ჯონ კრაკაუერი - ველურ გარემოში

ავტორის შენიშვნა

1992 წლის აპრილში აღმოსავლეთის სანაპიროზე მცხოვრები შეძლებული ოჯახის ახალგაზრდა მემკვიდრე ავტოსტოპით ალასკამდე ჩავიდა და მარტოდმარტო გაეშურა მთა მაკ-კინლის ჩრდილოეთით მდებარე უდაბური მიდამოსკენ. ოთხი თვის შემდეგ მისი გახრწნილი სხეული ჩრდილოამერიკულ ლოსზე მონადირეებმა აღმოაჩინეს. 


ცხედრის პოვნიდან მცირე ხანი იყო გასული, როდესაც ჟურნალ „აუტსაიდის“( „აუტსაიდი“ (Outside) – ამერიკული ჟურნალი ბუნების, მოგზაურობისა და თავგადასავლების შესახებ, 1977 წლიდან გამოიცემა.) რედაქტორი დამიკავშირდა და ყმაწვილის სიკვდილის უცნაური გარემოებების შესახებ რეპორტაჟის მომზადება მთხოვა. როგორც გაირკვა, გარდაცვლილს კრისტოფერ ჯონსონ მაკ-კენდლესი ერქვა. ვაშინგტონის პრესტიჟულ გარეუბანში იზრდებოდა, შესანიშნავად სწავლობდა და კარგი სპორტსმენი იყო. 


1990 წლის ზაფხულში ემორის უნივერსიტეტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ მაკ-კენდლესი გაქრა. მან შეიცვალა გვარ-სახელი, მთელი თავისი დანაზოგი, 
24 000 დოლარი, საქველმოქმედო საზოგადოებას შესწირა, მიატოვა მანქანა და მთელი ქონება, დაწვა საფულეში ჩარჩენილი ბანკნოტები. შემდეგ ჩვენი საზოგადოებისგან გარიყულთა გვერდით ცხოვრება არჩია, მოგზაურობდა ჩრდილოეთ ამერიკაში შეურყვნელი, ტრანსცენდენტური( ტრანსცენდენტური – ადამიანის ცოდნის, გამოცდილების, გონების ფარგლებს რომ სცდება.) გამოცდილების ძიებაში. ოჯახს მისი ადგილსამყოფლის შესახებ წარმოდგენა არ ჰქონდა, არც ის იცოდნენ, რა დაემართა, ყველაფერი მხოლოდ ალასკაზე ცხედრის აღმოჩენის შემდეგ შეიტყვეს.


სამუშაო ვადით შეზღუდულმა ცხრაასსიტყვიანი რეპორტაჟი დავწერე, რომელიც ჟურნალის 1993 წლის იანვრის ნომერში გამოქვეყნდა. დრო გადიოდა, მაგრამ მაკ-კენდლესზე ფიქრი მოსვენებას არ მაძლევდა, მას შემდეგაც კი, რაც „აუტსაიდის“ მოცემული ნომერი ჟურნალ-გაზეთების ჯიხურების დახლებიდან გაქრა და ისინი ახალმა რეპორტაჟებმა შეცვალა. ვერ ვივიწყებდი ამ ბიჭის სიკვდილის განსაკუთრებულ გარემოებებს და იმ პარალელებს, რომლებსაც ჩემს ცხოვრებასთან ვავლებდი. მაკ-კენდლესს ჩემი გონებიდან წასვლის საშუალებას არ ვაძლევდი, თითქმის ერთი წელი მოვანდომე იმ მიხვეულ-მოხვეული კვალის აღმოჩენას, რომელიც ალასკის ველურ გარემოში სიკვდილით დასრულდა; შეპყრობილისთვის დამახასიათებელი სიჯიუტით ვეძებდი მისი მოგზაურობის უმცირეს კვალს. ვცდილობდი მაკ-კენდლესის ქცევის მოტივი გამეგო, ამიტომ გარდაუვალი გახდა უფრო ფართო თემებიც მომეცვა, როგორიცაა: ველური ბუნების გავლენა ამერიკელის წარმოსახვაზე, რისკიანი თავგადასავლების მიმზიდველობა ზოგიერთი ყმაწვილისთვის, მამებისა და შვილების ჩახლართული, მრავლისმთქმელი კავშირები. ამ ძიების შედეგად შეიქმნა წიგნი, რომელსაც ახლა კითხულობთ. 


მიუკერძოებელი ბიოგრაფის ტიტულზე პრეტენზია არ მაქვს. მაკ-კენდლესის უცნაურმა ამბავმა შემძრა, ვერ შევძელი ემოციების გარეშე მომეყოლა მომხდარი ტრაგედია. მაგრამ ვცადე, და არსებითად, ჩემი აზრით, მოვახერხე, ავტორის დამოკიდებულება მინიმალურად ყოფილიყო წარმოჩენილი. თუმცა მკითხველი უნდა გავაფრთხილო: მაკ-კენდლესის შესახებ თხრობას ალაგ-ალაგ ვწყვეტ და საკუთარი ახალგაზრდობის ამბებს გიყვებით – იმედი მაქვს, ეს ცოტათი მაინც ნათელს მოჰფენს კრის მაკ-კენდლესის საიდუმლოს.


