მაიკლ ონდააჩი - ინგლისელი პაციენტი

გოგო ყოველ ოთხ დღეში ერთხელ ბანს კაცს დამწვარ სხეულს და საქმეს მუდამ კანდამსკდარი ტერფებიდან იწყებს ხოლმე. წყლით გაჟღენთილ ტილოს წვივებზე აწურავს, ის კი სიამოვნებისგან ხვნეშის და იღიმება ზემოთ, ბარძაყებისკენ, დამწვრობა კიდევ უფრო მეტია, მთლად ძვლებამდე უწევს. უკვე რამდენიმე თვე ასე უვლის და ამ სხეულსაც კარგად იცნობს - ზღვის ცხენივით მთვლემარე ასოს, წვრილ, ხმელ თეძოებს... ქრისტესაც ასეთი ექნებოდა, ალბათ. ეს კაცი წმინდანივითაა მისთვის. გულაღმა წევს, თავქვეშ ბალიში არ უდევს. ჭერზე ნახატ ფოთოლნარს ასცქერის, ტოტების ამ აბლაბუდას და მათ შორის გამოჭყეტილ ლურჯ ცას.

ყვება, როგორ გაუტარებია არაერთი კვირა უდაბნოში ისე, რომ მთვარისთვის ახედვა ერთხელაც არ გახსენებია - სწორედ ისე, როგორც ცოლიანმა კაცმა შეიძლება გაატაროს რამდენიმე დღე და ერთხელაც არ შეხედოს ცოლს სახეში, ოღონდ ამის მიზეზი გულგრილობა კი არა, მოუცლელობაა.

***

ცეცხლმოკიდებული ჩამოვვარდი უდაბნოში. ჩემი დანახშირებული სხეულიც იქ იპოვეს, ჯოხებისგან საკაცე შეკრეს და ასე მათრიეს ქვიშებში. ქვიშის ზღვა გვერტყა გარშემო. ხანდახან მდინარის დამშრალ კალაპოტს გადავივლიდით ხოლმე. მომთაბარეები იყვნენ, ბედუინები. ციდან ალმოდებული დავეშვი და თავად ქვიშასაც ცეცხლი მოედო. დამინახეს, როგორ წამოვდექი ცეცხლმოკიდებული. ჩემს ტყავის ჩაფხუტსაც კი ცეცხლი ეკიდა. სახელდახელო საკაცეზე დამაწვინეს, არტახებით დამაბეს ზედ, როგორც ჩვილი აკვანში და სულ სირბილ-სირბილით გაუდგნენ გზას. ყურში იმათი ნაბიჯების ხმა ჩამესმოდა. მარტო ესღა აღრვევდა უდაბნოს მდუმარებას. ასეთი ხანძარი ბედუინებს ადრეც ენახათ - 1939 წლის მერე, ვინ იცის, რამდენი ცეცხლმოკიდებული თვითმფრინავი ჩამოვარდნილი უდაბნოში.

 დამსხვრეული თვითმფრინავებისა და ტანკების ნაწილებისგან იმათაც იხეირეს და სამზარეულო ნივთების კეთება ისწავლეს. ეს ის დრო იყო, როცა ზეცაშიც კი ომი მძვინვარებდა. წინდაწინვე ატყობდნენ, რომელი თვითმფრინავი იყო უკვე ჩამოსავარდნად განწირული და დაცემის ადგილის წინასწარ გათვლასაც უკვე იოლად ახერხებდნენ. თითოელ პატარა ჭანჭიკსაც კი ოქროს ფასი ედო მათთვის. ოღონდ მე ალბათ პირველი ვიყავი, ვინც აფეთქებული თვითმფრინავიდან ცოცხალი გამოათრიეს. არადა, თავზეც კი ცეცხლი მეკიდა... იმათ ჩემი სახელი არ იცოდნენ, მე - მათი გვარ-ტომობა.

