მარტენ პაჟი - როგორ გავხდი იდიოტი

ანტუანს ყოველთვის ეჩვენებოდა, რომ ძაღლის სისწრაფით ბერდებოდა. შვიდი წლის ბავშვი ორმოცდაცხრა წლის გაცვეთილი მამაკაცივით გრძნობდა თავს, თერთმეტისას - სამოცდაჩვიდმეტი წლის მოხუცის მსგავსად ყველა ილუზია დაემსხვრა. ოცდახუთი წლისამ კი, მშვიდი ცხოვრების მოპოვების იმედით, იდიოტად ჩამოყალიბება გადაწყვიტა.

“ინტელექტი” მშვენივრად მოფიქრებულ და შელამაზებულ სისულელეებს ნიშნავს, ჭკუა ზედმეტი ბარგია და ხშირად სიბრიყვით უფრო მეტ ხეირს ნახავ, ვიდრე თავგამოდებული ინტელექტუალობით. ჭკუა გაუბედურებს, მარტოსულად, არაფრისმქონედ გაქცევს, მაშინ როცა ჭკვიანად თავის მოჩვენება საგაზეთო უკვდავებას გთავაზობს და იმათ აღფრთოვანებასაც გპირდება, ვისაც წაკითხულის სჯერა.

რამდენიმე კვირა სული ამოხდა გამოსავლისა და თავდასაძვრენი გზების ძებნაში. თუმცა, საბოლოოდ, მხოლოდ მწარე სიმართლის აღიარება მოუწია: ჭკუა იყო მისი უბედურების მიზეზი.

არც ყველა სასურველი წიგნის საყიდლად ჰყოფნიდა ფული; ჰოდა, “ფნაკის” სავაჭრო ქსელში იმით უძვრებოდა ელექტრონულად დაცულ გასასვლელებს, რომ ფურცელ- ფურცელ იპარავდა წიგნებს, მერე კი ნელ-ნელა აწყობდა შინ გამართულ იატაკქვეშა “სტამბაში”. კანონდარღვევის წყალობით მოპოვებული ყოველი ფურცელი ღირებული ხდებოდა; წიგნიდან ამოხეული, გადამალული, საგულდაგულოდ მიმაგრებული უკვე წმინდათაწმინდა იყო.

ბავშვობაში ბაგზ ბანი უნდოდა გამხდარიყო, მოგვიანებით კი, ცოტა რომ წამოიზარდა - ვასკო და გამა.

ანტუანს ბევრი მეგობარი არ ჰყოლია, რადგან ზედმეტი ტოლერანტობითა და თანაზიარობით გამოწვეული ასოციალურობა სტანჯავდა. გემოვნებისა და მისწრაფებების სიჭრელე გზას უღობავდა რაიმეს უარყოფისა და ზიზღის საფუძველზე წარმოქმნილი ჯგუფებისკენ. ბრბოს ერთსულოვნებისადმი ზიზღნარევი უნდობლობა სჩვეოდა, ხოლო ცნობისმოყვარეობა, რომელიც არ სცნობდა საზღვრებსა და კლანებს, უცხოს ხდიდა საკუთარ ქვეყანაში. სამყაროში, რომელშიც საზოგადოებრივი აზრი შემოიფარგლება “დიახ”, “არა” და “მიჭირს პასუხის გაცემა” არჩევანის პროცენტული მაჩვენებლებით, ანტუანს არც ერთ გრაფაში არ სურდა საკუთარი აზრის დაფიქსირება. “მომხრე” ან “წინააღმდეგი” მისთვის რთული პრობლემების მიუღებელ გამარტივებას ნიშნავდა.

