ფრიდრიხ ნიცშე და თეოდორ დოსტოევსკი - ცხენის გამათრახება

1889 წლის 3 იანვარს, ფრიდრიხ ნიცშეს ფსიქიკური შეტევა დაემართა. ტურინის ქუჩებში საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო მას ორი პოლიციელი მიუახლოვდა. უცნობია რამ გამოიწვია ფსიქიკური შეტევა, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვერსიის მიხედვით, კარლო ალბერტოს მოედანზე ნიცშე ცხენის გამათრახების ფაქტს შეესწრო, ცხოველთან მიირბინა, დასაცავად კისერზე ხელები შემოხვია, შემდეგ კი გონება დაკარგა და დაეცა. 

ამ ფაქტამდე 22 წლით ადრე, 1867 წელს, ფრიდრიხ ნიცშე პრუსიის არტილერიის დივიზიაში ერთი წლით მოხალისედ ჩაეწერა. ახალწვეულთა შორის იგი ერთ-ერთ საუკეთესო მხედრად ითვლებოდა. ოფიცრები ვარაუდობდნენ, რომ სულ მალე ნიცშე კაპიტნის ჩინსაც მიიღებდა, თუმცა, 1868 წლის მარტში, როდესაც უნაგირზე შეხტომას ცდილობდა, დაზიანდა და ორი თვის განმავლობაში სიარულიც კი არ შეეძლო...

ცხენის გამათრახების სცენა რომან „ძმებ კარამაზოვებში“ (1880წ.) აღწერილი აქვს ფიოდორ დოსტოევსკის, მწერალს, რომელზეც ნიცშე ამბობდა:

„დოსტოევსკი ერთადერთი ფსიქოლოგი იყო, რომლისგანაც მე რაღაც ვისწავლე; ის ჩემს ცხოვრებაში ფორტუნას ყველაზე მშვენიერ გაღიმებებს შორის დგას“.

ნაწყვეტი ფიოდორ დოსტოევსკის რომანიდან - „ძმები კარამაზოვები“:

„ჩვენთვის ისტორიულად ბუნებრივი და მახლობელი, სხვისი ცემა-ტყეპითა და ტანჯვა-წამებით სიამოვნებაა. 

ნეკრასოვს ერთი ლექსი აქვს იმის შესახებ, თუ როგორ ურტყამს გლეხი ცხენს თვალებში მათრახს, „თვინიერ თვალებში“.

ვის არ უნახავს ასეთი სურათი, ეს სუფთა რუსიზმია. იგი აღგვიწერს დატვირთულ საზიდარში შებმულ გასავათებულ ცხენს, რომელიც ტვირთს ვეღარ ერევა. გლეხი ურტყამს მათრახს, სცემს დაუნდობლად, არაფრის გაგება არ უნდა, შეუჩერებლად უქნევს მათრახს და უყვირის:

„მართალია, აღარ შეგიძლია, მაგრამ მაინც უნდა წაიღო, მოკვდი, მაგრამ მაინც უნდა წაიღო!“ 

ჯაგლაგი ცდილობს წინ წაწევას, გლეხი კი კვლავ ურტყამს აცრემლებულ და „თვინიერ თვალებში.“

გამწარებულმა ცხენმა, როგორც იქნა, გაიწია და დაძრა საზიდარი. რაღაცნაირად საცოდავად მიდიოდა, გვერდულად და ხტუნვა-ხტუნვით, სუნთქვა-შეკრული და აკანკალებული.

შემაძრწუნებელი სურათი აქვს აღწერილი ნეკრასოვს, მაგრამ ეს ხომ ცხენია, ცხენი იმისთვისაა, რომ გაამათრახონ.

ასე აგვიხსნეს ეს თათრებმა და მათრახით საუკუნოდ დაგვასაჩუქრეს. მათრახი კი ადამიანსაც შეიძლება ურტყა“.