ბალთაზარ გრაციანი - ჯიბის ორაკული

ჯიბის ორაკული ანუ კეთილგონიერების ხელოვნება

ყოველივემ მიაღწია სიმწიფეს, უპირველესად კი, პიროვნებამ. ამჟამად ერთ ბრძენს მეტი მოეთხოვება, ვიდრე ძველად შვიდს, ხოლო ერთ ადამიანთან ურთიერთობას ახლა იმაზე მეტი ხელოვნება ესაჭიროება, ვიდრე წარსულში მთელ ერთან.

მოქმედება ფარულად. მოულოდნელობა წარმატების საწინდარია. ღია თამაშს არც ხეირი მოაქვს და არც გემო გააჩნია. თუ საკუთარ განზრახვას არ გააცხადებ, გარშემომყოფებში ინტერესს აღძრავ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შენი მდგომარეობის სიმაღლე საყოველთაო მოლოდინს განაპირობებს; თუ ყოველ ჩანაფიქრს მცირე საიდუმლოების საბურველში გაახვევ, ასეთი გამოუცნობი ხასიათის წყალობით შენდამი მოწიწებას დაიმსახურებ. ზედმეტ გახსნილობას მაშინაც ერიდე, როცა გსურს, რომ გაგიგონ; შენს სულში წვდომის საშუალებას ყველას ნუ მისცემ. თავშეკავებული მდუმარება კეთილგონიერების წმიდათა წმიდაა; ჩანაფიქრის გაჟღერება მის დაღუპვას ნიშნავს: ასეთ შემთხვევაში ჩანაფიქრის სუსტ მხარეებს დროზე ადრე აღმოაჩენენ, ხოლო წარუმატებლობა ორმაგად სავალალო იქნება. მაშასადამე, მოქმედებისას ღვთაებრივს მიემსგავსე, რათა ყოველთვის გარშემომყოფთა დაძაბულ ყურადღებას იპყრობდე.

დაე, სხვები იყვნენ თქვენ ზე დამოკიდებულნი. კერპებს ქმნის არა ის, ვინც მათ მოაოქროებს, არამედ ის, ვინც მათ ეთაყვანება. ჭკვიანი კაცი იმ ხალხს არჩევს, რომელსაც მასთან საჭიროება აკავშირებს და არა მადლიერება. ფლიდ მადლიერებაზე დაყრდნობით კეთილშობილურ იმედს ვძარცვავთ, რამეთუ იმედს კარგი მახსოვრობა აქვს, მადლიერება კი გულმავიწყია. ჩვენზე დამოკიდებულთაგან მეტს უნდა მოველოდეთ, ვიდრე თავაზიანთაგან. მწყურვალი დარწყულებისთანავე ზურგს აქცევს წყაროს, ოქროს თასიდან აღებულ ფორთოხალს კი გამოწურვის მერე ჭაობში ისვრიან. როცა აღარ არსებობს დამოკიდებულება, სანიმუშო ქცევაც ქრება და პატივისცემაც. დაე, პირველი გაკვეთილი, რომელსაც გამოცდილებიდან ვიღებთ, იმედის შენარჩუნება იყოს, ოღონდ ისე, რომ მის სრულად განხორციელებას არ ველოდეთ; ამასთან ერთად მუდმივი საჭიროების ობიექტად დარჩენა აუცილებელია, მათ შორის, გვირგვინოსანი პატრონისთვისაც. მაგრამ ზედმეტი არ მოგივიდეს, რათა შენი უთქმელობის შედეგად მან შეცდომა არ დაუშვას; საკუთარი გამორჩენისთვის სხვისი ინტერესი არ უნდა ხელყო.

არ არსებობს იმაზე მეტი ძალაუფლება, ვიდრე საკუთარ თავზე, საკუთარ ვნებებზე ბატონობაა: ეს ჭეშმარიტად თავისუფალი ნების ტრიუმფია. თუ ვნება პიროვნებას მაინც შეიპყრობს, დაე, მას რამდენადმე მაღალი რანგის მოპოვების საშუალება მაინც არ მიეცეს: ეს მრავალი წყენის თავიდან არიდების კეთილშობილური ხერხი და კარგი სახელის დამკვიდრების უმოკლესი გზაა.

