გერონტი ქიქოძე - ვაჟა ფშაველა

ვაჟა-ფშაველა ჩამორჩენილი ადამიანი იყო. ვერც სემინარიის კურსმა, ვერც უნივერსიტეტის ლექციებმა თანამედროვე სული ვერ ჩაუდგეს. მისი მგრძნობიარობა პრიმიტიული დარცა, მისი ფანტაზია ველური, მისი მორალი საშუალო საუკუნეობრივი. მას არაფერი გაეგებოდა არც ჩვენი უტილიტარიზმისა, არც ჩვენი რაციონალიზმისა. და ელექტრონისა, ორთქლმავლისა და მანქანების ხანაში ის წარსულის აჩრდილს ჰგავდა თავისი ჩაფხუტით და თავისი რაინდობით.

მთელი მისი ბუნება უცნაურად თავისებური იყო. ის დევებსა და ალქაჯებს ჰხედავდა იქ, სადაც ჩვენ გეოლოგიურ ფორმაციებს ვხედავთ და სულიერ თვისებებს ამჩნევდა იქ, სადაც ჩვენ მხოლოდ მექანიკურ ძალთა მოძრაობა გვგონია. მისი გული სავსე იყო საიდუმლოების გრძნობით და მის თვალებს გრძნეული ლეჩაქი ჰქონდა გადაფარებული. ამიტომ გვიყვარდა ჩვენ ეს მგოსანი: ჩვენს ფხიზელ, დარაზმულ და ჭკუადამჯდარ თაობაში მას შეზარხოშებული ადამიანის მღელვარება შეჰქონდა. მისი გულწრფელობა, გულუბრყვილობა და უშუალობა გვხიბლავდა, მისი გმირული ძახილი კი წარსულ დღეების მოგონებებს გვიღვიძებდა.

დღეს, როცა ვაჟა-ფშაველა ჩვენს შორის აღარ იმყოფება, უფრო გულდასმით და მიუდგომლად შეგვიძლიან გამოვარკვიოთ, თუ რა იყო ის ჩვენთვის და ჩვენი ლიტერატურისთვის: დავინახოთ არა მარტო მისი ღირსებანი, რომელნიც უეჭველია მაღალხარისხოვანნი იყვნენ, არამედ ნაკლულევანებანიც, რომელთაც განსაკუთრებით ბოლო დროს დაჩრდილეს მისი შემოქმედება.

ჩვენ გვსურს მწერლის შინაგანი პიროვნების გაგება და არა მისი მოთავსება რომელიმე მზამზარეულ უჯრაში: ამიტომ მეორეხარისხოვნად მიგვაჩნია ის საკითხი, თუ რომელ ლიტერატურულ მიმართულებას ეკუთვნოდა ვაჟა-ფშაველა: რომანტიკოსი იყო, რეალისტი თუ სიმბოლისტი? ეჭვი არ არის, თვით მგოსანს გაუჭირდებოდა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა.

რასაკვირველია, ისიც ხმარობდა პოეტურ სიმბოლოებს, მაგრამ ეს კიდევ იმას არ ნიშნავს, რომ სიმბოლისტი ყოფილიყოს ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ამისთვის მას აზროვნების სიღრმე აკლდა; აკლდა ფილოსოფიური შემეცნება ანუ, უკეთ ვსთქვათ, მეტაფიზიკა, ურომლისოდაც შეუძლებელია სიმბოლისტური ნაწარმოების შექმნა. არ ჰფიქრობდა, რომ ეს ქვეყანა მხოლოდ მოვლინება და ნიშანია თვალშეუდგამ და მიუწვდომელ არსებობისა, არ სცდილობდა მხატვრულ სახეებს იქით ზოადი იდეები დაენახა.

