რეი ბრედბერი - ბაბუაწვერას ღვინო

საკმარისი იყო, საწოლიდან წამომდგარიყავი და ფანჯრიდან გადაგეხედა, რომ იგრძნობდი: თავისუფლება და სიცოცხლე სწორედ ახლა იწყებოდა, ვინაიდან ზაფხულის პირველი დღე დადგა.

ჩაბნელებულ მიწაზე ერთიმეორის მიყოლებით ყვითელი კვადრატები გამოიკვეთა, როცა სახლებმა განათებული თვალები დაჭყიტეს.

არის დღეები, მხოლოდ სურნელისგან რომ შედგება. ასეთ დღეებში სამყარო შემოდის შენში ერთი ნესტოდან, მეორიდან კი გადის და ყნოსვის გარდა სხვა შეგრძნებები თითქოს არც კი არსებობს. არის კიდევ ისეთი დღეები, განაგრძობდა მამა, როცა შენს ყურს ყოველი გაფაჩუნება და ყოველი ჩქამი სწვდება, რასაც კი მსოფლიო გამოსცემს. ზოგი დღე გემოს დასაჭაშნიკებლადაა ხელსაყრელი, ზოგი კიდევ ხელით შეხებისათვის. ზოგიც ყველა შეგრძნებას ერთბაშად გიმძაფრებს.

არ უნდა დამავიწყდეს, რომ ცოცხალი ვარ! ახლა ხომ უკვე ვიცი! ჰოდა, ეს დღეს საღამოსაც უნდა მახსოვდეს, ხვალაც და ზეგაც!

სულ უბრალო ყვავილია, კაცმა რომ თქვას, სარეველაა. სხვა მას ვერც კი შეამჩნევს, მაგრამ კეთილშობილი რამაა: ბაბუაწვერა.

ბაბუაწვერას ღვინო. ეს სიტყვები ენაზე ზაფხულის გემოს ტოვებდა, თავად ღვინო კი შეყოვნებული და მოხუფული ზაფხული გახლდათ.

შარშანდელი ფეხსაცმელი შიგნიდან მკვდარია. ის არაჩვეულებრივი იყო შარშან, პირველი ჩაცმისას, მაგრამ ყოველი ზაფხულის ბოლოს საიდანღაც მოდიოდა გარდაუვალი ცოდნა იმისა, რომ ამ ფეხსაცმლით მდინარეებს, ხეებსა და სახლებს ვეღარ გადაახტებოდა, რომ ის გამოიფიტა და მოკვდა. ზაფხული ის იყო, იწყებოდა და ბიჭის უტყუარად გრძნობდა, რომ ახალი ფეხსაცმლით ყველაფერს შეძლებდა, აბსოლუტურად ყველაფერს.

უფროსებისა და ბავშვების უთანხმოების მიზეზი მუდამ ის არის, რომ ისინი განსხვავებულ რასებს მიეკუთვნებიან. შეხედეთ მათ: ისინი ყველაფრით განსხვავდებიან ჩვენგან. მერე შემოგვხედეთ ჩვენ: მათ არაფერში ვგავართ. ორი სხვადასხვა მოდგმაა და ის ვერასოდეს გახდება ერთი.

შენ მარტო ხარ სამყაროში! მთელ მსოფლიოში მილიონობით ასეთივე პატარა ქალაქია. თითოეული ასევეა ჩაბნელებული, ასევეა მარტოსული, ასევე შორი, ასევე სავსე კრთომითა და ჭოჭმანით. პატარა ქალაქების მუსიკა მინორში აჟღერებულ ვიოლინოთა მკივანა ხმაა, არსად - სინათლე, ყველგან - ჩრდილები. ო, რა უსაზღვროა მათი სიმარტოვე. მათი ხევების სინოტივე - რა იდუმალი. ღამით მათი არსებობა კოშმარია, რადგან სიჯანსაღეს, ქორწინებას, ბავშვებს, ბედნიერებას ყოველი მხრიდან საზარელი ურჩხული ემუქრება: მას სიკვდილი ჰქვია!

