თორნიკე შარაშენიძე - დიპლომატიის ისტორია XIX საუკუნე

უაღრესად პრაგმატული გონების პატრონს არაფერში სჭირდებოდა ზედმეტი მსხვერპლი. როცა ნაპოლეონმა პარიზში აჯანყებულ როიალისტებს ცეცხლი დაუშინა, ნამდვილი ჭურვებით ქვემეხები მხოლოდ პირველი ორი ზალპის დროს დაატენინა. როცა ამ ზალპებმა ეფექტი მოახდინა, შემდეგ უკვე მხოლოდ „ცარიელზე“ ისროდა, რათა დამფრთხალი ბრბო უბრალოდ გაქცეულიყო.

ნაპოლეონი კარგად იცნობდა ფილოსოფოსთა ნაშრომებს, მაგრამ მათზე მეტად მეწარმეებსა და გამომგონებლებს აფასებდა (გამოგონებაში თავადაც შეიტანა წვლილი - ეგვიპტეში ლაშქრობის წინ მანამდე არარსებული მზის სათვალეები დაამზადებინა, რათა ჯარისკაცებს უდაბნოში გადაადგილება და ბრძოლა არ გასჭირვებოდათ).

გავრცელებული აზრის საწინააღმდეგოდ, ნაპოლეონი ტანდაბალიც არ გახლდათ. იმ დროის მონაცემებისათვის იგი საშუალო სიმაღლისად ჩაითვლებოდა, ჯუჯად კი კორსიკელი მტრულმა ინგლისურმა პროპაგანდამ შერაცხა.

პროტესტანტებსა და კათოლიკეებს შორის დაწყებული ომი, რომელმაც 30 წელიწადს გასტანა, საბოლოოდ 1648 წელს, ვესტფალიის ზავის გაფორმებით დასრულდა. ზავის მიხედვით დადგინდა, რომ საერთაშორისო ურთიერთობათა ერთადერთი სრულფასოვანი მოთამაშე სახელმწიფო უნდა ყოფილიყო და რომ ეკლესია საერთაშორისო ურთიერთობებს უნდა გამიჯვნოდა.

„კორსიკელი ურჩხულის“ (ნაპოლეონის) განეიტრალებისათვის რამდენიმე გზა არსებობდა და აქედან ყველაზე იაფი ლიკვიდაცია იყო (მსგავსი რამ ინგლისს ერთხელ უკვე გამოუვიდა რუსეთში), მაგრამ ფრანგების შინაგან საქმეთა მინისტრმა, საპოლიციო საქმის გენიამ - ჟოზეფ ფუშემ 1804 წლის დასაწყისში ნაპოლეონის მკვლელობის ახალი მცდელობა წარმატებით აღკვეთა. სამართალდამცავებმა უზარმაზარი შეთქმულება გახსნეს და ინგლისის მიერ დაფინანსებული ფანატიკოსი როიალისტების ჯგუფი დააპატიმრეს. მათთან ერთად დააპატიმრეს ორი გენერალი, რომელთაც ნაპოლეონის ლიკვიდაციის შემდეგ ხელისუფლება უნდა გადაებარებინათ. ამ გენერალთაგან ერთ-ერთი სხვა არავინ იყო, თუ არა მორო, რომელიც მალე ქვეყნიდან გაასახლეს.

რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრემ საპროტესტო ნოტით მიმართა საფრანგეთს. ნაპოლეონმაც თავი ვერ შეიკავა და ისეთი პასუხი გასცა, რომელმაც რუსეთის იმპერატორი საშინლად შეურაცხყო და სამომავლოდ ინგლისელებს რუსეთის საფრანგეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმის ამოცანა გაუიოლა. კონკრეტულად კი, ტალეირანმა ნაპოლეონის დავალებით რუსთა იმპერატორს მისწერა, რომ ენგიენის ჰერცოგი ნაპოლეონის მოკვლას აპირებდა, ისე როგორც ოდესღაც მოკლეს ალექსანდრეს მამა, და რომ ამიტომ ნაპოლეონს ისევე ჰქონდა ჰერცოგის დასჯის უფლება, როგორც ალექსანდრეს ჰქონდა მამამისის მკვლელების დასჯის უფლება. მთელმა ევროპამ იცოდა, რომ პავლეს მკვლელობა ალექსანდრეს თანხმობით მოხდა, მაგრამ დიდი რუსეთის ახალგაზრდა იმპერატორთან ამაზე კრინტის დაძვრას ვერავინ ბედავდა. ფრანგებმა, მართალია, დახვეწილი და დიპლომატიური ფორმით, მაგრამ ამის თქმა გაბედეს.

