Friday, October 2, 2015

მიხეილ ჯავახიშვილის ჩანაწერები ცისფერყანწელებსა და ფუტურისტებზე

1924

ამბობენ, რობაქიზე დიდი სტილისტიაო, და ამავე დროს სტენდალის ნათქვამსაც იზიარებენ: „საუკეთესო სტილი ის არის, რომელსაც ვერ ამჩნევთო“. რობაქიძის სტილი კი მკითხველს თევზის ძვალივით აქვს სულში გახირული.

1926

„მე მინდა თავადი გავხდე“ - აი ოცნება და სიცოცხლის პროგრამა ტიც. ტაბიძესი. „მე უკვე დიდი თავადი ვარ“ - ეს უკვე ფაქტია გრ. რობაქიძისთვის.

კოლაუ ნადირაძე მეუბნება: „ტყავი გავიძრე და „კეროსინკა“ ვიყიდე - 25 მანეთად. ვდგევართ მე და ჩემი ცოლი და დღეში სამჯერ ვფერავთ. ვუბერავთ. ვაკრიალებთ (იგი ღირს გერ-ში 5-6 მარკა). ასეთია პოეტის ბედი.

1927

თერგდალეულ ილიას მოჰყვნენ უფესვო „ყანწელები“ - უთერგონი.

ორი ჯურის მწერალია. ერთი სიკვდილის შემდეგ იზრდება, მეორე კლებულობს. მე პირველს ვეკუთვნი, რობაქიძე - მეორეს.

ივნისში 27წ. კონსერ-ის დარბაზში ანდრეი ბელიმ ორი ლექცია წაიკითხა. დარბაზი ნახევრად იყო სავსე მხოლოდ ქართველებით. ტფილისში 4000 რუსია, 40-იც არ მოსუალა. ტაბიძე და ძმანი მისნი კი ჰბერავენ და დარბიან.

„ყანწელები“ ამბობენ ჩემზე და თითქმის ყველა ამერელ მწერლებზე - სტილი არა აქვთო. ცხადი შეცდომაა. ან სიყალბე: ოდნავ თვალსაჩინო მწერალი არ არსებობს, რომ სტილი არა ჰქონდეს. მაგრამ ყანწელებს ან არ ესმით ჩვენი სტილი, ან არ მოსწონთ. (უფრო არ ესმით, რადგან ნამდვილი ქართულისა მათ არაფერი ესმით). ამიტომ თავიანთ უმეცრებას ჩვენი სტილის უარყოფით მალავენ.

ფუტურისტებმა მანქანა ფეტიშად გადააქციეს და ცოცხალი ადამიანი მკვდარ ლითონს დაუმონეს. დაავიწყდათ, რომ იგი ისევ ადამიანის შექმნილია და მასვე ემსახურება (აგრეთვე მანქანის შექმნილი ნივთიც). ჩვენში მაინც მისი კულტი სასაცილოა. სამჭედლოს ქურები უფრო მეტს ბოლს იძლევიან, ვიდრე ქარხნები. ტფილისში დღეში ათასი ურემი შემოდის და შუაღამეზე ამდენივე მამალი ჰყივის.

 ყანწელებში შეიჭრა ხაზები დადასი, ექსპრესიონიზმისა და ფორმალისტ-ფუტურისტული. ყოველივე ახალს მისწვდნენ, ამიტომ დაკარგეს საკუთარი. ფუტ-ებს უცხო სიტყვათა ლექსიკონი დაუსწავლიათ და მკუხე ჭაბუკებს იზმებით აოცებენ და აციებით ათრობენ. მიზეზიც ცხადია: ჯერ თვითონაც არ გასცილებიან იმ ჭაბუკებს - არც ცოდნით, არც ხნოვანებით, არც გემოვნებით და არც სიბრძნით. კულტუროსნობის დიპლომსაც წარამარად არიგებენ მჟავე პიტნასავით. ის კი არ იციან, რომ ამისთვის კიდევ რაღაც არის საჭირო (გარდა კადნიერებისა) და ეს რაღაც შეიძლება სიკვდილამდეც ვერ იხილონ.

ფუტ. და ფორმალისტებს შორის უკანონო კავშირი დამყარდა. ან უნდა გაიყარნენ, ან შედუღდნენ (C2HO4) მათი ფროიდი: გიჟური წყურვილი მკითხველის შოვნისა და სრული დაუძლურება მისი პოვნისა. ამისგამო - გამწარება და კაპასი ბრძოლა ყველა და ყოველივესთან. კულტი ტერორის, ჟინიანობის, ნებისყოფის, რაც მტკვარს ერთვის და გურგენის ზღვაში იკარგება.

 ნეკის ოდენა პოტენცია და მდევური მადა, წრიპინა საქმე და ყარამანისებური შეძახილები - აი, ჩვენი ფუტურისტები. H2SO4-სგან მემარცხენეობა მარტო იმით განირჩევა, რომ უფრო გასაგებია პირველზე, მაგრამ ესეც სახიფათოა ავტორებისათვის. მკითხველიც გაიგებს, რომ ამაშიც არაფერი ჰყრია. გაიგოს! მოიგებს!

მემარცხენეები (ფუტ-ები) თავიანთ მოსისხლე მტრად თვლიან რეალიზმს. პროლეტმწერლები კი ნამდვილი რეალისტები არიან. მაინც უუმტკიცესი კავშირი აქვთ ერთმანეთთან. სჩანს, რევოლუციას სიტყვა უფრო სწყურია, ვიდრე საქმე, სჩანს ლიტ-ული დაჯგუფება ლიტ-ულ ნიადაგზე კი არ ხდება, არამედ მხოლოდ პოლიტ-ლოზუნგებზე, არიფიონი კი სასტიკ ბრძოლას უცხადებს ასეთს სოციალურ-ფსიხიურ სენს.

საოცარია: პროლეტმწერლები და ფუტურისტები დაჟინებით გვთხოვენ რევოლუცია ავწეროთ, მაგრამ თვითონ ძვრასაც ვერ უშვრებიან მას.

ყანწელებმა მეტყველება დასწურეს, მაგრამ ზოგან გადააჭარბეს. და ესენცია მოგვცეს. ისინი უფრო სიტყვის მუსიკოსები არიან, ვიდრე მხატვრები, უფრო ვიდრე ცხოვრების ამსახველნი.

1929/30

გრ. რობაქიძე - ტიპი. ერთს უთხრა: „გადაეცით იმ ქალს, რომ მე ის მომწონს“. პასუხად ქალმა შეუთვალა: „გადაეცით, რომ მისი მოწონება სრულებით საკმარისი არ არის. უმთავრესი ის არის, მომწონს თუ არა გრ-ლი მე თვითონ. არა, არ მომწონს“.

1931-1933 აპრილამდე

გრ. რობაქიძის ჩანგს მხოლოდ ერთი სიმი აბია.

რობაქიძე ევროპიდან გამარჯვებული მოდის საქართველოში, მე კი აქედან მივდივარ ევროპაში გამარჯვებული.


მიხეილ ჯავახიშვილი - ჩანაწერები უბის წიგნაკებიდან
გამომცემლობა „ინტელექტი“, 2011წელი