ჯუმბერ პატიაშვილი - ოცდასამი წლის შემდეგ

ყველაზე მტკივნეული იმ მნიშვნელოვანი ფაქტორის გაცნობიერება და აღიარება აღმოჩნდა, რომ გლობალური პოლიტიკა ყურადღებისა და შეფასების მიღმა დამრჩა და საბჭოეთის უძლეველობისა და უალტერნატივობის მითით აღტყინებულს მაშინ გულწრფელად, დღევანდელი შეფასებით კი - გულუბრყვილოდ მჯეროდა, რომ ქვეყანაში მართლაც გარდაქმნა და ძიერული ცვლილებები მიმდინარეობდა. მეც, ისევე როგორც მილიონობით საბჭოთა მოქალაქემ, დროულად ვერ გავაცნობიერე, რომ საბჭოთა კავშირის გარდაქმნა ერთგვარი შირმა იყო იმ დიდი, მსოფლიო მასშტაბის „პოლიტმასკარადისა“, რომლის კულისებს მიღმა სულ სხვა პროცესები მიმდინარეობდა და რეალურად საბჭოთა კავშირის გარდაქმნას კი არა, მის დაშლასა და განადგურებას გულისხმობდა.

საწერ მაგიდას მივუჯექი და უჯრები გამოვაღე. ყველა ცარიელი დამხვდა, ერთის გარდა... თაბახის ფურცლების შეკვრაში ხელნაწერი წერილი ვნახე. ადრესატი ედუარდ შევარდნაძე იყო, ავტორი - თენგიზ აბულაძე. დღემდე არ მაქვს პასუხი, შევარდნაძემ კაბინეტში შეგნებულად დატოვა თენგიზ აბულაძის პირადი წერილი თუ დარჩა. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს წერილი არა მხოლოდ ინფორმაციულს, არამედ სიმბოლურ დატვირთვასაც ატარებდა. რამდენჯერმე წავიკითხე და დავხიე. მძიმე იყო, წასაკითხადაც და გასააზრებლადაც. ყველაფერი ერთმანეთში აირია... გეგა კობახიძე, რომელსაც თავდაპირველად იღებდნენ ამ ფილმში... თვითმფრინავის გატაცება... „მონანიების“ გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი... აკრძალული ფილმისადმი საზოგადოების დიდი ინტერესი... ათასი ჭორი, ტყუილი თუ მართალი... წერილი კატეგორიული, შეუვალი ტონით იყო დაწერილი. თენგიზ აბულაძე შევარდნაძეს „მონანიების“ ცენზურაში ადანაშაულებდა და საყვედურნარევი ტონით ახსენებდა, რომ „მონანიების“ გადაღების ნება დართო, წაახალისა, სახელმწიფო დაფინანსებაც გამოუყო, მაგრამ უკვე გადაღებული და გამზადებული ფილმი დაიბლოკა და მაყურებლამდე მისივე ბრძანებით ვეღარ მივიდა. ასეთი შინაარსის წერილს ნამდვილად არ ველოდი, შევარდნაძეს თენგიზთან კარგი, შეიძლება ითქვას მეგობრული ურთიერთობები ჰქონდა. „მონანიების“ გადაღებაც მისი მმართველობის წლებში დაიწყო და დასრულდა. იმ დროისთვის „მონანიება“ უკვე ნანახი მქონდა. როგორც კი ფილმი წარმოებაში ჩასაშვებად მზად იყო, კინოსტუდიაში მიგვიწვიეს ფილმის სანახავად, ბუნებრივია, ჩვენებას შევარდნაძეც დაესწრო. მაშინ ამბობდნენ, რომ ჩვენების შემდეგ შევარდნაძემ აბულაძეს შენიშვნა მისცა და ფილმიდან რამდენიმე კადრის ამოღება მოსთხოვა, მაგრამ რეჟისორმა არც ერთი მათგანი არ გაითვალისწინა და ფილმი უცვლელად დატოვა. სავარაუდოდ, ფილმის დაბლოკვის მიზეზიც ეს გახდა. შედგა თუ არა მაშინდელი ცენტრალური კომიტეტის მდივანსა და კინორეჟისორს შორის მსგავსი საუბარი, ჩემთვის უცნობია. ფაქტია, იმ დღეს კინოსტუდიაში მიწვეული ცენტრალური კომიტეტის წარმომადგენლების თანდასწრებით შევარდნაძეს აბულაძისთვის არანაირი შენიშვნა არ მიუცია.
უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, „მონანიება“ ცენტრალურ კომიტეტთან არსებულ მართვის ინსტიტუტში არალეგალური გზებით მრავლდებოდა, საიდანაც შავ ბაზარზე ხვდებოდა და სოლიდურ თანხად იყიდებოდა. იმხანად ვიდეოაპარატურა იშვიათი ხილი გახლდათ, შავ ბაზარზე გაყიდული ფილმი ოჯახებში ხვდებოდა, ოჯახებშივე ეწყობოდა ერთგვარი კინოთეატრები და ფილმის ჩვენებაცა და განხილვაც მალულად, კუსტარულ პირობებში ხდებოდა. გაცხადდა ისიც, რომ გარკვეული რაოდენობის ეგზემპლარები ევროპაში არალეგალური გზებით გადასატანაც მზადდებოდა.