მაგრამ ვაჟა-ფშაველა არც რეალისტი იყო, უეჭველია. ამისთვის ზომა, სიფხიზლე და დაკვირვების ნიჭი აკლდა. აკლდა მოთმინებაც, რაიცა რეალისტის აუცილებელ თვისებას შეადგენს. მას არ შეეძლო დაწვრილებით რაიმე მოვლენის აღწერა ან ყოველმხრივ რაიმე საგნის დახატვა: მიტომ რომ ცხოველი და თავშეუკავებელი ფანტაზია სტანჯავდა.

აქედან, რასაკვირველია, იმის დასკვნა არ შეიძლება, რომ ის გარკვეული რომანტიკოსი ყოფილიყოს, როგორც ეს ევროპაში ესმით. არ ჰგავდა არც ჰიუგოს, არც ლამარტინს, არც ნოვალისს, არც ჰეინეს. არავის ჰგავდა ამ ქვეყანაზე. არავითარ სკოლას არ ეკუთვნოდა. თვით ჩვენ მწერლებთან არაფერი აკავშირებდა გარდა მოკრძალებისა ან წინააღმდეგობისა. ლიტერატურული ტრადიციების გარეშე იდგა: გაუტკეპნელი გზით დადიოდა და უცნაურ მხატვრულ ენას ხმარობდა, როგორიც ჯერ არავის უხმარია ქართულს ლიტერატურაში.

მაგრამ თუ რომანტიზმი უფრო სულიერი განწყობილებაა, ვიდრე ფილოსოფიური ან ლიტერატურული სისტემა, თუ ის, როგორც მადამ სტალმა სთქვა, მართლაც „რაინდული ზნე-ჩვეულებების წაბაძვაში მდგომარეობს“ ან მეობის შეუდრეკელს გაშლაში, მაშინ ვაჟა-ფშაველა ნამდვილი რომანტიკოსი იყო. რომანტიკოსი იყო არა რწმენით და ტენდენციით, არამედ გრძნობით და ინტუიციით; რომანტიკოსი იყო რადგან მთელი თავისი არსებით იმ მივარდნილ და შეუპოვარ მთიულეთს ეკუთვნოდა, რომელიც კიდევ ჯვაროსნობის დროის იდეალებით სცხოვრობს კაპიტალისტურ ხანაში.

იმ მთების მწვერვალებიდან მას გადაგვარებად ეჩვენებოდა ის, რაც ჩვენ საზოგადოებრივ განვითარებად მიგვაცნია. ჩვენს დღევანდელს სინამდვილეს ოდნავაც ვერ ეგუებოდა: არა მარტო მიტომ რომ არ შეეძლო ცილინდრისა თუ ყელსახვევის ხმარება, არამედ იმიტომაც, რომ შეუსაბამოდ და სავალალოდ მიაჩნდა ჩვენი ფსიხოლოგია და სოფლმხედველობა. ის ოპოზიციაში უდგა „მოდერნობას“ მაგრამ მისი ოპოზიცია უფრო ინსტინქტიური, შეუგნებელი იყო, ვიდრე შეგნებული და ნათლად გამოაშკარავებული.

უკანასკნელი საუკუნის შინაარსს საქართველოში არსებითად სოვდაგრის რაინდობაზე გამარჯვება წარმოადგენდა. ამ გამარჯვებამ ღრმა კვალი დააჩნია ჩვენს სამოქალაქო ურთიერთობასაც და ცვენს მორალსაც. მაგრამ ცხოვრების ახალი სტილი ჯერ კიდევ მაინც ვერ შემუშავდა. ტრადიციული და მოდერნული ელემენტები უცნაურად აირია ერთმანეთში: ამით სრულიად დაირღვა პრიმიტიული და ძალოვანი პიროვნების მთლიანობა. ვაჟა-ფშაველა კი არაფერს არ აფასებდა ისე ძვირად, როგორც პიროვნების მთლიანობას და ხასიათის სიმტკიცეს. ამიტომ ვერ ისვენებდა ჩვენს ქალაქებში: აქ მისი თვალების წინ ნერვიულიდა სისხლნაკლები თაობა ფუსფუსებდა. მისი სული კი დევებს უხმობდა ან კიდევ გმირებს, რომელნიც მიწას აზანზარებდნენ დევებთან ბრძოლაში.

