Tuesday, March 17, 2015

რევაზ გაჩეჩილაძე - ჩემი XX საუკუნე

რევაზ გაჩეჩილაძე - ჩემი XX საუკუნე 1901-1953 ტომი I

რუსეთის ექსპანსიონისტური საგარეო პოლიტიკის ფონზე თითქოს ანომალიად ჩანს, რომ 1867 წელს პეტებურგმა ამერიკის შეერთებულ შტატებს მიჰყიდა ჩრდილოეთ ამერიკაში ეკატერინა II-ის დროიდან მის საკუთრებაში მყოფი ალასკა და ალეუტის კუნძულები. იმ დროს უდაბური და რესურსებით ღარიბი ალასკის (ოქროს, ნავთობის, გაზის, სხვა ძვირფასი წიაღისეულის იქ არსებობა მაშინ უცნობი იყო) ფასი ვაშინგტონში ეძვირათ: იქ ყოყმანობდნენ კიდეც - ღირდა თუ არა 7.2 მილიონი დოლარის გადაყრა 1.6 მილიონი კვადრატული კილომეტრი ფართობის ჩრდილოეთის ამ უსარგებლო მიწისთვის. გარიგების სარგებლიანობაში კონგრესმენები და სენატორები სახელმწიფო მდივანმა უილიამ სიუარდმა დაარწმუნა, რომელსაც უკეთ ესმოდა პოლიტიკური და ეკონომიკური გეოგრაფია.

თუ ყურადღებას მიაქცევთ იმპერიის დროინდელი თბილისის საუკეთესო სახლებს სოლოლაკსა და მთაწმინდაზე, ბევრი მათგანის პარაპეტებს დღესაც ამშვენებს წარწერები „1910“, „1911“, „1912“, „1913“. ასე მიუთითებდნენ წესლ როდესაცსახლის აშენება მთავრდებოდა. ფართო მშენებლობა კი ქვეყანაში ეკონომიკური აღმავლობის ნიშანია, რაც მთელ იმპერიაში იგრძნობოდა.

რევოლუციურ ძალებს შორის გამოირჩეოდნენ სოციალ-დემოკრატები და სოციალისტ-რევოლუციონერები (ესერები). ესერების პარტიის ბრძოლის ერთ-ერთი მეთოდი იმპერიის ოფიციალური პირების მიმართ განხორციელებული ინდივიდუალური ტერორიზმი იყო. გამოთვლილია, რომ 1901-1911 წლებში „ესერთა საბრძოლო ორგანიზაციის“ ტერორისტული აქციებს შეეწირა 2 მინისტრი, 33 გენერალ-გუბერნატორი, გუბერნატორი და ვიცე-გუბერნატორი, 16 ქალაქის თავი, პროკურორი და პოლიცმაისტრი, 7 გენერალი და ადმირალი და ა.შ.

1906 წელს ფინეთმა მსოფლიოში პირველმა მიანიჭა ქალებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება.

1904 წელს შავი ზღვის გუბერნიას, რომლის ცენტრიც იყო ნოვოროსიისკი, სოხუმის ოკრუგიდან გადასცეს გაგრის კლიმატური სადგური მდინარე ბზიფიდან მდინარე ფსოუმდე, სოფელ პილენკოვომდე (საბჭოთა პერიოდში - დაბა განთიადი). უფრო ჩრდილო-დასავლეთით მდებარე სოჭი არც ადრე და არც შემდეგ არ შედიოდა სოხუმის ოკრუგში.

ტფილისის გუბერნიაში შედიოდა ტფილისის, გორის, ბორჩალოს, სიღნაღის, თელავის, თიანეთის, დუშეთის, ახალციხისა და ახალქალაქის მაზრები. რაიმე „სამხრეთ ოსეთი“ ადმინისტრაციულ რუკაზე მოხსენიებული არ იყო. მართალია, 1842-1859 წლებში არსებობდა „ოსეთის ოკრუგი“, რომელიც მოიცავდა დღევანდელ ჯავის რაიონსა და მიმდებარე ტერიტორიას კავკასიონიდან ქედის ჩრდილოეთითაც (ეს დაახლოებით ემთხვეოდა ისტორიულ დვალეთს საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში), მაგრამ 1859 წელს ეს ოკრუგი გაუქმდა და ქედის სამხრეთით მდებარე მისი ტერიტორია გორის მაზრას შეუერთდა. ამის შემდეგ, 1860-იან წლებში, „ოსეთის ოკრუგი“ ერთხანს არსებობდა ჩრდილოეთ კავკასიაში, კერძოდ, თერგის ოლქში, მაგრამ მალე ისიც გაუქმდა.

1905 წელს სანკტ-პეტერბურგში გამოვიდა რუსეთის იმპერიაში 1897 წელს ჩატარებული მოსახლეობის პირველი (და, როგორც მერე გაირკვა, უკანასკნელი) საყოველთაო აღწერის მასალების მეორე ტომი, საიდანაც ვიგებთ, რომ იმ პერიოდის სამხრეთ კავკასიაში ქართველები რიცხოვნობით (1.350 მილიონი) ოდნავ სჭარბობდნენ აზერბაიჯანელებსა (1.3 მილიონი) და სომხებს (1.2 მილიონი). პირველი მსოფლიო ომის წინ, 1914 წლის წელიწდეულის, „Кавказскии календарь“-ის შეფასების თანახმად, სამხრეთ კავკასიაში აზერბაიჯანელებმა რიცხოვნობით (1.791 მილიონი) გაასწრეს ქართველებს (1.741 მილიონი). სომხების რიცხოვნობა 1.685 მილიონ სულად შეფასდა.

1897 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით ტფილისისა და ქუთაისის გუბერნიებში, სოხუმის ოკრუგსა და ბათუმის ოლქში, რაც ფართობით სჭარბობდა დღევანდელი საქართველოს ტერიტორიას (ბათუმის ოლქში ართვინის ოკრუგიც შედიოდა, რომელიც ახლა თურქეთის შემადგენლობაშია; ტფილისის გუბერნიის ბორჩალოს მაზრაში შედიოდა ლორეს საპოლიციო უბანი, რომელიც ახლა სომხეთის რესპუბლიკას ეკუთვნის), აღირიცა ათი „ხალხი“. მათ შორის ორ მესამედზე მეტს ქმინდა ორი, თითოეული ნახევარ მილიონამდე - იმერლები (რაჭველ-ლეჩხუმელებთან ერთად) და „გრუზინები“ (ქართლელ-კახელები). მათ მოსდევდნენ მეგრელები (240 ათასი), გურულები (93 ათასი), აჭარლები (70 ათასი) და მცირერიცხოვანი სვანები, ხევსურები, ფშავლები, თუშები, ლაზები (თითოეული ამ სუბეთნოსის რიცხოვნობა 3-16 ათასით განისაზღვრა). გარდა ამისა, ზაქათალის ოკრუგში, რომელიც ამჟამად აზერბაიჯანის შემადგენლობაშია, აღირიცხა 14 ათასი ქართულენოვანი ინგილო.

***

1897 წლის მოსახლეობის აღწერის შედეგების თანახმად, თბილისის ეთნიკურ ჯგუფებს შორის რიცხოვნობით პირველ ადგილზე (29.8 %) იდგნენ რუსები, უფრო ზუსტად - აღმოსავლეთ სლავები, რადგან იმ დროს მალაროსებსა (ანუ უკრაინელებს) და ბელორუსებს ველიკოროსებთან (ანუ საკუთრივ რუსებთან) ერთად რუსებს უწოდებდნენ. რუსებს ჭარბობდა ბიუროკრატია, ოფიცრობა და ყაზარმებში დაბანაკებული ჯარისკაცები.

