვდე!"

რა ბრიყვები, მგრძნობიარენი და გულჩვილნი ვართ ოცდახუთი წლის ასაკში. თუმცა ასე რომ არ იყოს, ორმოცდაათი წლისანი ასეთი ბრძენები აღარ ვიქნებოდით. დალიეთ, მეგობარო, დალიეთ, ნუ აქცევთ ყურადღებას ჩემს ყბედობას.

ნეილსონმა გამხდარი ხელი ბოთლისაკენ გაიშვირა, შკიპერმა ჭიქა დაცალა, თქვენ რატომ არა სვამთო,- წაიდუდუნა და ბოთლს წაეტანა.

- მე მსმელი არა ვარ, - ღიმილით უპასუხა შვედმა, - სხვა, უფრო ფაქიზი ხერხი ვიცი დასათრობად. ვინ იცის, იქნებ ესეც ამაოებაა, მაგრამ უფრო ხანგრძლივად მოქმედებს და არც იმდენად მავნეა.

- ამბობენ, შტატებში ახლა ძალიან ეტანებიან კოკაინსო. ნეილსონმა ჩაიცინა და განაგრძო:

- მაგრამ მე იშვიათად ვხვდები თეთრკანიანებს და ორიოდე ყლუპი არ მაწყენს.

მან ცოტა ვისკი დაისხა, გაზიანი წყალი დაამატა და მოსვა.

- ბოლოს მივხვდი, რატომ ჰგავდა ეს ადგილი სამოთხეს. აქ წამით ჩაიმუხლა სიყვარულმა, მცირე ხნით მოკეცა თავისი დაღლილი ფრთები,როგორც ოკეანეში შემთხვევით შეხვედრილი გემის ანძაზე ჩამომსხდარმა გადამფრენმა ჩიტებმა იციან ხოლმე. აქაურობა ულამაზესი ვნების სურნელებით იყო გაჟღენთილი. ასეთი სურნელება დატრიალდება ხოლმე გაზაფხულობით ჩემი სამშობლოს მინდვრებში, როცა კუნელი აყვავდება.

მე ასე მგონია: სადაც ადამიანებმა ძლიერი ტანჯვა ან სიყვარული განიცადეს, იქ სამუდამიდ რჩება ოდნავ შესამჩნევი სურნელი, თითქოსდა რაღაც ზებუნებრივი ძალა ეუფლება იქაურობას და იდუმალად მოქმედებს გავლელზე. ნეტა შემეძლოს უფრო ნათლად გამოვთქვა. - ნეილსონმა ოდნავ გაიღიმა, - თუმცა რა საჭიროა? მე მგონი, ვერც მაშინ გამიგებდით.

მცირე ხანს დუმილი ჩამოვარდა.

- არ ვიცი, აქაურობა იქნებ იმიტომ მეჩვენებოდა ლამაზი, რომ აქ ლამაზი სიყვარულის ტყვე ვიყავი. ან იქნებ მხოლოდ ჩემი ესთეტური გრძნობა იყო დაკმაყოფილებული იმით, რომ ჭაბუკურ სიყვარულს შესაფერისი ფორმა მიეცა.

შკიპერზე უფრო გონებაჩლუნგი კაციც შეცბუნდებოდა, ნეილსონის ლაპარაკისათვის რომ მოესმინა, რადგან იგი თითქოს თავის თავს ქირდავდა, თითქოს გრძნობა ალაპარაკებდა, გონება კი იქიაქებდა მის ნათქვამს. ნეილსონი ამბობდა, მგრძნობიარე ვარო და საშინელებაა, როცა მგრძნობიარე კაცს სასო წარეკვეთება.

ნეილსონმა თხრობა შეწყვიტა და შკიპერს ისე უცნაურად მიაშტერდა, თითქოს რაღაცას იხსენებსო.

- იცით, სულ მეგონა, რომ სადღაც შეგხვედრივართ.

- არა, რაღაც არ მაგონდებით, - მიუგო შკიპერმა.

- უცნაური შეგრძნება მაქვს - თითქოს ნაცნობ სახეს ვხედავ, მაგრამ ვწვალობ და ვერ გავიხსენე, საიდან გიცნობთ შკიპერმა მძიმედ აიჩეჩა ვეებერთელა მხრები და უპასუხა:

- უკვე ოცდაათი წელია, რაც კუნძულებზე ვარ. განა ყველა მახსოვს, ვინც მინახავს?

შვედმა თავი გააქნია:

- ხანდახან ხომ ძალიან გეცნობათ ადგილი, სადაც პირველადა ხართ. ასევე, თქვენ რომ გიყურებთ, ნაცნობი მგონიხართ. - ნეილსონმა უცნაურად გაიღიმა და დაამატა:- იქნებ მეორედ მოვედი ამ ქვეყნად. იქნებ ძველ რომში თქვენ გალერის უფროსი იყავით, მე კი მენიჩბე მონა. ოცდაათი წელია აქა ხართ?

- ჰო, ზუსტად ოცდაათი.

- ხომ არ იცნობდით ერთ კაცს, მწითურს რომ ეძახდნენ ზედმეტ სახელად?

- მწითურს?

- მე მხოლოდ სახელი გამიგონია. პირადად არ ვიცნობდი, თვალიც არ მომიკრავს მისთვის და მაინც უფრო ცხადად მყავს წარმოდგენილი, ვიდრე ჩემი ახლობლები, თუნდაც ძმები, რომლებსაც ყოველდღე ვხედავდი. იგი ისე ნათლად მყავს ჩაბეჭდილი გონებაში, როგორც პაოლო მალატესტა ან რომეო. თუმცა ალბათ არც წაგიკითხავთ დანტე და შექსპირი.

ნეილსონმა სიგარა გააბოლა, სკამის საზურგეს მიეყრდნო და უაზროდ მიაჩერდა ჰაერში დაკიდულ კვამლის ბოლქვებს ტუჩებზე ღიმილი უთამაშებდა, მაგრამ თვალები სევდიანი ჰქონდა. ცოტა ხნის მერე შკიპერმა გადაიტანა მზერა. მისი უჩვეულო სიმსუქნე ზიზღს ჰგვრიდა. როგორც ყველა მსუქანს, მასაც უსაზღვროდ თვით კმაყოფილი სახე ჰქონდა. ეს ამაზრზენი საყურებელი იყო და ნეილსონი საშინლად ღიზიანდებოდა, მაგრამ შკიპერს სხვა, მის მიერ წარმოდგენილ ადამიანს ადარებდა და ძალიან სიამოვნებდა, რომ ამოდენა განსხვავება იყო ბათ შორის.

