ჟან პოლ სარტრი - დრო ფოლკნერის რომანში - ხმაური და მძვინვარება

„ხმაურისა და მძვინვარების“ მკითხველი თავიდანვე განცვიფრდება წერის უჩვეულო მანერით. რატომ დაარღვია ფოლკნერმა თხრობის დრო და არივ-დარია ფრაგმენტები? იდიოტის გონების მეშვეობით რატომ იხსნება პირველად ფოლკნერის წარმოსახვითი სამყარო? 

ეს კითხვები იპყრობს მკითხველს და იგი ესწრაფის, რაიმ ხელშესახები მოძებნოს და რომანის ქრონოლოგია თავისთვის აღადგინოს: „ჯეისონ და ქეროლაინ კომპსონებს სამი ვაჟი და ერთი ქალიშვილი ჰყავდათ, ქალიშვილი კედი შეაცდინა დალტონ ეიმსმა და ცდილობს ვინმეს მისთხოვდეს...“ მაგრამ აქ შეყოვნდება, რადგან შეამჩნევს რომ ახალ ამბავზე გადადის. ფოლკნერმა თავიდანვე კი არ გაიაზრა მწყობრი თხრობა და მერე ბანოქსავით კი არ აურია მისი ნაწილები, არამედ სხვაგვარად თხრობა არ შეეძლო. კლასიკურ რომანში მოქმედებას აქვს ცენტრი: ვთქვათ, როგორიცაა მამა კარამაზოვის მკვლელობა ან ედუარდისა და ბერნარის შეხვედრა „ყალბი ფულის მჭრელებში“. ამაოდ დაშვრებით, თუ ამგვარი ცენტრის ძიებას დაიწყებთ „ხმაურსა და მძვინვარებაში“. იქნებ ეს ცენტრი ბენჯის სიჩლუნგეა? ან კედის უიღბლო სამიჯნურო თავგადასავალი? ან ქვენტინის თვითმკვლელობა? ან ჯეისონის მტრობა თავის დისშვილისადმი? თითოეული ეპიზოდი, როგორც კი ჩავწვდებით, მეორეს გაგვახსენებს - ფაქტიურად, ყველა დანარჩენი ეპიზოდი მასთან არის დაკავშირებული. არაფერი არ ხდება, თხრობა არ ვითარდება, პირიქით, ყოველი სიტყვის მიღმა აღმოვაჩენთ სასტიკ და საძულველ აწმყოს, რომლის სიმძაფრე წამდაუწუმ იცვლება. შეცდომა იქნებოდა გვეფიქრა, თითქოს ეს გადახრანი ჩვეულებრივი ვაჯიში იყოს დაოსტატებისათვის; რომანის ესთეტიკა ყოველთვის გვაბრუნებს მის მეტაფიზიკასთან. კრიტიკოსის დანიშნულებაა, გამოავლინოს ავტორის მეტაფიზიკა, სანამ მისი წერის მანერას შეაფასებდეს; ხოლო ის კი ნათელია, რომ ფოლკნერთან დროის მეტაფიზიკას ვხვდებით.

ადამიანის უბედურებაა, რომ შეზღუდულ დროში ცხოვრობს. „... ადამიანი უბედურებათა ჯამია. ვფიქრობ, ერთ დღეს უბედურება დაიქანცება, მაგრამ მაშინ დრო იქცევა უბედურებად...“ („ხმაური და მძვინვარება“). ესაა რომანის ჭეშმარიტი თემა. და თუ ფოლკნერის წერის მანერა დასაწყისში დროის უარყოფად გვეჩვენება, ეს იმიტომ, რომ ერთმანეთში ვურევთ დროსა და ქრონოლოგიას. რიცხვები და საათები ადამიანმა გამოიგონა: „გამუდმებული მსჯელობა, მექანიკური ისრების მდებარეობას რომ შეეხება გაქვავებულ ციფერბლატზე, გონების ქმედების ნიშანია. მამამ მითხრა, სიმწრის ოფლია ჩაღვრილიო...“ რათა მივაღწიოთ რეალურ დროს, უნდა უკუვაგდოთ ეს საშუალებანი, რომელნიც არაფერს აღნიშნავენ: „...დრო მკვდარია, თუ პატარა ბორბლებით მიწიკწიკებს; როცა საათი გაჩერდება, მხოლოდ მაშინ იწყებს დრო სიცოცხლეს“. ამიტომაც აქვს ქვენტინის მიერ საათის გატეხვას სიმბოლური მნიშვნელობა; ეს გვაიძულებს, დავინახოთ დრო საათის დაუხმარებლად. არც ბენჯის, იდიოტის, დრო არ იზომება საათით, რადგან მან საათის ცნობა არ იცის.

