იოსებ სტალინი - ომის საფრთხის შესახებ

ვფიქრობ, საეჭვო არ უნდა იყოს, რომ თანამედროვეობის ძირითად საკითხს წარმოადგენს საკითხი ახალი იმპერიალისტური ომის საფრთხისა. საქმე ეხება არა ახალი ომის რომელიღაც გაურკვეველ და უსხეულო „საშიშროებას“. საქმე ეხება საერთოდ ახალი ომის, განსაკუთრებით კი სსრ კავშირის წინააღმდეგ ომის რეალრუ და ნამდვილ საფრთხეს.

მსოფლიოს და გავლენის სფეროების გადანაწილება, რაც უკანასკნელი იმპერიალისტური ომის შედეგად მოხდა, უკვე „მოძველდა“. დაწინაურდა ზოგიერთი ახალი ქვეყანა (ამერიკა, იაპონია). უკან რჩება ზოგიერთი ძველი ქვეყანა (ინგლისი). ცოცხლდება და იზრდება, სულ უფრო ძლიერდება კაპიტალისტური გერმანია, რომელიც ვერსალში კინაღამ დაასამარეს. მაღლა მიძვრება ბურჟუაზიული იტალია, რომელიც შურით შეჰყურებს საფრანგეთს.

წარმოებს გააფთრებული ბრძოლა გასაღების ბაზრებისათვის, კაპიტალის გასატანი ბაზრებისათვის, ამ ბაზრების საზღვაო და სახმელეთო გზებისათვის, მსოფლიოს ახალი გადანაწილებისათვის. იზრდება წინააღმდეგობანი ამერიკასა და ინგლისს შორის, იაპონიასა და ამერიკას შორის, ინგლისსა და საფრანგეთს შორის, იტალიასა და საფრანგეთს შორის.

იზრდება წინააღმდეგობა კაპიტალისტური ქვეყნების შიგნით, რაც დროდადრო გადმოხეთქვას ხოლმე პროლეტარიატის აშკარა რევოლუციური გამოსვლების სახით (ინგლისი, ავსტრია).

იზრდება წინააღმდეგობა იმპერიალისტურ სამყაროსა და დამოკიდებულ ქვეყნებს შორის, რაც ხშირად გადმოხეთქვას ხოლმე აშკარა კონფლიქტებისა და რევოლუციური აფეთქებების სახით (ჩინეთი, ინდონეზია, ჩრდილოეთი აფრიკა, სამხრეთ ამერიკა).

მაგრამ ყველა ამ წინააღმდეგობის ზრდა ნიშნავს, რომ იზრდება მსოფლიო კაპიტალიზმის კრიზისი, მიუხედავად სტაბილიზაციის ფაქტისა, კრიზისი, რომელიც შეუდარებლად უფრო ღრმაა, ვიდრე ის კრიზისი, უკანასკნელი იმპერიალისტური ომის წინ რომ იყო. სსრ კავშირის - პროლეტარული დიქტატურის ქვეყნის არსებობა და წარმატება მხოლოდ აღრმავებს და ამწვავებს ამ კრიზისს.

გასაკვირველი არ არის, რომ იმპერიალიზმი ემზადება ახალი ომისთვის, რომელშიც ამ კრიზისის გადაჭრის ერთადერთ გზას ხედავს. შეიარაღების უმაგალითო ზრდა, ბურჟუაზიულ მთავრობათა საერთო გეზი „მმართველობის“ ფაშისტური მეთოდებისაკენ, ჯვაროსნული ლაშქრობა კომუნისტების წინააღმდეგ, სსრ კავშირის გააფთრებული დევნა, პირდაპირი ინტერვენცია ჩინეთში - ყოველივე ეს სხვადასხვა მხარეა ერთი და იმავე მოვლენისა - მსოფლიოს ახალი გადანაწილებისათვის ახალი ომის გასაჩაღებლად მზადებისა.