1804 წლის 2 დეკემბერს ნაპოლეონი თავად რომის პაპმა აკურთხა იმპერატორად. მალე კათოლიკურმა ეკლესიამ ნაპოლეონი „ღმერთის იარაღად“ გამოაცხადა. ყველა, ვინც ნაპოლეონს ეწინააღმდეგებოდა, ასევე ეწინააღმდეგებოდა ღმერთის მიერ შექმნილ წესრიგს დედამიწაზე.

კორონაციის დროს ნაპოლეონმა პაპს გვირგვინი გამოსტაცა და თვითონ დაიდგა თავზე, რითაც ხაზი გაუსვა, რომ გვირგვინი თავად მოიპოვა.

... ავსტრიელთა მთავარი არმია გენერალ მაკის მეთაურობით უშიშრად მიიწევდა წინ, მით უმეტეს, რომ საშველად მალე რუსებიც უნდა მოსულიყვნენ. მაგრამ რუსები აგვიანებდნენ. როგორც შემდეგ გაირკვა, მათი დაგვიანება უბრალოდ იმან განაპირობა, რომ რუსეთში, განსხვავებით ავსტრიისგან (და მთელი დასავლეთ ევროპისგან), ძველ კალენდარს იყენებდნენ და შესაბამისად, ყველაფერს თითქმის ორკვირიანი განსხვავებით გეგმავდნენ.

ნაპოლეონმა კარგად გამოიყენა თავისი ყველაზე ნიჭიერი ჯაშუში, ლეგენდარული კარლ შულმაისტერი, რომელიც ავსტრიელთა მეთურის შტაბში იმყოფებოდა. შეიტყო რა მისგან, რომ ავსტრიელები უკან დახევას გეგმავდნენ, ნაპოლეონმა არმიის სტამბაში დააბეჭდინა პარიზული გაზეთის „ნომერი“, რომელიც იტყობინებოდა, რომ დედაქალაქში იმპერატორის წინააღმდეგ აჯანყება დაიწყო და შესაბამისად, ბონაპარტი სასწრაფოდ უნდა დაბრუნებულიყო წესრიგის აღსადგენად. „იმიტირებული“ გაზეთის ნომერი შულმაისტერის წყალობით მაკთან მოხვდა და მანაც უკან დახევა გადაიფიქრა. რამდენიმე დღეში ავსტრიელები ფრანგებს დანებდნენ ულმის ციხესიმაგრეში, სადაც გამაგრებულნი იყვნენ. ავსტრია, ფაქტობრივად, დამარცხდა. მაკის არმიიდან მხოლოდ რამდენიმე ათასმა კაცმა გაასწრო.

