თეოდორ დოსტოევსკი - ნიკოლაი სტავროგინის აღსარება | ეშმაკნი

ტომი II, თავი IX - მეუფე ტიხონთან

ნაბეჭდი მართლაც უცხოური იყო - მომცრო ზომის ჩვეულებრივი საფოსტო ქაღალდის სამი დაბეჭდილი და ბროშურად შეკრული ფურცელი. როგორც ჩანს, რომელიღაც უცხოურ რუსულ ტიპოგრაფიაში საიდუმლოდ დაებეჭდათ. ფურცლები, ერთი შეხედვით, პროკლამაციას უფრო მიაგავდნენ. სათაურად ჰქონდა: სტავროგინისგან.

სტავროგინისგან

მე, ნიკოლაი სტავროგინი, გადამდგარი ოფიცერი, 186... წელს ვცხოვრობდი პეტერბურგში, სადაც გარყვნილებას ვიყავი მიცემული, რაშიც სიამოვნებას ვერ ვპოვებდი. მაშინ, განსაზღვრული დროის განმავლობაში, სამი ბინა მქონდა. ერთში მე თვითონ ვცხოვრობდი, ნომრებში, სადაც სადილსაც მიმზადებდნენ და მემსახურებოდნენ და სადაც მაშინ ასევე იმყოფებოდა მარია ლებიადკინა, ამჟამად ჩემი კანონიერი ცოლი. ორი დანარჩენი ბინა კი მაშინ ვიქირავე თვიურად ინტრიგისთვის: ერთში ვხვდებოდი ქალბატონს, რომელიც ჩემზე გახლდათ შეყვარებული, მეორეში კი - მის მოახლეს, და ერთხანს მეტად დაკავებული ვიყავი იმაზე ფიქრით, როგორ მომეწყო, რომ ქალბატონი და მსახური ერთმანეთს შეხვედროდნენ ჩემთან. ორივეს ხასიათი ვუწყოდი და ამ ბრიყვული ხუმრობისგან ჩემთვის ერთგვარ სიამოვნებას მოველოდი.

რადგან ამ შეხვედრას შეუმჩნევლად ვამზადებდი, იძულებული ვიყავი, უფრო ხშირად მევლო იმ ორიდან ერთ-ერთ ბინაში, დიდ სახლში გოროხოვაიას ქუჩაზე, სადაც მოახლე მოდიოდა ხოლმე. იქ მხოლოდ ერთი ოთახი მეკავა, მეოთხე სართულზე, რუსი მეშჩანებისგან რომ ვიქირავე. თვით ისინი მეზობელ, ვიწრო ოთახში ცხოვრობდნენ, და კარი, რომელიც ოთახებს ჰყოფდა, მუდამ შეღებული იყო, რაც მე თვითონ მინდოდა. ქმარი, ჩაფართხუნებულსამოსიანი წვერიანი მამაკაცი სადღაც კანტორაში მსახურობდა, დილით მიდიოდა და ღამით ბრუნდებოდა. მისი ცოლი, ორმოციოდე წლის ქალი, ქსოვილებს ჭრიდა და კერავდა, ძველიდან ახალს ამზადებდა, და ასევე ხშირად გადიოდა სახლიდან ახალშეკერილის წასაღებად და სავაჭროდ. მარტო ვრჩებოდი მათ ქალიშვილთან, რომელიც შესახედად მთლად ბავშვი გახლდათ. მატრიოშას ეძახდნენ. დედას უყვარდა, მაგრამ ხშირად სცემდა და, მათი ჩვევისამებრ, ყველაფერზე ხმამაღლა, დედაკაცურად უყვიროდა. ეს გოგონა მემსახურებოდა და თეჯირებს მიღმა ალაგებდა. ვაცხადებ, რომ სახლის ნომერი გადამავიწყდა. ახლა გავარკვიე, რომ ის ძველი სახლი უკვე აუღიათ და იქ, ორი-სამის ადგილას, დგას ერთი ახალი, ვეება სახლი. იმ მეშჩანების სახელიც დამავიწყდა, ანდა, შესაძლოა, მაშინაც კი არ ვიცოდი. მახსოვს, ქალს სტეპანიდა ერქვა; კაცს ვერ ვიხსენებ, სად წავიდა, წარმოდგენა არა მაქვს. მგონია, რომ თუ ძებნას დავიწყებთ და პეტერბურგის პოლიციაში ცნობებს მოვიკითხავთ, შეიძლება კვალს მივაგნოთ. კუთხის ბინა იყო, ეზოს გადაჰყურებდა. სახლი ღია ცისფერი გახლდათ...

ყველაფერი ივნისში მოხდა...

ერთხელ, მაგიდიდან ჯაყვა დამეკარგა, რომელიც სულაც არ მჭირდებოდა და ტყუილუბრალოდ ეგდო. დიასახლისს ვუთხარი. სრულიად არ მიფიქრია, რომ ქალიშვილს გაროზგავდა. მაგრამ მან ის-ის იყო, გოგონას უყვირა რაღაც ჩვრის დაკარგვის გამო, ეჭვობდა, თოჯინებისთვის მოიპარაო, და თმით ათრია. როდესაც ის ჩვარი სუფრის ქვეშ აღმოჩნდა, გოგონას ერთი სიტყვითაც კი არ დასცდენია საყვედური, ტყუილად რომ დასაჯეს, და მდუმარედ შეჰყურებდა დედას. ამას ყურადღება მივაქციე, გოგონას შეგნებულად არ უნდოდა პასუხის გაცემა, და ეს დამამახსოვრდა, რადგან მის სახეს პირველად დავაკვირდი, მანამდე მხოლოდ გამიელვებდა ხოლმე თვალწინ. ქერა და ჭორფლიანი იყო, სახე ჩვეულებრივი ჰქონდა, თუმცა გამომეტყველება - მეტწილად ბავშვური და ჩუმი, უაღრესად ჩუმი. დედას არ მოეწონა, რომ ქალიშვილმა საყვედური არ უთხრა, და, აი, ჩემმა ჯაყვამაც გამოწერილივით მოუსწრო. დედაკაცი გაცოფდა, რადგან პირველ ჯერზე უსამართლოდ სცემა. ამჯერად ცოცხიდან წნელები დააძრო და შვილი ისე გაროზგა, იარები დააჩნდა, თანაც ეს ჩემ თვალწინ გააკეთა, მიუხედავად იმისა, რომ გოგონა უკვე მეთორმეტე წელიწადში იყო გადასული. მატრიოშა გაროზგვისას არ ყვიროდა, რასაკვირველია, იმიტომ, რომ იქვე ვიდექი, ოღონდ ყოველ დარტყმაზე რაღაც უცნაურად სლუკუნებდა, და მერე კიდევ მთელი საათი ხმამაღლა ისლუკუნა. ეგზეკუცია როდესაც დასრულდა, მოულოდნელად ვიპოვე ჯაყვა ლოგინში, საბანში, მალულად ჩავიდე ჟილეტის ჯიბეში, სახლიდან გავედი და ქუჩაში მოვისროლე, სახლისგან მოშორებით, ვერავის რომ ვერ გაეგო. იმავე წამს მივხვდი, ნაძირლობა ჩავიდინე, და თანაც, ერთგვარი სიამოვნებაც ვიგრძენი, რადგან უეცრად გულში ერთმა გრძნობამ გამიარა გახურებული შანთივით და მასზე დავიწყე ფიქრი. აქვე შევნიშნავ, რომ ხშირად მეუფლებოდა სხვადასხვა ბილწი გრძნობები, და ეს ჭკუის სრულ დაკარგვამდეც კი, ან უფრო ზუსტი იქნება, თუ ვიტყვი, ზღვარგადასულ ჟინიანობამდე მივდიოდი, თუმცა თავს არასოდეს ვკარგავდი ბოლომდე. მსგავსი განცდა ნამდვილ მხურვალებას იწვევდა ჩემში, თუმცა ყოველთვის შემეძლო მომეთოკა, უმაღლეს წერტილშიც კი შემეჩერებინა, მაგრამ ამის გაკეთება იშვიათად მინდებოდა. ამავე დროს, ვაცხადებ, რომ არც გარემოს და არც ავადმყოფობას ჩემ მიერ ჩადენილ დანაშაულთა გამო უპასუხისმგებლობას არ ვაბრალებ.