უაღრესად მგრძნობიარე ყმაწვილი იყო და ისეთი უკიდურესი იდეალიზმი ახასიათებდა, რომელიც თანამედროვე ცხოვრებას ნაკლებად შეესაბამება. ხიბლავდა ლევ ტოლსტოის ნაწარმოებები, მაგრამ ნაწერებზე მეტად მის საქციელს მოჰყავდა აღტაცებაში: როგორ თქვა უარი სახელგანთქმულმა მწერალმა ფუფუნებაში ცხოვრებაზე და ღატაკებთან ერთად ხეტიალი არჩია. კოლეჯში სწავლისას მაკ-კენდლესი ტოლსტოის ნაქადაგებ ასკეტიზმსა და მორალურ სიმკაცრეს ისეთი სიზუსტით მისდევდა, რომ ჯერ გააკვირვა, შემდეგ კი შეაშინა კიდეც ახლო მეგობრები. როდესაც ყმაწვილი ალასკის ტაიგისკენ გაემართა, სულაც არ ელოდა, რომ თაფლისა და რძის მხარეში მოხვდებოდა; საფრთხეს, მტრულ გარემოსა და ტოლსტოისეულ განდგომას ეძებდა და ეს ყველაფერი საკუთარ თავზე საკმარისზე მეტად იწვნია. 


თავის თექვსმეტკვირიან მძიმე განსაცდელს მაკ-კენდლესმა ძირითადად, ღირსეულად გაართვა თავი. რომ არა ერთი თუ ორი, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო შეცდომა, 1992 წლის აგვისტოში ისევე შეუმჩნევლად დატოვებდა ალასკის ტყეს, როგორც აპრილში დაიწყო იქ მოგზაურობა. მაგრამ უწყინარი შეცდომები უმნიშვნელოვანესი და შეუქცევადი შედეგის მომტანი აღმოჩნდა, მისი სახელი ტაბლოიდების პირველ გვერდებზე მოხვდა, და გაოგნებულ ოჯახს ისღა დარჩენოდა, ულმობელი და ტკივილიანი სიყვარულის ნამსხვრევებს ჩაბღაუჭებოდა.


გასაოცრად ბევრმა ადამიანმა გულთან ახლოს მიიტანა კრის მაკ-კენდლესის ცხოვრებისა და სიკვდილის ამბავი. „აუტსაიდში“ სტატიის გამოქვეყნების მომდევნო კვირებსა და თვეებში ჟურნალმა თავისი არსებობის ისტორიაში მეილებისა და წერილების რეკორდული რაოდენობა მიიღო. როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ასახავდა სრულიად საპირისპირო თვალსაზრისებს: მკითხველების ნაწილი აღაფრთოვანა ყმაწვილის სიმამაცემ და კეთილშობილურმა იდეალებმა; დანარჩენები მას უტვინოდ, იდიოტად, გიჟად, თავის თავზე შეყვარებულად მოიხსენიებდნენ, საკუთარმა სიამაყემ და სისულელემ რომ დაღუპა და მედიის გადაჭარბებული ყურადღების ღირსად არ თვლიდნენ. ჩემს აზრს მასზე სულ მალე შეიტყობთ; მკითხველს კი კრის მაკ-კენდლესის შესახებ საკუთარი აზრის ჩამოყალიბება თავად მოუწევს.


ჯონ კრაკაუერი,
სიეტლი, 1995 წლის აპრილი 


დიდი მიწის ხალხი ჟურნალ „ალასკას“ გადაშლის, ფოტოებზე უთითებს და ფიქრობს: „ოჰო, მეც წავალ იქ, დიდი მიწისგან შორს დავსახლდები და კარგი ცხოვრებაც განაღდებული მექნება“. აქ ჩამოდიან და ხვდებიან, რომ ტყეში ცხოვრება ძალიან განსხვავდება სურათებზე ნანახისგან. მდინარეები დიდი და სწრაფია. კოღოები ცოცხლად შეგჭამენ. ბევრ ადგილზე ნანადირევსაც ვერ მოიხელთებ. ტყეში ცხოვრება პიკნიკზე გართობას სრულებით არ ჰგავს.

ჯეკ ლონდონი მეფეა. ალეგზანდერ სუპერმაწანწალა. 1992 წლის მაისი - ხის ნაჭერზე ამოკვეთილი ეს გრაფიტი კრის მაკ-კენდლესის გარდაცვალების ადგილზე იპოვეს.

მიტოვებული ავტობუსი - გასული საუკუნის 40-იანი წლების „ინტერნეშნლ ჰარვესტერი“ - ჩიტის საფრენი სიმაღლიდან მოჩანს ჰილიდან დასავლეთით, ორმოციოდე კილომეტრზე, თანდათან ჟანგი ჭამს სარეველებში ჩაფლულს სტემპიდის ბილიკის მახლობლად, ზუსტად დენალის ეროვნული ნაკრძალის საზღვართან. ძრავა აღარ აქვს. რამდენიმე ფანჯარა ჩატეხილია ან აკლია, იატაკზე ვისკის დამტვრეული ბოთლები ყრია. მწვანე და თეთრი საღებავი გადაცლილია. წარწერა მოწმობს, რომ ავტობუსი ქალაქ ფერბენსკის სატრანსპორტო სისტემის ნაწილი იყო: ავტობუსი #142.