1983 წლის 18 ნოემბერი. ამ დროს მე ჯერ კიდევ დარგის მდივანი ვარ, ერთ-ერთ ღონისძიებას ვესწრები. ცენტრალური კომიტეტიდან მიკავშირდებიან და მეუბნებიან, რომ სასწრაფოდ უნდა მივიდე თბილისის აეროპორტში, სადაც საშინელი ტრაგედია დატრიალდა. აეროპორტში, ცენტრალური კომიტეტის წევრებისთვის განკუთვნილ ოთახში, ბიუროს წევრები და შევარდნაძე მხვდებიან. გატაცებული თვითმფრინავი უკვე თბილისის აეროპორტის ტერიტორიაზე დგას. გამტაცებელთა ვინაობა ჯერ ცნობილი არ არის. ვიცით მხოლოდ მათი ულტიმატუმის შესახებ: ისინი საწვავის შევსებას და თბილისის აეროპორტიდან აფრენას ითხოვენ. ცნობილია ისიც, რომ ბორტგამცილებელი მოკლულია და თვითმფრინავში სხვა დაზარალებულებიც არიან. მგზავრების ევაკუაცია შეუძლებელია, რადგან გამტაცებლები მოლაპარაკებაზე არ მოდიან. ამ დროს მოსკოვიდან ჩამოდის სპეცბრიგადა და აეროპორტის ტერიტორიაზე სპეცოპერაცია იწყება. ბიუროს წევრები აეროპორტის შენობაში ვრჩებით. გარეთ გამტაცებელთა მშობლები ტრიალებენ. უკვე ცნობილია, რომ გამტაცებელთა შორის არიან ძმები ივერიელები, გეგა კობახიძე, სოსო წერეთელი, ფეტვიაშვილი და მიქაბერიძე. სპეცოპერაციის შემდეგ ოთხი მათგანი, მათ შორის ერთი დაჭრილი და ერთიც შავხელთათმანიანი ქალი, ჩვენს ოთახში შემოჰყავთ. მიქაბერიძე ამ დროს უკვე გარდაცვლილია. ათას სიბინძურეს ჰყვებიან დღემდე, თითქოს ბიუროს წევრებმა გამტაცებლებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მსგავსი არაფერი მომხდარა. სულ რამდენიმე წუთით შემოიყვანეს ჩვენს ოთახში, გვაჩვენეს, ვინ იყვნენ და მალევე გაიყვანეს. გამტაცებლები გაბრუებულები იყვნენ, გაურკვეველ, აბსურდულ ფრაზებს ამბობდნენ, თავი უცხოეთში ეგონათ. არანაკლებ გაოგნებულები და დათრგუნულები ვიყავით ჩვენ, იმ დროისთვის თვითმფრინავის გატაცება ყოვლად წარმოუდგენელი ფაქტი იყო, რომელმაც უმძიმესი ტრაგიკული შედეგი მოიტანა. ინტელიგენციის წარმომადგენლებმა სასჯელის შეცვლის თხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს... მალევე გახდა ცნობილი, რომ შევარნაძის უშუალო დავალებითა და მითითებით დაიწყო ხელმოწერების უკან გატანის პროცესიც. ნაწილმა მართლაც მოახდინა საკუთარი ხელმოწერის ანულირება. ნაწილმა ბოლომდე შეინარჩუნა პრინციპულობა. სასამართლო პროცესი 1984 წლის 23 აგვისტოს დასრულდა. ტელევიზიით მიმდინარეობდა განაჩენის გამოტანის ეპიზოდის პირდაპირი ტრანსლაცია. სასჯელი უმაღლესი იყო - დახვრეტა... განაჩენი იყო არა მხოლოდ მკაცრი და არაჰუმანური, არამედ აბსურდამდე უსამართლოც, რადგან დახვრეტა მიესაჯა მღვდელმსახურს, რომელიც ყველამ იცოდა, რომ თვითმფრინავის გატაცების მომენტში თვითმფრინავში არ იმყოფებოდა. სასამართლომ განაჩენი 23 აგვისტოს გამოიტანა. რამდენიმე კვირაში, 4 ოქტომბერს კი, ანუ მაშინ, როცა ყველა შანსი ჯერ კიდევ არ იყო ამოწურული და საქმე საკავშირო უმაღლესი საბწოს პრეზიდიუმში უნდა განხილულიყო, განაჩენი აღასრულეს. ვისი ბრძანებით მოხდა ეს ყველაფერი, ჩემთვის ნათელი იყო, მაგრამ რატომ აჩქარდნენ ასე, მაშინ, როცა უამრავი სიკვდილმისჯილი ადამიანი ცოცხალი იყო და წლობით ციხეში იხდიდა სასჯელს, ამაზე პასუხი არ მქონდა. - რატომ არ შეატყობინეთ ოჯახს, ან ოფიციალურად რატომ არ განაცხადეთ, რომ განაჩენი სისრულეში მოიყვანეთ? - ვკითხე კარანაძეს, რადგან როცა განაჩენი სისრულეში მოჰყავდათ, ამის შესახებ ოფიციალური განცხადებაც ვრცელდებოდა და ოჯახსაც ატყობინებდნენ. - რატომ არ შეატყობინეთ ოჯახებს? - კიდევ ერთხელ გავუმეორე თავჩაქინდრულ და მდუმარე უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარეს. - შევარდნაძემ მითხრა, რომ ამისი გახმაურება საჭირო არ იყო, რადგან ეს დესტაბილიზაციას გამოიწვევდა, - მიპასუხა კარანაძემ. წლების შემდეგ, როცა შევარდნაძემ სინანულნარევი ტონით თქვა: ვნანობ, მოსკოვში რომ არ ჩავედი და ბიჭების შეწყალება არ ვითხოვეო, სიმწრით გამეღიმა, რა უნდა ეთხოვა, ან ვისთვის, როცა განაჩენი სისრულეში რამდენიმე კვირაში მოაყვანინა?!

