თბილისში აგებენ ცირკის ახალ შენობას

თბილისის აღმასკომის პრეზიდიუმმა გადასწყვიტა ხელშეკრულება დასდოს სახელმწიფო ცირკების ცენტრალურ სამმართველოსთან („გომეც“) თბილისში ცირკის ახალი შენობის მშენებლობის დაწყების შესახებ.

ახალი ცირკის შენობის ასაგებათ გამოყოფილია მიწის ნაკვეთი სადგურის ქუჩის და პლეხანოვის პროსპექტის კუთხეში, გეოფიზიკური ობსერვატორიის გვერდით.

ცირკის შენობა აგებული იქნება საცირკო ტეხნიკის უკანასკნელი სიტყვის მიხედვით. შენობა ისე იქნება მოწყობილი, რომ ცირკის სეზონის დამთავრების შემდეგ შესაძლებელი იქნეს მისი გამოყენება კინო-თეატრადაც.

ცირკის ახალი შენობის აგება, რომელშიაც სამი ათასი მაყურებელი დაეტევა, დამთავრდება ორი წლის განმავლობაში. მშენებლების უზრუნველყოფა მასალებით და მუშა-ხელით იკისრა თბილისის აღმასკომმა. მშენებლობა დაწყებული იქნება უახლოეს თვეებში.

„კომუნისტი“, 22 მარტი, 1932წ.