Saturday, June 6, 2015

გიორგი მაისურაძე - მართლმადიდებლური ეთიკა და არათავისუფალი სული

დღესაც 9 აპრილი ასეთი მახსენდება: მხოლოდ რუსთაველის პროსპექტი იყო გადაკეტილი, მთელი დანარჩენი ქალაქი კი ერთ სპონტანურ მოძრაობად ქცეულიყო; ყველას შავი პერანგი ეცვა, შავ დროშას აფრიალებდა, თავზეც შავი ლენტი ჰქონდა წაკრული; შეშფოთებული სახეებით მანქანის ფანჯრიდან გადმოყუდებულნი ჩაიქროლებდნენ ამ მცირერიცხოვან ჯგუფებად დაიარებოდნენ ქუჩაში. თითქოს არავინ ლაპარაკობდა; მხოლოდ მანქანების თითქმის უწყვეტი სიგნალი ისმოდა. თბილისი შავ მორევს ჰგავდა, რომელშიც რაღაც უზარმაზარი ენერგია ქაოტურად, უმისამართოდ და უმიზნოდ მიმოიფრქვეოდა... ეს ყველაფერი უფრო შემზარავი იყო ვიდრე თავად დარბევა, რომელიც მეხსიერებაში მრავალჯერ ნანახ კინოკადრად ჩამებეჭდა. დღის სცენები არავის აღუბეჭდავს კინოფირზე; ის არც ვინმეს დაუგეგმავს ან დაუდგამს; მას არც დირიჟორი ჰყავდა: ყველაფერი სპონტანურად, სტიქიასავით თავისთავად იმართებოდა.

ორი ათწლეულის შემდეგ, ახლანდელი გადმოსახედიდან რომ ვუყურებ და თანაც ამ დროის განმავლობაში მომხდარ ამბებსაც ვიხსენებ, ერთადერთი დასკვნაღა გამომაქვს: 1989 წლის 9 აპრილი ხალხთა იმ ერთობის, რომელსაც თანამედროვე ქართველი ერი ეწოდება, შესაქმის აქტი იყო და ამ მოვლენის გაგება არ იმდენად პოლიტიკური თუ სამართლებრივი თეორიებით, არამედ მითოლოგიური თუ მითოპოეტური კონფიგურაციებითა და პარადიგმებითაა შესაძლებელი.

როგორც არქაულ-რელიგიური, ასევე სეკულარული და განმანათლებლობაგამოვლილი ადამიანები შესაქმის აქტს ყოველწლიურად რიტუალური ფორმით იმეორებენ. ზოგისთვის ეს აღდგომაა, ზოგისთვის ეროვნული დღესასწაული - დამოუკიდებლობის ან რევოლუციის დღე. ამ აქტის ძალა მის მარადიულ გამეორებაშია, რომლის დროსაც, გამარჯვებასა და სიხარულთან ერთად, სისხლისღვრაცა და ტკივილიც მეორდება.

პირველქმნილი ფორმები თბილისის ცენტრალურ ქუჩებში უკვე 10 აპრილს გამოჩნდა ყველაზე უცნაური და სპონტანური მოვლენის სახით, რომლის შინაარსი ჩემთვის დღემდე ბუნდოვანი და გაუგებარია: ჯერ ჭავჭავაძის გამზირზე, შემდეგ მთელ რუსთაველსა და მიმდებარე ქუჩებზე, გაჩნდა ხეებზე მიკრული ქაღალდის პატარა ნაგლეჯები, რომლებზეც ლექსები ეწერა. ლექსების უმეტესობა ანონიმური იყო და მათ ავტორებს, სავარაუდოდ, არც მანამდე და არც მის მერე ლექსი აღარ დაუწერიათ. მაგრამ იმ პერიოდში, თითქმის მთელი თვის განმავლობაში, თბილისი ქუჩის მელექსეობის გალერეად იქცა. ლექსები შინაარსით დაახლოებით ერთნაირი იყო: დაღვრილი სისხლი, ტკივილი, გლოვა, ცრემლები, უძლურება, თუმცა შურისძიებაც და საბოლოო გამარჯვების იმედიც. შეიძლება ითქვას, რომ 9 აპრილს სტიქიურად წარმოშობილმა ენერგიამ, რომელიც სიმწრისა და უძლურების შედეგად ამოიფრქვა, ლექსების სახე მიიღო. ლექსებით აღშფოთებული უძლუერება გამოითქვა, რომელიც არტიკულირებულ დაბადების ტრავმად შეიძლება გავიგოთ.