... ნაპოლეონს მხოლოდ ერთი გამოსავალი რჩებოდა: სასწრაფოდ, რაიმე ხერხით მტერი ბრძოლაზე უნდა დაეყოლიებინა და ამ ბრძოლაში გაენადგურებინა, რის შემდეგაც სხვები ომში ჩაბმის ხალისს დაკარგავდნენ. საამისოდ კორსიკელმა თავი მოისაწყლა, მტრის დასანახავად ჯარი უკან დახია და დაზავება ითხოვა. თუ რას ნიშნავდა ნაპოლეონის სამხედრო ნიჭი, ევროპამ უკვე მანამდე არაერთხელ გამოსცადა. ახლა ევროპას ნაპოლეონის სამსახიობო ნიჭიც უნდა გამოეცადა. ზავის თხოვნის საპასუხოდ ალექსანდრემ ფრანგთა იმპერატორს დესპანად თავისი ადიუტანტი მიუგზავნა და ამ უკანასკნელთან ნაპოლეონმა იმდენად კარგად გაითმაშა დამფრთხალი კაცის როლი, რომ რუსთა იმპერატორმა გადაწყვიტა, სასწრაფოდ გაემართა ბრძოლა, სანამ საძულველი ბონაპარტი ხელიდან დაუსხლტებოდა. პოლიტიკაში პირად გრძნობებზე უარესი მრჩეველი არ არსებობს, მაგრამ ალექსანდრეს იმ დღეებში სულ რაღაც 28 წელი უსრულდებოდა და ეს ჭეშმარიტება ჯერ კიდევ კარგად არ უწყოდა. 1805 წლის 2 დეკემბერს აუსტერლიცთან გაიმართ ბრძოლა, რომელიც ნაპოლეონის ყველაზე დიდ გამარჯვებად იქცა როგორც წმინდა სამხედრო, ასევე პოლიტიკური მნიშვნელობითაც.

ნაპოლეონი ტრადიციულად ყოველი მნიშვნელოვანი გამარჯვების შემდეგ ბრძოლაში ყველაზე თავგამოჩენილ მარშალს ბრძოლის ადგილის აღმნიშვნელ ტიტულს უბოძებდა ხოლმე (მაგალითად, მოსკოვის სიახლოვეს, ბოროდინოს ბრძოლაში ღვაწლის დასაფასებლად მიშელ ნეიმ მოსკოვის თავადის ტიტული მიიღო), მაგრამ აუსტერლიცის წარმატებით იმპერატორი ისე მოიხიბლა, რომ მისი ტიტული არავის უბოძა, რაც ალბათ იმას ნიშნავდა, რომ ამ გამარჯვების გაზიარება არავისთან სურდა. რაც შეეხება ბრძოლაში მონაწილე კიდევ ორ იმპერატორს, ალექსანდრე ისტერიკული ტირილით გაეცალა ბრძოლის ველს. მასთან ერთად გაქცეული ავსტრიის იმპერატორი ფრანც II მეორე დღესვე ნაპოლეონს ეახლა და დაზავება სთხოვა. აუსტერლიცმა რიგით მესამე ანტიფრანგულ კოალიციას ჯვარი დაუსვა.

ნაპოლეონს იმ დროისათვის უკვე ერთი უპირატესობისათვის მიეღწია - მისი შეგულიანებით რუსეთს ომი გაუცხადა ოტომანთა იმპერიამ. ახლა მან მეორე უპირატესობაც აამოქმედა - ჯარში სატელიტი ქვეყნების მოქალაქეები იხმო და არმია ამით გააძლიერა. ალექსანდრემ ამის საპირისპიროდ ისღა მოახერხა, რომ თავის ეკლესიას ნაპოლეონი ანტიქრისტედ და მართლმადიდებლობის მტრად გამოაცხადებინა (ეს არც ისე რთული იყო იმის გათვალისწინებით, რომ რელიგიისადმი გულგრილად განწყობილმა ბონაპარტმა ოდესღაც ეგვიპტეში მხარდაჭერის მოპოპვების მიზნით თავი ყურანის მიმდევრად გამოაცხადა).

ნაპოლეონმა, „რუსთა იმპერატორის ხათრით“, პრუსიას მხოლოდ სამი პროვინცია დაუტოვა. საქმეს ვერც იმან უშველა, რომ გასაცოდავებულმა ფრიდრიხ-ვილჰელმმა თავმოყვარეობა სულ დაკარგა და ტერიტორიების შესანარჩუნებლად ნაპოლეონთან თავისი ლამაზი ცოლი, საფრანგეთთან ომის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი, ლუიზა, მიუშვა. ნაპოლეონზე მსგავსი რამეები დიდ გავლენას არ ახდენდა. რამდენიმე ხნით ადრე მასთან პოლონელებმა სილამაზით განთქმული მარია ვალევსკა მიგზავნეს იმ იმედით, რომ მოხიბლული კორსიკელი პოლონეთის სახელმწიფოებრიობას აღადგენდა. ლუიზასგან განსხვავებით, მარიასთან ნაპოლეონს რომანი ჰქონდა, რომელიც სერიოზულ ურთიერთობებში გადაიზარდა და მარიამ მისგან ბავშვიც კი გააჩინა (რომელიც მოგვიანებით საფრანგეთის საგარემო მინისტრიც გახდა), მაგრამ პოლონეთის ეროვნულ იდეას ამან დიდად ვერ უშველა.