ყველა საქმეში მნიშვნელოვანია არა მარტო "რა“, არამედ "როგორ“: ნატიფი მანერები ადამიანის გულს ჯიბის ქურდივით ეუფლება. თავაზიანობა ცხოვრების სამკაულია, პიროვნების უნარი კი, საკუთარი თავი მომხიბვლელად გამოხატოს, ნებისმიერ შემთხვევაში კარგი დამხმარეა.

საბედისწეროა ერუდიცია, რომელიც მდაბალ მიზნებს ემსახურება! შემეცნების გარეშე მეცნიერება ორმაგი უმეცრებაა.

როგორც წესი, გადამეტებული აურზაურით დაწყებული საქმე იმედებს არ ამართლებს. სინამდვილე წარმოსახვას ვერასოდეს დაეწევა, სასურველის წარმოდგენა ხომ ადვილია, მიღწევა კი ძნელი. ჩვენი სურვილებისა და ფანტაზიის კავშირი იმაზე მეტს წარმოისახავს, ვიდრე თავად რეალური საგნებია. რა დიდებულიც უნდა იყოს მიღწეული, უზომო მოლოდინით ცდუნებულ სულს იგი არ აკმაყოფილებს და უფრო იმედგაცრუებას განიცდის, ვიდრე აღტაცებას. იმედი ჭეშმარიტების გაყალბების დიდოსტატია; დაე, იგი უფრო მეტად სასარგებლოზე, ვიდრე სასურველზე მზრუნველმა საღმა აზრმა შეაკავოს.

ცოდნა იმისა, რა ამოძრავებს თითოეულ კაცს. ადამიანთა მართვის საიდუმლო ამაშია. ამგვარი საქმისათვის ხერხი უფრო საჭიროა, ვიდრე ღონე: საუბარია ადამიანისადმი მიდგომის უნარზე. თითოეულ გულს თავისი გასაღები აქვს. ყველა ჩვენგანი კერპთაყვანისმცემელია; ზოგი პატივს, სხვა ანგარებას, უმრავლესობა კი სიამოვნებას ეთაყვანება. ადამიანებზე ზემოქმედების ხელოვნება თითოეული მათგანის კერპის გამოცნობასა და ამის მიხედვით მოქმედებაშია; ეძიე ყოველი კაცის პირველმამოძრავებელი: არცთუ იშვიათად ეს მისი ბუნების ამაღლებული ნაწილი არ გახლავთ, არამედ ქვენა გრძნობა, იმიტომ რომ ამქვეყნად წესიერ ადამიანებს მანკიერნი ჭარბობენ. შეიცანი კაცის ბუნება, სიტყვით შეეხე ყველაზე ფარულ სიმებს, აამუშავე ამ ადამიანის მთავარი მამოძრავებელი ძალა და, აი, მისი თავისუფალი ნება შეუმცდარად დაშამათდება.

ნუ გაგიტაცებთ სასწაულები, რომლებიც უვიცებში გაოცებას ან შიშს იწვევენ. მაშინ, როდესაც ბრბო საერთო აღტყინებას ეძლევა, რაციონალური ერთეულების გონება ტყუილს ააშკარავებს.

ჭეშმარიტება მცირერიცხოვანი ადამიანებისთვისაა, ხოლო ცდომილება ჩვეულებრივი და საყოველთაოა. მოედანზე წარმოთქმული ხმამაღალი სიტყვებით ბრძენის ამოცნობა შეუძლებელია, ვინაიდან საჯაროდ ის ბრიყვის ხმით საუბრობს და არა საკუთარით, თუნდაც გულში არ ეთანხმებოდეს მას.

