ფრიდრიხ ნიცშე - ესე იტყოდა ზარატუსტრა

წიგნი ყველასათვის და არავისთვის

ოდესღაც მაიმუნები იყავით და ახლაც ადამიანი უფრო მაიმუნია, ვიდრე თვით მაიმუნი.

ზეკაცი მიწის აზრია! გაფიცებთ, ძმებო, იყავნეთ ერთგულნი მიწისა და არ უჯერიდეთ რომელნი საიქიოთი გაიმედებენ! იგინი მომწამლელები არიან, მმეცნებითა და თუ უმეცნებითა.

ოდესაც ღვთის გმობა უდიდესი გინება იყო, ხოლო ღმერთი მოკვდა და მასთან ერთად მისი მაგინებელიც. აწ უსაშინლესია მიწის გმობა და პატივისცემა უცნობ წიაღთა, ვიდრე მიწის აზრისა!

ადამიანი თოკია ცხოველსა და ზეკაცს შორის - თოკი უფსკრულს ზედა.

არაა ეშმაკი და არც ჯოჯოხეთი. შენი სული უფრო ადრე მოკვდება ვიდრე სხეული.

ნეტარ არიან მძინარენი: მალე დაიძინებენ. - ესე იტყოდა ზარატუსტრა.

სიხარულით თრობაა ტანჯულისთვის თვის ჭირვებათა თვალის არიდება და თავის დავიწყება.

დაღლილობამ, რომელს ერთსი ნახტომით, სასიკვდილო ნახტომით, უკანასკნელი ზღვარი სწადია, უბადრუკმა უვიცმა დაღლილობამ, რომელს თვით სურვილიც აღარა ჰსურს: მან შეჰქმნა ყოველი ღმერთი და საიქაონი.

ახალი ყიფობა მასწავა მე ჩემმა „მე“-მ, მას ვასწავი ადამიანთ: აღარ მარხვიდნენ თავს ციურის სილაში, არამედ ამაყად დაჰქონდეთ იგი, მიწიერი - თავი, რომელი ჰქმნის მიწის აზრსა.

„მე“ იტყვი შენ და ამაყობ ამ სიტყვით, ხოლო უდიდესია - ამას არ გსურს დაუჯერო - შენი სხეული და შენი დიდი გონება: იგი არ იტყვის მე, არამედ ჰქმნის „მე“-ს.

ვისაც იჭვის ალი გარს ერტყმის, იგი ბოლოს შხამიანს ნესტარს თვისკენ იბრუნებს, ვით მორიელი.

აზრი სხვაა, საქმე სხვაა, საქმის სანახაობა სხვაა. მათ შორის მიზეზობრიობის ბორბალი არ ბრუნავს.

ოდესღაც სული ღმერთი იყო, შემდეგ კაცად იქმნა, აწ იგი ბრბოდ იქმნება.

უდარდელნი, მკილავნი, ძალმომრენი - სწადია ჩვენი თავი სიბრძნეს იგი დედაკაცია და მარად მხედარი უყვარს.

ცხოვრება ძნელი ასატანია, ხოლო ნუ მოგაქვთ თავი ეგზომ ფაქიზად - ყველა კარგი ვირები ვართ ტვირთისა და ხრდალები.

არის მცირე შეშლილობა სიყვარულში. ხოლო შეშლილობაშიც მარად მცირე გონებაა.

სახელმწიფო უცივესია ცივთა საშინელებათა შორის. ცივად სტყუის იგი; და ესე ცივი სიცრუე გამოდის მისი პირისაგან: „მე, სახელმწიფო, ვარ ხალხი“.

სახელმწიფო სცრუობს კეთილისა და ბოროტის ყოველი ენით; და რას იტყვის, სიცრუეა და რაც აქვს, მოპარულია.

ტახტისაკენ ისწრაფვიან: ესაა მათი შეშლილობა, - თითქოს ბედნიერება ტახტზე იჯდეს! ხშირად ტალახი ტახტსა ზის და - ხშირად ტახტი ტალახსა ზე.

ერიდენით ზედმეტთა კერპთა მასუხრებასა!

სად სახელმწიფო თავდება, მხოლოდ იქ იწყება ადამიანი, რომელი ზედმეტი არაა.

სად სახელმწიფო თავდება - იქით გაიხედეთ ძმანო! ვერ ამჩნევთ მას, ცისარტყელას და ხიდსა ზეკაცისასა? - ესე იტყოდა ზარატუსტრა.