***

9 აპრილს, მთელი დღის განმავლობაში, ტელევიზია ეთერს უთმობდა გამოჩენილ ადამიანებს, რომლებსაც საქართველოს მოსახლეობა უნდა დაემშვიდებინათ. იმ დღის ყველაზე ცნობილი ფრაზა - „ჩვენ ობოლი ერი ვართ!“ - ჭაბუა ამირეჯიბმა თქვა და ეს სიტყვები ახლად დაბადებული ერის პირველ თვითგანსაზღვრებად იქცა. ობლობა აქ უფრო მეტად დაობლების შოკს გამოხატავდა, ვიდრე „ობლობის“ ფაქტს: საქართველომ ტრანსცენდენტული „მამა“, რომლის ამაყ და თავნება შვილადაც თავს მიიჩნევდა, დაკარგა. „ობოლი“ ოდესღაც მშობლის, მფარველის ყოლაზე მიუთითებს, რადგან ორი საუკუნის წინ რუსეთი მოიაზრებოდა; ამასთან, ამ სიტყვას დაჩაგრულისა და საბრალოს მნიშვნელობაც აქვს, რის გამოც ასეთ დამაკნინებელ ფორმულაზე ახალი იდენტობა ვერ გაჩერდებოდა. ამიტომაც ეს ფორმულა გაქრისტიანდა, რელიგიურ ხარისხში აყვანილი „მოწამეობით“ შეიცვალა და შესაქმის ნარაციად გადაიწერა: 9 აპრილს დაღუპულები მოწამე-გმირებად შეირაცხნენ, მათი სისხლი - მსხვერპლად, ხოლო „იმპერიულ ურჩხულთან“ უთანასწორო ბრძოლაში მყოფ საქართველოს დამხმარედ წმინდა გიორგი მოევლინა. იმავე დღეებში, აღდგომის ღამეს, კათალიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ასეთი ფორმულა წარმოთქვა: „ქრისტე აღსდგა, ქრისტე აღსდგა, საქართველო აღსდგა!“ ამ, კანონიკური თვალსაზრისით, საკმაოდ საეჭვო შინაარსის მქონე ფრაზაში საქართველო ქრისტესთან გაიგივდა, 9 აპრილი კი - ჯვარცმასთან. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ამგვარი იგივეობა თუ ჩანაცვლება XIX საუკუნის სეკულარიზმის ტიპური ნიშანია. ილია II-მ ფაქტობრივად ზენაციონალური მართლმადიდებლობის გაქართულეროვნულება და ამით სეკულარიზაცია მოახდინა, ანუ უახლესი ქართული ეროვნული ნარატივის ქვაკუთხედი შექმნა. ამგვარად, 1989 წლის აღდგომის ღამეს ახალი სარწმუნოება, „ქართული მართლმადიდებლობა“ გაჩნდა, რომელიც საკრალურისა და ხარისხში აყვანილი ნაციონალურ-სეკულარულის მუტაციის შედეგია - ფორმით მართლმადიდებლური, შინაარსით ნაციონალისტური; ამ სარწმუნოების „თეოლოგია“ კი ქრისტიანული ჟარგონით გადმოცემული ქართული, ეროვნული „კოსმოგენური“ მითოსია.