ამის მერე ორი დღე შევიცადე. გოგონა გამოტირების შემდეგ კიდევ უფრო ჩუმი შეიქნა, თუმცა ჩემზე, დარწმუნებული ვარ, ბოღმა არ ჰქონია, ოღონდ, ალბათ, ერთგვარად რცხვენოდა იმის გამო, ჩემ თვალწინ ასე რომ დასაჯეს. თუმცა ამ სირცხვილში იგი, როგორც მორჩილი ბავშვი, მხოლოდ თავის თავს ადანაშაულებდა. ამას აღვნიშნავ, რადგან ეს ჩემი თხრობისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. ამის მერე სამი დღე ნომრებში გავატარე, ჩემს მთავარ ბინაზე. იმ მრავალრიცხოვან ნომრებში, სადაც შემწვარ-მოხრაკული კერძების საძაგელი სუნი ტრიალებდა, სადაც ძალზე ბევრი ხალხი ბინადრობდა, უშტატო ან ყველაზე დაბალშტატიანი მოხელეები, ექიმები გამოძახებით, ვიღაც პოლონელები, ყოველთვის ჩემ გვერდით რომ იყვნენ და მელაქუცებოდნენ. ყველაფერი მახსოვს. მე იმ სოდომში განმარტოებით ვცხოვრობდი, ანუ შინაგანად ეულად, თორემ ყოველდღიურად „ამხანაგების“ მთელი ჯგრო მეხვეოდა თავს, რომლებიც ჩემი უაღრესად ერთგულნი იყვნენ და ჩემი საფულის ხათრით ლამის მეთაყვანებოდნენ. ჩვენ, მგონი ბევრ უმსგავსობას ჩავდიოდით და სახლის მცხოვრებთ კიდეც ეშინოდათ ჩვენი, ანუ მეტისმეტად თავაზიანები იყვნენ, მიუხედავად ჩვენი დაუდევრობისა და ზოგჯერ უპატიებელი სიბრიყვისა. ვიმეორებ, მაშინ შორს არ ვიყავი იმ აზრისგან, რომ კარგი იქნებოდა, ციმბირში თუ გადამასახლებდნენ. იმდენად მოწყენილი ვიყავი, ადვილი შესაძლებელი იყო, თავიც კი ჩამომეხრჩო, და თუ ასე არ მოვიქეცი, მხოლოდ იმიტომ, რომ კიდევ რაღაცის იმედი მქონდა, ისევე, როგორც მთელი სიცოცხლის განმავლობაში. მახსოვს, მაშინ ღვთისმეტყველებით ვიყავი გატაცებული, და საკმაოდ სერიოზულადაც. ამან რამდენადმე გამახალისა, თუმცა შემდეგ კიდევ მეტად მომწყინდა. ჩემი სამოქალაქო გრძნობები კი ისე გამძაფრებულიყო, მზად ვიყავი ოთხივე კუთხეში დენთი დამეყარა და ყველაფერი ამეფეთქებინა, ამას რაიმე აზრი რომ ჰქონოდა. თუმცა, ეს ყოველგვარი ბოღმის გარეშე, რადგან მხოლოდ და მხოლოდ მოწყენილი გახლდით და მეტი არაფერი. მე სულაც არა ვარ სოციალისტი. ვფიქრობ, რომ ერთგვარი ავადმყოფობა მჭირდა. ექიმმა დობროლიუბოვმა, უშტატოდ დარჩენილმა, ოჯახთან ერთად ჩვენს ნომრებში რომ იტანჯებოდა ერთხელ ჩემს ხუმრობით დასმულ კითხვაზე: ხომ არ არსებობს სამოქალაქო ენერგიის მოსაგვრელი რაიმე წვეთები-მეთქი, ასე მიპასუხა: „სამოქალაქოსთვის, ალბათ, არ არსებობს, მაგრამ კრიმინალურისთვის, შესაძლოა, კიდეც გამოიძებნოს“. და მეტად კმაყოფილი დარჩა თავისი ამ, ვითომდაც კალამბურით. არადა, მეტისმეტად ღარიბი იყო და ორსული ცოლი და ორი გოგონა ესვა კისერზე. თუმცა კი ადამიანები მეტისმეტად კმაყოფილნი რომ არ იყვნენ საკუთარი თავით, სიცოცხლეც აღარ მოუნდებოდათ.

სამი დღის მერე გოროხოვაიაზე ისევ დავბრუნდი. დედა სადღაც აპირებდა წასვლას ფუთიანად, მამა, რა თქმა უნდა, შინ არ იყო. დავრჩით მე და მატრიოშა. ეზოში გამავალი ფანჯრები ღია იყო. დავრჩით მე და მატრიოშა. ეზოში გამავალი ფანჯრები ღია იყო. სახლში უმეტესად ხელოსნები ცხოვრობდნენ და დილიდან საღამომდე ისმოდა ჩაქუჩის კაკუნი, ანდა სიმღერის ხმა. უკვე მთელი საათი ვიყავით მარტონი. მატრიოშა თავის კუთხეში იჯდა, ჩემკენ ზურგით, და რაღაცას კემსავდა. ბოლოს, უცებ ჩუმად ამღერდა, ძალიან ჩუმად, ასეთი რამ ზოგჯერ მოსდიოდა. საათი ამოვიღე, ორი საათი იყო. გულმა ბაგაბუგი დამიწყო. ავდექი და მისკენ წავედი. ფანჯრის რაფაზე თიხის ქოთნებით ნემსიწვერები ჩაემწკრივებინათ, მზე კაშკაშებდა. მატრიოშას გვერდით იატაკზე დავჯექი ჩუმად. შეკრთა და მეტად დამფრთხალი წამოხტა ადგილიდან. ხელი დავუჭირე და ვაკოცე, მოვიზიდე და სკამზე ისევ დავსვი, პირდაპირ თვალებში დავუწყე ყურება. იმან, ხელზე რომ ვაკოცე, უცებ გააცინა, ჩვილი ბავშვივით, მაგრამ მხოლოდ წამით, რადგან უმალ წამოხტა. მეორედ, უკვე იმდენად შეშინებული იყო, რომ სახეზე ნერვიულმა კანკალმა გადაურბინა. შემაძრწუნებლად გაშეშებული მზერით მიყურებდა, ტუჩებიც კი ააცმაცუნა, ტირილი დააპირა, თუმცა მაინც არ დაუყვირია. ისევ ვაკოცე ხელზე და მუხლებზე დავისვი. იმწამს ერთბაშად უკან გაიწია და გაიღიმა, თითქოს სირცხვილისგან, მაგრამ რაღაცნაირი ალმაცერი ღიმილით. სახე სირცხვილისგან აელეწა, რაღაცას ვეჩურჩულებოდი გაუჩერებლად და ვიცინოდი. ბოლოს უცებ ისეთი უცნაურობა მოხდა, რაც არასდროს დამავიწყდება, და რამაც ერთობ გამაოცა: გოგონამ ხელები კისერზე მომხვია და თვითონ დამიწყო გაშმაგებით კოცნა. ერთიანად აღტაცებული გამომეტყველება ჰქონდა, ლამის აღშფოთებული წამოვდექი - ესოდენ პატარა არსებისგან იმდენად არ მესიამოვნა და გაოგნებული იმ სიბრალულისგან უცებ რომ ვიგრძენი...