თვითნაკეთი სასიგნალო დროშა - წითელი მოქსოვილი გამაში, როგორსაც მოცეკვავეები ატარებენ - ავტობუსის უკანა გასასვლელთან, მურყნის ტოტზე ეკიდა. შეღებულ კარზე ნიკოლოზ გოგოლის წიგნიდან ამოხეულ ფურცელზე შემაშფოთებელი წერილი ეწერა: SOS. თქვენი დახმარება მჭირდება. დაჭრილი ვარ, სიკვდილის პირას და ძალიან სუსტად, ვერ შევძლებ აქედან გაღწევას. სულ მარტო ვარ, ეს ხუმრობა არ არის. თუ ღმერთი გწამთ, გთხოვთ, გადამარჩინეთ. აქვე ახლოს გავედი კენკრის დასაკრეფად და საღამოს დავბრუნდები. დიდი მადლობა, კრის მაკ-კენდლესი, აგვისტო?

„სისხლსავსე ცხოვრება მინდოდა და არა არსებობა. მსურდა მღელვარება და ხიფათი თავგანწირვა სიყვარულისთვის. მოზღვავებულ ენერგიას ვგრძნობდი, რომელიც ჩვენ წყნარ ცხოვრებაში ადგილს ვერ პოულობდა“, - ლევ ტოლსტოი, „ოჯახური ბედნიერება“. ნაწყვეტი ხაზგასმულია ერთ-ერთ წიგნში, რომელიც კრის მაკ-კენდლესის გარდაცვალების ადგილზე იპოვეს.

„Rubber tramps”-ებისგან განსხვავებით, ანუ მაწანწალებისგან, რომლებსაც საკუთარი მანქანა ჰქონდათ, „Leather tramps”-ები გადაადგილდებოდნენ გამვლელი მანქანებით ან ფეხით.

წასვლამდე მაკ-კენლდესმა უესტერბერგს თავისი ნამდვილი საგანძური აჩუქა: 1942 წელს გამოცემული ლევ ტოლსტოის „ომი და მშვიდობა“. სატიტულო ფურცელზე წააწერა: „სახსოვრად უეინ უესტერბერგს ალეგზანდერისგან. 1990 წლის ოქტომბერი. პიერს დაუგდე ყური“.

კრისმა მეორადი ყვითელი „დაცუნი“ ჯერ კიდევ საშუალო სკოლის უფროს კლასებში სწავლის დროს იყიდა. მომდევნო წლებში დაეჩვია სწავლისგან თავისუფალ დროს მარტო წასულიყო სამოგზაუროდ. დიპლომის აღების დღესასწაულებზეც მშობლებს ფრთხილად გადაუკრა სიტყვა, რომ იმ ზაფხულსაც აპირებდა მოგზაურობას. მისი ზუსტი სიტყვები ასეთია: „ვფიქრობ, ცოტა ხნით გავქრები“.

„მადლობა ფოტოებისთვის, საპარსი ნაკრებისა და პარიზული საფოსტო ბარათისათვის. ეტყობა, ამ მოგზაურობით მართლაც ისიამოვნეთ. კარგად გაერთობოდით. ლოიდს (კრისის საუკეთესო მეგობარი ემორიში სწავლის წლებში) თავისი ფოტო მივეცი, არ ჰქონდა დიპლომის აღების ცერემონიალის ფოტო. აქ ყველაფერი ძველებურადაა, ოღონდ ძალიან ჩამოცხა და ნესტია. ყველანი მომიკითხეთ“ - ეს იყო უკანასკნელი შეტყობინება, რომელიც ოჯახმა კრისისგან მიიღო.

მაკ-კენდლესი თავს მხოლოდ უზენაესი წესრიგის წინაშე თვლიდა პასუხისმგებლად - ის ჰენრი დევიდ თოროს ახალგამოჩეკილი მიმდევარი იყო და სიტყვასიტყვით აღიარებდა ამ უკანასკნელის ესეს სახელწოდებით „სამოქალაქო დაუმორჩილებლობის შესახებ“.

... მისი მომდევნო ქმედებისთვის ხოტბას შეასხამდნენ როგორც თორო, ისე ტოლსტოი - შემორჩენილი ქაღალდის ბანკნოტები ქვიშაზე დადო - 1, 5 და 20 - დოლარიანი ბანკნოტების გროვა - შემდეგ ასანთს გაჰკრა და ზემოდან დააგდო. ას ოცდასამი დოლარი რამდენიმე წამში კვამლად და ნაცრად იქცა.