ანტიპათია ადვილად გვიჩნდება თვით ისეთი ადამიანების მიმართაც კი, რომელთა ღირსებებს არც კი ვიცნობთ. ეს ჩვენი თანდაყოლილი მდაბიური მიდრეკილება ზოგჯერ დიდ ადამიანებსაც არ ინდობს. დაე, კეთილგონიერებამ ლაგამი ამოსდოს მას, რამეთუ არ არსებობს უფრო მეტად სამარცხვინო რამ, ვიდრე ჩვენზე ღირსეულ კაცთა მოძულებაა. რამდენადაც დიდი ადამიანებისადმი სიმპათია გვაკეთილშობილებს, იმდენადვე გვაკნინებს მათდამი ანტიპათია.

კაცი საკუთარ თავს იმდენად უნდა ფლობდეს, რომ არც დიდი ბედნიერებისა და არც დიდი უბედურების დროს, თავშეუკავებლობის გამო, საკუთარი რეპუტაცია კი არ შელახოს, არამედ ყველა თავისი დიდსულოვნებით გააკვირვოს.

მკვდარ ლომს კურდღლებიც დაჯიჯგნიან. გამბედაობა სახუმარო საქმე არ არის. დაუთმობ ერთს, მოგიწევს, დაუთმო მეორეს და ასე უკანასკნელამდე, სანამ გამარჯვების მოსაპოვებლად, სულ მცირე, იმდენივე ძალისხმევა არ დაგჭირდება, რამდენიც პირველ შემთხვევაში იყო აუცილებელი; სწორედ მაშინ, როდესაც მას მეტი ეფექტის მოხდენა შეეძლო.

ზოგიერთის "არა“ უფრო თავაზიანად ჟღერს, ვიდრე სხვისი "კი“. ოქროთი მოვარაყებული უარი უფრო ადვილად გადასაყლაპია, ვიდრე მშრალი თანხმობა.

არაფერი ისე ძლიერ არ აღძრავს ჩვენს ამბიციას, როგორც სხვისი დიდების საყვირების ხმა. იგი არ ტოვებს შურის ადგილს, სამაგიეროდ, კეთილშობილი სიქველის სულის ჩამდგმელია.

საღი აზრის ერთი მარცვალი უფრო მეტი ღირს, ვიდრე მთელი ფუთი ვირეშმაკობა.

წინდახედული კაცი, რომელსაც სურს, რომ პატივს სცემდნენ, საკუთარი ცოდნისა და შესაძლებლობების ფსკერის მოსინჯვის საშუალებას არასდროს არავის მისცემს. მისი გაცნობა ნებადართულია, შეცნობა არა. დაე, შენი შესაძლებლობების ზღვარი არავინ იცოდეს, თორემ იმედგაცრუების მიზეზი გახდები. ნურასოდეს იქნები სრულიად გამჭვირვალე. როცა შენ შესახებ რაღაც არ იციან და მხოლოდ ეჭვები აქვთ, უფრო მეტ პატივს გცემენ, ვიდრე მაშინ, როდესაც შენს თუნდაც მნიშვნელოვან ძალას ზედმიწევნით ზუსტად იცნობენ.

კეთილგონიერთა წესია, რომ საქმეს მანამდე ჩამოშორდე, სანამ ის თვითონ მიგატოვებს. დასასრულის ტრიუმფად გადაქცევაც კი უნდა შეგეძლოს. იმისთვის, რომ საკუთარი დაისი არ გამოაჩინოს, მზეც კი მთელი ძალით ცდილობს, ღრუბელს ამოეფაროს.

არსებობენ მძვინვარე ბუნების ადამიანები; მათთან ცხოვრება ადვილი არ გახლავთ, არადა, ამგვარ ხალხთან ძალაუნებურად ურთიერთობა გვიწევს. აუცილებელია ამ გარემოებასთან გონივრულად და თანდათანობით შეგუება, მსგავსად სახის სიმახინჯისა, რათა კაცთა სისასტიკემ ერთბაშად არ შეგზაროს. თავიდან მათ მიმართ შიში ჩნდება, მაგრამ ეს უკანასკნელი ნელ-ნელა გადის და წინდახედულობა უსიამოვნების არიდებას ან მის მოთმინებით ატანას გვასწავლის.

