თეოდორ დოსტოევსკი - მოთამაშე

(ყმაწვილკაცის ჩანაწერები)

სასაცილოც კია, რულეტიდან ამდენ რამეს რომ გამოველი, თუმცა, ჩემი ფიქრით, ის უფრო სასაცილოა, სხვებს რომ სისულელედ და უგუნერებად მიაჩნიათ, კაცი თამაშისგან რამეს გამოელოდოს. ნეტა რით ჩამოუვარდება თამაში ფულის შოვნის სხვა საშუალებას, თუნდაც მაგალითდ, ვაჭრობას? მართალია, ასიდან მხოლოდ ერთი იგებს, მაგრამ ეს მე რაში მეხება?

მუდამ სულელურად მივიჩნევდი ერთი გაქსუებული, ჯიბესავსე მორალისტის მოსაზრებას, რომელმაც ვიღაცის თავის მართლებაზე, ხომ წვრილი ფულითაც თამაშობენო, - პასუხად ასე ბრძანა: წვრილმანი ანგარება კიდევ უფრო უარესიაო. თითქოსდა წვრილმანსა თუ მსხვილმანს ანგარებაში რამე განსხვავება იყოს. ეს ერთმანეთის პროპორციული რამაა, რაც როტშილდისთვის (ებრაული წარმომავლობის ევროპელ ბანკირთა და საზოგადო მოღვაწეთა დინასტია) წვრილმანია, ჩემთვის დიახაც მსხვილმანი გახლავთ.

ნამდვილმა ჯენტლმენმა მთელი ქონება რომც წააგოს, არ უნდა აღელდეს. ფული მისთვის იმდენად არაფერს ნიშნავს, თავის შეწუხებად არ უღირს. რა თქმა უნდა, თუ სულ ვერ შეამჩნევ ამ ნაძირალებსა და ბინძურ გარემოს, ეს შენი დიდი არისტოკრატულობის დამადასტურებელია, მაგრამ ზოგჯერ ისიც არანაკლება არისტოკრატულობის დამადასტურებელი გახლავთ, თუკი, პირიქით, შეამჩნევ ყველაფერს, ესე იგი, დაუკვირდები და თუნდაც, მაგალითად, ლორნეტით დაათვალიერებ ამ სალხანებს. ოღონდ ისე კი, ვითომც ეს ბრბო და მთელი ეს სიბინძურე ჯენტლმენის სასეიროდ მოწყობილ თავისებურ სანახაობად მიგაჩნია. შეიძლება ამ ბრბოშიც გაერიო, მაგრამ ისეთნაირი იერით, ვითომ მხოლოდ აქ სეირის მაყურებელი ხარ და არა მისი წევრი. თუმცა მეტისმეტი დიდი ყურადღების გამოჩენაც არ ეგების, ვინაიდან ეს სანახაობა მაინცდამაინც დიდ ყურადღებად არცა ღირს. ისედაც რომ ვთქვათ, ჯენტლმენის ყურადღების ღირსი სანახაობა ამქვეყნად ძალიან ცოტა უნდა მოიძებნებოდეს.

განა შეიძლება კაცი სათამაშო მაგიდას მიუახლოვდე და ცრუმორწმუნე არ გახდე?

ჩემი დაკვირვებით, წინასწარ ანგარიში ძალზე ცოტას ნიშნავს. სულ ტყუილად მიაჩნია ბევრ მოთამაშეს ის ეგზომ მნიშვნელოვნად, როცა დახაზული ფურცლებით მისხდებიან ხოლმე, ანგარიშობენ, ითვლიან, ბოლოს ჩამოდიან და მაინც ჩვენისთანა ალალბედზე მოთამაშე ჩვეულებრივი მოკვდავებივით აგებენ. სამაგიეროდ ერთი დასკვნა, და, მგონი, სწორი დასკვნაც გამოვიტანე. შემთხვევითი მოგების დროს სისტემა თუ არა, რაღაც განსაზღვრული თანმიმდევრობა მაინც არსებობს. ეს კი, რა თქმა უნდა, ძალზე უცნაურია.

ხომ გაგიგონიათ, წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო. რომ არ იხრჩობოდეს, მერწმუნეთ, ხავსს ხის ტოტად არ მიიჩნევდა.

განა სიამოვნება მუდამ მოგება არ არის, ხოლო შენი უსაზღვრო ძალის გამოცდამ, გინდაც ბუზზე, განა შეიძლება ერთგვარი ნეტარება არ მოგანიჭოს? ადამიანი ბუნებით მტარვალია, სხვისი წვალება უყვარს.