1986 წლის თებერვალში მოსკოვში, საკავშირო ყრილობაზე, პირველად წარვდექი, როგორც საქართველოს რესპუბლიკის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი. სიტყვით გამოსვლის შემდეგ დარბაზმა მქუხარე ტაშით მიპასუხა. ტრიბუნიდან პრეზიდიუმისკენ მიმავალს მილოცავდნენ პოლიტბიუროს წევრებიც. მათ შორის იყო შევარდნაძეც, რომელმაც მარჯვენა გამომიწოდა და ხელში ქაღალდის პატარა ფურცელი ჩამიდო. მეორე რიგში, ჩემთვის განკუთვნილ ადგილზე დავჯექი და ხელისგულზე შერჩენილ ფურცელს დავხედე: ზედ ხუათიანი ეწერა, პლუსით... ჩემი მოხსენებიდან ცოტა ხნის შემდეგ ტრიბუნაზე ავიდა კოლმეურნეობის თავმჯდომარე ბელგოროდის ოქლიდან, რომელმაც ყრილობაზე დამსწრე საზოგადოებას და პირადად გორბაჩოვს მიმართა თხოვნით: - უმორჩილესად გთხოვტ, ნუ გაანაწილებთ ჩვენს კოლმეურნეობაზე ქუთაისის ავტოქარხანაში დამზადებულ ტექნიკას. სექტემბერში მივიღეთ სამოცდაათი მანქანა ქუთაისიდან, რომლებიც ვერ ავამუშავეთ. მოგვიანებით ჩამოვიდნენ სპეციალისტები, ვითომ შეაკეთეს, მაგრამ დღესაც არც ერთი მათგანი არ არის მწყობრში. ხუთიათასკაციანი დარბაზი ტაშით დაინგრა.

ჟიული შარტავას ტრაგიკული სიკვდილით ქვეყანამ ბევრი დაკარგა. მათ შორის ის ერთადერთი კაცი, რომელიც პასუხს გასცემდა დღემდე უპასუხოდ დარჩენილ კითხვას - რატომ და როგორ დავკარგეთ აფხაზეთი?!.

ილია ჭავჭავაძის იუბილეზე დასასწრებად მსოფლიოს ოცდათორმეტი ქვეყნიდან ას ორმოცდაათი უცხოელი სტუმარი ჩამოვიდა. იმ დროისათვის ასეთი წარმომადგენლობითი დელეგაციებით უცხოელების სტუმრობა წარმოუდგენელი იყო. მახსოვს, აფრიკის დელეგაციის ერთ-ერთმა წევრმა მითხრა - ჩვენ გავეცანით ილია ჭავჭავაძის შემოქმედებას ჯერ კიდევ საქართველოში ჩამოსვლამდე და უნდა გითხრათ, რომ იგი არა მხოლოდ ქართველების, არამედ ყველა მამაცი ერის მამაა, მათ შორის ჩვენიც. ილია ჭავჭავაძის იუბილე იუნესკომაც აღნიშნა პარიზში. მოსკოვის დიდი თეატრის დარბაზში ასევე გაიმართა ილიას საიუბილეო საღამო, რომელსაც პოლიტბიუროს მთელი შემადგენლობა დაესწრო.

