Wednesday, June 10, 2015

აკაკი ვასაძე - სტალინი

ჩემთვის სტალინთან მიპატიჟება სრულიად მოულოდნელი იყო, - მით უმეტეს მას შემდეგ, რაც ცენტრალური კომიტეტის 14 და 26 აგვისტოს დადგენილებაში თეატრის მოღვაწეთ მკაცრად მიგვითითეს ჩვენს მუშაობაში აღმოჩენილ ნაკლოვანებებზე და დაგვისახეს საბჭოთა სათეატრო ხელოვნების განვითარების მართებული გეზი, მისი პერსპექტივა. ვერას გზით ვერ წარმოვიდგენდი, სტალინი თავისთან მიპატიჟების ღირსად თუ ჩაგვთვლიდა.

...ჯერ მოლოდინი რა ძნელია და მერე, სტალინთან შეხვედრის მოლოდინი. საათებივით იწელებოდა წუთები ჩვენთვის, სადგურში მყოფთათვის. სულ მასზე ვლაპარაკობდით, ყოველი ჩვენგანი იხსენებდა მასთან წარსულ შეხვედრებს, ამა თუ იმ ღირსსახსოვარ ამბავს.

***

- როგორაა ქვეყნის საქმე, ვასო? - უცებ მიმართა სტალინმა ვასო ეგნატაშვილს, როდესაც ამ მესამე ოთახს მიკრულ ვერანდაზე გაგვიყვანა, - ომი იქნება?

- ომი არ იქნება, - მოკლედ უპასუხა ვასო ეგნატაშვილმა.

- რატომაო?

- იმიტომ რომ, თქვენ რამდენჯერმე ასე ბრძანეთ გამოსვლებში.

- ეს რა გამოვიდა?! ომიტ იმიტომ კი არ იქნება, რომ მე ვთქვი, არამედ იმიტომ, რომ ძალიანაც რომ უნდოდეთ, მათი ჯარისკაცი ომში არ წავა. აი, რატომ არ იქნება ომი და არა იმიტომ, რომ მე ვთქვი.

***

- აბა, ახლა პური ვჭამოთ! მობრძანდით! - და მიგვიპატიჟა ოთახში. მან თავისი ხელიტ დაასხა ღვინოები, რომლებიც, როგორც შემდეგ მივხვდი, საგანგებოდ შეერჩია იმისდა მიხედვით, თუ რა კუთხიდან ვიყავით წარმოშობით. მეგრელებს უთხრა, ოჯალეშიო; პეტრე კაპანაძეს უთხრა, შენ ხიდისთაური და ატენურიო: მე მითხრა - შენა ჩხავერიო, გურულო; და ასე, სად რომელი ღვინო იდგა, იმისდა მიხედვით გაგვანაწილა.

- აი, აგაშენოთ! დღეს, როგორც ვატყობ, პურის ჭამა გამოგვივა! სიმღერა ქარტული სუფრის მადლი და ეშხია, უსიმღეროდ ქართული სუფრა ხომ სუფრა აღარ არის, - თქვა სტალინმა და ყველანი გაგვათბო მისი თვალების გამოხედვამ.

თამადამ საქართველოს სადღეგრძელოდ ასწია სასმისი, დალოცა ჩვენი მამულის მადლი და ბარაქა, და მისი განსაკუთრებულად დღეგრძელობის უფლებამოსილება იმით დაადასტურა, რომ საქართველომ კაცობრიობას სტალინი მისცა. - მოიცა, მოიცა! - ბოლო სიტყვაზე შეაჩერა სტალინმა, - მაშ, ის ქვეყნები, რომელთაც კაცობრიობისთვის სტალინი არ მიუციათ, დღეგრძელობის ღირსი აღარაა? მერედა, მარტო მე რომ განსაკუთრებულად მახსენებ საქართველოს შვილად, დავით აღმაშენებელს რაღას ეუბნები, ან სხვები რად დაივიწყე? გაუმარჯოს საქართველოს ხალხს და მის ბუნებას, მის წარსულსა და მის მომავალს, მის ბარაქას და სილამაზეს, მართლაც, ამ ძალზე უცნაურ მხარეს დედამიწის ზურგზე, განა აუციელბლად სხვებზე უკეთესს ან უფრო ლამაზს? არა, თავისთავად კარგსა და თავისებურად განუმეორებელს, - თქვა და ვერცხლის სირჩა გამოსცალა.