ამ ადგილას ფურცელი მთავრდებოდა, ფრაზა უეცრად შუაზე წყდებოდა. [...]  თუმცა მესამე ფურცელიც შუაზე გაწყვეტილი ფრაზით იწყებოდა. ტექსტი სიტყვასიტყვით მომყავს:

... ეს ნამდვილი შიშის წუთი იყო, თუმცა კი ჯერ არცთუ ძალიან ძლიერი შიშისა. იმ დილით მეტად მხიარული ვიყავი, ყველასადმი უცვეულოდ კეთილგანწყობილი და ამხანაგების მთელი ჯგრო ჩემით ერთობ კმაყოფილი გახლდათ. მაგრამ ყველანი მივაგდე და გოროხოვაიაზე წავედი. მატრიოშას ჯერ კიდევ ქვემოთ, პარმაღზე შევეჩეხე. სავაჭრო დუქნიდან მოდიოდა, სადაც ვარდკაჭკაჭასთვის გაეგზავნათ. რომ დამინახა, დამფრთხალმა და საშინლად შეშინებულმა აირბინა კიბე. ეს შიშიც კი არ იყო, არამედ დამამუნჯებელი, გამაქვავებელი ძრწოლა. როდესაც შევედი, დედას უკვე გაერტყა იმის გამო, რომ „თავქუდმოგლეჯილი შევარდა“, რამაც შეშინების ნამდვილი მიზეზი გადაფარა. ამრიგად, ყველაფერი ჯერჯერობით მშვიდად იყო. გოგონა სადღაც შეიყუჟა და ერთხელაც არ გამოსულა, სანამ იქ ვიყავი. ერთი საათი დავყავი და მერე წავედი.

თუმცა საღამოსკენ შიში ისევ ვიგრძენი, უკვე გაცილებით ძლიერი. ჩემთვის მთავარი ის იყო, რომ მეშინოდა, როცა ყველაფერს აღვიქვამდი. ამაზე უფრო უაზრო არაფერი გამიგია! მე ხოლმ არასოდეს მიგრძნია შიში, გარდა ამ ერთი შემთხვევისა ჩემს ცხოვრებაში, არც მანამდე, არც მერე, არასოდეს! მაგრამ ამჯერად მეშინოდა, მეტიც, ვკანკალებდი, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. ამას სავსებით დამამცირებლად აღვიქვამდი. რომ შემძლებოდა, თავს მოვიკლავდი; მაგრამ თავი არ მიმაჩნდა სიკვდილის ღირსად. თუმცა მე მხოლოდ მაგიტომ კი არ მოვიკალი თავი, არამედ, შიშის გამოც. შიშის გამო იკლავენ თავს, მაგრამ ასევე შიშის გამოც აგრძელებენ ცხოვრებას: ადამიანი ვერ ბედავს თვითმკვლელობას და თვით ჩანაფიქრიც კი წარმოუდგენელი ხდება. გარდა ამისა, საღამოს, ჩემთან ნომერში, გოგონა ისე შემძულდა, გადავწყვიტე მომეკლა. დილას ამ განზრახვით გავვარდი გოროხოვაიაზე. მთელი გზა წარმოვიდგენდი, როგორ მოვკლავ და შევბილწავ. ყველაზე ძლიერი სიძულვილი მეუფლებოდა, როცა მისი ღიმილი მახსენდებოდა: ჩემში იბადებოდა სიძულვილი უზომო ზიზღთან ერთად იმის გამო, რომ კისერზე ჩამომეკიდა, რაღაც წარმოიდგინა. ფონტანკას რომ მივაღწიე, ცუდად გავხდი. და, გარდა ამისა, ახალი აზრი მომივიდა, საზარელი, და საზარელი სწორედ იმით, რომ მთელი სხეულით განვიცდიდი მას. დავბრუნდი და დავწექი, მაჟრჟოლებდა, ისეთ სასტიკ შიშს შევეპყარი, გოგონას სიძულვილმაც კი გადამიარა. უკვე აღარ მინდოდა მომეკლა და ეს გახლდათ სწორედ ის ახალი აზრი, რომელიც ფონტანკაზე ამოტივტივდა. ცხოვრებაში პირველად მაშინ ვიგრძენი, რომ შიში, თუკი ძალიან ძლიერია, სრულიად აქრობს სიძულვილს, თუგინდ შურისძიების სურვილს.

დაახლოებით შუადღე იქნებოდა, როცა გამეღვიძა. თავს შედარებით მშვიდად ვგრძნობდი, წინადღის განცდათა სიმძიმემ კიდეც გამაოცა. შემრცხვა იმისა, რომ მინდოდა მომეკლა. თუმცა უგუნებოდ ვიყავი და მიუხედავად მთელი ჩემი ზიზღისა, მაინც იძულებული გავხდი, წავსულიყავი გოროხოვაიაზე. მახსოვს, იმ წუთს ძალიან მინდოდა, ვინმესთან ჩხუბი ამეტეხა, ოღონდ მართლა სერიოზული ჩხუბი. მაგრამ როცა გოროხოვაიაზე მივედი, ჩემთან ოთახში ნინა საველიევნა დამხვდა, ის მოახლე. თურმე მთელი საათი მელოდებოდა. ეგ ქალიშვილი მე სულაც არ მიყვარდა, ამიტომ ცოტა არ იყოს, დამფრთხალი მოვიდა. ეჭვობდა, ვიზიტის გამო ხომ არ გავუბრაზდებოდი. ყოველთვის ასე მოდიოდა. მაგრამ უცებ ძალიან გამიხარდა მისი დანახვა, რითაც მისი აღტაცება გამოვიწვიე. გარეგნულად ურიგოდ არ გამოიყურებოდა, ოღონდ ისეთი მანერები ჰქონდა, მეშჩანობა რომ მეტად აფასებს. ამიტომაც ჩემი დიასახლისი უკვე დიდი ხნის წინ ძალზე მიქებდა მას. ორივენი ყავას მიირთმევდნენ, როდესაც მივედი, სასიამოვნო მასლაათის გამო დიასახლისი უაღრესად კმაყოფილი გახლდათ. კუთხეში, მეორე ოთახში, მატრიოშას მოვკარი თვალი; იდგა და გაქვავებული, მოღუშული შეჰყურებდა დედასა და სტუმარს. როდესაც შევედი, არ დამალულა, როგორც მაშინ, და არც გაქცეულა, რაც მეტად დამამახსოვრდა და რამაც კიდეც განმაცვიფრა. ერთი შეხედვით მომეჩვენა, რომ ძალზე გახდა და სიცხეც უნდა ჰქონოდა. ნინასთან ერთობ ალერსიანი ვიყავი, ამიტომ სრულიად გაბედნიერებული წავიდა. სახლიდან ერთად გავედით და მერე, ორი დღის განმავლობაში, გოროხოვაიაზე აღარ მივსულვარ. სასტიკად მომბეზრდა, არადა, მოწყენილი ვიყავი.