თბილისის მოსახლეობაში რიცხოვნობით მეორე ადგილზე სომხები იყვნენ (29.5%) რომელთა ერთი ნაწილისთვის მშობლიური ენა ქართული იყო. სომხები დომინირებდნენ ვაჭრებსა და ხელოსნებს შორის. საკმაოდ მრავალრიცხოვანი სომხური ინტელიგენცია თბილისს სომეხი ხალხის კულტურული განვითარების ერთ-ერთ ცენტრად აქცევდა, სადაც ჩამოყალიბდა აღმოსავლურ-სომხური კულტურის ცენტრი სტამბოლი/კონსტანტინოპოლი იყო.

რუსებსა და სომხრებს რიცხოვნობით მცირედ ჩამორჩებოდნენ ქართველები (თბილისის მოსახლეობის მთელი რაოდენობის 26.4%), ძირითადად მუშები, მოსამსახურეები და ინტელიგენცია. თბილისის ქართული ელემენტი სწრაფად მატულობდა, უპირატესად დასავლეთ საქართველოდან ჩამოსული მიგრანტების ხარჯზე.

გარდა სამი დიდი ეთნიკური ჯგუფისა თბილისში ცხოვრობდნენ "ინოროდცები" - სპარსელები, აზერბაიჯანელები, გერმანელები, პოლონელები, ფრანგები და სხვები.

***

ბაქოს გარშემო, აფშერონის ნახევარკუნძულზე, 1914 წელს არსებული ოთხი ათასი ჭაბურღილი რუსეთის ნავთობის მოპოვების 80 პროცენტს და მსოფლიო მოპოვების ნახევარს შეადგენდა.

1897-1907 წლებში გაყვანილი იქნა მსოფლიოში პირველი, 835 კილომეტრიანი სიგრძის მილსადენი ბაქოდან ბათუმამდე ნავთის (კეროსინის) გადასაზიდად.

... იმპერიის მოხელის, გარუსებული გერმანელის, ევგენი ვაიდენბრაუმის მიერ XX საუკუნის დამდეგს კავკასიის მთავარმართებლისათვის წარგენილი მოხსენებითი ბარათი, რომელშიც ის წერდა: "აფხაზური ენა, რომელსაც არ გააჩნია ანბანი და ლიტერატურა, ახლო ან არცთუ შორეულ მომავალში განწირულია დასაღუპად. საკითხავია, რომელი ენა შეცვლის მას? ნათელია, რომ კულტურული იდეებისა და ცნებების გავრცელების ენად უნდა იქცეს არა ქართული, არამედ რუსული. მიმაჩნია, რომ აფხაზური დამწერლობითი ენის შემოღება არ უნდა იყოს თვითმიზანი, არამედ საშუალება, რომ მისი მეშვეობით შევასუსტოთ ეკლესიასა და სკოლაში ქართული ენის მნიშვნელობა და ის თანდათანობით ჩავანაცვლოთ სახელმწიფო (რუსული) ენით".

1914 წელს, გერმანიასტან ომის დაწყებისთანავე, პეტერბურგს პატრიოტული მოსაზრებით სახელი გამოუცვალეს და გერმანული "ბურგი" სლავური "გრადით" შეცვალეს: აქედანაა პეტროგრადი. იმავე მოსაზრებით, 1917 წელს ინგლისის გერმანული წარმოშობის სამეფო დინასტიამ საქსენ-კობურგ-გოთას ნაცვლად გადაწყვიტა, ახალ სახელად აეღო უინძორი.

"ახალგაზრდა თურქები" საზღვარგარეთ გაიქცნენ, სადაც სომეხმა შურისმაძიებლებმა, "ოპერაცია ნემესისის" მონაწილეებმა, 1921-1922 წლებში ისინი სათითაოდ იპოვეს და ჩახოცეს. ერთი მათგანი, ჯემალ-ფაშა, 1922 წლის ივლისში თბილისში, მთაწმინდაზე, ამჟამინდელი ჩაიკოვსკისა და ინგოროყვას ქუჩების კუთხეში მოკლეს.

რუსეთის დროებითი მთავრობის შესახებ ლენინი წერდა: "ახალი მთავრობა სედგება გერმანიასთან იმპერიალისტური ომის აშკარა მომხრეებისა და დამცველებისაგან, ე.ი. ომისა ინგლისისა და საფრანგეთის იმპერიალისტურ მთავრობებთან კავშირში, ომისა - ძარცვისა და უცხო ქვეყნების: სომხეთის, გალიციის, კონსტანტინოპოლის და ა.შ. დაპყრობის მიზნით".

19 მარტს გაგზავნილი ლენინის დეპეშა, რომლის ტექსტი, ეჭვგარეშეა, ავტორის თანხმობით, შვეიცარიის პრესაში მოხვდა და დაუყოვნებლივ გადაიბეჭდა გერმანიაში: "ჩვენი ტაქტიკაა: სრული უნდობლობა; არავითარი მხარდაჭერა ახალ მთავრობას; კერენსკის განსაკუთრებით არ ვენდობით; პროლეტარიატის შეიარაღება - ერთადერთი გარანტიაა; დაუოყოვნებელი არჩევნები პეტროგრადის სათათბიროში; არავითარი დაახლოება სხვა პარტიებთან. დეპეშით აცნობეთ ეს პეტროგრადში. ულიანოვი".

1918 წლის მე-11 თვის 11 რიცხვში 11 საათზე მსოფლიო ომი დამთავრდა: ამ დროს კომპიენის ტყეში, ფრანგი მხედართმთავრის მარშალ ფოშის საშტაბო მატარებელში, სწორედ იმ ვაგონში, სადაც 1871 წელს გერმანელებმა კაპიტულაციის პირობები უკარნახეს ფრანგებს, ამჯერად გერმანელმა გენერლებმა მოაწერეს ხელი დამმაცირებელ ზავს. 22 წლის შემდეგ, 1940 წლის 21 ივნისს, ჰიტლერი იმავე ვაგონში დაამცირებს ფრანგ გენერლებს, როდესაც მათ საფრანგეთის კაპიტულაციაზე მოაწერინებს ხელს.

"ბალფურის დეკლარაციაში" მითითებული იყო: "არაფერი გაკეთდება ისეთი, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს პალესტინაში არსებული არაებრაული თემების სამოქალაქო და რელიგიურ უფლებებს".

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ერნესტ ბევინს ნამდვილად ჰქონდა საბაბი, ერთქვა: "ბალფურის დეკლარაცია იყო ბრიტანული საგარეო პოლიტიკის უდიდესი შეცდომა XX საუკუნეში".

1918 წლის ივლისში ბრიტანელებმა პირველად გამოიყენეს ავიამზიდი: სამხედრო ხომალდის საგანგებოდ მოწყობილი გემბანიდან სამხედრო თვითმფრინავები აფრინდნენ და ოპერაციის შემდეგ იქვე დაეშვნენ. 1916 წლის 15 სექტემბერს ბრიტანეთმა პირველად გამოიყენა შეჯავშნული მუხლუხებიანი მანქანა, რომელსაც ქვემეხი ან ტყვიამფრქვევი ჰქონდა. გერმანული მზვერავი თვითმფრინავების თვალის ასახვევად ბრიტანელებმა სარკინიგზო პლატფორმებზე დაწყობილ ახალ საბრძოლო ტექნიკას ბრეზენტი გადააფარეს და დააწერეს "Tanks", რაც ინგლისურად "ცისტერნებს" ნიშნავს.