ალკოჰოლიკები ებრალებათ, ზრუნავენ მათზე. მათ აქვთ სამედიცინო თუ ადამიანური მხარდაჭერა, მაშინ როცა არავის ადარდებს, არავის ებრალება ჭკვიანი ადამიანი: “იგი აკვირდება ადამიანის ბუნების ყველა კუნჭულს და ეს დიდ ტკივილს აყენებს, ამან შესაძლოა ძალიან გააუბედუროს”, “ძალიან ჭკვიანი ძმისშვილი მყავს, მაგრამ მჯერა, თავს დაიძვრენს აქედან”, “ერთი პირობა შემეშინდა, შენც ჭკვიანი არ გამხდარიყავი” - აი თანაგრძნობით აღსავსე კეთილგანწყობა, რაც მასაც აუცილებლად ერგებოდა, სამყარო სამართლიანად რომ ყოფილიყო მოწყობილი. მაგრამ არა - ჭკუა ორმაგი უბედურებაა: ტკივილს გაყენებს და არავინ მიიჩნევს ავადმყოფობად.

ცუდად ჩაცმული იყო და ამით ნაკითხი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა.

...თავის ნაცნობებში ისეთი ლოთის ძებნა დაიწყო, მოძღვრად რომ გამოადგებოდა. აქ საჭირო იყო ღვინისა და სპირტიანი სასმელების პროფესორი, ლიქიორის პლატონი, კალვადოსის აინშტაინი, არყის ნიუტონი, ანდა ვისკის ოსტატი იოდა.

აღმოჩნდა, რომ ალკოჰოლი მჭიდრო კავშირშია კაცობრიობის ისტორიასთან და უფრო მეტი მიმდევარი ჰყავს, ვიდრე ქრისტიანულ რელიგიას, ბუდიზმსა და ისლამს ერთად.

ალკოჰოლი თავად ირჩევს ობიექტს, ალკოჰოლი წყვეტს, შეგიძლია თუ არა გახდე ლოთი.

მაინტერესებს და სულ ვცდილობ იმის მიხვედრას, რა ამოძრავებს მთელ ამ ქაოსურ სამყაროს... საშინლად განვიცდი, რომ ხელფეხშეკრულები ვართ და რომ თითოეული აზრი, თავისუფლების ყოველგვარი გამოვლინება მოუშუშებელ ტკივილს გვაყენებს.

მინდა, უბრალო მოჩვენებად ვიქცე, ყელში ამომივიდა აზროვნების თავისუფლება, ამდენი ცოდნა და ეს დაწყევლილი სინდისი!

ანტუანს ხიბლავდა ადამიანები, რომლებსაც გამბედაობა ეყოთ, თავად შეერჩიათ სიკვდილის დრო: ჰემინგუეი, მისი უძვირფასესი ვირჯინია ვულფი, პატივცემული სენეკა, დებორი, კატონ უტიკელი, სილვია პლათი, დემოსთენე, კლეოპატრა, ლაფარგი...

გარკვეული ცენზურა მოქმედებს თვითმკვლელობის წინააღმდეგ. პოლიტიკური, რელიგიური, სოციალური, ბუნებრივიც კი, რადგან დედა- ბუნებას არ უყვარს, როცა თავისუფლებას სურვილისამებრ იყენებენ. მას სურს ბოლომდე ლაგამამოდებული ვყავდეთ და ჩვენ მაგივრად მიიღოს გადაწყვეტილებები. ვინ წყვეტს ადამიანთა სიკვდილს? ჩვენ უარი ვთქვით ამ უმაღლეს თავისუფლებაზე და არჩევანი ავადმყოფობებს, უბედურ შემთხვევებსა და დამნაშავეებს მივანდეთ. ამას შემთხვევითობა დავარქვით. მაგრამ ეს მცდარი აზრია. შემთხვევითობა საზოგადოების ფარული ნებაა, რომელიც ნელ-ნელა გვწამლავს, გვჟლეტს ომებითა და კატასტროფებით. საზოგადოება ადგენს ჩვენი სიკვდილის დროს ჩვენი საკვების ხარისხის, ყოველდღიური გარემოს, სამუშაო და ცხოვრების პირობების გათვალისწინებით. ჩვენ არ ვირჩევთ ცხოვრებას, არ ვირჩევთ ენას, სამშობლოს, ეპოქას, გემოვნებებს. მხოლოდ სიკვდილშია თავისუფლება: იყო თავისუფალი იგივეა, რომ მოკვდე.