იასამნის ბუჩქი ორქიდეაზე უფრო ძვირფასია. ბაბუაწვერა და ეშმაკის ბალახიც ძვირფასია! რატომ? იმიტომ, რომ ძირს დაგაჩოქებს, სულ ცოტა ხნით ჩამოგაშორებს ქალაქსა და ხალხს, ოფლს გამოგადენს და შენი ცხვირის არსებობას შეგახსენებს. და როცა ასე მარტო რჩები საკუთარ თავთან, ცოტა ხნით კვლავაც საკუთარ თავად იქცევი; ეჩვევი ფიქრსა და განმარტოებას. მებაღეობა ხომ ყველაზე მარჯვედ ამართლებს ფილოსოფოსობას, ვერავინ გამჩნევს, ვერავინ გსაყვედურობს, არადა, იორდასალამების კვალში მუხლმოყრილი პლატონი ხარ, კონიოს კვლებზე მზრუნველი სოკრატე. კაცი, რომელიც თავისი ბაღის ბილიკზე ნაკელით სავსე ტომარას მიარწევს, მხრებზე სამყაროს ტვირთაკიდებულ ატლასს ემსგავსება.

მზის ჩასვლა ორიოდ წუთით არის მშვენიერი, შემდეგ ის რაღაც სხვამ უნდა შეცვალოს. ასეთები ვართ ადამიანები.

ცხოვრების დასაწყისში ყველაფერზე ადრე ერთ რამეს ხვდები: რომ სულელი ხარ... და სულ ბოლოსაც ამას ხვდები: ისევ ისეთ სულელად დარჩი.

რამდენსაც უნდა ეცადო, მაინც ვერ დარჩები იმად, რაც იყავი, მუდამ ის იქნები, რაც ამ წუთში ხარ. დრო მომნუსხველად მოქმედებს. [...] ჩვენ აწმყოში ვართ მომწყვდეულნი, სულერთია - ახალგაზრდობაში თუ სიბერეში, მაგრამ ჩვენი გადასახედიდან სხვა აწმყო არ ჩანს.

საბუთები? არა, ჩემო კარგი, შენ არც თარიღი ხარ, არც მელანი, არც ქაღალდი. არც ხარახურითა და მტვრით სავსე ეს ჩემოდნები. მხოლოდ და მხოლოდ ის ხარ, რადაც ამ წუთში გხედავენ.

საერთოდ, არც ერთი ნივთი არ არის ვინმეს საბოლოო საკუთრება.

მოხუცებს ერთი სული გვაქვს, ვინმემ გვთხოვოს, ისაუბრეო და მაშინ ვეღარაფერი შეგვაჩერებს: ბნელი მაღაროდან ამომავალი ჟანგიანი ლიფტივით მოვყვებით ჯაყჯაყს.

თვალს რომ მიაჩვევ, ფერები თითქოს გაგირბის.

არ მახსოვს, ოდესმე ვინმეს მოეგოს ბრძოლა. ომში არავინ არის მოგებული. სულ დამარცხებული ხარ და საბოლოოდ ვინც მარცხდება, იმას უყენებენ პირობებს. მხოლოდ დამარცხებები მაგონდება, ტკივილი, სევდა და არაფერი კეთილი, გარდა ომის დამთავრებისა. ომის დასასრული თავისთავად გამარჯვებაა.

როცა დარბიხარ, დროც გარბის. ყვირი, ღრიალებ, მალაყს გადადიხარ, კოტრიალობ და უცებ ამჩნევ, რომ მზე ჩასულა, გესმის საყვირის ხმა და სხვა გზა აღარ გაქვს: შინ უნდა წალასლასდე, რომ ვახშამს მიუსწრო. როდესაც თვალს არ ადევნებ, მზე შენს ზურგს უკან უსწრაფესად მიიპარება! მოვლენათა შენელების ერთადერთი საშუალებაა, ყველაფერს თვალი ადევნო და თავად არაფერი აკეთო. ასე, თვალის დევნებით შეიძლება დღე სამი დღის სიგრძეზე გაწელო!