- ეტყობა, მწითური ულამაზესი მამაკაცი იყო. მე მის ნაცნობე3ბთან მისაუბრია, თანაც თეთრკანიანებთან, და ყველა ერთხმათ ამბობდა - ისეთი ლამაზი იყო, თვალს მოგჭრიდაო.

გრძელი ხუჭუჭა თმა ჰქონდა, ცეცხლივით წითელი. მწითურიც ამიტომ შეარქვეს. უთუოდ ის უცნაური ფერი გადაჰკრავდა, პრერაფაელისტებს რომ უყვარდათ. არა მგონია დიდად ეამაყნა თავისი თმით - ის ხომ მეტად მიამიტი ადამიანი იყო. თუმცა რომ ეამაყნა, არც იყო გასაკიცხი. მაღალი იყო - ექვსი ფუტი და ერთი ან ორი დიუმი. იმ ქოხში მე თვითონ მინახავს ნაჭდევი დედაბოძზე.

მწითური ბერძნული ღმერთივით იყო ჩამოსხმული - გაშლილი მხრები, ვიწრო მენჯი, პრაქსიტელის აპოლონის ნაზი ხაზები და მისივე შემპარავი გრაცია ჰქონდა - იდუმალი და ამაღელვებელი.

მწითურის თოვლივით თეთრსა და ხავერდოვან კანს ყველა ქალი ინატრებდა.

- ახალგაზრდობაში მეც საკმაოდ თეთრი კანი მქონდა, - ჩაურთო შკიპერმა და ეშმაკურად მოჭუტა ჩაწითლებული თვალები.

მაგრამ ნეილსონი არ გამოეპასუხა. იგი თვითონვე გაიტაცა თხრობამ და უკვე ბრაზობდა, რომ აწყვეტინებდნენ.

- სახეც ისეთი ლამაზი ჰქონდა, როგორც სხეული: დიდი ლურჯი თვალები - ისეთი მუქი, რომ ზოგს შავი ეგონა, შავი წარბები და წამწამები, რაც ძალიან იშვიათად აქვთ მწითურებს, სახის ნაკვთები საოცრად სწორი ჰქონდა... ტუჩები სისხლიან ჭრილობას უგავდა. ოცი წლისა იყო...

შვედმა დრამატიული პაუზა გააკეთა და ვისკი მოწრუპა.

- სწორუპოვარი ვინმე იყო! იმაზე ლამაზი მამაკაცი წარმოუდგენელია - ველური მცენარის კოკორი - ბუნების უცნაური ჟინის ნაყოფი.

ერთ დღეს მწითური იმ ყურის სანაპიროზე გადმოვიდა, თქვენ რომ ჩაუშვით ღუზა ამ დილით.

იგი ამერიკელი მეზღვაური იყო და სამხედრო გემიდან გამოიქცა აპიაში. ვიღაც აქაური კაცი კატერით აპირებდა წასვლას საფოტოში. მწითური შეეხვეწა, გამიყოლეო. კატერის პატრონი კეთილი ადამიანი აღმოჩნდა და წამოიყვანა. მწითური აქ გადმოსვეს. მე არ ვიცი, რატომ გამოიქცა გემიდან. იქნებ მკაცრმა სამხედრო რეჟიმმა მოაბეზრა თავი, იქნებ რაიმე დააშავა; შეიძლება სამხრეთის ზღვებმა და ამ რომანტიკულმა კუნძულმა მოსტაცეს თვალი.

ისინი ზოგჯერ უცნაურად მოქმედებენ ადამიანზე - მიიზიდავენ და შებოჭავენ- გეგონება, ბუზი გაბმულა ობობას ქსელშიო. ვინ იცის, იქნებ ძალიან მგრძნობიარე იყო და ამ ზურმუხტის მთებმა და საამო ჰავამ წაართვა ჩრდილოური სიძლიერე, როგორც დალილამ სამსონს. ასეა თუ ისე, მწითური სადმე უნდა დამალულიყო, იფიქრა, ამ კუნძულზე უშიშრად ვიქნებიო და გადაწყვიტა, აქ დავრჩები, სანამ ჩემი გემი სამოადან არ წავაო. ლაგუნის ნაპირას ქოხი იდგა და სანამ მწითური აქეთ-იქით იხედებოდა, აბა საით ჯობს წასვლაო, ქოხიდან ვიღაც ქალიშვილი გამოვიდა და შინ შეიპატიჟა. მწითურმა ორი-სამი სიტყვა იცოდა სამოურად, ქალიშვილმაც ამდენივე - ინგლისურად, მაგრამ მწითური მშვენივრად მიხვდა, თუ რას ნიშნავდა მასპინძლის ღიმილი და თავაზიანი ჟესტები და უკან გაჰყვა. ვაჟმა ჭილოფზე მოიკალათა, ქალმა ანანასის ნაჭრები მიართვა...

მწითურს არ ვიცნობდი, გოგო კი პირველად ამ შეხვედრიდან სამი წლის მერე ვნახე. მაშინ ცხრამეტი წლისა თუ იქნებოდა.

მისი მშვენიერება ენით არ აიწერება. ვნებიანი გრაცია და ჰიბისკუსის მდიდრული ფერები ჰქონდა. საშუალოზე მაღალი და ტანკენარი იყო. სალუქი ნაკვთები, მხრებზე დაყრილი შავი ხვეული თმა, თვალები - პალმებით დაჩრდილული მორევი. თავზე სურნელოვანი ყვავილების გვირგვინს ატარებდა. მის მომხიბლავ პატარა ხელებს აუღელვებლად ვერ შეხედავდი. მაშინ ხშირად იცინოდა ხოლმე და ისეთი ნაზი ღიმილი იცოდა, გულს მოგტაცებდათ.

ტანი მოწეული ყანის ფერი ჰქონდა. ო, ღმერთო! განა შეიძლება ავღწერო მისი ზღაპრული სილამაზე? და აი ამ ორ ნორჩ არსებას (ქალი თექვსმეტისა იყო, ვაჟი ოცისა) პირველი დანახვისთანავე შეუყვარდათ ერთმანეთი. ასე იცის ნამდვილმა სიყვარულმა - მას არა სჭირდება არც ინტელექტების მსგავსება და არც საერთო ინტერესები. იგი ხალასია და უბრალო. ასე შეუყვარდა ადამს ევა, როცა გაიღვიძა და დაინახა, რომ ვიღაცის წყლიანი თვალები მისჩერებოდა. ასეთი სიყვარულით მიილტვიან ერთმანეთისაკენ მხეცები და ღმერთები. ასეთი სიყვარული ხდის სამყაროს სასწაულად, იგი აძლევს ცხოვრებას შინაგან აზრს.

