ვოლტერი - კანდიდი, ანუ ოპტიმიზმი

თარგმანი გერმანულიდან ბ-ნ დოქტორ რალფისა. თარგმანს თან ახლავს დამატებანი, რომლებიც აღმოჩნდა დოქტორის ჯიფეში მას შემდეგ, რაც იგი უფლის განხორციელებიდან 1759 წელს გარდაიცვალა

არ არსებობს შედეგი მიზეზის გარეშე. ყოველივე ერთმანეთთან აუცილებლობით არის გადაჯაჭვული და უკეთესობისკენ მიდის.

ო, ცაო! რას არ ჩაადენინებს მანდილოსნებს სარწმუნოებრივი გულმოდგინეობა.

- ო, ჩემო ძვირფასო კანდიდ! თქვენ იცნობდით პაკეტას, ჩვენი დიდებული ქალბატონის ტურფა მოახლეს. მის მკლავებში შევიგრძენი სამოთხის სიტკბოება, რომელმაც ეს ჯოჯოხეთური წამება გამოიწვია და, როგორც ხედავთ, დამაძაბუნა. მოახლე დაავადებული აღმოჩნდა. ან სენმა იქნებ უკვე მოკლა კიდეც. პაკეტას ეს საჩუქარი მიართვა ერთმა მეტად განსწავლულმა ფრანცისკელმა ბერმა, რომელმაც ამ ავადმყოფობის წყარო გამოიკვლია: ბერს იგი გრაფის მოხუცებული მეუღლისგან გადაედო, გრაფის მეუღლეს კავალერიის კაპიტნისგან, ის კი ამ სენს უმადლოდა ერთ მარკიზას, რომელსაც პაჟისგან გადასდებოდა, ხოლო ამ უკანასკნელს ერთი იეზუიტისაგან; იეზუიტს მორჩილად ყოფნის დროს მიეღო პირდაპირი ხაზით ქრისტეფორე კოლუმბის ერთ-ერთი ასაბიისაგან. რაც შემეხება მე, აღარავის გადავცემ, რადგან სიკვდილის პირასა ვარ მისული.

მთელ დედამიწის ზურგზე კი ვერც სისხლს გამოაშვებინებ, ვერც ოყნას გააკეთებინებ, თუ ფულს არ გადაიხდი. ან თუ ვინმე შენს მაგივრად არ გადაიხდის.

ადამიანებმა ბუნება ნაწილობრივ შებღალეს, მაგრამ ისინი სულაც არ დაბადებულან მგლებად, მგლის ბუნება შემდეგში შეიძინეს. ღმერთს მათთვის არც ოცდაოთხ გირვანქიანი ლულები უბოძებია და არც ხიშტები; მათ კი ერთმანეთის გასაჟლეტად ხიშტები და ლულები გამოიგონეს.

თავისუფლებას შეუძლია აბსოლუტურ აუცილებლობასთან ერთად იარსებოს, რადგან აუცილებელი იყო, რომ ჩვენ თავისუფალნი ვყოფილიყავით; ბოლოს და ბოლოს, ნება მიზეზობრიობითაა განსაზღვრული.

პატიოსანი ქალი შეიძლება ერთხელ გააუპატიურონ, მაგრამ ამით მისი სათნოება კიდევ უფრო განმტკიცდება ხოლმე.

რაც შემეხება მე, დღევანდლამდე ორთავეს უარს ვეუბნები და, მგონი, სწორედ ამის გამო მეტრფიან.

როდესაც კაცი გამიჯნურებულია, დაეჭვებული და ინკვიზიციის მიერ გამათრახებული, მაშინ თავი ავიწყდება.

ჯარისკაცები ისე იცავდნენ თავს, როგორც ეს პაპის ჯარისკაცებს შეეფერებოდათ: ყველამ იარაღი დაჰყარა, დაიჩოქა და მეკობრეებს ცოდვების სრული განტევება სთხოვა.