„გამარჯობა, უეინ! [...] ვიმედოვნებ შენთვის დატოვებული წიგნი გადმოგცეს. უეინ, აუცილებლად უნდა წაიკითხო „ომი და მშვიდობა“. ამ წიგნს ვგულისხმობდი, როდესაც ვამბობდი, რომ ყველა პერსონაჟსა და ადამიანზე უკეთესი ხარ. ეს არის ძალიან ძლიერი და უაღრესად სიმბოლური წიგნი. მაგრამ ძირითად აზრს, ვფიქრობ, თავადაც ჩასწვდები. მასშია ბევრი ისეთი რამ, რომელსაც ადამიანები ყურადღებას არ აქცევენ. მე რაც შემეხება, გადავწყვიტე ცოტა ხანს კიდევ გავაგრძელო ასე ცხოვრება. თავისუფლება და მისი უბრალო სილამაზე ძნელად დასათმობია. ერთ დღესაც დავბრუნდები, უეინ, და შევძლებ მცირედით მაინც გადაგიხადო ჩემდამი გამოჩენილი სიკეთე. იქნებ ერთი ყუთი „ჯეკ დენიელსით“? იქამდე კი ყოველთვის გიხსენებ, როგორც მეგობარს. ღმერთმა დაგლოცოს. ალეგზანდერი“.

„ალექსი თვლის, რომ მექსიკელები ამერიკელებზე გულთბილი, მეგობრული ხალხია. ამერიკელებს სტუმართმოყვარეობითაც სჯობნიან...“

„ბეკში გაღვიძებული დომინანტი პირველყოფილი ცხოველი ძლიერი იყო, და უფრო და უფრო ძლიერდებოდა ცხოვრების სასტიკ პირობებში. მაგრამ ეს ფარულად მიმდინარეობდა. ახლად დაბადებული ცხოველური ეშმაკობა თავდაჭერილობის შენარჩუნებასა და ინსტინქტების მოთოკვაში ეხმარებოდა“ - ჯეკ ლონდონი - „წინაპართა ძახილი“. ხოტბა შევასხათ პირველყოფილ ცხოველს! და კაპიტან აქაბს! ალეგზანდერ სუპერმაწანწალა, 1992 წლის მაისი. გრაფიტი სტემპიდის ბილიკზე მიტოვებულ ავტობუსშია აღმოჩენილი.

ალექსს ძალიან უყვარდა კლასიკოსები: დიკენსი, ჰერბერტ უელსი, მარკ ტვენი, ჯეკ ლონდონი. ლონდონი მისი უსაყვარლესი ავტორი იყო. ცდილობდა უკანასკნელი მაწანწალაც კი დაერწმუნებინა, აუცილებლად წაეკითხა „წინაპართა ძახილი“.

„საკუთარ შინაგან ხმას ვინც მიჰყვება, გეზს არასოდეს ასცდენია. თუნდაც შედეგი სხეულის დაუძლურება იყოს, სადარდებელი არაფერია, იმიტომ რომ ამგვარი ცხოვრება უზენაეს პრინციპებს შეესაბამება. თუ დღესა და ღამეს სიხარულით ხვდები, თუ სიცოცხლის ყოველი დღე ყვავილებისა და ბალახების ნელსურნელებითაა გაჟღენთილი, ის უფრო მოქნილი, უფრო ციური, უფრო უკვდავი გახდა - ეს თქვენი წარმატებაა. მთელი ბუნება თქვენ გილოცავთ და შეგიძლიათ საკუთარი ბედისწერა დალოცოთ. როგორც წესი, უდიადეს მიღწევებს ყველაზე ნაკლებად აფასებენ. მათ არსებობაში ძალიან იოლად შეგვაქვს ეჭვი. მათ მალე ვივიწყებთ. თუმცა სწორედ ისინია უზენაესი რეალობა... ჩემი თითოეული დღის ნამდვილი მონაგარი ისევე შეუძლებელია აღიწეროს, როგორც დილის ან საღამოს ელფერი. ეს თითქოს ვარსკვლავების მტვერია, რომლის დაჭერაც მოვახერხე, ცისარტყელის ნაჭერი“ - ჰენრი დევით თორო - „უოლდენი, ანუ ტყეში ცხოვრება“. ეს ნაწყვეტი ხაზგასმულია კრის მაკ-კენდლესის ცხედართან ნაპოვნ წიგნში.

ფრანცი ტყავის დამუშავების ოსტატი იყო და თავისი ხელობის საიდუმლოება ალექსსაც ასწავლა; მაკ-კენდლესის პირველი ნამუშევარია მისი მოგზაურობის ამსახველი გასაოცარი ნახატებით შემკული ტყავის ქამარი. ქამრის მარცხენა ბოლოზე წარწერაა ALEX; ამას მოსდევს თავის ქალისა და ძვლების გამოსახულებაში ჩასმული ინიციალები C.J.M. (კრისტოფერ ჯონსონ მაკ-კენდლესი). ძროხის დამუშავებული ტყავის ზოლზე მოჩანს ორზოლიანი მაგისტრალი, შეხვევის ამკრძალავი საგზაო ნიშანი, ქარიშხალი, რომელმაც წყალდიდობა გამოიწვია და მისი მანქანა დაფარა, გამვლელი მანქანებით მოგზაურის აწეული ცერი, არწივი, სიერა ნევადა, წყნარი ოკეანის ტალღებიდან ამომხტარი ორაგული, წყნარი ოკეანის სანაპიროს ავტომაგისტრალი ორეგანოდან ვაშინგტონამდე, კლდოვანი მთები, ნათესები მონტანასთან, სამხრეთ დაკოტის ჩხრიალა გველი, უესტერბერგის სახლი კართეიჯში, მდინარე კოლორადო, შტორმი კალიფორნიის ყურეში, ტენტით გადახურული კანოე, ლას-ვეგასი, ინიციალები თ.ჩ., მორო-ბეი, ასტორია და სულ ბოლოს ასო-ნიშანი N (სავარაუდოდ, ჩრდილოეთს აღნიშნავს).

„... ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრებით უკმაყოფილოა და თავს უბედურად გრძნობს, მაგრამ არ შეუძლიათ ინიციატივის ხელში აღება მდგომარეობის შესაცვლელად, იმიტომ რომ, მათი აზრით, უსაფრთხო, კომფორტული კონსერვატიული ცხოვრება გონებას ამშვიდებს, რეალურად კი თავგადასავლების მოყვარული ადამიანის სულს უზრუნველყოფილი მომავალი კლავს. ადამიანის ცხოვრების მამოძრავებელი თავგადასავლების წყურვილია. სიცოცხლის სიხარულს გვანიჭებს ახალი, აქამდე უცნობი გამოცდილების მიღება, არ არსებობს უფრო დიდი სიხარული, ვიდრე ყოველდღე ახალი ჰორიზონტის, ახალი და განსხვავებული მზის ხილვაა. [...] ცდები, თუ ფიქრობ, რომ სიხარულს მხოლოდ და მხოოდ ადამიანებთან ურთიერთობა გვანიჭებს. ღმერთმა ის ჩვენ გარშემო გაავრცელა. ეს სიხარული ყველგან და ყველაფერში გაანაწილა. მხოლოდ სიმამაცე უნდა გვეყოს, ზურგი შევაქციოთ ცხოვრების ტრადიციულ წესს და მისი შეცნობის განსხვავებული გზები ავირჩიოთ“, - ალეგზანდერი.

ავტობუსში მის ცხედართან აღმოჩენილ წიგნებს შორის იყო მოთხრობების კრებული და მასში შედის ტოლსტოის „კრეიცერის სონატა“ მოთხრობის გმირი, ასკეტად ქცეული წარჩინებული, „ხორციელ მისწრაფებაზე“ უარს ამბობს. რამდენიმე ნაწყვეტი გამოყოფილია და ვარსკვლავით აღნიშნული, ხოლო არშიებზე მაკ-კენდლისის შენიშვნებია მიწერილი ძნელად გასარჩევი ხელწერით. იქვე ნაპოვნ თოროს „უოლდენის“ ეგზემპლარის თავში, რომელსაც „უზენაესი კანონები“ ეწოდება, მაკ-კენდლესმა შემდეგი სიტყვები შემოხაზა: „უბიწოება მამაკაცის ყვავილობაა; აღნიშნულის სხვადასხვა ნაყოფია ის, რასაც ჩვენ გენიალურობას, ჰეროიზმს, ღვთისმოსაობას და მსგავსს ვუწოდებთ“.

„ყველაფერი მოულოდნელად შეიცვალა - ტონი, მორალური კლიმატი; ვერ მიხვდებოდი, რა უნდა გეფიქრა, ვისთვის დაგეგდო ყური. თითქოს მთელი ცხოვრება პატარა ბავშვივით ხელჩაკიდებულს გატარებდნენ, ახლა კი უცებ ხელი გიშვეს და დამოუკიდებლად უნდა გაიარო. გარშემო არავინაა: არც ოჯახი, არც ის ადამიანები, რომელთა რჩევა თქვენთვის მნიშვნელოვანია. ასეთ დროს ჩნდება დაუოკებელი სურვილი, თავი მიუძღვნა რაღაც აბსოლუტურ იდეალს - სიცოცხლეს ან ჭეშმარიტებას ან სილამაზეს - მას დაემორჩილო და არა ადამიანების მიერ დაწესებულ და ახლა უარყოფილ წესებს. გინდოდა დანებებოდი რაღაც უკიდურეს მიზანს მთელი სისავსით, ვიდრე ეს მოხდებოდა ძველი, ჩვეული, მშვიდობიანი ცხოვრების პირობებში, რომელცი აღარ არსებობს და სამუდამოდ წარსულს ჩაბარდა“, - ბორის პასტერნაკი - „ექიმი ჟივაგო“. ნაწყვეტი მოტანილია მაკ-კენდლესის კუთვნილი წიგნიდან, გვერდით კი მისი ხელით მიწერილია - „საჭიროა მიზანი“.

სიყვარულის, ფულის, დიდების სანაცვლოდ, მომეცით ჭეშმარიტება. სუფრაზე დელიკატესები და ღვინო უხვად ჰქონდათ, მონურად მორჩილი მსახურები ტრიალებდნენ, მაგრამ გულწრფელობა და ჭეშმარიტება არ ჩანდა; და მშიერი წამოვედი ამ არასტუმართმოყვარე სუფრიდან. სტუმართმოყვარეობა ყინულივით ცივი გახლდათ“, - ჰენრი დევიდ თორო „უოლდენი, ანუ ტყეში ცხოვრება“. ნაწყვეტი მაკ-კენდლესის ცხედართან აღმოჩენილი ერთ-ერთი წიგნიდან. გვერდის თავზე მაკ-კენდლესს წაუწერია „ჭეშმარიტება“.

