სვეტლანა ალექსიევიჩი - ინტერვიუ საკუთარ თავთან

2015 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი: „მისი პოლიფონიური ნაწარმოებებისთვის, რომლებიც ჩვენი დროის ადამიანების ტანჯვისა და სიმამაცის მონუმენტია“. 


ავტორის ინტერვიუ  საკუთარ თავთან, ისტორიის აცდენებისა და იმის შესახებ, თუ როგორ აყენებს ჩერნობილი ჩვენი სამყაროს სურათს კითხვის ნიშნის ქვეშ

- ჩერნობილს შევესწარი. მეოცე საუკუნის ყველაზე მთავარ მოვლენას, მთავარს, მიუხედავად იმისა, რომ ეს საუკუნე საშინელი ომებითა და რევოლუციებითაა აღბეჭდილი. კატასტროფიდან უკვე ოცი წელი გავიდა და დღემდე მაწვალებს კითხვა - რისი მოწმე ვარ - წარსულის თუ მომავლის? აქ იოლია ბანალობაში გადავარდნა. საშინელების ბანალობაში… მაგრამ მე ვუყურებ ჩერნობილს, როგორც ახალი ისტორიის დასაწყისს. ეს არა მხოლოდ ცოდნაა, არამედ რაღაც მეტი, რადგან ადამიანი უკვე ვეღარ ენდობა იმ წარმოდგენებს, რომელიც საკუთარი თავისა და სამყაროს შესახებ აქამდე ჰქონდა. როცა წარსულზე და მომავალზე ვსაუბრობთ, ამ სიტყვებში ჩვენს წარმოდგენებს ვდებთ დროის შესახებ, მაგრამ ჩერნობილი - უპირველეს ყოვლისა დროის კატასტროფაა. რადიონუკლიდები, რომლებიც დედამიწაზე გამოიტყორცნა, ორმოცდაათ, ას, ორას, ათას წელს იცოცხლებს… და მეტსაც… ადამიანის ცხოვრების ხანგრძლივობის თვალსაზრისით ისინი მარადიულია. რა შეგვიძლია, გავიგოთ? შეგვიძლია კი ჩავწვდეთ და მივხვდეთ ჩვენთვის აქამდე უცნობი საშინელების აზრს?

- რაზეა ეს წიგნი? რატომ ვწერ?

- ეს წიგნი ჩერნობილზე კი არა, ჩერნობილის სამყაროზეა. თვითონ მოვლენაზე ათასობით ფურცელია უკვე დაწერილი და ასობით ათასი მეტრი კინოფირი გადაღებული. მე კი ვსწავლობ იმას, რასაც აცდენილ ისტორიას ვუწოდებ, დედამიწაზე და დროში ჩვენი ყოფნის უკვალო კვალს.  ვცდილობ, სხვა ცხოვრებას ჩავწვდე. ჩვეულებრივი ადამიანების ჩვეულებრივ ცხოვრებას. აქ კი ყველაფერი უჩვეულოა: გარემოებებიც და ადამიანებიც, რომლებსაც ამ გარემოებებმა აიძულეს, ახალ სივრცეებში დამკვიდრებულიყვნენ. ჩერნობილი მათთვის მეტაფორა და სიმბოლო კი არა - სახლია. რამდენჯერ უცდია ხელოვნებას აპოკალიფსის რეპეტიცია გაევლო, აესახა ქვეყნის დასასრული სხვადასხვა ტექნოლოგიების საშუალებით, მაგრამ დღეს ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ცხოვრება გაცილებით უფრო ფანტასტიკურია. კატასტროფიდან ერთ წელიწადში ვიღაცამ მკითხა: “ყველანი წერენ. თქვენ აქ ცხოვრობთ და არ წერთ. რატომ?”  მე კი არ ვიცოდი, როგორ მეწერა, რომელი ინსტრუმენტებით და საიდან დამეწყო. თუკი ადრე, როცა ვწერდი, სხვის ტანჯვაში ვიხედებოდი, ახლა ჩემი ცხოვრებაც და მეც ამ მოვლენის ნაწილად ვიქეცით, იმდენად, რომ შორიდან ვეღარ ვუყურებდი. ჩემი პატარა, ევროპაში ჩაკარგული ქვეყნის სახელი, რომელიც ადრე არავის სმენოდა, ახლა ყველა ენაზე ისმოდა, ბელარუსი წყეული ჩერნობილის ლაბორატორიად იქცა, ჩვენ ბელარუსები - ჩერნობილის ხალხად. სადაც არ უნდა მოვხვდე, ყველანი ცნობისმოყვარედ მეკითხებიან: “საიდან ხართ? რა ხდება იქ?” ცხადია, შეიძლებოდა ჩქარ-ჩქარა დამეწერა ისეთი წიგნი, როგორებიც მერე მალევე გაჩნდა ერთი მეორის მიყოლებით - რა მოხდა იმ ღამეს სადგურზე, ვინ იყო დამნაშავე, როგორ უმალავდნენ ავარიას სამყაროს და საკუთარ ხალხს, რამდენი ტონა ქვიშა და ბეტონი გახდა საჭირო, რომ სიკვდილით მხრჩოლავი რეაქტორი სარკოფაგში მოექციათ, - მაგრამ რაღაც ხელს მკიდებდა და მაჩერებდა. რა? იდუმალების განცდა. ეს განცდა მაშინვე გაგვიჩნდა და წარმართავდა ჩვენს საუბრებს, ქმედებებს, შიშებს. ის თან ახლდა ამ მოვლენას, საზარელ მოვლენას. ყველას გაგვიჩნდა გრძნობა, რომელსაც ზოგნი გამოვთქვამდით, ზოგნი - ვერა, რომ რაღაც წარმოუდგენელს შევეჯახეთ. ჩერნობილი საიდუმლოა, რომელიც მომავალში უნდა აიხსნას, ამოუცნობი ნიშან-სვეტია. შეიძლება, გამოცანაა ოცდამეერთე საუკუნისთვის, მისი გამოწვევა. ჩერნობილით ცხადი გახდა, რომ  კომუნისტური, ნაციონალური, რელიგიური გამოწვევების გარდა, რომელთა წიაღშიც ვცხოვრობთ და გადარჩენისთვის ვიბრძვით, მომავალში სულ სხვა გამოწვევები გველის, უფრო მეტად  მზაკვული და ტოტალური, მაგრამ ჯერ უხილავი. თუმცა, ჩერნობილის შემდეგ რაღაც უკვე გაცხადდა…