თქვენ ალბათ არასოდეს გაგიგიათ ერთი ბერძენი ცინიკოსის, ფრანგი ჰერცოგის ნათქვამი: ორი მიჯნურიდან ერთს უყვარს და მეორე მხოლოდ ნებას აძლევს, რომ უყვარდესო. მაგრამ იშვიათად ესეც ხდება, რომ ორივეს უყვართ ერთმანეთი. მაშინ ალბათ თვით მზეც კი გარინდდება ხოლმე, როგორც მაშინ, იესომ რომ შეჰღაღადა ისრაელთა ღმერთს.

ახლაც კი, ამდენი წლის შემდეგ, როცა წარმოვიდგენ ამ ორ თვალწარმტაც, უბრალო არსებას, როცა მათ სიყვარულს ვიხსენებ, მკერდში რაღაც ტკივილსა ვგრძნობ. ასევე მემართება, როცა სანაპიროზე ვარ და მოწმენდილ ცაზე ამომავალ სავსე მთვარეს ვუმზერ, - სრულყოფილი სილამაზის ხილვა ყოველთვის ტკივილს იწვევს.

ისინი მთლად ბავშვები იყვნენ. ქალი კეთილი იყო, ნაზი და მომხიბლველი, ვაჟისა არაფერი ვიცი, მაგრამ მწამს, რომ მაშინ მაინც უეშმაკო და გულმართალი იყო.

მინდა მჯეროდეს, რომ სულიც ისევე ლამაზი ჰქონდა, როგორც სხეული. თუმცა, ვინ იცის, იქნებ სულაც იმ არსებებივით უსულო იყო, რომლებიც ტყეში ცხოვრობდნენ, ლერწმისაგან სალამურებს აკეთებდნენ და ნაკადულებსა და ტბებში ბანაობდნენ. ეს მაშინდელი ამბავია, როცაქვეყანა ჯერ კიდევ ჭაბუკი იყო, როცა წვეროსან კენტავრებზე ამხედრებული პატარა ფავნები ხეობებში დანავარდობდნენ. სულ დიდი ხათაბალა რამ არის: როცა ადამიანმა სული შეიძინა, ედემი დაკარგა.

მწითურის ჩამოსვლის წინა ხანებში კუნძულზე ეპიდემია მძვინვარებდა. იგი, რა თქმა უნდა თეთრებმა შემოიტანეს სამხრეთის ზღვებში. მოსახლეობის მესამედი დაიხოცა.

ქალიშვილმა ყველა ახლობელი დაკარგა და ახლა შორეული ნათესავების ოჯახში ცხოვრობდა. ეს ოჯახი შედგებოდა ორი წელში მოხრილი და სახედაპრანჭული დედაბრისაგან, ორი ცოტა უფრო ახალგაზრდა ქალისა, ერთი მამაკაცისა და ერთი ბიჭისაგან. მწითური მხოლოდ რამდენიმე დღეს დარჩა მათთან. მერე იქნებ ზღვის სიახლოვემ დააფრთხო - თეთრებმა არ დამიჭირონო, იქნებ მიჯნურებს არ სურდათ, რომ გარეშეებს თუნდაც ერთი წუთით გაეთიშათ - მათთვის ხომ ბედნიერება იყო ერთად ყოფნა... ასე იყო თუ ისე, ერთ დილას ქოხი დასტოვეს, ქალის ღარიბული მზითევი წამოიღეს და ქოქოსის პალმებით დაჩრდილულ ბალახმოდებულ ბილიკს დაადგნენ. მალე ამ მდინარეს მოადგნენ. ისინიც იმ ხიდზე უნდა გადმოსულიყვნენ თქვენ რომ გადმოხვედით და გოგომ ბევრი იკისკისა, როცა მწითურმა ვერ გაბედა ხიდზე ფეხის შედგმა.

მერე მწითურს ხელი გაუწოდა და პირველი მორის ბოლომდე მიიყვანა. აქ კი ვაჟს მხნეობამ უღალატა და უკან დაბრუნდა. შემდეგ ტანსაცმელი გაიხადა, ქალმა თავზე დაიწყო და ხიდზე გადაიტანა. მხოლოდ ამის შემდეგ გაბედა მწითურმა ხიდის გადავლა.

ისინი ერთ ცარიელ ქოხში შესახლდნენ, რომელიც ამ სახლის ადგილზე იდგა. მგონი, ქალს რაღაც უფლება ჰქონდა აქაურობაზე (მიწათმფლობელობის წესი ამ კუნძულზე ძალზე რთულია) ან, არ ვიცი, პატრონი ეპიდემიის დროს დაიღუპა თუ რა, ყოველ შემთხვევაში არავინ შედავებია და ქოხის ბატონ-პატრონები გახდნენ. ორი ჭილოფი ჰქონდათ დასაძინებლად, სარკის ნატეხი და რამდენიმე ჯამი, მაგრამ ამ მადლიან ქვეყანაში ესეც საკმარისია ცხოვრების დასაწყისად.

ამბობენ, ბედნიერ ადამიანებს ისტორია არა აქვთო, ბედნიერ სიყვარულს, მით უმეტეს, არ ექნება იგი. ისინი მთელ დღეს უქმად იყვნენ და დღე მაინც მოკლედ ეჩვენებოდათ.

ქალს აქაური სახელი ჰქონდა, მაგრამ ვაჟმა სალი დაარქვა. მწითურმა მალე ადვილად ისწავლა სამოელთა მარტივი ენა, საათობით იწვა ჭილოფზე და სალის მხიარულ ჟღურტულს უსმენდა. თვითონ დიდი მოუბარი არ იყო, ან იქნებ ჯერ გონებაც არ გახსნოდა. ქალი სიგარეტებს უმზადებდა - შინაურ თამბაქოს უხვევდა ხოლმე პანდანის ფოთლებში. მწითური ზედიზედ ეწეოდა და თვალს არ აშორებდა ხოლმე სალის, რომელიც თავისი მოქნილი თითებით ბალახის ჭილოფს წნავდა.