1808 წლის სექმტებერში ერფურტის შეხვედრაზე ნაპოლეონი არნახული ბრწყინვალებითა და უზარმაზარი ამალით წარდგა. ამალაში ტალეირანიც ერია, რომელიც უკვე მინისტრი აღარ იყო (დიდი დიპლომატი ტილზიტის შემდეგ გადადგა). როგორც თავად ამტკიცებდა, ამის მიზეზი ნაპოლეონის სიხარბე და ზომიერების არქონა იყო, რაც მის ხედვას ეწინააღმდეგებოდა. ნაპოლეონი ამტკიცებდა, რომ ტალეირანის წასვლა უბრალოდ იმან განაპირობა, რომ მის სატელიტ ევროპელ მონარქებს ყელში ამოუვიდათ მინისტრის სიხარბე - ტალეირანი მუდამ საჩუქრებსა და ქრთამს ითხოვდა. იყო ალბათ კიდევ ერთი მიზეზი - ადრეულ ასაკში დაკოჭლებულ ტალეირანს მუდამ უჭირდა ევროპაში სხვადასხვა მისიით სიარული და დიდი ხანი იყო, დასვენებაზე ოცნებობდა.

„რუსი ხალხი გაუნათლებელია, მაგრამ მათ ჰყავთ განათლებული მეფე, ფრანგი ხალხი განათლებულია, მაგრამ მათ ჰყავთ გაუნათლებელი მეფე. ჩვენ უნდა გავაერთიანოთ რუსი მეფე და ფრანგი ხალხი... თქვენ შეგწევთ ძალა, იხსნათ ევროპა და ამისათვის მხოლოდ ერთი რამ გჭირდებათ: არაფერი დაუთმოთ ნაპოლეონს“, მოახსენა რუსთა იმპერატორს ფრანგების ყოფილმა მინისტრმა, ტალეირანმა, რომელსაც ნაპოლეონი ძველებურად აღარ ენდობოდა, მაგრამ მისი მაინც ეშინოდა.

ნაპოლეონი ევროპის კონტინენტზე ერთიანი ვალუტის შემოღებას და საერთო საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბებაზე ფიქრობდა.

რომის პაპმა ესლინგის ბრძოლა ღმერთის სასჯელად გამოაცხადა, რომელიც ნაპოლეონს მისი ცოდვების გამო დაატყდა თავს (პაპი დააპატიმრეს, ხოლო მისი სამფლობელო საფრანგეთის საკუთრებად იქცა).

... კუტუზოვმა აშკარად თავი მოარიდა ფრანგებთან შეტაკებას, სხვა რუსული შენაერთების მეთაურებმა კი ენით აუწერელი უთავბოლობა გამოიჩინეს (ცნობილ მეიგავე კრილოვს სწორედ ბერეზინასთან რუსი სარდლების ქმედებამ შთააგონა „გედი, კიბორჩხალა და ქარიყლაპია“, სადაც სამივე ეს არსება სხვადასხვა მხარეს ეზიდება ტვირთს და ამიტომაც ტვირთი ადგილიდან არ იძვრის).