ნურასოდეს ისაუბრებ საკუთარ თავზე. ასეთ დროს ან თავი უნდა იქო, რაც ქედმაღლობაა, ან თვითგმობას მოჰყვე, რაც სულმოკლეობაა; საკუთარ თავზე ლაპარაკი მოსაუბრის მხრიდან არაკეთილგონივრული საქციელია, ხოლო მსმენელისთვის ზედმეტი ტვირთი.

დაცემის უტყუარი ნიშანია, როდესაც სხვის სირცხვილს განსაკუთრებული სიმძაფრით ამჩნევ. ზოგიერთი ამ გზით საკუთარი ლაქების ჩამორეცხვას თუ არა, დაფარვას მაინც ცდილობს; უკიდურეს შემთხვევაში სხვათა ნაკლოვანებებში ნუგეშს პოულობენ, მაგრამ ეს ბრიყვთა თავშესაფარია. მათი სუნთქვა, ვინც საზოგადოების სიბინძურის საცავად ქცეულა, მყრალია; ვინც ამგვარ რამეებში იქექება, თვითონ უარესად ისვრება. ათასი ტყუილ-მართლის გავლენით ნებისმიერ კაცს შეიძლება მისთვის დამახასიათებელი ხინჯი უპოვო; ყველასთვის უცნობი მხოლოდ იმ ადამიანთა ნაკლია, რომელთაც არავინ იცნობს. დაე, კეთილგონიერი ერიდოს სხვისი ცოდვების აღრიცხვას, რადგან ეს ყველასთვის საძულველ და უსულგულო არსებობას ნიშნავს.

წუწუნი ჩვენდამი პატივისცემას ყოველთვის ზიანს აყენებს. უმჯობესია, სხვათა ვნებებთან დაპირისპირებული სიმტკიცის მაგალითს წარმოადგენდე, ვიდრე მათი თანაგრძნობის ობიექტს; წუწუნი მსმენელს უხსნის კარს იმისკენ, რაზეც ვწუწუნებთ და პირველი მარცხის აღიარება მეორეს განაპირობებს. განცდილ უსამართლობაზე საუბრისას ზოგიერთი ადამიანი ახალ უსამართლობას აძლევს ბიძგს და, დახმარებისა და ნუგეშის მომლოდინე, ნიშნის მოგებას ან სულაც სიძულვილს იმკის.

უმჯობესია იყო შეშლილი ყველასთან ერთად, ვიდრე ბრძენი მარტოდმარტო. ასე ამბობენ პოლიტიკოსები. რახან ყველა შეშლილია, არავინ განგსჯის, მაშინ როდესაც ეულად მდგომ ბრძენს, თუ ის დინებას არ მიჰყვება, გიჟად გამოაცხადებენ. ზოგჯერ საუკეთესო მეცნიერება უცოდინრობა ან ასეთად თავის გასაღებაა. ცხოვრება ადამიანთა შორის გვიწევს, ხალხი კი, უმეტეს შემთხვევაში, უვიცია. განმარტოებული ცხოვრებისთვის ან ღმერთს უნდა ჰგავდე ბევრი რამით, ან ნადირს მიემგვანო ყველაფრით. მე ხსენებულ აფორიზმს შევაბრუნებდი და ვიტყოდი: „უმჯობესია იყო კეთილგონიერი უმრავლესობასთან ერთად, ვიდრე შეშლილი მარტოდმარტო“. თუმცა ზოგიერთს უყვარს, როდესაც თავის ახირებებში ერთადერთი და განუმეორებელია.

წინააღმდეგობის სულს ნუ ასაზრდოებ, თორემ ბრიყვად და აუტანლად მიგიჩნევენ. ამას კეთილგონიერება დაუპირისპირე. მართალია, ყველაფერში სირთულის აღმოჩენას შენი გონების სიმახვილის დამტკიცება შეუძლია, მაგრამ სიჯიუტე ყოველთვის პრობლემებს წარმოქმნის. მარადიული მოკამათეები სასიამოვნო ბაასს ომად გადააქცევენ ხოლმე, რითაც მტრად საკუთარ ახლობლებს უფრო ევლინებიან, ვიდრე მათ, ვინც მოკამათეებთან საქმეს საერთოდ არ იჭერს.

