ლევ ტოლსტოი - ომი და მშვიდობა

ტომი I

როგორ შეიძლება ჯანმრთელად იყო... როცა ზნეობრივად იტანჯები? განა შეიძლება გრძნობის პატრონი დამშვიდებული იყოს ჩვენს დროში?

ისე დარწმუნებით ლაპარაკობდა, რომ ვერავინ ვერ მიმხვდარიყო, ძალიან ჭკვიანური თუ ძალიან სულელური იყო ის, რაც მან სთქვა.

ისე არაფერი არ ესაჭიროება ახალგაზრდა კაცს, როგორც გონიერ ქალთა საზოგადოება.

გავლენა საზოგადოებაში კაპიტალია, რომელსაც გაფრთხილება სჭირია, რათა არ გაჰქრეს იგი.

„ღმერთმა გვირგვინი მომცა. ვაი იმას, ვინც ხელს ახლებს ამ გვირგვინს!“ - სთქვა ანდრეიმ (ბონაპარტეს სიტყვები, წარმოთქმული მაშინ, როდესაც მან სამეფო გვირგვინი დაიდგა თავზე) - ამბობენ საუცხოო იყოო ბონაპარტე ამ სიტყვების წარმოთქმისას, - დაუმატა ანდრეიმ და ერთხელ კიდევ გაიმეორა იტალიურად: - Dio mi la dona, guai a chi la tocca”.

ბურბონები გაექცნენ რევოლუციას, მათ ხალხი ანარქიას ჩაუგდეს ხელში. ნაპოლეონი კი მიხვდა რას წარმოადგენდა რევოლუცია და დაამარცხა იგი; ამიტომ საერთო კეთილდღეობისათვის იგი ვერ შეჩერდებოდა ერთი ადამიანის სიცოცხლის წინაშე.

არ შეიძლება, mon, cher ყველგან იმის თქმა, რასაც ფიქრობ.

ყველა რომ თავისი რწმენის მიხედვით ომობდეს, ომი აღარ იქნებოდა.

ნურასოდეს, ნურასოდეს ნუ შეირთავ ცოლს, ჩემო მეგობარო. აი ჩემი რჩევა. ნუ შეირთავ ცოლს იმ დრომდე, სანამ არ ეტყვი შენს თავს - გავაკეთე ყველაფერი, რის გაკეთებაც შემეძლოო. და იმ დრომდე, სანამ არ გაგიქრება იმ ქალის სიყვარული, რომელსაც შენ აირჩევ, სანამ ცხადად და ნათლად არ დაინახავ მას, თორემ შესცდები სასტიკად და გამოუსწორებლად. შეირთე ცოლი მოხუცმა, როცა ყოვლად უვარგისი გახდები... თორემ დაგეღუპება ყველაფერი, რაც შენში კარგი და მაღალია, ყველაფერი წვრილმანებზე დაიხარჯება. დიაღ, დიაღ, დიაღ! ნუ მიყურებ მაგრე გაოცებული. თუ მოელი შენი თავისაგან რაიმეს მომავალში, ყოველ ნაბიჯზე იგრძნობ, რომ შენთვის ყველაფერი გათავებულია, ყველაფერი დახშულია, სასტუმრო ოთახის გარდა, სადაც შენ გატოლებული იქნები სამეფო კარის ლაქიასთან და იდიოტთან... დიაღ!..

თუ ქალს გადაეკიდე, დაჰკარგავ ყოველგვარ თავისუფლებას, როგორც ხელ-ფეხშებორკილი პატიმარი. და ყოველივე, რაც შენში მოიპოვება - იმედი და ძალ-ღონე, ლოდივით დაგაწვება და სინანულად გადაგექცევა. სადარბაზო ოთახები, ჭორები, ბალები, მედიდურება, არარაობა, - აი ის მოჯადოებული წრე.

საუკეთესო, მეგობრულ და უბრალო ურთიერთობაში პირფერობა ან ქება ისევე აუცილებელია, როგორც საპნის წასმა ურმის თვლისათვის.

უფროსი ბავშვების აღზრდისას მშობლები მუდამ ჭკუას ძალას ატანენ, უნდათ რაღაც არაჩვეულებრივ ადამიანებად აქციონ.

რელიგია რომ ნუგეშად არ გვქონდეს, ცხოვრება მეტად მწუხარე იქნებოდა.

განშორებისა და ცხოვრების შეცვლის წუთებში ადამიანს, რომელსაც თავისი საქციელი მოფიქრების უნარი შესწევს, ჩვეულებრივად სერიოზული აზრები იპყრობენ. ამ წუთებში ხდება წარსულის შემოწმება და მომავლის გეგმების გათვალისწინება.

ჩვენ ადამიანები გვიყვარან არა იმდენად იმ სიკეთისთვის, რომელიც მათ მოგვიტანეს, რამდენადაც იმ სიკეთისთვის, რომელიც ჩვენ მოვუტანეთ მათ.

ერთი ნაბიჯი ამ ხაზს იქით, რომელიც ცოცხლებისა და მკვდრების გამყოფ ხაზს გვაგონებს, და მზად არის შეუცნობელი ტანჯვა და სიკვდილი. მერე რა არის იქ? ვინ არის იქ? იქ, ამ მინდორს იქით, ამ ხის, მზით განათებულ სახურავს იქით? არავინ არ იცის, გინდა კი იცოდე; საშინელებაა ამ ხაზზე გადასვლა, მაგრამ გინდა გადასვლა; იცი კიდეც, რომ ადრე თუ გვიან მოგიხდება გადასვლა და იმის გაგება, თუ რა არის იქ, ხაზის მეორე მხარეს, როგორც აუცილებლად მოგიხდება იმის გაგება, თუ რა არის სიკვდილს იქით. თავათ კი ღონიერი ხარ, ჯანმრთელი, მხიარული და გაგულისებული, გარსაც ასეთი ჯანმრთელი და გაგულისებულ-გაცხოველებული ადამიანები გახვევიან“. თუ ასე არა ფიქრობს, ასე მაინც გრძნობს ყოველი ადამიანი, რომელიც მტრის პირისპირ დგას, და ეს გრძნობა ყველაფერს იმ წუთში მომხდარს განსაკუთრებულ ელვარებას და შთაბეჭდილებათა სასიხარულო სიმძაფრეს აძლევს.