ასე რომ, ბოლოს და ბოლოს, გადავწყვიტე ყველაფერი ერთიანად დამესრულებინა და სულაც პეტერბურგიდან წავსულიყავი: აი, სადამდე მივიდა საქმე! თუმცა როდესაც მივედი, ბინაზე უარი რომ მეთქვა, დიასახლისი აღელვებული და დამწუხრებული დამხვდა, მატრიოშა უკვე მესამე დღეა ავადმყოფობს და ყოველღამე ბოდავსო. რასაკვირველია, ვკითხე, რას ბოდავს-მეთქი (ჩურჩულით ვსაუბრობდით ჩემს ოთახში). მან წამჩურჩულა, რომ „საზარლობებს“ ბოდავს. „მე ღმერთი მოვკალიო“. შევთავაზე, ექიმი მოეყვანა ჩემი ხარჯით, მაგრამ არ ინდომა: „თუ ღმერთი ინებებს, ისედაც მორჩება, სულ კი არ წევს, წეღან დუქანში გამეგზავნა“. გადავწყვიტე, მატრიოშა მარტო მენახა, და რადგან დიასახლისს წამოსცდა, ხუთი საათისთვის პეტერბურგსკაიას მხარეს უნდა წავიდეო, გავიფიქრე, საღამოს დავბრუნდები-მეთქი.

არადა, წარმოდგენაც კი არ მქონდა, რისი გაკეთება მსურდა. დუქანში ვისადილე. ზუსტად ექვსის თხუთმეტ წუთზე მივბრუნდი. ყოველთვის ჩემი გასაღებით შევდიოდი. მატრიოშას გარდა არავინ იყო.

თეჯის მიღმა, კუთხეში, დედის საწოლზე იწვა, შევნიშნე, როგორ გამოიჭყიტა, მაგრამ ისე დავიჭირე თავი, თითქოს ვერაფერი დავინახე. ფანჯრები ღია იყო. თბილოდა, თითქმის ცხელოდა კიდეც. გავიარ-გამოვიარე და დივანზე ჩამოვჯექი. ყველაფერი მახსოვს ბოლო მომენტამდე. აშკარად მსიამოვნებდა, მატრიოშას ხმას რომ არ ვცემდი და მოლოდინით ვტანჯავდი, თვითონაც არ ვიცი, რატომ. მთელი საატი ვიცდიდი და უცებ თვითონ წამოხტა. გავიგონე, როგორ დააბაკუნა ფეხები იატაკზე, როდესაც წამოდგა, შემდეგ კი საკმაოდ სწრაფი ნაბიჯების ხმა, და ჩემი ოთახის ზღურბლზე გამოჩნდა, ადგილზე შედგა. იმდენად მდაბალი გახლდით, რომ უზომო კმაყოფილება ვიგრძენი, პირველი რომ გამოვიდა. ო, როგორი სიმდაბლე იყო ამაში და როგორი დამცირებული ვიყავი! იდგა და მდუმარედ მიყურებდა. იმ დღეების განმავლობაში, რაც ახლოს არ მენახა, მართლა ძალიან გამხდარიყო. სახე ჩამოუხმა, თავი კი, ალბათ, სიცხისგან უხურდა. თვალები გაფართოებოდა, მიყურებდა გაშეშებული, უაზრო ცნობისმოყვარეობით, როგორც თავიდან მომეჩვენა. ვიჯექი, ვუყურებდი და ადგილიდან არ ვიძროდი. და უცებ ისევ სიძულვილი ვიგრძენი. მაგრამ მალევე შევნიშნე, რომ მატრიოშას ჩემი სრულიად არ ეშინია, ანდა, შესაძლოა, ბოდავს. თუმცა, არა, არ ბოდავდა. უცებ თავის სწრაფი კანტური დამიწყო ისე, როგორც ამას აკეთებენ ხოლმე გულუბრყვილო და მდაბიო ადამიანები, როცა სურთ საყვედური გითხრან და მოულოდნელად მუშტი მომიღერა, ადგილიდან დამემუქრა. თავიდან მე ეს მოძრაობა სასაცილოდ მომეჩვენა, მაგრამ მერე ვეღარ ავიტანე, წამოვდექი და შეშინებულმა უკან დავიხიე. გოგონას ისეთი სასოწარკვეთილი გამომეტყველება ჰქონდა, ასეთ პატარას შეუძლებელია, რომ ჰქონოდა. ის კი მიქნევდა და მიქნევდა პაწია მუშტს მუქარით და თავის კანტურით მსაყვედურობდა. თითქმის ჩურჩულით, ალერსიანად ავლაპარაკდი შიშის გამო, თუმცა იმავე წამს მივხვდი, რომ ვერ გამიგებდა და კიდევ მეტად შემეშინდა, მაგრამ მან უცებ სახეზე ხელები სწრაფად აიფარა, გატრიალდა და ფანჯარასთან დადგა, ჩემკენ ზურგით. მეც ასევე მივბრუნდი და ფანჯარასთან ჩამოვჯექი. ვერაფრით გამიგია, რატომ არ წავედი მაშინვე, რატომ დავრჩი და რას ველოდებოდი. ეტყობა, მართლა რაღაცას ველოდებოდი. ვინ იცის, იქნებ ვიჯდეობდი ასე, მერე კი ავდგებოდი და მოვკლავდი, სასოწარკვეთილი...

ცოტა ხანში ისევ გავიგონე მისი აჩქარებული ნაბიჯების ხმა. ხის შუშაბანდში გავიდა, საიდანაც კიბეზე ჩასასვლელი იყო; სასწრაფოდ წამოვდექი ადგილიდან და მოვასწარი დამენახა, როგორ შევიდა მომცრო საკუჭნაოში, რაღაც საქათმის მსგავსში, ერთი ადგილის გვერდით რომ იყო. როდესაც ფანჯარასთან ჩამოვჯექი, ისევ იმ საბედისწერო აზრმა გამიელვა, და დღემდე ვერ გამიგია, მაინცდამაინც ის რატომ მომივიდა თავში პირველი, და არა სხვა რომელიმე; ეტყობა, ყველაფერი ამისკენ მიდიოდა. რასაკვირველია, ამ, წამით გაელვებული, აზრის დაჯერება ჯერ კიდევ არ შეიძლებოდა, „თუმცა კი“... ყველაფერი ზედმიწევნით მახსოვს, გულს მთელი ძალით ბაგაბუგი გაუდიოდა.

ერთი წუთის მერე საათს შევხედე და დრო მოვინიშნე, რაც შემეძლო ზუსტად. რაში მჭირდებოდა მაშინ ეს სიზუსტე - არ ვიცი. საერთოდ, იმ წამს ყველაფერი მსურდა აღმენუსხა. ასე რომ, ყველაფერი მახსოვს და ცხადად ვხედავ. საღამოვდებოდა. ბუზი ზუზუნით დაფრინავდა და თავზე მაჯდებოდა, დავიჭირე, ერთხანს თითებშუა მომწყვდეული მყავდა და მერე ფანჯარაში გავუშვი. ერთი მკერავი ძალიან ხმამაღლა მღეროდა. მუშაობდა და ვერ ვხედავდი. მოულოდნელად გავიფიქრე, - რადგან არავინ შემხვედრია, ჭიშკარში როცა შევაბიჯე და კიბეზე ავედი, რასაკვირველია, არ არის საჭირო, რომ ახლა დამინახოს ვინმემ, როცა ქვემოთ ჩავალ. სკამი ფრთხილად ფრთხილად გადავდგი უკან ფანჯრიდან, და ისე დავჯექი, სახლის მცხოვრებლებს რომ ვერ დავენახე. ო, როგორი ნაძირლობა იყო ეს ყველაფერი! წიგნი ხელში ავიღე და მაშინვე დავაგდე, დავაკვირდი პატარა ობობას ნემსიწვერას ფურცელზე და თითქოს გონება დავკარგე. ბოლო წამამდე მახსოვს ყველაფერი...

