თამაზ კვაჭანტირაძე - ბაბელის ნასისხლფასევი

ბაბელი, საყოველთაო თვალსაზრისით „უთარგმნელი“ ავტორია, თუმცა თავად „უთარგმნელობის“ თაობაზე ასეთივე საყოველთაო თვალსაზრისი არ არსებობს: ბევრს მიაჩნია, რომ ყველა ლიტერატურული ტექსტი თარგმნადია - თარგმნა ყველაფრისა შეიძლებაო, მატკიცებდა ერთ-ერთი ყველაზე „უთარგმნელი“ ავტორი ჯეიმს ჯოისი.

ბაბელის მთარგმნელს სხვა უამრავ თვისებათა შორის ერთი აუცილებლად უნდა ჰქონდეს - სითავხედე. ყველა ყველა და ამის დეფიციტი, ალალად მოგახსენოთ, არასოდეს მქონია... და რაც მთავარია, ბაბელის თარგმნაში მე ბაბელივე მეხმარებოდა, კერძოდ, ავტორის დამოკიდებულება თარგმანის მიმართ, გამოხატული მის ერთ-ერთ შედევრში „გი დე მოპასანი“:

„თარგმანში მოპასანის ცინცხალი, მოსხლეტილი და ვნებით დატენილი ფრაზის კვალიც კი გამქრალიყო. ბენდერსკაიას გულიგამაწვრილებელი სიზუსტით ეთარგმნა ყოველი ფრაზა, დუნედ და უსიცოცხლოდ - ისე, როგორც წინათ წერდნენ ებრაელები რუსულად...“

ამრიგად, არსებობოს სიზუსტე - და გაუმარჯოს ამ სიზუსტეს!

მაგრამ არსებობს „გულისგამწვრილებელი სიზუსტეც“ - და ამნაირი სიზუსტე უპირველესი მტერი ყოფილა სწორედაც სიზუსტისა!

ბაბელის აზრით, თარგმანის ღირსება არ განისაზღვრება ტექსტის ასოს ზუსტად გადმოღებით, ანუ - „გულისგამაწვრიებელი სიზუსტით“, მთავარი და გადამწყვეტი ტექსტის სულის ადეკვატური გადმოტანაა მეორე ენაზე. ტექსტის სული კი - ეს, ცოტა არ იყოს, მოუხელთებელი ფენომენი - მაშინ შეიძლება ადეკვატურად ნათარგმნად მივიჩნიოთ, თუ იგი, მერე ენაზე გადატანილი, დედნის ანალოგიურ ემოციურ ზემოქმედებას ახდენს მკითხველზე. ამ მიზნის მისაღწევად მთარგმნელს, ჩემი აზრით, უფლება აქვს ტექსტს გადაუხვიოს, შეცვალოს რეალიები, სიტყვები, სახეები. მთარგმნელისეული ამ სითავხედის ერთგვარ გამართლებად ის განცდა მიმაჩნია, რომელიც ასეთ დროს მეუფლებოდა - რაც უფრო ვშორდებოდი ტექსტს (ცხადია, გონიერების ფარგლებში!), მით უფრო ვუახლოვდებოდი ბაბელს.

***

ისააკ ბაბელი 1894 წელს დაიბადა ოდესაში, ხელმოცარული ებრაელი ვაჭრის ოჯახში. ნიჭიერ ბავშვს წიგნის სიყვარული და სიბრძნისკენ ლტოლვა გენეტიკურად მოსდგამდა - ბაბუამისი რაბინი იყო. სიყმაწვილეშივე შეისწავლა რამდენიმე ენა და თავდაპირველად ფრანგულად დაიწყო მოთხრობების წერა. კომერციული სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, 1916 წლიდან, ბაბელი - უსამსახურო, უკაპეიკო, უპასპორტო - პეტერბურგშია და რედაქციებში ამაოდ დაძრწის: ყველა ურჩევს წერას თავი დაანებოს და დახლში ჩადგეს. წლისთავზე ხდება სასწაული - გორკი თავის ჟურნალში უბეჭდავს ორ მოთხრობას (მათი გამოქვეყნებისათვის ბაბელი სამართალში მისცეს: ბრალად დასდეს პორნოგრაფია და არსებული წყობილების დამხობის მცდელობა), შემგომ კი „ხალხში“ მიავლენს. შვიდი წლის განმავლობაში ბაბელმა უამრავი რამ ნახა და განიცადა: იყო რუმინეთის ფრონტზე, იბრძოდა ბუდიონის ცხენოსანთა არმიაში, მსახურობდა ოდესის გუბკომში, რეპორტიორობდა პეტერბურგსა და თბილისში.

1924 წლიდან იწყება ისააკ ბაბელის ინტენსიური ლიტერატურული მოღვაწეობა - გამოდის მისი გახმაურებული „ცხენოსანთა არმია“ და „ოდესური მოთხრობები“. ბაბელის თხზულებები მაშინვე ითარგმნა ძირითად ევროპულ ენებზე - გერმანულად, ფრანგულად, ინგლისურად. ამჟამად მისი წიგნები ხუთივე კონტინენტზეა გამოცემული.

პროზის პარალელურად ისააკ ბაბელი ინტენსიურად მუშაობდა დრამატურგიაშიც, განსაკუთრებით ოცდაათიან წლებში. წერდა კიდეც პირად ბარათში, პროზით წერა აღარ მიზიდავს, დრამატული ფორმისკენ უფრო მიმიწევს გულიო. იწერება კინოსცენარი „ბენია კრიკი“, 1928 წელს კი - პიესა „დასავლეთი“, რომელიც იმავე წელს დაიდგა მხატ-ში. 1933 წელს დაამთავრა პიესა „მარია“, რომელსაც დასადგმელად ამზადებდნენ ვახტანგოვისა და ებრაულ თეატრებში.

***

ბაბელის პროზაცა და დრამატურგიაც, გარეგნული ნიშნებით, თითქოსდა კამერულია, მაგრამ თუ მათ ჩავუღრმავდებით, მწერლის შემოქმედება შინაგან მასშტაბურობას გამოგვივლენს:

„კამერულია“ წყლის წვეთიც, მაგრამ მიკროსკოპში იგი ოკეანისებურ ბობოქარ სურათს გვიჩვენებს... ბაბელი თავად ბეცი გახლდათ, მაგრამ მზერა მიკროსკოპისა ჰქონდა - ხედავდა და ჩვენც გვანახებდა წვეთ წყალში ოკეანის თვისებებს.

ისააკ ბაბელის დაუოკებელ ფანტაზიას, კაცმა რომ თქვას, არც ეთქმის ფანტაზია, ვინაიდან იგი არაფერს იგონებს; ბაბელი პოეტურად, ანუ - უფრო ღრმად ჭვრეტს სინამდვილეს.. ვინ იცის, იქნებ არც არსებობოდეს უფრო დიდი ფანტაზია, ვიდრე სინამდვილის უფრო სრულად დანახვაა.

ბაბელის გმირები, თითქოსდა უშუალოდ აღებულნი ყოფითი სინამდვილიდან, როგორღაც შეუმჩნევლად მაღლდებიან სიმბოლოებამდე. სიმბოლოა მარია (ავტორს იგი სცენაზე არც გამოჰყავს, უბრალოდ არსად ალაპარაკებს, მაგრამ მკითხველ-მაყურებელი ხედავს მარიას - ქალს, მდედრს - ხელშესახებად კონკრეტულად): იგია სასოება, სულის პური, აღთქმული ქვეყანა; სიმბოლოა გენერალი მუკოვნინი, ტრაგიკული სახე ზვარაკისა - პიროვნული სიკეთით სავსე, მაგრამ რევოლუციის შინაგანი ლოგიკით განწირული პიროვნება; მედროგე მენდელ კრიკისა და მისი შვილების თითქოსდა ოჯახური კონფლიქტი „დასავლეთში“ ასევე მაღლდება მამა-შვილის მარადიულ მითოლოგიურ დაპირისპირებამდე.

ბაბელი ყოველი ფრაზით, ყოველი სცენით ამტკიცებს, რომ ადამიანი, რაოდენ დაცემულიც უნდა იყოს იგი, ვერ გათავისუფლდება, ვერ „ამოხტება“ ადამიანობიდან. მწერალი არც ერთ თავის პერსონაჟს, უკანასკნელ არამზადასაც კი, არ უკარგავს თავის სიმართლეს - თავ-თავისი პატარა სიმართლეები კი ყველსა აქვს. მაგრამ ბაბელმა იცის, რომ არსებობს სიმართლე სხვადასხვა რანგისა და განზომილებისა და იმ დიდ სიმართლეს, რომელსაც შეუძლია თავის გზაზე გადაჯეგოს პატარ-პატარა სიმართლეეიბ, თვალს ყოველთვის პატიოსნად უსწორებს.

ბაბელს აქვს ოსტატის ხარბი, უზუსტესი თვალი: დეტალებში, თითქოსდა სასხვათაშორისოდ დაგდებულ ფრაზებში, შუქჩრდილების თამაშში, დაკვირვებული მკითხველის თვალწინ სასწაულებრივ ამოიზრდება აისბერგის დაფარული ნაწილიც; ყოველი ფრაზა აკეთებს იდუმალ მრუდს და ზუსტად ხვდება სამიზნეს. „მე ტკბილი მინდა, წითელი“, - ღვინოზე ნათქვამი ეს დამაგვირგვინებელი ფრაზა პიესა „მარიაში“ სხვანაირადაც იკითხება: აქ არის ნატვრა, წყურვილი „ტკბილი რევოლუციისა“ - მათრობელა, განმწმენდი ცეცხლისა, რომელსაც ფარვანსავით დასტრიალებდა თავს ისააკ ბაბელი.

განმწმენდი ცეცხლი შთანმთქმელიც აღმოჩნდა - 1940 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ ისააკ ბაბელი დახვრიტა.

ქართულად ბაბელი პირველად მწერალმა რევაზ ჯაფარიზემ აამეტველა - სამოცდაათიან წლებში დაიბეჭდა „ცხენოსანი არმიის“ მისეული თარგმანი. ამ მწერლისავე რეკომენდაციით გამოქვეყნდა ჩემი პირველი ცდები ამ სფეროში, 1977 წელს კი ცალკე წიგნად გამოიცა ბაბელის ცხრა მოთხრობისა და ერთი პიესის ჩემეული თარგმანი.

ამჯერად გთავაზობთ ბაბელის პროზისა და დრამატურგიის უფრო სრულ კრებულს - ოც მოთხრობასა და ორ პიესას. ამ წიგნს სახელად „ნასისხლფასევი“ დავარქვი - ისააკ ბაბელმა არა მარტო გადატანითი აზრით მოისისხლფასა, არამედ რეალურად დანთხეული სისხლით მოიმუშაკა ის მხატვრული მემკვიდრეობა, რაც მისგან დაგვრჩა.