დროდადრო მეზობლები ესტუმრებოდნენ და ძველისძველი ომის ამბებს ჰყვებოდნენ ხოლმე. მწითური ხანდახან ბრაგაზე მიდიოდა და კალათით მოჰქონდა ფერად-ფერადი თევზები; ხან ფანარს წაიღებდა და ასთაკვებს იჭერდა ხოლმე. ქოხის ირგვლივ ბანანი ხარობდა. სალი ბანანებს წვავდა და თავიანთ ღარიბულ სუფრას უმატებდა. იგი გემრიელ საჭმლებს ამზადებდა ქოქოსის კაკლისაგან. მდინარის პირას მდგარი პურის ხეც ძალიან შველოდათ. დღესასწაულებზე გოჭსა კლავდნენ და გახურებულ ქვებზე სწვავდნენ ხოლმე. დღე მდინერეში ბანაობდნენ, საღამოობით კი კანოეთი სეირნობდნენ ლაგუნაში.

მზის ჩასვლისას მზე ღვინისფერი ხდებოდა (ჰომეროსის დროინდელიო საბერძნეთის ზღვა გეგონებოდათ), მაგრამ ლაგუნაში ზღვას მრავალი ფერი ჰქონდა- აქვამარინიდან დაწყებული ამეთვისტოსა და ზურმუხტით დამთავრებული. მზის უკანასკნელი სხივები კი ზღვას გამდნარ ოქროდ აქცევდა ხოლმე. იქაურობა ნაირფერადი, უცნაური ფორმის მარჯნებით იყო სავსე: მრეში, ვარდისფერი, წითელი, სოსანი. ყურე ჯადოსნურ წალკოტსა ჰგავდა, წყალში მოსრიალე თევზები კი ფარავნებს. თავი ზღაპარში გეგონებოდათ. მარჯნებს შორის ფსკერზე აქა-იქ თეთრი ქვიშა მოჩანდა. ანკარა წყალში ბანაობა სიცოცხლე იყო.

ბინდისას გაგრილებულნი და ბედნიერნი დაადგებოდნენ ქორფა ბალახით დაფარულ ბილიკს და ხელიხელჩაკიდებულნი ბრუნდებოდნენ უკან.

თავს ქოქოსის პალმებში მოფრთხიალე მაინა ჩიტები დასჭიკჭიკებდნენ. მერე ღამე ჩამოწვებოდა. ვარსკვლავებით მოჭედილი ცა აქ უფრო ვრცელი ჩანდა, ვიდრე ევროპაში. მერე გრილი ნიავი დაივლიდა ფარღალალა ქოხს... აქ გრძელი ღამეები იცის, მაგრამ მიჯნურებს მოკლედ ეჩვენებოდათ.

ქალი თექვსმეტისა იყო ვაჟი ოცის. ქოხის ბოძებს შუა განთიადი შემოიპარობოდა და ერთმანეთთან ჩახუტებულ მშვენიერ ბავშვებს წაადგებოდა თავს.

მზე ჯერ ბანანის დაკბილულ ფოთლებს ეფარებოდა, თითქოს მძინარეების შეწუხება არ უნდაო, შემდეგ ოქროსფერ სხივს დაადგებოდა და კატასვით მიელაქუცებოდა შეყვარებულებს სახეზე. ისინიც ძილჩამდგარ თვალებს გაახელდნენ და ღიმილით ესალმებოდნენ ახალ დღეს.

კვირეებს თვეები მიჰყვნენ, მალე წელიწადიც გავიდა, მაგრამ მათ ისევ ისე უყვარდათ ერთმანეთი. ვერ ვიტყვი, ვნებიანად-მეთქი, რადგან ვნებას ყოველთვის გადაკრავს სევდის ელფერი. ჭმუნვისა და ურვის ნარევი, - ამ ორს კი კვლავ ისევე უსაზღვროდ, უბრალოდ და ბუნებრივად უყვარდათ ერთმანეთი, როგორც მაშინ, პირველად რომ შეხვდნენ და იგრძნეს, ჩვენს არსებაში ღვთაებამ დაიბუდაო.

დარწმუნებული ვარ, ფიქრობდნენ: ჩვენი ტრფობა მარადიულიაო. სიყვარულში ხომ მთავარია, რომ ეს რწმენა არ შეგერყეს. მიუხედავად ამისა, მწითურს, ეტყობა, ცოტათი უკვე მოყირჭდა სიყვარული, თუმცა ამას ჯერ ვერც თვითონ ხვდებოდა და ვერც ქალი.

ერთ დღეს ვიღაც ყურესთან მცხოვრებმა ამბავი მოიტანა - ნაპირს ინგლისის ვეშაპსანადირო გემი მოადგაო.

- ოჰო! - წამოიძახა მწითურმა, - რა იქნება, კაკლები და ბანანები რომ გადავცვალო ორიოდე გირვანქა თამბაქოზე?

პანდანის სიგარეტები, რომლებსაც დაუზოგავად უხვევდა სალი, მაგარი და საკმაოდ სასიამოვნო მოსაწევი იყო, მაგრამ თამბაქოს მაინც სულ სხვაგემო ჰქონდა. მწითურს კარგა ხანი იყო, ჩიბუხი არ მოეწია და უცებ ისე მოუნდა ნამდვილი თმაბაქო - მაგარი და სურნელოვანი, რომ ნერწყვი მოადგა.

მოსალოდნელი იყო, რომ ქალს ტანი უგრძნობდა და არ გაუშვებდა, მაგრამ სალის ისე უსაზღვროდ უყვარდა მწითური, ეგონა, ვერავითარი ამქვეყნიუყრი ძალა დაგვაშორებსო. ისინი ერთად ავიდნენ გორაზე და ერთი დიდი კალათა ტყის ფორთოხალი ჩამოიტანეს. ფორთოხლები მწვანე, მაგრამ წვნიანი და ტკბილი იყო. ბანანები, ქოქოსის კაკლები, პურის ხის ნაყოფი და მანგო იქვე, ქოხის მახლობლად დაკრიფეს, სანპიროზე გაიტანეს და პატარა ნავში ჩატვირთეს. შემდეგ მწითურმა ამბის მომტანი ბიჭი ჩაისვა ნავში, ბრაგას შემოუარა და გემისაკენ გაემართა.

ამის სემდეგ სალის აღარ უნახავს მწითური!

მეორე დღეს ბიჭი მარტოკა დაბრუნდა უკან და ტირილით მოჰყვა: როცა კარგა ხნის ცურვის შემდეგ გემს მიუახლოვდნენ, მწითურმა დაიყვირა-გადმომხედეთო. მოაჯირს ვიღაც თეთრკანიანი მოადგა და უთხრა, ამოდითო. მწითურმა ხილი ხილი აიტანა ზევით და გემბანზე დაყარა.