26 აპრილის ღამე… ერთ ღამეში ისტორიის სულ სხვა მხარეს გადავინაცვლეთ. ახალ რეალობაში გადავხტით, და ის, ახალი რელობა, არა მხოლოდ ჩვენი ცოდნის, არამედ, ჩვენი ფანტაზიის მიღმაც კი აღმოჩნდა. დროთა კავშირი დაირღვა… უცებ წარსული უსარგებლო გახდა, იქ აღარაფერი დარჩა, რასაც მოეჭიდებოდი,  კაცობრიობის ყველაფრისმცოდნე (როგორც გვეგონა) არქივში არ მოიძებნა გასაღები, რომელიც ამ კარს გააღებდა. იმ დროს არაერთხელ მომისმენია: “ვერ ვპოულობ სიტყვებს, რომ აღვწერო ის, რაც ვნახე და განვიცადე”, “ასეთი აქამდე არაფერი გამიგია”, “არც ერთ წიგნში არ წამიკითხავს და და არც კინოში მინახავს”.  დროის იმ მონაკვეთში, როცა კატასტროფა მოხდა და შემდეგ, როცა მასზე საუბარი დაიწყეს, იყო პაუზა. მუნჯი დრო… ეს მომენტი ყველას გვახსოვს. სადღაც, ზემოთ იღებდნენ გადაწყვეტილებებს, ადგენდნენ საიდუმლო ინსტრუქციებს, ცაში წევდნენ ვერტმფრენებს, გზებზე ტექნიკის წარმოუდგენელ რაოდენობას ამოძრავებდნენ, ქვემოთ - ელოდებოდნენ ცნობებს და ეშინოდათ, ჭორებით ცხოვრობდნენ, მაგრამ მთავარის შესახებ დუმდნენ, - რა მოხდა სინამდვილეში?  ვერ პოულობდნენ სიტყვებს ახალი გრძნობების გამოსახატად  და გრძნობებს - ახალი სიტყვებისთვის, აღარ შეეძლოთ თვითგამოხატვა, ნელ-ნელა იძირებოდნენ ახალი ფიქრების ატმოსფეროში - შეიძლება, ასეც განისაზღვროს ჩვენი მაშინდელი მდგომარეობა. მხოლოდ ფაქტები უკვე აღარ იყო საკმარისი, ფაქტებს იქით უნდა გადაგეხედა, რომ მომხდარის საზრისს რაღაცნაირად ჩაწვდომოდი. თავზარდაცემულები ვიყავით. მე კი ვეძებდი ამ თავზარდაცემულ ადამიანებს. ისინი ახალი ტექსტებით ლაპარაკობდნენ. ხმები ხანდახან წყდებოდა და ძილსა თუ ბოდვაში, პარალელურ სამყაროებში გადადიოდა. ჩერნობილთან ყველანი ფილოსოფოსობას იწყებდნენ. ფილოსოფოსებად იქცეოდნენ. ეკლესიები ისევ ადამიანებით გაივსო… მორწმუნეებით და ახლო წარსულში - ათეისტებით. ეძებდნენ პასუხებს, რომელზედაც ფიზიკა და მათემატიკა არაფერს ეუბნებოდათ. სამგანზომილებიანი სამყარო გაიწელა, არ შემხვედრია არც ერთი მამაცი, ვინც კვლავაც დაიფიცებდა მატერიალისტების ბიბლიაზე. უცებ მკვეთრი უსასრულობა ამოიფრქვა. დადუმდნენ კულტურითა და ტრადიციით გამობრძმედილი ფილოსოფოსები და მწერლები. პირველ დღეებში ყველაზე საინტერესო მოსაუბრეები მეცნიერები, ჩინოვნიკები და დიდჩინიანი სამხედროები კი არა, მოხუცი გლეხები იყვნენ. ისინი ტოლსტოისა და დოსტოევსკის, ინტერნეტის გარეშე ცხოვრობენ, მაგრამ მათმა ცნობიერმა რაღაცნაირად მაინც დაიტია ახალი სამყაროს სურათი და არ დაანგრია ის. როგორც ჩანს, ჩვენ ყველანი ასე თუ ისე გავუმკლავდებოდით ატომური ომის სიტუაციას, როგორც ხიროსიმაში, და შეიძლება ითქვას, ამისთვის ვემზადებოდით კიდეც. მაგრამ კატასტროფა მშვიდობიან ატომურ ობიექტზე მოხდა, ჩვენ კი, საბჭოთა ადამიანებს გვასწავლიდნენ, რომ საბჭოთა ატომური სადგურები მსოფლიოში ყველაზე საიმედია, იმდენად, რომ შეიძლება წითელ მოედანზეც კი ააშენო. სამხედრო ატომი - ეს ხიროსიმა და ნაგასაკია, მშვიდობიანი ატომი კი - მოკაშკაშე ნათურაა ყველა სახლში. მანამდე არავის უეჭვია, რომ მშვიდობიანი და სამხედრო ატომი ტყუპები და თანამოაზრეები არიან. დავჭკვიანდით, მთელი მსოფლიო დაჭკვიანდა, მაგრამ მხოლოდ ჩერნობილის შემდეგ. დღეს კი ბელარუსი ხალხი, როგორც ცოცხალი “შავი ყუთი” სამომავლო ინფორმაციას იწერს. იწერს ყველასთვის.