სულ ერთია, ტყვია თავის საკბილოს იპოვის.

დადგა ზნეობრივი ყოყმანის ის წუთი, რომელიც ბრძოლის ბედსა სწყვეტს: შეისმენენ ჯარისკაცთა არეული ბრბოები თავიანთი უფროსის სიტყვას თუ შეავლებენ მხოლოდ თვალს და განაგრძობენ სირბილს?

ორივე ქალი ყოვლად გულწრფელად ცდილობდა მარიას გალამაზებას. იგი იმდენად გონჯი იყო, რომ არც ერთს არ მოსდიოდა აზრად მასთან მეტოქეობა; ამიტომ სრულიად გულწრფელად, ქალის იმ გულუბრყვილო და მტკიცე რწმენით, რომ მორთულბას შეუძლიან სახის გალამაზება, შეუდგნენ ისინი მარის ჩაცმა-გამოწყობას.

როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე უმამაკაცო საზოგადოებაში, ანატოლის გამოჩენისთანავე სამივე ქალმა თავად ნიკოლაი ანდრეევიჩის სახლში ერთნაირად იგრძნო, რომ მათი ცხოვრება მანამდე ცხოვრება არ იყო. მოსაზრების, შეგრძნობის, დაკვირვების ძალა სამივეს ერთბაშად გაუათკეცდა, და თითქოს მათი ცხოვრება, მანამდე წყვდიადში მომწყვდეული, უეცრად გააშუქა ახალმა, მნიშვნელობით აღსავსე სინათლემ.

რაკი ერთხელვე სამხედრო სამსახურის კარიერას დაადგება კაცი, უნდა ეცადოს, ეს კარიერა რაც შეიძლება ბრწყინვალე იყოს.

როსტოვი სიმართლის მოყვარული ახალგაზრდა იყო და არაფრის გულისთვის განგებ ტყუილს არ იტყოდა. დაიწყო იმ განზრახვით, რომ ყველაფერი გადაეცა ისე, როგორც ნამდვილად მოხდა, მაგრამ თავისდა შეუმჩნევლად, უნებურად და აუცილებლად სიმართლეს გადაუხვია. მას რომ სიმართლე გადაეცა ამ მსმენელებისათვის, რომელთაც მასავით მრავალჯერ გაუგონიათ ამბები იერიშებზე და გარკვეული აზრი შეუდგენიათ იმაზე, თუ რა არის იერიში, და რომელნიც სწორედ ასეთსავე ამბავს მოელოდნენ როსტოვისაგან, ისინი ან არ დაუჯერებდნენ ნაამბობს, ან უფრო უარესი: იფიქრებდნენ, თავათ როსტოვი ყოფილა უფრო დამნაშავე, რომ მას არ შეემთხვევა ის, რაც ცხენოსანთა იერიშების მომთხრობთ შეემთხვევათ ხოლმეო. ხომ ვერ მოუთხრობდა უბრალოდ იმას, რაც ნამდვილად მოხდა: როგორ გაემართნენ ყველანი ჩორთით, როგორ გადმოვარდა იგი ცხენიდან, როგორ იღრძო ხელი და მერე ფრანგის დანახვაზე, როგორ მოკურცხლა რაც ძალა და ღონე ჰქონდა ტყისკენ. გარდა ამისა, იმისთვის, რომ გადაეცა ყველაფერი ისე, როგორც მოხდა, ძალა უნდა დაეტანებინა თავის თავისთვის, რათა მოჰყოლოდა მხოლოდ იმას, რაც შეემთხვა. მეტად ძნელია სიმართლის გადაცემა, და იშვიათად თუ რომელიმე ახალგაზრდას შესწევს ამის უნარი.

ჯარისკაცებმა, მკერდ-გამოშვერილებმა, შეჰყვირეს: „ურა!“ უნაგირისკენ დახრილმა როსტოვმაც შეჰყვირა, რაც ძალა და ღონე ჰქონდა; გულით სწადდა ამ ყვირილით ევნო რამე თავის თავისთვის, რათა ამით სავსებით გამოეხატა თავისი აღტაცება ხელმწიფისადმი.

არა, არ უნდა დავივიწყოთ სუვოროვი და მისი წესი: თავათ უნდა მიიტანო იერიში და არა იცადო, სანამ შენზე მოიტანენ იერიშს. მერწმუნეთ, ომში ახალგაზრდა კაცების ენერგია ხშირად უფრო სწორედ უჩვენებს გზას, ვიდრე მოხუცი კუნქტატორების მთელი გამოცდილება.

ჯარისკაცები ბრძოლის დღეებში აღგზნებულად ცდილობენ გადალახონ თავიანთი პოლკის ინტერესები, ყურს უგდებენ, თვალს ადევნებენ ყველაფერს, ხარბად კითხულობენ, რა ხდება მათ ირგვლივ.

თავადი ანდრეი შეჰყურებდა თვალებში ნაპოლეონს და ფიქრობდა სიდიადის არარაობაზე, ცხოვრების არარაობაზე, რომლის მნიშვნელობასაც ვერავინ მიმხვდარა, და სიკვდილის უფრო მეტ არარაობაზე, - სიკვდილის, რომლის აზრიც ცოცხალთაგან ვერავის ვერ გაუგია და ვერ აუხსნია.