1 მაისს, იმ ადგილიდან 32 კილომეტრის დაშორებით, სადაც ის გოლიენს დასცილდა, მაკ-კენდლესი მდინარე სუშენასთან ძველ ავტობუსს წააწყდა. ავტობუსში იყო ლეიბები და ღუმელი, ხოლო ავტობუსის ადრინდელ სტუმრებს აქვე დაეტოვებინათ ასანთი, მწერების საწინააღმდეგო საშუალება და სხვა საჭირო ნივთები. „ავტობუსის აღმოჩენის ჯადოსნური დღე“, ჩაწერა თავის დღიურში.

ავტობუსის შიგნით, გატეხილი ფანჯრის სანაცვლოდ მიკრულ ფანერაზე, გრძნობამორეულმა დამოუკიდებლობის საკუთარი დეკლარაცია წააწერა: „ორი წელი დაიარებოდა დედამიწაზე ტელეფონის, აბაზანის, შინაური ცხოველების, სიგარეტის გარეშე. სრული თავისუფლება. ექსტრემისტი. ესთეტი მოგზაური, რომლის სახლი გზაა. ატლანტიდან გაქცეული. უაკნ არ დაბრუნდება, იმიტომ რომ „დასავლეთის მიწაზე უკეთესი არაფერია“. და ახლა ორი წლის ხეტიალის შემდეგ, საბოლოო და უდიადესი თავგადასავლის დრო დადგა. უკანასკნელი ბრძოლა მასში ჩაბუდებული ყალბი არსების წინააღმდეგ და სულიერი რევოლუციის გამარჯვებით დასრულდება. გამვლელ მანქანებსა და სატვირთო მატარებლებში გატარებულმა ათმა დღე-ღამემ ის დიად თეთრ ჩრდილოეთამდე მიიყვანა. იმისათვის, რომ აღარ იგრძნოს ცივილიზაციის საწამლავი, თავს გაქცევით შველის, რათა ველურ გარემოში გადაიკარგოს. ალეგზანდერ სუპერმაწანწალა, მაისი 1992“.

ალასკელმა მონადირეებმა იციან, რომ ტაიგაში ხორცის შენახვის საუკეთესო გზა წვრილ ნაჭრებად დაჭრა და თვითნაკეთ სტელაჟზე დაწყობაა, ჰაერზე რომ გამოშრეს. მაგრამ მაკ-კენდლესი, თავისი მიამიტობით, იმას აკეთებდა, რაც სამხრეთ დაკოტის მონადირეებმა ურჩიეს, რომელთა აზრით, ხორცის შენახვის საუკეთესო გზა მისი შებოლვაა, ეს კი მოცემულ პირობებში არც თუ იოლ საქმეს წარმოადგენდა. 10 ივნისის ჩანაწერში ვკითხულობთ: „დამუშავება ძალიან ძნელია. კოღოებისა და ბუზების გუნდები. ნაწლავები, ღვიძლი, თირკმელები, ერთი ფილტვი, ხორცის ნაჭრები. უკან მეოთხედი და ფეხი მდინარეზე ჩავიტანე“. 11 ივნისი: „გული და მეორე ფილტვი ამოვჭერი. ორი წინა ფეხი და თავი. ნარჩენები მდინარეზე მიმაქვს. დანარჩენი - გამოქვაბულში. ვეცდები შებოლვით გადავარჩინო“. 12 ივნისი: „გულმკერდის ნახევარი და ხორცი ამოვიღე. მხოლოდ ღამ-ღამობით შემიძლია მუშაობა. შესაბოლად საჭირო ცეცხლს ვინარჩუნებ“. 13 ივნისი: „გამოქვაბულში გადავიტანე გულმკერდის დარჩენილი ნაწილი, ბეჭი და კისერი. შებოლვა დავიწყე“. 14 ივნისი: „უკვე ჭიებია! შებოლვა არ შველის. არ ვიცი, ნამდვილი კატასტროფაა. ნეტა არ მომეკლა ეს ლოსი. ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი უდიდესი ტრაგედიაა“.

2 ივლისს მაკ-კენდლესმა დაასრულა ტოლსტოის „ოჯახური ბედნიერების“ კითხვა და რამდენიმე ნაწყვეტს გაუსვა ხაზი: მართალს ამბობდა, რომ სხვებისათვის ცხოვრება ბედნიერებაა... ხანგრძლივი ცხოვრება მქონდა და ახლა ვფიქრობ, მივხვდი, ბედნიერება რა არის. წყნარად ცხოვრება ჩვენს მიყრუებულ სოფელში, სადაც შესაძლებელია სიკეთე გაუკეთო ადამიანებს, რომლებიც ამას შეჩვეული არ არიან, კიდევ შრომა, იმიტომ, რომ როგორც ჩანს, შრომა სასარგებლოა, კიდევ დასვენება, ბუნება, წიგნები, მუსიკა, მოყვასის სიყვარული - ჩემი აზრით, სწორედ ეს არის ბედნიერება. და კიდევ, ამ ყველაფერს თუ დაემატება თქვენნაირი მეგობარი და ალბათ, ბავშვები - მეტი რა უნდა ინატროს ადამიანმა?