ამ წიგნს დიდი ხნის განმავლობაში ვწერდი. თითქმის ოც წელიწადს… ვხვდებოდი და ველაპარაკებოდი სადგურის თანამშრომლებს, მეცნიერებს, ექიმებს, ჯარისკაცებს, გადმოსახლებულებს, თვითჩასახლებულებს… მათ, ვისთვისაც ჩერნობილი სამყაროს ძირითად შინაარსად იქცა; ვისთვისაც არა მხოლოდ მიწა და წყალი, არამედ ყველაფერი - შიგნით და გარეთ - ჩერნობილითაა მოწამლული. ისინი ჰყვებოდნენ, ეძიებდნენ პასუხებს… ჩვენ ერთად ვფიქრობდით… ხშირად ჩქარობდნენ, შიშობდნენ, ვერ მოვასწრებთო, და მე მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ მათი მოწმეობის საფასური - მათივე სიცოცხლე იყო. “ჩაიწერეთ, - მიმეორებდნენ, ყველაფერი, რაც ვნახეთ, ვერ გავიგეთ, მაგრამ, დაე, დარჩეს. ვიღაც წაიკითხავს და მიხვდება. მერე, ჩვენს შემდეგ…” ტყუილად არ ჩქარობდნენ, ბევრი უკვე აღარაა ცოცხალი. მაგრამ სიგნალის გადაცემა მოასწრეს…