***

ეროვნულ ნიადაგს ეფუძნებოდა სომხური პარტიები, უპირველად მათ შორის ყველაზე გავლენიანი "ჰაი ჰეღაფოხაკან დაშნაკცუთიუნ"-ი (სომეხთა რევოლუციური ფედერაცია"), რომელიც დაარსდა თბილისში 1890 წელს. ეს იყო რუსეთის იმპერიაში ჩამოყალიბებული ერთ-ერთი პირველი პოლიტიკური პარტია, თუ ყველაზე პირველი არა. შემოკლებული სახელით ის ცნობილია, როგორც "დაშნაკცუთიუნი", რაც "ფედერაციას" ნიშნავს. მის წევრებს "დაშნაკცაკანებს", შემოკლებით - "დაშნაკებს", უწოდებდნენ. მეტოქე პარტიები მათ "დროშაკისტებად" მოიხსენიებდნენ, რადგან პარტიულ გაზეთს "დროშაკ"-ი (დროშა) ერქვა. თავიდან პარტია წმინდა ნაციონალისტური იყო და რევოლუციური ბრძოლის მეთოდებით აპირებდა სომხური ნაციონალური იდეის განხორციელებას - დასავლეთ სომხეთის განთავისუფლებას ოსმალური უღლისაგან და სომხეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას. 1907 წლიდან რუსი ესერების რეკომენდაციით დაშნაკების პარტია მეორე (სოციალისტურ) ინტერნაციონალში მიიღეს. სოციალისტური ლოზუნგებით "დაშნაკცუთიუნი" სომეხ ხალხში თავის პოპულარობას ზრდიდა. პარტია დღესაც "სოციალისტური ინტერნაციონალის" წევრია.

სამხრეთ კავკასიაში კონკრეტულ მიზნად "დაშნაკცუთიუნს" დასახული ჰქონდა ადმინისტრაციული რუკის ისე გადაკეთება, რომ ყველა ტერიტორია, რომელზეც სომხური მოსახლეობა ცხოვრობდა, მომავალ სომხურ სახელმწიფოში შესულიყო.

1905 წლიდან პარტია "დაშნაკცუთიუნი" ლეგალიზებული იქნა რუსეთის იმპერიაში. 1908 წლიდან, "ახალგაზრდა თურქთა" რევოლუციის სემდეგ, ის სერიოზულ პოლიტიკურ ძალად იქცა ოსმალეთშიც: მეჯლისში (პარლამენტში) 1908 წელს არჩეული 288 დეპუტატიდან 14 სომეხი იყო, მათი უმეტესობა - დაშნაკი. ოსმალეთის მთავრობაში ვაჭრობისა და საზოგადოებრივი სამუშაოების მინისტრის პოსტი ეთნიკურ სომეხს ეკავა. მაგრამ ასეთი "ინტეგრაცია" საკმარისი არ აღმოჩნდა მდგრადი "ერთაშორისი მშვიდობის" დასამყარებლად ოსმალეთის იმპერიაში.

რამდენადაც ნაციონალური იდეა მარად ცოცხლობს, "დაშნაკცუთიუნი" XXI საუკუნეშიც არსებობს და თანამედროვე სომხეთის რესპუბლიკის პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობს. იგი საკმაო გავლენით სარგებლობს დასავლეთის ქვეყნებში არსებულ სომხურ დიასპორაში.

სომხებში ნაკლები მხარდამჭერი ჰყავდა სხვა პარტიებს, მაგალითად სომეხთა სახალხო პარტიას ("ჰაი ჟოღოვრდაკან კუსაკცუთიუნ"), ე.წ. პოპულისტებს, რუსეთის კადეტთა პარტიის კავკასიურ ფილიალს, რომელსაც დასაყრდენი მდიდარ და საშუალო კლასებში ჰქონდა. მცირერიცხოვანი იყო სომეხ ესერთა პარტია. თავიდან "დაშნაკცუთიუნს" კონკურენციას უწევდა სოციალ-დემოკრატიული პარტია "ჰნჩაკ"-ი ("ზარი"), მაგრამ მსოფლიო ომის ბოლოსთვის მისი როლი მკვეთრად შემცირდა.

აზერბაიჯანელებს შორის ყველაზე გავლენიანი იყო 1911 წელს დაარსებული პარტია "მუსავათი" (რაც არაბულ ენაზე "თანასწორობას" ნიშნავს). ეს შედარებით ლიბერალური პარტია მხოლოდ მუსლიმთა შორის თანასწორობას ქადაგებდა. "მუსავათიც" არ ამბობდა უარს სოციალურ ლოზუნგებზე და ამით უბრალო ხალხის გრძნობებზე ზემოქმედებდა. მსოფლიო ომის ბოლო წელს კი პარტია პანთურქიზმისაკენ იხრებოდა.

"მუსავათი" XXI საუკუნეშიც არსებობს და აზერბაიჯანის ოპოზიციაში გარკვეული გავლენით სარგებლობს.

სხვა აზერბაიჯანული პარტიებიდან მცირე გავლენა ჰქონდა პანთურქისტულ "ითიჰადს". არსებობდა საერთო-რუსული პარტიების აზერბაიჯანული ფილიალებიც. ქალაქ ბაქოში საკმაოდ გავლენიანი იყო ურსეთის კომუნისტური პარტია (ბოლშევიკებისა) და სოციალისტური მიმართულების სხვა პარტიები.

რაც შეეხება ქართველებს,  მათ შორის უდიდესი გავლენა ჰქონდა რუსეთის სოციალ-დემოკრატთა მემარჯვენე ფრთას, ე.წ. "მენშევიკებს". მართალია, საქართველოში იყო ეროვნულ ნიადაგზე მდგომი პარტიებიც, მაგალითად, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია და სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტია, მაგრამ მათ იდეებს ნაკლები მხარდამჭერი გამოუჩნდა.

1918 წლამდე ქართველ მენშევიკებს პრეტენზია ჰქონდათ, რომ ისინი არ წარმოადგენენ რომელიმე ერთნიკურ ჯგუფს, რომ ისინი ინტერნაციონალისტები არიან და მათი ვალია მთელ მსოფლიოს ან, სულ მცირე, მთელი რუსეტის პროლეტარიატის ინტერესების დაცვა.

სახელი "მენშევიკები" საკმაოდ ადრე, სპეციფიკურ გარემოებაში წარმოიშვა. 1903 წელს რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის (რსდმპ) II ყრილობაზე, სადაც პარტიას ქართველ სოციალ-დემოკრატთა მოზრდილი ჯგუფიც შეუერთდა, ცენტრალური კომიტეტისა და პარტიულ გაზეთ "ისკრას" რედაქციის არჩევნებისას შედარებით ზომიერი ლიდერის, იული მარტოვის (ნამდვილი გვარი - ცედერბაუმი) მომხრეები უმცირესობაში აღმოჩნდნენ. აქედანაა "მენშევიკები". მარქსიზმის ცნობილი თეორეტიკოსი გეორგი პლეხანოვიც მათ მხარეს იჭერდა. ქართველი სოციალ-დემოკრატების უმეტესობაც ამ ფრთას მიემხრო.

პარტიის მემარცხენე, რადიკალურმა ფრთამ, ვლადიმირ ლენინის მეთაურობით, რომელსაც იმ მომენტში უმრავლესობა აღმოაჩნდა, სახელად "ბოლშევიკები" დაირქვა.

სინამდვილეში რუსეთის სოციალ-დემოკრატების მენშევიკური ფრთა უმცირესობა სულაც არ იყო: მომხრეების რაოდენობით ის გაცილებით სჭარბობდა ლენინის ბოლშევიკ მომხრეებს საკუთრივ რუსეთშიც, ხოლო 1917-1920 წლებში საქართველოს მოსახლეობაში თითქმის მონოპოლიური გავლენით სარგებლობდა.

