კურტ ვონეგუტი - გალაპაგოსი

„მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მჯერა, რომ ადამიანები სულის სიღრმეში კარგები არიან“, - ანა ფრანკი (1929-1944)

მილიონი წლის წინ, (1986 წელს), იმ შორეულ წარსულში თითქმის ყველა ინდივიდის ტვინი დაახლოებით სამ კილოგრამს იწონიდა! საზღვარი არ ჰქონდა იმ ბოროტებებს, რომლებიც ასე უზომოდ დიდ სააზროვნო აპარატს შეეძლო ჩაეფიქრებინა და განეხორციელებინა.

შეიძლება თუ არა ეჭვის შეტანა იმაში, რომ ადამიანთა მოდგმის ევოლუციის თვალსაზრისი სამკილოგრამიანი ტვინი თითქმის საბედისწერო დეფექტი იყო? და კიდევ ერთი შეკითხვა: გარდა ჩვენი უკიდურესად გართულებული ნერვული სისტემისა, კიდევ რა იყო წყარო იმ ბოროტმოქმედებებისა, რომელიც ყველგან ხდებოდა იმ ეპოქაში? ჩემი პასუხი ასეთია: არავითარი სხვა წყარო არ არსებობდა. ეს უზომოდ დიდი ტვინები რომ არა - დედამიწა ერთი უწყინარი პლანეტა იქნებოდა.

***

ბროშურაში, რომელიც უფრო ბუნების მოყვარულებზე იყო გათვლილი, ვიდრე სიამოვნების მაძიებლებზე, მოყვანილი იყო დარვინის მიერ გალაპაგოსის ტიპური ლანდშაფტის აღწერა მისი პირველი წიგნიდან „მოგზაურობა „ბიგლით“.

„პირველ დანახვაზე იფიქრებ, ამაზე უსახური რაღა უნდა იყოსო. ბობოქარ ტალღებში მოქცეული, ღრმა ნაპრალებით დაღარული, დამჭკნარი, მზისგან გამომწვარი ჩირგვნარით მთლიანად დაფარული შავი ბაზალტის ლავის უსწორმასწორო ველი თითქმის არ ამჟღავნებს სიცოცხლის ნიშანწყალს. მშრალი და შუადღის მზისგან გავარვარებული ქვის ზედაპირი ჰაერს ახურებს და ისე ხუთავს, თითქოს მხურვალება ღუმლიდან მოდიოდეს. ჩვენ ისიც კი მოგვეჩვენა, რომ ბუჩქებს უსიამო სუნი ასდიოდა“.
...

შემდეგ დარვინი განაგრძობს:

„მთელ ზედაპირში ...როგორც საცერში, მიწისქვეშა ანაორთქლები აღწევენ. ხან აქ, ხან იქ, ჯერ კიდევ რბილი ლავა უზარმაზარ ბუშტებს ქმნის. სხვა ადგილებში ასეთნაირად შექმნილი გამოქვაბულების კამარები ჩამოიქცა და მათ ადგილზე ციცაბოკიდეებიანი მრგვალი კრატერები დარჩა“. ის წერს, რომ ამ სანახაობამ მოაგონა „...სტაფორდშირის ის ადგილები, სადაც სამსხმელო ღუმელების რაოდენობა ყველაზე მეტია“.

***

დარვინს კუნძულები არ შეუცვლია, - ადამიანებს დამოკიდებულება შეცვალა მათ მიმართ. აი, ასეთი მნიშვნელობა ჰქონდა აზრებს დიდი ტვინების ეპოქაში. უფრო მეტიც, ზოგიერთ აზრს შესაძლოა უფრო მეტი გავლენა ჰქონოდა ადამიანების ქმედებებზე, ვიდრე ფაქტებს - ექვემდებარებოდნენ რა ისეთ მოულოდნელ ცვლილებებს,როგორსაც ფაქტები ვერ გაუძლებენ. მაგალითად, გალაპაგოსის კუნძულები შეიძლებოდა უცებ ჯოჯოხეთად გამოცხადებულიყო და მერე, სულ მალე - სამოთხედ, იულიუს კეისარი შეიძლებოდა სახელმწიფო მოხელედ ჩაეთვალათ და მერე კი მალევე - ყასბად. ასევე ეკვადორულ ქაღალდის ფულს, რომლითაც შეგეძლო საკვები, ტანსაცმელი და სხვადასხვა ნივთი შეგეძინა, უცებ ჩიტებს დაუფენდნენ გალიებში, სამყარო კი, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ ყოვლისშემძლე ღმერთის ქმნილებად ითვლებოდა, მოულოდნელად უზარმაზარი კოსმოსური აფეთქების შედეგად დაქცეულიყო და ა.შ. ახლა, დაქვეითებული გონებრივი უნარის წყალობით, აზრის ჭინკები ადამიანებს ვერ აიძულებენ, ყურადღება გადაატანინონ თავიანთი ცხოვრების მთავარი საქმიდან.