27 აგვისტოს დრეზდენთან მოკავშირეთა გაცილებით მრავალრიცხოვან არმიას ნაპოლეონმა საშინელი მარცხნი აწვნია. ბრძოლის დროს დაიღუპა გენერალი მორო, რომელიც მოკავშირეებმა ბერნადოტის რჩევით აიყვანეს შტაბში. მოროს დებიუტი ნაპოლეონის წინააღმდეგ საბედისწერო გამოდგა, მაგრამ მან თავისი ახალი მბრძანებლბისათვის ერთი ფასდაუდებელი რჩევის მიცემა მაინც მოასწრო - ომში გამარჯვებისათვის საჭირო სულაც არ იყო უშუალოდ ნაპოლეონთან ბრძოლა, ამისათვის საკმარისი იქნებოდა იმ შენაერთებზე დარტყმა, რომელთაც ნაპოლეონის მარშლები მეთაურობდნენ (კუტუზოვის შემდეგ მორო ერთადერთი იყო, ვინც ამას მიხვდა).

1814 წლის 1 აპრილს საფრანგეთის სენატმა ნაპოლეონი დამხობილად გამოაცხადა და მეფედ ბურბონთა წარმომადგენელი მიიწვია. ნაპოლეონს შეუთვალეს, რომ მას ტიტულს შეუნარჩუნებდნენ და კუნძულ ელბას აჩუქებდნენ. 1814 წლის 6 აპრილს ნაპოლეონი გადადგა როგორც თავისი, ასევე თავისი მემკვიდრეების სახელით. 11 აპრილს მან საწამლავი დალია, რომელსაც რუსეთიდან უკანდახევის შემდეგ მუდამ თან ატარებდა. საწამლავი იმ დროისათვის დაძველებულიყო და ნაპოლეონი საშინელი ტკივილის გადატანის შემდეგ ცოცხალი გადარჩა. 20 აპრილს იგი თავის ძველ გვარდიას დაემშვიდობა და კუნძულ ელბაზე გაემგზავრა. ნაპოლეონის ეპოქა, ფაქტობრივად, დასრულებული იყო.

ტალეირანმა კოლეგები „გამოიჭირა“ იმაში, რომ ისინი საკუთარ თავზე საუბრისას იყენებდნენ ტერმინს „მოკავშირეები“. „რა მოკავშირეებზეა საუბარი?“ აღშფოთდა ტალეირანი და წარმოთქვა სიტყვა, რომელიც მისთვის კარიერაში ყველაზე საამაყოდ იქცა: „მოკავშირეები? თუკი არსებობენ მოკავშირეები, მაშინ ისინი ისევ ომობენ. მაგრამ საკითხავია, ვის წინააღმდეგ? ნაპოლეონი ხომ ბოლოს და ბოლოს დაამარცხეს; მაშ, ვის წინააღმდეგ ომობენ? ნუთუ საფრანგეთის მეფის წინააღმდეგ?“

გენცის მიერ საბოლოოდ შედგენილი დოკუმენტის მიხედვით ნაპოლეონი კონგრესის რვიანმა კაცობრიობის მტრად გამოაცხადა. მისია შესრულებული იყო: ევროპის რისხვა ნაპოლეონზე ტყდებოდა და არა საფრანგეთზე. მოგვიანებით გენცი ამ დოკუმენტმა ლამის შეიწირა: 1 აპრილს მეტერნიხმა თავის თანამემამულეზე ხუმრობა გადაწყვიტა და ნაპოლეონის სახელით გაზეთში განცხადება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით გენცის თავის სანაცვლოდ დიდძალი გასამრჯელო იყო დაწესებული. გენცს არ გახსენებია, რომ პირველი აპრილი იყო...

1815 წლის 15 ივლისს იმპერატორი ინგლისელებს ჩაბარდა და იგი წმინდა ელენეს კუნძულზე გადაასახლეს. ნაპოლეონის ეპოქა ამჯერად საბოლოოდ დასრულდა, უფრო სწორად, დასრულდა ეპოქის აქტიური ფაზა, რადგან ნაპოლეონი დავიწყებას არ მისცემია. შორეულ კუნძულზე გასახლებული იგი პოეტთა და რომანტიკოსთა სათაყვანებელ გმირად და ტრაგიკულ პიროვნებად იქცა, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე არ ეღირსა თავისი შვილის (კანონიერის) ნახვა და რომელსაც ცივსისხლიანი ინგლისელი მეთვალყურეები ყოველ ფეხის ნაბიჯზე ზღუდავდნენ და უწამლწავდნენ ცხოვრებას. ბოლო პერიოდში იმისი ეჭვიც გაჩნდა, რომ ნაპოლეონი კუნძულზე დარიშხანით მოწამლეს, თუმცა ეს ჯერჯერობით მხოლოდ ვერსიად რჩება.