1906-1912 წლებში რსდმპ-ის ორი ფრთა ხელახლა გაერთიანდა, მერე კი ისევ დაშორდა ერთმანეთს. 1918 წლამდე პარტია საერთო სახელს ინარჩუნებდა. მაგრამ იდეოლოგიური და პიროვნული დაპირისპირება გაღრმავდა. 1918 წელს რუსეთის სოციალ-დემოკრატთა ბოლშევიკური ფრთა რუსეთის კომუნისტურ პარტიად გარდაიქმნა. რუსმა მენშევიკებმა პარტიის ძველი სახელი შეინარჩუნეს. ქართველმა მენშევიკებმა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია შექმნეს. ძველი რსდმპ-ის ბაზაზე სამი პარტია გაჩნდა.

***

1920 წლის 9 ივლისს ბრიტანელები კავკასიიდან წავიდნენ, ბათუმი კი საქართველოს ჩააბარეს.

მუსტაფა ქემალ-ფაშას 1920 წლის 26 აპრილს (ანუ ბაქოს გასაბჭოებამდე ორი დღით ადრე შედგენილი) პირველი წერილი ლენინისადმი, სადაც ის, სხვათა შორის წერდა, რომ მზადაა "აიღოს პასუხისმგებლობა მთელი ჩვენი მუშაობის, ყველა ჩვენი ოპერაციის რუსეთის ბოლშევიკებთან გასაერთიანებლად... თუ საბჭოთა ძალები გეგმავენ საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო მოქმედების დაწყებას... კავკასიიდან ინგლისელთა გასაძევებლად... თურქეთის მთავრობა თავის თავზე აიღებს ოპერაციებს იმპერიალისტური სომხეთის წინაარმდეგ და ვალდებულებას კისრულობს, აიძულოს აზერბაიჯანის რესპუბლიკა, შევიდეს საბჭოთა სახელმწიფოების წრეში".

***

1920 წლის რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულების თანახმად, რუსეთი ცნობდა საქართველოს სრულ დამოუკიდებლობას ყოფილი ტფილისის და ქუთაისის გუბერნიების, ბათუმის ოლქის, ზაქათალისა და სოხუმის იკრუგების ფარგლებში.

საბჭოთა რუსეთი ცნობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში სოხუმის ოკრუგის, ანუ აფხაზეთის, არსებობას.

რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულების III მუხლის თანახმად სახელმწიფო საზღვარი საქართველოსა და რუსეთს შორის მდინარე ფსოუზე გადიოდა, რაც ნიშნავდა, რომ 1904 წლიდან რუსეტის იმპერიის შავი ზღვის გუბერნიაში შემავალი გაგრის რაიონიც საქართველოს უერთდებოდა.

1920 წლის რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულება რატიფიკაციას არ საჭიროებდა და დაუყოვნებლივ შედიოდა ძალაში.

***

"პარიზს დაემართა ის, რაც ადამიანებს ემართებათ ხოლმე და რაზეც ამბობენ - ერთ კვირაში ათი წლით დაბერდაო. ომის ოთხი წლის მანძილზე საფრანგეთში მთელი საუკუნით დაბერდა და, შესაძლოა, ეს იყო დიდი ცივილიზაციის ბოლო საუკუნე".

გერმანიის კანცლერს ოტო ფონ ბისმარკს უთქვამს: "თუ სოციალიზმის აშენება გსურთ, მაშინ აირჩიეთ ქვეყანა, რომელიც არ გენანებათ!".

ჟან-ჟაკ რუსოს სიტყვები: "თუკი ანგელოზს ადამიანების მართვას მიანდობენ, მას მალე ამოუვა ბრჭყალები და ნისკარტი".

რუსი ფილოსოფოსი ნიკოლაი ბერდიაევი თავის წიგნში "რუსული კომუნიზმის სათავეები და არსი" წერს: "ლენინი ანტიჰუმანისტია და ანტიდემოკრატი. ამ თვალსაზრისით ის ახალი ეპოქის ადამიანია, არა მარტო კომუნისტური, არამედ ფაშისტური გადატრიალებების ეპოქისა. ლენინიზმი ახალი ტიპის "ბელადიზმია" (Вождизм), რომელიც მასების დიქტატორული ძალაუფლებით აღჭურვილ ბელადს წამოსწევს წინ. მას მიბაძავენ მუსოლინი და ჰიტლერი. სტალინი ბელადი-დიქტატორის დასრულებული ტიპი იქნება. ლენინიზმი, რასაკვირველია, არაა ფაშიზმი, მაგრამ ლენინიზმი უკვე ძალიან წააგავს ფაშიზმს".

1920 წლის 16 დეკემბერს საქართველოს ერთა ლიგაში მიღებაზე უარი უთხრეს. ერთა ლიგაში საქართველოს მიღებას ხმა მისცა მხოლოდ ათმა სახელმწიფომ: ესენი იყვნენ იტალია, შვეიცარია, ნორვეგია, პორტუგალია, ბოლივია, კოლუმბია, პარაგვაი, ჩილე, სპარსეთი და სამხრეთ აფრიკის კავშირი.

ერთა ლიგაში (რომლის წევრები იმ დროს არ იყვნენ არც რუსეთი, არც გერმანია და არც აშშ) გასაწევრიანებლად საჭირო იყო სულ ცოტა 16 ქვეყნის მხარდაჭერა. საქართველოს მიღების მიმართ ერთა ლიგის წამყვანი ქვეყნების - დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის უარყოფით დამოკიდებულებას სხვა ქვეყნებაც მხარი აუბეს.

ერთა ლიგაში მიღებაზე საქართველოსთვის უარის თქმის ფორმალური საბაბი იყო ის, რომ წედების შესაბამისად ორგანიზაცია კისრულობდა საგარეო საგრესიისაგან თავისი წევრის დაცვას.

"ჩვენს ოჯახში საქართველო ცოცხლობდა როგორც სამშობლო... მაგრამ არა იმიტომ, რომ ის მამას სამშობლო იყო. სწორედ მას, შესაძლოა, ყველაზე ნაკლებად იტაცებდა იგი; მამას უყვარდა რუსეთი, შეიყვარა ციმბირი, თავისი მკაცრი სილამაზით და უთქმელი, უხეში ადამიანებით. ის ვერ იტანდა „ფეოდალურ პატივს“, რომელსაც ქართველები მიაგებდნენ. მან საქართველო მხოლოდ სიბერეში გაიხსენა“,- სვეტლანა ალილუევა

1990-იანი წლების დამდეგს, როდესაც გრიფი "საიდუმლო" მოეხსნა 70 წლის წინანდელ დოკუმენტებს, გაირკვა, რომ თბილისში საბჭოთა რუსეთის საელჩოს სამხედრო ატაშე, ბოლშევიკების მხარეს გადასული მეფის გენერალი პაველ სიტინი 1921 წლის აპრილში დაწერილ მემორანდუმში კრემლს ასეთ რჩევას აძლევდა: "საჭიროა (უკვე გასაბჭოებულ) საქართველოში რაც შეიძლება მეტი რუსეთზე დამოკიდებული პატარა ავტონომიური ერთეულის შექმნა, რათა ამ არასაიმედო ხალხს - ქართველებს, არ მივცეთ დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის განახლების საშუალება".

1921 წლის 4 მარტს სოხუმის ოკრუგის ბაზაზე შეიქმნა აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა (საერთო ფართობი 8.6 ათასი კვ. კილომეტრი), ანუ ნომინალურად საქართველოს სსრ-სთან გათანაბრებული პოლიტიკური ერთეული. უფრო მეტიც, საქართველოს ბოლშევიკურმა რევკომმა იმავე წლის 21 მაისს აფხაზეთის "დამოუკიდებლობა" ცნო.

1921 წლის 16 დეკემბერს თბილისსა და სოხუმს შორის დაიდო "სამოკავშირეო ხელშეკრულება", რომლის ძალითაც აფხაზეთის სსრ შევიდა საქართველოს სსრ-ში, როგორც ე.წ. "ხელშეკრულებითი რესპუბლიკა". საბჭოთა კავშირის 1924 წლის კონსტიტუცია მას განიხილავდა, როგორც ფაქტობრივ ავტონომიას საქართველოს სსრ-ის შემადგენლობაში.

