ჯაბა იოსელიანი - სანიტარული მატარებელი

ეს მოთხრობა შეთხზულია ცნობილი ქართველი მოღვაწის ზურაბ ავალიშვილის მოგონებების (ერთი ეპიზოდიდან აღებული ფაქტების) კვალდაკვალ. ამიტომაც მსურს გავიმეოროთ მისი სიტყვები: „ისტორიის... მოვლენათა სწრაფ თრთოლვაში საჭიროა მოვნახოთ ძირითადი თემები, მუდმივი განმეორებული მტკიცე ძაფები, ხალხთა მისწრაფება თავისუფლებისადმი, დამოუკიდებელი შემოქმედებითი არსებობისადმი, საიდუმლოებით მოცული ერთობა ეროვნული კოლექტივისა - აი, ეს არის ერთი ამ თემათაგანი, ერთი მხოლოდ მოჩვენებითი გაწყვეტილი ძაფთაგანი...“

1917 წლის გადატრიალებამ, დამფუძნებელი კრების გარეკვის ფაქტმა, რუსეთის იმპერიის დედაქალაქში არასტაბილურმა სულიერმა და მატერიალურმა ვითარებამ ქართველთა ახალშენის უმრავლესობას სამშობლოში დაუყოვნებლივი დაბრუნების სურვილი აღუძრა.

- ბატონო ლადი, რა უნდათ ამ ახალგაზრდა ქართველებს რუსეთის მთავრობაში, ან რაში ესაქმებათ მათი დავიდარაბა? ვინ არიან მერე? შუმი გლეხები, ორი ღერი რუსული არ იციან და რუსეთის ბედ-იღბლის გადაწყვეტაში ყოფენ ცხვირს!
- ქალბატონო შუნია, - წარბები აზიდა ლადი ჭყონიამ, - ქართველი ადამიანის ამპარტავნობისა და პატივმოყვარეობის ჰიპერტროფირებულ გრძნობას არ ყოფნის ქართული მიწა-წყლის და ხალხის სიმცირე, ამიტომ ასპარეზად დიდ ერს ირჩევს.
- ჰოდა, ამიტომ ჩვენ ჯერ კიდევ დიდხანს უნდა ვიყოთ ნაციონალური მონობის ქვეშ, რომ თითოეულ ადამიანში მოტყდეს ეს უსაფუძვლო ამპარტავნული მანია, - წარმოთქვა ქალბატონ შუნიას ქალიშვილმა ნინო იშხნელმა, რომელიც ფანჯარასთან მიმჯდარიყო და ძველი ჟურნალის ილუსტრაციებს ზერელედ ათვალიერებდა.
- ასეთი ქვეცნობიერი ლტოლვა მხოლოდ ასიმილაციის შემდეგ შეიძლება დაკმაყოფილდეს, - დაამთავრა თავისი აზრი ლადი ჭყონიამ, - საერთოდ კი პატარა ერის სარკე დიდი ერია.

რა რევოლუცია და რის თავისუფლება! ბავშვებს, უბრალოდ, სწავლა ეზარებათ, უსწავლელად უნდათ კარიერა გაიკეთონ!

***

- აბა ავიღოთ პროფესიონალი რევოლუციონერის ცხოვრება, რომლისაც გნებავთ, გადავხედოთ, თუ „ნედაუჩივში“ სტუდენტი არ გამოდგეს! რად უნდათ ბატონო სწავლა, როდესაც ერთბაშად შეიძლება მიაღწიონ ყველაფერს. ჯოჯოხეთიც „ნეუდაჩნიკებისა“ და შურისმაძიებლების მოგონილია, ამქვეყნიურ ცხოვრებაში რომ ვერავის ვერაფერი დააკლეს - საიქიო გამოიგონეს.

- ასე ნუ მოვთხრით რევოლუციას და მის მოღვაწეებს, რევოლუცია აერთიანებს დაჩაგრულთ, ცხოვრებაში ბევრ რამეს მოკლებულ ადამიანებს მათ ოცნებაში, იმედში, მათ განუხორციელებელ ლტოლვაში, ნდომაში, სურვილში და ეს ვნებათა ნაკადულები რევოლუციის სახით ჰქმნიან ბობოქარ ოკეანეს, ამიტომ ბელადებს დემაგოგიის უდიდესი ნიჭი უნდა ჰქონდეთ. ეს უბრალო საქმე როდია.