საკუთარი თავის მოწონება არაფერს ნიშნავს, თუ სხვას არ მოსწონხარ. თვითკმაყოფილება, როგორც წესი, საყოველთაო სიძულვილით ისჯება. ვისაც თავისი თავი სრულად აკმაყოფილებს, ვერასოდეს შეძლებს სხვის დაკმაყოფილებას.

სიჯიუტის გამო მცდარ პოზიციას ნურასოდეს დაიკავებ, მხოლოდ იმიტომ, რომ უკეთესის ამორჩევა მოწინააღმდეგემ დაგასწ რო. ასეთ ბრძოლაში იმთავითვე დამარცხებული შეხვალ და სირცხვილით უკან დახევა მოგიწევს. ცუდი იარაღით კარგად ვერ იბრძოლებ. მოწინააღმდეგემ უკეთესი მხარის ამორჩევით მეტი ფხა გამოიჩინა, ახლა, წაფორხილების შემდეგ, მის წინააღმდეგ სუსტი პოზიციიდან შეტევაზე გადასვლა სულელური ნაბიჯი იქნება. საქმეში ჯიუტნი სიტყვაში ჯიუტებზე უარესები არიან, იმდენად, რამდენადაც მოქმედება სიტყვებზე უფრო საშიშია. ჭირვეულები ბრიყვებიც არიან: წინააღმდეგობის ვნების გამო ჭეშმარიტებას ვერ ხედავენ, კამათის წყურვილით შეპყრობილნი შესაძლო სარგებელს ვეღარ განჭვრეტენ. საღად მოაზროვნე ყოველთვის სიმართლის ბანაკშია და არა ვნებათაღელვის, იგი ან პირველი მიიჩქარის იქითკენ, ან მოგვიანებით ასწორებს შეცდომას. თუ მოწინააღმდეგე შტერია, ამის შემხედვარე, ისიც იცვლის პოზიციას და, ამრიგად, მდგომარეობას იუარესებს. იმისთვის, რომ ბრიყვი უკეთეს ადგილს ავარიდოთ, თვითონ უნდა გავმაგრდეთ იქ: საკუთარი სიბრიყვე მოწინააღმდეგეს გამოდევნის, ხოლო ჭირვეულობა დაღუპავს.

დამალე მტივნეული ადგილი, თორემ ზუსტად იქ დაგარტყამენ. არ დაიჩივლო ამის გამო, გაბოროტება ხომ ყველაზე მტკივნეულ ადგილს უმიზნებს. შენი შფოთვა სხვისი მხიარული ლაზღანდარობის საბაბად იქცევა. ბოროტი ნება ჭრილობას ეძებს, რათა მასში შეაღწიოს, მგრძნობიარობას ნესტრით სინჯავს, სხვა ათას ხერხს იყენებს, სანამ ყველაზე მტკივნეულ ადგილს მიაგნებს და დარტყმას განახორციელებს. გონიერი თავის პირად თუ საოჯახო სნეულებას არასოდეს გაამხელს, რამეთუ თვით ღვარძლიანი ბედიც იქ ურტყამს, სადაც ყველაზე მეტად გვტკივა. რაც უფრო მგრძნობიარეა ადგილი, მით უფრო დამღუპველია დარტყმა. მაშასადამე, ნურც იმას გაამხელ, რა გტკივა, და ნურც იმას, რა გახარებს; ამით ტკივილს დროზე აჯობებ, ხოლო სიხარულს მეტად გაახანგრძლივებ.

