ჯ.რ.რ. ტოლკინი - ბეჭდების მბრძანებელი - ბეჭდის საძმო

სამი ბეჭედი - ცის ქვეშ მსუფევ მეფეებს ელფთა,
შვიდი - ჯუჯათა მთავრებს: კლდეში ფლობენ დარბაზთა ჯარსა,
ცხრა - მოკვდავთ, ვინაც უნდა მოსრას სიკვდილის ცელმა,
ხოლო ერთი კი შავ მბრძანებელს, შავ ტახტზე მჯდარსა
მორდორის მხარეს, სადაც შუქი ჩაყლაპა ბნელმა.
ერთი ბეჭედი დაჯაბნის ყველას, ერთი ბეჭედი მოძებნის ყველას,
ერთი ბეჭედი შეკრებს ბნელში და ჯაჭვად შეკრავს
მორდორის მხარეს, სადაც შუქი ჩაყლაპა ბნელმა.* 

ჰობიტებთან მთავარია გახსოვდეს, ვინ, ვის, როგორ ენათესავება. [...] ჰობიტები ძველთაგანვე მეფის დადგენილი უძველესი კანონებით ცხოვრობდნენ და ზედმიწევნითაც ასრულებდნენ, ვინაიდან ეს „წესები“ (ასე უწოდებდნენ ისინი კანონებს), მათი აზრით, ყველაზე სამართლიანი იყო. [...] ჰობიტები დაახლოებით ას წლამდე მაინც ცოცხლობდნენ.

მცენარის მოწევის ხელოვნების სამშობლო და ცენტრი, შეიძლება ითქვას, იყო სერის ძველისძველი ფუნდუკი „ყალყზე შემდგარი პონი“, რომელიც უხსოვარი დროიდან ქონდარების ოჯახის კუთვნილება გახლდათ.

22 სექტემბერს, ბილბოსა (111 წლის ხდებოდა) და ფროდოს დაბადების დღეს, ფროდო ჯერ კიდევ ყმაწვილობის ასაკში იყო, ანუ, როგორც ჰობიტები ეძახიან, ოციდან ოცდაცამეტ წლებს შორის შუალედს, როცა ბავშვობიდან სწროლწლოვანებაში გადადიან. [...] ჰობიტები თავიანთ დაბადების დღეებზე იქით აძლევენ ხოლმე სტუმრებს საჩუქრებს. [...]ჰობიტების სოროები მუდამ ივსებოდა ხარახურით: უმეტესად სწორედ ამის გამო გაჩნდა დაბადების დღეებზე საჩუქრების გაცემის ჩვეულება. საჩუქრები ყოველთვის არ იყო ახალი: გაურკვეველი დანიშნულების ერთი-ორ ძველისძველ მასომს მთელი ის მხარე ჰქონდა შემოვლილი.

ჯადოსნური ბეჭდები, კი, მართალია, ჯადოსნური თვისებების მქონენი არიან, მაგრამ ბევრი სხვა უცნაურობაც ახასიათებთ.

ანდერს, ისე, როგორც ჰობიტური წესი და რიგი მოითხოვდა, სხვა ყველაფერთან ერთად, მასზე შვიდ მოწმეს წითელი მელნით ჰქონდა ხელი მოწერილი.

უცნაური ნივთის მფლობელნი მათი ხშირი გამოყენებისას თავადაც უცნაურები ხდებიან.

ზღაპრები ხომ ისე, უბრალოდ არ შეუთხზავთ?

ბეჭდები იმდენად ძლევამოსილია, ნებისმიერი მოკვდავის გატეხა შეუძლია. ვინც მას ფლობს, თავად ეუფლება მას. დიდი ხნის წინ ერეგიონში უამრავი ელფური ბეჭედი დაამზადეს, სხვადასხვანაირი ჯადოსნური ბეჭედი, როგორც მათ უწოდებთ. ზოგს უფრო მეტი ძალა ჰქონდა, ზოგს - ნაკლები. ნაკლებად ძლევამოსილები მხოლოდ და მხოლოდ საცდელი ნიმუშები იყო ელფი მჭედლებისთვის, თუმცა მაინც საშიში - მოკვდავთათვის, ხოლო დიადი ბეჭდები, ძალაუფლების ბეჭდები, მოკვდავდათთვის დამღუპველია. მოკვდავი, რომელიც დიად ბეჭედს ფლობს, არ კვდება, მაგრამ არც იზრდება, მისი სიცოცხლე უბრალოდ, ჭიანურდება, სანამ ბოლოს, ცხოვრების ყოველი წუთი საძულველი არ გახდება მისთვის. და თუკი მოკვდავი ხშირად იყენებს ბეჭედს, რათა გაუჩინარდეს, ის უფერულდება: ბოლოს სამუდამოდ უჩინრად იქცევა და ბნელში მოქცეული მხოლოდ ბეჭდების მმართველი და ბნელი ძალისთვის იქნება ხილული. დიახ, თუ ის ძლიერი და ალალ-მართალი ბუნებისა იყო - ადრე თუ გვიან, მოკვდავი ამ თვისებებს დაკარგავს და მას ბნელი ძალა დაიმონებს.

მთავარ ბეჭედს თვალყურის დევნება სჭირდება, რადგან ნებისმიერ დროს შეუძლია, ზომის ან წონის შეცვლა: ერთ წუთს თითზე რომ კარგად გერგება, მეორე წუთს შეიძლება ანაზდად მოგძვრეს და დაიკარგოს.

სარუმან თეთრი უდიადესია ბრძენთა შორის, ჯადოქრების ორდენისა და თეთრი საბჭოს თავია. მისი სიბრძნე ღრმაა, მაგრამ ცოდნის გაღრმავებასთან ერთად გაიზარდა მისი ამპარტავნობა, რის გამოც არ უყვარს, როცა ჭკუას არიგებენ. მისი მოწოდება ელფური ბეჭდების - ძლევამოსილებისა და სუსტების - საიდუმლოში გარკვევაა. დიდი ხანი სწავლობდა მათი შექმნის საკითხებს.

ბრძენთაგან მხოლოდ მე შევისწავლე ჰობიტები, - თქვა გენდალფმა, - და, ჩემთვისდა მოულოდნელად, მათში გასაოცარ თვისებებს წავაწყდი. გგონია, კარაქივით რბილნი არიან, მაგრამ ზოგჯერ ხის ფესვებივით უხეშები ხდებიან. ჩემი აზრით, ზოგიერთ მათგანს უფრო მეტხანს ძალუძს შეეწინააღმდეგოს დიად ბეჭდებს, ვიდრე ნებისმიერ ბრძენს ჰგონია.

***

ბეჭდის ირგვლივ - შიგნითაც და გარეთაც - ფროდომ კალმით ნაწერზე უფრო ლამაზი სტრიქონები შეამჩნია: ცეცხლოვანი ასოებით დაწერილი წარწერა. ასოები მუქ-ალისფრად კაშკაშებდნენ, თითქოს სადღაც სიღრმიდან ანათებენო. ეს უძველესი ელფური ასოებია, თუმცა ენა მორდორისაა. საერთო ენაზე წარწერა დაახლოებით ასე ითარგმნება:

ერთი ბეჭედი დაჯაბნის ყველას, ერთი ბეჭედი მოძებნის ყველას,
ერთი ბეჭედი შეკრებს ბნელში და ჯაჭვად შეკრავს.

ეს მხოლოდ ორი ხაზია ცნობილი ელფური ლექსისა:

სამი ბეჭედი - ცის ქვეშ მსუფევ მეფეებს ელფთა,
შვიდი - ჯუჯათა მთავრებს: კლდეში ფლობენ დარბაზთა ჯარსა,
ცხრა - მოკვდავთ, ვინაც უნდა მოსრას სიკვდილის ცელმა,
ხოლო ერთი კი შავ მბრძანებელს, შავ ტახტზე მჯდარსა
მორდორის მხარეს, სადაც შუქი ჩაყლაპა ბნელმა.
ერთი ბეჭედი დაჯაბნის ყველას, ერთი ბეჭედი მოძებნის ყველას,
ერთი ბეჭედი შეკრებს ბნელში და ჯაჭვად შეკრავს.
მორდორის მხარეს, სადაც შუქი ჩაყლაპა ბნელმა.  

***

ერთადერთი, რისი გადაწყვეტაც ჩვენ ძალგვიძს, არის ის, თუ რა ვუყოთ თითოეული ჩვენგანისთვის ბოძებულ დროს.

***

იმისათვის, რომ საურონ დიდმა, შავმა მბრძანებელმა მთელი თავისი ცოდნა და ძალა აღიდგინოს, ყოველგვარი წინააღმდეგობა დაძლიოს, გატეხოს უკანასკნელი დაცვითი ზღუდეები და მთელი შუახმელეთი ხელმეორედ წყვდიადით დაფაროს, მტერს ერთი რაღაც აკლია - და ეს რაღაც ძალაუფლების ბეჭედია.

სამი ბრწყინვალე ბეჭდის მტრისგან დამალვა ელფმა დიდებულებმა შეძლეს, ამიტომ მისი შავი ხელის შეხებისგან არასოდეს წაბილწულან. იმ შვიდი ბეჭდიდან, როლებსაც ჯუჯები ფლობდნენ, სამი საურონმა ხელში ჩაიგდო, ხოლო დანარჩენები დრაკონებმა შემუსრეს. ცხრა ბეჭედი საურონმა მოკვდავ ადამიანებს გადასცა, ყველაზე ამპარტავნებსა და დიადებს, რათა თავისთვის დაემორჩილებინა. უხსოვარ დროს მოექცნენ ისინი მმართველი ბეჭდის გავლენის ქვეშ და ბეჭდის აჩრდილებად იქცნენ, აჩრდილებად და უსაზარლეს მსახურებად წყვდიადის მეუფისა. უკვე მრავალი წელია, რაც ცხრა მოჩვენება დღის შუქზე მოსიარულე არავის უნახავს. მაგრამ ვინ იცის? რაც უფრო გაიზრდება წყვდიადი, ალბათ ისინიც კვლავ შეგვახსენებენ თავს.

[...]

ახლა ასეთი მდგომარეობაა: ადამიანთა ცხრა ბეჭედი საურონის განკარგულებაშია, ასევე მის ხელთაა ჯუჯათა შვიდი ბეჭდიდან განადგურებას გადარჩენილები. სამი ბეჭედი მისგან დამალულია, მაგრამ ეს უკვე აღარ ანაღვლებს. მას მხოლოდ ძალაუფლების ბეჭედი სჭირდება, ვინაიდან ის თვითონ გამოჭედა, მისი კუთვნილებაა, მასში თავისი უძველესი ძალის უდიდესი ნაწილი აქვს ჩადებული, რათა ყველა ბეჭდის მართვა შესძლებოდა. თუ საურონი ამ ბეჭედს დაიბრუნებს, კვლავ ბეჭდების მბრძანებელი გახდა და, სადაც უნდა ჰქონოდეთ გადამალული, სამ ელფურ ბეჭედსაც დაიმორჩილებს და, ყოველივე რაც მათი დახმარებით შეიქმნა, ხუხულასავით დაიშლება. საურონი უწინდელივით ძლიერი გახდება.

[...]

საურონს ეგონა, ძალაუფლების ბეჭედი აღარ არსებობს, რომ ელფებმა გაანადგურეს, როგორც საჭიროება მოითხოვდა, მაგრამ ახლა იცის, რომ ბეჭედი არ განადგურებულა და უკვე ნაპოვნია. საურონი ეძებს მას, ეძებს და მთელი გულისყური მისკენ აქვს მიპყრობილი. ბეჭედი მისი ყველაზე დიდი იმედი და ჩვენი ყველაზე დიდი ხიფათია.

[...]

საურონი ელფთა მეფე გილ-გალადმა და შორდასავლეთის ადამიანთა ხელმწიფე ელენდილმა დაამარცხეს, მაგრამ თავადაც დაეცნენ ბრძოლის ველზე; ხოლო ისილდურმა, ელენდილის ვაჟმა, წაჰკვეთა საურონს ბეჭედი ხელიდან და მიისაკუთრა. საურონი ძლეულ იქნა, მისი უსხეულო სული კი დიდხანს იმალებოდა, სანამ მისმა აჩრდილმა ბნელტევრში ისევ ახალი სახე არ მიიღო.

თუმცა ბეჭედი დაიკარგა, დიდ მდინარეში, ანდუინში ჩავარდა და გაქრა. ისილდურს, რომელიც ჩრდილოეთში მდინარის აღმოსავლეთ ნაპირებს გაყოლებით მიდიოდა, ზამბახის მინდვრებს მიახლოებულს, მთის ორკებმა მოუჭრეს გზა და თითქმის მთელი რაზმი ამოუხოცეს. თავად ისილდური მდინარეში გადახტა და უჩინრად აპარებდა მტრისგან დასხლტომას, მაგრამ ცურვისას ბეჭედი თითიდან მოძვრა, ორკებმა დაინახეს და ისრებით ჩაცხრილეს წყალში.

[...]

და იქ, ზამბახის მინდვრებთან, შავ ლელიანში, ბეჭედი დიდი ხნით გაუჩინარდა და ლეგენდად გადაიქცა. აი, ყველაფერი, რაც ბეჭედზე არის ცნობილი, თანაც არცთუ ბევრისთვის, მეტის გაგება კი ვერც ბრძენთა საბჭომ მოახერხა.

[...]

რამდენიმე ათასწლეულის შემდეგ, თუმცა მაინც ძალიან დიდი ხნის წინ, ველური მხარის კიდეზე, დიდი მდინარის ნაპირებთან, ხელმარჯვე და ფეხჩუმი პატარა ერი ბინადრობდა. ჩემი რწმენით, ისინი ჰობიტებს ენათესავებოდნენ, ალბათ, ჯანიანების შორეული წინაპრები გახლდნენ, ვინაიდან მდინარე უყვარდათ, ლერწმისგან პატარა ნავებს აგებდნენ და წყალში დაცურავდნენ. მათ შორის ერთი მრავალსულიანი და შეძლებული ოჯახი ცხოვრობდა, რომელიც გამორჩეული პატივისცემით სარგებლობდა. ოჯახს მკაცრი, განსწავლული ბებია მართავდა. ოჯახის ყველაზე გაქნილსა და ცნობისმოყვარე წევრს სმეაგოლი ერქვა. მას ფესვები და სათავეები აინტერესებდა: ღრმა წუმპეებში იქექებოდა, ხისა და მცენარეების ძირებში ძვრებოდა, გორაკების ფერდობებზე თხუნელასავით თხრიდა გვირაბებს, მაგრამ ზევით არასოდეს იყურებოდა, მთის მწვერვალებს, ხის ფოთლებსა და ყვავილებს მუდამ მზერას არიდებდა. ყოველთვის თავდახრილი დადიოდა და მიწას დაშტერებოდა.

სმეაგოლს თავისნაირი ბუნების მეგობარი ჰყავდა, დეაგოლი, ძალზე მახვილთვალება, თუმცა ნაკლებად სწრაფი და ღონიერი. ერთხელ, მათ ნავით ზამბახის მინდვრებისკენ გაცურეს, სადაც ბევრი ზამბახი და ლერწამი იზრდებოდა. სმეაგოლი ნაპირზე გადახტა და იქაურობის მისაჩხრეკ-მოსაჩხრეკად გაემართა, დეაგოლი კი ნავში დარჩა და თევზაობას შეუდგა: უეცრად ანკესის კავს ვეება თევზი გამოედო და, სანამ დეაგოლი რამეს მიხვდებოდა, ნავიდან წყალში გადაითრიეს და მდინარის ფსკერთან გაიყოლეს. ფსკერზე დეაგოლს მოეჩვენა, რომ კაშკაშა რამ დაინახა, ანკესს ხელი უშვა, სუნთქვა შეიკრა და ამ რაღაცას ხელი სტაცა.

როცა დეაგოლმა ფურთხებ-ფურთხებით მდინარიდან ამოყვინთა და ნაპირისკენ გაცურა, თმა წყალმცენარეებით ჰქონდა სავსე და მუჭი - ტალახით. ხმელეთზე მუჭიდან ტალახი ჩამოირეცხა და - ჰოი, საოცრებავ! - ხელისგულზე მშვენიერი ოქროს ბეჭედი ედო, რომელიც მზის სხივებზე ისე ბრწყინავდა და კაშკაშებდა, რომ დეაგოლს გული სიხარულით აევსო. მაგრამ მას ხეს ამოფარებული სმეაგოლი უთვალთვალებდა და, სანამ დეაგოლი ბეჭდის ალერსით იყო გართული, უკნიდან მიპარა მას.

- მოგვეცი ეგ ჩვენ, დეაგოლ, ჩემო კარგო, - მოითხოვა მეგობრის მხარს ზევიდან მაცქირალმა სმეაგოლმა.
- რატომ? - ჰკითხა დეაგოლმა.
- იმიტომ, რომ დღეს ჩემი დაბადების დღეა, ჩემო კარგო, და მინდა, - მიუგო სმეაგოლმა.
- აი, დარდი! - თქვა დეაგოლმა, - უკვე მოგეცი საჩუქარი, თანაც ძალიან ძვირფასი. ეს კი მე ვიპოვე და ჩემთვის დავიტოვებ.
- ოჰ, ნუთუ, ჩეო კარგო? - თქვა სმეაგოლმა, დეაგოლს ყელში სწვდა და გაგუდა. ოქროს ბეჭედი ხომ ისეთი ბრწყინვალე და ლამაზი იყო. მერე ბეჭედი თითზე გაიკეთა.

ვერავინ გაიგო, რა მოუვიდა დეაგოლს; ის სახლიდან შორს გამოსალმეს სიცოცხლეს, გვამი კი ეშმაკურად დამალეს, ხოლო სმეაგოლი შინ დაბრუნდა და აღმოაჩინა, რომ ოჯახის ვერც ერთი წევრი ვერ ხედავდა მას, როცა ბეჭედი ეკეთა. ძალზე კმაყოფილი დარჩა თავისი აღმოჩენით და არავისთვის არაფერი გაუმხელია. ბეჭედს საიდუმლოებების დასადგენად, ხოლო ცოდნას ავისა და ცუდის საკეთებლად იყენებდა. ყველას თვალთვალი და მიყურადება დაიწყო, რამაც მახვილი მზერა და სმენა განუვითარა. ბეჭედმა მისივე ზომების შესაბამისი ძალით დააჯილდოვა. რა გასაკვირია, რომ ახლობლები დაემდურნენ და ახლოს არ იკარებდნენ სმეაგოლს (როდესაც ხილული იყო). მას წიხლს ურტყამდნენ, ის კი ფეხზე კბენდა. მერე ქურდობას მიჰყო ხელი, თავისთვის ბურყუნებდა და ბოროტად ბუყბუყებდა. ამის გამო გოლლუმი შეარქვეს, დასწყევლეს და მათგან მოშორება უბრძანეს. ბებიამაც, რომელსაც ოჯახში არეულობა არ სურდა, სოროდან გააძევა და უკან დაბრუნება აუკრძალა.

ასე დაძრწოდა გოლლუმი სრულიად მარტოდმარტო ანდუინის ნაპირებთან და ცოტა ხანს საკუთარ უბედობასა თუ სამყაროს სისასტიკეზე მოთქვამდა. ერთხელაც, მთიდან ჩუხჩუხით მორბენალ, დიდი მდინარის პატარა შენაკადს მიადგა და დინებას აღმა აუყვა. უჩინარი თითებით იჭერდა მდინარეში თევზებს და უმად მიირთმევდა. ერთ დღეს, როცა ძალიან ცხელოდა, გუბურის თავზე დახრილს კეფა გაუხურდა, მოკაშკაშე წყალმა კი სველი თვალები აუწვა. გოლლუმი ძალიან გაოცდა, რადგან თითქმის აღარ ახსოვდა ქვეყნად მზის არსებობა. მაშინ მან უკანასკნელად აიხედა ზევით და მზეს მუქარის ნიშნად მუშტი მოუღერა.
მერე, როცა მზერა დაბლა დაუშვა, ნისლიანი მთების მწვერვალებს მოჰკრა თვალი, რომლებიდანაც ნაკადი მოედინებოდა. და უცებ გაიფიქრა: „მთების ქვეშ, ალბათ, ბნელა და ცივა. მზე ვერ დამინახავს. მთების ფესვები მართლაც რომ დიდებული სანახავი იქნება. თანაც უხსოვარი დროიდან იქ დამარხულ საიდუმლოებებზე მხოლოდ ჩვენ გვეცოდინება“.

ღამით მთებში ავიდა და პატარა გამოქვაბული იპოვა, საიდანაც ბნელი ნაკადი გამოდიოდა, ჭიასავით შეძვრა კლდეთა სიღრმეებში და ქვეყნიერების პირიდან გაუჩინარდა. ბეჭედიც მასთან ერთად შთაინთქა წყვდიადში და ამგვარად, თვით მისმა შემქმნელმა, როდესაც იგი კვლავ გაძლიერდა, ვერაფერი შეიტყო.

[...]