- ის, რაც აქამდე საშინელებასა და შიშზე ვიცოდით, ყველაზე მეტად ომს უკავშირდებოდა. სტალინის გულაგი და ოსვენციმი ბოროტების შედარებით ახალი ფორმებია, რომელთა შესახებაც სულ ცოტა ხნის წინ გავიგეთ. ისტორია ყოველთვის იყო ომებისა და მხედართმთავრების ამბები და საშინელების საზომადაც სწორედ ომი იქცა. ამიტომაცაა, რომ ადამიანები ომსა და კატასტროფებს ერთმანეთთან აკავშირებენ.  ჩერნობილში სახეზეა ომის ყველა ნიშანი: ბევრი ჯარისკაცი, ევაკუაცია, მიტოვებული სახლ-კარი. დარღვეულია ცხოვრების მდინარება. გაზეთებშიც ინფორმაცია ჩერნობილის შესახებ  მხოლოდ ომის სიტყვებით აღიწერება: ატომი, აფეთქება, გმირები… ეს ართულებს იმის გაგებას, რომ ისტორიის ახალ ფაზაში შევედით - დაიწყო კატასტროფების ისტორია. ადამიანს კი არ უნდა ამაზე იფიქროს, რადგან აქამდე არასდროს უფიქრია და ემალება იმას, რაც უკვე ნახა. წარსულისგან დამალვას ცდილობს. მონუმენტებიც კი, რომლებიც ჩერნობილს დაუდგეს, სამხედრო ძეგლებს ჰგავს…

ჩემი პირველი შესვლა ზონაში…

ბაღები ყვაოდა, მზეზე სიხარულით ელავდა მწვანე ბალახი. ჩიტები ჭიკჭიკებდნენ. ისეთი ნაცნობი, ნაცნობი იყო სამყარო… ეგრევე გემიელვა:  ყველაფერი ადგილზეა და ყველაფერი ისეა, როგორც ადრე. იგივეა დედამიწა, იგივეა წყალი, იგივეა ხეები. ფორმაც, ფერიც და სუნიც მარადიულია და აქ ვერავინ ვერაფერს შეცვლის. მაგრამ პირველივე დღეს ამიხსნეს: ყვავილების მოწყვეტა არ შეიძლება, მიწაზე არ უნდა ვიდგე და წყაროს წყალი არ უნდა დავლიო. საღამოს დავაკვირდი, როგორ უნდოდათ მწყემსებს მდინარეში შეერეკათ დაღლილი ჯოგი, მაგრამ ძროხები მიდიოდნენ წყალთან და ეგრევე უკან ბრუნდებოდნენ. ისინი რაღაც გუმანით ხვდებოდნენ, რომ წყალი საშიში იყო.  კატები, კი, - მიყვებოდნენ, არ ეკარებოდნენ მომაკვდავ თაგვებს, რომლებიც ყველგან ეყარნენ - მინდვრებში, ეზოებში. ყველგან სიკვდილი იმალებოდა, მაგრამ ეს რაღაც სხვანაირი სიკვდილი იყო. ახალ ნიღაბში, ახლებურად შემოსილი. ადამიანს მოსდევდა და ეწეოდა, ის კი არ იყო მზად. არ იყო მზად, როგორც ბიოლოგიური სახეობა, არ მუშაობდა მისი ბუნებრივი ინსტრუმენტები, რომლებიც მომართულია, რომ დაინახოს, მოისმინოს, ხელით შეეხოს. ეს ყველაფერი აღარ იყო შესაძლებელი, თვალები, ყურები, თითები უკვე აღარ გამოდგებოდა, იმიტომ, რომ რადიაცია არ ჩანს, არც სუნი აქვს და არც - ხმა. უსხეულოა. მთელი სიცოცხლე ჩვენ ან ვომობდით, ან ომისთვის ვემზადებოდით, ამდენი რამე ვიცოდით მასზე - და უცებ! მტრის ხატი შეიცვალა. უცებ სულ სხვა მტერი გაგვიჩნდა. მტრები… კლავდა ნათიბი ბალახი, დაჭერილი თევზი, ნანადირევი, ვაშლი. ჩვენი სამყარო, ასეთი დამყოლი და მეგობრული, ახლა შიშის წყაროდ იქცა. მოხუცები მიდიოდნენ ევაკუაციაში, ჯერ წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ სამუდამოდ, და ცას შეჰყურებდნენ:  “მზე ანათებს… არც კვამლია, არც გაზი. არ ისვრიან. ნუთუ ეს ომია? ჩვენ კი დევნილებად ვიქეცით?!”  ერთდროულად ნაცნობი და უცნობი სამყარო.

როგორ გავიგოთ, სად ვართ? რა ხდება ჩვენს თავს? აქ და ახლა… ვერც ვერავის ვეკითხებით…

გაგაოცებდათ ზონაში და ზონის ირგვლივ უთვალავი რაოდენობის სამხედრო ტექნიკა. ჯარისკაცები მარშირებდნენ ახალ-ახალი ავტომატებით, სრული სამხედრო აღჭურვილობით. ყველაზე მეტად რატომღაც ვერტმფრენები და დაჯავშნული მანქანები კი არა, ეს მოელვარე ავტომატები დამამახსოვრდა. იარაღი. თოფიანი კაცი ზონაში… ვისთვის უნდა ესროლა ან ვისგან უნდა დაეცვა თავი? ფიზიკისგან? უჩინარი ნაწილაკებისგან? დაბინძურებული მიწა უნდა დაეხვრიტათ თუ ხე? სადგურზე უშიშროების სამსახური მუშაობდა. ჯაშუშებსა და დივერსანტებს დაეძებდნენ, ხმები დადიოდა, რომ ავარია - დასავლურმა სპეცსამსახურებმა სოციალისტური ბანაკის ასაფეთქებლად დაგეგმეს. ამიტომაც ფხიზლად უნდა ყოფილიყვნენ.

ომის სურათი, ომის კულტურა ჩემს თვალწინ დაინგრა. უცებ რაღაც ბლანტ სამყაროში მოვხვდით, სადაც ბოროტება არაფერს გვიხსნის, საკუთარ თავს არ გასცემს და  არანაირ კანონს არ ცნობს.

მე შევესწარი, როგორ იქცა ჩერნობილამდელი ადამიანი ჩერნობილის ადამიანად.

- არც ერთხელ, და ამაზე საჭიროა დაფიქრება, არ მომისმენია მოსაზრება, რომ მეხანძრეების და ლიკვიდატორების მოქმედება, რომლებიც ატომურ სადგურზე ავარიის პირველ ღამეს აქრობდნენ ხანძარს, თვითმკვლელობას ჰგავდა, კოლექტიურ თვითმკვლელობას. ლიკვიდატორები ხშირად დამცავი სპეცტანსაცმლის გარეშე მუშაობდნენ, უსიტყვოდ მიდიოდნენ იქ, სადაც რობოტები “კვდებოდნენ”. მათ  უმალავდნენ სიმართლეს მიღებული მაღალი დოზების შესახებ, და ისინი ამას ურიგდებოდნენ, შემდეგ კი მადლიერებით იღებდნენ სამთავრობო მედლებსა და სიგელებს სიკვდილის წინ. ბევრის დაჯილდოებაც კი ვერ მოასწრეს. ვინ არიან ისინი? გმირები თუ თვითმკვლელები? თუ საბჭოთა იდეის და აღზრდის სისტემის  მსხვერპლები? გადის დრო და რატომღაც გვავიწყდება, რომ მათ მთელი ქვეყანა გადაარჩინეს. ევროპა გადაარჩინეს. წამითაც რომ წარმოვიდგინოთ რა მოხდებოდა, დანარჩენი სამი რეაქტორიც რომ აფეთქებულიყო…

- ისინი გმირები არიან. ახალი ისტორიის გმირები, რომელთაც სტალინგრადის ან ვატერლოოს ბრძოლის გმირებს ადარებენ, მაგრამ მათ რაღაც უფრო დიდი გადაარჩინეს, ვიდრე სამშობლო. მათ თვით სიცოცხლე იხსნეს. სიცოცხლის დრო. ცოცხალი დრო.

- ჩერნობილში ადამიანმა უღალატა ყველაფერს, მთელ სამყაროს, სადაც,  ადამიანის გარდა ათასობით სხვა ცოცხალი არსება ცხოვრობს - ცხოველებს და მცენარეებს უღალატა. როცა იქ მივდიოდი, ვისმენდი ნაამბობს იმის შესახებ, რომ ისინი (პირველები და პირველად), აკეთებდნენ ადამიანურად არაადამიანურ საქმეს - მიწას მიწაში მარხავდნენ,  დაბინძურებულ მონაკვეთებს ჭრიდნენ და სპეციალურ ბეტონის ბუნკერებში ათავსებდნენ მთელი ცოცხალი სამყაროთი - ხოჭოებით, ობობებით, მატლებით, სხვადასხვა ქვეწარმავლებით, რომელთა სახელებიც კი არ იცოდნენ. არ ახსოვდათ. მათ სიკვდილის სრულიად სხვა აღქმა ჰქონდათ, ის ვრცელდებოდა ყველაფერზე: ჩიტებიდან - პეპლებამდე. მათი სამყარო უკვე სხვა იყო - ახალი კანონებით, ახალი პასუხისმგებლობით და დანაშაულის ახალი განცდით. მათ ნაამბობში მუდმივად ჩნდებოდა დროის თემა, ისინი ამბობდნენ - “პირველად”  “უკანასკნელად”, “სამუდამოდ” იხსენებდნენ, როგორ დადიოდნენ დაცარიელებულ სოფლებში, სადაც ხანდახან ხვდებოდნენ მარტოხელა მოხუცებს, რომლებმაც უარი თქვეს წასულიყვნენ სხვებთან ერთად და ან სულაც - დაბრუნებულიყვნენ:  საღამოობით ისხდნენ ანთებულ კვართან, ცელით თიბავდნენ, ნამგლით მკიდნენ, ხეებს ცულით ჭრიდნენ, ლოცვებში ცხოველებს და სულებს მოუხმობდნენ. ღმერთსაც. ყველაფერი ისე იყო, როგორც ორასი წლის წინ, ხოლო ზემოთ ცაში, კოსმოსური ხომალდები დაფრინავდნენ. დრომ კუდი მოიკვნიტა, საწყისი და დასასრული შეერთდა. ჩერნობილი მათთვის, ვინც იქ იყვნენ, ჩერნობილში არ დასრულებულა. ომიდან კი არ დაბრუნდნენ, არამედ - თითქოს სხვა პლანეტიდან… მივხვდი, რომ მათ განსაცდელი სრულიად ცნობიერად ახალ ცოდნად აქციეს, რომელსაც გვჩუქნიდნენ: აიღეთ, თქვენ მოგიწევთ რამენაირად გაუმკლავდეთ ამ ახალ ცოდნას, როგორღაც უნდა გამოიყენოთ ის.

ჩერნობილის გმირებს ერთი მონუმენტი უდგათ. ეს ის სარკოფაგია,  რომელშიც მათ ბირთვული ცეცხლი მოათავსეს. მეოცე საუკუნის პირამიდა.

- ადამიანი ჩერნობილის მიწაზე ცოდოა, მაგრამ მხეცი კიდევ უფრო საცოდავია. არა, არ შემშლია. ახლავე ავხსნი. რა რჩება მკვდარ ზონაში მას შემდეგ, რაც მას ადამიანი ტოვებს? ძველი სასაფლაოები და ბიოსაფლავები, ასე ეძახიან ცხოველთა სამარხებს. ადამიანმა თავს უშველა და დანარჩენებს უღალატა, მისი წასვლის შემდეგ სოფლებში ჯარისკაცების რაზმები შედიოდნენ და ცხოველებს ხვრეტდნენ. ძაღლები ეგრევე გამორბოდნენ ადამიანის ხმის გაგონებაზე, კატებიც. ვერაფერს იგებდნენ ცხენებიც… ისინი ხომ უდანაშაულოები იყვნენ - ცხოველებიც, ფრინველებიც. ხმისამოუღებლად იხოცებოდნენ, რაც კიდევ უფრო შემზარავია.  ოდესღაც მექსიკელი ინდიელები და ქრისტიანობამდელი სლავები პატიებას სთხოვდნენ ცხოველებსა და ფრინველებს, რომელთაც თავის გამოსაკვებად კლავდნენ. ძველ ეგვიპტეში კი ცხოველს ჰქონდა ადამიანის წინააღმდეგ ჩივილის უფლება. ერთ-ერთ პაპირუსზე, რომელიც პირამიდაში აღამოაჩინეს, წერია: “ვერ მოიძებნა ხარის ვერც ერთი საჩივარი ნ-ს წინააღმდეგ”. მიცვალებულთა სამეფოში წასვლამდე ეგვიპტელი კითხულობდა ლოცვას, სადაც იყო ასეთი სიტყვები: “მე არ დამიჩაგრავს არც ერთი სულიერი. ცხოველისთვის არ წამირთმევია არც მარცვალი, არც ბალახი”.

რა მოგვცა ჩერნობილის გამოცდილებამ? მოგვაბრუნა თუ არა ამ მდუმარე და საიდუმლო “სხვების” სამყაროსკენ?

- ერთხელ ვნახე, როგორ შევიდნენ ჯარისკაცები სოფელში, საიდანაც ადამიანები წავიდნენ, და სროლა დაიწყეს…

ცხოველთა უასასოო ხმები… ისინი თავიანთ ენებზე ყვიროდნენ.  ამაზე ერთხელ უკვე დაიწერა ახალ აღთქმაში. იესო იერუსალიმის ტაძარში შედის და იქ სარიტუალო მსხვერპლშეწირვისთვის გამზადებულ ცხოველებს ხედავს:  ყელგადაჭრილებს და სისხლისგან დაცლილებს და ამბობს:  “გაიყვანეთ ეგენი აქედან და ნუ აქცევთ მამაჩემის სახლს სავაჭრო სახლად”, შეეძლო დაემატებინა, - სასაკლაოდ. ჩემთვის ზონაში დატოვებული ათასობით ბიოსამარხი სამსხვერპლოა. ოღონდ, რომელი ღმერთის? მეცნიერებისა და ცოდნის ღმერთის თუ ცეცხლის ღმერთის? ასე თუ შევხედავთ, ჩერნობილი ოსვენციმსა და კოლიმაზე უარესია, ჰოლოკოსტზე უარესია. ის დასასრულს გვთავაზობს. უსასრულობაში იკარგება.

ახლა უკვე სხვა თვალით ვუყურებ სამყაროს. მიწაზე პატარა ჭიანჭველა მიცოცავს და ის უკვე გაცილებით ახლოსაა ჩემთან, ვიდრე ადრე. ცაში რომ ჩიტი ფრენს, ისიც ახლოსაა. ჩემსა და მათ შორის მანძილი შემცირდა. აღარაა უფსკრული. ეს ყველაფერი - სიცოცხლეა.

ასეთი ამბავიც მახსოვს, მოხუცმა მეფუტკრემ მიამბო (მერე სხვებმაც მითხრეს იგივე): “დილას გამოვედი ბაღში და რაღაც მაკლია,  არც ერთი ნაცნობი ხმა არ მესმის. არც ერთი ფუტკარი არ ჩანს… არც ერთის ხმა არ ისმის. რა ხდება? არც მეორე დღეს გამოფრენილან, არც - მესამეს. მერე გვაუწყეს, ატომურ სადგურზე ავარიააო. ფუტკრებმა უკვე იცოდნენ, ჩვენ - არა. ახლა სულ მათ ვუყურებ. იმათ იციან ცხოვრება,  ჩვენ - არა”. კიდევ ერთი მაგალითი - მდინარესთან მეთევზეებს ველაპარაკე  და გაიხსენეს: “ველოდით, როდის აგვიხსნიდნენ ტელევიზორიდან, მოგვიყვებოდნენ, როგორ უნდა გადავრჩეთ… ჭიები კი, უბრალოდ, ჭიები  ღრმად ჩავიდნენ მიწაში, ნახევარ მეტრზე, ან მეტრზე უფრო ღრმად. ჩვენ ვერ ვხვდებოდით, რატომ ვერ ვიპოვეთ  ვერც ერთი ჭიაყელა სათევზაოდ”.

რომელია ჩვენში პირველი, გამძლე და მარადიული დედამიწაზე - ჩვენ თუ ისინი? მათგან უნდა ვისწავლოთ, როგორ გადავრჩეთ, როგორ ვიცხოვროთ…

- ორი კატასტროფა დაემთხვა ერთმანეთს: სოციალური - ჩვენ თვალწინ დაინგრა საბჭოთა კავშირი, ჩაიძირა გიგანტური სოციალისტური მატერიკი და კოსმიური - ჩერნობილი. ორი გლობალური აფეთქება. პირველი - უფრო გასაგები და ახლოა. ადამიანები ყოველდღიურობით არიან დაკავებულნი: რითი ვიყიდო, სად წავიდე? რისი მწამდეს? ახლა რომელი დროშის ქვეშ დავდგე, თუ უნდა ვისწავლო მხოლოდ ჩემი ცხოვრებთ ცხოვრება? უკანასკნელი კი ჩვენთვის უცნობია, არ ვიცით, აქამდე ასე არასდროს გვიცხოვრია. ამას განიცდის ყველა და თითოეული. ჩერნობილის დავიწყება ყველას უნდოდა, რადგან ცნობიერება მის წინაშე დამარცხდა. ეს ცნობიერების კატასტროფაც იყო. ჩვენი წარმოდგენების და ღირებულებების სამყარო აფეთქდა. ჩვენ რომ დაგვემარცხებინა ჩერნობილი, ან ბოლომდე მიმხვდარიყავით, რა მოხდა, მასზე უფრო მეტს ვიფიქრებდით და დავწერდით. ასე კი ვცხოვრობთ ერთ სამყაროში, ცნობიერება კი სადღაც სხვაგანაა. რეალობა გაგვირბის, ვერ თავსდება ადამიანში.