იმან გამაოცა, რომ მაროკოელმა მეკობრეებმა თითები იმ ადგილში შეგვიყვეს, სადაც ჩვენ, ქალები, მხოლოდ ოყნის მილს ვიყოფთ ხოლმე. ეს წესი ფრიად უცნაურად მეჩვენა. ასე ახირებულად წარმოგვიდგება ყველაფერი, როგორც კი სამშობლოს გავცილდებით.

ჩრდილოეთის ხალხებს ესოდენ მგზნებარე სისხლი არ გააჩნიათ. მათ არ ეუფლებათ ქალქებისადმი ის გაშმაგებული ვნება, რაც ჩვეულებრივია აფრიკაში. თქვენს ევროპელებს ძარღვებში თითქოს რძე უდგათ; ატლასის მთებისა და მისი მეზობელი ქვეყნების მცხოვრებთა ძარღვებში ცეცხლი და კუპრი დუღს.

ასჯერ მოვისურვე თავის მოკვლა, მაგრამ სიცოცხლე ჯერ კიდევ მიყვარდა. ეს სასაცილო სისუსტე იქნებ ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე საბედისწერო მიდრეკილებაც იყოს: რა არის იმაზე მეტი სისულელე, რომ დაუსრულებლად ატარო ტვირთი, რომლის მიწაზე დაგდება გსურს ყოველთვის? გძულდეს შენი თავი და თან უფრთხილდებოდე? ბოლომდე ელოლიავებოდე შენს შთანმთქმელ გველს, რომელიც გულს გიღრღნის?

დაავალეთ თითოეულ მგზავრს თავისი თავგადასავალი გიამბოთ და თუ მათ შორის შეხვდებით თუნდაც ერთს, რომელიც ხშირად გაჩენის დღეს არ იწყევლიდეს და თავის თავს ყველაზე უბედურ ადამიანად არ თვლიდეს, ზღვაში თავდაყირა გადამაგდეთ.

უბედურებანი უფლებებს იძლევიან.

კუნეგონდა, სამშობლოდან ასე შორს გადმოხვეწილო, თავს როგორ გაიტანთ? - შეძლებისდაგვარად, - უპასუხა კაკამბომ, - ქალებს არასოდეს გაუჭირდებათ, ღმერთი მათ მფარველობს.

როდესაც ადამიანი ერთ ქვეყანაში ვერ ნახავს ხეირს, ბედს მეორე ქვეყანაში ეწევა; ახალი რამის ნახვასა და ახლის კეთებას ქვეყნად არაფერი სჯობს.

რა არის უცნაური იმაში, რომ ზოგიერთ ქვეყანაში არიან მაიმუნები, რომლებიც ქალთა კეთილგანწყობით სარგებლობენ? მაიმუნი მამაკაცის მეოთხედია.

რაც არ უნდა იყოს, შეუბღალავი ბუნება კეთილია.

მდინარეს ყოველთვის რომელიმე დასახლებული ადგილისაკენ მივყავართ. სასიამოვნოს თუ ვერაფერს ვიპოვით, რაიმე ახალს მაინც ვნახავთ.

ელდორადო ალბათ ის ქვეყანაა, სადაც ყოველივე უკეთესისკენ მიემართება, რადგან აუცილებელია ასეთი ქვეყანა სადმე არსებობდეს.

ღმერთი არც ორი არსებობს, არც სამი და არც ოთხი.

- როგორ! მაშ არა გყავთ ბერები, რომლებიც ქადაგებენ, კამათობენ, სახელმწიფოს მართავენ, მზაკვრობენ და ყველას, ვინც მათ აზრს არ გაიზიარებს, წვავენ?!
- ჯერ არ გავგიჟებულვართ.

აშკარაა, მოგზაურობა სასარგებლო რამ ყოფილა.

ადამიანს ისე უყვარს მოგზაურობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნება, სადაც მას მეტი ფასი ედება და მოგზაურობის შთაბეჭდილებებით ტრაბახის შესაძლებლობა ეძლევა, რომ ორმა ბედნიერმა ადამიანმა გადაწყვიტა, აღარ ყოფილიყო ბედნიერი.