იმან და თეთრმა კაცმა ლაპარაკი დაიწყეს და, ეტყობოდა, მორიგდნენ. ერთი მეზღვაური ქვევით ჩავიდა და თამბაქო ამოიტანა. მწითურმა იქვე გატენა ჩიბუხი და მოუკიდა. ბიჭმა აჩვენა, თუ როგორი სიამოვნება გამოეხატა სახეზე მწითურს, როცა პირიდან კვამლის უზარმაზარი ბოლქვი გამოუშვა. შემდეგ მწითურს კიდევ გამოელაპარაკნენ და კაიუტაში შეიყვანეს.

ბიჭი კარებში იჭვრიტებოდა და დაინახა, რომ ბოთლი და ჭიქები მოიტანეს. მწითური სვამდა და ჩიბუხს აბოლებდა. იმათ რაღაცა ჰკითხეს, მწითურმა თავი გააქნია და გაიცინა.

იმ კაცმაც გაიცინა, მათ რომ პირველად შეხვდა, და მწითურს ჭიქა გაუვსო. მათ გააგრძელეს სმა და საუბარი. ბიჭს არაფერი ესმოდა, მობეზრდა, გემბანზე წამოგორდა და დაიძინა.
უცებ მუჯლუგუნმა გამოაღვიძა. ფეხზე წამოხტა და ნახა, რომ გემი ნელა-ნელა გადიოდა ლაგუნიდან. მწითური მაგიდასთან იჯდა, თავი ხელებში ჩაერგო და მაგრად ეძინა.

დააპირა მისულიყო და გაეღვიძებინა, მაგრამ ერთმა დაბღვერილმა კაცმა ღონივრად წაავლო ხელი, რაღაცა უთხრა და ნაპირისკენ მიუთითა, მაშინ მან მწითურს დაუძახა, მაგრამ იმწამსვე სტაცეს ხელი და ზღვაში გადააგდეს. ბიჭი მიხვდა, რომ ვერაფერს გააწყობდა.

კანოესთან მიცურდა, ბრაგასთან მიიყვანა, შიგ ჩაჯდა და ტირილით გამოსცურა ნაპირისაკენ.

ყველაფერი აშკარა იყო - გემზე მეზღვაურები აკლდათ. ალბათ ავად გახდნენ, ან გაიქცნენ - და კაპიტანმა მწითურს უთხრა, ჩემს გემზე იმსახურეო. როცა უარი მიიღო, დაათრო და მოიტაცა. სალი კინაღამ შეიშალა დარდისაგან. მთელი სამი დღე ღრიალებდა. მეზობლებმა ყველა ღონე იხმარეს, რომ დაეშოშმინებინათ, მაგრამ ვერას გახდნენ.

სალიმ ჭამა აიკვეთა, დასუსტდა, დანაღვლიანდა. ყოველ ცისმარე დღეს ნაპირზე იყო და ზღვას გაჰყურებდა - იქნებ მწითურმა გამოქცევა მოახერხოსო.

საათობით იჯდა თეთრ ქვიშაზე და ღაწვებზე ცრემლი ჩამოსდიოდა. საღამოს დაოსებული მილასლასებდა თავისი ქოხისკენ, სადაც ბედნიერი იყო ოდესღაც. ნათესავები, რომლებთანაც კუნძულზე მწითურის მოსვლამდე ცხოვრობდა, ეხვეწებოდნენ, ჩვენთან გადმოდიო, მაგრამ დაიყოლიეს: სალი დარწმუნებული იყო, მწითურიმწითური დაბრუნდებაო, და უნდოდა შინ დახვედროდა.

ოთხი თვის შემდეგ მკვდარი ბავშვი შობა. მშობიარობაზე ერთი დედაბერი ეხმარებოდა, რომელიც მერე მასთან დარჩა საცხოვრებლად.

სალის აღარაფერი ახარებდა ამქვეყნად.

მწვავე ტკივილი თანდათან მიყუჩდა, მაგრამ ახლა შავმა კაეშანმა დარია ხელი. აქაურმა ხალხმა ძლიერი, მაგრამ წუთიერი სიყვარული იცის და არავის ეგონა, თუ სალის ამდენ ხანს გაყვებოდა ეს გრძნობა. მას ეჭვი არ ეპარებოდა, რომადრე თუ გვიან მიჯნური დაუბრუნდებოდა, ნიადაგ მოლოდინში იყო და როცა ვინმე დააპირებდა ამ პატარა ქოქოსის ხიდზე გადმოსვლას, გაფაციცებით მიაჩერდებოდა ხოლმე - იქნებ ეს მაინც იყოს მწითურიო.

ნეილსონი შეჩერდა და ამოიოხრა.

- ბოლოს რა მოუვიდა? - იკითხა შკიპერმა.

ნეილსონმა მწარედ ჩაიცინა.

- რა და სამი წლის შემდეგ სხვა თეთრკანიანი გამოუჩნდა.

- მაგათ ეგრე იციან ხოლმე, - დამცინავად ჩაიხითხითა შკიპერმა.

შვედმა მძულვარებით სავსე თვალები მიანათა. ვერ მიმხვდარიყო, ასე მძაფრად რატომ შეზიზღდა ეს ტლანქი, გაბერილი კაცი. მაგრამ ნეილსონის გონებას მალე კვლავ წარსულის სურათები მიეძალნენ. ფიქრებმა ოცდახუთი წლის უკან გადატყორცნა, მაშინ პირველად მოვიდა ამ კუნძულზე აპიიდან, რომელმაც თავი მოაბეზრა ლოთობით, აზარტული თამაშებით და პირუტყვული მრუშობით.

იგი მძიმე ავადმყოფი იყო და ცდილობდა თავიდან ამოეგდო ყოველგვარი პატივმოყვარული ოცნება. მან ხელი აიღო კარიერაზე, რაკი დაკარგა იმედი, რომ ოდესმე გამოჩენილი ადამიანი გახდებოდა. რამდენიმე თვე დარჩენოდა და მხოლოდ იამასღა ფიქრობდა, მშვიდად ეცხოვრა.

იგი დასახლდა ერთ მეტის ვაჭართან, რომელსაც სოფლის განაპირას, ნაპირიდან ორიოდე მილზე, ჰქონდა დუქანი. ერთ დღეს ქოქოსის პალმების ჭალაში რომ დასეირნობდა, სალის ქოხს წააწყდა. იქაურობის სილამაზემ აღტაცებაში მოიყვანა. შემდეგ სალის მოკრა თვალი. ასეთ მშვენიერ ქმნილებას პირველად ხედავდა. შავ თვალებში ჩაბუდებულმა ნაღველმა უცნაურად იმოქმედა მასზე. კანაკელები კოხტა ხალხია, მაგრამ უფრო ლამაზ ცხოველებს გვანან- უსულგულო და ცივი სილამაზე აქვთ.