რაც შეეხება ფოლკნერის შეხედულებას აწმყოზე, ის არ არის შეზღუდული ან მკაფიოდ გამიჯნული წარსულისა და მომავლისაგან. მისი აწმყო ირაციონალურია თავისი არსით; ესაა საშინელი და მიუწვდომელი მოვლენა, რომელიც ქურდივით მოგვეპარება - მოვა და გაჰქრება. ამ ამწყოს მიღმა არაფერია, რადგან მომავალიც კი არ არსებობს, შეუცნობლისაგან შობილი ერთი აწმყო მეორეს იწვევს. ეს იმ ჯამს ჰგავს, სულ რომ ვანგარიშობთ: „და... და... შემდეგ“. დოს პასოსივით, ოღონდ უფრო მეტი დახვეწილობით, ფოლკნერი დამატებით თხრობას ჰქმნის. გმირებმა თუნდაც იცოდნენ იმ მოქმედებათა შესახებ, რომელნიც აწმყოში ხდება, ეს მოქმედებანი სკდებიან და იფანტებიან ათასგვარ ნაწილად: „მაგიდასთან მივედი და გადაბრუნებული საათი ავიღე. მაგიდის ძგიდეს დავკარი, შუშის ნამსხვრევები მოვკრიფე და საფერფლეში ჩავყარე. ისრები დავგრიხე და სინზე დავყარე. საათი კვლავ წიკწიკებდა“. ფოლკნერის აწმყო სხვაგვარად შესაძლოა „დროებით შეყოვნებით“ აიხსნას. ამ გამოთქმას იმიტომ ვიყენებ, რომ უკეთესს ვერ ვხედავ, რათა სახელი დავარქვა დროის მოძრაობის დაჭერას. ფოლკნერთან არ ჩანს არავითარი განვითარება, არაფერი, რაც შესაძლოა მომავლიდან მოდიოდეს. აწმყო არ მოიცავს იმ მომავალ ამბებს, ჩვენ რომ ველოდებით - თითქოს ვამბობდე, მეგობარი, ვისაც ველი, ბოლოს და ბოლოს გამოჩნდაო. პირიქით, ის აწმყოში სრულიად უმიზეზოდ ჩნდება და ყოვნდება. ფოლკნერი ამ დაყოვნებას აბსტრაქტულად არ წარმოადგენს; იგი თვით საგნებში სწვდება შეყოვნებასა და ცდილობს გამოჰკვეთოს. „მატარებელი დაკლაკნილ გზაზე მიირწეოდა, ორთქლმავალი მოკლედ მძიმედ ქშინავდა, რწევა-რწევით თვალს მიეფარა, როგორც მათ მოეჩვენათ, თითქოს გაცვეთილი და უჟამო სიმშვიდით, სტატიური უშფოთველობით...“ და კვლავ: „ეტლის ჩარდახის მიღმა ფლოქვები სწრაფად და მკაფიოდ მოძრაობდნენ, თითქოს ქალი ქსოვსო, მაგრამ ადგილზე ტოკავდნენ, თითქოს ვიღაცა მალიმალ ყასიდად შეუძახებდა ცხენს“. ფოლკნერი მოძრაობას საგნის ბუნებაში იჭერს; მომენტები ამოიფრქვევიან და იყინებიან, შემდეგ ფერმკრთალდებიან, უკან იხევენ და ქრებიან კვლავ უძრავნი.