იყავი მწვალებელი შენი თავისათვის და კუდიანი და მისანი და რეგვენი და იჭვით პყრობილი და უკეთური და ბოროტმქმედი. გმართებს იწოდე შენს საკუთარ ალში: ვით გსურდა განახლება, თუ არა ნაცრად ყოფობდი!

ესე უკეთუ მტერი გყავთ, ნუ მიუგებთ მას კეთილით ბოროტისათვის: ეს მას შეარცხვენდა. არამედ დაუმტკიცეთ, რომ მან სიკეთე გიყოთ. და უკეთესია განრისხდეთ, ვიდრე არცხვენდეთ! და ოდეს წყევლიან, არ მომწონს, რომ ლოცავთ. უკეთესია შენც ცოტა და იწყევლო! და უკეთუ დიდი უსამართლობა გეწიათ, მყისვე ხუთი მცირედით უპასუხეთ! საძაგელია ცქერა მხოლოდ უსამართლობით დაჩაგრული ადამიანისა. ეს თქვენ უკვე იცოდით? განაწილებული უსამართლობა ნახევარი სამართალია. და მან უნდა იდოს თავს უსამართლობა, ვისაც ძალუძს მისი ზიდვა. მცირე შურისგება უფრო ადამიანურია, ვიდრე არა შურისგება. და უკეთუ სასჯელი გადამლახველის უფლება და პატივი არ არის, მეც აღარა მსურს თქვენი სასჯელი. უფრო დიდი კეთილშობილებაა თავის გამტყუნება, ვიდრე გამართლება, უფროსად ოდეს კაცი მართალია, ხოლოდ ამად საჭიროა საკმაოდ მდიდარი იყო.

ცუდი ჯილდოა მოძღვრისათვის, უკეთუ მოწაფენი მარად მოწაფედ რჩებიან.

ჯერ თავი არ მოგეძებნათ და მპოვეთ მე. ესე იქმიან ყველა მორწმუნენი; ამად აქვს ნაკლები ფასი ყველა საწრმუნოებას.

„მკვდარნი არიან ყველა ღმერთები: აწ ვისურვოთ, რათა ზეკაცმა იცოცხლოს“.

ღმერთი ვარაუდია, ხოლო მე მსურს, რათა თქვენი ვარაუდი თქვენი მქმედი ნების უშორეს არ აღწევს. ძალ გიძთ ღმერთის ქმნა? - მას ნუ ილაპარაკებთ ღმერთებისათვის! ხოლო ზეკაცს კი შეჰქმენით. იქნებ თქვენ თვით არა, ძმანო! ხოლო თქვენ შესძლებთ გარდაქმნათ თქვენი ზეკაცის მამებად და წინაპრებად: იყოს ესე თქვენი უკეთესი მმქმედობა! ღმერთი ვარაუდია; ხოლო მსურს, რათა თქვენი ვარაუდი შემოისაზღვროს გააზრეებადობით. ძალ გიძთ ღმერთის გააზრება? მაგრამ დაე ეს ნიშნავს თქვენთვის ნებას ჭეშმარიტებისა, რათა ყოველი გარდაიქმნას ადამიანისათვის სააზრო, ადამიანისათვის სანახავ, ადამიანისათვის საგრძნობად! ჰშვენის, თქვენი საკუთარი გრძნობა ბოლომდე გაიაზროთ!

ხოლო გაგიხსნით მთელს ჩემს გულს, მეგობარნო: უკეთუ ღმერთები იარსებებდნენ, ვით ავიტანდი ღმერთი არ ვყოფილიყავი! მაშ, ღმერთები არა ჰგიებენ.

შორს ღმერთისა და ღმერთებისაგან, ამას მიძახდა ჩემი ნება: რაღას შეჰქმნიდი, უკეთუ ღმერთები იარსებებდნენ.

მას აქეთ, რაც ადამიანები არსებობენ, ნაკლები სიამოვნება უნახავს ადამიანს: ეს არის მხოლოდ, ძმანო, ჩვენი დასაბამი ცოდვა. და ოდეს ვისწავლოთ უკეთესად სიხარულს, უკეთესად დავივიწყებთ სხვის ტანჯვას და მწუხარებათა თხზვას.

ფიქრობდნენ, ვით ლეშებს ეარსებნათ, შავებით შეამკეს თავისი ლეშები, და თვით მათ სიტყვებით კვლავ სამცხედროს ავ სუნსა ვგრძნობ.