კანინგმა გადაწყვიტა, საბოლოო წერტილი დაესვა ესპანური კოლონიების საგისათვის და საამისოდ შეერთებული შტატების ელჩს შესთავაზა, ინგლისი და შტატები ერთად გამოსულიყვნენ ლათინური ამერიკის საქმეებში კონტინენტური სახელმწიფოების ჩარევის წინააღმდეგ. ესპანეთისათვის მისი კოლონიები დაკარგული იყო და ახლა ისინი სხვა სახელმწიფოს ხელში არ უნდა გადასულიყვნენ; შესაბამისად, ინგლისსაც და შტატებსაც მათი დამოუკიდებლობა უნდა ეცნოთ. [...] შტატების პრეზიდენტი ჯეიმს მონრო წინადადებით მოიხიბლა, მაგრამ მასზე უკეთ ვითარებაში სახელმწიფო მდივანი (საგარეო მინისტრი) ჯონ-ქუინსი ადამსი გაერკვა. ის მიხვდა, რომ არსებულ ვითარებაში ინგლისს უფრო სჭირდებოდა შტატები, ვიდრე პირიქით და რომ ერთობლივი ამერიკულ-ინგლისური განცხადების გაკეთების შემთხვევაში ინგლისს საფუძველი ექნებოდა, მომავალში მუდმივად წამოეყენებინა პრეტენზიები პრივილეგიებზე დასავლეთ ნახევარსფეროში. სწორედ აქედან გამომდინარე, ადამსმა პრეზიდენტს ურჩია, ამერიკის სახელით ცალმხრივად გაეკეთებინა განცხადება იმის თაობაზე, რომ ევროპულ სახელმწიფოებს ამერიკის კონტინენტზე არაფერი ესაქმებოდათ. ეს იყო შტატების პირველი გამოსვლა მსოფლიო ასპარეზზე, რომელიც ისტორიაში მონროს დოქტრინის სახელით შევიდა (1823 წლის 2 დეკემბერი). დოქტრინა უპრეცედენტო იყო თავისი გამბედაობით (და ალბათ თავხედობითაც) - შტატებს არანაირად არ გააჩნდა დასავლეთ ნახევარსფეროს დაცვის ძალა. მაგრამ ვაშინგტონში კარგად ესმოდათ, რომ სანამ შტატები გაძლიერდებოდნენ, ნახევარსფეროს კონტინენტური სახელმწიფოებისგან ისევ ინგლისი დაიცავდა. და ეს ასეც მოხდა. კანინგის წყალობით შტატებმა პირველი ნაბიჯი გადადგა მსოფლიო ლიდერობისაკენ, რათა ამ რანგში დაახლოებით ერთი საუკუნის შემდეგ სწორედ ინგლისი ჩაენაცვლებინათ. საუბარი არაა იმაზე, რომ წმინდა ალიანსს დასავლეთ ნახევარსფეროში ინტერვენციაზე ფიქრიც აღარ შეეძლო. მოგვიანებით კი ინგლისმა არგენტინა, კოლუმბია და მექსიკა ცნო.

ნიკოლოზი საფრანგეთის 1848 წლის რევოლუციამ შოკში ჩააგდო („ცხენებზე, ბატონებო, საფრანგეთში რესპუბლიკაა“ - ასეთი სიტყვებით მიუვარდა იგი თავისი გვარდიის ოფიცრებს).

„უნდობელ ხალხს ჰგონია, რომ იმპერიას ომი მოაქვს მე კი ვამბობ, რომ იმპერიას მშვიდობა მოაქვს“ - ასეთი სიტყვებით დაამშვიდა ევროპა ლუი-ნაპოლეონმა 1852 წლის ოქტომბერში და ორ თვეში საფრანგეთი იმპერიად, თავი კი - იმპერატორ ნაპოლეონ III-დ გამოაცხადა.

