ფრენსის ბეკონი - სწავლისათვის

სწავლა გვატკბობს, გვამკობს და ნიჭსა გვძენს. გვატკბობს იმით, რომ ყველას განგვაშორებს და განგვამარტოვებს; გვამკობს მჭერმეტყველების უნარით; ხოლო ნიჭს გვძენს მსჯელობისა და საქმისადმი დამოკიდებულებისა.

მკვლევარმა შესაძლოა სათითაოდ შეასრულოს ან იმსჯელოს ცალკეულ ნაწილებზე, მაგრამ მთლიანი განსჯა, შერწყმა და ჩინებულად მოწესრიგება მხოლოდ მათ შეუძლიათ, ვინც განსწავლულია. სწავლაზე მეტისმეტად დიდი დროის დახარჯვა დასაზარია; მისი გადამეტებული გამოყენება შესამკობლად - პრანჭვაგრეხაა; მხოლოდ დასწავლილი წესებით მსჯელობა მეცნიერებს ახასიათებთ. სწავლა სრულყოფს ბუნებას, სწავლას კი გამოცდილება სრულყოფს, რადგან ბუნებრივი ნიჭი ბუნებრივ მცენარეებს ჰგავს, ნიჭს სწავლა ჰკვებავს; და თვით სწავლა წინ მიგვიძღვის უსაზღვრო სივრცეში და მხოლოდ გამოცდილებას თუ შეუძლია მისი დაოკება.

მარიფათიან ხალხს ეზიზღება სწავლა, უბრალო ხალხი აღფრთოვანებულია მისით, ხოლო ბრძენკაცი იყენებს მას, რადგან სწავლას სხვაგვარად ვერ გამოვიყენებთ, თუ არა თვით მასზე უმჯობესი და აღმატებული სიბრძნის მეოხებით, რასაც დაკვირვების შემწეობით მივაღწევთ.

იკითხე არა იმისათვის, რომ უარყო ან უკუაგდო; არა იმისათვის, რომ ირწმუნო და უეჭველად გაიზიარო; არა იმისათვის, რომ საუბრისა და ენამჭევრობის უნარი შეიძინო; არამედ, რათა აწონ-დაწონო და განსაჯო. ზოგი წიგნი უნდა დაიგემოვნო, სხვები ჩაყლაპო, და ზოგი დაღეჭო და მოინელო; ანუ ზოგი წიგნი მხოლოდ ზერელედ უნდა წაიკითხო; სხვები წაიკითხო, მაგრამ არა ცნობისმოყვარეობით; და რამდენიმე კი თავიდან ბოლომდე უნდა წაიკითხო და თანაც ბეჯითად და ყურადღებით. ზოგი წიგნი შესაძლოა პარლამენტის წევრმა წაიკითხოს, - სხვების მიერ ამოგლეჯილი ნაწყვეტები, - მაგრამ ეს მხოლოდ ნაკლებმნიშვნელოვანი არგუმენტები და მდარე ღირსების წიგნები იქნება; ეს მტკნარი წიგნები ჩვეულებრივი მტკნარი წყალივით არის, უგემურია; კითხვა ჰქმნის სრულყოფილ ადამიანს, მსჯელობა - მზადმყოფს კაცს; და წერა კი - წესრიგიან ადამიანს. და ამიტომ, კაცი ცოტას თუ მაინც წერს, მას აუცილებლად დიდი მეხსიერება ესაჭიროება; თუ ცოტას მაინც მსჯელობს, მას აუცილებლად ესაჭიროება ცინცხალი გონება; და თუ ცოტას მაინც კითხულობს, მას აუცილებლად ესაჭიროება დიდი ეშმაკობა, რათა თავი ისე დაიჭიროს, თითქოს ისიც იცოდეს, რაც ვერ გაიგო.

ისტორია სიბრძნეს ანიჭებს ადამიანს, პოეზია - გონებამახვილობას, მათემატიკა - სიზუსტეს, ბუნების ფილოსოფია - ღრმა ზნეობრივ ღირსებას, ლოგიკა და რიტორიკა უნარს იმისა, რომ თავისი აზრის დასაბუთება შეძლოს. „სწავლა ჩვევად იქცევა“, თუმცა სიბრძნის მიღწევას წინააღმდეგობა ან დაბრკოლება არ გვიშლის, მას მხოლოდ შესაფერისი სწავლით მივწვდებით, ისევე, როგორც სხეულის ყოველგვარ ავადმყოფობას შესაძლოა შესაბამისი ვარჯიში მოეძებნოს. ბურთაობა თირკმლის კენჭს უხდება, ნადირობა - ფილტვებსა და მკერდს; ნელი სიარული - კუჭს; ცხენზე ჯდომა - თავს; და ასე შემდეგ.

ამგვარად, თუკი ვინმეს გონება ეფანტება, მათემატიკა შეასწავლეთ, და მაგალითების ამოხსნისას ოდნავადაც თუ გაეფანტა გონება, თავიდან დააწყებინეთ, თუ მის გონებას ძალა არ შესწევს გარჩევისა ანუ განსხვავების აღმოჩენისა, მაშინ მან სქოლასტიკოსები უნდა შეისწავლოს, რადგან ისინი წვრილმანი პედანტები არიან. თუკი იგი მომხდარ ამბებში ვერ ერკვევა და ვერ ახერხებს რაიმეს მოგონებას, რათა დაამტკიცოს და მკაფიოდ წარმოაჩინოს მეორე რამ, მაშინ იურისპრუდენცია ისწავლოს. ასე რომ, ყოველგვარ გონებრივ ნაკლულოვანებას შესაფერისი წამალი მოეძევება.

თარგმნეს პაატა და როსტომ ჩხეიძეებმა