რაც არ უნდა ითქვას, შესაძლოა ეს მოუხელთებელი და მიუწვდომელი მდგომარეობა დაიჭირო და სიტყვებად აქციო. ქვენტინს შეეძლო ეთქვა: საათი გავტეხეო. მაგრამ როცა ამას იტყოდა, მოქმედება წარსულისა იქნებოდა. წარსულს შეიძლება სახელი დაერქვას და გამოიხატოს. გარკვეულ დრომდე ის შეიძლება აზრით განსაზღვრო ან ინტუიციით ჩაწვდე. „სარტორისთან“ დაკავშირებით აღვნიშნეთ, რომ ფოლკნერი ყოველთვის უკვე მომხდარ შემთხვევებს გვიჩვენებს. „ხმაურსა და მძვინვარებაში“ ყოველივე წარსულშია გადატანილი; არაფერი ხდება; ყველაფერი მომხდარია; სწორედ ეს გვაძლევს შესაძლებლობას ჩავწვდეთ უცნაურ ფორმულას ერთ-ერთი გმირისა: „მე კი არა ვარ, ვიყავი“. ამ თვალით თუ შევხედავთ, ფოლკნერს შეუძლია ადამიანს მომავლისიმედი გადაუწუროს, აქციოს „განწყობილებათა ჯამად“, „უბედურებათა ჯამად“, „ჯამად იმისა, რაც გაბადია“. ჩვენ ერთმანეთს ვუკავშირებთ ყველა შემთხვევას, რადგან აწმყო სხვა არაფერია, თუ არა არეულ-დარეული მითქმა-მოთქმა, მომავალი კი უკვე წარსულია. ფოლკნერის შეხედულება ქვეყნიერებაზე იმ კაცისას შეიძლება შევადაროთ, ღია მანქანაში რომ ჩამჯდარა და უკან იცქირება. ყოველ წამს ჩრდილები წამოიშლებიან მარჯვნივ, მარცხნივ კი სინათლის წერტილები ციმციმებენ და ცახცახებენ, ისინი მხოლოდ მაშინ გადაიქცევიან ხეებად, ადამიანებად და მანქანებად, როცა პერსპექტივაში გავხედავთ. წარსული აქ სიურეალისტურ თვისებას იძენს; მისი კონტურები მტკიცეა, კრიალა და შეურყეველი. განსაზღვრული და მიუწვდომელი აწმყო უიმედოა მასთან შედარებით; აწმყო გატენილია ხვრელებით, საიდანაც წარსული ამბები - გაყინულნი, უძრავნი და მდუმარენი - იჭრებიან მასში. ფოლკნერის მონოლოგები იმ თვითმფრინავს გვაგონებს, საჰაერო ორმოებში რომ მოხვედრილა; ყოველ წამს გმირის ცნობიერება „წარსულში ვარდება“ და ისევ წამოიწევს, რათა კვლავ ჩავარდეს. აწმყო არ არსებობს, ის მოდის; ყველაფერი იყო; „სარტორისში“ წარსული დანახულია „ამბების“ მეშვეობით, რადგან ეს რომანი ფოლკნერის პირადი მოგონებებისაგან შესდგება და იმიტომაც, რომ ფოლკნერს ჯერ არ მიეგნო თავისი მანერისათვის. „ხმაურსა