მთისქვეშეთის ყველა „დიდი საიდუმლო“ ცარიელ წყვდიადად გარდაისახა: მოსაძებნი და გასაფუჭებელი არაფერი ჰქონდა, დარჩა მხოლოდ ჭამა, რათა შიმშილი დაეკმაყოფილებინა, და გარდასულ დღეთა მოგონებები. ყველაფერი მოჰბეზრდა. მას სძულდა წყვდიადი, სინათლე კი - უფრო მეტად; მას სძულდა ყოველივე, ყოველივეზე მეტად კი - ბეჭედი.

[...]

მას ეზიზღებოდა და უყვარდა ბეჭედი, ისევე, როგორც ეზიზღებოდა და უყვარდა საკუთარი თავი. მას არ ძალუძდა ბეჭდის თავიდან მოშორება, საამისო ნება არ გააჩნდა.

ძალაუფლების ბეჭედი თავისი თავის მცველია. ეს თვითონ შეუძლია, მუხანათურად წაგძვრეს თითიდან, თორემ მფლობელი არასდროს გადააგდებს მას, დიდი-დიდი, ვინმეს ხუმრობით გადასცეს შესანახად - ისიც, მხოლოდ საწყის ხანს, სანამ სავსებით არ დაბრმავებია გონება.

[...]

გოლუმი კი არა, ბეჭედი წყვეტდა საქმეებს. ეს, ბეჭედმა დატოვა გოლლუმი.

[...]

ბეჭდის მთელი ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში ეს იყო ყველაზე მოულოდნელი შემთხვევა: ზუსტად შესაბამის წუთს ბილბოს იქ ყოფნა და წყვდიადში ბეჭდის პოვნა.

ყოველივე სულ უცხო ძალის ჩარევით მოხდა. ბეჭედი თავის ბატონთან დაბრუნებას ცდილობდა. ისილდურს თითიდან მოსძვრა და უღალატა მას; მერე, შესაძლებლობისთანავე, აეკიდა საწყალ დეაგოლს, რომელსაც სიცოცხლე მოუსწრაფეს. შემდეგ დადგა ჯერი გოლლუმისა, რომელიც მან დაიმონა. თუმცა მაინც ვერაფერში გამოიყენა: გოლლუმი პატარა და სუსტი იყო; და სანამ ბეჭედი მასთან დარჩებოდა, მთისქვეშა ტბიდან ფეხს არ მოიცვლიდა. ჰოდა, როცა ბეჭდის ბატონმა ხელახლა გამოიღვიძა და ბნელტევრის ციხესიმაგრიდან თავისი ფიქრები მისკენ გამოგზავნა, ბეჭედმა მიატოვა გოლლუმი მხოლოდ იმისთვის, რომ ყველაზე უჩვეულო და მისთვის არასასურველ პიროვნებას ეპოვა. ის მაზრელ ბილბოს შერჩა.

ყველაფერი ბეჭდის შემქმნელის სურვილის საწინააღმდეგოდ მოხდა, რის უკანაც რაღაც სხვა ძალა დგას.

***

საჭიროების გარეშე არავინ უნდა მოკლა. ამისთვის ბილბო გულუხვად დაჯილდოვდა. მხოლოდ იმიტომ გადაურჩა ბოროტ ძალას, იმიტომ შეზლო ბეჭდის იოლად დათმობა, რომ მისი მფლობელობა სიბრალულის გამოვლინებით დაიწყო!

ბევრი ცოცხალთაგანი იმსახურებს სიკვდილს და ბევრი მკვდართაგანი - სიცოცხლეს. შეგიძლია მათი გაცოცხლება? მაშინ, ნუ იქნები სულსწრაფი ვინემესთვის სიკვდილის მისჯაში, რამეთუ თვით ყველაზე ბრძენსაც კი არ ძალუძს ყველა საბოლოო შედეგის განჭვრეტა.

ძველად ამბობდნენ, დრაკონის ცეცხლი ჯადოსნურ ბეჭდებს ალღობსო, მაგრამ ქვეყანაზე უკვე აღარ დარჩა ისეთი დრაკონი, რომელსაც ამ სიმხურვალის ცეცხლის გადმონთხევა შეუძლია; თუმცა ვერც ერთი მათგანი, თვით ანკალაგონ შავიც კი, თავად საურონის მიერ გამოჭედილ მმართველ ძალაუფლების ბეჭედს სულ ოდნავადაც ვერ დააზიანებდა. არსებობს მხოლოდ ერთადერთი გზა: თუ ნამდვილად გსურს, ბეჭედი გაანადგურო და მტერს მისი მოტაცების შესაძლებლობა სამუდამოდ მოუსპო, მაშინ ოროდრუინს, ცეცხლოვანი მთის გულში უნდა შეაღწიო და ბეჭედი იქ, ბედისწერის ნაპრალში ჩააგდო.

ჰობიტები მართლაც გასაოცარი არსებები ხართ. გგონია, მათ შესასწავლად ერთი თვეც საკმარისია, მაგრამ ასი წლის მერეც კი ისინი უცებ წარმოუდგენელ თვისებებს გამოამჟღავნებენ ხოლმე.

ბილბო ხშირად ამბობდა, ამქვეყნად მხოლოდ ერთი დიდი გზა არსებობსო, რომ ის დიდ მდინარესავითაა: მისი ყოველი სახლის ზღურბლი მისი სათავეა, ხოლო ბილიკები - მისი შენაკადებიო. „გარეთ გადაბიჯება ძალიან სახიფათოა, ფროდო, გზაზე გადადიხარ და, თუკი ფეხს მყარად არ დაადგამ, კაცმა არ იცის, საით გაგაქანებს. გჯერა, რომ ამ ბილიკს ბნელტევრის გადაღმა მიჰყავხარ, რომ თუ ნება დართე, მარტოსულ მთასთან ან შორეულ და კიდევ უფრო უარეს ადგილებში ამოგაყოფინებს თავს“, - მიმითითებდა ხოლმე იმ ბილიკზე, აბგისბოლოს ჭიშკართან რომ იწყებოდა, განსაკუთრებით, ხანგრძლივი მგზავრობებიდან დაბრუნების შემდეგ.

ელენ სიელა ლიუმენ ომენტიელვო - ვარსკვლავი დანათის ჩვენი შეხვედრის ჟამს, - უზენაეს ელფურ ენაზე.

- ნათქვამია: ნუ ჩაერევი ჯადოსნების საქმეეში, რადგან ცბიერები არიან და იოლად ბრაზდებიან
- ისიც ნათქვამია, ელფებს რჩევას ნუ დაეკითხები, - ჰოსაც გეტყვიან და არასაც.
- ელფები იშვიათად იძლევიან დაუდევარ რჩევებს, რადგან რჩევა სახიფათო საჩუქარია, თვით ბრძენისთვისაც კი. ყველაფერი შეიძლება ცუდად წარიმართოს.

სიმამაცე ყოველთვის უჩვეულო ადგილებში ჩნდება.

ზოგი რამის მოსმენა არასასურველია, როცა სამყარო წყვდიადშია გახვეული.

სერის მიმდებარე უღრან ტყეებში იდუმალი მწირები ეხეტებოდნენ, რომელთაც სერის მცხოვრებნი მზვერავებს უწოდებდნენ, მათ წარმომავლობაზე კი არაფერი იცოდნენ. ადგილობრივებზე მაღლებსა და შავგვრემანებს, უცნაური უნარებს მიაწერდნენ: ამბობდნენ, მახვილი მზერა და სმენა აქვთ, თვით ნადირ-ფრინველის ენაც კი ესმითო. მზვერავები სამხრეთსა თუ აღმოსავლეთში, თვით ნისლიანი მთების სიახლოვესაც კი დაეხეტებოდნენ; ოღონდ მათი რიცხვი მცირდებოდა და სულ უფრო იშვიათად ჩნდებოდნენ ხოლმე, ხოლო, როცა კი სერში გამოივლიდნენ, შორეული მიწებიდან ახალი ამბები მოჰქონდათ, თან ძველისძველ და იდუმალ თქმულებებს ჰყვებოდნენ, რაც დიდი მოწონებით სარგელობდა ადგილობრივ მოსახლეობაში. მიუხედავად ამისა, მათთან დამეგობრებას მაინც ყველა ერიდებოდა.

დევნილ ადამიანს ხანდახან ბეზრდება უნდობლობა და მეგობრობას ნატრობს.

შავი მხედრები - ვერა, მაგრამ მათი შავი ცხენები მშვენივრად ხედავენ, გარდა ამისა, ადამიანებსა და სხვა არსებებს იყენებენ ჯაშუშებად. შავი მხედრები დღის სინათლეზე ვერაფერს ხედავენ, მაგრამ ჩვენი სხეულები მათ გონებაში ილანდებიან და ამ ლანდებს მხოლოდ შუადღის მზე აქრობს. აი, წყვდიადში კი ისინი ჩვენთვის უხილავ ბევრ ფორმასა თუ ნიშანს აღიქვამენ: ბნელში შავი მხედრები ყველაზე სახიფათონი არიან. გარდა ამისა, მუდმივად გრძნობენ ცოცხალი არსებების სისხლის სუნს, სწყურიათ და ეზიზღებათ ის. ბოლოს და ბოლოს, მხედველობისა და ყნოსვის გარდა, სხვა შეგრძნებებიც არსებობს. ჩვენ მხედრების მოახლოებისას გული გვიმძიმდება და მღელვარება გვიპყრობს, დაუნახავადაც კი ვგრძნობთ მათ სიახლოვეს; ისინიც გრძნობენ ჩვენს სიახლოვეს, თან გაცილებით მძაფრად. და კიდევ - ბეჭედი თავისკენ იზიდავს მხედრებს. [...] საურონი სხვა ყველაფერთან ერთად, ცეცხლსაც იყენებს ბოროტი განზრახვების აღსასრულებლად, მაგრამ ამ მხედრებს ცეცხლი სძულთ და ეშინიათ ცეცხლის მპყრობლისა.

- აი ნა ვედუი, დუნადან! მაე გოვანენ! - წკრიალა და სუფთა ხმამ ყოველგვარი ეჭვი გაუქარვა დევნილებს: მხედარი ელფი იყო. სხვას არავის ამქვეყნად, გარდა ელფისა, არ შეიძლებოდა ჰქონოდა მოსასმენად ასეთი საამო და მშვენიერი ხმა.

მზვერავებიც ხომ სწორედ ისინი არიან, ვინც ჩრდილოეთში მობინადრე დიადი ერისგან, შორდასავლელი ადამიანებისგან შემორჩნენ.

ფროდო, შავმა მხედრებმა სცადეს გული გაეგმირათ მორგულური სატევრით, რომელიც ჭრილობაში რჩება. რომ გამართლებოდათ, შენც მათ დაემსგავსებოდი, ოღონდ გაცილებით სუსტი და მათი მორჩილი იქნებოდი. შავი მეუფის ხელქვეითი მოჩვენება გახდებოდა და მისი ბეჭდის დაუფლების მცდელობისთვის ძლიერ დაიტანჯებოდი, მაგრამ ყველაზე დიდი ტანჯვა შენთვის ის იქნებოდა, ბეჭედს რომ წაგართმევდა და თვითონ გაიკეთებდა თითზე. [...] ყველაზე დიდ ხიფათში მაშინ აღმოჩნდი, ბეჭედი რომ გაიკეთე და აჩრდილთა სამყაროში შეხვედი, რითაც თავი პირდაპირ ხელში ჩაუგდე აჩრდილებს. შენ მათი დანახვა შეგეძლო, მათ კი - შენი. [...] ნაზგულების შავი ცხენები დაიბადნენ და გაწვრთნეს მორდორში, რათა შავ მეუფეს ემსახურონ.

ვისაც ოდესმე კურთხეულ სამეფოში უცხოვრია, ერთდროულად ორ სამყაროში არსებობს - ხილულსა და უხილავში - და ორივეგან დიდი ძალაუფლება აქვს.

არუენი, ელრონდის ასული, რომლის სახითაც, როგორც ამბობდნენ, ლუთიენის სახება დაუბრუნდა ქვეყნიერებას. საკუთარი ხალხი მას უნდომიელს, „მწუხრის ვარსკვლავს“ უწოდებდა.

ხომ გსმენიათ გამონათქვამი, ჯუჯებს თავიანთ ხელმარჯვეობაზე ენა ატარტალებინე, სხვა არაფერი უნდათო.

ნუთუ ფათერაკებს ბოლო არასდროს მოეღება? არა, ვხედავ, რომ - არასდროს. ვიღაც სხვა ყოველთვის გამოჩნდება ხოლმე ამბის გამგრძელებლად. რას ვიზამთ, ამას არაფერი ეშველება.

***

საბჭოზე ელროდნმა ფროდო თავის გვერდით მდგარი სკამისკენ მიიწვია და შეკრებილთ წარუდგინა:

- ეს, ჩემო მეგობრებო, გახლავთ ჰობიტი, ფროდო, ძე დროგოსი. ცოტა თუ გადაჰყრია ფათერაკებს და არცთუ ბევრს ჰქონია ასეთი საშიში დავალება.

შემდეგ ფროდოსთვის უცნობი სტუმრების გაცნობა დაიწყო. გლოინს მხარს ახალგაზრდა ჯუჯა უმშვენებდა: მისი ვაჟი გიმლი. გლორფინდელის გვერდით იჯდა ელრონდის სახლეულობის რამდენიმე მრჩეველი, რომელთაც ერესტორი მეთაურობდა; ერესტორის გვერდით დაესვათ გალდორი, კირდან ხომალდმშენებლის მიერ რუხი ნავსაყუდლებიდან გამოგზავნილი ელფი. კრებას აგრეთვე ესწრებოდა მწვანესა და წაბლისფერში გამოწყობილი უცხო ელფი, ლეგოლასი, მაცნე ჩრდილოეთ ბნელტევრიდან, იქაური მეფის, თრანდუილის, ვაჟი. ოდნავ მოშორებით ჩამომჯდარიყო ლამაზი და კეთილსახიანი, ტანმაღალი ადამიანი, შავი თმით, ნაცრისერი თვალებითა და ამაყი მრისხანე მზერით.