იცოდე, როგორ იზეიმო მეტოქეებსა და არაკეთილმოსურნეებ ზე გამარჯვება. არაკეთილმოსურნეების სიძულვილი, რამდენად გასაგებიც უნდა იყოს იგი, მათზე გამარჯვებისთვის საკმარისი ვერ იქნება. უფრო ძნელი დიდსულოვნების გამოჩენაა. ის, ვინც მის მგმობელზე კარგს ამბობს, უმაღლეს ქებას იმსახურებს. გმირი სათნოებითა და ქველი საქმეებით უხდის სამაგიეროს ბოროტმზრახველებს, რომელთაც შური ამარცხებთ და ტანჯავთ. ავის მოსურნეს შენს ყოველ წარმატებულ ნაბიჯთან ერთად საბელი ყელში უფრო და უფრო მჭიდროდ ეჭირება. შენი დიდება მტრისთვის ჯოჯოხეთია. მასზე ახია ასეთი მწარე შურისგება, რადგან სხვისი ბედნიერებისგან საწამლავს თვითონ იმზადებს. შურიანი კაცი იმდენჯერ კვდება, რამდენჯერაც მეტოქის მისამართით გამოთქმულ აპლოდისმენტებს გაიგონებს, და მისი აგონია იქამდე გრძელდება, სანამ ტაში არ ჩაცხრება; ერთის ნეტარებით მეორის მწუხარება იზომება. დიდების დაფდაფების ხმა ერთისთვის უკვდავების, ხოლო მეორისთვის შურის მარწუხებში სიკვდილის მაუწყებელია.

ომი შეიძლება კეთილგონიერსაც თავს მოახვიონ, მაგრამ არა უპატიოსნო ომი: თითოეულის საქციელს მისი ბუნება განაპირობებს და არა იძულება სხვათა მიერ. პაექრობისას წესიერება საქებარია; მნიშვნელოვანია არა მარტო ის, რომ გაიმარჯვო, არამედ ისიც, თუ როგორ მოიპოვებ უპირატესობას. მუხანათური გამარჯვება მარცხის ტოლფასია. დიდსულოვნება თავისთავად აღმატებულობას ნიშნავს. ძველი ნდობის ხარჯზე წესიერი ადამიანი დღევანდელი მტრობისას აკრძალულ იარაღს არ გამოიყენებს. ამ იარაღს დასრულებული მეგობრობა დაწყებულ მტრობას სთავაზობს: ყველაფერი, რასაც ღალატის სუნი ასდის, უნაკლო სახელს შებღალავს. კეთილშობილ პიროვნებებს სიბინძურის ერთი ატომიც კი გასვრის. ჭეშმარიტად ამაღლებულ კაცს ყოველგვარი სიმდაბლე გულს ურევს. იამაყე იმით, რომ დედამიწაზე კეთილშობილების, დიდსულოვნებისა და ერთგულების გადაშენების შემთხვევაში მათი ხელახლა აღმოჩენა შენს გულში იქნებოდა შესაძლებელი.

ბედისწერას თუ ერთხელ დანებდი, ცხოვრება აუტანელ სასჯელად გექცევა. ის, ვინც წინააღმდეგობათა დაძლევას ვერ ახერხებს, უნებურად აორმაგებს მათ. საკუთარი თავის მცნობელი კაცი აზროვნების მეშვეობით თავისი სისუსტის გადაფარვას შეძლებს. ჭკვიანი კაცი ბედისწერაზეც გაიმარჯვებს.

ნუ დაუპირისპირდები მას, ვისაც დასაკარგი არაფერი აქვს. ასეთი პაექრობა უთანასწორო იქნება. მეტოქე ბრძოლაში უკან მოუხედავად გადაეშვება, ვინაიდან მანამდე, სირცხვილის ჩათვლით, ყველაფერი დაკარგა, ყოველივეს შეელია. იმ მოწინააღმდეგის თავდასხმაც სასოწარკვეთილებით იქნება ფრთაშესხმული, რომელსაც დასაკარგი უკვე აღარაფერი გააჩნია. შენს სახელს, რომელიც შეუფასებელია, ასეთ სერიოზულ საფრთხეს ნუ შეუქმნი, ვინაიდან მის მოპოვებას წლები შეალიე, დაკარგვა კი თვალის დახამხამებაში, ერთი ზედმეტი სიტყვის გამო შეგიძლია. ერთი შეურაცხყოფა და, შენ მიერ გაწეული მთელი შრომა წყალში ჩაიყრება. წესიერი კაცი ჩხუბში ჩაბმას არ ჩქარობს, ვინაიდან დასაკარგი მრავლად აქვს. იგი წონის საკუთარსა და მოწინააღმდეგის რეპუტაციას და დაპირისპირებას ფრთხილად, აუჩქარებლად იწყებს, რათა დროულად უკან დახევისა და სახელის შენარჩუნების საშუალება ჰქონდეს. გამარჯვება იმდენ სიკეთეს ვერ მოგიტანს, რამდენ უბედურებასაც ჩხუბში ჩაბმა გიქადის.