კარგი იქნებოდა, - გაიფიქრა თავადმა ანდრეიმ, დახედა რა ხატს, რომელიც ასეთის გრძნობით და მოწიწებით ჩამოჰკიდა დამ, - კარგი იქნებოდა, ყველაფერი რომ ისე ნათელი და უბრალო იყოს, როგორც თავადის ასულს მარიას ეჩვენება. რა კარგი იქნებოდა ვიცოდეთ, სად უნდა ვეძიოთ დახმარება ამ ცხოვრებაში და რას უნდა მოველოდეთ ამ ცხოვრების შემდეგ, იქ, სამარეში! რა ბედნიერი და დამშვიდებული ვიქნებოდი, რომ შემეძლოს ვთქვა: უფალო შემიწყალე!.. მაგრამ ვის უნდა ვუთხრა ეს? ან ძალა - გაურკვეველი, მიუწვდომელი, რომელსაც მე ვერა თუ ვერ მივმართავ, სიტყვითაც ვერ გამოვხატავ, - დიადია, ყველაფერია ან არაფერია, - ეუბნებოდა თავადი ანდრეი თავის თავს. - ან იქნებ ეს ის ღმერთია, რომელიც აი აქ არის ჩაკერებული, ამ ავგაროზში, თავადის ასულის მარიას მიერ? არა არის რა სწორე, გარდა ყოველივე იმის არარაობისა, რაც ჩემთვის გასაგებია, და რაღაც გაუგებარის, მაგრამ უმნიშვნელოს სიდიადისა“.

ტომი II

თუ დუელზე წასვლამდე შეუდექი ანდერძებისა და მშობლებისადმი ნაზი წერილების წერას, თუ გაიფიქრე, რომ შეიძლება მოგკლანო, სულელი ყოფილხარ და დანამდვილებით დაიღუპები; წადი დუელში იმ მტკიცე განზრახვით, რომ რაც შეიძლება ჩქარა და უყოყმანოდ მოჰკლა მოწინააღმდეგე. მაშინ ყველაფერი კარგად ჩაივლის.

„ლუდოვიკო XVI (გაუელვა პიერს თავში) სიკვდილით დასაჯეს იმისთვის, რომ იგი, როგორც ისინი ამბობდნენ, უპატიოსნო და დამნაშავე კაცი იყო, და ისინი, თავიანთი თვალსაზრისით, მართალნი იყვნენ ისევე, როგორც მართალნი იყვნენ ისინი, ვინც მისთვის მოწამებრივი სიკვდილით კვდებოდა და ვინც მას წმინდანად რაცხდა. შემდეგში რობესპიერი სიკვდილით დასაჯეს იმისთვის, რომ იგი დესპოტი იყო. ვინ არის მართალი, ვინ დამნაშავე? არავინ, ხოლო რაკი ცოცხალი ხარ, იცხოვრე, ხვალ მოკვდები ისევე, როგორც მე შემეძლო მოვმკვდარიყავი ერთი საათის წინად, ღირს კი ამისთვის ტანჯვა, როდესაც მარადისობასთან შედარებით ერთი წამი სიცოცხლე გრჩება?“

ლუდოვიკო XVI სიკვდილით დასაჯეს იმისთვის, რომ მას დამნაშავედ სთვლიდნენ, ერთი წლის შემდეგ კი დახოცეს ისინი, ვინც იგი დასაჯა, დახოცეს აგრეთვე რიღაცისთვის. რა არის ცუდი? რა არის კარგი? რა უნდა გვიყვარდეს, რა უნდა გვძულდეს? რისთვის უნდა ვცხოვრობდე და რა ვარ მე? რა არის სიცოცხლე, რა არის სიკვდილი? რა ძალა განაგებს ყოველივეს?

მოკვდები - ყველაფერი გათავდება, მოკვდები და ყველაფერს გაიგებ ან აღარაფერს აღარ იკითხავ. მაგრამ სიკვიდლიც რომ საზარელია.

განა არის ამ ქვეყნად ისეთი რამ, რაც ნაკლებად მიდრეკილს გახდის მას და მე ბოროტებისა და სიკვდილისადმი? სიკვდილი, რომელიც ყველაფერს ბოლოს მოუღებს და რომელიც უნდა მოვიდეს დღეს თუ ხვალ, რას წარმოადგენს მარადისობასთან შედარებით?

ჩვენ შეგვიძლია ვიცოდეთ მხოლოდ ის, რომ არა ვიცით-რა. ეს ადამიანის სიბრძნის უმაღლესი საფეხურია.

თქვენ არ იცნობთ ღმერთს, ხელმწიფეო ჩემო, და ამიტომ ძალიან უბედური ხართ. თქვენ არ იცნობთ მას, ის კი აქ არის, ის ჩემშია, ჩემს სიტყვებში, ის შენშია, იმ წამბილწველ სიტყვებშიაც-კი, რომლებიც შენ წარმოსთქვი.

ვინ გამოიგონა ღმერთი, თუ იგი არ არსებობს?

უმაღლესი სიბრძნე არ ემყარება მარტოოდენ გონებას, იმ საერო მეცნიერებებს - ფიზიკას, ისტორიას, ქიმიასა და სხვებს, რომლებზედაც იყოფა გონებრივი ცოდნა. უმაღლესი სიბრძნე ერთად-ერთია. უმაღლეს სიბრძნეს აქვს ერთი მეცნიერება - ყველაფრის მეცნიერება, მეცნიერება, რომელიც ხსნის მთელი ქვეყნიერების წარმოშობას და ადამიანის ადგილს ამ ქვეყნიერებაში. იმისთვის, რომ დაიტიო შენში ეს მეცნიერება, უნდა გასწმინდო და განაახლო საკუთარი შინაგანი ადამიანი, და ამიტომ ვიდრე ცოდნას მოიპოვებდე, უნდა ირწმუნო და სრულყოფას ესწრაფო. ამ მიზნების მისაღწევად ჩვენს სულში ჩანერგილია ღვთაებრივი სინათლე, სინიდისად წოდებული.