თუ კაცი სადმე ხეირიანად ცხოვრობს, ჯობს იქ სამუდამოდ დარჩეს.

ჰოლანდიური კერპები, რომელთაც მე მომარჯულეს, ყოველ კვირა დღეს ჩამჩიჩინებენ, ყველანი, თეთრებიცა და შავებიც ადამის შვილები ვართო. მე გენეალოგიისა არაფერი მესმის, მაგრამ თუ ეს მქადაგებლები მართალს ამბობენ, წარმოშობით ყველანი ბიძაშვილები ვყოფილვართ. დამეთანხმებით, არ შეიძლება კაცი ნათესავს ამაზე შემზარავად ეპყრობოდეს.

- რა არის ოპტიმიზმი? - იკითხა კაკამბომ.
- საუბედუროდ, - უპასუხა კანდიდმა, - ეს არის სიგიჟე, რომლითაც შეპყრობილები ამტკიცებენ, თითქოს ყოველივე კარგი იყოს, როცა სინამდვილეში ყოველივე ცუდია.

როდესაც დედამიწას - ამ ბურთს, უფრო სწორად, ბურთულას ვუმზერ, ვფიქრობ, რომ ღმერთმა იგი რომელიღაც ბოროტ არსებას მიუტოვა. ელდორადოს ყოველთვის გამონაკლისად ვთვლიდი. მე ჯერ არ მინახავს ქალაქი, რომელიც მეზობელი ქალაქის დანგრევას არ ნატრობდეს, არც ოჯახი, რომელსაც რომელიმე სხვა ოჯახის განადგურება არ სურდეს. ყველგან სუსტებს ძლიერები ეზიზღებათ და მაინც მათ ფეხთა მტვერს ლოკავენ, ძლიერნი კი სუსტებს ისე ეპყრობიან, ვით ცხვრის ფარას, რომლის ხორცსა და მატყლს ყიდიან. ერთი მილიონი შეკავშირებული მკვლელი ევროპის ერთი ბოლოდან მეორეში დათარეშობს და ლუკმაპურის მოსაპოვებლად მოფიქრებულ, მოწესრიგებულ ძარცვასა და მკვლელობას სჩადის, რადგან ამაზე პატიოსანი ხელობა არ გააჩნია. იმ ქალაქებში, სადაც თითქოს მშვიდობიანობით ტკბებიან და აყვავებული ხელოვნებებით ნეტარებენ, ადამიანებს შური, ზრუნვა და მოუსვენრობა უფრო მეტად ტანჯავთ, ვიდრე ალყაშემორტყმული ქალაქების მცხოვრებთ - გაჭირვება. საიდუმლო ჭირი კიდევ უფრო ულმობელია, ვიდრე გამჟღავნებული.

- ხომ ხედავთ, - თქვა მარტენმა, - როგორ ეპყრობიან ადამიანები ერთმანეთს.
- მართალია, - უპასუხა კანდიდმა, - ამ საქმეში რაღაც ეშმაკეული ურევია.

საფრანგეთის მრავალი კუთხე შემოვიარე. ზოგ კუთხეში მოსახლეობის ნახევარი გიჟია, ზოგან - მეტად ცბიერი, ზოგან - კეთილი, მაგრამ გონებაჩლუნგი; ზოგან გონებამახვილობას ჩემულობენ. ყველგან კი ხალხის ძირითად საქმიანობას სიყვარული, შემდეგ ავყიაობა და ამის შემდეგ კი უაზრო ლაქლაქი წარმოადგენს. [...] პარიზი ყველა ამ თვისებითაა დაჯილდოებული. ეს არის ორომტრიალი, ჭყლეტა-სრესა, სადაც ყველა სიამოვნებას ეძებს და თითქმის ვერავინ პოულობს...

- მაშ, ეს ქვეყანა რისთვის არის შექმნილი? - ჰკითხა კანდიდმა.
- ჩვენს გასაცოფებლად. - უპასუხა მარტენმა.