და მძვინვარებაში“ იგი უფრო მეტად ექსპერიმენტატორია და ამიტომაც ნაკლებ თავდაჯერებული. მაგრამ მისი დაინტერესება წარსულით ისე ძალუმია, რომ იგი ხანდახან ჩქმალავს აწმყოს - და აწმყო ჩრდილში მიიკვლევს გზას წყალქვეშა მდინარესავით, რათა მხოლოდ მაშინ გამოჩნდეს, როცა წარსულად გადაიქცევა. ამიტომაც ქვენტინი ვერც კი გრძნობს, რომ შეურაცხჰყო ბლენდი, რადგნა ხელახლა განიცდის დალტონ ეიმსთან ჩხუბს. და როცა ბლენდი მას გაარტყამს, ეს ჩხუბი უკავშირდება წარსულ ჩხუბს ქვენტინსა და ეიმსს შორის. მოგვიანებიტ შრივი გვიყვება, როგორ გაარტყა ბლენდმა ქვენტინს; იგი აღწერს სცენას, რადგან ის უკვე ისტორიას იქცა - მაგრამ როცა აწმყოში ხდებოდა, სხვა არაფერი იყო, თუ არა მრუმე და ბუნდოვანი შემთხვევა. ერთი სკოლის დირექტორზე მიამბეს, მეხსიერება გაფუჭებული საათივით გაუჩერდაო; ის სამუდამოდ გაყინულა იმ დროზე, როცა დირექტორი ორმოცი წლისა ყოფილა. და თუმცა უკვე სამოცი წლისა გამხდარიყო, წარმოდგენაც არ ჰქონდა თავის ასაკზე; მისი უკანასკნელი მოგონება უკავშირდებოდა სკოლის ეზოს და იმას, თუ ყოველდღიურად როგორ უვლიდა გარშემო სათამაშო მოედანს. ამგვარად, იგი ხედავდა აწმყოს გაყინული წარსულის მეშვეობით და მაგიდის გარშემო ისე დადიოდა, დარწმუნებული იყო, სტუდენტების თამაშს ვადევნებ თვალყურსო. ფოლკნერის გმირები ასევე იქცევიან. უფრო მეტიც, მათი წარსული არ ემორჩილება ქრონოლოგიას, არამედ მისდევს გარკვეულ იმპულსებსა და ემოციებს. გარკვეული ცენტრალური თემების ირგვლივ (კედის ფეხმძიმობა, ბენჯის სიჩლუნგე, ქვენტინის თვითმკვლელობა) ტრიალებს ფიქრისა და ქმედების უთვალავი ფრაგმენტი. აქედან იღებს სათავეს ქრონოლოგიის აბსურდულობაც „საათის მრგვალი და ბრიყვული მტკიცებისა“. წარსულის წესრიგი გულის წესრიგია. არ უნდა დავიჯეროთ, რომ აწმყოსეული შემთხვევა, როცა ჩაივლის, ყველაზე უფრო ახლობელი იქნება ჩვენი მეხსიერებისთვის. დროის ცვალებადობამ შესაძლოა ის მეხსიერების სიღრმეში ჩამარხოს ან ზედაპირზე ამოატივტივოს. და მის დონეს განსაზღვრავს მხოლოდ მისი შინაგანი ღირსება და ის, თუ როგორ მიესადაგება ჩვენს ცხოვრებას.