ხოლო ვინ სძულს ხალხს, ვით ქოფაკს მგელი: იგი თავისუფალი სულია, მტერი ხუნდებისა, არამლოცველი, ტყეში მობინადრე. მისი სოროდან გამოდევნა - ამას ხალხი ამრად „სამართლიანობის გრძნობას“ უწოდებდა. კვლავ მის წინააღმდეგ უსისინებს იგი თავის ბასრკბილა ძაღლებს.

უდაბნოში სცხოვრობნენ მარად მართალნი, თავისუფალნი, ვით უძალნი უდაბნოსი; ხოლო ქალაქებში სცხოვრობენ მაძღარნი, ცნობილნი ბრძენნი - ტვირთმზიდველი ცხოველები. მარად მიათრევენ იგინი, ვით სახედარი - ხალხის ურემს.

„თავისუფლება“ - ღრიალებთ ყველა თქვენ დიდი მხურვალებით: ხოლო მე გადავეჩვიე „დიდ მოვლენათა“ რწმენას, რადგან მათ გარშემო დიდი ღრიანცელია და კვამლი. დამიჯერე, მეგობარო, ჯოჯოხეთის ხმაურო! უდიდესი მოვლენანი ესაა არა ჩვენი დიდი ხმაურის, არამედ ჩვენი ყველაზე ჩუმი საათები.

„ეკლესია? ვუპასუხე, სახელმწიფოს მზგავსებაა, მზგავსება უფროსად მატყუარა.

დრო უკუ არ იქცევა, ესაა მისი ბრაზი: „რაც იყო“ - ამას ეწოდება ქვა, რომელს იგი ვერ აგორებს.

თქვენ მაღლით იმზირებით, ოდეს ამაღლებას ეძიებთ. და მე ძირს ვიხედები, რადგან ამაღლებული ვარ. ვის ძალუძს თქვენ შორის ერთსა და იმავე დროს იცინოდეს და ამაღლდეს? რომელი უმაღლეს მთებს აივლის, იგი დასცინის ყოველ ტრაგედიას და ყოველ სევდას - ზარატუსტრა, კითხვისა და წერისთვის.

გულადობა უკეთესი სასიკვდილო იარაღია, - გულადობა, რომელიც თავს ესხმის: რადგან ყოველ თავდასხმაში გამარჯვების მახარებელი მუსიკაა. ხოლო ადამიანი უგულადესი ცხოველია: ამით სძლია მან ყოველ ცხოველს. გამარჯვების მახარებელი მუსიკით სძლია მან ყოფელი ტანჯვა, ხოლო ადამიანური ტანჯვა უღრმესი ტანჯვაა.

თავის სიყვარულის სწავლა: ყველა ხელოვნებათა შორის ეს უსათუთესია, მეტად გაიძვერა, უკანასკნელი და მეტად მომთმენი.

„არიან ღმერთები, არა ღმერთი, ესაა ღვთაებრივობა!“

„რა აზრი აქვს სიცოცხლეს? ყოველივე ამაოებაა! სიცოცხლე - ბზის ლეწვაა; ცხოვრება - თავის წვაა და კვლავ უთბობა“. - ესე ძველი ლაყბობა კვლავ „სიბრძნედ“ არის მიჩნეული. ხოლო მას სიძველისა და შმორის სუნისთვის კვლავ მეტად პატივსა სცემენ. ობიც აკეთილშობილებს: - ბავშვებმა სთქვან ესე: ცეცხლისა ეშინიათ, დაუწვია! მრავალი რამ ბავშვური ძველ წიგნთა და სიბრძნეთა შორის.

ქვეყანა მით ემზგავსება ადამიანთ, რომ უკან ნაწილი აქვს, - ეს მართალია! ქვეყანასა შინა ბევრი სიბილწეა: ეს მართალია! ქვეყნისა შინა ბევრი სიბილწეა: ეს მართალია! ხოლო ამით ქვეყანა ბილწი ურჩხული არ არის! ბრძნულია, რომ ქვეყანასა შინა მრავალს ცუდი სუნი აქვთ: თვით ზიზღი ქმნის ფრთებს და წყაროსმგრძნობ ძალას! თვით უკეთეს შორის არის რაღაც საზიზღარი; და თვით უკეთესიც რაობაა, რომლის ჯერ არს ძლევა! - ჰე მეგობარნო, დიდი სიბრძნეა, რომ ქვეყანასა შინა მრავალი სიბილწეა!

