ჯ.რ.რ. ტოლკინი - ბეჭდების მბრძანებელი - მეფის დაბრუნება

სულგრძელობა და ღირსეული საქმეები ცივი გონებით არ ფასდება.

***

ხმელეთს გრძელი ჩრდილი მუქარით აწევს,
დასავლეთით იწვდენს წყვდიადი თათებს,
ზანზარებს სიმაგრე, ჩაინთქა ბნელში
მეფეთა აკლდამები; წამოდგნენ მკვდრები;
ჟამმა მოაწია, ფიცის გამტეხნი
ნისლიდან გამოდიან, ბუკის ხმა ესმით,
კვლავ კარს ეხვევიან ერეხის დიდ ქვას;
ნეტავი ვინ უხმობს დავიწყებულ ხალხს?
ის ძველი ხელმწიფის მოდის მემკვიდრე,
ომში ერთგულება ვისაც შეჰფიცეს;
დიდი ომის ელის მას, და ჭიდილი,
მისთვის გაიხსნება მკვდართა ბილიკი.

მკვდრებმა ფიცი დადეს, რომ საურონს შეებრძოლებოდნენ. შესაბამისად, ახლა ბრძოლა მოუწევთ, თუკი პირობის შესრულებას აპირებენ. ერეხში დღესაც დევს შავი ქვა, რომელიც, როგორც ამბობენ, თავად ისილდურმა ჩამოიტანა ნუმენორიდან; ქვა ბორცვის წვერზე დევს; სწორედ მასზე შეჰფიცა მთების ხელმწიფემ გონდორის სამეფოს ერთგულება. თუმცა, როცა საურონი დაბრუნდა და ისევ გაძლიერდა, მთის ხალხი ისილდურის გამოძახებას არ გამოეხმაურა და უარი თქვა ბრძოლაზე: შავბნელ წლებში ისინი საურონს თაყვანს სცემდნენ.

მაშინ ისილდურმა მათ მეფეს უთხრა: „შენ ბოლო მეფე იქნები. თუკი დასავლეთი შავ მბრძანებელზე გაიმარჯვებს, დაე, ჩემმა წყევლამ გიწიოთ შენ და შენს ხალხსაც: ვერ პოვოთ შვება, სანამ ფიცს არ აღასრულებთ, რამეთუ ეს ომი უამრავ წელს გასტანს და სანამ დამთავრდება, კიდევ ერთხელ გამოგიძახებენ“. მთის ხალხს ისილდურის რისხვისა ისე შეეშინდა, რომ ვეღარც საურონის მხარეზე გადასვლა გაბედა. ისინი მთის საიდუმლო გამოქვაბულებში ჩაიკეტნენ და სხვა ხალხთან საქმე აღარასდროს დაუჭერიათ. ნელ-ნელა ამოწყდნენ და გადაშენდნენ მთა-კლდეებში. მას მერე ერეხის გორასა და გარშემო მიდამოებს, სადაც ადამიანები ბინადრობდნენ, დაუძინარი მკვდრების შიში აწევს.

***

მოღალატემ შეიძლება საკუთარ თავს უღალატოს და წინასწარ განუზრახველი სიკეთე ჩაიდინოს. ზოგჯერ ასეც ხდება.

თუ ძველთაგან ნათვამი სიტყვები მართალია, ბეჭდის - აჩრდილთა წინამძღოლი, გრძნეული ხელმწიფე ვაჟკაცის ხელით არ დაეცემა. [...] შავმა მხედარმა კაპიუშონი გადაიძრო და ერთი შეხედეთ! მის უხილავ თავს სამეფო გვირგვინი ამშვენებდა. წითელი წერტილები ციმციმებდა გვირგვინსა და მოსასხამით დაფარულ ფართო მხარბეჭს შორის.

სიკვდილის თარიღის დათქმის უფლება თქვენთვის არავის მოუცია. მხოლოდ ბნელი ძალებით შეპყრობილი წამართი მეფეები ზედმეტი პატივმოყვარეობისა და სასოწარკვეთილების გამო იკლავდნენ თავს და სიკვდილის შესამსუბუქებლად ახლობლებსაც ხოცავდნენ.

ზოგჯერ კარგიცაა, რომ ყურადღებას არავინ გაქცევს.

ძველ ენაზე მე ელესარი მქვია, „ელფური ქვა“ და, აგრეთვე, ენვინიატარი, „განმაახლებელი“, - თქვა არაგორმა, - მაგრამ თუ მეფედ კურთხევა მეღირსება, ჩემი და ჩემი მემკვიდრეების გვარი „მაწანწალა“ იქნება, რაც ძველ ენაზე ცუდად სულაც არ ჟღერს: ტელკონტარი.