სალის ტანჯული თვალები კი რაღაც საიდუმლოს მალავდნენ; მათში ადამიანის დაკოდილი სულის დაბნეულობა და მწუხარება ისახებოდა. ვაჭარმა ყველაფერი უამბო. ნეილსონს გული აუჩვილა ქალის უბედურებამ.

- როგორ ფიქრობთ, მწითური დაბრუნდება ოდესმე? - ჰკითხა ვაჭარს.

- არა მგონია. მეზღვაურებს, სულ ცოტა, ორი წლის შემდეგ დაითხოვენ და ამასობაში სალი დაავიწყდება კიდეც. დარწმუნებული ვარ, გაოცდა, როცა გაიღვიძა და მიხვდა, რომ განგებ დაათვრეს. პირველად ჩხუბსაც ატეხდა, მაგრამ ბოლოს ალბათ ბედს შეურიგდებოდა.

ერთი თვის შემდეგ კი, მგონი, კიდევაც უხაროდა კუნძულიდან წასვლა.

ნეილსონმა ვერ იქნა და ვერ ამოიღო გონებიდან ეს ამბავი. მწითურის სიჯანსაღე და მშვენება წარმოდგენას უფორიაქებდა. თვითონ ავადმყოფი, სუსტი და შეუხედავი იყო, მაგრამ სილამაზესა და ჯანმრთელობას ძალიან აფასებდა. ნეილსონს არავინ ყვარებია ძლიერად და მით უმეტეს, არც თვითონ უყვარდა ვინმეს. ამ ორი ახალგაზრდა არსების ურთიერთლტოლვა სრულყოფილ, ყოვლისმომცველ, მარადიულ მშვენიერებად მიაჩნდა და უნაურად ახარებდა.

იგი კვლავ ესტუმრა მდინარის პირას მდგარ პატარა ქოხს.

ნეილსონს ენების შესწავლის ნიჭი და დაუღალავი, მუშაობას მიჩვეული გონება ჰქონდა. კარგა ხანი იყო, რაც აქაური ენა აითვისა და ახლა მასალებს აგროვებდა, რომ ენა მეცნიერულად შეესწავლა.

დედაბერმა, რომელიც სალისთან ცხოვრობდა, ქოხში შეიპატიჟა და სთხოვა, დაბრძანდითო. მერე ყავა და სიგარეტები მიართვა. იგი ძალიან გახარებული იყო, რომ მსმენელი იშოვნა.

ვიდრე დედაბერი ლაპარაკობდა, ნეილსონი სალის ათვალიერებდა. ქალი სწორი, ნატიფი ნაკვთებით ნეაპოლის მუზეუმის ფსიქეას აგონებდა და თუმცა შვილოსნობაგამოვლილი იყო, მაინც უმანკო გოგონას ჰგავდა.

სალის ხმა მხოლოდ მეორე თუ მესამე მისვლისას გაიგონა. მაშინაც მარტო ისა ჰკითხა: აპიაში ისეთი კაცი ხომ არ გინახავთ, სახელად მწითურს ეძახიანო.

უკვე ორი წელი გავიდა მწითურის გაუჩინარებიდან, მაგრამ ჩანდა სალი დღენიადაგ მასზე ფიქრობდა.

მალე ნეილსონმა იგრძნო, რომ სალი შეყვარებოდა. ძალიან ცდილობდა ყოველდღე არ მისულიყო მდინარესთან, მაგრამ მისი ფიქრებიმაინც სალის დასტრიალებდნენ თავს.

პირველა ხანებში, სანამ დარწმუნებული იყო, სასიკვდილოდა ვარ განწირულიო, სალის დანახვითა და მისი ხმის გაგონებითაც კმაყოფილდებოდა. ეს სიყვარული საოცარ ბედნიერებას ანიჭებდა, მის სიწმინდეს შეჰხაროდა. ეს ნატიფი არსებგა მხოლოდ იმისთვის უნდოდა, რომ მის ირგვლივ ლამაზ ოცნებათა ქსელი მოექსოვა.

მაგრამ სუფთა ჰაერმა, ზომიერმა ჰავამ და უბრალო საკვებმა გამოაკეთა ნეილსონი. ღამღამობით სიცხე აღარ უწევდა, ხველებამ უკლო და ცოტა მოსუქდა კიდეც. ექვსი თვე გავიდა, რაც სისხლი აღარ წასკდომია პირიდან დანეილსონს გადარჩენის იმედი მიეცა.

თავისი სნეულება კარგად ჰქონდა შესწავლილი და მიხვდა, რომ თავის მოვლენით შეიძლებოდა სულაც გადარჩენილიყო და უკვე მომავლის გეგმებიც დააწყო.

რა თქმა უნდა, არ უნდა გადაღლილიყო. მას მცირე შემოსავალი აქვს, მაგრამ კუნძულზე თუ იცხოვრებს, თავისუფალად ეყოფა. მთლად უქმად რომ არ იყოს, ქოქოსის პალმებს გააშენებს, წიგნებსა და პიანინოს გამოიწერს, მაგრამ ნეილსონი ჭკვიანი კაცი იყო და მიხვდა, რომ ყოველივე ამაო იყო- სიყვარულს, რომელმაც მთელი მისი არსება მოიცვა, ვეღარსად გაექცეოდა.

ნეილსონს სალი სურდა. მარტო მის სილამაზეს კი არა, სულსაც ელტვოდა, სულს, რომელიც სამუსამოდ დაკარგული ეგონა და ახლა რაღაც ჯადოსნობით უკან დაბრუნდა.

ნეილსონმა სთხოვა ქალს, ერთად ვიცხოვროთო. სალიმ უარით უპასუხა. იგი მოელოდა ამ უარს და გული არ გაიტეხა - ფიქრობდა, ადრე თუ გვიან დავითანხმებ, ჩემს სიყვარულს წინ ვერაფერი დაუდგებაო.

შემდეგ დედაბერს გაუმხილა თავისი გულისწადილი და, ცოტა არ იყოს, გაოცებული დარჩა - თურმე დედაბერსაც და მეზობლებსაც კარგა ხანია სცოდნოდათ ყველაფერი და დაჟინებით ურჩევდნენ სალის, დათანხმებოდა.