იგი, როგორც თვითონ წარმოედგინა, ბიწიერი იყო მხოლოდ იმიტომ, რომ მას ერთხელ როგორღაც შემთხვევით გადაავიწყდა, თუ რა კარგია სათნო ადამიანად ყოფნა.

ადამიანებს არ ძალუძთ განსაჯონ, რა არის სამართლიანი და უსამართლო. ადამიანები მუდამ სცდებოდნენ და მომავალშიაც შესცდებიან, და ყველაზე მეტად შესცდებიან იმაში, რაც მათ სამართლიანად და უსამართლოდ მიაჩნიათ.

შეუზღუდავი ძალა-უფლების ამ პირობებში აღზრდილი კარგი ადამიანები წლების განმავლობაში, როცა ისინი ბრაზიანები ხდებიან, მკაცრდებიან, უხეშდებიან; იციან ეს, მაგრამ თავი ვერ შეუკავებიათ და უფრო და უფრო უბედურნი ხდებიან.

განკიცხვის ღირსია ყოველი ნაძალადევი რეფორმა, იმიტომ რომ იგი ოდნავადაც ვერ გამოასწორებს ბოროტებას, ვიდრე ადამაინები ისეთებად დარჩებიან, როგორნიც არიან, იმიტომ კიდევ, რომ სიბრძნე არ საჭიროებს ძალადობას.

მხოლოდ საზოგადოებაში განცდილი მღელვარებით შეგვიძლია მივაღწიოთ სამ მთავარ მიზანს: 1) თვითშეცნობას, რადგან ადამიანი თავის თავს შეიცნობს მხოლოდ შედარებით, 2) სრულყოფას, რაც მხოლოდ ბრძოლით მოიპოვება და 3) მთავარ სიქველეს - სიყვარულს სიკვდილისადმი, მხოლოდ ცხოვრების უკუღმართობას შეუძლია დაგვანახვოს თავისი ამაოება, მხოლოდ მას შეუძლია ხელი შეუწყოს ჩვენში ჩანერგილ სიყვარულს სიკვდილისადმი ან ჩვენი ცხოვრების განახლებას.

დეე, მკვდრებმა დამარხონ თავიანთი მკვდრები, მე-კი, სანამ ცოცხალი ვარ, უნდა ვიცხოვრო და ბედნიერი ვიყო.

ვერავითარი დაბრკოლება ვერ შეაჩერებს რუსებს!

როდესაც სიამაყე წამოუვლიდა, როცა ფიქრობდა თავის მდგომარეობაზე, ეჩვენებოდა, თითქოს იგი სულ სხვა ადამიანი ყოფილიყოს, განსხვავებული იმ გადამდგარ კამერჰერებისგან, რომელნიც ასე სძულდა წინად, რომ ისინი უხამსი და სულელი არსებები იყვნენ, კმაყოფილნი და დამშვიდებულნი თავიანთი მდგომარეობით, მე-კი დღესაც ისევე უკმაყოფილო ვარ, სულ მინდა რაღაც მოვიმოქმედო კაცობრიობისთვისო, - ანუგეშებდა ის თავის თავს სიამაყის ჟამს. „მაგრამ იქნებ ის ჩემი ამხანაგებიც, სწორედ ისევე, როგორც მე, თავს იმტვრევდნენ, ეძიებდნენ რაღაც ახალ, თავის საკუთარ გზას ცხოვრებაში და ისევე, როგორც მე, ვითარების, საზოგადოების, მოდგმის ძალამ, იმ სტიქიურმა ძალამ, რომლის წინაშეც ადამიანი უძლურია, მიიყვანა ისინი იქ, სადაც მე მივედი“, - ეუბნებოდა ის თავის თავს მოკრძალების წუთებში.

ის განიცდიდა მრავალთა, მეტადრე რუს ადამიანთა უბედურებას: მათ აქვთ უნარი დაინახონ და იწამონ სიკეთისა და სიმართლის შესაძლებლობა, იმავე დროს ისინი მეტად ცხადად ხედავენ ცხოვრების ბოროტებასა და სიცრუეს, რაც შეუძლებელს ხდის მათთვის მიიღონ სერიოზული მონაწილეობა ამ ცხოვრებაში.

ვინ ხდის ქალაქს სასიამოვნოს? - ლამაზი ქალები.

თარგმანი ილია აგლაძისა
საქართველოს სსრ სახელმწიფო გამომცემლობა, თბილისი, 1948წ.

ტომი III

... წესიერი, მკაცრი კარისკაცი, რომელსაც არ ეხერხებოდა თავისი ერთგულება გამოეხატა სხვანაირად, თუ არა სისასტიკით. სახელმწიფო ორგანიზმის მექანიზმში ისევე საჭიროა ასეთი ადამიანები, როგორც მგლები - ბუნებაში. ამიტომ ისინი მუდამ არიან, ყოველთვის ჩნდებიან და ძლებენ, რაგინდ შეუსაბამოც უნდა იყოს მთავრობის მეთაურთან მათი ყოფნა და სიახლოვე.

ხელმწიფე არმიასთან მხოლოდ მაშინ უნდა იმყოფებოდეს, როცა იგი სარდალია!