ის შორეულ მოგზაურობაში მიმავალი ცხენოსანივით გახლდათ ჩაცმული და მართლაც, მისი მდიდრული სამოსი და ზედ ბეწვისსარცულიანი ლაბადა ხანგრძლივი მგზავრობისგან ოდნავ გახუნებული ჩანდა. ვერცხლის ყელსაბამი ეკეთა, რომელზეც ერთადერთი თეთრი თვალი კაშკაშებდა; გრძელი კულულები მხრებზე დაჰყროდა, მუხლებზე ვერცხლით მოვარაყებული, ყაწიმზე დაკიდებული რქის ბუკი ედო. კაცი გაკვირვებით მოსჩერებოდა ფროდოსა და ბილბოს.

- ეს ბორომირია, - განდალფისკენ შებრუნდა ელრონდი, - სამხრეთელი ადამიანი. ალიონზე მოვიდა შუაველში რჩევის საკითხავად.

***

მორიის სამეფო ჯუჯების წინაპრების დაუღალავი შრომის შედეგად დაარსდა და მათ ენაზე კჰაზად-დუმი ეწოდება. [...] მორია! მორია! - ჩრდილოეთის საოცრება! ძალზე ღრმად ჩავედით ჯუჯები მის სიღრმეში, ძალზე ღრმად ვთხრიდით და სახელწყეული ურჩხული გამოვაღვიძეთ. დიდხანს უპატრონოდ იყო მიგდებული მორიის მაღაროები მას მერე, რაც იქიდან დურინის შთამომავლები გამოდევნეს. ახლა მორიის მთისქვეშეთის სამეფო მონატრებით ვიხსენებთ, თუმცა, იმავდროულად, ძრწოლით, რადგან ჯუჯათა მრავალ თაობას შიშით ფეხი არ შეედგა კჰაზად-დუმის გამოქვაბულებში. მხოლოდ თრორმა გაბედა მისი კარიბჭის ზღურბლზე გადაბიჯება და ისიც დაიღუპა.

ბეჭედს ჩრდილოეთში ისილდურის წყევლა შეარქვეს.

საურონი დამარცხდა, მაგრამ არ დაღუპულა. მისი ბეჭედი დაიკარგა, მაგრამ არ განადგურებულა. შავი ციხესიმაგრე დაანგრიეს, მაგრამ მისი საძირკვლები არ შერყეულა, რადგან ბეჭდის ძალას ემყარება და სანამ ბეჭედი არსებობს, საძირკვლებიც გაძლებს.

***

სამხრეთში გონდორის სამეფომ დიდხანს გაძლო; თავიდან მისი დიდებაც ისევე განუზომლად იზრდებოდა, როგორც ნუმენორისა, ბოლოს რომ ერთიანად აღიგავა პირისაგან მიწისა. უამრავი მაღალი ციხე-კოშკი, აუღებელი სიმაგრე და დიდი ნავსადგური ააშენეს გონდორელებმა, რის გამოც მთელ შუახმელეთში კაცთა მეფეთა თიკუნი დაიმსახურეს. მათი მთავარი ქალაქი გახლდათ ოსგილიათი, ვარსკვლავთა სავანე, რომელსაც მდინარე ანდუინი განივად კვეთდა. დედაქალაქიდან აღმოსავლეთით, წყვდიადის მთების ერთ-ერთ განშტოებაზე, აღმართული იყო მინას ითილი, ამომავალი მთვარის კოშკი და დასავლეთით, თეთრი მთების ძირში - მინას ანორი, ჩამავალი მზის კოშკში. სწორედ აქ, ხელმწიფის სასახლის ეზოში, იდგა თეთრი ხე, რომელიც იმ ხის თესლიდან აღმოცენებულიყო, ისილდურმა ზღვისგაღმეთიდან რომ ჩამოიტანა. ამ ჯიშის ხე ჯერ კიდევ სამყაროს სიყრმის ჟამს იზრდებოდა უკიდურეს დასავლეთში, საიდანაც ის თავდაპირველად კუნძულ ერესეაზე და იქიდან კი ნუმენორიის სამეფოში წაიღეს.

მაგრამ სწრაფმავალი დროის სასტიკმა ხელმა მენელდილის, ანარიონის ძის, საგვარეულო ხაზი გაწყვიტა, თეთრი ხე გახმა და ნუმენორელების სისხლი ჩვეულებრივი ადამიანების სისხლში აღირია. მორდორისთვის თვალყურის დევნებაც შესუსტდა, რითაც ავმა ძალებმა ისარგებლეს, კვლავ შეიპარნენ გორგოროთში, იქ მოძლიერდნენ და მინას ითლითი აიღეს. ქალაქი - მტრის ბუნაგი, სხვებისთვის კი ყველაზე საძულველი ადგილი გახდა შუახმელეთში; მას აქეთ ქალაქს მინას მორგული, გრძნების კოშკი ჰქვია, ხოლო კვლავაც გონდორის მფლობელობაში დარცენილ მინას ანორს - მინას ტირითი, ანუ საგუშაგო კოშკი; ეს ორი ქალაქი გამუდმებით ეომებოდა ერთმანეთს, რამაც მათ შორის მდებარე ოსგილიათი გააჩანაგა და ბნელით მოსილ ნანგრევებად აქცია.

ამასობაში მრავალი თაობა შეიცვალა, მინას ტირითის მმართველნი კი ბრძოლას განაგრძობდნენ და მტერს წინ წამოსვლას არ ანებებენ, რითაც მდინარე ანდუინის გადმოღმა, არგონათიდან ზღვამდე არსებული მიწები, ასე თუ ისე, დაცულია.

ეძიეთ ხმალი გადატეხილი,
იმლადრისშია მისი სავანე,
თათბირზე რჩევა გელით კეთილი,
მორგულის ჯადოს რომ დაამარცხებს
და რაღაც ნიშნით ცხადი გახდება,
რომ განკითხვამდე ცოტაღა დარჩა,
რომ ისილდურის წყევლა აღდგება
და თავს გადადებს ნახევარკაცა.

ქვეყნად უამრავი ისეთი რამ არსებობს, რასაც ვერც ერთი ციხესიმაგრის კედელი ვერ გაუძლებს და ვერც გულადი მეომრის მახვილი განგმირავს.

***

 „თითოეული დიადი ბეჭედი, - თქვა სარუმანმა, - სხვადასხვა პატიოსანი თვლით არის შემკული. მთავარი ბეჭედი სრულიად განსხვავებულია. იდეალურად მრგვალი და ძვირფასი ქვით შეულამაზებელი, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი გეგონება, მაგრამ მასზე საიდუმლო წარწერაა ამოტვიფრული, რომელსაც მხოლოდ ბრძენი თუ წაიკითხავს“.