უცებ საათი გაშმაგებით ამოვიღე. ოცი წუთი გასულიყო მას შემდეგ, რაც გოგონა გავიდა. მაგრამ გადავწყვიტე შემეცადა კიდევ ზუსტად საათის მეოთხედი. დრო მოვინიშნე. ასევე გავიფიქრე, რომ, გოგონა, შესაძლოა, მობრუნდა, მე კი ვერ გავიგონე; თუმცა ეს შეუძლებელი იყო: სრული სიჩუმე სუფევდა, კოღოს წუილსაც კი ადვილად გაიგონებდი. გულმა ისევ ბაგაბუგი დამიწყო. საათი ამოვიღე: სამი წუთი რჩებოდა; როგორღაც გავძელი და ეს სამი წუთიც მოვითმინე, თუმცა გული ისე მიცემდა, ლამის ამოვარდნილიყო. მაშინ ავდექი, ფართოფარფლიანი ქუდი დავიხურე, პალტო შევიკარი და ოთახში მიმოვიხედე: ჩემი იქ ყოფნის რაიმე კვალი ხომ არ დარჩა? სკამი ფანჯარასთან მივწიე, როგორც ადრე იდგა. ბოლოს კარი გავაღე, გავედი, კარი ჩემი გასაღებით გადავკეტე და საკუჭნაოსკენ წავედი. კარი მიხურული იყო, მაგრამ ჩაკეტილი არ იქნებოდა, ვიცოდი, არ იკეტება, თუმცა მისი გაღება არ მინდოდა, თითის წვერებზე შევდექი და ზედა ღრიჭოში შევიხედე. იმწამს, როცა თითის წვერებზე ვიწეოდი, გამახსენდა, როდესაც ფანჯარასთან ვიჯექი, მოწითალო ობობას დავცქეროდი და გონება დავკარგე. იმაზე ვფიქრობდი, თუ როგორ შევდგებოდი თითის წვერებზე და ღრიჭოს მივწვდებოდი თვალით. აქ ეს წვრილმანი იმიტომ მომყავს, რომ მინდა დავამტკიცო, რამდენად საღას ვფლობდი ჩემს გრძნობებს და, მაშასადამე, შეშლილი არ გახლავარ და პასუხს ყველაფერზე ვაგებ. ღრიჭოში დიდხანს ვიყურებოდი, რადგან შიგნით ბნელოდა, თუმცა სრულიად არა, და ბოლოს გავარჩიე, რაც მინდოდა...

მაშინ გადავწყვიტე, რომ შემეძლო წასვლა და კიბეზე დავეშვი. არავინ შემხვედრია, ვერავინ დამაბეზღებდა. სამიოდე საათის შემდეგ ჩვენ ყველანი სერთუკების ამარა ნომრებში ჩაის ვსვამდით და ბანქოს ვთამაშობდით. ლებიადკინი ლექსებს კითხულობდა. გაუჩერებლად ჰყვებოდნენ რაღაცეებს და, თითქოს ბედზე, საინტერესოდ და სასაცილოდ გამოსდიოდათ, ბრიყვულად კი არა, როგორც ყოველთვის. მაშინ კირილოვიც იქ იყო. არავინ სვამდა, თუმცა მაგიდაზე ბოთლით რომი იდგა, მხოლოდ ლებიადკინი ყლურწავდა. პროხორ მალოვმა შენიშნა, რომ „როდესაც ნიკოლაი ვსევოლოდოვიჩი კმაყოფილია და არ ჭირვეულობს, ჩვენები ყველანი მხიარულად არიან და ჭკვიანურად ლაპარაკობენ“. მე ეს მაშინვე დავიმახსოვრე, ესე იგი, ვიყავი მხიარული, კმაყოფილი, არ ვჭირვეულობდი და ჭკვიანურად ვლაპარაკობდი, მაგრამ მახსოვს, მაშინ ცხადად ვგრძნობდი, რომ ვარ არამზადა, ნაძირალა, ლაჩარი, რადგან მიხაროდა ჩემი გათავისუფლება, და აღარასოდეს ვიქნები კეთილშობილი არც ამქვეყნად, არც სიკვდილის მერე, არასოდეს! და რომ ამიხდა ებრაული ანდაზა: „საკუთარი ნეხვი საძაგლობაა, მაგრამ არ ყარს“. გულის სიღრმეში კი ვგრძნობდი, არამზადა ვარ, მაგრამ არ მრცხვენოდა და საერთოდ, თითქმის არც ვიტანჯებოდი. იმ დროს, როცა ჩაის ვსვამდით და ვმასლაათობდით, პირველად ცხოვრებაში ჩემთვის ჩამოვაყალიბე: რომ ვერ ვცნობ და ვერ აღვიქვამ ბოროტსა და კეთილს, და არა მარტო დავკარგე შეგრძნება, არამედ საერთოდაც არ არსებობს ბოროტი და კეთილი (რაც ძალიან მსიამოვნებდა), რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ცრურწმენაა; რომ შემიძლია გავთავისუფლდე ყველანაირი ცრურწმენისგან, მაგრამ თუკი მივაღწევ ასეთ თავისუფლებას, დავიღუპები. ეს პირველად მოხდა, - ფორმულის სახით აღმექვა ყოველივე, - ჩაის სმის დროს, როდესაც მათთან ვერთობოდი და ვიცინოდი არც ვიცი, რაზე. სამაგიეროდ, ყველაფერი მახსოვს. ძველი, ყველასთვის ცნობილი აზრები უცებ წარმოგვიდგება ხოლმე, როგორც რაღაც ახალი, თუნდაც, ცხოვრების 50 წლის შემდეგ.

თუმცა მე მთელი ამ დროის განმავლობაში რაღაცას ველოდებოდი. ასეც მოხდა: დაახლოებით თერთმეტ საათზე გოროხოვაიადან მოირბინა მეეზოვის გოგონამ, დიასახლისმა შემოგითვალათ, მატრიოშამ თავი ჩამოიხრჩოო. გავყევი გოგონას და დავრწმუნდი, რომ დიასახლისმა თვითონაც არ იცოდა, რისთვის მიხმო. რასაკვირველია, მთელი ძალით კიოდა და ბღაოდა, როგორც მისი წრის ქალებს სჩვევიათ ასეთ შემთხვევებში. ბლომად ხალხი იყო და პოლიციელები. ცოტა ხანს ვიდექი და გამოვბრუნდი.

პოლიციას თითქმის არ შევუწუხებივარ, თუმცა კი გამომკითხეს, რაც საჭირო იყო. მაგრამ გარდა იმისა, რომ გოგონა ძლიერ ავადმყოფობდა და აბოდებდა, და რომ შევთავაზე ექიმის ჩემი ხარჯით მოყვანა, ჩვენებაში არაფერი მითქვამს. რაღაცას მეკითხებოდნენ ასევე ჯაყვის შესახებ. ვუპასუხე, რომ დიასახლისმა გაროზგა გოგონა, თუმცა ეს არაფერს ნიშნავდა. საღამოს რომ ვიყავი მისული, ეს არავინ იცოდა. ამდენად, საქმე დაიხურა.

მთელი ერთი კვირა აღარ მივსულვარ იქ, მერე კი შევიარე, ბინა რომ ჩამებარებინა. დიასახლისი ჯერ კიდევ ტიროდა, თუმცა უკვე ძველებურად ცოდვილობდა თავისი დანაკუწებული ქსოვილებით და საკერავით. „ეს თქვენი ჯაყვის გამო ვაწყენინე“, მითხრა, თუმცა განსაკუთრებული საყვედურის გარეშე, თითქოს მელოდებოდა, რომ ტქვა. ბინა ჩავაბარე და ფული გადავუხადე იმის მომიზეზებით, რომ ასეთ ბინაში ვეღარ დავრჩები, ნინა საველიევნა რომ მივიღო. დამშვიდობებისას ნინა საველიევნა კიდევ ერთხელ შემიქო. წასვლისას, ბინის საფასურის გარდა, დამატებით ხუთი რუბლი ვაჩუქე.

მთავარი იყო ის, რომ გაგიჟებამდე მომბეზრებოდა ცხოვრება, მოწყენილობა მკლავდა. ვგრძნობდი, გოროხოვაიაზე მომხდარი დროთა განმავლობაში გადამავიწყდებოდა, როგორც ყველაფერი მაშინდელი, განსაზღვრული დროის შემდეგ ბოღმით რომ არ გამეხსენებინა ყველა გარემოება. ჩემს ბოღმას ყველაზე ვანთხევდი, ვისზეც კი შემეძლო. ამ დროს, სწორედაც შემთხვევით არ მომსვლია აზრად ვინმესთვის ცხოვრება დამენგრია, თანაც, რაც შეიძლება, საძაგლად. უკვე მთელი წელიწადი ვფიქრობდი, შუბლში ტყვია მეხალა, თუმცა რაღაც უკეთესი გამომიჩნდა.

ერთხელ, შევცქეროდი კოჭლ მარიამ ტიმოფეევნა ლებიადკინას, რომელიც მაშინ ნომრებში ემსახურებოდა მდგმურებს და ჯერ კიდევ არ იყო შეშლილი, არამედ, უბრალოდ, ეგზალტირებული იდიოტი გახლდათ, გულის სიღრმეში ჩემზე უგონოდ შეყვარებული (რაც ჩვენებმა გაარკვიეს). უეცრად გადავწყვიტე, ცოლად შემერთო. აზრი, რომ სტავროგინი იქორწინებდა ასეთ არარაობასთან, ჩემს ნერვებს სალბუნად ედებოდა. ამაზე მეტი საზიზღრობის წარმოდგენაც კი შეუძლებელი იყო, მაგრამ ეს იმ დღეებში მოხდა, იმ დღეებშიც და ამიტომაც, გასაგებია, თუმცა, ყოველ შემთხვევაში, ჯვარი დავიწერე არა მხოლოდ იმის გამო, რომ „სასმელზე დავდე ნაძლევი ლოთიფოთური სადილის შემდეგ“. ეს იმ დღეებში, იმ დღეებში მოხდა! და მე ჯერ კიდევ არ შეიძლებოდა მცოდნოდა - აი, რა არის მთავარი. მეჯვარეები იყვნენ კირილოვი და პიოტრ ვერხოვენსკი, რომელიც მაშინ შემთხვევით აღმოჩნდა პეტერბურგში; დაბოლოს, თვითონ ლებიადკინი და პროხორ მალოვი (ამჟამად გარდაცვლილია). მეტი არავის არასოდეს გაუგია, მათ კი სიტყვა მომცეს, კრინტს არ დასძრავდნენ. მე ეს დუმილი ყოველთვის ლამისაა საზიზღრობად მეჩვენებოდა, თუმცა ის დღემდე არ დარღვეულა, არადა, მქონდა სურვილი, გამომეცხადებინა, და ახლა კიდეც ვაცხადებ.

მას მერე, რაც ჯვარი დავიწერე, გუბერნიაში წავედი დედაჩემთან. წავედი გასართობად. მშობლიურ ქალაქში ჩემს თავზე შევქმენი აზრი, რომ შეშლილი ვარ! აზრი, რომელიც დღემდე არ აღმოფხვრილა, რომელიც ჩემთვის აშკარად საზიანოა, რაზეც ქვემოთ მოგახსენებთ, ახლა კი ამ ფურცლების გამო ვახსენე. შემდეგ საზღვარგარეთ წავედი და იქ ოთხი წელიწადი გავატარე.

ვიყავი აღმოსავლეთში, ათონის მთაზე მწუხრის რვასაათიან ლოცვებს დაუჯდომლად ვისმენდი; ვიყავი ეგვიპტეში, ვცხოვრობდი შვეიცარიაში. ორიოდე წლის წინათ, ფრანკფურტში სავაჭრო დუქანს როცა ჩავუარე, გასაყიდად გამოტანილ ფოტოსურათებს შორის შევნიშნე მომცრო ბარათი ლამაზ საბავშვო კოსტიუმში გამოწყობილი პატარა გოგონასი. ეს გოგონა მატრიოშას ძლიერ ჰგავდა. ფოტოსურათი იმავე წამს შევიძინე და როდესაც სასტუმროში დავბრუნდი, ბუხრის თაროზე შემოვდგი. იქ დაახლოებით ერთი კვირა იდო ხელუხლებლად, ერთხელად არ შემიხედავს, ხოლო ფრანკფურტიდან როცა მოვემგზავრებოდი, წამოღება დამავიწყდა.

ამას იმიტომ ვწერ, რომ მსურს ხაზი გავუსვა, თუ რამდენად შემიძლია ვაკონტროლო ჩემი მოგონებები, რომელთადმიც უგრძნობელი გავხდი. მე მათ ერთიანად უარვყოფდი, და მოგონებათა მთელი ეს მასა ერთიანად ქრებოდა, როგორც კი მოვისურვებდი. ყოველთვის მწყინდებოდა წარსულის გახსენება და არასოდეს შემეძლო გარდასულზე მუსაიფი, რასაც თითქმის ყველა აკეთებს, მით უფრო, რომ ის ჩემთვის საძულველი გახლდათ ისევე, როგორც ყველაფერი ჩემი საკუთარი. რაც შეეხება მატრიოშას, მისი სურათიც კი დამრჩა ბუხრის თაროზე.

ერთი წლის წინათ, როდესაც გერმანიაში მატარებლით ვმოგზაურობდი, დაბნეულობის გამო გამომრჩა სადგური, სადაც უნდა ჩავსულიყავი და ჩემს გზაზე გადავსულიყავი, ერთი სიტყვით, სხვა ხაზზე აღმოვჩნდი. როდესაც შემდეგ გაჩერებაზე ჩამოვედი, დღის სამი საათი იყო, მზიანი დღე იდგა. პაწაწინა გერმანულ ქალაქში აღმოვჩნდი. სასტუმრო მიმასწავლეს. უნდა მომეცადა. შემდეგი მატარებელი ღამის თერთმეტ საათზე გაივლიდა. კიდეც კმაყოფილი ვიყავი თავგადასავლით, რადგან არსად მეჩქარებოდა. სასტუმრო პატარა და უხეირო აღმოჩნდა, თუმცა მწვანეში იყო ჩაფლული, გარშემო ყვავილნარები გაეშენებინათ. ვიწრო ოთახი მომცეს. გემრიელად გეახელით და რადგან მთელი ღამის ნამგზავრი ვიყავი, ნასადილევს ტკბილად დავიძინე, დაახლოებით დღის ოთხ საათზე.

ჩემთვის სრულიად მოულოდნელი რაღაც მესიზმრა, მანამდე მსგავსი არაფერი მენახა. საერთოდაც, ჩემი სიზმრები ან ბრიყვულია, ან საშინელი. დრეზდენის გალერეაში არსებობს კლოდ ლორენის სურათი, კატალოგის მიხედვით, მგონი, ჰქვია „ასისი და გალათეა“; მე კი მას ყოველთვის „ოქროს საუკუნეს“ ვეძახდი, თვითონ არ ვიცი, რატომ. მანამდეც მენახა, მაშინ კი, სამიოდე დღით ადრე, კიდევ ერთხელ შევავლე თვალი. საგანგებოდაც კი მივედი, რომ მენახა. შესაძლოა, სულაც მის სანახავად შევიარე დრეზდენში. სწორედ ეს სურათი მესიზმრა, მაგრამ არა როგორც სურათი, არამედ როგორც რაღაც რეალური, ცოცხალი ამბავი.

კლოდ ლორენი -ასისი და გალათეა. 1657
თუმცა დანამდვილებით ვერც კი ვიტყვი, რა მესიზმრა. ყველაფერი ზუსტად ისე იყო, როგორც სურათში: ბერძნული არქიპელაგის ერთი კუთხე, - დროც თითქოს 3000 წლით უკან დაბრუნდა, - ცისფერი, ალერსიანი ტალღები, კუნძულები და კლდეები, აყვავებული სანაპირო, ჯადოსნური პანორამა, მოშორებით ჩამავალი, მიმზიდველი მზე... 

სიტყვით ამას ვერ აღწერ. იქ იგულა ევროპელმა საზოგადოებამ თავისი აკვანი, და ამაზე ფიქრი ჩემს გულს თითქოსდა სიყვარულით აღავსებდა. იქ იყო კაცობრიობის ამქვეყნიური სამოთხე. ღმერთები ზეციდან ჩამოდიოდნენ და ადამიანებს უნათესავდებოდნენ; იქ გათამაშდა მითოლოგიის პირველი სცენები; იქ მშვენიერი ადამიანები ცხოვრობდნენ! ისინი იღვიძებდნენ და იძინებდნენ ბედნიერნი და უცოდველნი: ტყის კორომი მათი მხიარული სიმღერებით ივსებოდა, ხელუხლებელი ძალების უდიდესი მარაგი სიყვარულსა და გულუბრყვილო სიხარულზე იხარჯებოდა და მე ამას ვგრძნობდი, და თითქოს თანაც მათ მომავალ, სამიათასწლოვან ცხოვრებას განვჭვრეტდი, რაც მათთვის უცნობი და წარმოუდგენელი გახლდათ, და გული მეკუმშებოდა ამ აზრებისგან. და როგორ მიხაროდა, რომ გული მიძგერდა, და რომ, ბოლოს და ბოლოს, მიყვარს! მზე იმ კუნძულებსა და ზღვას შუქს ჰფენდა, თავისი მშვენიერი შვილების გამო ხარობდა. ო, საოცარი სიზმარი, ამაღლებული ცდომილება! ოცნება, ყველაზე წარმოუდგენელი, რაც კი არსებობს, მაგრამ რომელსაც კაცობრიობა მუდამ ახარჯავდა მთელ თავის ძალ-ღონეს, რომლისთვისაც ყოველივეს სწირავდა მსხვერპლად, სულს ღაფავდა და იტანჯებოდა, რომლისთვისაც იხოცებოდნენ ჯვარზე და ჩაიქროლებდნენ მისი წინასწარმეტყველნი, რომლის გარეშეც ხალხებს არ სურთ ცხოვრება, მეტიც - სიკვდილიც კი არ შეუძლიათ. მთელი ეს შეგრძნება თითქოს ამ სიზმარში განვიცადე; ვიმეორებ, არ ვიცი, რა მესიზმრა, მხოლოდ შეგრძნება მესიზმრებოდა; თუმცა კლდეებს, ზღვას და ჩამავალი მზის ალმაცერ სხივებს, ამ ყველაფერს, თითქოს ვხედავდი. როდესაც გავიღვიძე და თვალი გავახილე, პირველად ცხოვრებაში ცრემლით დანამული, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. მახსოვს ცრემლები, მახსოვს, რომ მიხაროდა, და რომ არ მრცხვენოდა. ჩემთვის ჯერ განუცდელი ბედნიერების შეგრძნებამ გულში ისე გამიარა, რომ ტკივილიც კი შევიგრძენი. უკვე გვარიანად მოსაღამოვებულიყო; ჩემი პატარა ოთახის ფანჯრის რაფაზე ჩამწკრივებულ მცენარეთა ფოთლებში მზის ალმაცერი, კაშკაშა სხივები აღწევდა და შუქად იღვრებოდა. სასწრაფოდ დავხუჭე თვალი, თითქოს უკვე გამქრალი სიზმარი მინდოდა დამებრუნებინა. და... კაშკაშა შუქში ციცქნა წერტილი დავინახე. აი, ზუსტად ასე იყო ეს ყველაფერი და ამით დაიწყო. ეს წერტილი უცებ რაღაც სახებად გარდაიქმნა და უეცრად ცხადლივ წარმომიდგა პატარა წითელი ობობა. მაშინვე გამახსენდა ის ნემსიწვერას ფურცელზე, რომელსაც ასევე ეცემოდა ჩამავალი მზის ალმაცერი სხივები. თითქოს რაღაცამ გამიარა გულში მტკივნეულად, წამოვიწიე და ლოგინში წამოვჯექი. ეს ყველაფერი თითქოს ისე იყო, როგორც მაშინ მოხდა!

ჩემ წინაშე ვხედავდი სახებას (ო, ეს არ იყო ცხადში! ეს რომ ნამდვილი ხილვა ყოფილიყო, ერთხელ მაინც, ერთდაერთხელ მაინც იმ დღიდან - თუნდაც წამიერად ყოფილიყო ხორცშესხმული და ცოცხალი, რომელსაც დაველაპარაკებოდი!). დავინახე მატრიოშა, გამხდარი, ციებცხელებიანი თვალებით, ზუსტად ისეთი, როგორიც მაშინ იყო, როდესაც ჩემს ზღურბლზე იდგა, თავს მიქნევდა და ციცქნა მუშტი მომიღერა. და არასოდეს არაფერი არ მიხილავს ასე მტანჯველად! ჩამოუყალიბებელი გონების მქონე არსების შესაბრალისი სასოწარკვეთა, მე რომ მემუქრებოდა (რით? რა შეეძლო ჩემთვის დაეშავებინა, ო, ღმერთო!), მაგრამ რომელიც, რასაკვირველია, მხოლოდ თავის თავს ადანაშაულებდა! მსგავსი რამ არასოდეს მომსვლია. ღამემდე ვიჯექი გაუნძრევლად, დროს ვეღარ ვგრძნობდი. ახლა მინდა ავხსნა და სრულიად ცხადად გადმოვცე, თუ რა მოხდა სინამდვილეში. ამას უწოდებენ სინდისის ქენჯნასა თუ სინანულს? არ ვიცი და ვერც ვიტყოდი აქამდე. მაგრამ ჩემთვის აუტანელია თვით ეს სახება და სწორედ ზღურბლზე, სწორედ იმ მომენტში, და არა მანამდე და მერე, თავისი შემართული ციცქნა მუშტით, მე რომ მემუქრება, მხოლოდ ეს მისი მაშინდელი გარეგნობა, მხოლოდ ეს მაშინდელი წამი, მხოლოდ ეს თავის ქნევა. ეს ჟესტი - სწორედ ის, რომ მემუქრებოდა, სასაცილოდ კი აღარ მეჩვენებოდა, არამედ - საზარლად. შემეცოდა, შემეცოდა გაგიჟებამდე და ჩემს სხეულს საჯიჯგნად მივცემდი, ოღონდ კი ეს მაშინ არ მომხდარიყო. დანაშაულზე, მასზე, მის სიკვილზე კი არ ვნანობ, არამედ ის ერთადერთი წამი ვერ ამიტანია, ვერაფრით, ვერაფრით ამიტანია, რადგან იმ დღიდან მოყოლებული, ყოველდღე ვხედავ მას და სრულად, ბოლომდე ვაცნობიერებ, რომ უკვე მსჯავრდებული ვარ. აი, რა ვერ ამიტანია იმ დღიდან, და მანამდეც ვერ ვიტანდი, ოღონდ არ ვიცოდი კი. იმ დროიდან თითქმის ყოველდღე ვხედავ. თვითონ კი არ წარმომიდგება, არამედ მე მოვუხმობ ხოლმე მას, არ შემიძლია, რომ არ მოვუხმო, თუმცა მასთან ერთად ცხოვრებაც არ შემიძლია და ოდესმე ცხადლივ რომ დამენახა, თუნდაც ჰალუცინაციაში! - მინდა, რომ ერთხელ მაინც შემომხედოს, როგორც მაშინ, დიდი და ციებცხელებიანი თვალებით თვალებში ჩამხედოს და დაინახოს... უაზრო ოცნებაა, ეს არასოდეს მოხდება!

რატომაა, რომ არც ერთი მოგონება ჩემში მსგავს არაფერს იწვევს? არადა, ბევრი მოგონება მაქვს, შესაძლოა, გაცილებით უარესიც, ადამიანთა გაგებით... ნუთუ მხოლოდ სიძულვილს იწვევს ის ჩემში, თანაც ჩემი დღევანდელი მდგომარეობით განპირობებულს, აქამდე კი ცივი გონებიტ ვივიწყებდი, ერთიანად უკუვაგდებდი, და სიმშვიდეს ხელოვნურად ვინარჩუნებდი.

ამის შემდეგ თითქმის მთელი წელიწადი დავეხეტებოდი და ვცდილობდი თავი რამეთი გამერთო. ვიცი, რომ ახლაც შევძლებ მატრიოშას გაქრობას, როცა მოვისურვებ. საკუთარ ნებას ძველებურად ბოლომდე ვაკონტროლებ, მაგრამ საქმეც ისაა, რომ ამის გაკეთება არ მინდოდა, არასოდეს მომესურვება და არც ვეცდები, მოვისურვო, მოვინდომო. ასე გაგრძელდება ჩემს სრულ გაგიჟებამდე.

შვეიცარიაში, ორი თვის შემდეგ, ეტყობა, როგორც რაღაც საწინააღმდეგო და როგორც ორგანიზმის ბრძოლა თვითგადარჩენისთვის, ვნების შემოტევა ვიგრძენი, ისეთივე შლეგური ვნებისა, რაც მხოლოდ ოდესღაც მომივლიდა ხოლმე, თავდაპირველად. კერძოდ, ვიგრძენი სასტიკი მაცდუნებელი სურვილი ახალი დანაშაულის ჩადენისა, სურვილი ორცოლიანობისა (რადგან უკვე მყავს ცოლი); მაგრამ მე გავიქეცი, სხვა ქალიშვილის რჩევით, რომელსაც თითქმის ყველაფერი გავუმხილე, ისიც კი, რომ სრულიად არ მიყვარს ის, ვინც ესოდენ მსურს, და რომ ვერასოდეს ვერავის შევიყვარებ და რომ ვნების გარდა, ჩემში აღარაფერია. თანაც ეს ახალი დანაშაული მატრიოშასგან ვერანაირად გამათავისუფლებდა.

ამრიგად, გადავწყვიტე დამებეჭდა ეს ფურცლები და რუსეთში შემომეტანა სამასი ეგზემპლარის ოდენობით. როცა დრო მოვა, გავუგზავნი პოლიციასა და ადგილობრივ ხელისუფლებას: იმავდროულად, გავუგზავნი ყველა გაზეთს საჯაროობის თხოვნით და მრავალ ადამიანს პეტერბურგსა და რუსეთში, ვინც მიცნობს. ამასთან ერთად, საზღვარგარეთაც გამოვა თარგმანი. თუნდაც ამას აზრი არ ჰქონდეს, მაინც გამოვაქვეყნებ. ვიცი, რომ იურიდიულად მე, შესაძლოა, არც შემაწუხონ, ყოველ შემთხვევაში მნიშვნელოვნად; მე ვარ ერთადერთი, ვინც ვადანაშაულებ საკუთარ თავს და არა მყავს ბრალმდებელი. გარდა ამისა, არ არსებობს არანაირი სამხილი, ანდა ის ძალზე მცირე ოდენობითაა. და ბოლოს, ხომ გავრცელდა მოსაზრება ჩემი შეშლილობის შესახებ, რასაც მოჰყვება ალბათ, ჩემი ნათესავების მცდელობაც, რომლებიც ამ მოსაზრებას გამოიყენებენ და ჩემთვის იურიდიულად საშიშ დევნას უვნებელყოფენ. მე ამას ვაცხადებ, სხვათა შორის, იმისთვის, რომ დავამტკიცო, ახლა სრულ ჭკუაზე ვარ და ჩემს მდგომარეობას ვაცნობიერებ. მაგრამ ჩემთვის დარჩებიან ისინი, ვისაც ჩემ შესახებ ყველაფერი ეცოდინებათ, მაგრამ მაინც არ ამარიდებენ თვალს, მე კი შევძლებ მათ შევხედო. მინდა, რომ ყველამ მიყუროს. შვებას მომცემს ეს თუ არა - არ ვიცი. ამას ვიყენებ, როგორც უკანასკნელ საშუალებას.

პეტერბურგის პოლიციაში კიდევ ერთხელ საგულდაგულოდ თუ მოვიძიებთ, შესაძლოა, კიდეც მივაგნოთ კვალს. ის მეშჩანები, შესაძლოა, ახლაც პეტერბურგში არიან. სახლს, რა თქმა უნდა, გაიხსენებენ, ღია ცისფერი იყო. მე კი არსად წავალ და განსაზღვრული დროის განმავლობაში (ერთი ან ორი წელიწადი) მუდმივად სკვორეშნიკში, დედაჩემის მამულში ვიქნები. თუკი მოითხოვენ, ყველგან გამოვხადდები.

ნიკოლაი სტავროგინი.

თეოდორ დოსტოევსკი - „ეშმაკნი“
რუსულიდან თარგმნა რუსუდან ქებულაძემ
რუსული ცენზურის მიერ წარსულში ამოღებული მეორე ნაწილის მერვე თავი რუსულიდან თარგმნა ირაკლი ლომოურმა
გამომცემლობა „პალიტრა L“, 2013 წ.