ბუნებრივად თავაზიან ფრანგს იშვიათად შეხვდები. მუდამ ნაძალადევად, მუდამ ანგარიშით არის თავაზიანი. თუ, მაგალითად, შეამჩნია, რომ საჭიროა ფანტასტიკური, ორიგინალური და ჩვეულებრივისგან განსხვავებული ბუნება აჩვენოს, მისი ბრიყვული, არაბუნებრივი ფანტაზია წინასწარვე დადგენილ და უკვე გაცვეთილ ფორმებს არჩევს. ბუნებით ფრანგს დიახაც მეშჩანური, წვრილმანი, ყოვლად ჩვეულებრივი, დადებითი ხასიათი მოსდგამს, - ერთი სიტყვით, იმაზე მოსაწყენ კაცს ამქვეყნად მეორეს ვერ ნახავ. ჩემი აზრით, მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებაში გამოუსვლელებსა და მეტადრე რუს ყმაწვილქალებს ხიბლავთ ფრანგები. ყოველმა წესიერმა ადამიანმა არ შეიძლება მაშინვე არ შეამჩნიოს და აუტანლად არ ჩათვალოს სალონური თავაზიანობის, უტიფრობისა და მხიარულების ეს ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი და გაცვეთილი წესის გამოხატულება.

რამდენჯერმე თუ წააგო, მერე ვეღარც მოაშორებ მაგიდას, ჯიბრზე ითამაშებს და ითამაშებს... ასეთ შემთხვევაში კი თავის დღეში ვერავინ იგებს.

ჩემი ფიქრით, ეს კრუპიეები, მუდამ ასე დინჯად რომ იქცევიან და თავი ჩვეულებრივ მოხელეებად მოაქვთ, რომელთათვის ვითომდა სულერთია, მოიგებს თუ წააგებს ბანკი, სინამდვილეში სულაც ასე გულგრილად როდი უყურებენ წაგებას. რა თქმა უნდა, დარიგებული არიან მოთამაშეთა მოსაზიდად და სახაზინო ინტერესების დასაცავად და საამისოდ პრიზებსა და პრემიებს იღებენ.

დიახ, დიახ, ზოგჯერ ყოვლად გიჟური და ერთი შეხედვით ყოვლად განუხორციელებელი აზრი და ფიქრი ეგზომ ძლიერად გაგიჯდება თავში, ბოლოს თვითონაც შესაძლებლად მიიჩნევ... კიდევ მეტი: თუ ამ ფიქრს ძლიერი და დიდი სურვილიც მიემატება, მგონი, ისეთ ფატალურ, უცილობელ, შენი ბედის წიგნში ჩაწერილ ამბად მიიღებ, რომელიც არ შეიძლება არ აგისრულდეს! იქნებ აქ კიდევ სხვა რაღაც არის, ნაზავი რაღაც წინათგრძნობათა, ნებისყოფის რაღაც უჩვეულო დაძაბულობა, საკუთარი ფანტაზიით თავის მოწამვლა, თუ სხვა კიდევ, - არ ვიცი და ვერაფერს ვიტყვი.

მერედა რა ულმობლად დაგცინებს ზოგჯერ ბედი!

მას აქეთ, რაც სათამაშო მაგიდასთან დავყავი და დასტობით მოვხვეტე ფული, სიყვარული თითქოს აღარ იყო ჩემთვის ყველაფერი. თუმცა ამას ახლა ვამბობ, მაშინ კი ასე ნათლად არ მიგრძნია. ნუთუ მართლა მოთამაშედ ვარ გაჩენილი, ნუთუ მართლა...

მართალს ამბობენ, ერთი და იმავე მაგიდაზე ბედის ცდამ დათარსვა იცისო.

ხუთი წუთიც არ იყო გასული, რაც მქონდა, იმასთან ერთად ათას შვიდასი გულდენი დამიგროვდა! დიახ, ამისთანა წუთები დაგავიწყებს წინანდელ მარცხს! მე ხომ აქ სიცოცხლეზე მეტი გავწირე - და ისევ კაცად ვიქეცი!

ადამიანს მართლაც უყვარს საკუთარი მეგობარიც კი თავის წინ დამცირებული იხილოს. მეტწილად დამცირებაზეა დამკვიდრებული სწორედ მეგობრობა. ჭკვიანმა ხალხმა დიდი ხანია იცის ეს ჭეშმარიტება.

რუსუდან ქებულაძის თარგმანი
გამომცემლობა „პალიტრა L”, 2014წ.