ისილდური ბეჭედს აღწერს იმ სახით, როგორითაც ის მოიპოვა - „ბეჭედი ცხელი იყო, როცა პირველად შევეხე, ნაკვერჩხალივით მხურვალე, და ხელი იმგვარად დამეწვა, ვეჭვობ, ოდესმე გამინელდეს მისგან გამოწვეული ტკივილი. ახლა, როცა ამ სიტყვებს ვწერ, ბეჭედი ცივია, თითქოს ოდნავ დაპატარავდა კიდეც, მაგრამ არც სილამაზე დაჰკლებია და არც აგებულება უცვლია. წარწერა მასზე, რომელცი თავიდან ალივით წითელი და კაშკაშა იყო, ნელ-ნელა ქრება და წაკითხვაც ძნელდება. დამწერლობა ერეგიონელი ელფებისაა, რამეთუ მორდორში მსგავსი ხელობისთვის საკუთარი ასოები არ გააჩნიათ; ენა კი ჩემთვის უცხოა. ალბათ, მორდორულია - ისე უხეშად და ავის მომასწავებლად ჟღერს. არ ვიცი, რას გვეუბნება წარწერა, მაგრამ მის ასლს მაინც ვაკეთებ, ვაითუ სამარადჟამოდ გაქრეს და ვერავინ მოასწროს მისი შინაარსის გაგება. შესაძლოა, ბეჭედს საურონის ხელის მხურვალება აკლია, სიმწველე შავი და ცეცხლოვანი ხელისა, რომელმაც გილ-გალადი განგმირა. ვინ იცის, თუკი ამ ოქროს ნივთს გავაცხელებთ, წარწერა ისევ დაემჩნეს. მაგრამ ჩემდა თავად ვერას დიდებით ვავნებ ამ ბეჭედს, საურონის ქმნილებათაგან უმშვენიერესს. ის ძვირფასია ჩემთვის, თუმცა კი დიდი საზრაური გავიღე მისთვის“.

წარწერა ბეჭედზე მორდორისა და ბნელი კოშკის მსახურთა ენაზე იყო ამოკვეთილი - აშ ნაზგ დურბატულუკ, აშ ნაზგ გიმბატულ, აშ ნაზგ თრაკატულუკ, აღ ბურზუმ-იში კრიმპატულ - ერთი ბეჭედი დაჯაბნის ყველას, ერთი ბეჭედი მოძებნის ყველას, ერთი ბეჭედი შეკრებს ბნელში და ჯაჭვად შეკრავს.

***

ის, ვინც ტეხს საგანს, რათა მისი რაობა გაიგოს, უგუნურობის გზას ადგას.

თვით ყველაზე სქელ აბლაბუდაშიც კი მოიძებნება სუსტი ძაფი.

მტრის ავ სწავლებაში ღრმად ჩაძიება, რაც უნდა კარგი მიზნები გქონდეს, სახიფათოა, რადგან ბოლოს თავადაც ამ სწავლებების მსხვერპლი გახდები.

***

მმართველი ბეჭედი საურონს ეკუთვნის, მან დაამზადა და ერთიანად სიბორიტითაა აღვსილი. მისი ძალა ზედმეტად ჭარბია ყველასთვის, გარდა დიადთათთვის, რომელნიც თავადაც ძლიერნი არიან. მაგრამ ამ უკანასკნელთ ბეჭედი ყველაზე მეტად ვნებს. მისი სურვილი მთელ არსებას იმონებს. თუ რომელიმე ბრძენთაგანი ბეჭდის და საკუთარი ძალის საშუალებით საურონს დაამარცხებს, მაშინ უთუოდ თვითონ დაჯდება მის ტახტზე და ახალი შავი მეუფე მოევლინება შუახმელეთს. აი, მიზეზი ბეჭდის გამოუყენებლობისა. ის უნდა განადგურდეს: მისი არსებობა საფრთხეს უქმნის თვით ბრძენთა შორის უბრძენესსაც; ვინაიდან არავინ არის ავი დასაბამიდანვე, არც საურონი იყო ასეთი.

[...]

სამი ელფური ბეჭედი საურონს არამცთუ დაუმზადებია, არც კი შეხებია მათ. საერთოდ აკრძალულია მათი ხსენება. ისინი უქმად არ დევს, ოღონდ ელფურ ბეჭდებს საომარ იარაღად ვერ გამოვიყენებთ: მათში მსგავსი ძალა არ არის ჩადებული. ელფი მჭედლების მიზანი იყო არა ძალაუფლების, გავლენის ან სიმდიდრის მოხვეჭა, არამედ სამყაროს საიდუმლოებებში გარკვევა, ახლის შექმნა და ძველის განკურნება, რათა ყოველივეს პირვანდელი სახე შენარჩუნებოდა. ეს ელფებმა ბევრი გაჭირვების საფასურად, მაგრამ ნაწილობრივ მაინც მოახერხეს. თუმცა, თუკი საურონი ძალაუფლების ბეჭედს დაიბრუნებს, ყოველივე, რაც ელფური ბეჭდების მეშვეობით გაკეთდა, დაიშლება, ხოლო მათი მცველების ზრახვები და გულისნადები საურონისთვის გამჟღავნდება. მისი მიზანი სამი ბეჭდის მოპოვებაა.

[...]

ზუსტად ვერავინ იტყვის რა მოხდება, თუკი მმართველი ბეჭედი განადგურდება. ზოგს მიაჩნია, რომ საურონის შეხებისგან წაუბილწავი ბეჭდები გათავისუფლდებიან და მათი მეშვეობით საურონის მეუფებისა და ქვეყნიერებისთვის დამჩნეული იარების შეხორცება შესაძლებელი გახდება. მაგრამ, ვშიშობ, მმართველის განადგურებასთან ერთად, სამი ეფლური ბეჭედიც ძალას დაკარგავს და უამრავი მშვენიერი რამ დაიღუპება და დავიწყებას მიეცემა.

***

უიმედოდ მხოლოდ უთუო აღსასრულის მომლოდინენი არიან. როცა სხვა გამოსავალი არ არსებობს, საჭიროებისამებრ უნდა მოვიქცეთ, რაოდენ უგუნურადაც უნდა გვეჩვენებოდეს ეს. დაე, უგუნურება ნიღბად გამოვიყენოთ, თვალი ავუხვიოთ მტერს!

ხშირად ისე ხდება, რომ ქვეყნიერების ბედისწერის ჩარხს პატარა ხელები ატრიალებენ, როცა დიადთა და ძლევამოსილთა თვალები სულ სხვაგანაა მიპყრობილი.

ბეჭდის აჩრდილებს ადვილად ვერ გაანადგურებ. საურონის ძლიერების ჟამს თავადაც ძლიერები არიან, ის რომ დაეცემა, ესენიც დაეცემიან.

ელენდილის ხმალი ახლად გამოჭედეს ელფმა მჭედლებმა, მის პირზე ემბლემა ამოკვეთეს - ნახევარმთვარესა და გასხივოსნებულ მზეს შორის მოქცეული შვიდი ვარკსვლავი, ემბლემის გარშემო ელფური რუნებით წარწერა ამოტვიფრეს, ვინაიდან არაგორნი, ძე არათორნისა, მორდორის წინააღმდეგ საომრად მიემართებოდა. გამთელებული ხმალი, წვერწამახული და პირბასრი, თვალისმომჭრელად ბრწყინავდა; მზის სხივები წითლად ირეკლებოდა მასში, მთვარის შუქი ცივად გამოსჭვიოდა. არაგორნმა ხმალს ახალი სახელი შეარქვა, ანდურილი, რაც „დასავლეთის ცეცხლს“ ნიშნავს.