***

ეს ის დრო იყო მის ცხოვრებაში, როცა წიგნები საკუთარი სენაკიდან გამოსასვლელ ერთადერთ კარად ესახებოდა და სწორედ ეს წიგნები ექცნენ სულ სხვა სამყაროდ: მიუჯდებოდა მაგიდას, გადაშლიდა წიგნს და იმ ინდოელი ბიჭის ცხოვრებით იწყებდა ცხოვრებას, ვისაც მოეხერხებინა და სინზე დალაგებული, ნაირ-ნაირი საგნებისა თუ ძვირფასი თვლების გარჩევა-დამახსოვრება დაესწავლა; მასწავლებლებიც ბლომად გამოეცვალა - ვინ სხვადასხვა კილოკავს აზიარა, ვინ - ენაზე კბილის დაჭერა ასწავლა, ვინ - ჯადო-მჩხიბაობისგან თავის დაძვრენა...

ხელების თაობაზე მამაც ელაპარაკებოდა ხოლმე - ხელებზეც და ძაღლის თათებზეც. როცა შინ მარტო თვითონ და ძაღლი რჩებოდნენ, თურმე მამამისი დაიხრებოდა ხოლმე და თათებს უყნოსავდა; ასე ამბობდა - მაგის სუნი კონიაკის სურნელსაც კი მირჩევნიაო. და რა ამბებს არ გაიგებდი თურმე ამ დროს! სად ყოფილა, სად უწანწალია... ქალიშვილი ვითომ კი უბრაზდებოდა, მაგრამ ძაღლის თათებს თითქოს მართლა არასოდეს ასდიოდა ჭუჭყის სუნი. „აჰა-ა, დღეს ეკლესიაშიც ყოფილა...“ - იტყოდა ხოლმე მამა. - „ამისა და ამის ბაღშიც შეუვლია... მერე მდელოზეც უნავარდია და გვიმრაშიც გამძვრალ-გამომძვრალა!“ მოკლედ, მისხალ-მისხალ შეეძლო ჩამოეთვალა ძაღლის მთელი იმდღევანდელი ნამოგზაურალი.

გოგო ბაღსა და ბოსტანსაც უვლიდა. დაბომბილი სამლოცველოდან ორმეტრიანი ჯვარცმა გამოათრია და ახალი ნათესების ბოლოში, საფრთხობელად ჩაარჭო. თან ზედ კონსერვის ცარიელი ქილებიც დაკიდა - ქარიან ამინდში ერთმანეთს რომ ეხლებოდა და ასე აფრთხობდა აბეზარ ჩიტებს.

„ექო - ეს სიცარიელეში გამოღვიძებული ხმის სულია“.

არაფერი ისე არ ფასობს უდაბნოში, როგორც ნებისმიერი სითხე.

ისე, ინგლისელებს აფრიკა ძალიან კი უყვართ. მაგათ ტვინის ერთი ნახევარსფერო სწორედაც რომ უდაბნოს მიუგავთ და მაგიტომ. არც საჰარაში გრძნობდნენ თავს უცხოდ.

ეგებ ომის დავიწყების საუკეთესო გზაც ესააო, - ფიქრობს კაცი. ვინმე დამწვარ-დაბუგულ მფრინავზე ზრუნვა, ზეწრების რეცხვა შადრევანში, ბაღივით მოხატულ ოთახში ჯდომა. თითქოს ყველაფერი, რაც რჩება, იმ წარსულის რაღაც მონაგლეჯია, ვერდიმდე დიდი ხნით ადრე რომ არსებობდა, როცა მედიჩები სანთლის შუქზე ბჭობდნენ, როგორი მოაჯირი თუ ფანჯარა მოუხდებოდა მათს ამ ვილას. მოწვეულ, XV საუკუნის საუკეთესო არქიტექტორს უზიარებდნენ თავიანთ მოსაზრებებს და დაჟინებით სთხოვდნენ, ამ საუცხოო ხედისათვის ყველაზე შესაფერისი ჩარჩო მოენახა.