***

1917 წლის ბოლოს ლენინის უშუალო დავალებით ძერჟინსკიმ შექმნა "ჩეკა" (ВЧК - Всеросииская Чрезвычаиная Комиссия по борбе с контрреволюциеи, саботажем и спекуляциеи, "კონტრრევოლუციასთან, საბოტაჟთან და სპეკულაციასთან ბრძოლის სრულიად რუსეთის საგანგებო კომისია"), რომლის სისასტიკემ ყველა გააოგნა.

ფელიქს ედმუნდოვიჩ ძერჟინსკი ეთნიკური პოლონელი იყო, თანაც შლიახტიჩი (აზნაურიშვილი).

"ჩეკა"-ს 1922 წლის 6 თებერვლიდან ჩაენაცვლა "გეპეუ" (Государственное политическое управление, 1924 წლიდან ОГПЫ - Обьединенное государственное политическое управление: "გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველო"), რომელიც შინაგან საქმეთა სახელმწიფო კომისარიატს ექვემდებარებოდა და მას უშუალოდ ხელმძღვანელობდა სახალხო კომისარი ან მისი მოადგილე. 1934 წელს "ოგეპეუ"-ს ფუნქცია პირდაპირ დაეკისრა "ენკავედე"-ს (НКВД - Народныи комиссариат внутренних дел, "შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი"), რომელსაც, თავის მხრივ, გამოეყო "ენკაგებე" НКГБ - Народныи комиссариат государственнои безопасности, "სახელმწიფო უშიშროების სახალხო კომისარიატი"). ამ უკანასკნელის მემკვიდრე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გახდა "ემგებე" (МГБ - министерство государственнои безопасности, "სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო"), ხოლო 1954 წლიდან და საბჭოთა კავშირის აღსასრულამდე - "კაგებე" (КГБ - Комитет государственнои безопасности, "სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი"). 1980-იანი წლების ბოლოდან დამკვიდრდა საქართველოს ეროვნული მოძრაობის მიერ შექმნილი იმავე ორგანიზაციის სახელის ქართული აბრევიატურა "სუკ"-ი: ის უფრო დამამცირებლად ჟღერდა!

***

ნიკოლაი ბერდიაევი ობიექტურად ახასიათებს ოქტომბრის რევოლუციის მთავარი სულისჩამდგმელისა და საბჭოთა სახელმწიფოს მთავარი არქიტექტორის ვლადიმერ ილიჩ ლენინის მიზნებსა და მუშაობის მეთოდებს და ასკვნის:

"ლენინი ზნეობრივად აცხადებს ყველაფერს, რაც პროლეტარულ რევოლუციას უწყობს ხელს. კეთილისა და ბოროტის სხვა განსაზღვრა მან არ იცის. აქედან გამომდინარეობს, რომ მიზანი ამართლებს ყველანაირ საშუალებას. ზნეობრივი მომენტი ადამიანის ცხოვრებაში კარგავს ყოველგვარ დამოუკიდებელ მნიშვნელობას. და ეს არის უეჭველი დეჰუმანიზაცია. მიზანი, რომელიც ამართლებს ყველანაირ საშუალებას, არის არა ადამიანი, არა ახალი ადამიანი, არა ადამიანის სრულყოფილება, არამედ მხოლოდ საზოგადოების ახალი ორგანიზაცია. ადამიანია საშუალება ამ საზოგადოების ახალი ორგანიზაციისათვის და არა საზოგადოების ახალი ორგანიზაცია - საშუალება ადამიანისათვის.

"შობილი მოუთმენელი იდეალიზმის მიერ, რომელიც უარყოფდა არსებულ ვითარებას, კომუნიზმი მიისწრაფოდა უკეთესი და უფრო ჰუმანური საზოგადოებისაკენ, მაგრამ მიგვიყვანა მასობრივ ჩაგვრამდე. ის გამოხატავდა ოპტიმისტურ რწმენას გონების ძალაში, რომელსაც ძალუძს შექმნას სრულყოფილი საზოგადოება. მორალურად მოტივირებული სოციალური ინჟინერიის მიზნით (კომუნიზმმა) მოახდინა ყველაზე ძლიერი გრძნობების - ადამიანთა მოდგმისადმი სიყვარულისა და ჩაგვრისადმი სიძულვილის - მობილიზაცია. ამის მეშვეობით მან გაიტაცა უჭკვიანესი გონებისა და ყველაზე იდეალისტური სულის მქონე ადამიანები, მაგრამ მიგვიყვანა ჩვენი, და არა მარტო ჩვენი საუკუნის უსაშინლეს დანაშაულამდე", - ამ სიტყვებს ზბიგნიევ ბჟეზინსკი 1989 წელს წერდა.

იმდროინდელ ქართველებს უფრო "რევოლუციური" აბრევიატურები იტაცებდათ, მაგალითად, მარლენი (მარქსი-ლენინი), სტალბერი (სტალინი-ბერია), იბესტი (იოსებ ბესარიონის ძე სტალინი), მელსი (მარქს-ენგელს-ლენინ-სტალინი), ლენორი (ლენინი-ოქტომბრის რევოლუცია), მელორი (მარქსი-ენგელსი-ლენინი-ოქტომბრის რევოლუცია), დევი (Дитя епохи Владимира Ильича), დაზმირი (Да здравствует мир!). გავრცელდა რაღაც "ნეოლოგიზმებიც", მაგალითად, გელოდი, ველოდი, არველოდი, ან მშობლების სახელებიდან ნაწარმოები ახალი სახელები, მაგალითად, გრივერი (გრიშა და ვერა), მამლიდი (მამია და ლიდა) და ა.შ.

***

1990 წელს კრემლმა აღიარა, რომ მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტში საიდუმლო დამატებითი ოქმი მართლაც არსებობდა. აი ამ მკაცრად გასაიდუმლოებული დოკუმენტის სრული ტექსტი:

"1. ბალტიისპირეთის სახელმწიფოებში (ფინეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა) ტერიტორიული და პოლიტიკური ცვლილებების შემთხვევასი ლიტვის ჩრდილოეთი საზვარი იქნება მიჯნა, რომელიც ყოფს გერმანიისა და სსრკ-ის გავლენის სფეროებს. ამასთან დაკავშირებით ორივე მხარე ცნობს ლიტვის დაინტერესებას ვილნოს რაიონით.

2. პოლონეთის სახელმწიფოსადმი კუთვნილ ოლქებში ტერიტორიული და პოლიტიკური ცვლილებების შემთხვევაში გერმანიისა და სსრკ-ის გავლენის სფეროები გამიჯნული იქნება დაახლოებით მდინარეების ნარევის, ვისლისა და სანის ხაზზე.

საკითხი იმის შესახებ, სასურველია თუ არა ორივე მზარისათვის პოლონეთის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის შენარჩუნება, და ასეთი სახელმწიფოს საზღვრების შესახებ, საბოლოოდ გადაწყდება მხოლოდ მომავალი პოლიტიკური მოვლენების მსვლელობით.

ნებისმიერ შემთხვევასი ორივე მთავრობა ამ საკითხს მეგობრული შეთანხმების გზით გადაწყვეტს.

3. სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასთან დაკავშირებით საბჭოთა მხარემ მიუთითა ბესარაბიით თავისი დაინტერესების შესახებ. გერმანიის მხარემ ნათლად განაცხადა ამ ტერიტორიებით თავისი სრული პოლიტიკური დაუინტერესებლობის შესახებ.

4. აღნიშნული ოქმი ორივე მხარის მიერ განიხილება, როგორც სრულიად საიდუმლო".