ისინი, იმპერიალისტები, უკვე დიდი ხანია წაიჩხუბებდნენ, რომ არ იყვნენ კომუნისტური პარტიები, რომლებიც გადამწყვეტ ბრძოლას ეწევიან იმპერიალისტური ომების წინააღმდეგ, რომ არ იყოს სსრ კავშირი, რომლის სამშვიდობო პოლიტიკა ხელ-ფეხს უბოჭავს ახალი ომის გამჩაღებლებს, რომ არ ჰქონდეთ იმის შიში, რომ ერთმანეთს დაასუსტებენ და ამით გააადვილებენ იმპერიალისტური ფრონტის ახალ გარღვევას.

მე ვფიქრობ, უკანასკნელი გარემოება, ე.ი. იმის შიში, რომ ერთმანეთს დაასუსტებენ და ამით გააადვილებენ იმპერიალისტური ფრონტის ახალ გარღვევას, - ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც ჯერჯერობით აკავებს ურთიერთშორის ჩხუბისადმი მისწრაფებას.

აქედან წარმოსდგება „ბუნებრივი“ მისწრაფება იმპერიალისტთა გარკვეული წრეებისა - გვერდზე გადადონ წინააღმდეგობანი თავიანთ საკუთარ ბანაკში, დროებით მიჩქმალონ ისინი, შექმნან იმპერიალისტთა ერთიანი ფრონტი და გაილაშქრონ სსრ კავშირის წინააღმდეგ, რათა თუნდაც ნაწილობრივ, თუნდაც დროებით გადაჭრან სსრ კავშირის ხარჯზე კაპიტალიზმის კრიზისი, რომელიც თანდათან ღრმავდება.

ის ფაქტი, რომ ამ საქმეში, სსრ კავშირის წინააღმდეგ იმპერიალისტთა ერთიანი ფრონტის შექმნის საქმეში, ინიციატივა იკისრეს ინგლისის ბურჟუაზიამ და მისმა მებრძომა შტაბმა, კონსერვატორთა პარტიამ, - ეს ფაქტი ჩვენთვის რაიმე მოულოდნელს არ უნდა წარმოადგენდეს. ინგლისის კაპიტალიზმი მუდამ იყო, არის და იქნება სახალხო რევოლუციების ყველაზე ბოროტი ჩამხშობი. XVIII საუკუნის დამლევის საფრანგეთის დიდი ბურჟუაზიული რევოლუციით დაწყებული და ჩინეთის ახლანდელი რევოლუციით დამთავრებული, ინგლისის ბურჟუაზია მუდამ იდგა და კვლავ დგას კაცობრიობის განმათავისუფლებელი მოძრაობის დამრბევთა პირველ რიგებში. საბჭოთა ადამიანები არასოდეს არ დაივიწყებენ იმ ძალადობას, ძარცვასა და სამხედრო შემოსევებს, რაც ჩვენმა ქვეყანამ რამდენიმე წლის წინათ განიცადა ინგლისელ კაპიტალისტთა წყალობით. მაშ რა გასაკვირია, თუ ინგლისის კაპიტალი და მისი კონსერვატიული პარტია კვლავ კისრულობენ სათავეში ჩაუდგნენ ომს პროლეტარული რევოლუციის მსოფლიო კერის წინააღმდეგ, სსრ კავშირის წინააღმდეგ?
მაგრამ ინგლისის ბურჟუაზიას არ უყვარს ომი თავისი საკუთარი ხელით. იგი მუდამ ამჯობინებდა ომის სხვისი ხელით წარმოებას. და იგი მართლაც ზოგჯერ ახერხებდა და პოულობდა სულელებს, რომლებიც მზად იყვნენ მისთვის ეგლიჯათ ნარი.

ასე იყო საქმე საფრანგეთის დიდი ბურჟუაზიული რევოლუციის დროს, როცა ინგლისის ბურჟუაზიამ მოახერხა რევოლუციური საფრანგეთის წინააღმდეგ ევროპის სახელმწიფოთა კავშირის შექმნა.

ასე იყო საქმე ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ სსრ კავშირში, როცა ინგლისის ბურჟუაზია, თავს დაესხა რა სსრ კავშირს, შეეცადა შეექმნა „თოთხმეტი სახელმწიფოს კავშირში“ და როცა იგი, მიუხედავად ამისა, კინწისკვრით იქნა გაგდებული სსრ კავშირის ფარგლებიდან.