მამაჩემისგან მონათხრობი მახსოვს: „მაშინ ვერაზე, კობის ქუჩის ჩიხში ვცხოვრობდით. უბნის ბავშვები ლახტის სათამაშოდ ახლანდელი უნივერსიტეტის ეზოში გადავდიოდით, სადაც მაშინ ლაზარეთის შენობა იდგა. ერთხელაც გახურებული ლახტის თამაშში ვართ, უცებ ლაზარეთიდან მოწყალების და გამოდის პირზე ხელაფარებული და ჩურჩულით გვეუბნება: - ჩუმად იყავით, ბავშვებო, ვაჟა კვდება... ამ ყველაფრიდან ჩვენ მხოლოდ სიტყვა სიკვდილი გავიგეთ. შევწყვიტეთ ყიჟინა, ლახტის თამაში... და ერთმანეთს ვეკითხებოდით ჩურჩულით - ვაჟა ვინ არის?“

ბევრს დღესაც ჰგონია, რომ კომუნისტური ეპოქა რელიგიისა და სამღვდელოების არსებობას არ სცნობდა, არადა, ცენტრალურ კომიტეტში, მინისტრთა საბჭოსთან სპეციალური სამსახური არსებობდა, რომელიც სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობებს არეგულირებდა.

პატრიარქის თხოვნითა და წინადადებით აღდგა მეტეხის ეკლესიაც. მეტეხის ციხეში მანამდე ახალგაზრდული თეატრი იყო განთავსებული. თეატრის დასხა და მთავარ რეჟისორს, სანდრო მრევლიშვილის ალტერნატიული შენობა გამოვუყავით, მეტეხში კი, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს დაექვემდებარა, ჯერ სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდა, შემდეგ კი წირვა-ლოცვა აღდგა.

ერთხელ სტუდენტები ბეთანიის რესტორანში ვქეიფობთ. ამ დროს შემოდის ბატონი კონსტანტინე, მარტოა, მხოლოდ თავისი მწევარი ახლავს თან. მაგიდასთან ჯდება. მაგიდაზე ბოთლი ღვინო უდგას, სვამს და სადღაც უსასრულობაში იყურება. რა მოგასვენებდა, ჩვენს სიახლოვეს ცოცხალი ლეგენდა იჯდა. წამოვიშალეთ და მივუახლოვდით. რატომღაც ყველა თავადური გვარით გავეცანით... მიგვიხვდა კონსტანტინე - ამდენი თავადიშვილი და აზნაური ერთად როგორ შეიყარეთო, გვითხრა ჩვეული სარკაზმული ღიმილით და მერე მამაშვილურად, გულიანად, გულიანად დაგვლოცა. კარგა ხანს თითოეული ჩვეგანი ვტრაბახობდით, რომ ბეთანიაში კონსტანტინესთან ერთად ჭიქა გვქონდა აწეული.

მეორე საკითხი, რაც ზვიად გამსახურდიას აწუხებდა, ვიზებს ეხებოდა. მთხოვა, ჩემს უფროს ვაჟს, ცოტნეს, დასავლეთ გერმანიის კლინიკაში მკურნალობა ესაჭიროება და იქნებ ჩვენს ოჯახს ვიზის გაკეთებაში დაეხმაროო. რასაკვირველია, უარი არ მითქვამს, მაშინვე დავურეკე ინაურს და ვიზების საკითხის მოგვარება დავავალე. ყველაზე უცნაურს ის იყო, რომ რამდენიმე ხნის შემდეგ ინაური თავად დამიკავშირდა და მითხრა: - გამსახურდიების ოჯახისთვის ვიზები მზად არის, მაგრამ არ მიაქვთ, ზვიად გამსახურდია ამბობს, ეს ისეთი ვიზაა, როგორიც სოლჟენიცინს მისცესო. რა უნდა მეთქვა, ვიზა ვიზაა, სოლჟენიცინივით გამოიყენებდა მას ზვიად გამსახურდია თუ არა, ეს ჩვენი კი არა, მისი გადასაწყვეტი იყო.

საბჭოთა მწერალთა კავშირის დელეგაციის ამერიკაში ვიზიტს გაეროს გენერალური მდივნის მოადგილის, შევჩენკოს სკანდალური გადაწყვეტილება დაემთხვა: მან უარი თქვა საბჭოთა მოქალაქეობაზე და პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა ამერიკის შეერთებულ შტატებს. ეს იმ პერიოდისთვის უპრეცედენტო შემთხვევა იყო, რომელმაც მსოფლიო პრესისა და ტელევიზიის ყურადღება მიიპყრო. ბუნებრივია, ამერიკაში ვიზიტით ჩასულ საბჭოთა მწერლებს ამ ფაქტთან დაკავშირებით აზრის გამოთქმას სთხოვდნენ, ნამდვილად არ მახსოვს, რა უპასუხეს დანარჩენებმა, მაგრამ ნოდარ დუმბაძის პასუხმა, მოქნილი იუმორით, ყველას დაამახსოვრა თავი. - რას იტყვით შევჩენკოზე, რომელმაც საბჭოთა კავშირზე უარი თქვა და ამერიკას სთხოვა პოლიტიკური თავშესაფარი? - ჰკითხა დუმბაძეს ჟურნალისტმა. - ნამდვილად სამწუხარო იქნებოდა, ეს რომ ტარას შევჩენკო ყოფილიყო, - უპასუხა ნოდარმა.