***

ომის დროს "ღალატისა და სულმოკლეობის" ბრალდებით საბჭოთა სპეცსამსახურებმა დახვრიტეს 945 ათასი საბჭოთა ოფიცერი და ჯარისკაცი.

***

უკვე 1941 წლის 28 ოქტომბერს ამერიკის, რომელიც ჯერ არ იყო ომში ჩამბული, პრეზიდენტმა გამოსცა დირექტივა "ლენდ-ლიზის კანონის" საბჭოთა კავშირზე გავრცელების შესახებ. აშშ-დან, აგრეთვე დიდი ბრიტანეთიდან და ამ უკანასკნელის დომინიონებიდან და კოლონიებიდან შემოვიდა და წითელ არმიას მოხმარდა ისეთი სტრატეგიული პროდუქცია, როგორიცაა სპეციალური ფოლადი - ტანკებისათვის, ალუმინი - თვითმფრინავებისათვის, სპილენძი - ელექტროძრავებისათვის, კალა, ნიკელი, კაუჩუკი, ტყვია-წამალი, ყუმბარები, სამხედრო ხომალდები, მაგისტრალური ორთქლმავლები და ვაგონები, სარკინიგზო რელსები, რადიომოწყობილობა, რადარები, სატელეფონო კაბელი, ჩარხები, საავიაციო და საავტომობილო საწვავი, დიდი ზომის საბურავები და სხვ.

საბჭოთა კავშირმა მოკავშირეებისგან მიიღო მთელი თავისი საზენიტო არტილერია, 22 ათასზე მეტი თვითმფრინავი, 13 ათასამდე ტანკი, 31 ათასი ყველგანმავალი "ჯიპი", 32 ათასი სამხედრო მოტოციკლი და 400 ათასზე მეტი სატვირთო მანქანა, მათ შორის "სტუდებეკერის" მარკის მძლავრი ავტომანქანები, რომლებსაც არტილერიის გადასაზიდადაც იყენებდნენ.

შედარებისათვის, საბჭოთა მრეწველობამ ომის პერიოდში გამოუშვა 266 ათასი სატვირთო ავტომანქანა და 28 ათასი მოტოციკლი, თანაც საკმაოდ მდარე ხარისხისა. ჯიპებს საბჭოთა მრეწველობა არ აწარმოებდა. მხოლოდ ამერიკულ სატვირთო მანქანებზე მონტაჟდებოდა ზალპური ცეცხლის მოძრავი დანადგარი БМ-13, ხალხში ცნობილი, როგორც "კატიუშა"; საბჭოთა ავტომანქანები დანადგარის პირველივე ზალპის შემდეგ ნაწილებად იშლებოდა (ამ ფაქტს თავის მოგონებებში ადასტურებს ომის მონაწილე, აკადემიკოსი გეორგი არბატოვი).

***

პალესტინის ტერიტორიაზე ებრაული სახელმწიფოს - ისრაელის - შექმნისას განიდევნა და ლტოლვილად იქცა, სხვადასხვა მონაცემებით, 550 ათასიდან 750 ათასამდე ადგილობრივი არაბი.

საბჭოთა მონაცემებით, რომლებსაც ნახევარი საუკუნის შემდეგ მოეხსნა გრიფი "საიდუმლო", გერმანიიდან საბჭოთა კავშირმა წამოიღო 2885 ქარხანა, 96 ელექტროსადგური, 340 ათასი ჩარხი, 200 ათასი ელექტრომოტორი, 400 ათასამდე სარკინიგზო ვაგონი, მათგან 72 ათასი დატვირთული სამშენებლო მასალებით, და ა.შ.

რევაზ გაჩეჩილაძე - ჩემი XX საუკუნე 1953-2000 ტომი II


ბერიას მიმართ პლენუმზე წაყენებულ ბრალდებებში ასეთებიც აღმოჩნდა:

„ის უდიერად იხსენიებდა ჩვენს დიდ ბელადსა და მასწაველბელს - სტალინს, მისი სიკვდილის მეორე დღესვე ალაპარაკდა მისი პიროვნების კულტზე“;

„მას საჭიროდ მიაჩნდა, რომ ქვეყნის მართვაში კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ნაცვლად მეტი როლი ჰქონოდა მინისტრთა საბჭოს“;

„აბუჩად იგდებდა პროფკავშირებს და მათ უსაქმურთა ბრბოს უწოდებდა“;

„ცეკასთან შეუთანხმებლად აწერდა ხელს უმნიშვნელოვანეს დოკუმენტებს, რომლებიც წყალბადის ბომბის შექმნას ეხებოდა“;

„ის მომხრე იყო, რომ (იუგოსლავიის ლიდერ) რევიზიონისტ ტიტოსთან შერიგება მომხდარიყო, ეძმაკაცებოდა მას მიწერ-მოწერაში“; „ის მხარს უჭერდა გერმანიის ორი ნაწილის გაერთიანებას და უნდოდა შეექმნა ერტიანი დემოკრატიული გერმანია“;

„კაპიტალისტურ ქვეყნებთან ნორმალური ურთიერთობის დამყარებას ესწრაფვოდა, რადგან მათი აგენტი იყო“;

„მისი ბრძანებით ჩატარებული (1953 წლის ივნისის) ამნისტიის შედეგად ბანაკებიდან გამოუშვეს მილიონნახევარი პატიმარი, უმეტესობა- ქურდი-რეციდივისტი“;

„ექიმი-მკვლელების“ საქმის დასრულებით ეს საზიზღარი ინტრიგანი ცდილობდა ხალხში იაფი პოპულარობის მოპოვებას“;

„სპეკულირებდა ნაციონალური საკითხით; ეროვნულ რესპუბლიკებს ეპირფერებოდა და რუს ხალხთან მათ წაკიდებას უქმნიდა საფუძველს; ახალისებდა ბურჟუაზიულ-ნაციონალისტურ ელემენტს; ახალისებდა ბურჟუაზიულ-ნაციონალისტურ ელემენტს; უნდოდა ყველა რესპუბლიკაში შემოეღო ადგილობრივი ორდენები კულტურის მუშაკებისათვის, მაგალითად, აზერბაიჯანში - ნიზამის ორდენი, საქართველოში - რუსთაველის, უკრაინაში - შევჩენკოსი“ და ა.შ.

***

ამომრჩევლებს ევალებოდათ „მოეხადათ თავიანთი სამოქალაქო ვალი“ - მისულიყვნენ საარჩევნო უბანში და ხმა მიეცათ პარტიულ კომიტეტებში წინდაწინ შერჩეული „ხალხის რჩეულისათვის“. არჩევნებში მონაწილეობისათვის თავის არიდება საშიში იყო: ეს სამუშაო ადგილზე სერიოზული გარჩევის საგანი გახდებოდა. ამიტომაც არჩევნებში მონაწილეობდა ელექტორატის 99.99%: გაუგებარია, ვინ იყო ის მამაცი 0.01%, რომელიც რატომღაც არ მოდიოდა საარჩევნო ურნასთან! როგორც ჩანს, ამ ციფრს იგონებდნენ - 100% მაინც რაღაც უხერხულობას ქმნიდა. მხოლოდ ესტონეთის სსრ-ში იყო ხოლმე არჩევნებზე გამოუცხხხადებელთა მაჩვენებელი მაღალი: ის 0.02 პროცენტს აღწევდა! ამომრჩეველთა 99.99% ხმას აძლევდა საარჩევნო ბიულეტენში ჩაწერილ ერთადერთ კანდიდატს. მამაცი 0.01 % ბიულეტენს აფუჭებდა: პროტესტის სხვა ფორმა არ არსებობდა.