***

„და რა არის ისტორია? ასწლეულობის განმავლობაში სიკვდილის გამოცანის ექსპლუატაცია, რაც ისევ სიკვდილის ტრიუმფით მთავრდება. ამიტომ აღმოაჩინეს ადამიანებმა მათემატიკური უსასრულობა და ელექტრომაგნიტური ტალღები, ამიტომ წერენ სიმფონიებს. ამ კურსით სიარული გარკვეული რწმენის გარეშე შეუძლებელია. ამგვარი აღმოჩენების განსახორციელებლად სულიერი მომზადებაა საჭირო. და ამ მომზადების ძირითადი ელემენტები ბიბლიაშია. რა ელემენტებია? დავიწყოთ მოყვასის სიყვარულით, რაც სასიცოცხლო ენერგიის უზენაესი ფორმაა. როგორც კი ადამიანის გულს ასეთი ენერგია აავსებს, ის გადმოსვლას და გავრცელებას ითხოვს. ამას ემატება თანამედროვე ადამიანის ორი უმთავრესი იდეალი, რომელთა გარეშე მისი წარმოდგენა შეუძლებელია - პირადი თავისუფლება და მსხვერპლად შეწირული სიცოცხლე“, - ბორის პასტერნაკი - „ექიმი ჟივაგო“. ნაწყვეტი ხაზგასმულია წიგნში, რომელიც მაკ-კენდლესის ცხედართან იპოვეს.

[...]

ის-ის იყო დაასრულა „ექიმი ჟივაგოს“ კითხვა, წიგნის, რომელსაც აღტაცებული შენიშვნები მიუძღვნა გვერდების არშიებზე და რამდენიმე ნაწყვეტი ხაზგასმით აღნიშნა:

„ლარა მომლოცველების გაკვალულ ბილიკს მიუყვებოდა და შემდეგ მინდორში გადაუხვია. აქ შეჩერდა, თვალები დახუჭა, ღრმად ჩაისუნთქა ყვავილების სურნელით გაჟღენთილი მიდამოს ჰაერი. ის ოჯახზე ძვირფასი, საყვარელზე უკეთესი, წიგნზე ბრძენი იყო. უეცრად ხელახლა აღმოაჩინა საკუთარი ცხოვრების მიზანი. აქ, მიწაზე, იმიტომ იყო, რომ მისი ველური მომხიბვლელობის მნიშვნელობას ჩასწვდომოდა და ყველაფრისთვის მართებული სახელი დაერქმია, ხოლო თუ ამას ვერ მოახერხებდა, სიცოცხლის სიყვარულის სახელით შთამომავლობა დაეტოვებინა, რომელიც ამ ამოცანას მის ნაცვლად შეასრულებდა“. ბუნება/სიწმინდე, წააწერა გვერდის თავზე.

ოჰ, ხანდახან როგორი სასურველია მოსწყდე ადამიანური მჭევრმეტყველების უშინაარსო გონებაჩლუნგობას, გაექცე ასეთ დახვეწილ წინადადებებს და თავი შეაფარო ბუნებას, ერთი შეხედვით უმეტყველოს, ან უსიტყვო, ხანგრძლივ ფიზიკურ შრომას, ან გულიან ძილს ან ჭეშმარიტ მუსიკას ან ადამიანურ გაგებას, რომელსაც ძლიერი გღზნობის გამო არ სჭირდება გამოთქმა!

მაკ-კენდლესმა ეს პარაგრაფი ვარსკვლავებითა და ბრჭყალებით მონიშნა და შავი ფერის მელნით გამოყო „თავი შეაფარო ბუნებას“. შემდეგ, ამ სიტყვების გვერდით: „და ისე გამოვიდა, რომ ნამდვილია მხოლოდ ის სიცოცხლე, რომელიც გარემომცველთა სიცოცხლეს ჰგავს და ამ სიმრავლეში იკარგება, განმარტოებული ბედნიერება სრულებით არ არის ბედნიერება... ამან ყველაზე მეტად დასწყვიტა გული“, მან ჩაწერა: „ბედნიერება ნამდვილი მხოლოდ მაშინ არის, თუ გაზიარება შეიძლება“.

***

30 ივლისს, დღიურში ავის მომასწავებელი ჩანაწერი გაჩნდა: „ძლიერი სისუსტე. შემეშალა კარტ. თესლი. ფეხზე დგომა მიჭირს. ვშიმშილობ. დიდი საფრთხე“. [...] 30 ივლისის შემდეგ მისი ფიზიკური მდგომარეობა უეცრად გაუარესდა. 19 აგვისტოს მაკ-კენდლესი გარდაიცვალა.