- ჰო… რელობას ვეღარ ვეწევით…

- ერთი ძველი მაგალითი - აქამდე ვიყენებთ  სიტყვებს: “შორს-ახლოს”, “ჩვენები - სხვები”. მაგრამ რას ნიშნავს შორს ან ახლოს, როცა მეოთხე დღეს ჩერნობილის ღრუბელი აფრიკისა და ჩინეთის თავზე დაფრენდა? უცებ დედამიწა ძალიან დაპატარავდა, აღარ იყო იმხელა და უსასრულო, როგორც კოლუმბის დროს. სივრცეს ახლა უკვე სულ სხვნაირად აღვიქვამთ - გაბანკროტებულ სივრცეში ვცხოვრობთ. კიდევ ერთი - უკანასკნელი ასი წელია ადამიანი უფრო დიდხანს ცოცხლობს, მაგრამ მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა არარააობა და პატარა ნაგლეჯია იმ რადიონუკლიდების გვერდით, რომლებიც პლანეტაზე დასახლდნენ. მათი დიდი ნაწილი ათასწლეულებს გაუძლებს. ჩვენ ამ სიშორეზე ვერ გავიხედავთ! მათ გვერდით უკვე სხვანაირად აღიქვამ დროს. და ეს ყველაფერი - ჩერნობილია. მისი ნაკვალევი.  იგივე დაემართა ჩვენს წარმოდგენებს წარსულთან, ფანტასტიკასთან, ცოდნასთან მიმართებაში. წარსული სრულიად გამოუსადეგარი აღმოჩნდა, ცოდნიდან გადარჩა მხოლოდ ჩვენი ცოდნა არცოდნის შესახებ. გრძნობებიც შეიცვალა. ახლა, ხშირად ექიმი ჩვეულებრივი თანაგრძნობის სიტყვების ნაცვლად მომაკვდავი მამამკაცის ცოლს ეუბნება: “ახლოს მისვლა არ შეიძლება, კოცნა არ შეიძლება, მოფერება არ შეიძლება! ეს აღარაა საყვარელი ადამიანი, ობიექტია, რომელიც ასხივებს”. აქ დუმს შექსპირიც და დიდი დანტეც. ჩნდება კითხვა: “მივიდე - არ მივიდე?” “ვაკოცო - არ ვაკოცო?” ჩემი ერთი გმირი (რომელიც ფეხმძიმედ იყო იმ დროს), მიდიოდა და კოცნიდა და ქმარი სიკვდილამდე არ დაუტოვებია. საფასურად კი საკუთარი ჯანმრთელობა და შვილის სოცოცხლე გადაიხადა. აბა, როგორ გაეკეთებინა არჩევანი სიყვარულსა და სიკვდილს შორის? წარსულსა და გაურკვეველ აწმყოს შორის? და ვინ გაბედავს განიკითხოს ის ცოლები და დედები, რომლებიც ვერ ისხდნენ მომაკვდავი ქმრებისა და დედების გვერდით? რადიოაქტიური ობიექტების გვერდით? მათ სამყაროში სიყვარულიც შეიცვალა და სიკვდილიც.

ყველაფერი შეიცვალა, ჩვენს გარდა.

- მოვლენა რომ ისტორიად იქცეს, სულ ცოტა 50 წელიწადია საჭირო. აქ კი ცხელ კვალზე გვიწევს სიარული…

- ზონა ცალკე სამყაროა… დანარჩენ დედამიწას არაფრით ჰგავს… თავიდან ის ფანტასტიკის მწერლებმა მოიფიქრეს, მაგრამ ლიტერატურამ რეალობის წინაშე უკან დაიხია. ჩვენ დღეს აღარ შეგვიძლია გვჯეროდეს ისე, როგორც ჩეხოვის პერსონაჟს: “ასი წლის შემდეგ ადამიანი მშვენიერი იქნება! ცხოვრება მშვენიერი იქნება!” ეს მომავალი უკვე დავკარგეთ. ასი წლის შემდეგ იყო სტალინის გულაგი, ოსვენციმი, ჩერნობილი… და სექტემბერი ნიუ-იორკში. სრულიად გაუგებარია როგორ მოთავსდა ეს ყველაფერი ერთი თაობის ცხოვრებაში, ამ ზომებში. მაგალითად, მამაჩემის ცხოვრებაში, რომელიც ახლა ოთხმოცდასამი წლისაა. გადარჩა ადამიანი?!

ბედი - ერთი ადამიანის ცხოვრებაა. ისტორია - ჩვენი, ყველასი. მინდა ისე მოვყვე ისტორია, რომ არ დავკარგო ერთი ადამიანის ბედი…

- ყველაზე მეტად ჩერნობილში გამახსოვრდება ცხოვრება “ყველაფერის შემდეგ”: ნივთები ადამიანის შემდეგ, პეიზაჟი ადამიანის შემდეგ. გზა, არსაითკენ… ელექტროხაზები არსაითკენ… შეხედავ და გაიფიქრებ, - წარსულია თუ მომავალი?

- ხანდახან მეჩვენება, რომ მომავალს ვიწერ…

რუსულიდან თარგმნა და კომენტარები დაურთო ნინო ბექიშვილმა 
გამომცემლობა „არტანუჯი“, 2015