კიდევ უფრო ჩამობნელდა, თითქოს ქალაქის მიღმა ვეებერთელა ნავთის ლამპას ჩაუწიეს პატრუქი.

როდესაც ქალაქს ტოვებ, ის ფანტაზიის სფეროში ინაცვლებს. ნებისმიერ ქალაქს, ნიუ-იორკი იქნება თუ ჩიკაგო, მანძილი სრულიად არარეალურს, დაუჯერებელს ხდის.

მოხუცების პრივილეგია სწორედ ის არის, რომ ყოვლისმცოდნეობის შთაბეჭდილებას ქმნიან, მაგრამ ესეც ისეთივე თამაშია, როგორიც ნებისმიერი სხვა როლი, რომელსაც ვთამაშობთ; ანდა ნიღაბი, რომელსაც ვირგებთ, ერთმანეთს კი ღიმილით ვუკრავთ ხოლმე თვალს მოხუცები, თითქოს ვეკითხებით: „როგორ მოგწონს ჩემი ნიღაბი, ხომ კარგად ვთამაშობ ჩემს როლს? ხომ დამაჯერებელი ვარ? განა ცხოვრება პიესა არ არის? რას იტყვით, ხომ კარგად ვთამაშობ?“

დავიწყე მოგზაურობა. ჩემი ჩემოდნები მთლიანად სამოგზაურო ეტიკეტების თოვლმა დაფარა. მარტოდმარტო ვესტუმრე პარიზს, ასევე მარტომ მოვიარე ვენა, ლონდონი და, იცით, საბოლოოდ, ეს მოგზაურობანი ზედმიწევნით ჰგავს გრინთაუნში მარტო ცხოვრებას. სიმარტოვე ყველგან სიმარტოვედ რჩება. უამრავი დრო გაქვს დასაფიქრებლად, მანერებისა და საუბრის დასახვეწად. მაგრამ ზოგჯერ ვფიქრობ, რა ადვილად გავცვლიდი ამა თუ იმ ზმნის უღლებას ანდა მოხდენილ რევერანსს ისეთ ვინმეზე, კომპანიას რომ გამიწევდა და ოცდააწლიან არდადეგებს ჩემთან ერთად გაატარებდა.

ქალი არასოდესაა დაზღვეული ჭორებისაგან, თუნდაც ოთხმოცდათხუთმეტი წლის იყოს.

უკვე ორმოცდაათი წელიწადია, თვალს ვადევნებ ჩემს ჰოლში ძველებურ საათს. როცა ვქოქავ, წუთებში შემიძლია გამოვთვალო, როდის გაჩერდება. მოხუცი ადამიანებიც ზუსტად ასევე არიან მოწყობილნი. გრძნობენ, მექანიზმი თანდათან როგორ ირღვევა.

დრო უცნაური რამაა, სიცოცხლე კი - კიდევ უფრო გამოუცნობი. ბორბლებს ერთი ან მეტი კბილანა თუ დააკლდა, ტრიალს აუჩქარებენ ანდა, პირიქით, შეანელებენ და ამის გამო ადამიანთა ბედისწერა ერთურთს ნაადრევად ან დაგვიანებით ჩაექსოვება.

კარგი გამოძინება, ან ათწუთიანი ტირილი, ან ერთი კილოგრამი შოკოლადის ნაყინი, ანდა სამივე ერთად - მართლაც ყველაფრის წამალია.

შინაბერა ქალები ვერავის ეგუებიან.

აქ, ადამიანთა სამყაროში, დროს, ფულსა და ლოცვებს, როგორც წესი, ძალზე მცირე საფასურის სანაცვლოდ, ან სულაც უქმად ვხარჯავთ.

