უილიამ სომერსეტ მოემი - სადილი

იმ ქალს სპექტაკლზე მოვკარი თვალი. თავი დამიკრა, რის პასუხადაც ანტრაქტზე მასთან მივედი და გვერდით დავუჯექი. ჩვენი ბოლო შეხვედრიდან დიდი დრო იყო გასული და ვიღაცას მისი სახელი რომ არ ეხსენებინა, ძნელად თუ ვიცნობდი. ქალმა მხიარულად მომმართა.

-დიდი დრო გავიდა ჩვენი პირველი შეხვედრიდან. როგორ მიქრის დრო! ახალგაზრდებიც აღარ ვართ. გახსოვთ ჩვენი პირველი შეხვედრა? სადილზე დამპატიჟეთ.

მახსოვდა?

ეს ოცი წლის წინ იყო. მაშინ პარიზში ვცხოვრობდი. ლათინურ უბანში პატარა ოთახი მქონდა დაქირავებული, რომელიც სასაფლაოს გადაჰყურებდა. ისე ცოტა ფულს ვშოულობდი, თავი ძლივს გამქონდა. ქალს ჩემი ერთ-ერთი წიგნი წაუკითხავს და ამის შესახებ წერილით შემატყობინა. პასუხი მივწერე და მადლობა გადავუხადე. ცოტა ხნის შემდეგ მისგან მეორე წერილი მივიღე. ქალი მატყობინებდა, რომ პარიზში გზად უნდა გაევლო და ჩემთან შეხვედრა უნდოდა. წერდა, ცოტა დრო მაქვს და თავისუფალი მხოლოდ მომავალ ხუთშაბათს ვიქნებიო. დილას ლუქსემბურგის ბაღში გავატარებ, შემდეგ, იქნებ, სადილზე ,,ფუაიოში“ დამპატიჟოთო. ,,ფუაიო“ რესტორანი იყო, სადაც ფრანგი სენატორები დადიოდნენ. იქ სადილობა ჩემს შესაძლებლობებს აღემატებოდა, ამიტომ არც მიფიქრია, ახლოს გავკარებოდი. მაგრამ ახლა ქება-დიდება შემასხეს, თან ჯერ მეტად ახალგაზრდა ვიყავი იმისთვის, რომ ქალი უარით გამესტუმრებინა. უნდა ვაღიარო, ცოტა მამაკაცი თუ გაითავისებს ამ ჩვევას იქამდე, ვიდრე ისე არ მოხუცდება, რომ ქალისთვის მისი უარი სულერთი ხდება.

ოთხმოცი ფრანკი თვის ბოლომდე უნდა მეკმარა. მოკრძალებული სადილი „ფუაიოში“ თხუთმეტ ფრანკზე მეტი არ დამიჯდებოდა. თან თუ ორი კვირა ყავაზე უარს ვიტყოდი, დარჩენილი ფულით მშვენივრად გავიდოდი ფონს.

ჩემს მეგობარს, რომელსაც დაუსწრებლად ვიცნობდი, ვუპასუხე, რომ ხუთშაბათს ,,ფუაიოში“ პირველის ნახევარზე შევხვდებოდი. ეს გახლდათ ორმოცი წლის ქალბატონი

(მომხიბვლელ ასაკში, მაგრამ არა ისეთი ქალბატონი, პირველივე შეხედვისას უცაბედ და დამანგრეველ ვნებას რომ აღგიძრავთ). იგი ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს უფრო მეტი, თეთრი, დიდი და სწორი კბილი ჰქონდა, ვიდრე პრაქტიკული დანიშნულებისთვის არის საჭირო. სტუმარი ბევრს ლაპარაკობდა და რადგან შევატყვე, ჩემს შესახებ საუბრის სურვილს ამჟღავნებდა, ყურადღებიანი მსმენელის პოზა მივიღე.

როცა მენიუ შემოიტანეს, თავზარი დამეცა. ფასები გაცილებით მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა. მაგრამ ქალმა დამამშვიდა.

-სადილზე არაფერს ვჭამ, -თქვა მან.

-ოჰ, მაგას ნუ ამბობთ! -დიდსულოვნად ვუპასუხე.

-ერთ კერძზე მეტს არასდროს ვჭამ. ჩემი აზრით, ხალხი დღეს ძალიან ბევრს ჭამს. ცოტა თევზს მივირთმევდი. საინტერესოა, ორაგული თუ აქვთ?

ორაგულის სეზონი ჯერ არ იყო და მენიუშიც არ შეეტანათ. ოფიციანტს ვკითხე, ჰქონდათ თუ არა. დიახ, შესანიშნავი ორაგული ახლახან მიეღოთ, პირველი დღე იყო, რაც შემოეტანათ რესტორანში. ორაგული ჩემი სტუმრისთვის შევუკვეთე. ოფიციანტმა მას ჰკითხა, სანამ ორაგული მომზადდება, რაიმეს ხომ არ ინებებთო.

-არა, -უპასუხა ჩემმა სტუმარმა, -ერთ კერძზე მეტს არასდროს ვჭამ. მაგრამ თუ ხიზილალა გექნებათ...