შიმშილი ადამიანის უზომოდ დიდი ტვინის პროდუქტი იყო აშკარად, ისევე, როგორც ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონია.

რაც შეეხება იმ იდუმალებით მოცულ ენთუზიაზმს, რომლითაც ადამიანები მილიონი წლის წინ ცდილობდნენ ტექნიკისთვის ადამიანის მოღვაწეობის რაც შეიძლება მეტი სფერო მიენდოთ, რა არის ეს, თუ არა კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ მათი ტვინები სრულიად უვარგისი იყო.

- იცი, რა არის ადამიანის სული? ცხოველებს სული არ აქვთ. ის შენი არსების ნაწილია, რომელსაც შეუძლია ჩასწვდეს იმას, რასაც ტვინი ვერ სწვდება. პირადად მე ეს ყოველთვის ვიცოდი, არაფრის გაკეთება არ შემეძლო, მაგრამ ვიცოდი.

„მცირე დაუდევრობასაც კი შეიძლება დიდი უბედურება მოჰყვეს... ლურსმნის უქონლობის გამო, ნალი კარგავდა მნიშვნელობას, ნალის უქონლობის გამო - ცხენი, ცხენის არყოლის გამო - მხედარი“, - ბენჯამინ ფრანკლინი (1707-1790)

დაბადებიდან სულ რაღაც ცხრა თვის შემდეგ ადამიანებს ისიც კი აღარ აინტერესებთ, მათი დედა ვინ არის.

არ ვიცოდი, სპერმა რა იყო და ამიტომ მისი პასუხი ჩემთვის კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში გამოცანად დარჩა. „ჩემო ბიჭუნავ, - მითხრა მამამ, შენ ხარ შთამომავალი გაბედული და საზრიანი მიკროსკოპული თავკომბლაებისა, რომელთაგან თითოული გამორჩეული იყო თავის მოდგმაში“.

„ბევრი ვალი დამიგროვდა. აღარაფერი გამაჩნია. ყველაფერს ღარიბებს ვუტოვებ“, - ფრანსუა რაბლე (1494-1553)

რატომ იყო, რომ ბევრი ჩვენგანი მილიონი წლის წინ დროდადრო განზრახ იშორებდა თავიდან თითქმის ყველა ფიქრს ალკოჰოლის საშუალებით, საიდუმლოებითაა მოცული. შესაძლოა ამ ხერხით ვცდილობდით, ევოლუციისთვის სასურველი მიმართულებით ტვინის ზომის შემცირებისთვის მიგვეცა ბიძგი.

მახსოვს, მე თავად როგორი ვიყავი თექვსმეტი წლის ასაკში. მუდმივი სექსუალური აღგზნება ჩემთვის ჯოჯოხეტად იყო ქცეული, ორგაზმს კი მაშინაც, როგორც ახლა, შვება არ მოჰქონდა. სულ რაღაც ათი წუთი გავიდოდა ორგაზმის შემდეგ და მერე რა უნდა გექნა? არაფერი შველოდა ისევ ორგაზმის გარდა. არადა, გაკვეთილებიც ხომ უნდა მოგემზადებინა.

ადამიანებს უყვართ ტრაბახი იმის შესახებ, რომ გადარჩენის უნარს ფლობენ, თითქოს ეს რაღაც განსაკუთრებული რამ იყოს. მხოლოდ გვამი ვერ დაიტრაბახებს ამ უნარით.