ერთი-ორი კვირის წინ აღმოვაჩინე, რომ ცოცხალი ვარ. ღმერთო, რას დავხტოდი და ვკუნტრუშებდი! მერე კი, გასულ კვირას, კინოში მივხვდი, რომ ოდესმე უნდა მოვკვდე კიდეც. ამაზე ადრე არასოდეს მიფიქრია. ისეთივე გრძნობა დამეუფლა, როგორიც გამიჩნდებოდა, მაგალითად, Y.M.C.A („ახალგაზრდა მამაკაცთა ქრისტიანული ასოციაცია“) რომ გაუქმდეს, ანდა სამუდამოდ დაიკეტოს სკოლა, რომელიც სულაც არ არის ისეთი ცუდი, ჩვენ რომ გვეჩვენება; ან მთელი ატმის ხეები ერთბაშად რომ გახმეს, თუნდაც ხევი რომ ამოავსონ, გადაასწორონ და სათამაშო ადგილი აღარსად დაგვრჩეს, ძალიან დიდი ხნით ავად რომ გავხდე და ლოგინს მივეჯაჭვო. ამ გრძნობამ ძალიან შემაშინა. ჰოდა, არ ვიცი, მინდა მადამ ტარო გადავარჩინო. რამდენიმე კვირით ან თვით სადმე გადავმალავ, ვიდრე მაგიის სახელმძღვანელოებში ამოვიკითხავ, როგორ ავხსნა ჯადო და ცვილისგან გავათავისუფლო, რომ ამდენი ხნის შემდეგ ისევ შეძლოს ქვეყნად ცხოვრება. ჰოდა, იმდენად მადლიერი იქნება, თავის ეშმაკებიან, სასმისებიან, ძვლებიან და ხანჯლებიან ბანქოს გამიშლის, დამარიგებს, როდის ავუარო გვერდი ორმოებს და რომელ ხუთშაბათს სჯობს საერთოდ არ ავდგე საწოლიდან. და მეც უსასრულოდ, ან თითქმის უსასრულოდ, ვიცოცხლებ.

მფლანგველობას ვერ იტანდა: იცოდა, ის, რაც ერთისთვის ნაგავია, სხვისთვის შეიძლება ფუფუნებას ნიშნავდეს.

დაბადების დღეს, მაგიის შესასწავლი წიგნი რომ უნდოდა, ის არ აჩუქეს: მის მაგივრად შარვალი და პერანგი მიიღო. ეს უკვე თავისთავად საკმარისია ზაფხულის ჩასაშხამებლად.

დაგლასს ხშირად უჩნდებოდა სურვილი, ეკითხა: „ბებო, ეს არის ის ადგილი, საიდანაც ქვეყნიერება დაიწყო?“ რადგან უეჭველი იყო: სწორედ ამისთანა ადგილას ჩაეყარა საფუძველი სამყაროს. სამზარეულო უდავოდ შესაქმის შუაგულს წარმოადგენდა, რადგან ყოველივე მის გარშემო ტრიალებდა; ის გახლდათ საძირკველი, რომელზედაც ტაძარი დაფუძნებულიყო.

ნეტარება! ჟღერადობით ეს სიტყვა უკვე თავისთავად ნიშნავდა მინდორ-ველად თარეშს ველურ წაბლა ცხენებთან ერთად, პირიდან ბალახი წვერ-ულვაშივით რომ ჰკიდიათ, ანდა ოკეანის მღვიმეში თავის ჩაყოფას, რათა წყლის გოლიათური მასა ზედ გადაგევლოს. ნეტარება!

ბაბუაწვერას ღვინო სუფთად, უნაშთოდ, უკვამლოდ წვავს წარსულის განცდებს.

ინგლისურიდან თარგმნა თამარ კოტრიკაძემ
გამომცემლობა პალიტრა L, 2015წ.