ასეთია ახლა საქმის ვითარება ჩინეთში, სადაც ინგლისის ბურჟუაზია ცდილობს შექმნას ერთიანი ფრონტი ჩინეთის რევოლუციის წინააღმდეგ.

სავსებით გასაგებია, რომ კონსერვატორთა პარტია, ემზადება რა სსრ კავშირთან ომისათვის, უკვე რამდენიმე წლიწადია ეწევა მოსამზადებელ მუშაობას სსრ კავშირის წინააღმდეგ დიდი და მცირე სახელმწიფოების „საღვთო კავშირის“ შესაქმნელად.

თუ წინათ, უკანასკნელ დრომდე, კონსერვატორთა ეს მოსამზადებელი მუშაობა ცოტად თუ ბევრად ფარულად წარმოებდა, ახლა, უკანასკნელ ხანს, ისინი „პირდაპირ მოქმედებაზე“ გადავიდნენ, აშკარა დარტყმებს მიმართავენ სსრ კავშირის წინააღმდეგ და ცდილობენ ყველას თვალწინ შეაკოწიწონ ყბადაღებული „საღვთო კავშირი“.

პირველი აშკარა დარტყმა მოგვაყენა ინგლისის კონსერვატიულმა მთავრობამ პეკინში საბჭოთა სრულუფლებიან წარმომადგენლობაზე თავდასხმის დროს. ამ თავდასხმის მიზანი, ყოველ შემთხვევაში, ორი იყო. მას უნდა აღმოეჩინა სსრ კავშირის „დამანგრეველი“ მუშაობის „საშინელი“ დოკუმენტები, რომლებსაც უნდა შეექმნათ საერთო აღშფოთების ატმოსფერო და ნიადაგი სსრ კავშირის წინააღმდეგ ერთიანი ფრონტისთვის. მას უნდა შეექმნა სამხედრო კონფლიქტი პეკინის მთავრობასთან და ჩაება სსრ კავშირში ჩინეთთან ომში.

ეს დარტყმა, როგორც ცნობილია, ჩაიფუშა.

მეორე აშკარა დარტყმა იყო ლონდონში არკოსზე თავდასხმისა და სსრ კავშირთან ურთიერთობის გაწყვეტის დროს. ამ დარტყმის მიზანი იყო სსრ კავშირის წინააღმდეგ ერთიანი ფრონტის შექმნა, სსრ კავშირის დიპლომატიური ბლოკადის დაწყება მთელ ევროპაში და საბჭოთა კავშირთან სახელშეკრულებო ურთიერთობის გაწყვეტათა სერიის პროვოცირება.

ეს დარტყმაც, როგორც ცნობილია, ჩაიფუშა.

მესამე აშკარა დარტყმა მოგვაყენეს ვარშავაში ვოიკოვის მოკვლის მოწყობის გზით. ვოიკოვის მოკვლას, რაც კონსერვატიული პარტიის აგენტებმა მოაწყეს, უნდა შეესრულებინა, მისი ავტორების განზრახვით, სარაევოში მომხდარი მკვლელობის როლი, ჩაება სსრ კავშირი პოლონეთთან სამხედრო კონფლქიტში.

ეს დარტყმაც, თითქოს, ჩაიფუშა.

რით უნდა აიხსნას, რომ ამ დარტყმებს ჯერჯერობით არ მოჰყოლია ის ეფექტი, რომელსაც მათგან კონსერვატორები მოელოდნენ?

სხვადასხვა ბურჟუაზიული სახელმწიფოების საწინააღმდეგო ინტერესებით, რომელთაგან ბევრი დაინტერესებულია იმით, რომ სსრ კავშირთან ეკონომიური კავშირი შეინარჩუნოს.

სსრ კავშირის მშვიდობისმოყვარე პოლიტიკით, რომელსაც მტკიცედ და ურყევად ატარებს საბჭოთა მთავრობა.