მახსოვს, ერთხელ ნოდარ დუმბაძის მოსანახულებლად საავადმყოფოში მივედი. აღმოჩნდა, რომ იმავე საავადმყოფოში, მეზობელ პალატაში ბორია წიფურია იწვა. წიფურია დუმბაძის პალატაში შემოვიდა და პირდაპირ თხოვნით დაიწყო: - ბატონო ჯუმბერ, დამნიშნეთ რა ცირკის დირექტორად... - რას ამბობ ბორია, მე ვინ მეკითხება ცირკის დირექტორის დანიშვნა-არდანიშვნას, სოფლის მეურნეობის დარგის მდივანი ვარ, - გავიკვირვე. - სწორედ მანდ ვარ მეც, - მეუბნება ბორია, - მეცხოველეობაც შენს დაქვემდებარებაშია და მეფრინველეობაც, არენაზე მოსაყრელ ნახერხს კი როგორმე ვიშოვი.

ევგრაფ შევარდნაძეს საკმაოდ სხარტი, გურული იუმორი ჰქონდა. მაგრამ მოკრძალეუბლი და მორიდებულიც გახლდათ. თუ ვინმეს რამეზე შეაწუხებდა ან რამეს სთხოვდა, მხოლოდ და მხოლოდ ფეხბურთის გამო. - ჯუმბერ ილიჩ, უთხარით რა ნოდარ ახალკაცს, ერთი კარგი მეკარე გამოიმეტოს ლანჩხუთის „გურიისთვის“, - მთხოვა ერთხელ. უარს როგორ ვეტყოდი. დავუკავშირდი ნოდარს და ევგრაფის თხოვნა გადავეცი. არც ახალკაცს უთქვამს უარი და ერთ-ერთი მეკარე შემოგვთავაზა. როდესაც ევგრაფს მისი ვინაობა ვუთხარი, გაეცინა და მითხრა: - გადაეცი ახალკაცს, რომ მე მეკარე კარში ბურთის დასაჭერად მჭირდება და არა კარიდან ბურთის გამოსატანად...

რასაკვირველია, ეს ჩემი ვარაუდია, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა - შევარდნაძე საქართველოში რომ ყოფილიყო, 9 აპრილის ტრაგედია არ მოხდებოდა! ვიცი, რომ ბევრს გააკვირვებს ჩემგან ამის მოსმენა... მაგრამ ფაქტია: თუკი 80-იანი წლების მიწურულს შევარდნაძე ისევ იქნებოდა საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი, მაშინ, მას აღარ დასჭირდებოდა კრემლიდან საქართველოში დასაბრუნებელი იმ სისხლიანი ტრამპლინის გავლა, რომელიც 1989 წლის 9 აპრილით დაიწყო და 1991-1992 წლებში სამოქალაქო ომით დაასრულა.

