გიორგი კვინიტაძე | ბრძანება საქართველოს რესპუბლიკის ჯარების უფროსისა

ყველამ იცის რომ ჩვენს სამშობლოს სჭირია ფული. ეხლა, როცა ჩვენ დავიწყეთ საკუთარი ცხოვრება, ეს საჭიროება მეტად გამწვავდა. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ჩვენს სამშობლოს და შევუმსუბუქოთ ფინანსთა სამინისტროს მუშაობა.

მივმართავ სამხედრო სამსახურში მყოფ ყველა ოფიცრებს, მოხელეებს და ჯარის კაცებს, რომლებიც იმყოფებიან საქართველოს რესპუბლიკის ჯარებში: ფინანსთა სამინისტროს სჭირია ოქრო. ჩვენ კი ის გვაქვს - ეს ჩვენი ორდენებია, რომლებიც ჩვენ დავიმსახურეთ ომის დროს. ასეთ მძიმე სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში ოფიცრებმა პირველად უნდა ამოიღონ ხმა ამის შესახებ.

დეე, თვითეულმა ჩვენგანმა გაიღოს თავისი ორდენები სახელმწიფო ფონდის შესაქმნელად. ჩვენ სამშობლოსათვის არ ვზოგავდით არც ჯანმრთელობას არც სიცოცხლეს; ბევრი სამუდამოდ დასახიჩრებული ვართ, ბევრმა შესწირა თავი სამშობლოს. ჩვენ, სამხედრო სამსახურში მყოფ ოფიცრებმა, მოხელეებმა და ჯარის კაცებმა პირველად დავდევით თავი სამშობლოს კეთილდღეობისთვის და ნუ თუ ეხლა, ასეთ მძიმე დროს არ გავიღებთ კიდევ მსხვერპლს ჩვენი სახელმწიფოს ასაყვავებლად.

დარწმუნებული ვარ ჩემი მოწოდება იპოვის იმ პირთა გამონაძახს, რომელთაც უყვართ აღორძინების გზაზე დამდგარი საქართველო. რასაკვირველია ყველასთვის ძვირფასია შრომით და სისხლით მოპოვებული ორდენები, მით უფრო რომ ეს არის სამსახურის, ომიანობის სამსახსოვრო ნიშნები, არის სამშობლოს სამსახურის კეთილსინდისიერათ აღსრულებისა, მაგრამ სამშობლოს სიყვარულმა უნდა ჩააქროს ყველა სხვა გრძნობები და მე მწამს, რომ ჩემი მოწოდება არ დარჩება ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა.

დღეს მე უკვე ჩავაბარე ყველა ორდენები, მიღებული როგორც იაპონიის ომის დროს, ისე ამ ომში. დავიტოვე მხოლოდ წმ. გიორგის მე-4 ხარისხის ჯვარი.

გენ. მაიორი კვინიტაძე
„საქართველოს გაზეთი“, 1918წ.