ლაშა ბუღაძე - წინათქმა წიგნისა დიალოგი ცენზურაზე

ტოტალიტარული რეჟიმების პირობებში სხვადასხვა ქვეყანაში სრულიად სხვადასხვაგვარად ხდებოდა კულტურის განვითარება. ზოგან თავისუფლებაწართმეული, წნეხის ქვეშ მყოფი ადამიანები სულიერ რეგრესს განიცდიდნენ და ვერაფერს ქმნიდნენ კულტურის სფეროში, ზოგან კი, პირიქით, ავტორიტარული რეჟიმი ხელოვანს ერთგვარ სტიმულს აძლევდა შედევრების შესაქმნელად. 

პირველი შემთხვევის საილუსტრაციოდ მაოს კულტურული რევოლუციის დროინდელი ჩინეთი შეიძლებოდა დაგვესახელებინა, როდესაც კულტურის მიმართულებით თითქმის არაფერი შექმნილა, ხოლო მერე შემთხვევაში - საბჭოთა კავშირი, სადაც მდარე ხარისხის პროპაგანდისტული ლიტერატურის, მხატვრობისა და კინემატოგრაფის გვერდით ისეთი შედევრები გაჩნდა, როგორიც შოსტაკოვიჩის „ლედი მაკბეტი მცენსკის მაზრიდან“ ან ბულგაკოვის „ოსტატი და მარგარიტაა“.

მიუხედავად იმისა, რომ კაცობრიობამ თითქოს გააანალიზა წარსულში არსებული რეჟიმები და უარყო ტოტალიტარიზმი, როგორც მართვის ფორმა, ზოგ ქვეყანაში ჯერ კიდევ მძლავრადაა შემორჩენილი ავტორიტარიზმის ნიშნები. მეტიც, ევროპულ ღირებულებებზე ორიენტირებულ, ე.წ. დემოკრატიულ საზოგადოებებშიც კი შეინიშნება ავტორიტარული მმართველობისთვის დამახასიათებელი ელემენტები, რაც ყველაზე მეტად სწორედ მმართველი ძალის ხელოვნებისადმი დამოკიდებულებაში ვლინდება: გარდა შენიღბული ცენზურისა, სახეზეა ხელისუფლების ჩარევის მცდელობა კულტურის განვითარების გზების შერჩევაშიც.

როგორ ვითარდებოდა კულტურა სხვადასხვა რეჟიმის დროს? რამდენად უარყოფით გავლენას ახდენს ხელისუფლების ჩარევა კულტურის განვითარებაში? რა ვითარებაა ამ მხრივ საქართველოში, სადაც საკმაოდ ჩაკეტილი საზოგადოების პირობებში ბევრი თემა ჯერ კიდევ ტაბუირებულია?

დღეს, როდესაც ცენზურაზე ვსაუბრობთ, მეტწილად საქმე გვაქვს ცენზურასთან, რომელსაც თავად საზოგადოება აწესებს და არა რომელიმე რეჟიმი. ეს კი გაცილებით უფრო საშიშია, რადგან სპონტანურად ვითარდება და მოულოდნელ ფორმებს იღებს. სწორედ საზოგადოების წიაღში იბადება ცენზურა საქართველოშიც და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც. მიუხედავად საქართველოს მკვეთრად გამოკვეთილი ორიენტაციისა დასავლური ღირებულებებისა და დემოკრატიისკენ სწრაფვისადმი, ხალხში ჯერ კიდევ ბევრი ტაბუირებული საკითხი და იგი ძალზე სენსიტიურია ლიტერატურაში ასახული თემების მიმართ. როგორც ახლო წარსულის პრაქტიკა გვიჩვენებს, საზოგადოება ძალზე აგრესიულია იმ ხელოვანების მიმართ, ვისი შემოქმედებაც არ ჯდება მის მიერ დაკანონებულ ნორმებში. ამის საუკეთესო მაგალითია სკანდალი, რომელიც ახალგაზრდა მწერლის, ერეკლე დეისაძის ორიოდე წლის წინ გამოსულ ტექსტს მოჰყვა, ანდა ზაზა ბურჭულაძის წიგნების დაწვის ფაქტი, ან კიდევ ზდანევიჩის გამოფენა, სადაც ვანდალურად ჩამოგლიჯეს მხატვრის ნამუშევრები.

საინტერესოა, რომ ამ აგრესიას ხშირ შემთხვევაში სათავეში ეკლესია უდგას და იგი არათუ არ ამშვიდებს მოსახლეობას, არამედ, ზოგიერთი მისი წარმომადგენელი, პირიქით, მოუწოდებს მას ამგვარი ტექსტებისა და ავტორების დევნისაკენ. საკმარისია გავიხსენოთ რა კამპანია გამართა ზოგიერთმა რელიგიურმა გაზეთმა „ჰარი პოტერის“ წინააღმდეგ. სამწუხაროდ, სახელმწიფო, რომლის სიძლიერე დღემდე პოპულისტური ნაბიჯების გადადგმაზეა დამოკიდებული, არ იცავს შემოქმედებს. პირიქით, თავისი გულგრილობით გზას უხსნის ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ სამოქალაქო საზოგადოებას თავად განსაზღვროს რა არის მისთვის მისაღები და რა არა.

გადაცემების ციკლის „დიალოგი ცენზურაზე“ მიზანი იყო შეძლებისდაგვარად გაგვეანალიზებინა განვითარების, სახეცვლილების რა გზები განვლო ცენზურამ ანტიკურობიდან მოყოლებული დღემდე, როგორია ყველაზე უფრო გავრცელებული ფორმები ცენზურისა და რა სახე მიიღო მან თანამედროვე საქართველოში. გადაცემები ბევრად უფრო საინტერესო გამოვიდა, ვიდრე ამას თავიდან წარმოვიდგენდით, მათი ხარისხი, რასაკვირველია, დამოკიდებული იყო იმ სტუმრების კომპეტენციაზე, რომლებიც გადაცემაში გვეწვივნენ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ გადაცემების ერთ წიგნად გამოცემა.

ვფიქრობ, დიალოგების ეს კრებული ნათელ წარმოდგენას შეუქმნის, უპირველეს ყოვლისა, ახალგაზრდებს, რომლებმაც შესაძლოა არ იცოდნენ რაოდენ მძიმე იყო ცენზურის წნეხი საბჭოთა რეჟიმის დროს და რა საფრთხე შეიძლება მოჰყვეს გამოხატვის თავისუფლების რაიმენაირ შეზღუდვას განვითარების გზაზე მდგომ საზოგადოებაში.


წინამდებარე წიგნი წარმოადგენს რადიოგადაცემების ციკლის „დიალოგი ცენზურაზე“ ბეჭდურ ვერსიას. გადაცემები გადიოდა რადიო „შოკოლადის“ ეთერში 2013 წელს. პროექტი დაფინანსდა ფონდის „ღია საზოგადოება - საქართველო“ მიერ. პროექტის ავტორი და გადაცემების წამყვანია ლაშა ბუღაძე. გადაცემების აუდიოვერსიის მოსმენა შესაძლებელია რადიო „შოკოლადის“ ვებგვერდზე (www.shokoladi.ge)

ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“, 2014