ცნობისმოყვარეობა, სამყაროსა და ადამიანების შეცნობის სურვილი, ხელოვნებით ტკბობა ყველას მისწრაფება უნდა იყოს; მაგრამ ეს რომ შრომის დღევანდელი ორგანიზაციის პირობებში მოხდეს, სამყარო არსებობას შეწყვეტდა რადგან ამას დრო სჭირდება და თანაც კრიტიკულ აზროვნებას ავითარებს, არავინ აღარ იმუშავებდა. ამიტომ აქვთ ადამიანებს განსხვავებული გემოვნება, სხვადასხვა ინტერესები; ზოგს ერთი აინტერესებს, ზოგს - სულ სხვა რამ. სხვაგვარად საზოგადოებაც არ იარსებებდა. ვისაც ძალიან ბევრი რამ აინტერესებს, ისიც კი, რაც სინამდვილეში სულაც არ აინტერესებს და სურს გაიგოს ინტერესის ნაკლებობის მიზეზი, ყველაფრისთვის მარტოობით იხდის საზღაურს.

აზროვნება არაა თავისთავადი აქტი, მას ისევე შეუძლია ტკივილის მოყენება, როგორც შუშის ნამსხვრევებსა და ეკლიან მავთულხლართებს.

ხშირად ვანადგურებთ იმას, რისი შეცნობაც გვსურს, რადგან ცხოვრებაში ისევე, როგორც მედიცინაში, გაკვეთის გარეშე ნამდვილ ცოდნას ვერ მიიღებ.

ბუნებაში ცნობიერება გამონაკლისია, შეიძლება ითქვას, რომ შემთხვევითობაა, რადგან არც რამე უპირატესობას და არც ხანგრძლივ ცხოვრებას არ უზრუნველყოფს. სახეობათა ევოლუციის თვალსაზრისით, იგი არ წარმოადგენს ადაპტაციისთვის საუკეთესო პირობას.

სიზუსტე და გულწრფელობა რიტორიკული ნაკლია და დებატებისას არ გამოდგება. ზოგიერთმა მოაზროვნემ, რომელიც კარგად ხედავდა ნებისმიერი დისკუსიის ამაოებას, თვალთმაქცობა არჩია და პარადოქსი და ზომიერი იუმორი გამოიყენა მოვლენის სირთულის გადმოსაცემად. ბოლოს და ბოლოს, ეს ხომ გადარჩენის ერთგვარი საშუალებაა.

მაშინაც კი, როცა მთელი გარე სამყარო შენს მხარესაა, შეუძლებელია საზოგადოებაში არსებული კულტურული და ინტელექტუალური საფრთხეების სრული განეიტრალება.
ცხოვრება ხომ ცხოველია, რომელიც ჩეკებითა და საკრედიტო ბარათებით იკვებება.

ჯოჯოხეთში ანგელოზად ყოფნა ხომ აუტანელი ტკივილია, ეშმაკი კი ყველგან ისე გრძნობს თავს, როგორც საკუთარ სახლში.

როცა სულს ყიდი, ყველაფრის უფლება გაქვს, ყველაფერი გეპატიება.