გული ოდნავ შემიტოკდა. ვიცოდი, ხიზილალის საშუალება არ მქონდა, მაგრამ სტუმარს ამას ვერ გავუმხელდი. ოფიციანტს ვუთხარი, ხიზილალა აუცილებლად მოეტანათ. ჩემთვის მენიუში ყველაზე იაფი კერძი ავარჩიე. ეს იყო ცხვრის ხორცის ნაჭერი.

-მე ვფიქრობ, რომ ხორცის ჭამა ჭკვიანური აზრი სულაც არ არის, - თქვა მან. - არ ვიცი, მუშაობას როგორ აპირებთ ისეთი მძიმე კერძის შემდეგ, როგორიც ხორცია. კუჭის გადატვირთვის მომხრე არ ვარ.

შემდეგ სასმელის შეკვეთის დრო მოვიდა.

-სადილზე არაფერს ვსვამ, -შესძახა მან.

-არც მე, -ვთქვი სწრაფად.

-თეთრი ღვინის გარდა, -ისე განაგრძო, თითქოს მე არაფერი მითქვამს.

-ფრანგული თეთრი ღვინო ისეთი მსუბუქია. საუცხოოა საჭმლის მონელებისთვის.

-რომელს ინებებთ? -ვკითხე კვლავ სტუმართმოყვარის იერით, მაგრამ თავშეკავებულად.

ქალმა მხიარული, მეგობრული ღიმილით დამაჯილდოვა. თეთრმა კბილებმა გაიელვეს.

-ჩემი ექიმი შამპანურის გარდა არაფრის დალევის ნებას არ მაძლევს.

წარმომიდგენია, ოდნავ როგორ გავფითრდი. ნახევარი ბოთლი შამპანური შევუკვეთე. სასხვათაშორისოდ აღვნიშნე, ჩემმა ექიმმა საერთოდ ამიკრძალა შამპანურის დალევა-მეთქი.

-მაშინ თქვენ რას დალევთ?

-წყალს.

მან ხიზილალა შეჭამა და ორაგულიც მიაყოლა. მხიარულად საუბრობდა ხელოვნებაზე, ლიტერატურასა და მუსიკაზე. მე კი ანგარიშზე ვფიქრობდი. ცხვრის ხორცი მოვიდა და ჩემი სტუმარიც მთელი სერიოზულობით მოჰყვა საყვედურებს.

-ვხედავ, რომ მსუყე სადილს ხართ ჩვეული. ეს არასწორია. ჩემს მაგალითს რატომ არ მიჰყვებით და რატომ არ მიირთმევთ მხოლოდ ერთ კერძს?! დარწმუნებული ვარ, გაცილებით უკეთ იგრძნობთ თავს.

-მხოლოდ ერთი კერძის ჭამას ვაპირებ, -მივუგე მე, როცა ოფიციანტი ისევ მოვიდა, ამჯერად უკვე ანგარიშით ხელში.

ჩემმა სტუმარმა ხელის ჰაეროვანი მოძრაობით მოიშორა ოფიციანტი.

-არა, არა, სადილზე არაფერს ვჭამ. მხოლოდ ერთი ლუკმა და მეტი არ მინდა. ამასაც უფრო საუბრის გაბმის საბაბით ვაკეთებ. თუკი უზარმაზარი სატაცური ექნებათ, ალბათ მის მეტს ვეღარაფერს შევჭამ. დასანანია პარიზიდან ისე წახვიდე, ცოტა მაინც არ გასინჯო.

გული შემიღონდა. სატაცურს მაღაზიებში შევხვედრილვარ და ვიცოდი, საშინლად ძვირი რომ ღირდა. მისი დანახვისას ხშირად ნერწყვიც კი მომდგომია.

-ქალბატონს აინტერესებს, უზარმაზარი სატაცური ხომ არა გაქვთ? -ვკითხე ოფიციანტს.

მთელი ძალ-ღონით შევეცადე, უარი მეთქმევინებინა, მაგრამ ოფიციანტს ფართე სახეზე, რომელიც მღვდლისას მოგაგონებდათ, ბედნიერი ღიმილი გამოეხატა და მიპასუხა, ისეთი დიდი, შესანიშნავი და რბილი სატაცური გვაქვს, თვით საოცრება არისო.

-საერთოდ არ მშია, -ჩემმა სტუმარმა ამოიოხრა, -მაგრამ თუ თქვენსას არ იშლით, წინააღმდეგი არ ვიქნები, ცოტა სატაცური მივირთვა.

შევუკვეთე.

-თქვენ არ გასინჯავთ?

-სატაცურს არ ვჭამ.

-ვიცი, ზოგს სატაცური არ უყვარს. საქმე იმაშია, რომ გემოს ხორცით იფუჭებთ.