ერთ „Застои”-ის დროის ანეკდოტში კარგადაა ნაჩვენები საბჭოთა კავშირის განვითარების ეტაპების ხასიათი: „კომუნიზმისაკენ მიმავალი მატარებელი ხშირ-ხშირად ფუჭდებოდა. ლენიმა შაბათობა მოაწყო - მატარებელი წავიდა; სტალინმა მემანქანე დაახვრეტინა - მატარებელი წავიდა; ხრუშოვმა ბრძანა, უკანა რელსები მოეხსნათ და წინ დაეგოთ - მატარებელი წავიდა; ბრეჟნევმა კი თქვა - „მოდი ფარდები ჩამოვაფაროთ და მატარებელი ვაქანაოთ - ყველას ეგონება, რომ მივდივართ“.

1960 წლის ხრუშჩოვის გამოხდომა გაეროში ლეგენდად იქცა: ფილიპინელი დელეგატის, ხრუშჩოვის აზრით, „ანტისაბჭოთა“ გამოსვლის წინააღმდეგ, მან ფეხსაცმელი გაიძრო და მაგიდაზე ბრახუნი ატეხა. ზესახელმწიფოს მთავრობის მეთაურის ასეთმა ქცევამ დარბაზი გააოგნა, ხოლო ჟურნალისტებს შესანიშნავი საკბილო მისცა!

საბჭოთა გეგმურ ეკონომიკას ერთი იმდროინდელი ანეკტდოტი ასე გვაცნობდა: „მოსკოვის წითელ მოედანზე ბრეჟნევისა და პოლიტბიუროს წინაშე სამხედრო პარადია. გრუხუნებენ ტანკები, მოაქვთ ქვემეხები და ბალისტიკური რაკეტები. ბოლოს ფეხარეულად მოდის ჩინოვნიკების ჯგუფი გაცრეცილი პორტფელებით ხელში. ბრეჟნევი ეკითხება თავდაცვის მინისტრს - „ეს რა სამხედრო ნაწილია?“ „ესენი გოსპლანის თანამშრომლები არიან - მათ ისეთი დამანგრეველი ძალა აქვთ...“

საერთოდაც, თუკი პოლიტიკური ხელმძღვანელი თავის რადიკალურ მეტოქეებს დროულად არ ჩაუვარდა ხელში, ის არ აგებს პასუხს თავისი, როგორც წესი, ტყუილი დაპირებებისათვის.

ერთი კახური ანეკდოტის თანახმად, „კომუნიზმი ჩემთვის მაშინ დადგება, როდესაც ალაზნის ველი ხაშლამით აივსება და მარილს ვერტალიოტიდან მოაყრიანო“.

ჯორჯ კენანი, ამერიკის დროებითი რწმუნებული საბჭოთა კავშირში დიპლომატიური მიმოწერისათვის უჩვეულოდ გრძელ ანალიზურ ცნობაში (ის შევიდა დიპლომატიის ისტორიაში, როგორც Long Telegram - „გრძელი დეპეშა“) 1946 წლის 22 თებერვალს განუმარტავდა სახელმწიფო დეპარტამენტს, თუ რა იყო საბჭოთა კავშირის არსი და მისი საგარეო პოლიტიკური მიზნები. კერძოდ, კენანი, წერდა: „საბჭოთა კავშირის საშიანო პოლიტიკა მიზნად ისახავს ინტენსიურ სამხედრო ინდუსტრიალიზაციას; შეიარაღებული ძალების მაქსიმალურ გაძლიერებას; გარეშეებზე დიდი გარეგანი შთაბეჭდილების მოხდენას; შიდა მოვლენების გასაიდუმლოებას, რათა დაიფაროს სისუსტეები და ოპონენტებმა ვერაფერი გაიგონ მათ შესახებ...“ (საგარეო პოლიტიკაში კი) „როგორც კი კრემლი დროულად და შესაძლებლად მიიჩნევს, მისი ძალისხმევა მიმართული იქნება იმისაკენ, რომ საბჭოთა ხელისუფლების საზღვრები გაფართოვდეს. ამჟამად ეს ძალისხმევა მიმართულია სტრატეგიული მნიშვნელობის მეზობელ პუნქტებზე, როგორიცაა ცღდილო ირანი, თურქეთი... მაგრამ დროთა განმავლობაში დღის წესრიგში დადგება სხვა პუნქტების საკითხიც. მაგალითად, „სპარსეთის მეგობრულ მთავრობას“ შეიძლება სთხოვონ, მისცეს რუსეთს ნავსადგური სპარსეთის ყურეში. თუკი ესპანეთი კომუნისტებს ჩაუვარდებათ ხელში, შეიძლება დაისვას საკითხი საბჭოთა ბაზის შესახებ გიბრალტარის სრუტეში“.

ბრიტანეთის სათავეში 1945 წლის ივლისიდან აღარ იყო მებრძოლი ანტიკომუნისტი უინსტონ ჩერჩილი: მისმა პარტიამ წააგო საპარლამენტო არჩევნებში და ქვეყანას სოციალისტური (მაგრამ არა კომუნისტური!) იდეების მიმდევარი ლეიბორისტული პარტია ჩაუდგა სათავეში. როგორც ჩერცილმა ფილოსოფიურად შენიშნა მას შემდეგ, რაც მას აცნობეს თავისი პარტიის პოლიტიკური მარცხის შესახებ, „ბოლოს და ბოლოს, ეს სწორედ ის დემოკრატიაა, რომლისთვისაც ვიბრძოდით“.

მეორე, რაც ჩილეს გადატრიალებას მახსენებს, ნოდარ დუმბაძის ეპიგრამაა, რომელშიც მან მოვლენას უსხარტესი ახსნა უპოვა: „შე საწყალო ალიენდე, კომუნისტებს როგორ ენდე? ენდე? ენდე!“

1960-იან წლებში თბილისელ, მოსკოველ, რიგელ, ერევნელ და ა.შ. ფარულ გადამწერებს „ბითლზის“ სიმღერები გადაჰქონდათ გაურკვეველი ადამიანების ნენებისა და წვივების ნეგატიურ-გამოსახულებიანი რენტგენისსურათების ნახმარ ფურცლებზე. ასეთ „ფირფიტებს“ ჩვენ, იმდროინდელი თინეიჯერები, ერთმანეთისაგან ვშოულობდით. ზაფხულის ცხელ დღეებში, როდესაც თბილისში გაღებული იყო ყველა ფანჯარა, საღამოჟამს ყველგან შეიძლებოდა გაგეგონათ რიგაში გამოშვებულ ელქტროგრამოფონებზე დაკრული „დასავლური მუსიკის“ ცუდი ხარისხის ჩანაწერები. ფირფიტის (სინამდვილეში - რენტგენის სურათების) უხარისხობით გამოწვეული ეს ხრინწიანი ხმაც კი, კომუნისტური პარტიის პოზიციიდან, იდეოლოგიური დივერსია იყო.

ფარულად დადიოდა ასეთი ანეკდოტი: „სტალინის ძირითადი შეცდომა იყო, რომ მან ევროპას აჩვენა ივანი და ივანს აჩვენა ევროპა“.

დამთავრდა კომუნისტური ექსპერიმენტი რუსეთის ყოფილი იმპერიის ტერიტორიაზე. მისი უნაყოფობა აღიარა გორბაჩოვმაც, რომელმაც 1991 წლის 6 სექტემბერს რადიოინტერვიუში განაცხადა, რომ „მოდელი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ინერგებოდა, უვარგისი გამოდგა. მე მჯერა, ეს არის გაკვეთილი არა მხოლოდ ჩვენი ხალხისათვის, არამედ სხვა ხალხებისათვისაც“.

1991 წლის მიწურულის სოციოლოგიური დღიური

ხუთშაბათი, 26 დეკემბერი, საღამო - როცა ლექციას ვატარებდი, დარაჯი შემოვიდა: „იქნებ წახვიდეთ, სროლა ძალიან ახლოს ისმის. უნივერსიტეტში აღარავინ დარჩა“.

