ო' ჰენრი - კომბოსტო და მეფეები

ანჩურიაში გეტყვიან, რომ ამ მუდმივი რევოლუციების რესპუბლიკის პრეზიდენტმა მირაფლორესმა თავი მოიკლა სანაპიროზე მდებარე პატარა ქალაქ კორალიოში, რომ სწორედ იქ გაიქცა კარს მომდგარი რევოლუციის უბედურებისგან თავის დასაღწევად და, რომ ხაზინის ფული, ასი ათასი დოლარი, რომელიც ამერიკული ტყავის საკვოიაჟით თან გაიყოლა თავისი პრეზიდენტობის მშფოთვარე წლების სამსახსოვროდ, ვეღარასოდეს იპოვეს.

პატარა პაროდიული ერები მთავრობობანას თამაშით ერთობიან, ვიდრე ერთ მშვენიერ დღეს მათ წყლებში მდუმარე სამხედრო ხომალდი გამოჩნდება და ეტყვის: სათამაშო არ გატეხოთ!

არც ერთი ენა არ არის ძნელი ადამიანისათვის, თუ სჭირდება.

არითმეტიკის მიხედვით ერთი და ერთი ორია, რომანტიკის წესის თანახმად კი - ერთი.

არსებობს ძველი, უცნაური თეორია იმის შესახებ, რომ ადამიანს ორი სული აქვს: ერთი - პერიფერიული, რომელიც მას ჩვეულებრივ ემსახურება, და მეორე - შინაგანი, რომელიც მხოლოდ დროდადრო იღვიძებს, მაგრამ, როცა გაიღვიძებს, აქტიური და ენერგიულია. პირველის ზეგავლენით ადამიანი იპარსავს, ხმას აძლევს, გადასახადებს იხდის, ოჯახს ინახავს, ავეჯს ყიდულობს განვადებით და, საერთოდ, ნორმალურად ცხოვრობს. მაგრამ საკმარისია, შინაგანმა სულმა აიღოს ხელში სადავეები, რომ ადამიანი თვალის დახამხამებაში თავისი ცხოვრების თანამგზავრს ქოქოლას აყრის თავზე, უმალ იცვლის პოლიტიკურ შეხედულებებს, საშინელ შეურაცხყოფას აყენებს თავის საუკეთესო მეგობარს, მონასტერში ან საცეკვაო დარბაზში მიდის, უჩინარდება ან თავს იხრჩობს, ან ლექსებს და სიმღერებს წერს, ან ცოლს კოცნის, მაშინ, როცა ქალს ეს არ უთხოვია, ან მთელ თავის დანაზოგს რომელიღაც მიკრობისთვის ბრძოლას სწირავს. შემდეგ პერიფერიული სული ბუნდება და ჩვენ წინაშე კვლავ გაწონასწორებული მოქალაქე დგას. ყველაფერი, რაც მოხდა, მხოლოდ მისი ეგოს ამბოხი იყო, წესრიგის წინააღმდეგ მიმართული. შედეგად ადამიანის ატომები შეინჯღრა და მიმოიფანტა, რათა კვლავ მოენახათ თავიანთი კუთვნილი ადგილი.

ოცდაორი წლისა იყო და ამ დროს ახალგაზრდები თავიანთ მწუხარებას სამოსივით არ ატარებენ, როგორც ეს უფროსი ასაკის ადამიანებისთვისაა დამახასიათებელი. ახალგაზრდებისთვის მწუხარებას თავისი პერიოდი აქვს, რის მერეც მის ადგილს უფრო მწვავე შეგრძნებები იჭერს.

მთხრობლის ხელოვნება ის არის, რომ დაუმალოს მსმენელს ყველაფერი, რის გაგებაც მას სურს, სანამ თავის მოსაზრებებს არ გადაუშლის ისეთი რამეების შესახებ, რასაც თხრობის საგანთან არავითარი კავშირი არ აქვს. კარგი მოთხრობა მწარე აბია, რომელიც შიგნიდანაა მოშაქრული და არა გარედან.

ტროპიკული ქვეყნის პრეზიდენტის მდივნობა ადვილი საქმე არ გახლავთ. ის დიპლომატიც უნდა იყოს, ჯაშუშიც, დესპოტიც და თავისი შეფის მცველიც. ყველაფერს უნდა ყნოსავდეს - სადმე ამბოხების სუნი ხომ არ ტრიალებს. ხშირად სწორედ მდივანი დგას ტახტის უკან, მის ხელშია ნამდვილი ძალაუფლება და სწორედ ის განსაზღვრავს პოლიტიკას. და, რა გასაკვირია, რომ, როცა მდივნის შერჩევა სჭირდება, პრეზიდენტი გაცილებით მეტ ყურადღებას იჩენს, ვიდრე ცხოვრების თანამგზავრის შერჩევისას?!

ჯენტლმენს არ შეუძლია იმ ადამიანის დაშანტაჟება, რომელთან ერთადაც სვამს.

დღე-ღამის რა დროსაც უნდა აჩვენებდეს საათის ისარი, ფულის ამოღება ყოველთვის შეიძლება.

სამხრეთის რასებს არა აქვთ ის თავისებური იუმორი, რომელიც ადამიანთა ბუნებრივ ნაკლსა და გაჭირვებას აქილიკებს. ამგვარი იუმორის არარსებობა იმით აიხსნება, რომ (მათი ჩრდილოელი ძმებისგან განსხვავებით) ისინი არასოდეს დასცინიან შეშლილებს, ავადმყოფებს და ინვალიდებს.

პირველი ნიშანი მოსალოდნელი რევოლუციისა ის არის, რომ სახელმწიფო გამუდმებით ითხოვს ჩვენგან პესოს, პესოს და კიდევ პესოს, თვითონ კი ერთ რეალსაც არ იხდის.

სისულელეა, აბდაუბდა, მაგრამ ეს არის ცხოვრება!

ყველასთვის ნათელია, რომ ნეობის კურსი არისტოკრატიული განათლების პროგრამაში აუცილებელი საგანი არ არის.

ხიდან ჩამოვარდნილმა ფორთოხალმა გამაღვიძა, რომელიც ზედ ცხვირზე დამეცა. ძალიან გავბრაზდი და წყევლა დავუწყე ისააკ ნიუტონს - თუ ვინც იყო, მიზიდულობის კანონი რომ აღმოაჩინა - რომ თავისი თეორია ვაშლებით არ შემოფარგლა.

ჯენტლმენი ვერ დალევს იმ კაცთან, რომელსაც აშანტაჟებს.

როგორც კი ძეხვი ვან-დეიკის ყავისფერ დაიკრავს, მაშინვე უნდა გადმოიღო, თორემ მერე აღარ ვარგა.

„კოდაკი“ უფრო ძლიერად მოქმდებს ადამიანებზე, ვიდრე ბრილიანტის ქინძისთავი ჰალტუხში ან ტიტული.

ამბობენ, ადამიანმა ცხოვრება მთელი სისრულით რომ შეიცნოს, სიღარიბე, სიყვარული და ომი უნდა გამოსცადოსო. შესაძლოა, ეს მართლაც ასეა, მაგრამ არა ყველაფერი ერთად, ერთდროულად.

ბრბოს ჯერ ახალი კერპი სჭირდება, სანამ ძველს გაანადგურებდეს.

ინგლისურიდან თარგმნა გია ბერაძემ