ირაკლი ბათიაშვილი - შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ

1993 წლის აგვისტოში, როდესაც მე საქართველოს საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის თავმჯდომარე ვიყავი, ჩემმა მოადგილემ მურმან კალანდაძემ წარმომიდგინა აგენტურული არხებით მიღებული ძალზედ მნიშვნელოვანი ინფორმაცია [...]

[...] საქმე ეხებოდა კრემლის შემდეგ გეგმას კოდური სახელწოდებით „კავკასიური ომი“: დაიწყება გადამწყვეტი შეტევა სოხუმზე, რომელსაც, ცხადია, ვერ დაიცავს ჩვენი განიარაღებული ჯარი ივლისის სამშვიდობო შეთანხმების შედეგად; ამ უმძიმესი ზეწოლის პირობებში და თითქმის გამოუვალ მდგომარეობაში საქართველოს ხელისუფლებას, სახელდობრ ე.შევარდნაძეს აიძულებენ, რათა დათანხმდეს რუსეთის დიდი სამხედრო კონტიგენტის შემოყვანას, რომელიც სრულ კონტროლს დააწესებს კომუნიკაციებზე დასავლეთ საქართველოში, და კერძოდ, აფხაზეთსა და სამეგრელოში; ცხადია, ეს უზარმაზარი სამხედრო ძალა არ არის გათვლილი მხოლოდ აღნიშნული პრობლემებისათვის, არამედ აგრეთვე სამხრეთ კავკასიის სხვა ნაწილში (კონკრეტულად აზერბაიჯანში) შესაძლებელი და მოსალოდნელი გამოყენებისთვის; სამხრეთ კავკასიაზე სრული კონტროლის დამყარების ანუ მისი „გადაკეტვის“ შემდეგ რუსეთი უფრო გულდამშვიდებით წამოიწყებს ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციას ჩეჩნეთის ტერიტორიაზე. კრემლი დააყენებს კატეგორიულ მოთხოვნას, რათა ჩვენი სახელმწიფოს რამდენიმე საკვანძო თანამდებობაზე (იგულისხმება, უპირველეს ყოვლისა, ძალოვანი სტრუქტურები) დაინიშნონ მისი ფავორიტები. კიდევ ბევრი საინტერესო დეტალი იყო აღნიშნულ ინფორმაციაში, მაგრამ არსებითი გახლდათ ეს. სამწუხაროდ, მოვლენათა მსვლელობამ დაადასტურა, რომ „ძვირფასი“ ინფორმაცია მეტად რეალური იყო.