მაშასადამე, ამგვარია ფოლკნერის დროის ბუნება, რამდენად საფუძვლიანია ის? ეს განსაზღვრული აწმყო, ეს უეცარი თავდასხმა წარსულისა; ეს ემოციური წესრიგი, რაციოანლური წესრიგის საწინააღმდეგო, რომელიც თუმცა ქრონოლოგიურია რეალობასაა მოკლებული; ეს საზარელი და განმეორებადი მოგონებანი; ეს ყოყმანი გულისა - განა ვერ ვცნობთ მათში მარსელ პრუსტის დაკარგულ და აღდგენილ დროს? ვიცი, რომ მათ შორის სხვაობაცაა; ვიცი, მაგალითად, რომ პრუსტთან ხსნა თვით დროშია, წარსულის ტოტალურ აღდგენაში. ფოლკნერთან კი, პირიქით, წარსული საუბედუროდ, არასოდეს იკარგება; ის ყოველთვის აქაა, ეს თითქოს შეპყრობაა რაიმეთი. მხოლოდ და მხოლოდ მისტიური ექსტაზით მოხერხდება დროის სამყაროსაგან თავის დაღწევა; და მისტიკოსი ყოველთვის ის კაცია, ვისაც რაიმეს დავიწყება სურს: თავისი მე-სი, ან უფრო მეტიც - ენის ან გამომსახველობისა. ფოლკნერს სურს დაივიწყოს დრო: „...ქვენტინ, გთავაზობ მთელი იმედისა და ვნების მავზოლეუმს; ეს მეტად მტანჯველია, ესაა უაზრობამდე მისვლა მთელი საკაცობრიო გამოცდილებისა, რაც ისევე შეესატყვისება შენს პირად საჭიროებას, როგორც იმისას ან მამამისისას. ამას იმიტომ კი არ გაძლევ, რომ დრო გახსოვდეს, არამედ იმიტომ, რომ შეგეძლოს დაივიწყო ის ხანდახან, ერთი წამით; და მთელი ძალა მისი დაუფლების მცდელობაში არ გახარჯო, რადგან მოგებული ბრძოლა არ არსებობს, თქვა მან. თვით ბრძოლაც კი არ არსებობს. ბრძოლის ველი კაცს მხოლოდ მის სიბრიყვესა და უიმედობას უჩვენებს და გამარჯვება კი ფილოსოფოსთა და ბრიყვთა ილუზიაა“. დროის დავიწყების გამო დევნილი ზანგი, რომანში „აგვისტოს ნათელი“, მოულოდნელად უცნაურ, უჩვეულო ბედნიერებას მიაგნებს: „მაშინ კი არა, როცა ხვდები, რომ ვერაფერი შეგეწევა - რელიგია, სიამაყე, ვერაფერი - არამედ მაშინ, როცა გაიგებ, არავითარი შეწევნა რომ არ გჭირდება“. მაგრამ ფოლკნერისათვის, ისევე როგორც პრუსტისათვის, დრო ყველაფერ იმაზე მაღლა დგას, რაც გამოგვაცალკევებს. ჩვენ გვახსოვს შეყვარებულები რომანიდან „სიამენი და დრონი“ თავის ვნებას რომ ჩაბღაუჭებულან, იციან, რომ დიდხანს არ შერჩებათ და შიშობენ, არ გაგვიქრესო. იგივე ტკივილს ვხვდებით ფოლკნერთან: „...ადამიანებს არ შეუძლიათ საშინელი რამ ჩაიდინონ, არ შეუძლიათ, ძალზე საშინელი რამ ჩაიდინონ, რაც დღეს საშინელი ჩანს, ხვალ არც კი ემახსოვრებათ...“ და „...სიყვარული თუ სევდა განუზრახველად შეძენილი ერთობაა, რომელიც ძალაუნებურად მწიფდება და გაუფრთხილებლად გახსენდება რაღაც ნაკადის მეშვეობით, ღმერთები რომ წამოატივტივებენ ამ დროისათვის...“ პრუსტს ნამდვილად უნდა გამოეყენებინა ფოლკნერის ტექნიკა; ეს გახლდათ ლოგიკური შედეგი პრუსტის მეტაფიზიკისა. ფოლკნერი, რაც უნდა იყოს, დაკარგული კაცია, და რადგან უწყის, რომ დაკარგულია, იგი რისკზე მიდის და ფიქრებს დასასრულისაკენ მიერეკება. პრუსტი კლასიცისტია და ფრანგი; ფრანგები კი თავს ფრთხილად კარგავენ და ყოველთვის პოულობენ. ენამზეობამ, სისუფთავისა და რაციონალური გონების სიყვარულმა მიიყვანა პრუსტი იქამდე, რომ, სხვა თუ არაფერი, ქრონოლოგიის გარეგნული სახე მაშინაც შეენარჩუნებინა.

ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ მიზეზი მათი მსგავსებისა, მთელ ლიტერატურას რომ ახასიათებდა. თანამედროვე მწერალთა უმეტესობა, - პრუსტი, ჯოისი, დოს პასოსი, ფოლკნერი, გაიდი და ვირჯინია ვულფი, - შეეცდა, თითოეული თავისებურად, დაემახინჯებინათ დრო. ზოგიერთმა გამოიყვანა დრო წარსულიდან და მომავლიდან და წამის წმინდა ინტუიციამდე შეამცირა; სხვებმა, დოს პასოსის მსგავსად, ის მექანიკურ და შეზღუდულ მოგონებად აქციეს. პრუსტმა და ფოლკნერმა უბრალოდ თავი მოჰკვეთეს დროს; მათ უარყვეს მომავალი - ასე ვთქვათ, საზომი თავისუფალი არჩევანისა და ქმედებისა. პრუსტის გმირები არასდროს არაფერს იზრახავენ წინასწარ: ისინი დიახაც რომ წინასწარ ჭვრეტენ, მაგრამ მათი წინასწარმეტყველებანი, რეალობის გამძევებელ ოცნებასავით, ეტმასნებიან მათ და ამიტომ გმირებს აწმყოს მიღმა გასვლა არ შეუძლიათ. ელბერტენი, რომელიც ჩნდება, ის არ არის, ვისაც ელოდნენ და ეს ინტერმედია მხოლოდ მცირე, უმნიშვნელო ბიძგია, ერთ წამში გაელვებული. რაც შეეხება ფოლკნერის გმირებს, ისინი არასდროს წინასწარმეტყველებენ: მანქანა წინ მიაქროლებთ, როცა უკან იცქირებიან. მოახლოებული თვითმკვლელობა, რომელიც თავის მრუმე ჩრდილებს ფენს ქვენტინის უკანასკნელ დღეს, ადამიანურ არჩევანს არ ემორჩილება. ქვენტინს ერთი წუთითაც კი არ შეუძლია დაფიქრდეს, რომ შესაძლოა არ მოიკლას თავი, თვითმკვლელობა უკვე გადაწყვეტილია, ეს რაღაც ისეთია, რასაც ბრმად უახლოვდება, უწადინოდ და ჩაუწვდომლად: „...ისე იქცევი, თითქოს ერთ ღამეში გაგითეთრდა თმა, ისე, რომ გარეგნობა არ შეგცვლია...“ თვითმკვლელობა არ არის ცნობიერად ამორჩეული, რადგან ის გარდაუვალია. რადგან არსებობის უფლებას ჰკარგავს, თვითმკვლელობა ცდილობს მომავალში იარსებოს; ის აწმყოს ნაწილი ხდება. ფოლკნერის მთელი ოსტატობა მიზნად ისახავს ჩაგვაგონოს, რომ ქვენტინის მონოლოგი და მისი უკანასკნელი ნაბიჯები უკვე თვითმკვლელობაა. ვგონებ, სწორედ ასე უნდა ავხსნათ თავის უკანასკნელ დღეზე, თითქოს წარსულიაო, თითქოს ვიღაცა იგონებსო. მაგრამ ვინ არის ის, ვინც იხსენებს, თუკი გმირის უკანასკნელი ფიქრები თითქმის ემთხვევა მისი მეხსიერების უეცარ ამოფრქვევას და რღვევას? პასუხს იძლევა რომანისტის ნიჭი, ამოირჩიოს აწმყოს გარკვეული მომენტი, საიდანაც წარსულს აღწერს. სალაკრუსავით, - „არასელი უცნობი“, - ფოლკნერმა ამოირჩია თავისი აწმყოდან სიკვდილის უმცირესი წამი. ამგვარა, როცა ქვენტინის მეხსიერება იწყებს წარმოსახვათა ჩამოთვლას („კედლის მიღმიდან მომესმა როგორ წამოხტა შრივი და ფლოსტები იატაკზე ააფრატუნა. ავდექი...