ნუ იმოქმედებ იმის მიხედვით, რასაც შენი მოწინააღმდეგე გააკეთებდა. უგუნური ისე ვერასოდეს მოიქცევა, როგორც გონიერი ვარაუდობს; მას სწორი ნაბიჯის გათვლა არ ძალუძს. საზრიანიც განსხვავებულად მოქმედებს, რათა გამჭრიახს მოლოდინი გაუცრუოს. ამიტომ ყოველი საქმე ორი მხრიდან, საკუთარი და მოწინააღმდეგის კუთხიდან, უნდა დაინახო და ორივენაირი გამოსავალი განიხილო. ადამიანთა გადაწყვეტილებანი ერთმანეთისგან განსხვავდებიან; დაე, შენი ნეიტრალური ყურადღება მიპყრობილი იყოს არა მარტო იმისკენ, რაც უნდა მოხდეს, არამედ იმისკენაც, თუ რა შეიძლება მოხდეს.

სრული სიმართლის ართქმა სიცრუის გარეშე. არაფერი ითხოვს იმდენ სიფრთხილეს, რამდენსაც სიმართლე. ეს იგივეა, რაც გულიდან სისხლის გამოშვება. დიდი ხელოვნებაა საჭირო სიმართლის სათქმელად, ისევე როგორც იმისთვის, რომ თქმას თავი აარიდო. ერთხელ იცრუებ და, მთელი შენი პატიოსანი სახელი განქარდება. მოტყუებულს გულუბრყვილოდ მიიჩნევენ, ხოლო მტყუანს გაიძვერად, რაც პირველზე ბევრად უარესია. ყოველგვარი სიმართლის თქმა არ გახლავთ უპრიანი: ზოგჯერ, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა აარიდო ამას თავი, ხოლო ზოგჯერ სხვისი ინტერესების გათვალისწინებით.

გულგრილობით თამაში. სასურველი მიზნის მიღწევის საუკეთესო გზაა, გულგრილად მოეკიდო მას. როდესაც რაიმეს ეძებ, ვერასოდეს პოულობ, მაგრამ დაგავიწყდება თუ არა, მაშინვე თვითონ მოგხვდება თვალში. იმდენად, რამდენადაც ამქვეყნად არსებული საგნები მხოლოდ ჩრდილია მარადიული საგნებისა, მათი თვისობრიობაც ჩრდილთათვის დამახასიათებელია: გაექცნენ მას, ვინც მისდევს და გაეკიდონ მას, ვინც გაურბის. ამასთან, შურისძიების ყველაზე დახვეწილი ფორმა ადამიანის არად ჩაგდებაა. კეთილგონიერთა პირველი წესი კალმით თავის დაცვაზე უარის თქმა გახლავთ: ეს კვალს დატოვებს და მოწინააღმეგეს სითამამის გამო უფრო სახელს დაუმკვიდრებს, ვიდრე სამაგიეროს მიუზღავს. არარაობათა ვირეშმაკური ხერხი დიდ ადამიანებზე თავდასხმაა, რათა თუნდაც არაპირდაპირი გზით იმგვარად გაითქვან სახელი, როგორსაც საკუთარი დამსახურებით ვერასდროს მიაღწევდნენ. ბევრი კაცია ისეთი, რომელთა არსებობის შესახებ გაგონილიც არ გვექნებოდა, რომ არა ცნობილი მოწინააღმდეგეების მხრიდან მათი მოხსენიება. არ არსებობს იმაზე დიდი შურისგება, ვიდრე დავიწყებაა; ეს მტერს საკუთარ არარაობრივ ფერფლში ასამარებს. უგუნურები საკუთარი სახელის უკვდავყოფას მსოფლიოსა და საუკუნეთა საოცრებისთვის ცეცხლის წაკიდებით ცდილობენ. იმისთვის, რათა ჩაახშო ავსიტყვაობა, მას ყურადღებას ნუ მიაქცევ; ასეთ დროს შეწინააღმდეგება ჩვენივე ინტერესებს აზიანებს და სახელს გვიტეხს, რასაც მეტოქისთვის კმაყოფილება მოაქვს; შეურაცხყოფის ასეთი ჩრდილი ჩვენი სახელის ბრწყინვალებას გააფერმკრთალებს, თუნდაც მისი სრულად დაბნელება ვერ შეძლოს.