თეთრი მამაკაცის ოჯახის დიასახლისობა ხომ ყველა კანაკელი ქალის ოცნებაა. გარდა ამისა, ნეილსონი კუნძულზე მდიდარ კაცადაც ითვლებოდა. ვაჭარიც მივიდა სალისთან და ურჩია: ჭკუას მოუგეო - ასეთი შემთხვევა აღარ გექნება, ამდენი ხნის შემდეგ როგორღა გჯერა, რომ მწითური დაბრუნდებაო.

ქალის უარმა უფრო გაუძლიერა ნეილსონს გრძნობა და მანამდე უბიწო სიყვარული ახლა უკვე მტანჯველ ვნებად ექცა. მან მტკიცედ გადაწყვიტა, ყველა ღონე ეხმარა, გასაქანი არ მიეცა ქალისათვის. ბოლოს სალიმ ვერ გაუძლო ნეილსონის მიჟინებას, ნაცნობ-მეგობართა ხან ალერსიან, ხან გაჯავრებულ რჩევა- დარიგებებს და დათანხმდა.

მეორე დღეს სიხარულით ცაში აფრენილი ნეილსონი სალისთან მივიდა და ნახა, რომ სალის ქოხი დაეწვა.

დედაბერი წინ შემოეგება და სალის ლანძღვა-გინებას მოჰყვა, მაგრამ ნეილსონმა ხელი აუქნია. რა მოხდა, ნაქოხარზე ბუნგალოს ავაშენებ, ევროპული სახლი უკეთესიცაა, მით უმეტეს, თუ როიალს და წიგნებს გამოვიწერო.

ასე აშენდა ეს პატარა ხის სახლი, რომელშიც უკვე ამდენი წელია ცხოვრობს და სალი მისი ცოლი გახდა, მაგრამ პირველი კვირეების თავდავიწყების შემდეგ, როცა იგი კმაყოფილდებოდა იმით, რასაც სალი აძლევდა, ნეილსონს სიხარული აღარ უნახავს, სალი მოიქანცა და დამორჩილდა, მაგრამ მხოლოდ ის მისცა, რასაც თვითონ არაფრად აგდებდა, მისი სული კი, რომელიც ხანდახან ბუნდოვნად გამოკრთებოდა ხოლმე, ხელიდან გაუსხლტა ნეილსონს. მან იცოდა, რომ სალის იგი არაფრად მიაჩნდა, კვლავ უყვარდა მწითური და ყოველდღე ელოდა. ნეილსონი დარწმუნებული იყო, მწითურს რაიმე ნიშანი რომ მიეცა, სალი უყოყმანოდ წავიდოდა. იმწამსვე დაივიწყებდა ნეილსონის სიყვარულს, სინაზესა და გულუხვობას. ფიქრადაც არ გაივლებდა, ჩემი ქმარი დაიტანჯებაო.

ნეილსონი დანაღვლიანდა. ცდილობდა გაენგრია გალავანი, რომელიც სალიმ შემოივლო, ცდილობდა სიკეთით გაელღვო მისი გული, მაგრამ ყოველივე ამაო იყო: სიყვარული სამსალად იქცა ვერც კი ამჩნევდა მის გულცივობას.

ხანდახან მოთმინებას ჰკარგავდა და ეჩხუბებოდა. მაშინ სალი უხმოდ ტიროდა. ზოგჯერ ფიქრობდა, ყველაფერი მომეჩვენა, თვითონ გამოვიგონე სალის სული და თვითონვე შემოვავლე მას გადაულახავი ზღვარიო. სიყვარული საპყრობილეს დაემგვანა. საკმარისი იყო, კარი გაეღო და კვლავ თავისუფალი იქნებოდა, მაგრამ ნეილსონს ძალა არ ყოფნიდა. პირველად საშინლად ეწამებოდა, მერე ყოველგვარი იმედი დაეკარგა და ტკივილსაც კი აღარა გრძნობდა. ცეცხლი თანდათან იბჟუტებოდა და ახლა, როცა სალი ბონდს მიაჩერდებოდა ხოლმე, ნეილსონს სწყინდა, მაგრამ აღარა ბრაზობდა.

უკვე მრავალი წელია, ერთად ცხოვრობდნენ, მიეჩვივნენ ერთმანეთს და ნეილსონი უკვე ღიმილით იგონებდა გარდასულ დღეთა ვნებებს. სალი ახლა მოხუცი იყო (კუნძულელი ქალები მალე ბერდებიან), ნეილსონს აღარ უყვარდა იგი, მაგრამ კარგად ეპყრობოდა. მას აღარ სჭირდებოდა სალი - როიალი და წიგნები სრულიად აკმაყოფილებდა.

ამ ფიქრებმა კვლავ ლაპარაკის სურვილი აღუძრა ნეილსონს.

- როცა უკან ვიხედები და სალისა და მწითურის ხანმოკლე, მაგრამ ვნებიან სიყვარულს ვიხსენებ, ვფიქრობ, იქნებ უმჯობესიც იყო, რომულმობელმა განგებამ მაშინ გაჰყარა, როცა ასე ძლიერ უყვარდათ ერთმანეთი. მართალია დაიტანჯნენ, მაგრამ ეს ტანჯვაც ლამაზი იყო. ისინი გადაურჩნენ სიყვარულის ტრაგედიას.

- რაღაც კარგად ვერ გაგიგეთ, - თქვა შკიპერმა.

- სიკვდილი ან განშორება როდია სიყვარულის ტრაგედია. განა რამდენ ხანს ეყვარებოდათ ერთმანეთი. ადრე თუ გვიან რომელიმეს გული გაუცივდებოდა და, წარმოიდგინეთ რა საშინელებაა, როცა ოდესღაც სანუკვარი არსება, ურომლისოდაც ერთი წამითაც არ შეგეძლო ყოფნა, ახლა აღარაფრად მიგაჩნია, სიყვარულის ნამდვილი ტრაგედია გულგრილობაა.

ამ დროს უცნაური რამ მოხდა. ნეილსონი თავისთვის ლაპარაკობდა, თავისთვის ალაგებდა აზრებს სიტყვებად, თან მის წინ მჯდომ კაცს მისჩერებოდა, მაგრამ ვერც კი ხედავდა. ანაზდად სულ სხვა სახე წამოებლანდა თვალებში. თითქოს უცებ ჩაიხედა მრუდე სარკეში, რომელიც ადამიანს საშინლად სქელად ან აწოწილად აჩვენებს. ოღონდ ახლა პირიქით ხდებოდა - ამ გულისამრევი გასივებული ბერიკაცის ნაცვლად ნეილსონმა წამით ახალგაზრდა კაცი დაინახა. ის ჩაციებით მიაშტერდა სტუმარს. რაღა სწორედ აქ მოიყვანა შემთხვევითმა გასეირნებამ? უცებ გული აუჩქროლდა.