იმით, რომ ინგლისისაგან დამოკიდებულ სახელმწიფოებს, სულ ერთია, ლაპარაკია ჩჟან ძო-ლინის სახელმწიფოზე, თუ პილსუდსკის სახელმწიფოზე, - არა სურთ იყვნენ კონსერვატორთა უსიტყვო იარაღი თავიანთი საკუთარი ინტერესების საზიანოდ.

დარბაისელ ლორდებს, ჩანს, არა სურთ შეიგნონ, რომ ყოველ სახელმწიფოს, თუნდაც იგი სულ უმნიშვნელო იყოს, მიდრეკილება აქვს თავი მიაჩნდეს ერთგვარ ერთეულად, რომელიც ცდილობს ცხოვრობდეს საკუთარი ცხოვრებით და არა სურს საფრთხეში ჩააგდოს თავისი არსებობა კონსერვატორთა ლამაზი თვალებისათვის. ინგლისელ კონსერვატორებს დაავიწყდათ ყველა ამ გარემოების გათვალისწინება.

განა ეს იმას ნიშნავს, რომ ასეთი დარტყმები აღარ იქნება? არა, არ ნიშნავს. პირიქით, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ დარტყმები ახალი ძალით განმეორდება.

ეს დარტყმები არ შეიძლება შემთხვევითობად ჩაითვალოს. ისინი ბუნებრივად წარმოიშვნენ მთელი საერთაშორისო ვითარებიდან, ინგლისის ბურჟუაზიის მდგომარეობიდან როგორც „მეტროპოლიაში“, ისე კოლონიებში, კონსერვატიული პარტიის, როგორც მმართველი პარტიის, მდგომარეობიდან.

მთელი ახლანდელი საერთაშორისო ვითარება, ყველა ფაქტი სსრ კავშირის წინააღმდეგ ინგლისის მთავრობის „ოპერაციების“ სფეროდან, ისიც, რომ იგი აწყობს სსრ კავშირის ფინანსურ ბლოკადას, ისიც, რომ იგი საიდუმლო საუბრებს აწარმოებს სახელმწიფოებთან სსრ კავშირის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკის შესახებ, ისიც, რომ იგი სუბსიდიებს აძლევს უკრაინას, საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის და სხვ. ემიგრანტულ „მთავრობებს“ სსრ კავშირის ამ ქვეყნებში აჯანყებათა მოსაწყობად, ისიც, რომ იგი აფინანსებს ჯაშუშურ-ტერორისტულ ჯგუფებს, რომლებიც აფეთქებენ ხიდებს, ცეცხლს უკიდებენ ფაბრიკებს და ტერორქვეშ აყენებენ სსრ კავშირის სრულუფლებიან წარმომადგენლებს, - ყოველივე ეს უეჭველად გვეუბნება, რომ ინგლისის კონსერვატიული მთავრობა მტკიცედ და გადაჭით დაადგა სსრ კავშირის წინააღმდეგ ომის მოწყობის გზას. ამასთან არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გამორიცხულად ჩაითვალოს, რომ კონსერვატორებს გარკვეულ პირობებში შეუძლიათ შეაკოწიწონ ესა თუ ის სამხედრო ბლოკი სსრ კავშირის წინააღმდეგ.

როგორია ჩვენი ამოცანები?

ამოცანა ის არის, რომ ევროპის ყველა ქვეყანაში ავტეხოთ განგაში ახალი ომის საფრთხის შესახებ, გავაძლიეროთ კაპიტალისტური ქვეყნების მუშათა და ჯარისკაცთა სიფხიზლე და ვამზადოთ, განუწყვეტლივ ვამზადოთ მასები იმისათვის, რომ რევოლუციური ბრძოლისათვის ყოველმხრივ მზადმყოფნი შეხვდნენ ბურჟუაზიული მთავრობების ყველა და ყოველგვარ ცდებს - მოაწყონ ახალი ომი.

ამოცანა ის არის, რომ სამარცხვინო ბოძზე გავაკრათ მუშათა მოძრაობის ყველა ის მოღვაწენი, რომლებსაც ახალი ომის საფრთხე „მოგონილად“ „მიაჩნიათ“, რომლებიც მუშებს პაციფისტური სიცრუით აბრუებენ, რომლებიც თვალს არიდებენ იმას, თუ როგორ ამზადებს ბურჟუაზია ახალ ომს, ვინაიდან ამ ადამიანებს უნდათ, რომ ომმა მუშებს მოუმზადებელს მოუსწროს.