დღიურში 31 ივლისს და 1 აგვისტოს ჩანაწერი არ არის. 2 აგვისტოს ჩაუწერია: „საშინელი ქარია“. „მეასე დღე! ეს მოვახერხე!“ - გახარებულმა ჩაწერა დღიურში 5 აგვისტოს, იმით ამაყმა, რომ ასეთ მნიშვნელოვან ნიშანსვეტამდე მიაღწია, - მაგრამ ძალიან სუსტად ვარ. სიკვდილის საფრთხე სრულიად რეალურია. გარეთ გასვლისთვის ძალა არ მყოფნის, როგორც იტყვიან, ხაფანგში ვარ გამომწყვდეული. - არ არის ნანადირევი“.

დღიურში 7-8 აგვისტოს რიცხვით ჩანაწერი არ არის. 9 აგვისტოს ჩანიშნა, რომ დათვს ესროლა, თუმცა ააცილა. 10 აგვისტოს კარიბუ დაინახა, მაგრამ სროლისთვის ძალა არ ეყო, ამიტომ ხუთი ციყვი მოკლა. თუ მის სხეულში სვაინსონინის საკმარისი რაოდენობა უკვე დაგროვილი იყო, ეს მწირი ნანადირევი ვერ გააძღობდა. 11 აგვისტს მოკლა და შეჭამა ტუნდრის გნოლი. 12 აგვისტოს ავტობუსიდან გაბობღდა კენკრის დასაკრეფად მას შემდეგ, რაც იმ ნაკლებად სავარაუდო შემთხვევისთვის, თუ ვინმე ავტობუსს მიადგებოდა, დახმარების სათხოვნელი შეტყობინება დატოვა. გოგოლის „ტარას ბულბადან“ ამოხეულ ფურცელზე მთავრული ასოებით საგულდაგულოდ გამოყვანილი ტექსტია:

SOS. თქვენი დახმარება მჭირდება. დაჭრილი ვარ, სიკვდილის პირას და ძალიან სუსტად, ვერ შევძლებ აქედან გაღწევას. სულ მარტო ვარ, ეს ხუმრობა არ არის. თუ ღმერთი გწამთ, გთხოვთ, გადამარჩინეთ. აქვე ახლოს გავედი კენკრის დასაკრეფად და საღამოს დავბრუნდები.

ხელი ასე მოაწერა: „კრის მაკ-კენდლესი. აგვისტო?“

12 აგვისტოს დღიურში უკანასკნელი სიტყვები ჩაწერა: „მშვენიერი ლურჯი მოცვი“. 13 აგვისტოდან 18 აგვისტომდე მხოლოდ რიცხვების ჩამონათვალია. იმავე კვირაში ლუი’ამურის წიგნიდან „მოხეტიალეს განათლება“ ბოლო გვერდი ამოხია. გვერდის ერთ მხარეს ლ’ამურის ციტირებული რობინსონ ჯეფერსის ლექსიდან „ბრძენთა გასაჭირი“ რამდენიმე სტრიქონია:

სიკვდილი ამაყი ტოროლაა: მაგრამ თუ ისე მოკვდი,
რომ შექმენი ის, რაც საუკუნეებს გაუძლებს,
რაც მეტია, ვიდრე კუნთი და ძვალი, მხოლოდ სისუსტეს დაძლევ.
მთები მკვდარი ქვებია; ადამიანებს
ხიბლავთ ან სძაგთ ისინი, მათი გამომწვევი სიმშვიდე,
მთები ამით არც იტანჯებიან და არც წუხდებიან,
მიცვალებულთა კანტიკუნტი ფიქრებიც მათ ჰგავს.

ამ გვერდის მეორე, ცარიელ მხარეს მაკ-კენდლესმა მოკლე გამოსამშვიდობებელი შეტყობინება დატოვა: „ბედნიერი ცხოვრება მქონდა და ღმერთის მადლობელი ვარ ამისთვის. ყველას გემშვიდობებით, ღმერთმა დაგლოცოთ!“

შემდეგ დედამისის შეკერილ საძილე ტომარაში ჩაწვა და გონება დაკარგა. სავარაუდოდ, 18 აგვისტოს გარდაიცვალა, ველურ ბუნებაში გასვლიდან 112-ე დღეს და 19 დღით ადრე, ვიდრე ავტობუსში ექვსი ალასკელი მის ცხედარს აღმოაჩენდა.

სიკვდილის წინ თავის თავს ფოტო გადაუღო: ავტობუსის ახლოს დგას ალასკის მაღალი ცის ფონზე, ცალი ხელით კამერისკენ გამოსაშვიდობებელ წერილს იშვერს, მეორე ხელი კი მამაცური, ნეტარი გამოთხოვების ნიშნად აუწევია. სახე საზარლად გამხდარი აქვს, ლამის ჩონჩხს ჰგავს. მაგრამ თუკი იმ უკანასკნელ წუთებში საკუთარი თავი ებრალებოდა - იმიტომ რომ ძალიან ახალგაზრდა იყო, იმიტომ რომ გვერდით არავინ ჰყავდა, იმიტომ რომ ბოლოს სხეულმა უღალატა და ისიც დაემორჩილა - ფოტოზე მსგავსი არაფერი ჩანს. იღიმის და მის მზერაში შეუმცდარად ჩანს: კრის მაკ-კენლდესმა სულიერი სიმშვიდე მოიპოვა და ბერივით უშფოთველად წარდგა ღმერთის წინაშე.