ნათქვამია, სადაც ვარგი ნახო, იქაც ორკია ახლომახლოო.

დახურულ ჯუჯურ კარს ვერავინ დაინახავს, უჩინარია და თვით კარის შემქნელი ოსტატებიც კი ვერ იპოვიან ან გააღებენ, თუ მისი საიდუმლო დაავიწყდებათ.

***

მორიის სიმდიდრე მისი ოქრო და ძვირფასი თვლები არ არის, ჯუჯებისთვის ისინი სათამაშოებია, არც რკინა, რომელიც მათი მსახურია, არამედ - მითრილი. მართალია, აქ რკინა ყველაზე ხშირია, არც ოქრო-ვერცხლის ნაკლებობაა, მაგრამ მსგავსი მადნეულობა სხვაგანაც შეეძლოთ მოეპოვებინათ, ან, უბრალოდ, ეყიდათ. აი, ნამდვილ, ანუ მორიულ ვერცხლს, მითრილს, როგორც ელფები უწოდებენ, სხვაგან ვერსად შეხვდებით. რა ჰქვია მას ჯუჯების ენაზე, თავად ჯუჯები უცხო ხალხს არასდროს უმხელენ. ძველად ოქროზე ათჯერ ძვირი ღირდა, ახლა კი საერთოდ შეუფასებელია, რადგან მიწის ზემოთ ცოტაღა დარჩა, ორკები კი მის მოსაპოვებლად მაღაროებში ჩასვლას ვერ ბედავენ. საბადო კარადრასის ქვეშ, თვალუწვდენელ სიღრმეებშია ჩაფლული. ჯუჯებს არ უყვართ ამაზე ლაპარაკი, მაგრამ მითრილი მათი სიმდიდრის წყაროც გახდა და თან სათავე დაუდო მათ უბედურებასაც: ძალზე ჯიუტად თხრიდნენ და ღრმად ჩადიოდნენ მის მოსაპოვებლად და თავად გამოაღვიძეს არსება, ანუ „დურინის რისხვა“, როგორც თავად შეარქვეს, რომელმაც ისინი აქედან გაყარა. როდესაც ჯუჯებმა მორია მიატოვეს, ორკებმა მთელი მათი ნაგროვები ქონება მიიტაცეს და ხარკად უბოძეს საურონს, რომელმაც კარგად იცის მითრილის ფასი.

მითრილი! შუახმელეთის ყველა ერი ნატრობდა მის ფლობას. სპილენძივით დამყოლი იყო და მინასავით - კრიალა; ჯუჯები მისგან ნაწრთობ ფოლადზე უმტკიცეს ლითონს იღებდნენ. ჩვეულებრივი ვერცხლისგან ვერ გაარჩევდით, მაგრამ ჩვეულებრივი ვერცხლისგან განსხვავებით, არასდროს უფერულდებოდა და კარგავდა ბრწყინვალებას. ელებს გამორჩეულად მოსწონდათ, მისგან ითილდინს, „ღამით-მნათს“ ამზადებდნენ, სწორედ ისეთს, მორიის კარს რომ ამშვენებდა.

***

ხმლებიდან ზოგიერთს მოღუნული და შავი პირი ჰქონდა: ეს ორკული იატაგანები იყო. [...] დერეფანი ორკებითაა სავსე, მათ შორის უფრო მოზრდილები და გულღრძონიც არიან: შავი ურუკები მორდორიდან.

არსება ცეცხლოვან ნაპრალს მიუახლოვდა და ირგვლივ ჩამობნელდა, თითქოს ყველაფერი შავმა ღრუბელმა დაფარაო. მერე უეცრად შეხტა და ნაპრალს გადაევლო. ცეცხლის ენები შეეგებნენ და ტანზე აეკიდნენ; შავი კვამლი აიწვერა ჰაერში. ღრუბლები განათდა და ცეცხლოვან ტალღად გადაიქცა. არსებას მარჯვენა ხელში ცეცხლოვანი ხმალი ეპყრა, მარცხენაში - მრავალენიანი მათრახი. - გორგოთის ბალროგი! დურინის რისხვა!

იქნებ სწორედ ამაშია შავი მბრძანებლის მთავარი ძალა, რომ მისი მოწინააღმდეგენი ასე გაუცხოებულნი არიან ერთმანეთთან?

მართალია, ქვეყნიერება უმეტესად ხიფათითა და შავბნელი ადგილებითაა სავსე, მაგრამ არის სილამაზეც, და მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით სიყვარულში ყველგან ნაღველია გარეული, ამით უფრო აძლიერებს ამ გრძნობას.

დამიჯერე, ფროდო, - უთხრა გალადრიელმა, ახლაც კი, როცა შენ გესაუბრები, ბნელი მბრძანებლის აზრებს ვკითხულობ, ყოველ შემთხვევაში, იმათ მაინც, რომლებიც ელფებს ეხება. თავად ისიც ყველანაირად ცდილობს ჩემს გონებაში შემოღწევას, მაგრამ მისთვის ეს კარი ჯერაც დაკეტილია! [...] თითზე სამი ელფური ბეჭდიდან ერთ-ერთი მიკეთია. ეს ნენიაა, ადამანტის ბეჭედი და მე, გალადრიელი, მისი მცველი ვარ. [...] ჯადოსნური ბეჭდები მფლობელებს მათივე შესაძლებლობების შესაფერისი ძალით აჯილდოებენ, სანამ ძალაუფლების ბეჭდის სრულად გამოყენებას შეძლებ, უნდა გაძლიერდე და სხვებზე მბრძანებლობა ისწავლო.

ქვის უშველებელ სვეტები მდინარის ნაპირებზე ამაყად და საზარლად აზიდულიყო. არგონათი, მეფეთა სვეტები! კოშკებით აღმართული ბუმბერაზი ქანდაკებები მუქარით აღსავსე მზერით ეგებებობდა საძმოს. ფროდომ მალე გაარჩია, რაოდენ ბრწყინვალედ გამოეკვეთათ თითოეული ქანდაკება, თვით მრავალსაუკუნოვანი მცხუნვარებასა და წვიმების ვერ წაეშალა მათი ოდინდელი დიდება. წყლის სიღრმეში დაფუძნებულ ორ უზარმაზარ კვარცხლბეკზე ქვის უზარმაზარი მეფეები იდგნენ, რომლებიც თვალებდაბინდულნი და წარბებდამსკდარნი გაჰყურებდნენ ჩრდილოეთს. მარცხენა ხელი ორივეს გამაფრთხილებლად გაეშვირა წინ, მარჯვენა კი საბრძოლო ნაჯახისთვის წაევლო. თავზე ჟამთა სვლისგან ოდნავ გაბზარული მუზარადი და გვირგვინი ედგათ. მიუხედავად ხნოვანებისა, კვლავაც ძალა და სიდიადე მოსავდა უხსოვარ დროს დაქცეული სამეფოს მდუმარე მცველებს.

მთარგმნელი ნიკა სამუშია
*თარგმნა ციცო ხოცუაშვილმა

ამავე თემაზე: ჯ.რ.რ ტოლკინი - ჰობიტი