- თქვენ როგორ გგონიათ, - თქვა კანდიდმა, - ადამიანები ასევე ხოცავდნენ ყოველთვის ერთმანეთს, როგორც დღეს? ნუთუ ისინი ყოველთვის მატყუარები, თვალთმაქცები, ვერაგები, უმადურები, ავაზაკები, უმწეონი, თავქარიანები, ღორმუცელები, ლოთები, ძუნწები, პატივმოყვარენი, სისხლისმსმელები, ცილისმწამებლები, გარყვნილები, ფანატიკოსები, ფარისეველნი და სულელები იყვნენ?
- თქვენ როგორ გგონიათ, - უთხრა მარტენმა, - განა ქორები ყოველთვის არ ჭამდნენ დაჭერილ მტრედებს?

- ეს ხალხი (ფრანგები) ამგვარად არის შექმნილი. წარმოიდგინეთ ყველა შესაძლებელი, ყველა შესაძლებელი შეუსაბამობანი და თქვენ მათ ამ უცნაური ერის სახელმწიფო დაწესებულებებში, სასამართლოებსა და ეკლესიებში შეხვდებით.
- ნუთუ პარიზში ყოველთვის იცინიან? - იკითხა კანდიდმა.
- დიახ, - მიუგო აბატმა, - მაგრამ მუდამ კბილების კრეჭით. აქ ყველაფერზე სიცილით გამოთქვამენ უკმაყოფილბას. ბილწ საქმეებსაც სიცილით სჩადიან.

- თქვენ იცნობთ ინგლისს? აქაც ისეთივე გიჟები ცხოვრობენ, როგორც საფრანგეთში?
- ეს სიგიჟის სხვა სახეობაა, - უპასუხა მარტენმა, - იცით თუ არა, რომ ეს ორი ერი კანადაში მდებარე, თოვლით დაფარული ორიოდე მტკაველი მიწის გამო ერთმანეთს ებრძვის. ამ მშვენიერ ომში მათ დახარჯეს იმდენი ფული, რამდენადაც მთელი კანადა არ ღირს. ჩემი მცირეოდენი ცოდნა საშუალებას არ მაძლევს ზუსტად მოგახსენოთ, თუ ამ ორი ქვეყნიდან რომელში უფრო მეტი კაცი ცხოვრობს. ის კი ვიცი, რომ ხალხი, რომელსაც ჩვენ ახლა ვნახავთ, ერთობ ღვარძლიანია.

- თქვენ მკაცრი ხართ. - უთხრა კანდიდმა.
- იმიტომ, რომ მე მიცხოვრია. - მიუგო მარტენმა.

ციცერონის ფილოსოფიურ შრომებს უკეთესად შევეთვისებოდი, მაგრამ მას ყველაფრისა ეეჭვება და ამის გამო დავასკვენი, რომ იმდენივე ვიცი, რამდენიც ციცერონმა და არავის დახმარება არ მჭირდება იმისთვის, რომ უმეცარი დავრჩე.

კარგია, როცა იმას წერ, რასაც ფიქრობ. ადამიანს ეს უპირატესობა უნდა ჰქონდეს.

მე კმაყოფილი ვიქნებოდი იმ თავისუფლებით, რომელიც ინგლისელ გენიოსებს აღაფრთოვანებს, პარტიული სული რომ არ რყვნიდეს ყოველივეს, რაც თავისუფლებაში პატივისცემის ღირსია.

დიდი ხანია, რაც პლატონმა თქვა - კუჭი, რომელიც არც ერთ საჭმელს არ იღებს, საუკეთესო კუჭად ვერ ჩაითვლებაო.

ერთი ის გამაგებინა, რა უფრო მძიმე ასატანია: ზანგი მეკობრეების მიერ ასჯერ გაუპატიურება, ნახევარი საჯდომის დაკარგვა, ბულგარელების მიერ გაროზგვა, აუტოდაფეს დროს ცემა და ჩამოხრჩობა, დასტაქრის მიერ განკვეთა, გალერაზე ნიჩბების მოსმა, ერთი სიტყვით ჩვენ მიერ გადატანილ უბედურებათა თავიდან განცდა თუ გულხელდაკრეფილი ჯდომა.

