ვოლტერი - ბაბილონის პრინცესა

ადამიანი გართობისთვისაა გაჩენილი, მას ასე თავდავიწყებით არც ეყვარებოდა მუდმივი თავშექცევა, ამისთვის რომ არ იყოს დაბადებულიო; ადამიანის ბუნების დედაარსი თვითდატკბობაა, ყველაფერი დანარჩენი სისულელეაო. ოღონდ ესაა, ამ საუცხოო მორალს ფაქტები მუდამ ეწინააღმდეგებიან.

ხორცსა და მაგარ სასმელებს მიჩვეულ ადამიანებს ცხელი და მგზნებარე სისხლი აქვთ, ამიტომაც გიჟდებიან ათასნაირად. ყველაზე დიდი სიგიჟე ძმების სისხლისღვრის სურვილი და ნაყოფიერი მინდვრების გაჩანაგებაა, რათა შემდეგ ამ სასაფლაოზე თვითონ იმეფონ.

რა უცნაურად მთავრდება დღესასწაულები! და რა საოცარ სიცარიელეს ვგრძნობთ, როცა ეს ზარ-ზეიმი მიჩუმდება ხოლმე!

მკვდრედით აღდგომა ჩვეულებრივი ამბავია ამქვეყნად. ერთხელ დაბადება უფრო დიდი საოცრებაა, ვიდრე ორჯერ გაჩენა; განა ქვეყნად ყველაფერი ხელახლა არ იბადება? მუხლუხები პეპლებად ცოცხლდებიან, მიწაში დამარხული ცხოველები - ბალახად, მცენარეებად. ისინი სხვა ცხოველს ჰკვებავენ, რომელთა სუბსტანციის შემადგენელ ნაწილებად გადაიქცევია ხოლმე მოგვიანებით: სხეულის შემადგენელი ყოველი ნაწილი სხვადასხვანაირ არსებად იქცევა.

სჯობს სულ არ გვქონდეს კანონები და ყური მივუგდოთ ბუნებას, სამართლიანობისა და უსამართლობის ცნებები ასე ღრმად რომ შთაგვინერგა გულში, ვიდრე ამ უჟმურ კანონებს დავუმორჩილოთ საზოგადოება.

შესაძლებელია რელიგიური კულტები სხვადასხვანაირი იყოს, სულ ერთია, მორალი მაინც ერთია ყველგან.

ახალგაზრდა მამაკაცები ყველგან ერთნაირნი არიან. როგორც არ უნდა უყვარდეთ სილამაზის ქალღმერთი, ღალატზე თუ მიდგა საქმე, ტრაქტირის მსახურსაც არ ითაკილებენ!

გერმანელები, - ამბობდა ამაზანი, - უფროსი თაობაა მთელ ევროპაში; ალბიონელები - მოწიფული ასაკის ხალხია, ხოლო გალეთის მცხოვრებნი - ბავშვები არიან... მე მომწონს მათთან თამაში!

ვფიქრობ, აღმოსავლეთი გაცილებით უფრო ადრე არსებობდა, ვიდრე დასავლეთი-მეთქი. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს გუშინწინ გამოვედით ქაოსიდან და მხოლოდ გუშინ გამოვეთხოვეთ ბარბაროსობას. [...] ზოგჯერ ბოლოს მოსულები სჯობნიან ადრე მოსულთ.

თარგმანი ნუნი ქადეიშვილისა
გამომცემლობა „საქართველო“, თბილისი, 1992წ.