ქვითინზე მეტად ადამიანს სხვა არაფერი აცლის არაქათს.

პირველ რიგში, საკუთარი თავი უნდა დაიცვა მოწყენილობისაგან. მოწყენილობიდან სიძულვილამდე კი ერთი ნაბიჯია.

თუკი ვიღაცისთვის განკუთვნილ საწამლავს იმ იმედით დალევ, აქაოდა იმას ეშველებაო, არაფერი გაგივა - თავსაც მოიწამლავ და სულსაც წაიწყმიდავ.

პატარა ლარნაკიდან მაკრატელი ამოიღო, დაიხარა და თმის შეჭრას შეუდგა - არც კი დაფიქრებულა, რა ოკრობოკროდ, არათანაბრად გამოუვიდოდა და ჯიუტად აგრძელებდა თავისას - ახსოვდა, როგორ უშლიდა თმა მთელი ამ ხნის მანძილზე, როცა დაჭრილებთან მოფუსფუსე, მათკენ წაიხრებოდა ხოლმე. ასე კი სიკვდილთან შეხება აღარ ემუქრებოდა. კმაყოფილმა გადაისვა თავზე ხელი.

გულზე სკდებოდა, როცა წვნიანი - თვითონ ერთ ყლუპზე რომ შეხვრეპდა - თანდათან ცივდებოდა და ქონს იდებდა, ჭირვეული პაციენტის გადამკიდე. თავად არც არაფერ განსაკუთრებულს არ ნატრობდა - პურითა და ცოტაოდენი ხორცითაც იოლად ჩაიწყნარებდა კუჭს. რომელიღაც პატარა ქალაქში, სადაც დროებით განათავსეს ლაზარეთი, მეზობლად ერთ მომცრო საცხობს მიაგნო და როცა კი წუთს მოიხელთებდა, მაშინვე იქაურობას მიაშურებდა ხოლმე - ხარბად ისუნთქავდა უმი ცომის სურნელს, თითქოსდა უკვე გამომცხვარი პური დებულიყო თაროებზე...

- უცნაური დროებაა ეს ომის დასასრული.
- მართალია. ყველა თავისებურად ცდილობს, როგორმე მოერგოს.

იცოდი, რომ მართლა დიდ ჯიბგირებს შუა და საჩვენებელი თითები ერთი სიგრისა აქვთ ხოლმე? ასე იბადებიან. ამიტოამც არ ჭირდებათ ჯიბეში ღრმად ფათური. ბევრი-ბევრი, სანტიმეტრნახევარზე ჩაყონ.

***

სისხლიანი დრო იყო. ხანჯალი და პოლიტიკა. სამკუთხა ქუდები, გახამებული საყელოები და პუჭუჭა პარიკები. თანაც - აბრეშუმის! ცხადია სავონაროლა ცოტა მოგვიანებით გამოჩნდა და მერე დაიწყო, რაც დაიწყო - კოცონებში წიგნებისა თუ ნახატების შეკეტება! პოლიციანოს ჰომეროსი ჰქონდა ნათარგმნი, დიდებული პოემაც დაწერა სიმონეტა ვესპუჩიზე. გსმენია ეგ სახელი?

- არაა... - სიცილი ვერ შეიკავა გოგომ.

მთელი ფლორენცია მისი პორტრეტებით იყო გაძეძგილი. ოცდასამი წლისა გარდაიცვალა, ჭლექით. ჯერ პოლიციანომ გაუთქვა სახელი იმ თავისი პოემით, მერე - ბოტიჩელიმაც გადაიტანა ტილოზე... პოემის სიუჟეტზე ლეონარდოსაც აქვს რამდენიმე ნახატი. პოლიციანო ყოველდღე ლექციებს კითხულობდა: დილაობით, ორ-ორი საათი ლათინურად, ნაშუადღევს კი - ძველბერძნულად. პიკო დელა მირანდოლასთან მეგობრობდა, ცნობილ საზოგადო მოღვაწესთან, რომელიც გიჟმაჟობით გამოირჩეოდა და ბოლოს, ყველასთვის მოულოდნელად, სავონაროლად ბანაკში ამოყო თავი.