“), იგი უკვე მკვდარია. ასეთი დიდი ოსტატობა და, ფაქტიურად, ასეთი დიდი სიცრუე მიზნა ისახავენ მხოლოდ შეავსონ ნაკლოვანება ავტორისა, რომელცი ინტუიციურად ვერ ჭვრეტს მომავალს. ყველაფერი, და განსაკუთრებით დროის ირაციონალობა, ფოლკნერთან მკაფიო ხდება. რადგან აწმყო მოულოდნელია, უფრომო მომავალი შეიძლება განისაზღვროს მხოლოდ უძირო მახსოვრობით. ვიგებთ, რომ დროის ხანგრძლივობა „ადამიანის პირადი უბედურებაა“. თუკი მომავალი რეალურია, დრო მოდის წარსულიდან და მომავალს უახლოვდება; მაგრამ თუ მომავალი დათრგუნულია, დრო მეტად აღარაა ის, რაც გამოცალკევდება, რაც აწმყოს საკუთარ თავს ჩამოაჭრის: „... ვერ აიტან იფიქრო, რომ ერთ დღეს აღარ გეტკინება ისე, როგორც ახლა...“ ადამიანი სიცოცხლეს დროსთან ჭიდილში ატარებს; და მჟავასავით დრო ჟანგავს ადამიანს, აცილებს საკუთარ თავს და არ შეაცნობინებს თავის ადამიანობას. ყველაფერი აბსურდად იქცევა: „(სიცოცხლე)  სულელის ენით მოთხრობილი ამბავია, თუმც უმნიშვნელო, მაგრამ სავსე აურზაურით“ („მაკბეტი“, V,V).

მაგრამ არსებობს ადამიანის დრო მომავლის გარეშე? გასაგებია, რომ ერთი გოჯი თუ გინდა მიწა, ერთი ატომიც კი მარადიულ აწმყოში ცხოვრობს, მაგრამ განა ადამიანი მხოლოდ მოაზროვნე გუნდაა? თუ მას უნივერსალურ დროში მოვათავსებთ, დროში ნისლეულებისა და პლანეტებისა, მესამეული პერიოდისა და ცხოველთა ევოლუციისა, თითქოს გოგირდმჟავააო, პასუხი ნათელი იქნება. ეს სიმართლეა, თუნდაც ვირწმუნოთ, რომ დროზე ზეგავლენის მოხდენა გარედან შეიძლება, და რომ მერყევი ცნობიერება უპირველეს ყოვლისა ცნობიერება უნდა იყოს და ამის შემდეგ დაემორჩილოს დროს, ცნობიერება შესაძლოა იყოს „დროში“, მხოლოდ მაშინ, თუ დრო იმავე ძალით გარდაიქმნება, რაც მას ცნობიერებად აქცევს; ჰაიდეგერის გამოთქმა რომ მოვიშველიოთ, ის უნდა „იქცეს დროდ“. ამ შემთხვევაში აღარაა შესაძლებელი, შეაჩერო ადამიანი ყოველ მომდევნო წამს და განსაზღვროიგი, როგორც „ჯამი იმისა, რაც გაბადია“. ამის საპირისპიროდ ცნობიერების ბუნება გულისხმობს იმას, რაც მომავალშია განსაზღვრული; ეს თუ რა არის, მხოლოდ იმით მივხვდებით, რადაც გადაიქცევა; ამწყოში მის არსებობას მისივე შესაძლებლობები განსაზღვრავს. ეს ისაა, რასაც ჰაიდეგერი „შესაძლებლის მდუმარე ძალას“ უწოდებს. თქვენ ვერ გამოიცნობთ თქვენს თავში ფოლკნერის ადამიანს, არსებას, რომელიც მოკლებულია ყოველგვარ უნარს და განიმარტება მხოლოდ იმით, რაც იყო. თუ შეეცდები შენი ცნობიერების შეჩერებასა და შემოწმებას, ნახავ, რომ ცარიელი ყოფილა. შენ მხოლოდ მომავალს დაინახავ. შენს გეგმებსა და მომავალზე კი არ ვალაპარაკობ, არამედ იმ მოძრაობაზე, რომელსაც შეამჩნევ და რომელსაც შენთვის მნიშვნელობა აქვს მხოლოდ მაშინ, თუკი იზრახავ მის სრულყოფა თვით მის მიღმა, შენს მიღმაც, ჯერ არარსებულში ფინჯნის ძირი, რასაც ვერ ხედავ, მაგრამ რასაც დაინახავ. იმ მოძრაობის დასასრულს, ჯერ რომ არ დასრულებულა - ეს თეთრი ფურცელი, მეორე გვერდი რომ არ უჩანს და თუ გადააბრუნებ, გამოჩნდება - ესენი და ყველა მყარი, დიდრონი საგნები, რაც გარს გვარტყია თავის უშუალო და სოლიდურ თვისებებს მომავალში წარმოაჩენს ადამიანი იმის ჯამი კი არ არის, რაც აბადია, არამედ იმის ერთიანობა, რაც ჯერ კიდევ არ გააჩნდა და ექნება. და თუ ასე ვართ ჩაფლულნი მომავალში, განა ირაციონალური ველურობა არაა აწმყოში დამცირება? ამბავი ქურდივით მოულოდნელად არ წამოგვეპარება, რადგან თავისი ბუნებით ეს არის მომავალი, რომელიც იყო, და განა ისტორიკოსის დანიშნულება არ არის, წარსულს რომ გვიხსნის, უწინარეს ყოვლისა, მომავალი განგვიმარტოს? ვშიშობ, აბსურდულობა, ფოლკნერი რომ აღმოაჩენს ადამიანურ ყოფაში, თვით მის მიერაა აქ შეტანილი; განა სიცოცხლე არ არის აბსურდული, მაგრამ ეს სხვა აბსურდულობაა, განსხვავებული იმისაგან, რასაც ფოლკნერი მიაწერს.

რატომ ამოირჩიეს ფოლკნერმა და სხვა მრავალმა მწერალმა ეს განსაზღვრული აბსურდულობა, რაც ასე შორსაა შემოქმედებითი წარმოსახვისა და ჭეშმარიტებისაგან? მიზეზი დღევანდელი ცხოვრების სოციალურ ყოფაში უნდა ვეძიოთ. ფოლკნერის უიმედობა წინ უსწრებს მის მეტაფიზიკას; მისთვის, ისევე, როგორც ჩვენთვის, მომავალიარ არსებობს. ყოველივე, რასაც ვხედავთ, სადაც ვცხოვრობთ, განგვაწყობს იმისათვის, რომ ვთქვათ: ასე დიდხანს ვეღარ გასტანს; ჩვენვერ წარმოგვიდგენია სხვაგვარი ცვალებადობა, თუ არა ძალადობის მეშვეობით. ჩვენ ვცხოვრობთ წარმოუდგენელი რევოლუციების ხანაში და ფოლკნერი იყენებს თავის უჩვეულო ნიჭს, რათა აღწეროს ძველი, წარმავალი სამყარო, ჩვენ კი ვიხრჩობით და სულს ძლივს ვითქვამთ. მე მომწონს მისი ოსტატობა, მაგრამ არ მწამს მისი მეტაფიზიკა. არარსებული მომავალი მაინც მომავალია: „თუნდაც ადამიანურ რეალობას წინ არაფერი ელოდეს, თუნდაც დახუროს თავის დავთრები, მისი ყოფა მაინც განსაზღვრულია საკუთარი თავის მოლოდინით“.

ვთქვათ, ყველა იმედის დაშრეტა, არ გამორიცხავს ადამიანთა შესაძლებლობებს, ესაა უბრალოდ „გზა იმ შესაძლებლობის იმედად ყოფნისა“ (ჰაიდეგერი, „ყოფიერება და დრო“).  

ინგლისურიდან თარგმნეს პაატა და როსტომ ჩხეიძეებმა