სატაცურის მომზადებას ველოდებოდით. პანიკამ შემიპყრო. საკითხავი ის კი არ იყო, რამდენი ფული მრჩებოდა დანარჩენი თვისთვის, არამედ ანგარიშის გასწორებას შევძლებდი თუ არა. ჩემთვის დამამცირებელი იქნებოდა, ათი ფრანკიც რომ დამკლებოდა და იძულებული გავმხდარიყავი, ფული სტუმრისთვის გამომერთმია. არა, ამას ვერ გავაკეთებდი. ზუსტად ვიცოდი, ფული რამდენი მქონდა. თუ ანგარიში უფრო მეტზე მოვიდოდა, გადაწყვეტილი მქონდა, ხელი ჯიბეში ჩამეყო, დრამატული ყვირილით წამოვმხტარიყავი და მეთქვა, რომ გამქურდეს. რა თქმა უნდა, უხერხული იქნებოდა, არც სტუმარს აღმოჩენოდა საკმარისი თანხა ანგარიშის გადასახდელად. მაშინ ერთადერთი გამოსავალი საათის დატოვება იყო. უნდა მეთქვა, რომ დავბრუნდებოდი და მოგვიანებით გადავიხდიდი.

სატაცური შემოვიდა. უზარმაზარი იყო, წვნიანი და მადისაღმძვრელი. გამდნარი კარაქის სურნელებამ ნესტოებში შემიღიტინა, ისევე როგორც იეღოვას შეუღიტინა სათნო სემიტების მიერ შეწირული მსხვერპლის სურნელმა. ვუყურებდი, თუ როგორ სანსლავდა თავგასული ქალი სატაცურის დიდ და ვნებიან ლუკმებს. მე კი თავაზიანად ვმსჯელობდი ბალკანეთის დრამის მდგომარეობაზე. როგორც იქნა ჭამას მორჩა.

-ყავა? -ვკითხე მე.

-დიახ, ნაყინი და ყავა, -მიპასუხა ქალმა.

უკვე აღარ მენაღვლებოდა, ამიტომ ჩემთვის ყავა, ხოლო მისთვის ნაყინი და ყავა შევუკვეთე.

-იცით, ერთი რაღაცის ნამდვილად მჯერა, -თქვა მან ნაყინის ჭამის დროს. -სუფრიდან აუცილებლად ისეთი შეგრძნებით უნდა ადგე, თითქოს მცირედის ჭამას კიდევ შეძლებ.

-კიდევ გშიათ? -ძლივძლივობით ამოვთქვი.

-ოჰ, არა, არ მშია. იცით, სადილს არ ვჭამ-ხოლმე. დილით ერთ ფინჯან ყავას ვსვამ, შემდეგ ვვახშმობ, მაგრამ სადილზე არასდროს ერთ კერძზე მეტს არ მივირთმევ. თქვენს გასაგონად ვამბობ.

-დიახ, გასაგებია!

შემდეგ საშინელი რამ მოხდა. ყავას ველოდებოდით, როცა ოფიციანტების უფროსი, რომელსაც პირფერული ღიმილი დასთამაშებდა ყალბ სახეზე, მოგვიახლოვდა, თან ხელში ვეებერთელა ატმებით სავსე კალათი ეჭირა. ატმები უმანკო გოგონასავით გაწითლდნენ. მათ იტალიური პეიზაჟის ბარაქიანი იერი დაჰკრავდათ. მაგრამ მაშინ ატმის სეზონი ნამდვილად არ იყო. ღმერთმა უწყოდა, რა ღირდა. მეც მოგვიანებით გავიგე. ჩემმა სტუმარმა ლაპარაკის დროს უნებურად აიღო ერთი ატამი.

-კუჭი ხორცით ამოივსეთ.

ეჰ, ჩემი საცოდავი, პატარა ხორცის ნაჭერი.

-და მეტს ვეღარ ჭამთ. მე ცოტა წავიხემსე და ახლა შემიძლია ატმით გავისველო პირი.

ანგარიში მოვიდა. ფულის გადახდისას აღმოვაჩინე, რომ ოფიციანტს ცოტას თუ ვაჩუქებდი. ქალმა უცბად მზერა სამ ფრანკზე შეაჩერა, რომელიც ოფიციანტისთვის დავტოვე. ვიცი, რომ ძუნწად ჩამთვალა. როცა რესტორნიდან გამოვედი, წინ მთელი თვე იყო და მე ხურდაც კი არ მეგდო ჯიბეში.

-ისწავლეთ ჩემი მაგალითით, -თქვა მან, როცა ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით, -და სადილზე არასდროს შეჭამოთ ერთ კერძზე მეტი.

-მაგაზე უკეთესს გავაკეთებ, -მივუგე მე, -ამ საღამოს საერთოდ არ ვივახშმებ.

-ხუმარა! -ქალმა მხიარულად შესძახა და ეტლში შეხტა, - დიდი ხუმარა ვინმე ხართ!

ბოლოს ჯავრი მაინც ვიყარე. შურისმაძიებელი კაცი არა ვარ, მაგრამ როცა უკვდავი ღმერთები ერევიან საქმეში, შედეგზე თვითკმაყოფილებით დაკვირვება საპატიოა. დღეს ის ქალი ას ოცდაცამეტ კილოგრამს იწონის.

თარგმნა ეთერ ჭურაძემ