იშვიათია მეორე ქართველი მგოსანი, რომელსაც ასეთი ინტენსიური შინაგანი ხილვა ჰქონოდეს. თითქო ხელებით ეხებოდა იმ ზღაპრულ მოჩვენებებს, რომელთაც თავის პოემებში ჰხატავდა. საკმაოდა გავიხსენოთ ორიოდე პლასტიური სურათი „ეთერიდან“. ცხრა მთას იქით სცხოვრობს კუდიანი ბებერი, რომელმაც შერეს წამალი უნდა შეუმზადოს ეთერს მოსაჯადოებლად:

თვალები ცეცხლისა უსხდა,
კბილები ჰქონდა მინისა,
ცალიერ ძვლებზე ზედ ეკრა
ტყავად ფურცელი რკინისა;
ფეხები ჰქონდა კაცისა,
ხელად ბჯღლები ციცისა,
და, თმის მაგივრად, სულ-ძაღლსა,
მოკლე ფაფარი კვიცისა...

მერე უკან ბრუნდება. უფსკრულში დევების ლხინს ჰხედავს:

ცეცხლი დაენთოთ ძლიერი,
გარს უსხდნენ ყოტებივითა,
თავ-ცხვირი წამოეშვირათ,
სალის კლდის ლოდებივითა,
დაღრენილი აქვთ ლაშები,
სალუდეს ქობებივითა.
წითელს იქნევდნენ ენებსა,
გრძელებსა შოთებივითა...
სისხლი, ნაწური კაცების,
ჭურჭელში ედგათ ღვინოთა,
მეჯლისში სისხლით თვრებოდნენ,
სისხლს სვამდნენ მოსალხინოდა...

ფანტაზიის სიძლიერე და ნათლმხედველობა ვაჟა-ფშაველას ნიჭის დამახასიათებელს თვისებას წარმოადგენდა. მისთვის არ არსებობდა არავითარი საზღვარი ლეგენდასა და სინამდვილესა, მითსა და ისტორიასა, სიზმარსა და სიფხიზლეს შორის. ზღაპარი და სიზმარი ისევე სეურყევლად სწამდა, როგორც ჰოფმანს ან ედგარ პოეს. ამ მგოსნებივით ხშირად იწვევდა ჟრუანტელის მომგვრელ სურათებს და უზრუნველად ბუნებრივ მოვლენატა ქსელში ახვევდა.

ალუდა ქეთელაურმა ქისტი მუცალი მოჰკლა. კაცის კვლა ისეთი არაფერია, რომ ნერვები აუშლოს ფოლადის ადამიანებს, მაგრამ ალუდა სხვა ხევსურებზე უფრო მგრძნობიარე პიროვნებაა. მას სტანჯავს ის გარემოება, რომ წუთისოფელს გამოასალმა ასეთი არაჩვეულებრივი გმირი. და აი ის საშინელს სიზმარს ჰხედავს:

დავჯე, ჯამ ვინამ დამიდგა,
კაცის ხორც იყო წვნიანი,
ვსჭამდი, მზარავდა თუმცა-ღა
კაცის ხელ-ფეხი ძვლიანი.
რასა ვსჩადიო, ვსჯავრობდი,
უმსგავსი, შაჩვენებული...
მიმატეს კაცის ულვაშით
წვენ-ხორცი შანელებული...
სიზმართ დამტანჯეს, იმით ვარ
გუნება აღელვებული...