ერთ-ერთი ყველაზე მძიმედ გადასატანი სევდა და სირცხვილი მამაკაცის გულისთვის ისაა, რომ ხედავდეს, როგორ უყვარს ის მშვენიერსა და მამაც ქალს, მაგრამ თავად სიყვარულზე სიყვარულით ვერ უპასუხოს.

ადამიანები ყოველთვის ასე იქცევიან: დაწყებულის დასრულებაში ან გაზაფხულის ყინვა უშლით ხელს, ან ზაფხულის გვალვა, ანდა თავიანთ განზრახვაზე გული უცრუვდებათ.

ნათქვამია, როცა ყველაფერი იკარგება, იმედიც ხშირად იბადებაო.

თუკი საურონი ბეჭედს დაიბრუნებს, მაშინ ყველა თქვენი ძალისხმევა ამაო იქნება, ხოლო მისი გამარჯვება - სწრაფი და სრული: იმდენად სრული, რომ სანამ ეს ქვეყნიერება გასტანს, მისი მმართველობა არ დასრულდება. თუ საურონი დამარცხდება, იმდენად დაბლა დაეცემა, რომ ვეღარასდროს აღდგება, რადგან თითქმის მთელ ძალას დაკარგავს, დასაწყისიდან თანდაყოლილს და, ყოველივე, რაც ამ ძალის გამოყენებით შეიქმნა, შეირყევა; თავად საურონი სამუდამოდ დასახიჩრდება, უბრალო ავსულად იქცევა, წყვდიადში გამომწყვდეულად, რომელსაც არც გაძლიერება და არც ფორმის მიღება აღარ შეუძლია. ამგვარად, შუახმელეთს უდიდესი მტერი მოსცილდება. რა თქმა უნდა, გამოჩნდება სხვა ბოროტებაც, რადგან თავად საურონიც ერთ დროს მხოლოდ მსახური და დესპანი იყო სხვა უფრო დიდი ბოროტებისა. მაგრამ ამქვეყნად ყოველი ხიფათის გაუვნებლება ჩვენ არ გვევალება, მხოლოდ იმ ხანის უსაფრთხოებაზე უნდა ვიზრუნოთ, რომელშიც ვცხოვრობთ, უნდა ამოვძირკვოთ ამოვძირკვოთ ყოველგვარი ავი იმ მინდვრებიდან, რომელზეც დავაბიჯებთ, რათა მომდევნო თაობებს სუფთა ნიადაგი დავუტოვოთ. ისინი რას იზამენ, მათი და არა ჩვენი გადასაწყვეტია.

ვთქვი, თუნდაც წელში გადავწყდე, ზურგით ვატარებ - მეთქი, - ჩაიბუტბუტა სემმა, - და ასეც ვიზამ. მოდით, ბატონო ფროდო! - შეჰყვირა ხმამაღლა, - ბეჭედს ვერა, მაგრამ თქვენ გატარებთ ბეჭდიანად. წამოდექით! მიდით, ბატონო ფროდო! სემი ზურგზე მოკიდებულებს წაგიყვანთ. უთხარით, საით წავიდეს და წაგიყვანთ.

ეარნურ ბოლომეფის გვირგვინი ციტადელის მცველთა ჩაფხუტს ჰგავდა, ოღონდ უფრო მაღალი იყო და სრულაიდ თეთრი, ზღვის ფრინველების ფრთის ფორმის მარგალიტით მოჭედილი ფრთები ჰქონდა; ეს ზღვისგაღმელი ხელმწიფეების ემბლემა იყო; გვირგვინში შვიდი ადამანტის თვალი იყო ჩასმული, ხოლო შუაში - ძვირფასი ქვა, რომელიც ალისფრად ბრჭყვიალებდა. არაგორმა გვირგვინი გამოართვა, მაღლა ასწია და თქვა: - ეტ ეარელო ენდორენა უტულიენ. სინომე მარუვან არ ჰილდინაირ ტენ ამბარმეტა! სწორედ ეს სიტყვები წარმოთქვა ზღვისგაღმეთიდან მოსულმა ელენდილმა, როცა ხმელეთზე ფეხი დადგა: „დიდი ზღვიდან შუახმელეთს მოველ. ამ ადგილას ვიცხოვრებთ მე და ჩემი მემკვიდრენი ქვეყნიერების აღსასრულამდის“.

საფრთხის ჟამს ხშირად ასე ხდება, ვიღაცამ ყველაფერი უნდა დათმოს და დაკარგოს, რათა სხვამ შეინარჩუნოს.

მთარგმნელი ნიკა სამუშია