ფული, წარმატება, პრესტიჟულ წრეებში ინტეგრაცია, ყველა ეს ფაქტორი საკუთარი თავის, საკუთარი ძალების ეკონომიას განაპირობებს. საჭირო აღარაა ფიქრი სურვილებზე, მორალზე, ქმედებებზე, მეგობრებზე, პირად ცხოვრებაზე, აღარც ყველაფრის შეცნობისა და ძიების საჭიროება არსებობს: შენი წრე ამ ყველაფრის გასაღებს პირდაპირ ხელში გაძლევს. საზოგადოებაზე ქორწინებით ანტუანს სოლიდური მზითევი ერგო. აღმოჩნდა, რომ ეს გიზოგავს ენერგიას, ნაკლებად დამღლელია, ნაკლებად დამთრგუნველი, ვიდრე ყველაფრის მარტო ძიებისა და გამოგონების სურვილი. ეგ რაღა საჭიროა, როცა მზამზარეული ემოციებითა და შეხედულებებით გამარაგებენ.

შეგრძნება, რომ მდიდარი ხარ, საკუთარ თავთან არ ჩერდება, საზოგადოებაში, გამვლელების თვალებშიც უნდა ხედავდე საკუთარ წარმატებას

მაკიაველის შეხედულებები პოლიტიკაზე შესაძლებელია, ცინიკური მოგეჩვენოთ, მაგრამ ამით ისინი რეალობას არ კარგავენ.

სიყვარულში სიმართლე ცინიკურად ჟღერს.

სიყვარულში უდანაშაულო არავინაა, სიყვარულში მხოლოდ მსხვერპლი არსებობს.

როცა ამბობ, რომ უბრალოდ გიყვარს, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, ამით თავს არიდებ იმის აღიარებას, რომ მიზეზები არცთუ ისე საამაყოა... და ვის რაში სჭირდება ეგ სიმართლე?

ვისაც სურს საკუთარი უბედურების მტკიცებულებების პოვნა, ის აუცილებლად იპოვის, რადგან ვინც ეძებს, ის პოულობს.

მათთვის, ვინც კარგად მორგებია საზოგადოებას, მხოლოდ ერთი სეზონი არსებობს - მარადიული ზაფხული, როცა მათი გონება ირუჯება მზეზე, რომელიც იმ დროსაც ანათებს, როცა ეს ადამიანები ძილს მისცემიან: მათ სიზმრებში არასოდეს ისადგურებს ღამე.

არც ბედნიერი, არც უბედური? ამაზე უარესი რა უნდა იყოს. შენი ცხოვრება ნეხვია, ნეხვი.

აბა როგორ, საკუთარი ცხოვრება შენ თვითონ უნდა შექმნა!

- რატომ აღარ გყავს მეგობრები?
- გაფუჭდნენ. არც მიფიქრია, ვარგისიანობის ვადა თუ ჰქონდათ. ეს არ უნდა გამოგრჩეს. ასე, ერთ დღესაც, ჩემს საუკეთესო მეგობრებს თითქოს ობი მოეკიდათ, მომწვანო ლაქები გაუჩნდათ.

რატომ არ გვანებებენ ჩვენს ნებაზე ვაკრიტიკოთ ვინმე, ვთქვათ, რომ შტერია და დებილი? რატომ ამტკიცებენ, რომ ამ დროს ბოროტ მოშურნეებს ვგავართ? ისე იქცევიან, თითქოს ყველანი თანასწორები ვიყოთ: მდიდრები, განათლებულები, ძლიერები, თეთრკანიანები, ახალგაზრდები, ლამაზები, მამრები, ბედნიერები, ჯანმრთელები, უზარმაზარი ავტომობილებით... სინამდვილეში ასე ხომ არ არის! ჰოდა, მქონია უფლება ვინმეს გალანძღვის, ცუდ ხასიათზე ყოფნის, იმის, რომ სულელივით სულ არ ვიკრიჭებოდე, ხმა ამოვიღო, გამოვთქვა საკუთარი აზრი, როცა უსამართლობის მოწმე გავხდები და უფრო მეტიც, თუ დამჭირდა, შეურაცხყოფაც მივაყენო ვინმეს. ამას ვერავინ დამიშლის!

მთარგმნელი: მაია ქაცანაშვილი
“ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, 2010წ.