სულელურმა ეჭვმა მიცვა მისი არსება. ეს თითქოს შეუძლებელი იყო, მაგრამ ვინ იცის?

- რა გქვიათ? - ჯიქურად ჰკითხა მან სტუმარს.

შკიპერმა თვალები მოხუჭა და მზაკვრულად ჩაიცინა. სახეზე სიბოროტე და შესაზარი უხეშობა გამოუკრთა.

-ეშმაკმა დალახვროს, იმდენი ხანია ჩემთვის ნამდვილი სახელი აღარ დაუძახიათ, რომ დამავიწყდა კიდეც. ისე კი უკვე ოცდაათი წელია ამ კუნძულზე მწითურს მეძახიან.

შკიპერს ჩუმი სიცილისგან მთელი სხეული უთახთახებდა. ისეთი ამაზრზენი შესახედავი იყო, რომ ნეილსონს გააჟრჟოლა. მწითურს კი, ეტყობოდა, ძალიან ართობდა ეს ამბავი - ჩასისხლიანებული თვალებიდან ცრემლი სცვიოდა.

კარი გაიღო და ოთახში ქალი შემოვიდა. ნეილსონს სუნთქვა შეეკრა. ქალი კანაკელი ჩანდა.

დარბაისლური შეხედულება ჰქონდა. საკმაოდ სრული იყო, მაგრამ ტანი არ დამახინჯებოდა. კანი ძალიან მუქი ჰქონდა (კანაკელები ხანში რომ შედიან, კანი უმუქდებათ), თმა მთლად გაჭაღარავებოდა. გრძელი შავი კაბა ეცვა. კაბათხელი ნაჭრისა იყო და ძლივსუფარავდადიდ ძუძუებს. დადგა კრიტიკული წუთი!

ქალმა რაღაც ჰკითხა ნეილსონს. ნეილსონმაუპასუხა.

თავისი ხმა არაბუნებრივად ეჩვენა და იფიქრა - ნეტა ქალსაც ასე ეჩვენებაო? ქალმა გულგრილად შეხედა ფანჯარასთან მდგომ მამაკაცს და ოთახიდან გავიდა. კრიტიკულმა წუთმა გაიარა.

ნეილსონმა ცოტა ხანს ხმა ვერ ამოიღო. იგი საოცრად დაბნეული ჩანდა. შემდეგ, როგორც იყო, ამოიდგა ენა:

- ძალიან მოხარული ვიქნებოდი, თუ მოიცდიდით და ჩვენს ღარიბულ სუფრას გაიზიარებთ.

- არა მგონინია მოვახერხო. აი ის გრეი უნდა ვიპოვნო, თავისი ტვირთი ჩავაბარო და უკან დავბრუნდე. ხვალვე მინდა ვიყო აპიაში.

- ბიჭს გაგაყოლებთ მეგზურად.

- ძალიან კარგი იქნება.

მწითური მძიმედ წამოდგა სკამიდან. ნეილსონმა პლანტაციაზე მომუშავე ერთი ბიჭი მოიხმო და უთხრა, მავან ადგილას წაიყვანეო.

ბიჭი ხიდზე გავიდა. მწითურიც დაიძრა.

- არ გადაიჩეხოთ, - გააფრთხილა ნეილსონმა.

- ნუ გეშინიათ.

ნეილსონმა თვალი გაადევნა მწითურს. იგი უკვე გაუჩინარდა ქოქოსის პალმებში, მაგრამ ნეილსონი კვლავ უძრავად იდგა.

შემდეგ დუნედ დაეშვა სავარძელში. ნუთუ ეს იყო ის კაცი, რომელმაც ბედნიერების კარი დაუხშო? ნუთუეს კაცი უყვარდა სალის ამდენ ხანს, ამას უცდიდა ასე თავგადადებით. რა უაზრობა იყო! ნეილსონი უცებ ისე გაშმაგდა, რომ მოუნდა წამომხტარიყო და ყველაფერი დაელეწა.

ბოლოს ხომ შეხვდნენ! შეხვდნენ და ვერც კი იცნეს ერთმანეთი, ნეილსონმა სიცილი დაიწყო. სიცილმა თანდათან უმატა და ისტერიკად ექცა. ღმერთებმა მწარედ გაამასხარავეს ნეილსონი. ახლა კი უკვე მოხუცია!

ოთახში სალი შემოვიდა და უთხრა, სადილი მზად არისო. ნეილსონი სალის პირდაპირ იჯდა და ცდილობდა, რამე ეჭამა. ნეტავ რას იტყოდა სალი, რომ ვუთხრა, სავარძელში მჯდომი ჩაგოდრებული ბერიკაცი შენი მიჯნური იყო-მეთქი. სალის ხომ კვლავ ახალგაზრდა და თავშეუკავებელი ვნებით ახსოვდა იგი.

მრავალი წლის წინ ნეილსონი სიამოვნებით გაუმხელდა სალის ამ ამბავს, რადგან მაშინ ფიქრობდა, სალიმ გამაუბედურაო, და საშინლად სძულდა იგი. თითონაც მიუგებდა საზღაურს, რადგან მის სიძულვილს მაშინ სიყვარული ედო საფუძვლად. ახლა კი სულ ერთი იყო და ნეილსონმა გულგრილად აიჩეჩა მხრები.

- რა უდოდა იმ კაცს? - იკითხა სალიმ.

ნეილსონმა მაშინვე არ უპასუხა. სალიც მოხუცი იყო. სქელი მოხუცი კანაკელი ქალი. და ნეილსონი ახლა ვეღარ ხვდებოდა, თუ რატომ უყვარდა იგი ასე გაგიჟებით. მან ხომ ფეხქვეშ გაუგო თავისი სულის საგანძური, მაგრამ სალის არც კი დაუხედია ძირს.

ამაოდ, ო რა ამაოდ იტანჯა! ახლა კი მხოლოდ ზიზღს გრძნობდა სალის დანახვაზე. კმარა, აევსო ფიალა!

- სანდალის კაპიტანი იყო. აპიიდან ჩამოვიდა.

- მერე?

- შინიდან ამბავი ჩამომიტანა. ჩემი უფროსი ძმა ყოფილა მძიმე ავადმყოფი და უნდა წავიდე.

- დიდი ხნით მიდიხართ?

ნეილსონმა მხრები აიჩეჩა.