შვედების ხვედრია იყვნენ გიჟი მეფეების მმართველობაში. მათი მეფე გიჟი იყო, ის შეცვალეს და აიყვანეს სხვა - ბერნადოტი, რომელიც მაშინვე შეირყა. იმიტომ, რომ მხოლოდ გიჟ შვედს შეუძლია კავშირი დადოს რუსეთთან, - ნაპოლეონმა ბოროტად ჩაიცინა და საბურნუთე კვლავ ცხვირთან მიიტანა.

დიდძალი მონასტერი და ეკლესია მუდამ ხალხის ჩამორჩენილობის ნიშანი ყოფილა, - თქვა ნაპოლეონმა.

რა არარაობა შეიძლება გახდეს ადამიანთა უბედურების მიზეზი!

მწუხარება ადამიანთა მიერ კი არ არის შექმნილი, არამედ მათთვის არის გამოგზავნილი. ადამიანია მისი იარაღი!

სამხედრო საქმეში არაფერს ნიშნავს თუნდაც უაღრესად ღრმააზროვნად მოფიქრებული გეგმები, რომ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ და ვინ წარმართავს მთელ საქმეს.

ყველაზე ცუდი, მაგრამ დამოუკიდებელი მთავარსარდალი უკეთესი იქნება საუკეთესოზე, რომელიც ხელფეხშეკრულია ხელმწიფის ყოფნით და ძალაუფლებით.

მხოლოდ გერმანელები არიან თავდაჯერებულნი განყენებული იდეის - მეცნიერების, ესე იგი, სრული ჭეშმარიტების ვითომდა ცოდნის საფუძველზე. ფრანგი თავდაჯერებულია ხოლმე იმიტომ, რომ თავი მიაჩნია როგორც ჭკუით, ისე სხეულით, პირდაპირ მომხიბვლელად როგორც მამაკაცების, ისე ქალებისთვის. ინგლისელი თავდაჯერებულია იმის საფუძველზე, რომ იგია მსოფლიოში ყველაზე კეთილმოწყობილი სახელმწიფოს მოქალაქე და იმიტომ, რომ, როგორც ინგლისელმა, მუდამ იცის, რა უნდა აკეთოს, და იცის, რომ ყველაფერი, რასაც აკეთებს როგორც ინგლისელი, უეჭველად კარგია. იტალიელი თავდაჯერებულია იმიტომ, რომ აღელდება და ადვილად ივიწყებს თავის თავსაც და სხვებსაც. რუსი თავდაჯერებულია სწორედ იმიტომ, რომ არაფერი იცის და არც სურს იცოდეს, რადგანაც არ სწამს, რომ შესაძლებელია რაიმე იცოდე სრულად. გერმანელი თავდაჯერებულია ყველაზე ცუდად, ყველაზე მტკიცედ და ყველაზე საზიზღრად, იმიტომ, რომ ჰგონია იცის ჭეშმარიტება, მეცნიერება, რომელიც თვითონ გამოიგონა, მაგრამ რომელიც მისთვის აბსოლუტური ჭეშმარიტებაა.

სამხედრო პირები მოსილნი არიან ბრწყინვალებითა და ძალაუფლებით და გაიძვერათა მასები ელიქნებიან ხელისუფლებას, გენიოსის უჩვეულო თვისებებს ანიჭებენ, გენიოსებს უწოდებენ. პირიქით, საუკეთესო გენერლები, რომელთაც მე ვიცნობდი, უჭკუო ან აბნეული ადამიანები იყვნენ. ... არათუ გენიოსობა ანდა რაიმე განსაკუთრებული თვისებანი ესაჭიროება კარგ მხედართმთავარს, არამედ, პირიქით, საჭიროა არ გააჩნდეს არავითარი უაღრესად ადამიანური, მაღალი და საუკეთესო თვისებანი - სიყვარული, პოეზია, სინაზე, ფილოსოფიურად გამჭრიახი დაეჭვება. იგი უნდა იყოს შეზღუდული. მტკიცედ დარწმუნებული იმაში, რომ ის, რასაც აკეთებს, მეტად მნიშვნელოვანია (თორემ მას არ ეყოფა მოთმინება), და მხოლოდ მაშინ იქნება იგი მამაცი მხედართმთავარი. ღმერთმა ნუ ქნას, თუ იგი ადამიანია, შეიყვარა ვინმე, შეიბრალა, იფიქრა იმაზე, რა არის სამართლიანი და რა არა.

არა დენთი წყვეტს საქმეს, არამედ ისინი, ვინც იგი გამოიგონა.

კარგი მოთამაშე, რომელმაც ჭადრაკში წააგო, გულწრფელად დარწმუნებულია, რომ წაგება გამოიწვია მისმა შეცდომამ, და ამ შეცდომას ეძებს თავისი თამაშის დასაწყისში; მაგრამ ივიწყებს,რომ ყოველი მისი ნაბიჯი, მთელი თამაშის განმავლობაში, შეიცავდა ასეთსავე შეცდომებს, რომ არც ერთი მისი სვლა სრულყოფილი არ ყოფილა. შეცდომა, რომელსაც იგი ყურადღებას აქცევს, შესამჩნევია მხოლოდ იმიტომ, რომ მოწინააღმდეგემ ისარგებლა იმით. ხოლო რამდენად ამაზე უფრო ძლიერია ომის თამაში, რომელიც წარმოებს დროის ცნობილ პირობებში, სადაც ერთი ნება როდი ხელმძღვანელობს უსიცოცხლო მანქანებს, არამედ სადაც ყველაფერი გამომდინარეობს სხვადასხვა თვითნებობის ურიცხვი შეჯახებიდან?

მთავარი საშუალება იმისთვის, რომ ადამიანები გემორჩილებოდნენ, ის არის, არ უჩვენო ეჭვი, რომ მათ შეუძლიათ არ დაგემორჩილონ.