ლაპარაკი ლამაზი სისულელეა; ამით როკავს ადამიანი ყოველ საგანთა ზედა.

თუნდ გულით ერთმანეთი არ გვიყვარდეს, - უნდა ერთმანეთი გვძულდეს, რომ ერთმანეთი გულით არ გვიყვარს?

მიწა ღმერთთა მაგიდაა, მძრწოლარე ახალმმქმედ სიტყვათა და ღმერთთა კამათლებით.

ამას მეტყოდა ერთხელ ეშმაკი: „ღმერთსაც აქვს თავისი ჯოჯოხეთი: იგი მისი სიყვარულია ადამიანთადმი“. ამას წინათ ყური მოვკარი მის სიტყვებს: „ღმერთი მკვდარია; ადამიანთადმი სიბრალულმა მოჰკლა ღმერთი“, - ზარატუსტრა, შემწყნარეთათვის.

უკეთესია, ჭეშმარიტად, განდეგილთა და თხების მწყემსთა, ვიდრე ვარაყიან, ცრუ, განზოგილ ბრბოს შორის ცხოვრება, - მართალია ის თავს „კარგსაზოგადოებას“ უწოდებს. - მართალია, თავს „კეთილშობილს“ უწოდებს, ხოლო ყველაფერი იქ თვალთმაქცობაა და დამპალი, სისხლით მოყოლებული, ძველ ცუდ სნეულებათა და ცუდ მკურნალა წყალობით. უკეთესია და უფრო საყვარელი ჩემთვის დღეს ჯანსაღი გლეხი, უხეში, გაიძვერა, კერპი, ამტანი: დღეს ეს უწარჩინებულესი მოდგმაა. გლეხი დღეს უკეთესია და გლეხთა მოდგმასა ჰხამს ბატონობა! ხოლო აწ ბრბო მეფობს, - და მე აღარ მოვტყუვდები. ხოლო ბრბოს სახელია: არევ-დარევა.

„ჯერ არს გიყვარდეთ ზავი, ვით საშუალება ახალი ომისა და ხანმოკლე ზავი, ვიდრე ხანგრძლივი!“

თქვენ, მაღალო ადამიანებო, ისწავლეთ ესე ჩემგან: ბაზარში არავისა სწამს მაღალი ადამიანებისა. და თუ გსურთ იქ ლაპარაკი! ბრბო თვალებს აახამხამებს: „ჩვენ ყოველანი თანასწორნი ვართ“. „თქვენ, მაღალნო ადამიანნო, - ესე ახამხამებს თვალებს ბრბო, - მაღალი ადამიანები არ არიან, ყველანი თანასწორნი ვართ, ადამიანი ადამიანია, ღვთის წინაშე - ყველა თანასწორია“. ღვთის წინაშე! - აწ ეს ღმერთი მოკვდა. ბრბოს წინაშე ჩვენ თანასწორობა აღარ გვსურს. თქვენ მაღლო ადამიანნო, ერიდეთ ბაზარს.

ღვთის წინაშე! აწ ეს ღმერთი მოკვდა! თქვენ, მაღლნო ადამიანნო, ეს ღმერთი თქვენი უდიდესი საფრთხე იყო. მას შემდეგ, რაც ის საფლავშია, თქვენ პირველად აღსდექით მკვდრეთით. აწ მოდის მხოლოდ დიდი შუადღე, აწ იქნება მხოლოდ დიდი ადამიანი - ბატონი!

ღმერთი მოკვდა; აწ გვსურს ჩვენ, რათა ზეკაცი სცხოვრობდეს.

სძლიეთ დღევანდელ ბატონებს, ჰე ძმანო, - ამ პატარა ადამიანთ: ისინი ზეკაცის უდიდესი ხიფათია!

უკეთუ მაღლა ასვლა გსურთ, ისარგებლეთ საკუთარი ფეხებით! ნებას ნუ მისცემთ წაგიღონ, ნუ შეჯდებით სხვის თავსა და ზურგს!

„არა მრისხანებით, არამედ სიცილით ჰკლავენ“.

არ გვსურს სასუფეველი ცათა: მამაკაცებად გვინდა ყოფნა, - ესე გვსურს სასუფეველი მიწისა.

გერმანულიდან თარგმნა ერეკლე ტატიშვილმა
საგამომცემლო საზოგადოება „ფილოსოფიური ბიბლიოთეკა“, თბილისი, 2012

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში