Monday, September 14, 2015

სალმან რუშდი და მისი რომანი - შუაღამის შვილები


ავტორი: ირაკლი ლომოური

როგორ წიგნს დაწერდა გაბრიელ გარსია მარკესი, ინდოელი რომ ყოფილიყო? ამ, ერთი შეხედვით, აბსურდულ კითხვაზე სრულიად კონკრეტული პასუხი მაქვს - ისეთს, როგორიც დაწერა სერ სალმან რუშდიმ. 


როდესაც „შუაღამის შვილების“ კითხვას შევუდექი, გამახსენდა ყრმობა და ის შთაბეჭდილება, - ისეთივე ძლიერი, ზღვის უეცრად მოვარდნილი ტალღა რომ დაგატყდება და ქვიან ფსკერზე დაგანარცხებს, - რომელიც ჩემზე „მარტოობის ასმა წელიწადმა“ მოახდინა. მაშინ 13-14 წლისა ვიქნებოდი, ალბათ. 


ჰოდა, წარმოიდგინეთ, როგორ მესიამოვნებოდა, როდესაც სერ სალმან რუშდის შემოქმედებაზე ინტერნეტში მოძიებული მასალების გაცნობისას აღმოვაჩინე, რომ კრიტიკოსთა წარმოდგენით, ორივე მწერალი ერთი და იმავე ჟანრის, „მაგიური რეალიზმის“ დიდოსტატად მიიჩნევა... ანუ ინტუიციამ სწორად მიკარნახა!.. მართალია, კრიტიკოსებს თავისი კლიშეები თუ სტერეოტიპები აქვთ, ზოგჯერ ერთობ ხელოვნურიც, - აბა, როგორღაც ხომ უნდა განსაზღვრონ ჟანრობრივად, დააჯგუფ-დაახარისხონ გარეგნულად თუ შინაარსობრივად მეტ-ნაკლებად განსხვავებული ნაწარმოებები, - მაგრამ ამ შემთხვევაში ისინი ნამდვილად მართლები არიან. 


„შუაღამის შვილები“ რეალისტური ქრონიკაა ერთი ინდური ოჯახისა, პაკისტანში რომ გადადის საცხოვრებლად, ოღონდ ეს რეალიზმი, სინამდვილეში, „ზერეალიზმია“ - ანუ ფანტასტიკურია, ზღაპრული, მოკლედ, „მაგიურია“ და ამიტომაც ახდენს ესოდენ „მოვარდნილტალღისებურ“ შთაბეჭდილებას. 


რომანის სიუჟეტს ზოგად შტრიხებში მოვხაზავ, ალბათ, მიხვდებით, რასაც ვგულისხმობ, - და, რაც მთავარია, იმედია, წიგნის წაკითხვის სურვილი გაგიჩნდებათ! 


რომანის მთავარი გმირი, სალიმ სინაი, დაიბადება 1947 წლის 15 აგვისტოს შუაღამეს - ეს ინდოეთის დამოუკიდებლობის გამოცხადების თარიღია. როგორც მოგვიანებით ირკვევა, იმ ღამით, თორმეტიდან პირველ საათამდე, გაჩენილ ბავშვებს აქვთ პარანორმალური, ზეადამიანური თვისებები, არიან ტელეპათები, აქვთ საოცარი ყნოსვა, შეუძლიათ შეიცვალონ სქესი და ა.შ. ეს უნარ-თვისებები მით უფრო ძლიერია, რაც უფრო ახლოსაა ბავშვის დაბადების მომენტი შუაღამის 12 საათთან. 


თხრობა იწყება სალიმის პაპის, ექიმ ადამ სინაის დაბრუნებით ქაშმირში, სადაც მისი ერთ-ერთი პირველი პაციენტი ხდება მეზობელი მდიდარი მემამულის ქალიშვილი. მუსლიმური ტრადიციის მიხედვით, გასათხოვარი ქალიშვილი უცხო მამაკაცმა გაშიშვლებული არ უნდა ნახოს, ამიტომ ავადმყოფს თეთრ ზეწარში ამოჭრილი ხვრელიდან, სხეულის სხვადასხვა ადგილის დათვალიერებით სინჯავენ. ადამს მომავალი მეუღლე ასე, ნაწილ-ნაწილ უყვარდება. შეიძლება ითქვას, ზეწარს მიღმა დანახული ქალიშვილი სიმბოლურად ინდოეთს განასახიერებს: შებურულს, ამოუცნობს, მაგრამ თან მშვენიერს, მრავალსახოვანს. სალემის მდიდარი მშობლები დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე ინგლისელი კოლონისტისგან ყიდულობენ მდიდრულ ვილას, - ბომბეიში სახლდებიან. დამოუკიდებლობის გამოცხადების ღამეს სალიმის დედასთან ერთად იმავე სამშობიაროში ბავშვს აჩენს მოხეტიალე მომღერლის ცოლი, რომელსაც შვილი სინამდვილეში იმ კოლონისტისგან ჰყავს. მეანი ქალი ჩვილებს ნომრებს შეუცვლის. შედეგად, ბავშვები უცხო ოჯახებში ხვდებიან - იცვლება მათი მომავალი. მოგვიანებით საიდუმლო გამომჟღავნდება, თუმცა, სალიმი კვლავ იმ ოჯახში რჩება, სადაც თავიდან მოხვდა, და განაგრძობს ტელეპათიურ სეანსებს შუაღამისას დაბადებულ ბავშვებთან, - ისინი საიდუმლო ერთობას ქმნიან, თუმცა მათ შორის დაპირისპირებაც იჩენს თავს... სალიმ სინაის ცხოვრება ქვეყნის ბედის პარალელურად ვითარდება - ინდოეთის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდგომი მოვლენების კვალდაკვალ. ეს მოვლენები და მთავარი გმირის ცხოვრება (ისევე, როგორც შუაღამისას სხვა დაბადებულებისა) დრამატულია და ტრაგიკულიც კი. წიგნში ასევე შეხვდებით ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ინდირა განდის (სხვათა შორის, მან ავტორს ბრიტანეთის სასამართლოში უჩივლა ცილისწამებისთვის, თუმცა პროცესი ვერ მოიგო).