ხალხის მასა ხომ ტატალიტარიზმის პირობებში აღიზარდა და მისი (მონური?) ფსიქოლოგია მოითხოვს, რომ „ქვეყანას პატრონი ჰყავდეს“. ეს „პატრონი“ ერთი კაცი უნდა იყოს. საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ყველა პირველი მდივანი ხომ „ერის მამა“ იყო? ტოტალიტარულმა აზროვნება შექმნა კვარცხლბეკი ასეთი „ერის მამისათვის“, ხოლო კომუნისტების ჩამცილებამ ხელისუფლებისაგან ეს კვარცხლბეკი ცარიელი დატოვა. გამსახურდიამ მემკვიდრეობით მიიღო „ცეკას პირველი მდივნის“ პოსტი, „ერის მამის“ ტიტული და ხალხის ცნობიერებაში ავიდა იმ კვარცხლბეკზე, რომელიც მას ასე სათუთად დაუცალეს კომუნისტებმა.

საზოგადოების ერთი ნაწილის გაოგნებას იმის გამო, რომ „დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს“ ხელი მოაწერა პრეზიდენტის მეუღლემ, რომელიც პარლამენტის წევრი არ იყო, ხალხის უმრავლესობამ ყურადღება არ მიაქცია.

წინასაარჩევნო კამპანიის დროს საარჩევნო კანონში შეჰქონდათ ცვლილებები (ეს იგივეა, რომ ფეხბურთის მატჩის დროს ერთ-ერთი მხარე თამაშის წესებს ცვლიდეს). მათ შორის ყველაზე ყბადაღებული იყო ჯაბა იოსელიანის - იმ დროს სასამართლოში მიცემული, მაგრამ გაუსამართლებელი (და ამდენად, უდანაშაულობის პრეზუმფციის მიხედვით, სრულუფლებიანი მოქალაქის) კონკურენციის თავიდან ასაცილებლად საგანგებოდ შეკრებული უზენაესი საბჭოს მიერ პრეზიდენტის არჩევნების კანონში ცვლილებების შეტანა, რომლითაც სამართალში მიცემულ კაცს ეკრძალება თავისი კანდიდატურის წამოყენება პრეზიდენტის პოსტზე. ამ ცვლილებამ ნახევარი საათით დაასწრო ჯაბა იოსელიანის დოკუმენტების მიტანას საარჩევნო კომისიაში.

პრესა, რადიო, ტელევიზია მაქსიმალურად ემსახურებოდა პრეზიდენტობის კანდიდატ ზვიად გამსახურდიას, რომელმაც უარყო სატელევიზიო დებატები ხუთ სხვა პრეტენდენტთან იმ საბაბით, რომ „პრეზიდენტს არ სურს ეკამათოს იმ ხალხს, ვინც „პრეზიდენტობის მაძიებლები“ არიან, მაშინ როცა თვითონ „კანონიერი პრეზიდენტია“.

საქართველოს საერთაშორისო იზოლაცია უკვე ფაქტად იქცა. ხელისუფლება საზოგადოებისგან ამ იზოლაციის დამალვას ცდილობდა. ხალხს დაუმალეს 14 დეკემბრის მოსკოვის გაზეთი „იზვესტია“ (ის თბილისში არ გაყიდულა), სადაც ეწერა, რომ პრინსტონის უნივერსიტეტში გამოსვლისას აშშ სახელმწიფო მდივანმა ჯეიმზ ბეიკერმა საქართველო და აზერბაიჯანი დაასახელა იმ ქვეყნებს შორის, რომელთაც აშშ არ სცნობს და არ დაეხამრება. ბევრი გამოთქვამდა აზრს, რომ ბეიკერის ასეთი გამოსვლა არ მოხდებოდა ედუარდ შევარდნაძესთან კონსულტაციის გარეშე.

22 დეკემრის რიჟრაჟს დემონსტრანტების ნაწილი იქვე, მოედანზე შეხვდა. დილის 8 საათზე პარლამენტის სენობიდან გამოსულმა 30-40-მა კაცმა მოედანზე მყოფ ოპოზიციონერებს სროლა აუტეხა (ამბობენ, პრეზიდენტის ცოლისდის ისტერიკული მოთხოვნის შემდეგ: ასეა?). ამბობენ, რომ ადგილზევე მოკლეს ორი ქალი და ორი მილიციონერი, ბევრი დაიჭრაო. კიტოვანის გვარდიელების მცირე ჯგუფმა საპასუხო ცეცხლი გახსნა, დილის 10 საათისთვის კი მოვიდა კიტოვანის სამხედრო ტექნიკა და პარლამენტის შენობას დაუშინა ყუმბარები და რაკეტები. იმავე დღეს პრეზიდენტი თითქოს აპირებდა გადადგომას და თბილისიდან წასვლისას (ასე ამტკიცებდა თენგიზ სიგუა, რომელიც პირადად ესაუბრა მას), მაგრამ საღამოსთვის გადათქვა თავისი გადაწყვეტილება და თითქოს სიგუასათვის უთქვამს, „მე მარტო ამას ვერ გადავწყვეტო“. ამ შემთხვევაში ის პირველად ამბობდა სიმართლეს: ამ მომენტისათვის ის ვეღარ იღებდა გადაწყვეტილებას, ის თვითონ გადაიქცა საკუთარი გარემოცვის, უპირველეს ყოვლისა „პრეტორიანული გვარდიის“, „წარჩინებულებისა“ და საკუთარი ოჯახის მძევლად, რომლებიც არ აძლევდნენ მას საშუალებას, გადაედგა ერთადერთი სწორი ნაბიჯი - გადამდგარიყო. დაიწყო სამოქალაქო ომი.

***

დემაგოგია, საზოგადოების ნაწილების ურთიერთწაკიდება, მოაზროვნე ადამიანების მიმართ მტრობა (გავიხსენოთ თუნდაც დამოკიდებულება მერაბ მამარდაშვილის მიმართ), კეთილგანწყობა პირფერობისადმი, ომი ოსებთან, უნდობლობა მეგობრების მიმართ, რომლებიც საბოლოოდ აუჯანყდნენ კიდეც, ახლობელი ქალების თავხედობა - აი გამსახურდიას ტირანიის არისტოტელესეული შეფასების არასრული სია.

ედუარდ შევარდნაძემ 2000 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა: „სამწუხაროდ, რუსეთში ჯერაც ცოცხლობს იდეა, რომ ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკებმა რატომღაც უპირატესობა უნდა მიანიჭონ რუსულ ინტერესებს და ხანდახან ისინი საკუთარ ინტერესებზე წინ დააყენონ“.

თანამედროვე რუსეთის ფედერაცია რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის გარკვეულ სინთეზს წარმოადგენს. ეს ჩანს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სიმბილიკაშიც: ორთავიანი არწივი გერბზე XV საუკუნეში დაღუპული ბიზანტიისაგანაა აღებული; სამფეროვანი დროშა XVII საუკუნის ბოლოს მეფე პეტრე პირველმა ჰოლანდიიდან ჩამოიტანა; 2000 წელს რუსეთმა დაიბრუნა XX საუკუნის შუაგულში სტალინის მიერ შერჩეული საბჭოთა კავშირის ჰიმნის მუსიკა. ჰიმნის ტექსტი კი ახალი რუსული ნაციონალიზმის სულისკვეთებით შეცვალა იმავე სერგეი მიხალკოვმა, რომელმაც სამოციოდე წლის წინ პოეტ ელ-რეგისტანთან ერთად დაწერა ის სტალინის მადიდებელი სიტყვების გამოყენებით.

მერაბ მამარდაშვილს გენიალურად უთქვამს: „коммунизм был не просто ввезен в Россию, коммунизм – ето и есть Россия”.