ლევან ბრეგაძე - წიგნი-აღსარება

გუშინდელივით მახსოვს, სტუდენტობისას უნივერსიტეტის ბაღში ამ წიგნის ავტორმა, რომელიც მაშინ გიორგაძის გვარს ატარებდა (თუ რატომ, ამას წიგნის დასაწყისშივე შეიტყობთ), ძალიან მშვიდად მითხრა, მამაჩემმა რომანი დაწერა, მალე „ცისკარში“ დაიბეჭდება და ქვეყანას აალაპარაკებსო. ჭაბუა ამირეჯიბისგან, კარგი მოთხრობების ავტორისგან, კარგი რომანის დაწერა ვის გაუკვირდებოდა, მაგრამ ქვეყნის ალაპარაკება (თუნდაც მხოლოდ საქართველოსი) იმ დროს, როცა წიგნზე აღარავინ „გიჟდებოდა“ („მასას“ უკვე კინო და ესტრადა ერჩია წიგნს), გაზვიადებული მეჩვენა და ახალდასრულებული რომანის ეს შეფასება მშობლისადმი შვილის მიკერძოებულ დამოკიდებულებას მივაწერე. 

მაგრამ იმან, რაც მართლაც მალე წავიკითხეთ „ცისკარში“, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა - ქვეყანაც აალაპარაკა და ჩვენი ხალხის მენტალიტეტიც გვარიანად შეცვალა.

„დათა თუთაშხია“ ის წიგნია, რომელიც, ყველა წიგნის მსგავსად „ერთ მშვენიერ დღეს“ იბადება, მაგრამ უამრავი სხვა წიგნისაგან განსხვავებით, გგონია, რომ სულ იყო - ჭეშმარიტად სახალხო წიგნებს დაჰყვება ხოლმე ასეთი ბედი.

მანანა ამირეჯიბის წიგნში მარტო ამაზეც რომ იყოს საუბარი (ანუ მარტო ბ-ნ ჭაბუასა და მის მწერლურ ცხოვრებაზე), ის მაინც ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო წიგნი იქნებოდა. მაგრამ ამ წიგნის უმთავრესი თავისებურება ის არის, რომ ეს წიგნი-აღსარებაა.

გულახდილობას ლიტერატურაში არცთუ ხანგრძლივი და არცთუ მდიდარი ისტორია აქვს. გახსოვთ როგორ იწყება ჟან-ჟაკ რუსოს „აღსარება“? მისი პირველი ფრაზები ასე ჟღერს: „მე ხელს ვკიდებ უმაგალითო საქმეს, რომელსაც არ გამოუჩნდება მიმბაძველები. მსურს ჩემს თანამოძმეთ წარმოვუდგინო ერთი ადამიანი, ვთქვა მთელი სიმართლე მის შესახებ, - და ეს ადამიანი მე თვითონ ვიქნები“.

მანანა ამირეჯიბის ეს წიგნიც ასეთი წიგნია - შემაცბუნებელი გულახდილობით მოგვითხრობს ავტორი თავის თავზე, თავისიანებზე, ნაცნობ-მეგობრებზე, ანუ საბოლოო ჯამში - ცხოვრებაზე.

ამ წიგნში, რომელიც უფრო ცხოვრებაზეა დაწერილი, ვიდრე მცხოვრებლებზე, განკითხვას გაოცება ჭარბობს - გაოცება ადამიანთა ვერაგობის, სისასტიკის, შურიანობის, ღალატის და, უბრალოდ, ადამიანური სისუსტეების გამოც, რომელთა გვერდით დიდსულოვნების, მოყვასისთვის თავდადების, უანგარობის შემთხვევებიც თანაარსებობენ რაღაც სასწაულით - არანაკლები გაოცების ღირსნი. ჩვენ შეიძლება ადამიანი განვიკითხოთ, მაგრამ ვერ განვიკითხავთ იმას, ვინაც თუ რამაც ადამიანი ასეთი შექმნა.

იმ ტექსტთაგან, რომელთა მთავარი „პერსონაჟი“ ცხოვრება, ანუ, როგორც ძველად იტყოდნენ, საწუთროა, ეს წიგნი ერთი რამით გამოირჩევა - აქ არ არის წუწუნი ამა სოფლის და მისთა მდგმურთა არასრულყოფილების გამო („ვაჰ, სოფელსა ამას და მისთა მდგმურთა...“, - ალექსანდრე ჭავჭავაძე), - ამ წიგნის ავტორი ცხოვრების ინტერესიანი დამკვირვებელი და მახვილგონიერი კომენტატორია - ჩინებული მთხრობელი, განგებისაგან იუმორის ნიჭით დაჯილდოებული, რაც მას, ძნელცხოვრებაგამოვლილს, სასოწარკვეთილებისაგან იცავს და, დარწმუნებული ვარ, მკითხველის სიმპათიასაც მოაპოვებინებს.

ქვეყნისა არ ვიცი, მაგრამ თბილისს კი ეს წიგნი ნამდვილად აალაპარაკებს.