ერთხელ ბიჭვინთის აგარაკზე გვიან საღამომდე გაგვიგრძელდა საუბარი. გორბაჩოვმა მოულოდნელად ჩემთვის ყოვლად წარმოუდგენელი კითხვა დამისვა: - ხართ თუ არა საქმის კურსში, რომ საქართველოში ჩემს მაკომპრომიტირებელ მასალებს აგროვებდნენ? სახტად დავრჩი. ჯერ ერთი, მსგავსი არაფერი მსმენია, ყურმოკვრითაც კი. ამბის მიმტან-მომტანად რომ არ გამოვდგებოდი, ეს გორბაჩოვმა ისედაც იცოდა, საამისოდ ნამდვილად კარგად მიცნობდა, და, რაც მთავარია, ვერაფრით ავხსენი - რატომ მეკითხებოდა ამის შესახებ მე ლიძავაში, როცა კრემლში შევარდნაძე გვერდით ჰყავდა (?). ღამის ორი-სამი საათი იქნებოდა, ჩემს კოტეჯში რომ დავბრუნდი. საათს კი დავხედე, მაგრამ გათენებამდე მოცდა შეუძლებელი იყო. სასწრაფოდ დავრეკე თბილისში შინაგან საქმეთა მინისტრ შოთა გორგოძესთან. ბოდიში მოვუხადე და პირდაპირ, სიტყვასიტყვით ვკითხე ის, რაც გორბაჩოვმა მანამდე მე მკითხა. გორგოძე შეყოვნდა... - რაღაც ბუნდოვნად მახსოვს, რამდენიმე წლის წინ მართლაც იყვნენ საკავშირო პროკურატურიდან, - მითხრა ნამძინარევი ხმით. [...] კრემლში ვიზიტის დროს გორგოძემ დამიდასტურა კომპრომატების შეგროვების ფაქტი და კონკრეტული გვარებიც დაასახელა. გორბაჩოვი გორგოძის მონათხრობიდან რაღაცას ინიშნავდა ფურცელზე. მას ყველაზე მეტად ის აინტერესებდა, იყვნენ თუ არა გენერალური პროკურატურიდან დაინტერესებული ძმები ლობჟანიძეების საქმიანობით, რომელთაგან ერთი კისლოვოდსკში რესტორნის დირექტორი იყო, ხოლო მეორე საქართველოში, მსუბუქი მრეწველობის სისტემაში მუშაობდა. რასაკვირველია, როგორც გორბაჩოვისთვის, ჩემთვისაც ცხადი იყო, რომ მასზე მაკომპრომიტირებელი მასალების შეგროვებით კრემლში დაინტერესდნენ; თუმცა ის ფაქტი, რომ ეს პროცედურა საქართველოშიც ჩატარდა, მის ნდობას შევარდნაძის მიმართ უკვე ეჭვქვეშ აყენებდა. თხუთმეტწუთიანი საუბრის შემდეგ გორბაჩოვმა მადლობა გადაუხადა გორგოძეს და ვიდრე მის კაბინეტს დავტოვებდით გვითხრა: - სწორედ ახლა მისაღებში მელოდება უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე კრიუჩკოვი და ამ საქმის ბოლომდე გარკვევას მას დავავალებ. მალევე დაიბეჭდა ჟურნალ „ოგონიოკში“ ლობჟანიძის გამამართლებელი წერილი, სადაც საბჭოთა პრესა იუწყებოდა, რომ იგი უკანონოდ დააპატიმრეს და სწორედ გამამართლებელი დასკვნის საფუძველზე გაათავისუფლეს. როგორც ჩემთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი, გორბაჩოვი ლობჟანიძესთან წლების განმავლობაში მეგობრობდა და მისი დაპატიმრებაც პირდაპირ კავშირში იყო გორბაჩოვის საწინააღმდეგოდ კომპრომატების შეგროვებასთან. [...] ისე სხვათაშორის ვკითხე (გორბაჩოვს): - ცოტა გაუგებარია, რატომ არ აღმოჩნდა თქვენი მეგობარი და ჩემი თანამემამულე შევარდნაძე დელეგატთა სიაში მაშინ, როცა მის გარდა პოლიტბიუროს ყველა წევრია ამ სიაში შეყანილი? - არა უშავს, გადაიტანს!... - მოკლედ და ცივად მიპასუხა გორბაჩოვმა. მისმა ასეთმა ტონმა და განწყობამ კიდევ ერთხელ მაფიქრებინა, რომ გორბაჩოვსა და შევარდნაძეს შორის კეთილგანწყობილი ურთიერთობა დაძაბულობამ ჩაანაცვლა. წლების შემდეგ, როცა ტელევიზიით ვუყურე უმაღლესი საბჭოს სესიაზე შევარდნაძის გამოსვლას, სადაც მან გაცხადა: - თანამდებობიდან ვდგები, რადგან დიქტატურა მოდის! ხოლო გორბაჩოვმა ცინიკურად უპასუხა: - განცვიფრებული ვარ შევარდნაძის განცხადებით, საიდან მოიტანა, რომ დიქტატურა მოდის, მე მისი ვიცე-პრეზიდენტად დანიშვნა მინდოდაო! - საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ გორბაჩოვი შევარდნაძეს ერთ ნაბიჯზეც აღარ ენდობოდა. დიდი პოლიტიკური განსწავლულობა არ სჭირდებოდა იმის მიხვედრას, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის ვიცე-პრეზიდენტად დანიშვნა სერიოზული ჩამოქვეითება იყო, რაც ისევ და ისევ უნდობლობის გამოხატვის ერთგვარ თვალსაჩინო ფორმას წარმოადგენდა.