***

დარწმუნებული ვარ, ამ კედლებს ბევრი რამე ახსოვთ. თუნდაც აი ეს, კედელში ჩატანებული შადრევანი. იმასთან იკრიბებოდნენ პიკო, ლორენცო, პოლიცინო და ჯერ მთლად ახალგაზრდა მიქეალნჯელო. ხელში ეჭირათ ახალი სამყაროცა და ძველიც. აქაურ ბიბლიოთეკაში ინახებოდა ციცერონის ბოლო ოთხი წიგნი. ამ ხალხმა ჩამოიყვანა ევროაპში ბევრი მანამდე სრულიად უცნობი მხეციც - ჟირაფი გინდა თუ მარტორქა. ვაჭრების მონათხრობის მიხედვით, ტოსკანელიმ იმდროინდელი სამყაროს რუკებიც შეადგინა. აქ, სწორედ აქ, ოთახში ისხდნენ ხოლმე და დილამდე ცხარედ კამათობდნენ. მარმარილოში ნაკვეტი პლატონი კი უტყვი კმაყოფილებით უგდებდა მათ ყურს.

მაგრამ, აი, გამოჩნდა სავონაროლა და ქუჩებიც მისმა გამყინავმა ხმამ შეძრა: „შეინანიეთ! წარღვნა მოახლოვდა!“ და მართლაც, ყველაფერი წაილეკა - თავისუფალი ნება, სინატიფისკენ ლტოლვა, დიდება, ღვთაებრივი პლატონისადმი მოწიწება... მთელ იტალიაში აბრიალდა ინკვიზიციის კოცონები, ცეცხლში ჩაინთქა პარიკებიც, წიგნებიც, ცხოველთა ტყავებიცა და რუკებიც.

***

ლაზარეთში ხელ-ფეხწაწყვეტილი დაჭრილები მოყავდათ წყება-წყება; ერთი საათით ასწრებდნენ ჩემს შეყვარებას და მერე იქვე იხოცებოდნენ. მათი სახელების დამახსოვრებასაც კი ვერ ვასწრებდი.

სიკვდილის მოახლოების მთავარი ნიშანი მაინც ტუჩის კუთხეებში გაჩენილი დუჟი იყო - ნერწყვის პატარა, თეთრი გროვა.

ისე, ხშირად უცხოს ბევრად მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრე შინაურს.

კიპლინგი მდორედ საკითხავი რამაა. მძიმეებს მიაქციე ყურადღება და დაყოვნებაც ბუნებრივი გამოგივა. ის ხომ კალმისტრით წერდა, მელანში აწობდა... წერისას ალბათ, ფანჯრის იქით მოჭიკჭიკე ჩიტებსაც აყურადებდა, როგორც საკუთარ სიმარტოვეში გამომწყვდეულ მწერლებს სჩვევიათ ხოლმე. სხვათა შორის, ჩიტების ამოცნობა ყველას როდი შეუძლია, აი იმან კი ზედმიწევნით იცოდა ეგ საქმე. შენ, ყველა ჩრდილოამერიკელივით, სწრაფი თვალი გაქ, ოღონდ დაფიქრდი აბა, კიპლინგი რა სიჩქარით დაატარებდა კალამს ფურცელზე... მასე თუ არ იზამ, პირველივე აბზაცი სისულელედ მოგეჩვენება და მთქნარებასაც მალევე მოჰყვები.

ომიანობის დროს ღალატი მოსატანიც არაა იმ ღალატთან რაც ადამიანებს მშვიდობიანობის დროს გვახასიათებს.

სული შეიძლება მოატყუო, მაგრამ ხორცს კი ვერასდროს აურევ თავგზას: ვერც სიზმარეული სიბრძნით, ვერც დადგენილი წეს-კანონით. ხორცია აწმყოსა და წარსულის სარკე.