მსურს მოკლედ გავიხსენო კარგად ცნობილი შეხვედრა ქალაქ ადლერში, რომელიც სოხუმის დაცემის წინა დღეებში შედგა. ამ შეხვედრაში ჩვენი მხრიდან მონაწილეობდნენ ედუარდ შევარდნაძე, გია ყარყარაშვილი, მე და სანდრო კავსაძე, ხოლო რუსეთის მხრიდან - თავდაცვის მინისტრი პაველ გრაჩოვი, მისი გენერალური შტაბის წარმომადგენლები, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - ბორის პასტუხოვი და სხვები. ატმოსფერო საკმაოდ დაძაბული იყო. ხილით და ტკბილეულით გაგვიმასპინძლდნენ, თუმცა თავის შექცევის სურვილი და ხასიათი არავის გვქონდა. მცირე ხნის დიალოგის შემდეგ გამოიკვეთა ის „წინადადებები“, რომლებსაც გრაჩოვი და პასტუხოვი აყენებდნენ: საომარი დაპირისპირება და ე.ი. სოხუმზე შეტევა შეწყდებოდა, თუ ჩვენ დავთანხმდებოდით გარკვეულ პირობებს, რაც, ცხადია, სათანადო დოკუმენტით იქნებოდა გამაგრებული. სახელდობრ, ამ პირობებში იგულისხმებოდა ორი დივიზიის შემოყვანა აფხაზეთის ტერიტორიაზე, ქართული ჯარის სრული განიარაღება და არძინბას, როგორც „კანონიერი ხელისუფლების“ დაბრუნება სოხუმში. ორი დივიზიის გადმოსროლის გეგმა რუსებს უკვე შემუშავებული და გამზადებული ჰქონდათ (როგორც ჩანს ისინი აბსოლუტურად დარწმუნებულნი იყვნენ მის რეალიზაციაში) და გრაჩოვის მითითებით მაგიდაზე დიდი ქაღალდის გრაგნილი გაშალეს. ერთ-ერთი გენერლის მოკლე განმარტებების დასრულებისას მცირე ხანს პაუზა ჩამოვარდა: რუსები ჩვენ რეაქციას და პასუხს ელოდებოდნენ. სავსებით ნათელი შეიქნა შემდეგი რამ: მათ სურდათ, რომ მთელი ეს გრანდიოზული ოპერაცია (რომელიც თან მხოლოდ საქართველოს არ ეხებოდა), სწორედ, რომ ჩვენი ხელისუფლების თანხმობით და უფრო მეტიც, თხოვნით განხორციელებულიყო. ედუარდ შევარდნაძემ გადმოგვხედა მე და გია ყარყარაშვილს (ვგონებ, ჩვენი სახეები უკვე ყველაფერს მეტყველებდნენ), შემდეგ დაიწყო ლაპარაკი. აზრი გამოთქვა გიამაც, მეც და სანდრო კავსაძემაც. ყველას დამოკიდებულება წარმოდგენილი წინადადებისადმი იყო სრულიად ნეგატიური. „ეს არის ოკუპაცია“ - ასეთი იყო ჩვენი შეფასება და ამ სიტყვაზე კიდევაც დასრულდა დიალოგი: რუსების რეაქცია აღმოჩნდა უმძიმესი, მათ საუბრის გაგრძელება აღარ მოინდომეს, არავითარი სხვა ვარიანტის გაგონებაც კი არ სურდათ, რასაც შევარდნაძე სთავაზობდა; გეგმაც სასწრაფოდ აიღეს მაგიდიდან და ხელახლა დაახვიეს. შემდეგ მხარეები ერთმანეთს მშრალად დავემშვიდობეთ და ჩვენ გამოვემართეთ ალმოდებული სოხუმისკენ, სადაც გაცხარებული ბრძოლები მიდიოდა...

ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა წარმოადგენდა არა რაღაც მონოლითურ, ჰომოგენურ წარმონაქმნს, არამედ საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების მზარდ ჭრელ სპექტრს, რაც თავისთავად სავსებით ნორმალური მოვლენაა. მაგრამ საგანგაშო ის იყო, რომ მის შიგნით იმთავითვე დაიწყო გაშმაგებული კონფრონტაცია სხვადასხვა ძალებს შორის, რაც დროთა განმავლობაში ღრმავდებოდა და სულ უფრო დესტრუქციულ ხასიათს იღებდა. აღნიშნული პროცესი განპირობებული იყო, როგორც სუბიექტური, ასევე ობიექტური ფაქტორებით, კერძოდ, როგორც მოძრაობის ლიდერების პიროვნული მოტივებით, ასევე ობიექტური მიზეზებით და საბჭოთა უშიშროების კომიტეტის ძირგამომთხრელი მუშაობით. ამ მომენტზე იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას, რადგან შემდგომში იგი საბედისწერო მნიშვნელობის მქონე აღმოჩნდა საქართველოსთვის. 1988 წლის დასაწყისში სერიოზული დაპირისპირება გამოიწვია ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ლიდერებს შორის ერთმა მნიშვნელოვანმა საკითხმა: გიორგი ჭანტურია და მერაბ კოსტავა დაჟინებით მოითხოვდნენ წერილის გაგზავნას რონალდ რეიგანის სახელზე და ეს ინიციატივა პრინციპში მოდიოდა ზვიად გამსახურდიასგან, რომელიც თავად საზოგადოებაში არ იყო გაერთიანებული. მე და ირაკლი წერეთელი ასევე მხარს ვუჭერდით აღნიშნულ მოთხოვნას, ხოლო თამრიკო ჩხეიძე (დიდი დამსახურების მქონე ეროვნული მოღვაწე და დისიდენტი), გურამ მამულია, მიხეილ ქურდიანი და სხვები წინააღმდეგნი იყვნენ. ამ საკითხის განხილვა ცხარე კამათში გადაიზარდა. ვითარება უკიდურესად გამწვავდა და საბოლოო ჯამში, რაღაც კონსენსუსამდე მისვლა ვერ მოხერხდა. ეს შეკრება კიდევ ერთი ნაპერწკალი აღმოჩნდა მძაფრი კონფრონტაციის გაღვივებაში. რა თქმა უნდა მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა გარკვეულ ობიექტურ საფუძველს ურთიერთწინააღმდეგობის წარმოშობისა, მაგრამ იგი ვერასდიდებით ვერ გადაიზრდებოდა შეურიგებელ ანტაგონიზმში, რომ არა პირადი ამბიციები და ანტიპატიები და რომ არა უშიშროების კომიტეტის დესტრუქციული მუშაობა ამ „ნოყიერ ნიადაგზე“.