- თეირანში ყოფნის დროს, "გიორგი სააკაძის" ორივე სერია პრეზიდენტ რუზველტს, ჩერჩილსა და ირანის თავკაცებს ჩვენს საელჩოში ვუჩვენე, დიდად მოეწონათ სურათი საერტოდ, სააკაძეც, ლუარსაბიც, შაჰ-აბასიც... მაგრამ ირანელები განსაკუთრებით შაჰ-აბასით იყვნენ მოხიბლულნი. აი, შაჰიც ეგეთი უნდაო, მოგვცა ეგ შაჰი ჩვენაო! გურულო, რამე რომ იყოს, არ წახვიდოდი შაჰად ირანში? - გამეხუმრა სტალინი. - არა, ამხანაგო სტალინ! რა მინდა ირანში როცა საკუთარ სახლში შაჰიცა ვარ და შაჰინშაჰიც! - მეც ეგრე ვუთხარი. ვასაძე თქვენს შაჰობას არ დათანხმდება მეთქი, - თვალი ჩამიკრა და გულიანად გაიცინა.

***

- არაფერი მოგწიოს მაგ ჩერჩილმა, საშიში კაცია, სოსო, - გულუბრყვილოდ გააფრთხილა მიხეილ ტიტვინიძემ.

- რა უნდა მომწიოს. ახლა რაღა შეუძლია?! წავიდა მაგის შიშის დრო. ისე კი, თუ რამე გიპოვა რბილ იადგილი, არ დაგინდობს... ჩერჩილის ტაროსი მორჩა, აღარ არის. ორი წლის წინათ მოსკოვში, უკვე მარტო აღარ ჩამოვიდა, უკვე იდენი ახლდა, საგარეო საქმეთა მინისტრი. დაიბნა, დაიბნა, თავგზა აერია ბებერ ლომს, უკვე მოკავშირე სახელმწიფოების კარდაკარ დაეხეტება, ეგებ რამე ვიყნოსოო.

- ეჰე, რა არის ცხოვრება?! ამ ხუთი წლის წინათ არ იკადრებდა ჩერჩილი ჩვენთან ვიზიტით მობრძანებას, - ჩაიროხროხა სოსო ცერაძემ.

- ასეა ჩემო ძმაო, ამ ომში ბევრს დავანახეთ საქმე და ვითარება. ბევრი მიხვდა, უკვე ომის დროსაც, რომ საბჭოთა კავშირთან დიპლომატიური ხრიკებით ვერას გახდებიან და უჩვენოდ, ახლა არც ერთ ძველ თუ ახალ მოკავშირეს საერთაშორისო საკითხების გადაჭრა აღარ შეუძლია. აქეთ უნდა შეგვეკითხონ და კიდევ გვეახლონ. არა, ჩემმა მზემ, დიდხანს მოუწევთ ლოდინი, სანამ იქით არ ვეახლო. კაცი კარდაკარ ხეტიალს რომ მოჰყვება, იმის საქმე რიგზე ვერაა. ჩვენი საქმე კი რიგზეა. ჯერ თუ სულ მთლად ვერ არის რიგზე, მალე უკეთ იქნება. ომმა შეგვიშალა ხელი და, მალე გამოვასწორებთ ყველაფერს. საბჭოთა ქვეყანა არა მარტო მკავით ღონიერი, არამედ სულითაც ღონიერი ქვეყანაა; იდეოლოგიურად ყველაზე მართალი ქვეყანა და, მის მეტაურს ყველაზე მეტი სიდინჯე, თავდაჭერა და სიამაყეც მართებს.

***

მის აგარაკზე რომ დავბრუნდით, - თითქოს წინასწარ ჰქონდაო მოფიქრებული, - მრგვალი მაგიდისკენ წაგვიძღვა, საიდანაც ამიერკავკასიის რუკა გამოიტანა და მაგიდაზე გაშალა:

- აბა კანდიდ, აგერ ფანქარი და, მოხაზე ახლადნელი საქართველოს საზღვრები.

კანდიდ ჩარკვიანმა აიღო ფანქარი და, რუკაზე აღნიშნულ ჩრდილოეთის საზღვრებს იქით ზოლის გადატარება დააპირა, მაგრამ, შეყოვნდა და ფანქარი მხოლოდ ჰაერში გაავლო.

- ნუ გეშინია, მოხაზე, მოხაზე ფანქრით, რუკას როგორმე კიდევ ვიშოვი!

და კანდიდმა, ახლა ფანქრით ზუსტად და მკაფიოდ შემოხაზა ომის შემდეგ საქართველოსთან შემომატებული ჩრდილოეთის ტერიტორია.

- აი, ეს მესმის. ქლუხორის მხარეც საქართველოს საზღვრებში მოექცა. ესეც პასუხად იმათ, ჩვენშიც და საზღვარგარეთაც, ვინც გვისაყვედურებდა, საბჭოთა ხელისუფლებამ საქართველოს ტერიტორია შეამცირაო... რამდენი უნდა ებრძოლა ერეკლე მეფეს, ამოდენა ტერიტორია რომ შემოეერთებინა საქართველოსთვის?!

- უზარმაზარი მხარეა, მაგრამ ქართველები ფეხს ითრევენ იქ დასახლებაზე. ძვირფასი ტყეები, საძოვრები, მშვენიერი ჰავა და წყლებია საკურორტო ადგილების გასაშენებლად; სახნავ-სათესი მიწებიც არის, მაგრამ ქართველი კაცის ხასიათი ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ, ამხანაგო სტალინ, - სხვის მიწებზე თვალი არასდროს ჭერია. ცენტრალურ კომიტეტში თითქმის ყოველდღე მოდის ქლუხორში ახალ დასახლებულთა წერილები, უკან დაბრუნებას თხოულობენ, სამშობლოში გვირჩევნიაო. ასე ქისტებისა და ჩეჩნების მიწებიც ცარიელია, მთიულეთიდან, თუშეთიდან, ხევსურეთიდან ერთ კაცსაც არ გამოუთქვამს სურვილი იქ დასახლებაზე. მხოლოდ რარაც უმნიშვნელო პროცენტი ოსებისა დასახლდა, ისიც, თერგის ნაპირთან ახლოს, - მოკლედ აცნობა კანდიდ ჩარკვიანმა.

- სხვისი მიწა რად არის, საბჭოთა კავშირში შემავალი ტერიტორიაა. იმათ კივერ შეიმშვენეს საბჭოთა კავშირის მოქალაქეობა, ომის დროს დაგვაღალატეს, გამცემლურად მოიქცნენ. მაგრამ ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში... ჰმ, ფაშისტები ამჯობინეს ჩვენს თავს... გასაგებია, ქისტებისა და ჩეჩნების მიწები ძალზე მწირია, მაგრამ ქლუხორი ხომ განთქმულია თავისი ბუნებით, ტყით, წყლებით, მინდვრებით, - არ ცხრებოდა სტალინი, - ქართველი ხალხი მაინც მთის ხალხია და, იმან თუ არ აითვისა ეს ადგილები, აბა, რუსს იქ რა აიყვანს, ან უკრაინელს...

***

საბაბს არ გვაძლევს მიმტაცებელი (თურქეთი), ჩვენი მიწები რომ დავიბრუნოთ და მარტო საქართველოს კი არა, საბჭოთა კავშირს კანონიერად შემოუვერთოთ, თორემ, საბაბი რომ იყოს, ყარსსა და არდაგანს, ტრაპიზონამდე მთელ მიწებს უკან ჩავიბარებდით... აი, რა ამბავს მოგიყვებით:

ბრესტ-ლიტოვსკის საზავო ხელშეკრულების დადების პერიოდში, კავკასიის ფრონტის ჯარებს ერზრუმი არ ჰქონდათ დატოვებული; საბჭოთა რუსეთის საზავო კომისიის თავმჯდომარედ ტროცკი იყო დანიშნული, ხოლო ამ კომისიის კონსულტანტად ლენინმა მე მიმავლინა, როგორც ეროვნულ საქმეთა კომისარი. ამიერკავკასიის მთავრობებმა ჩვენს მიმართვაზე, თავისი წარმომადგენლები გამოეგზავნათ და მონაწილეობა მიეღოთ საზავო მოლაპარაკებებში, დუმილით გვიპასუხეს. კაცი არ გამოჩნდა, ამიერკავკასიის რესპუბლიკების სასაზღვრო ინტერესები რომ დაეცვა. იმავ დროს, ბრესტის ხელშეკრულება ვერ შედგებოდა, თუ საომარი ურთიერთმდგომარეობა არ გამოიხატებოდა საზღვრების საკითხის შეთანხმებული და სამართლიანი გადაწყვეტით. ამ იურიდიული კაზუსით ჩემს თავზე მივიღე ამიერკავკასიის ქვეყნების ინტერესების დაცვა. ამიერკავკასიის ქვეყნების საზღვართა მცოდნემ, თუ არ ვცდები, ქიაზიმ ბეიმ ყოველგვარ საფუძველს მოკლებული, ისეთი პრეტენზიები წამოაყენა, რომ მათი უარყოფა და დარღვევა არ გამჭირვებია, ყარსი და არდაგანი რა საკითხავია, ბათუმიც თავის საზღვრებში მოიყოლიეს. მათი პროექტით, ახალქალათან კარძახზე უნდა გასულიყო საზღვარი და ასე შემდეგ. ქიაზიმ ბეიმ გადასინჯვაზეც კი არ ისურვა მოლაპარაკება და დიპლომატიური მსჯელობების შეწყვეტითაც დამემუქრა. მაშინ მე, ფრიად მრავალმნიშვნელოვნად განვუცხადე, როგორც გენებოთ, მაგრამ საზღვრებზე საუბრის გაგრძელება იქნებ ერზრუმში მოგვიხდეს-მეთქი და წამოვდექი. ახლა კი იკადრა უკან დახევა; მოითმინეთ, მე სულაც არ მინდა თქვენი მომდურება, რუსეთთან მხოლოდ კარგი დამოკიდებულებით ვარ დაინტერესებულიო და, კარგა ხანს ოსმალური ლათაიებით შემიქცია. მე მოკლედ ვუთხარი: დამარცხებული ქვეყნისთვის სასირცხვილო როდია, თუ თავისი ძველი საზღვრების შენარჩუნებას მოინდომებს-მეთქი. თანახმა ვარო, დამყვა ქიაზიმ ბეი და მეც დასრულებულად მივიჩნიე ჩემი მისია, მოსკოვში მოვემზადე წასასვლელად. გზაში უეცრად ტიფი შემეყარა. მხოლოდ ორი-სამი კვირის შემდეგ მოვახერხე წამოდგომა. კომისარიატში ძლივს მივლასლასდი, რადგან ლენინი ჩემთან ტელეფონით დალაპარაკებას მოითხოვდა. ლენინმა თავისთან გამომიძახა ახალი საზღვრების ხელშეკრულებათა გასაცნობად. მივედი და, რას ვხედავ; ქიაზიმ ბეის კომისიის თავმჯდომარისათვის საზღვრების დანაწილების პირველი ვარიანტისათვის მოუწერინებია ხელი... როგორც შემდეგ გამოირკვა, ქიაზიმ ბეის ჩემი იქ არყოფნით უსარგებლია და იმ ოსმალო გაქნილ დიპლომატს კარგა ლაზათიანად გაუცურებია ჩვენი თავმჯდომარე ტროცკი. რაღას ვიღონებდი, ლენინსაც უკვე ხელი ჰქონდა მოწერილი ხელშეკრულებაზე, როგორც სომხეთისთვის, ასევე საქართველოსთვის. ერის ტერიტორიის დათმობისა და გაჩუქების უფლება არავის აქვს. ერის ისტორია ხელშეუხებელია. ომის შემდეგ გადავკარი ერთი-ორი სიტყვა და ზუსტად მივანიშნე ოსმალოებს, საზღვრის ამბავი არ დამვიწყებია-მეთქი. საპასუხო ხმას არ იღებენ, მაგრამ ისიც ცხადია, ჩვენი ევროპელი და ოკეანის გადაღმელი „ძმები“ მხარს იმათ უჭერენ, თუმცა, აშკარად არაფერს ამბობენ ამაზე. საქართველოს და სომხეთის მიწების დაბრუნება, საბჭოთა კავშირის ინტერესებშიც შედის და ჯერჯერობით არ ვაპირებ არც პიზიციების დათმობას და არც დადუმებას. ვნახოთ, ვნახოთ, მომავალი გვიჩვენებს გზასაც და გამოსავალსაც. ერთი კი ცხადია, მეცხრამეტე საუკუნიდან მოყოლებული დღემდე, რუსეთთან შეკავშირების წყალობით, საზღვრების განმტკიცების და თვით შიდა პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარების მხრივაც საქართველომ მხოლოდ თუ მოიგო ბევრი რამ, ქართლი, კახეთი, იმერეთი - ცალკე სამეფოები; გურია, სამეგრელო, მესხეთი, აფხაზეთი, სვანეთი - სამთავროები; კახეთის მეფეებს ემორჩილებოდნენ, მაგრამ მაინც თავ-თავიანთი სათემო წყობილება ჰქონდათ; თვით პატარა სვანეთიც კი სამად იყო დაყოფილი. სადადეშქელიანო, თავისუფალი სვანეთი და ქვემო, საგარდუფხანო სვანეთი; სამხრეთ საქართველო და შავიზღვისპირეთი ბათუმიან-ქობულეთიანად ხომ ოსმალებს ჰქონდათ მიტაცებული. ახლა, ყველა ეს კუთხე და მხარე შეკავშირდა და ერთიან რესპუბლიკად იქცა, საბჭოთა კავშირში შემავალ რესპუბლიკებად და სწორედ ახლა არის დიდი გონება, ღონე და მონდომება საჭირო, რომ რიგიანად განვითარდეს ქვეყნის ცხოვრება და, ამით საბჭოთა კავშირის ძმურ ოჯახში რიგიანი წვლილიც შეიტანოს, როგორც ეკონომიკის, ასევე მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში.