მარტენმა დაასკვნა, ადმაიანები იმისთვის იბადებიან, რომ ან მოუსვენრობის კონვულსიებში იცხოვრონ, ან მოწყენილობის ლეთარგიაშიო. კანდიდი მას არ ეთანხმებოდა, მაგრამ არც არაფერს ამტკიცებდა. პანგლოსი აღიარებდა, ყოველთვის სასტიკად ვიტანჯებოდი, მაგრამ რახან ერთხელ დავამტკიცე, რომ ყოველივე უკეთესისკენ მიიმართება, არასოდეს ამ აზრისთვის არ მიღალატია და სხვა არაფერი მწამსო.

***

მეზობლად ცხოვრობდა ერთი ფრიად სახელგანთქმული დავრიში, რომელიც თურქეთის საუკეთესო ფილოსოფოსად ითვლებოდა. მასთან რჩევის მისაღებად მივიდნენ. პანგლოსმა სიტყვა აიღო და დავრიშს მიმართა:

- ოსტატო, ჩვენ მოვედით, რომ გკითხოთ: რისთვის არის შექმნილი ესოდენ უცნაური ცხოველი, რომელსაც ადამიანი ჰქვია?
- შენ რა განაღვლებს? - უპასუხა დავრიშმა, - რა შენი საქმეა?
- მაგრამ, ჩემო ყოვლად ღისო მამაო, - უთხრა კანდიდმა, - დედამიწაზე საშინელი ბოროტება სუფევს.
- განა სულ ერთი არ არის, აქ ბოროტება სუფევს თუ სიკეთე? როდის იყო, მისი უდიდებულესობა ეგვიპტეში გემსა გზავნიდა და ამავე დროს გემის თაგვების კეთილდღეობაზე ზრუნავდა?!
- მაშ, როგორ უნდა მოვიქცეთ? - იკითხა პანგლოსმა.
- უნდა გაჩუმდეთ. - მიუგო დავრიშმა.
- ვიმედოვნებდი, - თქვა პანგლოსმა, - თქვენთან ცოტაოდენ მაინც მემსჯელა მიზეზებსა და შედეგებზე, შესაძლებელ ქვეყანათა შორის საუკეთესო ქვეყანაზე, ბოროტების წარმოშობაზე, სულის თვისებაზე და წინასწარდადგენილ ჰარმონიაზე.

დავრიშმა ამ სიტყვების გაგონებაზე მათ ცხვირწინ კარი მიუჯახუნა.

***

შრომა თავიდან გვაშორებს სამ ბოროტებას: მოწყენას, გარყვნილებასა და სიღარიბეს.

ძალაუფლება, - თქვა პანგლოსმა, - ყველა ფილოსოფოსის აზრით, ძლიერ სახიფათოა, რადგან ბოლოს და ბოლოს ეგლონი, მოაბიტთა მეფე, აოდმა მოკლა; აბესალომი ხეს თმით ჩამოჰკიდეს და სამი შუბით განგმირეს: მეფე ნადაბი, იერობოჰამის ძე, ბაზამ მოკლა; მეფე ელა - ზამბრიმ; ოქოზია - ეიჰუმ; გოთოლია - იოადმა. მეფეები იოაქიმი, იექონია, სედეკია მონებად ჩავარდნენ. თქვენ იცით, როგორ დაიღუპნენ კრეზუსი, ასტიაგი, დარიუსი, დიონის სირაკუზელი, პირუსი, პერსევსი, ჰანიბალი, იუგურტა, არიოვისტი, კეისარი, პომპეუსი, ნერონი, ოტონი, ვიტელიუსი, დომიციანე, რიჩარდ II ინგლისელი, ედუარდ II, ჰენრიხ VI, რიჩარდ III, მარია სტიუარტი, კარლოს I, საფრანგეთის სამი ანრი, იმპერატორი ანრი IV.


თარგმანი რუსუდან დოდაშვილისა
გამომცემლობა „საქართველო“, თბილისი, 1992წ.