კარგად მახსოვს ხრუშჩოვის პერიოდში ფიდელ კასტროს სტუმრობაც საქართველოში. მე მაშინ სტუდენტი ვიყავი. ფიდელ კასტრო დიღმის საცდელი მეურნეობის დასათვალიერებლად მოვიდა და იმ ასამდე კუბელ სტუდენტსაც შეხვდა, რომლებიც ჩვენთან ეუფლებოდნენ მექანიზატორის პროფესიას. მაშინ საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი მჟავანაძე იყო და როგორც ჩანს, სტუმარს ტრადიციულად ქართული ყანწები გადასცეს საჩუქრად. ფიდელ კასტროს საქართველოში ვიზიტიდან, ალბათ, უკვე ოცი წელი იყო გასული, როცა საბჭოთა დელეგაციასთან ერთად კუბაში მომიწია ჩასვლა. შევხვდით იქაური მთავრობის წარმომადგენლებს და ხელმძღვანელ პირებს. მახსოვს, ვახშმად გოჭის ხორცი მოგვართვეს, რომელიც აჯიკაში მეგრულად შემწვარ გოჭს იმდენად ჰგავდა, ვიფიქრე, რომ ეს ყველაფერი ჩვენი, ქართული სამზარეულოს პატივსაცემად გააკეთეს. შევცდი. აღმოჩნდა, რომ კუბელები თავიანთი ტრადიციული კერძით გვიმასპინძლდებოდნენ და რაც ყველაზე უცნაურია, მასაც არც მეტი, არ ნაკლები, გოჭინო ერქვა. შეხვედრის დროს ჩემთან უცხო პირი მოვიდა, კუბის უშიშოების თანამშრომლად გამეცნო და მითხრა: - მე თქვენს ქვეყანაში ნამყოფი ვარ. ოცი წლის წინ ფიდელ კასტროს ვახლდი. თქვენი რესპუბლიკის ხელმძღვანელებმა მას ჯიხვის ყანწები აჩუქა. კასტროს ასეთი ტრადიცია ჰქონდა: ყველა საჩუქარს ერთ ოთახში აგროვებდა და მერე სკოლებს, მუზეუმებსა და გაჭირვებულ ადამიანებს ურიგებდა. ერთ დღეს სწორედ საჩუქრებს ანაწილებდა. ყანწები რომ მოხვდა ხელში, რატომღაც არ ესიამოვნა და მოისროლა. მე იმ დროს ოთახში ვიმყოფებოდი, ჯიხვის ყანწები ჰაერშივე დავიჭირე და მას შემდეგ ჩემს ოჯახში ინახება. დღემდე არ ვიცი, რა დაუწუნა ფიდელ კასტრომ ქართულ ყანწებს. ეტყობა, ეუცნაურა, ვერც მათი ფუქნცია გაიგო და ვერც მათი ფასი, მაგრამ მე თვითონაც არანაკლებ გაკვირვებული დავრჩი, როდესაც კუბელების მიერ ერთ-ერთ მიღებაზე ნაჩუქარი სუვენირი სასტუმროს ნომერში მივიტანე და ყუთი გავხსენი. ყუთშიო კუს თავი იდო. პირველი, რაც თავში მომივიდა, ყანწებივით ჰაერში არა, მაგრამ კუს თავის ნაგავში მოსროლა ნამდვილად იყო. თარჯიმანმა შემაჩერა და ამიხსნა, რომ კუბური ტრადიციის მიხედვით, ეს უნიკალური საჩუქარი იყო და კუბელები მას მხოლოდ განსაკუთრებულად პატივსაცემ სტუმრებს უძღვნიდნენ. რა გაეწყობოდა. საქართველოში კუბინდა კუს თავის დავბრუნდი, რომელიც დღესაც ჩემი სახლის კედელზე კიდია.

თეირანის კონფერენციის შემდეგ, რომელმაც კიდევ უფრო გაზარდა სტალინის მსოფლიოში აღიარებული ავტორიტეტი, საზეიმო ვახშამზე სტუმრებს საქართველოდან ჩატანილი ვაშლიც მიართვეს. ჩერჩილმა საოცარი შეფერილობისა და ფორმის ვაშლი ხელში აიღო, შეათვალიერა და თქვა: - ეს უთუოდ ფრანგული ვაშლია. - არა, იტალიურ ვაშლს ჰგავს, - შეეწინააღმდეგა რუზველტი. სტალინმა ყველაზე უკეთ იცოდა, რომ ვაშლი არც იტალიური იყო და არც ფრანგული, გორის ვაშლი იყო, საქართველოდან... - ტყუილად კამათობთ, ამხანაგებო, ეს საბჭოთა ვაშლია, - უთხრა ჩერჩილსა და რუზველტს ღიმილით და დასტურად ვაშლი ორად არა სიგრძეზე, როგორც ეს მიღებულია, არამედ სიგანეზე გაჭრა. ორივე მხარეს შუაგულში, წიბოების ნაწილში, საბჭოთა კავშირის სახელმწიფო სიმბოლო, ხუთქიმიანი ვარსკვლავი გამოისახა...

1989 წლის მარტის ბოლოსკენ პროცესები კიდევ უფრო უმართავი გახდა. თბილისიდან ჩასულ არაფორმალებსა და სეპარატისტებს შორის ბზიფში შეხვედრა დაპირისპირებითა და ფიზიკური შეხლა-შემოხლით დამთავრდა. მეტის მოთმენა შეუძლებელი იყო. პირველ აპრილს სოხუმში ჩავფრინდი. შევხვდი აფხაზ ინტელიგენციას, უხუცესებსა და სტუდენტებს. არასდროს დამავიწყდება ერთი უხუცესი აფხაზის სიტყვები, რომელსაც გონიერება და ტაქტი ეყო, საჯაროდ არ განეცხადებინა, მორიდებით გამიხმო გვერდით და მითხრა: - როდესაც ქართველები საკუთარი ქართველობის ხაზგასმას იწყებენ და ეროვნულ დროშას აფრიალებენ, იქ ბუნებრივია, აფხაზებსაც ახსენდებათ საკუთარი ეთნიკური წარმომავლობა და აფხაზური დროშა! აუხსენით თქვენს არაფორმალებს, რომ ამ სამფეროვანი დროშებით სოხუმის ქუჩებში სიარულს უთუოდ მოჰყვება აფხაზების მხრიდან სეპარატიზმის გაღვივება და გაღიზიანება. ეს კი არც ქართველ და არც აფხაზ ხალხს არ მოუტანს სიკეთეს.