***

საუბრის დროს მომიახლოვდა, მე პაპიროსის კოლოფი ამოვიღე, რომ მომეწია. ამოვიღე კიდეც ერთი ღერი და კოლოფის უკანა ჯიბეში ჩადებას ვაპირებდი, რომ შემაჩერა და მითხრა:

- „საქართველოს“ ეწევი ხომ? ეს პაპიროსი „საქართველოს“ ყუთია?!

- დიახ, ამხანაგო სტალინ. ხომ არ ინებებთ?

- არა, მაგიტომ არ მიკითხავს, უბრალოდ დავინახე და გამახსენდა. განა პირველად ვხედავ, - შეჩერდა და წამით ჩაფიქრდა, - ჯერ ეს სახელწოდება პაპიროსზე გაგიგია? მერე კიდევ, ასეთი სახელწოდებით უშვებ პაპიროსს და ყუთზე კი ფეხებგაჩაჩხული, გულმოღლეტილი ქალი მიუკრავთ. ვის წარმოადგენს ეს ქალი: ძველს, ახალს თუ მომავალ საქართველოს? ამის დამხატავს არც ცოლი ჰყავს, არც დედა, არც ქალიშვილი; ან სინდისი მაინც არ გააჩნია, ქართველი ქალი ფეხებგაჩაჩხული, გულმოღლეტილი მეძავის სახით რომ გამოუყვანია ასე საქვეყნოდ?

„ვაი შენ ჩემო თავო და ჩემო ლადო!“ - დამკრა თავში და ცივმა ოფლმა დამასხა. რა ვქნა ახლა, რა ვუპასუხო. ისე აღიქვა და, რაც მთავარია, იმგვარი კუთხით შეაფასა ეს მართლაც განზე ფეხებგადგმული, მკერდავსე ქალი, რომ ძნელად თუ შეედავები. საეჭვოდაც რომ მიიჩნიო მისი ნათქვამი, მიდი და შეეპასუხე, როცა ასე გაცეცხლებით, ასეთი აგზნებიტ მოამრგვალა სათქმელი. ჯიბეში ჩადებული ყუთი სიმწრისაგან ხელისგულში მოვჭმუჭნე, პირისკენაც ინსტიქტურად წავიღე ხელი, რომ ჯერ აუნთებელი პაპიროსიც, სტალინის მიერ ასე გალანძღული, მომეშორებინა და სწორედ ამ დროს, ამ მოძრაობაში ვიპოვე სიტუაციის განმმუხტველი სიტყვაცა და საქციელიც, - ისევ ჩემმა არტისტობამ მიშველა: პაპიროსი ისეთი სახით მოვიცილე ამ მოძრაობით გამომეხატა, „ამის მოწევა აწი იქნება - მეთქი?“ და ვთქვი:

- აქამდე გემო მაინც ჰქონდა ამ საწამლავს და ახლა...

სტალინს და გარშემო მყოფთაც გაეცინათ:

- არა, ბიჭო თუთუნს რას ვერჩით, თუთუნი კი ვარგა. მე კოლოფზე და ზედ დახატულზე გითხარი, - ამით ისევ მომთხოვა პასუხი, მაგრამ, მე უკვე გონს ვიყავ მოსული და ისიც მოვიფიქრე უკვე, ჩემი საყვარელი ლადოს „დანაშაული“ როგორ შემემსუბუქებინა:

- რაც დაუკვეთეს, მხატვრიდანაც ის მიიღეს, ამხანაგო სტალინ, - და მაშინვე თვით ლადოს მხატვრობაზე გადავიტანე საუბარი ისე, რომ საშუალება არ მისცემოდა არავის, რაიმე სიტყვა ჩაერთო, - მაგ მხატვრის ნამუშევრები რომ გენახათ, თუნდაც მეჩაიე ქალებზე, ციტრუსებისა და ჩაის პლანტაციის ფონზე, ანგელოსების კრებულივით რომ შემოსევიან მწვანე ბუჩქებს, ალბათ, პირადად მისდამი ასეთ სიმკაცრეს აღარ გამოიჩენდით. ერთ-ერთი მისი სურათი დაჟინებით რომ მოეთხოვათ ამ კოლოფისათვის, ვთქვათ, „ფრესკის ღიმილი“ - ეს უკვე მარტო პაპიროსის რეკლამა კი არ იქნებოდა, არამედ ჩვენი, ქართული კულტურის პროპაგანდაც. მაგრამ პაპიროსის კოლოფზე გამოსაკრავად ასეთი ნახატის გამეტებაც ცოდო იქნებოდა და, ვერც მხატვარი წავიდოდა ამაზე. ეს კი, პატივცემულო ამხანაგო სტალინ, უბრალოდ რომ ვთქვათ, მხატვრის „ხალტურაა“, თვითონაც გესმით, ხანდახან კუჭისათვის ცოდვილობს მხატვარი და, თქვენი თქმისა არ იყოს, მართლაც ამ კოლოფზე აღბეჭდილ ნახატს არავითარი შინაარსი არ გააჩნია, - წინასწარ განზრახვით უშინაარსო შევარქვი ჩემი ლადოს „საქართველოს“ ყუთის გაფორმებას; მაშინ, ასე, სრულიად წინასწარი განზრახვით ვთქვი, მაგრამ დღემდე სტალინის იმ დახასიათების შემდეგ, ეს ერთადერთი ნამუშევარია ლადო გუდიაშვილისა, რომელიც არ მომწონს (თუმცა მანამდე არ დავკვირვებულვარ ასე მის ნახატს).

***

ჩემი ჯერი რომ დადგა, მშობლების, და, კერძოდ სტალინის დედის მოსაგონარის თქმისა, შემთხვევით ვისარგებლე და, ნება ვთხოვე „ვეფხისა და მოყმის სიმღერას“ წაგიკითხავთ მეთქი. იმ წუთებში ჩემი გრძნობების გამოსახატავად ამ ლექსმა მომთხოვა წაკითხვა, მომთხოვა კი არა, ენის წვერზე ამითამაშდა ამ ლექსის სტრიქონები, გზნებით, შეპარვით დავიწყე კითხვა, თანდათან ვუმატე გზნებას, საჭირო ადგილებში შევცვალე მაჟორული და მინორული კილო და არტისტის იმ „ფხიზელის გრძნობით“ მივხვდი, რომ თანამესუფრენი ხელში მყავდა უკვე აყვანილი. აი, დავასრულე ლექსი და ყველამ ერთდროულად ტაში შემოჰკრა. სტალინმა კი თქვა:

- მარგალიტია!

როდესაც მადლობის გადასახდელად მივუახლოვდი, მითხრა, „შენც მარგალიტი ხარ“ და მხარზე ხელი დამკრა.

აი ვაჟა ფშაველას ძირები სად არის! აი, საიდან წამოვიდა ვაჟა! - თქვა სტალინმა.

***

მისი ქებით გათამამებულმა, სტალინის სადღეგრძელო რომ დაილია, ახლა გიორგი ლეონიძის ლექსი მოვისველიე „მერვე საგანგებო ყრილობის დელეგატის მოგონება“. ლექსი რომ დავასრულე, იქ დამსწრეთ ტაში დამიკრეს; მხოლოდ მან თქვა, - ახირებული კაცი ყოფილა ეს ლეონიძეო, - და თავისი მომხიბვლელი, ოდნავი ღიმილით გაიღიმა. მერმე იკითხა: - ეგ რომელი ლეონიძეა?

- ლეონიძე ერთი გვყავს, შესანიშნავი პოეტი და საოცარი კაცი, - მაშინვე მოკლედ დავუხასიათე ჩემი გოგლა, ჩემი საყვარელი მეგობარი და, გულში მიხაროდა, მისი ლექსისა და სახელის წარმოჩენა რომ მოვახერხე სტალინის წინაშე, - სხვა მრავალ ნაწარმოებთან ერთად, თქვენი ბავშვობისა და ყრმობის თემაზე ჭეშმარიტად მაღალმხატვრული პოემა შექმნა.

ეს რომ ვთქვი, სტალინი ცოტა უხერხულად შეიშმუშნა და ღიმილით იკითხა:

- ლაურეატია?

- დიახ! რა თქმა უნდა! - აქეთ-იქიდან ვუპასუხეთ.

- აბა, რაღას ჩამაცივდა ეგ შენი ლეონიძე?!

- ლეონიძის ღირსების და ჩემ მიერ მისი ქების გასაბათილებლად კი არა, მასშივე უნებურად აღძრული უხერხული შეგრძნების გასაქარწყლებლად წარმოთქვა სტალინმა ეს სიტყვები ხაზგასმულად გლეხური კილოთი და შეხუმრებით.

***

ამ მხრივ, თუმცა ილია ჭავჭავაძეს ღრმა პატივსა ვცემ, მაგრამ აკაკი მაინც უფრო ნოვატორად მიმაჩნია საქართველოში ენის გახალხურებისა და განვითარების საქმეში; აკაკის კვალად, ვაჟაც დიდად დაეხმარა ქართულ სალიტერატურო ენას თავისი ხალხური მეტყველების ფორმებით, ლექსიკითა და გრძნობათა, აზრთა სადად გამოთქმით.

***

არ ვიცი, რამდენ ხანს ვიწექი ასე ფიქრში გართული, რომ უეცრად, ოთახის კარი გაიღო და შემოვიდა პიჟამოში და ფლოსტებში გამოწყობილი სტალინი. სუნთქვა შემეკრა და თვალები სასწრაფოდ დავხუჭე. მესმის, ფეხაკრეფით მიემართება გვერდით ოთახისაკენ. გავიდა. ცოტა ხნის შემდეგ ისევ აქეთ შემოვიდა, მიუახლოვდა ჯერ პეტას, დაიხარა, გადახდილი საბანი შეუსწორა და, ერთ ხანს, შეყოვნდა ასე გადახრილი სიყრმის მეგობრის სასთუმალთან.

მერე გასწორდა, ძილის წინ ფანჯარა რომ გავაღე, ოდნავ მიკეტა. შემოტრიალდა და, არ ვიცი - ჩემსკენ უნდა წამოსულიყო, არ ვიცი - გასვლას აპირებდა, მაგრამ გულის ძგერას ვერარ გავუძელი და სწრაფად წამოვჯექი.

- არ გძინავს, გურულო? - ჩურჩულით შემეკითხა და გამიღიმა.

- რა დამაძინებს, იოსებ ბესარიონოვიჩ, - სახელით და მამის სახელით იქ ყოფნისას მხოლოდ პირველად მივმართე, სხვაგვარად, ვერცა ვთქვი იმ სიტუაციაში, - გათენდა უკვე და, თან, თქვენზე ვფიქრობ.

- ფიქრობ და იფიქრე, - ჩაიღიმა, - მეც ბევრსა ვფიქრობ თქვენზე. ცოტა თქვენც იფიქრეთ. მაგრამ, აბა, ახლა დაიძინე, - ბავშვივით დამტუქსა, - ხვალ მთელი დღე მოშლილი იქნებით, თუ ცოტა მაინც არ იძინე, - თქვა და სწრაფად გავიდა.