რაც უფრო მეტს გაიგებ ადამიანების შესახებ, მით უფრო საზიზღრად მოგეჩვენება ისინი. მე ვფიქრობდი, იმ ფაქტმა, რომ შენი ქვეყნის ბრძენთაბრძენებმა დაუსრულებელ, უმადურ და უაზრო ომში გაგგზავნეს, საშუალება მოგვცა, უფრო ღრმად ჩაგეხედა ადამიანების ბუნებაში, რომ ეს ცოდნა მთელი მარადისობა გყოფნოდა! არის კი საჭირო, გითხრა, რომ ეს შესანიშნავი ცხოველები, რომელთა შესახებ აშკარაა შენ სულ უფრო და უფრო მეტის გაგება გსურს, ახლა, სწორედ ამ წამს, მასხარებივით სიამაყით არიან აღვსილი იმის გამო, რომ მათი იარაღი სამიზნისკენაა მიმართული, მზადაა ნებისმიერ წუთს გაისროლოს და გარანტირებულად გაანადგუროს ყველაფერი ცოცხალი? საჭიროა კი იმის თქმა, რომ ეს ოდესღაც მშვენიერი და ნაყოფიერი პლანეტა, ახალ სიმაღლიდან რომ გადმოხედო, როი ჰეპბერნის სხეულის სენმოდებულ ორგანოებს მოგაგონებს აუტოფსიისას გაჭრილს, და მკვეთრად გამოხატული სიმსივნური წარმონაქმნები, რომლებიც მხოლოდ იმიტომ იზრდებიან, რომ გაიზარდონ და ყველაფერი შთანთქონ და მოწამლონ ირგვლივ?.. საჭიროა კი იმის თქმა, რომ ამ ცხოველებმა ისე გააპარტახეს ყველაფერი რომ თვით მათ შვილიშვილებსაც არ ელით შესაშური მომავალი და სასწაული იქნება, თუ ორი ათასი წლისთვის (მანამდე კი სულ რაღაც თოთხმეტი წელია დარჩენილი) კიდევ დარჩება ჯანმრთელი და სასიამოვნო საკვები? ამ დაწყევლილი გემის მგზავრების მსგავსად, ჩემო ბიჭუნა, მათ სათავეში უდგანან კაპიტნები, რომელთაც არც რუკა გააჩნიათ და არც კომპასი და გამუდმებით ერთი ფიქრით არიან შეპყრობილნი: როგორმე პატივისცემა შეინარჩუნონ...

სწორედ ეს იყო, ჩემი აზრით, ყველაზე სატანური წარსული ეპოქის ადამიანების დიდ ტვინებში. ისინი თავიანთ მფლობელებს შთააგონებდნენ: „ამის გაკეთება სიგიჟე იქნებოდა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ასე არ მოვიქცევით. უბრალოდ, თავს თუ გაირთობ ამაზე ფიქრით“. და შემდეგ, თითქოს ტრანსში იყვნენ, სწორედ იმას სჩადიოდნენ: მონებს აიძულებდნენ კოლიზეუმში ებრძოლათ და ერთმანეთი დაეხოცათ, ან ვიღაცას მოედანზე წვავდნენ იქაური მოსახლეობისთვის მიუღებელი შეხედულებების გამო, ან ქარხნებს აშენებდნენ, რომელთა ერთადერთი მიზანი ადამიანების მასობრივი განადგურების იარაღის გამოშვება იყო, ან მთელ ქალაქებს აფეთქებდნენ და ა.შ. და ა.შ.

„უამრავი ადამიანი მშვიდ სასოწარკვეთაში ატარებს ცხოვრებას“, - ჰენრი დევიდ თორო (1817-1862)

ახლანდელმა ადამიანებმაც იციან თუ არა,რომ ადრე თუ გვიან სიკვდილი მოუწევთ? არა. საბედნიეროდ (ჩემი მოკრძალებული აზრით), ადამიანთა მოდგმამ ეს საბოლოოდ დაივიწყა.

მთარგმნელი გია ბერაძე