მომიტინგეები მთავრობის სასახლესთან არაფორმალთა ლიდერებმა შეკრიბეს და ისინი მხოლოდ და მხოლოდ მათ ნება-სურვილს ემორჩილებოდნენ! ახლოს არ გაიკარეს და არ მოუსმინეს ჩვენ მიერ წარგზავნილ არც ერთ პარტიულ ფუნქციონერს, არც ერთ საზოგადო მოღვაწეს, არ შეისმინეს არანაირი თხოვნა, არანაირი გაფრთხილება... არ ვიცი, ვის აქვს იმის ილუზია, რომ ადამიანები, რომლებმაც უწმინდესსა და უნეტარესს, საქართველოს პატრიარქს არ დაუჯერეს, მე, საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანს დამიჯერებდნენ (?!)

მერაბ კოსტავა მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება იდეაში საბჭოთა იმპერიალიზმს მართლაც ებრზოდა, მაგრამ მას წარმოდგენაც არ ჰქონდა, რეალურად რა მექანიზმით, რა სტრუქტურით მუშაობდა კრემლი, რაზე იდგა თავად იმპერიალიზმი, ანუ ის, რასაც პატიმრობაში, გადასახლებაში და თავისუფლებაზე მყოფი წლების განმავლობაში ოცნებით „ანგრევდა“...

უშიშროების სხდომაზე გადაწყდა, რომ მომიტინგეების დაშლისა და მათგან მოედნის გათავისუფლების ოპერაციას ამიერკავკასიის ჯარების სარდალი, გენერალი როდიონოვი უხელმძღვანელებდა, ხოლო მის მოადგილედ საქართველოს რესპუბლიკის მხრიდან დაინიშნა შს მინისტრი შოთა გორგოძე. ოპერაციის სქემაში ლაპარაკი არ ყოფილა არანაირ იარაღზე, მით უფრო - მის გამოყენებაზე. უფრო მეტიც, სქემის მიხედვით, ჯარსა და მომიტინგეებს უშუალო შეხება არ უნდა ჰქონოდათ! მათ შორის უნდა ჩამდგარიყო ქართული მილიცია, რომელიც მომიტინგეებისგან მთავრობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიას გაათავისუფლებდა. შემდეგ კი ამიერკავკასიის ჯარი აღნიშნულ ტერიტორიას დაიკავებდა.

საზოგადოებამ დღემდე არ იცის 9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებული ერთი მნიშვნელოვანი ფაქტის შესახებაც, რომელიც რატომღაც ერთგვარ საიდუმლოდ დარჩა: 9 აპრილის ღამეს ჯარისკაცებიც დაზარალდნენ. მათ შორის ერთ-ერთს ლურსმნებჩარჭობილი ფიცარი მოხვდა არტერიაში და კლინიკური სიკვდილი ჰქონდა. ძლივს გადაარჩინეს, მაგრამ სწორედ მისი გადარჩენის გამო როდიონოვმა იაზოვისგან სასტიკი საყვედური მიიღო: - რატომ გადაარჩინეთ? დაე, მომკვდარიყო ის ერთი ჯარისკაცი, სამაგიეროდ, მოგვეცემოდა საბაბი, სამაგალითოდ დაგვესაჯა მომიტინგეები! - ასეთი იყო იაზოვის პოზიცია...

9 აპრილის „სისხლიანი კვირის“ კიდევ ერთი პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ თვითმხილველთა გადმოცემით, დილას თბილისის უნივერსიტეტის ეზოში სტიქიურად გამართულ მიტნგზე ზვიად გამსახურდიას სინანული გამოუთქვამს, რატომ მეტი („მხოლოდ ცხრამეტი იყო?!“) არ დაიხოცაო. იგივე უკითხავს ციხიდან გათავისუფლებულ ირაკლი წერეთელსაც („როგორ, მეტი არ დაღუპულა?“). მახსოვს მსგავსი ფაქტის მათეული, „რაციონალური“ დასაბუთებაც: თუ მსხვერპლი ორმოცს მიაღწევდა, მაშინ საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით ეს ერის გენოციდად ჩაითვლებოდა და, მაშასადამე, დაგმობილი იქნებოდა მსოფლიო საზოგადოებისა და წამყვან სახელმწიფოთა მიერ.

არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ჩემამდე ხშირად ტრაგიკომიკური გზითაც აღწევდა. მაგალითდ, დინამოს სტადიონთან ერთი ქალბატონი, რომელიც მზესუმზირას ყიდდა, არჩევნებიდან ერთი კვირის შემდეგ მზესუმზირის ჩასაყრელად სწორედ გადაყრილ ბიულეტენებს იყენებდა.

გამომცემლობა „პალიტრა L”, 2013წ.