***

თბილისში, ჩემო კარგო, შეიძლება, ისე უღვინოდ აგირიონ გზა-კვალი, ისე უმიზნოდ გაგრიყონ და მოგიცილონ თავიდან იმათ, ვისთვისაც იღწვი, წვალობ და იბრძვი, რომ სადღაც გადაკარგულში უნებურად ამოჰყოფ თავს და, თუ ისევ დიდ ნებისყოფასთან, დიდ ძალასთან ერთად, დროზე შიში არ დაგიჯდება, სამუდამოდ გადაგკარგონ...

[...]

- აი, მე გიამბობთ ერთ ამბავ.ს მეც მქონდა ბედნიერება თბილისში მემუშავა. გაცხარებულ დისკუსიაში მენშევიკების უნიათობა რამდენჯერ გამოვააშკარავე, რამდენჯერ მიწაზე ორთავ ბეჭით დავკარი ცნობილი ორატორები, მაგრამ... წარმოიდგინე, რომ მუშებმა არ მისმინეს და, ბაქოში გადამისროლეს ზოგიერთმა რევოლუციონერმა მოღვაწეებმა. ჰმ, რა მინდოდა მე ბაქოში?!

- თქვენ გაგაგდეს? - ისევ გულუბრყვილოდ შევეკითხე.

- დიახ, დიახ! მე მარტო მენშევიკებს კი არ ვუტევდი, თვით მუშებს შორის წვრილ-ბურჟუაზიული თვისებების მამხილებელიც ვიყავი, თვითონ თბილისის მუშათა კლასის წარმომადგენლებსაც ვამხელდი არარევოლუციონერულ გადახრებში და, მაინცდამაინც არ მოვეწონე.

- რაღაც გაუგებრობას ექნებოდა, ალბათ ადგილი...

- გაუგებრობას კი არა... აგერ, მისმინე: თბილისის მუშების საკმაოდ დიდ ნაწილს თბილისის გარეუბანში პატარა მიწის ნაკვეთები ჰქონდა. იქ დადიოდნენ, მოჰყავდათ ბოსტნეული, ხილიც ჰქონდათ იმდენი, რომ ყველაფერი ეს ბაზარში გაეტანათ და გაეყიდათ. ეს ნაწილი მუშებისა, არხეინად გრძნობდა თავს და უკვე იმათზე აღარ შეტკიოდათ გული, ვისაც მცირე ნაკვეთები, ის მცირე შესაძლებლობები არა ჰქონდათ. ისინი იმდენად რევოლუციონერობდნენ, რამდენადაც მათ მიწის ნაკვეთს ბატონები წაეპოტინებოდნენ, რამდენადაც მათ უბადრუკ კეთილდღეობას, რაღაც შემთხვევის გამო, მთავრობისგან საფრთხე დაემუქრებოდა, რამდენადაც ვაჭრებსა და გამყიდველ-შემსყიდველების მიერ გაბმულ ხლართებში გაებმებოდნენ მოტყუებულები... გაფიცვებშიც წესიერად არ ღებულობდნენ მონაწილეობას, კრებებზეც ორჭოფულად მსჯელობდნენ, თუკი მოვიდოდნენ საერთოიდ. უმიწაწყლო მუშები მათ „მებოსტნეებს“ უწოდებდნენ. „მებოსტნეები“ კი ამათ „გლახაკებს“. ეს იმიტომ, რომ მაძღარს მშიერსა და მშიერს მაძღრისა არასდროს არ ესმის. მოკლედ, მუშური ერთსულოვნება არ იყო მყარი თბილისში. აი, ერთსულოვნებისკენ, თანაბარი აქტიურობისკენ, ერთმანეთის გაზიარებისკენ და იდეის მსახურებისკენ რომ მოვუწოდებდი, იმიტომაც არ მოვეწონე ბევრს და, ბაქოში მომიხდა გადასვლა. აქ მეტი ერთსულოვნება, მეტი თანასწორობა და თავდადება იყო მუშათა კლასში... ინტელიგენციაც თბილისში კიდევ უარესად ჭრელი იყო; თითოეული ინტელიგენტი თავისკენ ექაჩებოდა საქმეს, თავის ინტერესებს უმორჩილებდა ზოგად იდეას... ხოდა, ძნელი წარმოსაგენია, თბილისი თბილისი აღარ იყოს და ათი-ოცი წლის მანძილზე თავისი უარყოფითი თვისებები ამ ქალაქის მაცხოვრებლებს სავსებით მოეშორებინათ.

გამომცემლობა "არტანუჯი", 2012წ.