ამოცანა ის არის, რომ საბჭოთა მთავრობა კვლავაც მტკიცედ და ურყევად ეწეოდეს მშვიდობის პოლიტიკას, მშვიდობიანი ურთიერთობის პოლიტიკას, მიუხედავად ჩვენი მტრების პროვოკაციული გამოსვლებისა, მიუხედავად იმისა, რომ ცდილობენ შელახონ ჩვენი პრესტიჟი.

ჩვენ გვაგულისბენ და კვლავაც გაგვაგულისებენ, პროვოკატორები მტრული ბანაკიდან იმის მტკიცებით, რომ ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკა აიხსნება ჩვენი სისუსტით, ჩვენი არმიის სისუსტით. ზოგჯერ ეს აღაშფოთებს ხოლმე ზოგიერტ ჩვენს ამხანაგთაგანს, რომლებსაც მიდრეკილება აქვთ აჰყვნენ პროვოკაციას და მოითხოვენ „მტკიცე“ ზომების მიღებას. ეს ნერვების სისუსტეა. ეს სიმტკიცის უქონლობაა. ჩვენ არ შეგვიძლია ავყვეთ და არ უნდა ავყვეთ ჩვენი მოწინააღმდეგეების სტვირის ხმას. ჩვენ უნდა ვიაროთ ჩვენი გზით, დავიცვათ მშვიდობის საქმე, ცხადვყოთ ჩვენი მისწრაფება მშვიდობისაკენ, ვამხილოთ ჩვენი მტრების მძარცველური ზრახვები და გამოვამჟღავნოთ ისინი, როგორც ომის ამტეხნი.

რადგან მხოლოდ ასეთ პოლიტიკას შეუძლია მოგვცეს შესაძლებლობა შევაკავშიროთ სსრ კავშირის მშრომელი მასები ერთიანი საბრძოლო ბანაკად, თუ მტერი თავს მოგვახვევს ან, უფრო სწორად, როცა მტერი თავს მოგვახვევს ომს.

რაც შეეხეა ჩვენს „სისუსტეს“, ან ჩვენი არმიის „სისუსტეს“, ჩვენს მტრებს პირველად როდი მოსდით შეცდომა ამ მხრივ. რვა წლის წინათ, როცა ინგლისის ბურჟუაზიამ ინტერვენცია წამოიწყო სსრ კავშირის წინააღმდეგ, ხოლო ჩერჩილი „თოთხმეტი სახელმწიფოს“ ლაშქრობით იმუქრებოდა, ბურჟუაზიული პრესა აგრეთვე გაჰყვიროდა ჩვენი არმიის „სისუსტის“ შესახებ, მაგრამ მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ინგლისელი ინტერვენტებიც და მათი მოკავშირეებიც სირცხვილნაჭამი განდევნილ იქნენ ჩვენი ქვეყნის ფარგლებიდან ჩვენი ძლევამოსილი არმიის მიერ.

ცუდი არ იქნებოდა, რომ ეს ახსოვდეთ ბატონ ახალი ომის გამჩაღებლებს.

ამოცანა ის არის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა, განვავითაროთ ჩვენი სახალხო მეურნეობა, გავაუმჯობესოთ ჩვენი სამხედრო და არასამხედრო მრეწველობა, გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის მუშების, გლეხებისა და წითელარმიელების სიფხიზლე, გამოვაწრთოთ მათი ნებისყოფა სოციალისტური სამშობლოს დაცვისა და აღმოვფხვრათ მოდუნებულობა, რომელიც, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ მთლიანად არ არის ლიკვიდირებული.

ამოცანა ის არის, რომ განვამტკიცოთ ჩვენი ზურგი და გავწმინდოთ იგი სიბილწისგან, არ დავერიდოთ „უბრწყინვალეს“ ტერორისტებთან და ჩვენი ფაბრიკებისა და ქარხნებისათვის ცეცხლის წამკიდებლებთან ანგარიშის გასწორებას, ვინაიდან ჩვენი ქვეყნის თავდაცვა შეუძლებელია, თუ მტკიცე რევოლუციური ზურგი არ გვექნება.