აფხაზეთის ომის დაწყებამდე და მის პირველ ეტაპზე კრემლი ყველანაირად აგულიანებდა ჩვენ ხელისუფლებას და განსაკუთრებით, თენგიზ კიტოვანს. ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდლობამ, კერძოდ პატრიკეევმა და ბეპაევმა შესთავაზეს ჩვენ ხელისუფლებას რაღაც საკოორდინაციო ორგანოს შექმნაც კი. ერთ-ერთ შეხვედრაზე, რომელიც ჯაბა იოსელიანის კაბინეტში გაიმართა, უფრო კონკრეტულად დაიწყო ამ წინადადების განხილვა და უფრო მეტიც, საკოორდინაციო ჯგუფის კანდიდატებზე საუბარი. ჯაბამ პატრიკეევს შესთავაზა დეპუტატი ვაჟა ხაჭაპურიძის კანდიდატურა: ეს ჩვენგან იქნება! არა, ეს ჩვენგან იქნება - უპასუხა პატრიკეევმა. მადლობა ღმერთს, საბოლოო ჯამში სხვადასხვა მოტივების გამო მოლაპარაკებები ჩაიშალა და საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა რუსების წინადადებაზე, მაგრამ წარმოდგენილი მაგალითი კარგად ასახავს იმ პერიოდში ქვეყანაში შექმნილ არეულ ვითარებას.

კორუფციის მასშტაბებსა და ყოვლისმომცველ ხასიათზე კარგად მეტყველებს შემდეგი ფაქტი: 1999 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია (ცხადია, ედუარდ შევარდნაძესთან შეთანხმებით) არაოფიციალურად გაფრინდა მოსკოვში. იქ იგი შეხვდა რუსეთის ფედერაციის რკინიგზის შეფს აქსიონენკოს (იმდროინდელ მეტად გავლენიან ფიგურას და მაგნატს), რომლისგანაც მილიონი დოლარი „ქეში“ ფული მიიღო. ეს თანხა „მოქალაქეთა კავშირის“ საარჩევნო პიარკამპანიას უნდა მოხმარებოდა, თუმცა რაღაც ნაწილი, ალბათ, პირადი საჭიროებისთვისაც იყო გათვლილი. ხოლო ამის სანაცვლოდ საქართველოს რკინიგზის შეფს, აკაკი ჩხაიზეს, რუსეთიდან მომავალი გარკვეული ოდენობის სარკინიგზო ტვირთებისათვის ტარიფი უნდა დაეწია.

წიგნის სახელოსნო, თბილისი, 2010წ.