ყველაფერი დროზე მოდის იმისთვის, ვისაც ლოდინი შეუძლია. ... ყველაფერი ჩქარაო, ხოლო ჩქარა დიდხანს გამოდის.

ამ ორ მეომარზე, - მოთმინებასა და დროზე უფრო ძლიერი მეომრები არ არიან; ისინი ყველაფერს გააკეთებენ.

საფრთხის მოახლოებისას ადამიანის სულში ლაპარაკობს მუდამ ორი ხმა თანაბარი ძალით: ერთი მეტად გონივრულად ლაპარაკობს იმაზე, რომ ადამიანმა შეიგნოს საფრთხის რაობა და მოიფიქროს მისგან გადარჩენის საშუალებანი. მეორე უფრო გონივრულად ლაპარაკობს, რომ მეტად საძნელო და მტანჯველია საფრთხეზე ფიქრი მაშინ, როცა ყველაფრის განჭვრეტა და საქმის საერთო მსვლელობისთვის თავის დაღწევა ადამიანს არ ძალუძს, ამიტომ სჯობს თვალი მოარიდო ძნელ ყოფას, სანამ იგი არ დამდგარა და სასიამოვნოზე იფიქრო. მარტოობაში ადამიანი მეტწილად პირველ ხმას უჯერებს. საზოგადოებაში კი, პირიქით, - მეორეს.

- კი მაგრამ, ხომ ამბობენ, ომი ჭადრაკის თამაშს ჰგავსო.

- დიახ, მხოლოდ იმ მცირე განსხვავებით, რომ ჭადრაკში შენ შეგიძლია ყოველ სვლაზე იფიქრო რამდენიც გნებავს, რომ იქ შენ დროის პირობებს არ იცავ და კიდევ იმ განსხვავებით, რომ მხედარი მუდამ უფრო ძლიერია პაიკზე და ორი პაიკი მუდამ უფრო ძლიერია ერთ პაიკზე, ხოლო ომში ერთი ბატალიონი ზოგჯერ დივიზიაზე უფრო ძლიერია, ზოგჯერ კი ასეულზე სუსტია. ჯარის შედარებითი ძალა არავისთვის შეიძლება იყოს ცნობილი.

ბრძოლას ის იგებს, ვინც მტკიცედ გადაწყვიტა მისი მოგება.

ომი თავაზიანობა კი არა, ყველაზე საზიზღარი საქმეა ცხოვრებაში, უნდა გესმოდეს ეს და არ თამაშობდე ომობანას. მტკიცედ და სერიოზულად უნდა მიიღო ეს საშინელი აუცილებლობა. ყველაზე მთავარია: უკუაგდო სიყალბე; თუ ომია, ომი უნდა იყოს და არა სათამაშო, თორემ ომი მხოლოდ უქნარა და ქარაფშუტა ადამიანებისთვის არის საყვარელი გასართობი... სამხედრო წოდება ყველაზე პატივცემულია. ხოლო რა არის ომი, რა არის საჭირო ომის საქმეში წარმატებისთვის, როგორია სამხედრო საზოგადოების ზნე-ჩვეულებანი? ომის მიზანია მკვლელობა, ომის იარაღია ჯაშუშობა, ღალატი და მისი წახალისება, მცხოვრებთა განადგურება, მათი გაძარცვა ან ქურდობა ჯარის სარჩენად; მოტყუება და სიცრუე, რომელთაც სამხედრო ცბიერებას ეძახიან; სამხედრო წოდების ზნე-ჩვეულებაა თავისუფლების უქონლობა, ესე იგი, დისციპლინა, უქნარობა, უვიცობა, სისასტიკე, გარყვნილება, ლოთობა. მიუხედავად ამისა - ეს არის უმაღლესი წოდება, რომელსაც ყველა პატივს სცემს. ყველა მეფეს, გარდა ჩინეთის მეფისა, სამხედრო მუნდირი აცვია, და იმას, ვინც მეტი ხალხი დახოცა, მეტ ჯილდოსაც აძლევენ... ერთმანეთს შეხვდებიან, როგორც ხვალ, ურთიერთის დასახოცავად, გაჟლეტენ, დაასახიჩრებენ ათიათასობით ადამიანს, ხოლო შემდეგ გადაიხდიან სამადლობელ პარაკლისებს იმისთვის, რომ ბევრი ხალხი გაწყვიტეს (რომელთა რაოდენობას კიდევ მიუმატებენ) და აცხადებენ გამარჯვებას, რაკი ფიქრობენ, რომ რაც უფრო მეტი ხალხი დაიხოცა, დამსახურებაც მით უფრო დიდია. ღმერთი როგორ უცქერის და უსმენს მათ იქიდან!

***

წმინდა ელენეს კუნძულზეც, განმარტოებულ სიწყნარეში, სადაც იგი ამბობდა: ვაპირებდი ჩემი მოცალეობა მიმეძღვნა იმ დიდი საქმეების აღწერისთვის, რომლებიც ჩავიდინეო, იგი წერდა:

„რუსეთის ომი ყველაზე პოპულარული უნდა ყოფილიყო უახლეს დროში: ეს იყო საღი აზრისა და ნამდვილი სარგებლიანობის ომი, ყველას სიმშვიდისა და უშიშროების ომი; იგი იყო პირწმინდა მშვიდობისმოყვარული და კონსერვატორული.

ეს იყო დიადი მიზნისთვის, შემთხვევითობათა დასასრულისა და სიმშვიდის დაწყებისთვის. გამოჩნდებოდა ახალი ჰორიზონტი, ახალი შრომა, აღსავსე ყველა სიკეთითა და კეთილდღეობით. ევროპის სისტემა დამყარებული იქნებოდა, საჭირო გახდებოდა მხოლოდ მისი დაწესება.

ამ დიდ საკითხებში დაკმაყოფილებულს და ყველგან დამშვიდებულს, მეც მექნებოდა ჩემი კონგრესი და ჩემი წმინდა კავშირი. ეს არის აზრები, რომლებიც მე მომპარეს. დიდ ხელმწიფეთა ამ კრებაში ჩვენ ერთობლივად განვიხილავდით ჩვენს ინტერესებს და ანგარიშს გავუწევდით ხალხებს, ისევე, როგორც გადამწერელი - პატრონს.

ევროპა მართლაც მალე შეადგენდა ამრიგად ერთსა და იმავე ხალხს, და ყველას, ვისაც სად უნდა ემოგზაურა, მუდამ საერთო სამშობლოში იქნებოდა.

და ვათქმევინებდი, რომ ყველა მდინარე სანაოსნო ყოფილიყო ყველასთვის, რომ ზღვა ყოფილიყო საერთო, რომ მუდმივი, დიდი არმიები შემცირებულიყო მხოლოდ ხელმწიფეთა გვარდიამდე და სხვ.

დავბრუნდებოდი საფრანგეთში თუ არა, დიდ, ძლიერ, დიდებულ, მშვიდ, სახელოვან სამშობლოში, მის საზღვრებს გამოვაცხადებდი უცვლელად; ყოველ მომავალ ომს - თავდაცვით ომად; ყოველგვარ ახალ გავრცელებას - ანტიეროვნულად. ჩემს ვაჟს ვაზიარებდი იმპერიის მართვას; დამთავრდებოდა ჩემი დიქტატურა და დაიწყებოდა მისი კონსტიტუციური მართვა...

პარიზი იქნებოდა მსოფლიოს დედაქალაქი, ფრანგები კი - ყველა ერის შურის საგანი!..

შემდეგ ჩემს მოცალეობასა და უკანასკნელ დღეებს მივუძღვნიდი იმას, რომ, დედოფლის დახმარებით და ჩემი ვაჟის სამეფო აღზრდისას, როგორც ნამდვილ სოფლელ ცოლ-ქმარს, საკუთარი ცხენებით, ნელ-ნელა შემოგვევლო, სახელმწიფოს ყველა კუთხე, ყურად მეღო საჩივრები, მომესპო უსამართლობა და ყოველ მხარეში და ყველგან მომეფინა ცოდნა და სიკეთე“.

***

გონებისთვის გაუგებარია აბსოლუტური განუწყვეტელი მოძრაობა. ადამიანისთვის რომელიმე მოძრაობის კანონი გასაგები მხოლოდ მაშინ ხდება, როცა იგი განიხილავს ამ მოძრაობის თვითნებურად აღებულ ერთეულებს. მაგრამ უწყვეტი მოძრაობის წყვეტილ ერთეულებად სწორედ ამ თვითნებური დაყოფისგან წარმოდგება ადამიანთა შეცდომების უმეტესობა.

კაცობრიობის მოძრაობა, რომელიც გამომდინარეობს ადამიანთა უთვალავი თვითნებობისგან, განუწყვეტლივ წარმოებს.

ყოველი რუსი ადამიანი, როცა მოსკოვს ხედავს, გრძნობს, რომ იგი დედაცაა; ყოველი უცხოელი, რომელიც მას ხედავს და არ იცის მისი დედობრივი მნიშვნელობა, უნდა გრძნობდეს ამ ქალაქის ქალურ ხასიათს და ნაპოლეონი გრძნობდა მას.

მტრის მიერ დაკავებული ქალაქი ჰგავს ქალწულს, რომელმაც უბიწოება დაკარგა.

დიდებული მომენტი თუ მეტად დიდხანს გაგრძელდა, კარგავს თავის დიდებულებას.

როგორც კი დავუშვებთ, რომ რაღაც ემუქრებოდა ხალხის სიმშვიდეს, მყისვე ყოველგვარი მოქმედება გამართლებული ხდება. ტერორის მთელი საშინელება მხოლოდ ხალხის მშვიდობისთვის ზრუნვას ემყარებოდა.

მას შემდეგ, რაც მსოფლიო არსებობს და ადამიანები ერთმანეთს ხოცავენ, არასოდეს არც ერთ ადამიანს დანაშაული ისე არ ჩაუდენია თავის მსგავსთა მიმართ, რომ სწორედ ამ აზრით არ დაემშვიდებინოს თავი. ეს აზრი არის le bien publique (საზოგადოების კეთილდღეობა), სხვა ადამიანთა კეთილდღეობა. იმ ადამიანისთვის, რომელიც ვნებით არის გამსჭვალული, ეს სიკეთე სრულიად უცნობია; მაგრამ ადამიანმა, რომელიც დანაშაულს სჩადის, მუდამ ნამდვილად იცის, რა არის ეს სიკეთე.

სიმდიდრე, ძალაუფლება, სიცოცხლე, ყოველივე ის, რასაც ასეთი მონდომებით აწყობენ და უფრთხილდებიან ადამიანები, - ყოველივე ეს, თუკი რადმე ღირს, მხოლოდ იმ სიტკბოდ, რომლითაც ყოვლეივე ეს შეიძლება უკუაგდო.

ძვირფასი კაცის სიყვარული შეიძლება მხოლოდ ადამიანური სიყვარულით; მაგრამ მხოლოდ მტერი შეიძლება გიყვარდეს ღვთიური სიყვარულით.

ტომი IV

ამწყოს პირადი ინტერესები იმდენად მნიშვნელოვანია საერთო ინტერესებზე, რომ მათ იქით არასოდეს იგრძნობა (სრულიადაც არ შეიმჩნევა) საერთო ინტერესი.

ბედისწერა ადამაინებს ეძებს. ჩვენ კი სულ ვსჯით: ეს კარგი არაა, ის არ ვარგაო. ჩვენი ბედნიერება, მეგობარო, როგორც წყალი ბადეში - ამოსწევ, გაიბერება, გამოათრევ და ცარიელია.

სიყვარული ხელს უშლის სიკვდილს. სიყვარული სიცოცხლეა. ყველაფერი, ყველაფერი, რაც მესმის, მხოლოდ იმიტომ მესმის, რომ მიყვარს. ყველაფერი არის, ყველაფერი არსებობს მხოლოდ იმიტომ, რომ მიყვარს. ყველაფერს ის აკავშირებს. სიყვარული ღმერთია, და მოვკვდე - ჩემთვის, სიყვარულის ნაწილაკისათვის იმას ნიშნავს, რომ დავუბრუნდე საერთო მარადიულ წყაროს.

ადამიანის გონებისთვის მიუწვდომელია მოვლენათა მიზეზების ერთობლიობა. მაგრამ მიზეზის მოძებნას აუცილებლობა ადამიანს სულში აქვს შთანერგილი. და ადამიანის გონება, მოვლენათა იმ პირობების სიმრავლესა და სირთულეს რომ ვერ ჩასწვდომია, რომელთაგან თითოეული ცალ-ცალკე შეიძლება მიზეზად ეჩვენოს, ჩაებღაუჭება პირველს, ყველაზე გასაგებ მიახლოებას და ამბობს: აი, მიზეზიო.

ადამიანი არსად არ არის იმაზე უფრო თავისუფალი, როგორც ბრძოლის დროს, სადაც საქმე სიკვდილ-სიცოცხლეს ეხება.

ის მისწრაფებანი, რომლებიც ცალკეულ ადამიანში იჩენს თავს, ყოველთვის ძლიერდება ბრბოში.

ადამიანები, ვისაც უდიდესი სურვილი აქვთ იბრძოლონ, ყოველთვის ჩააყენებენ თავიანთ თავს ყველაზე ხელსაყრელ პირობებში საბრძოლველად.

მიხვდა, რომ ქვეყნად არაფერი საშიში არ არის. გაიგო, რომ არ არის ქვეყნად მდგომარეობა, რომელშიც ადამიანი ბედნიერი და სულ თავისუფალი იქნება, რომ არ არის არც ისეთი მდგომარეობა, რომელშიც იგი მთლად უბედური და შეზღუდული იქნება. შეიტყო, რომ არსებობს ზღვარი ტანჯვისა და ზღვარი თავისუფლებისა, და რომ ეს ზღვარი სულ ახლოსაა;

სიცოცხლე ყველაფერია, სიცოცხლე ღმერთია. ყველაფერი ადგილს იცვლის და მოძრაობს, და ეს მოძრაობა ღმერთია. სანამ სიცოცხლეა, არის ღვთაების თვითშენების კმაყოფილება, უნდა გიყვარდეს სიცოცხლე, გიყვარდეს ღმერთი. ყველაზე ძნელი და ნეტარია გიყვარდეს ეს სიცოცხლე შენს ტანჯვაში, ტანჯვის უდანაშაულობაში.

ნაცადმა მეხრემ იცოდა, რომ ყველაზე ხელსაყრელია მათრახი აღმართული გქონდეს, ემუქრებოდე იმით და თავში კი არ ურტყამდე გაქცეულ პირუტყვს.

წმინდა, სრული მწუხარება ისევე შეუძლებელია, როგორც წმინდა და სრული სიხარული.

ერთი რამ არის საშინელება, სამუდამოდ დაუკავშირო ბედი ტანჯულ ადამიანს. ეს ხომ მუდმივი წამებაა.

ჭრილობა სულისა, მიღებული ადამიანის სულიერი არსის გათიშვისგან, რაგინდ უცნაურადაც უნდა გეჩვენებოდეს, ნელ-ნელა შუშდება. შუშდებე ისევე, როგორც ფიზიკური ჭრილობა. და მას შემდეგ, რაც ღრმა ჭრილობა დაიხურა და ნაპირებიც შეზრდილი გვგონია, სულიერი ჭრილობა, ისევე როგორც ფიზიკური, პირს იკრავს მხოლოდ სიცოცხლის შიგნიდან მოწოლილი ძალით.

ლაქიისთვის არ შეიძლება იყოს დიდი კაცი, იმიტომ, რომ ლაქიას თავისი წარმოდგენა აქვს სიდიადეზე.

გვგონია, თუ ერთხელ კიდევ ამოვვარდით ჩვეული კალაპოტიდან, ყველაფერი დაიღუპება; აქ კი მხოლოდ იწყება ახალი, კარგი რამ. სანამ სიცოცხლეა, ბედნიერებაც არის. წინ ბევრი, ბევრი რამეა.

ცნობილია, რომ ადამიანი შეიძლება გაიტაცოს რაიმემ მთლიანად, რამდენადაც უმნიშვნელო უნდა იყოს იგი. და ცნობილია, რომ არ არის ისეთი უმნიშვნელო საგანი, რომელიც ყურადღების მიქცევისას უსაზღვროდ არ გადიდდეს.

როგორც სიზმარში ყველაფერი არასწორი, უაზრო და საწინააღმდეგოა, გარდა გრძნობისა, სიზმარს რომ ხელმძღვანელობს, ისე ამ ურთიერთობაშიც, გონების ყველა კანონს რომ ეწინააღმდეგება, თანამიმდევრული და ნათელი სიტყვები როდია, არამედ მხოლოდ გრძნობა, რომელიც მათ ხელმძღვანელობს.

ფიქრები, რომელთაც დიდი შედეგები მოსდევს, მუდამ მარტივია.

მთარგმნელები: ილია აგლაძე, არისტო ჭუმბაძე
გამომცემლობა პალიტრა L, 2014