გავრცელებული ადათის მიხედვით, ევროპელ მონარქებს ნაპოლეონ III ბონაპარტი ახლა უკვე „ძმად“ უნდა მოეხსენიებინათ (მაშინდელი ტრადიციული დინასტიები ერთმანეთთან ისედაც ნათესაურ კავშირში იმყოფებოდნენ). ავსტრიის ახალმა კანცლერმა კარლ ფერდინანდ ბუოლმა ამ და სხვა უხერხულობის დასაძლევად საკმაოდ მარტივი გამოსავალი იპოვა, რომელსაც რუსები და პრუსიელები დაეთანხმნენ - შესაძლებელი იყო ლუი-ნაპოლეონისათვის მიემართათ როგორც „მეგობარო“ და „იმპერატორო ნაპოლეონ“ და არა როგორც „ძმაო“ და „იმპერატორო ნაპოლეონ III”. მაგრამ ბოლო მომენტში პრუსიის მეფე ფრიდრიხ-ვილჰელმმა მისთვის დამახასიათებელი გაუბედაობა გამოიჩინა და გადაწყვიტა,ლუი-ნაპოლეონი ყველანაირი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე ეცნო (როგორც ეს მანამდე უკვე გააკეთა ინგლისმა). თავის მხრივ, ვენაში პრუსიელებზე მეტი საფუძველი ჰქონდათ, რათა ახალი იმპერატორი არ გაეღიზიანებინათ (ეს საფუძველი იტალია იყო, სადაც საფრანგეთს ბევრი პრობლემის შექმნა შეეძლო), მით უფრ, რომ თუკი პრუსია პატივმოყვარე ლუი-ნაპოლეონს აამებდა, მაშინ ეს უკანასკნელი გერმანულ საკითხებში ალბათ ბერლინის მხარეს დაიჭერდა. ისე მოხდა, რომ ბონაპარტი უბრალოდ „მეგობრად“ და „იმპერატორ ნაპოლეონად“ მხოლოდ რუსეთმა ცნო. ლუი-ნაპოლეონმა ნიკოლოზის ამ გამოხდომას მოხდენილად უპასუხა - „ღმერთი გვაძლევს ძმებს, მეგობრებს კი ჩვენით ვირჩევთ“. მაგრამ როგორც შემდეგ გამოჩნდა, წყენა ღრმად ჩარჩა გულში. ნიკოლოზი განრისხდა, რომ მისმა „ერთგულმა მოკავშირეებმა“ (ავსტრიამ და პრუსიამ) იგი საქმის კურსში არ ჩააყენეს. ფრიდრიხ-ვილჰელმი და ბუოლი თავის გამართლებას ცდილობდნენ და ყველაფერს ერთმანეთს აბრალებდნენ. „მომატყუეს და მიღალატეს“ - ასე უპასუხა თავის მართლებებს ნიკოლოზმა.

როცა რომელიმე დიდი სახელმწიფო დიდ სახელმწიფოებს მიმართავს, მისი სამეზობლო ნეიტრალური იყოს, ეს უბრალოდ გავლენის ზონაზე პრეტენზიის ზრდილობიანი ფორმით გამოცხადებაა.

„ბალკანეთის გამო ერთი ჯანმრთელი პომერანიელი გრენადერის ძვალსაც ვერ გავიმეტებ“, განაცხადა მოგვიანებით რკინის კანცლერმა და შემდეგ ამ ფრაზას თავადვე ხშირად იმეორებდა.

გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, 1897 წელს, ოტო ფონ ბისმარკმა წინასწარმეტყველურად თქვა: "იენის ბრძოლა ფრიდრიხ დიდის გარდაცვალებიდან სულ რაღაც 20 წელიწადში შედგა. მსგავსი უბედურება გველის ჩემი გარდაცვალებიდან 20 წელიწადში, თუკი ყველაფერი ასე გაგრძელდა".

„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, 2013წ.