არცთუ იშვიათად ერთი სისულელის გამოსასწორებლად ოთხ სხვას სჩადიან და ერთი შეუსაბამობის გადასაფარად კიდევ უფრო დიდს. სისულელე სიცრუის ოჯახიდან არის, ან პირიქით, სიცრუე განეკუთვნება სისულელის ოჯახს. ერთი სიცრუე გასამყარებლად უამრავ სხვას საჭიროებს. უსამართლო დავისას ყველაზე ცუდი თავდებობაა; თვით ჭირზე უარესი ამ ჭირის არაღიარებაა. ადამიანური ნაკლოვანებები არასრულყოფილების გადასახადს საურავით იხდიან, ისე რომ ერთი შეცდომის საფასურად რამდენიმეს წარმოშობენ. ბრძენსაც შეეშლება, თუმცა მხოლოდ ერთხელ და არა ორჯერ; სირბილში, მაგრამ არა ერთ ადგილზე ჯდომისას.

არ არსებობს ადამიანი, რომელშიც მთავარი ღირსების საპირწონედ მისივე მთავარი ნაკლი არ თანაარსებობდეს; თუ მიდრეკილებებიც ხელს უწყობს, ეს უკანასკნელი ტირანულ ძალას იძენს. მას ომი გამოუცხადე, მთავარ მოკავშირედ კი გულმოდგინებას მოუხმე. საკუთარ თავში ნაკლის მხილება პირველი ნაბიჯი უნდა იყოს, რამეთუ მხოლოდ შეცნობის შემთხვევაში შეიძლება მისი დამარცხება; განსაკუთრებით, მაშინ, თუ შეძლებ შენს ნაკლს ისე შეხედო, როგორც გარეშე დამკვირვებელმა. საკუთარ თავზე ბატონობისთვის მისი ცნობაა საჭირო. თუ მთავარ ნაკლს დაიმორჩილებ, ყველა დანარჩენსაც მოერევი.

დაცინვის ატანა თავაზიანობის გამოვლინებაა, სხვათა დაცინვა კი ჩხუბისთავობის. ვინც საყოველთაო მხიარულებისას ბრაზობს, ნადირს ემსგავსება და სხვებსაც ასეთადაც აცნობს თავს. თამამი გახუმრება სასიამოვნოცაა და მისი მიღების უნარი ადამიანის შესაძლებლობებს ამტკიცებს. ასეთი რამის გამო გაღიზიანების გამოვლინება სხვაშიც გაღიზიანებას იწვევს. უმჯობესია, თუ გამოწვევას არ წამოვეგებით; ყურადღების მიღმა დაცინვის დატოვება ვითარებიდან საუკეთესო გამოსავალია. ხშირად ხუმრობა სერიოზული ქმედების წყაროდ ქცეულა; ძნელად თუ რამე მოითხოვს ამაზე დიდ ყურადღებასა და ტაქტს. სანამ გადაწყვეტ, რომ ადამიანს გაეხუმრო, უნდა იცოდე, სად გადის მისი მოთმინების ზღვარი.

მთარგმნელი: ირაკლი თაბორიძე
"ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა", 2014წ.