ამას წინათ მიღებული იქნა ინგლისის მუშათა მოძრაობის ცნობილი მოღვაწეების, ლენსბერგის, მაქსტონისა და ბროკუეის, პროტესტი იმ ოცი ტერორისტისა და ცეცხლისწამკიდებლის დახვრეტის გამო, რომლებიც რუსეთის თავადაზნაურობის რიგებს ეკუთვნოდნენ. მე არ შემიძლია ინგლისის მუშათა მოძრაობის ეს მოღვაწეები სსრ კავშირის მტრებად ჩავთვალო. მაგრამ ისინი მტრებზე უარესი არიან.

ისინი მტრებზე უარესი არიან, ვინაიდან, თავიანთ თავს სსრ კავშირის მეგობრებს რომ უწოდებენ, ისინი ამავე დროს თავიანთი პროტესტით უადვილებენ რუს მემამულეებსა და ინგლისელ მაძებრებს - კვლავაც მოაწყონ სსრ კავშირის წარმომადგენელთა მოკვლა.

ისინი მტრებზე უარესი არიან, ვინაიდან მათ თავიანთი პროტესტით საქმე იქითკენ მიჰყავთ, რომ სსრ კავშირის მუშები უიარაღონი აღმოჩდნენ თავიანთი მოსისხლე მტრების წინაშე.

ისინი მტრებზე უარესი არიან, ვინაიდან არ უნდათ შეიგნონ, რომ ოცი „უბრწყინვალესის“ დახვრეტა რევოლუციის თვითდაცვის აუცილებელი ზომაა.

ტყუილად კი არ არის ნათქვამი: „ღმერთმა გვიხსნას ასეთი მეგობრებისგან, მტრებს კი ჩვენ თვითონ გავუმკლავდებითო“.

რაც შეეხება ოცი „ბრწყინვალის“ დახვრეტას, დაე იცოდნენ სსრ კავშირის მტრებმა, შინაურმა მტრებმა ისევე, როგორც გარეშე მტრებმა, რომ პროლეტარული დიქტატურა სსრ კავშირში ცოცხლობს და მისი ხელი მტკიცეა.

რა უნდა ვთქვათ ყოველივე ამის შემდეგ ჩვენი ბედუკუღმართი ოპოზიციის შესახებ, ახალი ომის საფრთხის წინაშე პარტიაზე მის ახალ თავდასხმებთან დაკავშირებით? რა უნდა ვთქვათ იმის შესახებ, რომ მან, ამ ოპოზიციამ, ომის საფრთხის გაჩენის გამო მართებულად ჩათვალა გაეძლიერებინა თავისი თავდასხმები პარტიაზე? რა შეიძლება იყოს კარგი იმაში, რომ მას, ნაცვლად იმისა, რომ დაირაზმოს ჩვენი პარტიის გარშემო გარეშე საფრთხის წინააღმდეგ, მართებულად მიაჩნია სსრ კავშირის მდგომარეობის სიძნელეები გამოიყენოს პარტიაზე ახალი თავდასხმებისათვის? ნუთუ ოპოზიცია იმის წინააღმდეგია, რომ სსრ კავშირმა გაიმარჯვოს იმპერიალიზმთან მომავალ ბრძოლებში, იმის წინააღმდეგია, რომ გაძლიერდეს საბჭოთა კავშირის თავდაცვისუნარიანობა, იმის წინააღმდეგია, რომ განმტკიცდეს ჩვენი ზურგი? ან, იქნებ, ეს სიმხდალეა ახალ სიძნელეთა წინაშე, დეზერტირობაა, პასუხისმგებლობისათვის თავის არიდების სურვილია, რასაც მემარცხენე ფრაზების რახარუხით ფარავენ?..

დეკემბერი 1926 - ივლისი 1927 
გამომცემლობა „სახელგამი“, პოლიტიკური ლიტერატურის სექტორი, თბილისი, 1949წ.