დროის უმოკლეს პერიოდში ახალი ქართული „ეროვნული ნარაცია“ ჩამოყალიბდა, რომელიც ქრისტიანული მარტიროლოგიის პრინციპებს იმეორებს: მცირერიცხოვანი საქართველო ეჭიდება იმპერიულ ურჩხულს და მას წმინდა გიორგის დახმარებით ამარცხებს. მოწამეობა და გაღებული მსხვერპლი ხსნისა და საბოლოო გამარჯვების საწინდარია. ეს მოტივი ახალი სისავსით 2008 წლის აგვისტო-სექტემბერში გაცოცხლდა (ჩემი აზრით, 2008 წლის 12 აგვისტოს მიტინგი 9 აპრილის ფარსი იყო) და პრეზიდენტ სააკაშვილის ახალი იდეოლოგიური დოქტრინის სახე მიიღო, რომელმაც კიდევ ერთხელ 2011 წლის 9 აპრილსაც გაიჟღერა: „საქართველოს ბრძოლა ჩემთვის არის წმინდა გიორგის ბრძოლა. ეს არის წმინდა გიორგის ბრძოლა. ეს არის სიკეთისა და ბოროტების ბრძოლა. ყოველი დღე, როდესაც ჩვენ მივიწევთ კორუფციასთან და უკანონობასთან წინააღმდეგ ბრძოლაში, არის განთავისუფლება საბჭოთა კავშირის რეჟიმისგან“.

საქართველო აღმოჩნდა ერთ უზარმაზარ, მიტინგებზე შეთხზულ და წარმოსახულ ფანტასტიკურ სამყაროში, რამაც ის რეალობისა და ადეკვატური, გონიერი ქმედებისადმი სრულ გაუცხოებამდე მიიყვანა.

ზვიად გამსახურდია საქართველოს უახლეს წარსულში ერთადერთი პიროვნება მგონია, რომელმაც უკვე სიცოცხლეშივე გადააბიჯა ადამიანური ყოფის ზღვარს და ზეისტორიულ არსებად იქცა; და ვინაიდან ისტორია მოკვდავ ადამიანთა ცხოვრებას მოგვითხრობს, მასში საქართველოს პირველი პრეზიდენტის ადგილი არ მოიპოვება.

გამსახურდია არა დემოკრატიის ასაშენებლად, არამედ მხსნელად მოევლინა საქართველოს, რაც მისი წარმატების გადამწყვეტი ფაქტორი იყო. ადამიანებმა მასში ის დაინახეს, რაც მათ ყველაზე მეტად აკლდათ და ენატრებოდათ: ხორცად ქცეული სურვილი „ხსნისა“, ცოცხალი „ზეადამიანი“, რომელსაც ყველა მათი პრობლემის მოგვარება შეეძლებოდა, სარწმუნოების მომტანი, რომელიც მათ არსებობას შინაარსსა და საზრისს შესძენდა. გამსახურდიამ საქართველოში გააღვიძა თაყვანისცემისა და მოტივირებულობის რელიგიური ინსტინქტები, რომლებსაც ძალადაკარგული და გაქვავებული საბჭოთა სისტემა სტალინის შემდეგ ვეღარ იძლეოდა.

„ზვიადი, ზვიადი“- ის ძახილში არავინ იყო „არც მონა და არც თავისუფალი, არც ქალი და არც კაცი“, არამედ ყველა ერთი იყო, როგორც ევქარისტიის დროს ქრისტეს მისტიკურ სხეულში.

ის, რასაც „ზვიადისტობა“ ეწოდა, დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე მყოფ საქართველოში აღმოჩნდა ერთადერთი ცოცხალი სარწმუნოება, რომლის რელიგიური მუხტიც იმდენად ძლიერი იყო, რომ ადამიანები მზად იყვნენ, მისთვის თავი გაეწირათ, რომ აღარაფერი ვთქვათ ოჯახების ნგრევასა თუ მრავალწლიანი მეგობრების ერთმანეთისადმი გადამტერებაზე.

საჯაროდ გამოხატული აგრესიით განცდილი კოლექტიური ერთობის საილუსტრაციოდ ერთი სცენა მახსენდება: 2009 წელს, როდესაც გორში სტალინის ძეგლი მოხსნეს, მიწაზე თავდაყირა დადებულ ქანდაკებას რამდენიმე მამაკაცი წიხლებს ურტყამდა და ხმამაღლა ლანძღავდა. ვერავინ დამარწმუნებს, რომ ამ მამაკაცებს სტალინის სისასტიკე და ბოროტება გააზრებული ჰქონდათ და ისინი ამას ისე აღეშფოთებინა, რომ მოზღვავებულ ემოციებს ვეღარ იოკებდნენ. ჩემი აზრით, ამგვარი ქმედების ჩამდენი მხოლოდ იმას ამბობს, რომ ის იქ დგას, სადაც ძალაუფლებაა, და სწორედ ძალაუფლების მხარეს ყოფნის დასტურად შეურაცხყოფს დამარცხებულს.

უმრავლესობის ნებაზე აპელაცია, რომ „ხალხს ასე სურს“ და რომ „დემოკრატია მხოლოდ ნებისმიერი ნიშნით უმრავლესობის დაკვეთის აღსრულებაა“, ოხლოკრატიული ლოგიკის კლასიკური ნიმუშია და დემოკრატიასთან არაფერი აქვს საერთო. ოხლოკრატიის ძალა ერთობაშია და ვინც ამ „ერთობას“ არ ეკუთვნის, ავტომატურად ხდება აგრესიისა და ძალადობის სამიზნე.

 ოხლოკრატიული სახელმწიფოს კლასიკური ნიმუში იყო ზვიად გამსახურდიას მმართველობა, როდესაც ქვეყანა, ფაქტობრივად, მიტინგებითა და მასების პერმანენტული ეგზალტაციით, მათი მტრულ, ბოროტ ძალებთან ბრძოლისაკენ მობილიზაციით იმართებოდა. იმდროინდელ საპარლამენტო ოპოზიციას, რომლის წევრთა რიცხვი ორ ათეულსაც არ შეადგენდა, პარლამენტში შესაღწევად შენობის წინ მდგარ კარვებში გამაგრებული აგრესიული მასის გარღვევა უხდებოდა. ძალაუფლებისგან შთაგონებული ადამიანთა მასები საკუთარი ინიციატივითა და შთამაგონებეთა მიბაძვით უსწორდებოდნენ „აფსუას სეპარატისტად“ თუ „ოს ექსტრემისტად“, სუკის, კრემლისა თუ „ქემალისტური თურქეთის“ აგენტებად შერაცხულ თანამოქალაქეებს. თბილისსა თუ საქართველოს სხვა ქალაქებში აფხაზური ან ოსური გვარის მქონე მოქალაქეთა შევიწროება, თურქ მესხებად წოდებულ მაჰმადიან ქართველებზე თავდასხმები, კათოლიკურ ეკლესიატა გადაცემა საპატრიარქოსთვის, მაჰმადიან და კათოლიკე ქართველებზე ზეწოლა, ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილთა წინააღმდეგ გაჩაღებული აგრესიული კამპანია, ორგანიზებული შეურაცხყოფა და განსხვავებული აზრის სრული შეუწყნარებლობა - ესაა დამოუკიდებელი საქართველოს „დემოკრატიის“ პირველი ფორმები, რაც სრულიად ლოგიკურად გადაიზარდა შეიარაღებულ დაპირისპირებასა და ორწლიან სამოქალაქო ომში.

მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა ხელისუფლებამ ანალფაბეტურობა თითქმის მთლიანად აღმოფხვრა, საბჭოთა ადამიანებს ჩამოერთვათ აზროვნების თავისუფლება. განათლებამ ამ აუცილებელი პირობის გარეშე სრული დეგრადაცია განიცადა და საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ აკრძალულმა და არგააზრებულმა სფერომ, რწმენამ, ის ადგილი დაიკავა, რომელიც ტოტალიტარულ იდეოლოგიას ეპყრა.

ღმერთის სადამსჯელო ინსტანციად წარმოდგენა, რომელიც ყველას, ვინც მართლმადიდებლურად არ ცხოვრობს, სასტიკი განაჩენით ემუქრება, თანამედროვე ქართული ეკლესიის ძირითადი იდეოლოგიური ტენდენცია,რაც ამ ტენდენციის ერთ სხვა შეფარულ პოლიტიკურ ასპექტზეც მიანიშნებს. კერძოდ, ეკლესიის წარმატების მიზეზი ისიცაა, რომ მისი იდეოლოგია ერთგვარი „საზოგადოებრივი დაკვეთაა“: სასტიკი და მრისხანე ღმერთი მორჩილი და უმწიფარი საზოგადოების სურვილს განასახირებს და ის ძლიერ და მკაცრ ხელზე ოცნების პროექციაა.

1998 წლის 9 თებერვალს პრეზიდენტ შევარდნაძეზე განხორციელებული ტერაქტი მახსენდება, როდესაც ერთ-ერთმა ქართველმა ტერორისტმა განაცხადა, ქრისტიანი პრეზიდენტის მოკვლის უფლება იქ მყოფ გამოცდილ ჩეჩენ ტერორისტებს არ მივეცითო: არ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტი არამართლმადიდებელს მოეკლა! ჩემი აზრით, აქ „მართლმადიდებლური ეთიკის“ არსია გაცხადებული: გადამწვეტი მნიშვნელობა მორწმუნე მართლმადიდებელი ტერორისტისათვის მხოლოდ იმას აქვს, რომ მართლმადიდებელი ადამიანი უცხომ, მით უმეტეს, მუსლიმმა არ მოკლას, თავად კაცისკვლას, ქრისტიანული მოძღვრებით ამ ერთ-ერთ უმძიმეს ცოდვას კი თითქმის არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია. მთავარია ადამიანის მკვლელობისას რიტუალი იქნას დაცული!

დოსტოევსკის ცნობილი ფრაზა „ძმები კარამაზოვებიდან“ - „თუ ღმერთი არ არსებობს, მაშინ ყველაფერი ნებადართულია“, - თანამედროვე ქართულ „მართლმადიდებლურ ეთიკაში“ ამგვარად ჟღერს: თუ მართლმადიდებელი ხარ, მოძღვარი გყავს, მარხვას იცავ, ეზიარები, მაშინ შენთვის ყველაფერი ნებადართულია!

სწორედ ბრიყვი ან გაბრიყვებული ადამიანები შეადგენენ მასას, რომელიც მუდამ მზადაა საკუთარი აზრის არმქონეთა ძალადობრივ სისტემად გარდაიქმნას. ხოსე ორტეგა ი გასეტისავე თქმით, ამბოხებული მასა მოძალადეა და მხოლოდ ძალადობით სურს თავისივე მსგავსი უსახურობა და ერთფეროვნება გააბატონოს: „განსხვავებულობა უკეთურებად მიიჩნევა. მასა ანადგურებს ყველაფერს, რაც სხვანაირია, გამორჩეულია, პიროვნულია, თვითნაბადი და თვალში საცემია. ვინც ისეთი არაა, როგორიც ყველა, ვინც ყველასავით არ ფიქრობს,ის გაჟლეტის საფრთხის ქვეშაა“.

„საქართველოს გაბრწინება“, ეს სრულიად მითოლოგიური წარმოდგენა, რომელიც მაგიურ ფორმულად უფრო ჰგავს, ვიდრე რაციონალური აზროვნების ნაყოფს, არის მიზანი, რომელიც ყველა საშუალებას ამართლებს, რომლისთვისაც დემოკრატია, ადამიანის უფლებები, სოციალური სამართლიანობა თუ სინდისის თავისუფლება, თავიანთი მეორეხარისხოვნების გამო, განუსაზღვრელი მომავლისათვის გადასადებია.

1991 წლის აპრილში, დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან სულ რამდენიმე დღის შემდეგ საქართველომ გადაკეტა სამტრედიის რკინიგზა და ეკონომიკური ბოლკადა გამოუცხადა რუსეთს, რომელზეც საქართველოს ეკონომიკა თითქმის 100%-ით იყო დამოკიდებული. ეს ოპერაცია იმ დროს სამტრედიის პრეფექტმა ზვიად ძიძიგურმა პირნათლად შეასრულა, რის შედეგადაც მხოლოდ ის მივიღეთ, რომ ამ „ბლოკადიდან“ სამიოდე კვირაში თბილისში პირველი პურის რიგები გაჩნდა. რამდენიმე თვის შემდეგ პურის რიგები, უშუქობა, უგაზობა, უგათბობობა და შიმშილის ზღვარზე ყოფნა - სულ ცოტა, ლარის შემოღებამდე, ანუ 1995 წლამდე - საქართველოს ყოველდღიურ რეალობას ასახავდა.

ძარცვით გამდიდრებულთა ერთი ნაწილი (შეიძლება სინდისის ქენჯნის სიმპტომებმა შეაწუხა) 1990-იანი წლების შუაში საკუთარი სულების გათეთრებასაც შეუდგა - ეკლესიების მშენებლობას მიჰყო ხელი და ამ ახალ ფენომენს „ქველმოქმედება“ ეწოდა. „ქველმოქმედების“ ლოგიკით, ხალხისათვის წართმეულ-მოპარული „ღმერთს“ მიერთმევა, რაც სასუფეველში ადგილის შეძენის გარანტიაცაა. ამით „ქველმოქმედი“ სინდისსაც ისუფთავებს და საკუთარ თავსაც უდგამს ძეგლს. ეკლესიისათვის შენაწირი თითქოს ქველმოქმედების არაოფიციალურ ბეგარადაც იქცა და პარადოქსული სახეც მიიღო, როდესაც საქველმოქმედო ფონდმა, როგორიცაა პაატა ბურჭულაძის მიერ დაარსებული „იავნანა“, რომლის ფუნქციაც უსახლკარო ბავშვთა დახმარებაა, ფული მახათას მთაზე ეკლესიის ასაშენებლად შეაგროვა და ესეც გულისამაჩუყებელ საქველმოქმედო აქციად შერაცხა.

2012 წლის მაისში პატრიარქის გამგზავრებას პარიზში 200-ზე მეტ თანხმლებ პირთან ერთად, მათ ცხოვრებას მსოფლიოს ერთ-ერთი უძვირესი ქალაქის ხუთვარსკვლავიან სასტუმროში, მათ ბანკეტებს ძვირადღირებულსა და ფეშენებელურ რესტორნებში საქველმოქმედო აქციის სტატუსიც კი მიენიჭა, რცა თავისი არსით ისეთივე ცინიზმია, როგორიც თავის დროზე საფრანგეთის დედოფლის - მარია-ანტუანეტასადმი მიკუთვნებულ სიტყვები, რომ თუ ხალხს პური არა აქვს, მაშინ თავი ნამცხვრებით უნდა გამოიკვებოს.

მარქსი წერდა: „რელიგიის, როგორც ხალხის მოჩვენებითი ბედნიერების, მოცილება ნიშნავს მისთვის ნამდვილი ბედნიერების მოთხოვნას. მოთხოვნა, რომ ხალხმა უარი თქვას საკუთარი მდგომარეობის შესახებ ილუზიებზე, არის თავად ისეთ მდგომარეობაზე უარის თქმის მოთხოვნა, რომელიც საკუთარი თავის მოტყუების საჭიროებას გვიქმნის. ამდენად, რელიგიის კრიტიკა თავის ჩანასახშივე არის კრიტიკა იმ უდაბურებისა, რომლის სიწმინდის შარავანდედიც რელიგიაა“.

რევოლუციის შემდეგ ინტელიგენციის ერთი ნაწილი ბოლშევიკების აქტიური მხარდამჭერი გახდა, ნაწილმა კი ან ემიგრაციით უშველა თავს, ან ახალი წყობილების კრიტიკა სცადა, რის გამოც ლენინის ცნობილი სიტყვები - „Интелигенция не мозг народа, а говно народа” - დაიმსახურა.

„წითელი ინტელიგენციის“ მითი ყველაზე მეტად მაინც ედუარდ შევარდნაძემ გააფორმა, როდესაც 1992 წლის 7 მარტს მოსკოვიდან დაბრუნებულმა თბილისის აეროპორტში მადლობა გადაუხადა ინტელიგენციას, რომელიც „იარაღით ხელში“ აუჯანყდა გამსახურდიას. ამით მან, ერთი მხრივ, შეიარაღებული გადატრიალება აჯანყებად გადააფორმა, თანაც ამ ქათინაურით საკუთარი იდეოლოგიური საყრდენი შექმნა და ინტელიგენციისა და ხელისუფლების ალიანსიც ახალი „ხელშეკრულებით“ განამტკიცა.

სააკაშვილის ესთეტიკა, მიუხედავად ავტორიტარულობისკენ მისი აშკარად გამოხატული ლტოლვის ნიშნებისა, არც ტოტალიტარულია და არც ტირანული აბსოლუტიზმის ნიმუში. ესაა ძალაუფლების აღვირახსნილობის სიმბოლური ენა, რომელიც იმის გამო, რომ მას არანაირი წინააღმდეგობა არ ხვდება სხვა ესთეტიკების მხრიდან, ბოლოს თვითპაროდიულ სახეს იღებს.

მახსენდება ერთი ანეკდოტი: 1965 წლამდე საბჭოთა კავშირში ფრანც კაფკა აკრძალული ავტორი იყო და მიიჩნეოდა, რომ კაფკას არაჰეროიკულ და პესიმისტურ სამყაროს უარყოფითი ზეგავლენა შეეძლო მოეხდინა იმედიან, ნათელი მომავლის მშენებელი საბჭოთა ხალხზე. ამიტომაც ის არ ითარგმნებოდა და არც ისწავლებოდა. ერთადერთი გამონაკლისი საქართველო იყო, სადაც კაფკას პირველი ქართული თარგმანები ჯერ კიდევ 1950-იან წლებში გამოჩნდა. ასეთი გამონაკლისი საბჭოთა ცენზურის პასუხისმგებელ პირს იმით დაუსაბუთებია, ქართველები კაფკას რომ წაიკითხავენ, წიგნს დახურავენ, მის სადღეგრძელოს დალევენ და ყველაფერიც ამით დამთავრდებაო.

თუ საბჭოთა სისტემა ზემოდან იძულებით ათავსებდა კულტურას იდეოლოგიურ ჩარჩოებში, პოსტსაბჭოთა საქართველო ქვემოდან, საკუთარი ნებით იკეტავს თავს „ჩვენი დონისათვის“ თვითგანსაზღვრულ ნაჭუჭში, რომელშიც ყოველივე ახლის მკვდრადდაბადება გარანტირებულია.

თანამედროვე საქართველოს კულტურა არათუ მუზეუმი, არამედ მავზოლეუმია, რომლის ერთადერთი ფუნქციაც დაბალზამებული მკვდრების თაყვანისცემაა მათ წაუკითხავად და გაუაზრებლად.

კულტურა მაშინ კვდება და იწყებს ხრწნას, როდესაც ის მავზოლეუმებში დასვენდება ან პანთეონებში მოხვედრაზე იქნება ორიენტირებული, როდესაც სადღეგრძელოებში მოსახსენიებელი ხდება და „ჩვენი დონისათვის“ საყოველთაოდ ხელმისაწვდომ და სამომხმარებლო პროდუქტად იქცევა.

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2013, 2014წ.