David with the Head of Goliath, 1906
კარავაჯოს ერთი სურათი აქვს, გვიანდელი... „დავითი გოლიათის თავით ხელში“. ამ ნახატზე ახალგაზრდა მეომარს გაწვდილ ხელში გოლიათის ბებერი და მახინჯი თავი უჭირავს. მაგრამ ეს ნახატი მხოლოდ ამ მიზეზის გამო არ აღძრავს სევდიან ფიქრებს: დამტკიცდა, რომ დავითის სახე თავად ახალგაზრდა კარავაჯოს ავტოპორტრეტია, ხოლო გოლიათისა - მისივე გამოსახულება, ოღონდ უკვე მორჭმულ ასაკში, როცა ამ სურათს ხატავდა. სიჭაბუკე სიბერეს ასამართლებს, ასე ვთქვათ. ადამიანს საკუთარი ყოფიერების ამაოებისთვის გამოაქვს მსჯავრი.

„ისტორიის“ ერთი გამოცემა მინახავს, ყდაზე ის ქანდაკება ეხატა, ერთ-ერთ ფრანგულ მუზეუმში რომაა. თუმცე მე ჰეროდოტე ისეთად არასდროს წარმომიდგენია. ჩემთვის ის ყოველთვის უფრო უდაბნოს იმ თავისუფალ ბინადარს გავდა, რომლებიც ოაზისებს შორის მიდი-მოდიან და ისე ვაჭრობენ ზღაპარ-ლეგენდებით, როგორც მცენარეული თესლით. ყველაფერს ალალად იჯერებენ და მირაჟს მირაჟზე აბამენ.

მარტო მდიდრებს არ შეუძლიათ თავს უფლება მისცენ, გონივრულად მოიქცნენ. იძულებულნი არიან საკუთარი ქონება დაიცვან. სწორედ ისინი მისდევენ მაგ შენი დამპალი ცივილიზებული სამყაროს წეს-კანონებს! ომებსაც ეგენი აცხადებენ, მერე კი ღირსება არ აძლევთ უფლებას ამ ომებს გაეცალონ.

უდაბნოს უკიდეგანო სივრცეებში მივიწყებული ისტორია იღვიძებს.

დატალღული ქვიშა ძაღლის სასის უსწორმასწორო ნაოჭებს ჰგავს.

საკუთარი თუ სხვისი ეროვნული მიკუთვნებულობის მუდმივი განცდა შიგნიდან ანგრევს ადამიანს.

უდაბნო ის სამყაროა, სადაც ცივილიზაცია ასწლეულების მანძილზე არსებობდა, სადაც ათასობით გზა და ბილიკი იკვეთებოდა და იტოტებოდა.

უდაბნოში წყალს ოქროზე მეტი ფასი ადევს, სატრფოს სახელივით სანუკვარია. პეშვში მოიქცევ, ტუცეტან მიიტან და ... სიცარიელეს ეწაფები.

სამყაროს დასალიერი იქ არაა, სადაც რუკებზეა მონიშნული, არც იმ წერტილებში, რომელთათვისაც გავლენის სფეროების გაფართოების მოსურნე კოლონისტები ებრძვიან ერთმანეთს.

ადამიანური ბედნიერება არასდროსაა ერთ ადგილს მიჯაჭვული.

უდაბნოში მოხვედრილ კაცს შეიძლება სიცარიელე ეკავოს შეტყუპებული ხელისმტევნებით და იცოდეს, რომ სწორედ ის დაარწყულებს წყალზე მეტად.

„ბრომფთონულ კოქტეილს“ გავუკეთებ - მორფს და ალკოჰოლს. ლონდონში მოიგონეს, ბრომფთონის საავადმყოფოში, კიბოიანი ავადმყოფებისათვის.

უდაბნოში მუდამ ხანძრის შიში გდევს კაცს.


ინგლისურიდან თარგმნა მარიამ ჩადუნელმა