სერ სალმან რუშდის ამ არაჩვეულებრივ წიგნზე სიტყვას აღარ გავაგრძელებ - ქართველ მკითხველს ეძლევა საშუალება, მშობლიურ ენაზე წაიკითხოს ეს საოცრად საინტერესო რომანი, რაც ნამდვილად დიდი საჩუქარია. 


მკითხველს, ალბათ, უკვირს, რატომ ვხმარობ სალმან რუშდის, წარმოშობით ინდოელი მწერლის მისამართით ინგლისურ არისტოკრატიულ ტიტულს - „სერ“-ს? მაგრამ საქმეც ის არის, რომ 2007 წელს დედოფალმა ელისაბედმა სალმან რუშდის ბარონეტის, ანუ რაინდის წოდება მიანიჭა... 


ახლა სერ სალმან რუშდის (სრული სახელია აჰმედ სალმან რუშდი) ბიოგრაფიაზეც ვთქვათ ორიოდე სიტყვა: 


დაიბადა 1947 წელს ბომბეიში (ამჟამად მუმბაი). მამამისი, ანის რუშდი, შეძლებული ბიზნესმენი გახლდათ, თანაც კემბრიჯის უნივერსიტეტდამთავრებული. ოჯახი მუსლიმური იყო. პირველად სალმანი შეეძინათ, შემდეგ სამი გოგონა. 


მომავალმა მწერალმა კარგი განათლება მიიღო - ბომბეის კომერციული სასწავლებლიდან ინგლისის პრესტიჟულ სკოლა-პანსიონში, „რაგბი-სქულში“ მიაბარეს. მერე იყო კემბრიჯის უნივერსიტეტის სამეფო კოლეჯი. ინდოეთ-პაკისტანის ომის შემდეგ მისი ოჯახი პაკისტანში, კარაჩიში გადასახლდა. ერთხანს ტელევიზიაში მუშაობდა. თუმცა მალევე დაბრუნდა ინგლისში და კოპირაიტერობას (მერეკლამეობას) მიჰყო ხელი. 1964 წელს ბრიტანეთის მოქალაქეობა მიიღო და მას მერე ინგლისში ცხოვრობს.


პირველი რომანი „გრიმუსი“ (1975) ყურადღების მიღმა დარჩა. სამაგიეროდ, მეორე რომანმა, „შუაღამის შვილები“ (1981), პრესტიჟული „ბუკერის“ პრემია მოუტანა, თანაც სამჯერ - ბოლოს 2008 წელს, როგორც საუკეთესოთა შორის საუკეთესომ „ბუკერის“ 40-წლიან ისტორიაში. 


სერ სალმან რუშდის სკანდალური პოპულარობა მოუტანა რომანმა „სატანური ლექსტები“, რომელიც მუსლიმებმა მათი წინასწარმეტყველის, მუჰამედის შეურაცხყოფად აღიქვეს. ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ჰომეინიმ ოფიციალურად განაცხადა: რუშდის მოკვლა ალაჰისთვის სათნოაო და მკვლელისთვის ფულადი ჯილდოც დააწესა (ჯილდო რამდენჯერმე გაიზარდა და ამჟამად 3.3 მილიონ დოლარს შეადგენს).

მიუხედავად მწერლის თავზე დაკიდებული მუსლიმური „დამოკლეს მახვილისა“, იგი თავს კარგად გრძნობს, თუმცა კარჩაკეტილად ცხოვრობს, იძულებულია ინგლისის პოლიციის მუდმივი დაცვა ჰყავდეს. თუმცა ბოლო ხანს მწერალი უკვე ბედავს საზოგადოებაში გამოჩენას, ეპიზოდური როლიც კი შეასრულა მხატვრულ ფილმში „ბრიჯიტ ჯონსის დღიური“, სადაც საკუთარი თავი განასახიერა.

სერ სალმან რუშდის ოთხი ცოლი ჰყავდა: ინგლისელ მსახიობ კლარისა ლუარდთან შეეძინა ვაჟი, ზაფარი; ამერიკელ მწერალ მარიანა უიგინსისთან შვილი არ ჰყოლია; ბრიტანელ გამომცემელ ელიზაბეტ ვესტისთან ჰყავს ვაჟი მილანი; მეოთხე ცოლს, ინდოელ კინომსახიობს, მოდელსა და ტელეწამყვან პადმა ლაკშმის 2007 წელს გაშორდა. მასთან შვილი არ ჰყავს და ჯერჯერობით არც მეხუთე ცოლი შეურთავს.

2004-2006 წლებში სერ სალმან რუშდი საერთაშორისო პენცენტრის პრეზიდენტი გახლდათ.

გამომცემლობა პალიტრა L, 2013