მაგრამ ვაჟა-ფშაველას გონების უნივერსალობა აკლდა, ამ ნაკლის ანაზღაურება კი არ შეიძლება ფანტაზიითა და ნათელმხილველობით. დიდი თანამედროვე პრობლემები აგრე რიგად არ აინტერესებდა, თანამედროვე ადამიანის რთული ფსიხოლოგია ეუცხოებოდა. მისი ემოციური ცხოვრება ღარიბი და ელემენტარული იყო; თავის „გველის მჭამელივით“ უფრო სადა სულიერი მოძრაობა ესმოდა: ადვილად შედიოდა გამხმარ წიფლის, შვლის ნუკრის, დაკოდილი არწივის ან ხარ-ირემის მდგომარეობაში, ადამიანებში კი მეტის სიმპატიით იმათ ეპყრობოდა, ვინც უფრო მძაფრად გრძნობდა და მარტივად აზროვნებდა.

მისი ნაწარმოები მდიდარია შეუდარებელი მხატვრული სახეებით, მაგრამ ისინი თითქმის გამოუკლებლივ ან ბრძოლას შეეხებიან, ან კიდევ რაინდულს თავგანწირვას. ასეთია გოგოთურის და აფშინას შეხვედრა და სასიკვდილო შეტაკება („გოგოთურ და აფშინა“), მუცალის მოკვლა („ალუდა ქეთელაური“), წმ. გიორგის დანახვა ფშავ-ხევსურების ლაშქრის მიერ, გველის დამეგობრება დაჭრილ გმირ ლუხუმთან („ბახტრიონი“), ზვიადაურის შეწირვა ქისტების სასაფლაოზე და მისი ჯოყოლასთან შეხვედრა სიკვდილის სემდეგ („სტუმარ-მასპინძელი“).

ყველა ეს გმირები ნამდვილი რაინდები არიან. ყველა სტოიკურად სცოცხლობენ და სტოიკურად იხოცებიან. მაგრამ სულიერადაც და ხორციელადაც ისე ჰგვანან ერთმანეთს, თითქო ერთი დედმამის შვილები ყოფილიყვნენ. და მართლაც, ერთი და იმავე დედმამის შვილები არიან: ფშავპხევსურეთის ბუნები, რომლის წიაღში ისინი იზრდებიან და ცხოვრობენ, იმავე ელემენტარული დრამატიზმითაა გამსჭვალული.

არც ერთს ქართველს მგოსანს არ შეუთანაბრებია პეიზაჟი და პერსონაჟი ისე ჰარმონიულად, როგორც ეს ვაჟა-ფშაველამ ჰქმნა. არც ერთს ქართველს მგოსანს არ უგრძნია ისე ძლიერ მთების სიდიადე, როგორც ეს ვაჟა-ფშველამ იგრძნო. არტურ ლეისტმა სთქვა, რომ ევროპულ ლიტერატურაში დღეს არ მოიპოვება ასეთი მთის მგოსანიო. ეს შეიძლება იმითაც აიხსნებოდეს, რომ არც ერთს ევროპიელ ერს არა აქვს ჩვენისთანა მთები. მაგრამ, ყოველს შემთხვევაში, უცილობელია, რომ ჩვენში ვაჟა-ფშაველამდე არ არსებობდა მთის პოეზია და ამ მგოსანმა ახალი ასპარეზი დაუპყრო ესთეტიურს შემოქმდებას.

საქართველოს ბუნებას სხვა მგოსნებიც ჰხედავდნენ, რასაკვირველია. აღწერდნენ კიდეც შეძლებისამებრ. მაგრამ ვაჟა-ფშაველას მათ წინაშე ის უპირატესობა ჰქონდა, რომ უშუალოდ განიცდიდა. ის ცოცხალ შთაბეჭდილებებს იძლეოდა, სხვები - მკრთალს მოგონებებს. ჩვენი ცა რომ ფირუზს შეადარო, ან ხმელეთი ზურმუხტს, ამისთვის არც დიდი მხატვრული ძალაა საჭირო, არც დიდი გონებამახვილობა. ამისთვის საკმაოა დაიმახსოვრო ის, რაც ათასჯერ წაგიკითხავს ან სხვებისგან გაგიგონია. ასეთი შედარება ერთნაირი გაცვეთილი კლიშეა. ისეთი სურათების შესაქმნელად კი, როგორსაც მაგ. ვაჟა-ფშაველას „დაუსრულებელი კვნესა“ იძლევა, ბევრად მეტია საჭირო, ვიდრე უბრალო მახსოვრობა. საჭიროა, რომ შენი სული ღია იყოს ბუნების მისტერიის მისაღებად; საჭიროა, რომ შენ გაკვირვებული ადამიანი იყო და ამჩნევდე რაც მოულოდნელი და უჩვეულოა შენს გარშემო. საჭიროა, რომ შენ იდუმალ სიმპატიას გრძნობდე გარეშე ბუნებისადმი და სულიერი შინაარსით ავსებდე ყოველ მის მოძრაობას. ეს თვისებები უხვად მოეპოვებოდა ვაჟა-ფშაველას. ამიტომ ბუნების გადმოცემაში ის შეუდარებლად მაღლა იდგა ყველა ქართველ მგოსნებზე, რომელნიც ჩვენ მთებსა და მდელოებს უმღეროდნენ.

არც ერთი ქართველი მგოსანი არ მდგარა ხალხის შემოქდმებასთან ასე ახლო, არც ერთი არ შეუღლებია მის სულს ასე მჭიდროდ. ამ გარემოებამ წაუშლელი დაღი დაასვა ვაჟა-ფშველას პოეზიას. ხალხურმა, პროვინციულმა ენამ სავსებით დაიმორჩილა მგოსანი. მან შეითვისა ძარღვიანი ენა, დედამიწის სუნით გამსჭვალული. მისი ლექსიკონი გამდიდრდა კონკრეტული სიტყვებით და ძალოვანი გამოთქმებით. მაგრმა სამაგიეროდ მან ნელნელა კომპოზიციის და რითმის გრძნობა დაჰკარგა. ლექსის ვირტუოზი არასოდეს არ ყოფილა: შალაშინი ყოველთვის აკლდა. არასოდეს არ ჰგვანებია ზოგიერთ თანამედროვე მგოსანს, პირწმინდათ გაპარსულს, თმადახუჭუჭებულს, პარფიუმერიით გამსჭვალულს. მაგრამ უკანასკნელ დროს უკიდურესობამდე მიიყვანა ტეხნიკური ხალვათობა.

ბოლოს ძალიან ცუდი ლექსების წერა დაიწყო. ვერ ასცდა ჩვენი მწერლების ბედს, რომელნიც შედევრებს ოცდა ხუთ წლამდე ჰქმნიან და შემდეგ ნელ-ნელა ეშვებიან უნაყოფობის და უძლურების სფეროში. მისი „ცრემლები“ ყოველმხრივ დაბლა იდგა მის პირველ კრებულზე. ნათლად ჩანდა, რომ მგოსანმა ამოსწურა შთაგონების წყარო, იდეათა ვიწრო ფარგალი კი ვეღარ გააფართოვა. პოეზია დახურდავდა და იაფფასიან პუბლიცისტიკაში გადავიდა. მაგრამ კიდევ უფრო საყურადღებო ის იყო, რომ მას დაუჩლუნგდა ფორმალურ ღირებულებათა შეგნება. მას დაავიწყდა, რომ ყოველი სიტყვა წარმოადგენს არა მარტო იდეოგრაფიულს ანუ გამომხატველს, არამედ მუსიკალურ ღირებულებებსაც.

მისი ზოგიერთი უკანასკნელი ლექსი ბევრით არაფრით განირჩეოდა მდარეხარისხოვან პროზაში. უიმედო შაბლონი და ტრივიალობა ნელნელა აბნელებდა მგოსნის სულს.

ჟ. „განთიადი“, #15, 1915წ.