- მე კი მგონია, ბელადი შეზღუდული ჭკუისა უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ბრბო მას არ აჰყვება და არ დაუჯერებს.

- რევოლუცია ველურობისკენ შემობრუნებაა, ეს არის საზოგადოებრივი ატავიზმი.

- სამაგიეროდ რევოლუციის სამზადისი და მისი წინადღე ჰუმანიზმის აპოთეოზია, ვინაიდან ერთი მხრივ, ხალხის უმრავლესობა მიილტვის მშვენიერი და უკეთესი ცხოვრებისკენ, მეორე მხრივ, მთავრობა მაქსიმუმ სირბილესა და ადამიანობას იჩენს.

- საქართველომ უნდა ისარგებლოს მომენტით, რადაც არ უნდა დაუჯდეს, უნდა აღიდგინოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. ქართველმა კაცმა, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში უებარი მეომრის სახელი ჰქონდა მოხვეჭილი, უნდა დაიცვას თავისი ინტერესები.

- არა, გენაცვალე, არა! - მე მაგის არ მჯერა!.. სადღაც წამიკითხავს, რომ ქართველები ჯერ კიდევ მონღოლებს შემწვარი ქათმებით უმასპინძლდებოდნენ. ჰო, ქათმის ტაბაკათი ქრთამავდნენ და ისე აღწევდნენ პოლიტიკურ მიზნებს, ბრძოლებში კი არა, პურ-მარილში ატარებდნენ დროს და სადღეგრძელოების გამოთქმით იკლავდნენ პატრიოტული გრძნობების ჟინს.

***

რამდენადაც მე ვიცი, საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელების უმრავლესობა სოციალ-დემოკრატები არიან, რომელნიც თავის ძირითად მოძღვრებად ბოლშევიკებისდაგვარად იგივე კლასთა ბრძოლის პროპაგანდას თვლიან, რაც რომაული „დევიდე ეტ იმპერას“ ახლებური ფორმულაა და ერის დაქუცმაცებას, შინაგანი ქიშპობის წყაროა. აგრარული რეფორმის განხორციელება ძირითად მოსახლეობას - გლეხობას ინდიფერენტულს ხდის პოლიტიკური წყობილებისადმი. ხალხთა ზნე-ჩვეულების, ადათ-წესის სისტემატური უარყოფა ერის თვითმყოფადობის მოშლისა და სულიერი ეროზიისათვის არის გამიზნული, ჩვენს რელიგიას საერო საქმისათვის ორივე ხელი აქვს წაჭრილი, მართლმადიდებელ ეკლესიას არაფერი აქვს დასაპირისპირებელი სხვა ერის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან. მეორე მხრივ ურჯულოებისა და ათეისტების ნამუშაკარის წყალობით (რასაც ჩვენი ლიდერები პროგრესულ მოვლენად თვლიან), სარწმუნოების გავლენა თანამედროვე ქართველ კაცზე მეტად უმნიშვნელოა. მაშ რაღა რჩება იმ ეროვნული ფასეულობიდან, რომელსაც უნდა შესწიროს თავი ქართველმა მეომარმა? იქნებ ის ორიოდ დიდებული, ან ბოგანოდ ქცეული ორიოდ მესაკუთრე, რომელთა უმრავლესობაც ქართული წარმოშობისა არ არის? და, ბოლოს, ვინ დაუჯერებს ჩხეიძესა და წერეთელს, რომ მათ პარტიული დავალებებისა და ყრილობების შემდეგ მამულიშვილური პრობლემები აწუხებთ, ისინი ხომ რუსეთის რევოლუციის წიაღიდან არიან გამოსულნი?

ყოველი ადამიანის ცხოვრების აზრი ერთხელ მაინც ჩაივლის მისთვის განკუთვნილ, აფეთქების არეში, ერთხელ მაინც დაენახება ამა თუ იმ სახით თავის პატრონს და თუ ადამიანი შეიცნობს, დაედევნება, ჩასჭიდებს მას ხელს, სულ მალე დიდი მეხი გავარდება ან შუშხუნასამებრ მრავალფერად გადიკამარებს.

***

მის ინტერნაციონალისტობას იმ დღიდან შეეპარა კრიტიკის ჭია, როდესაც თბილისში სადიხოვის ქარვასლაში მიიყვანეს, სადაც ფარულად ხდებოდა სპარსეთის რევოლუციის მოხალისეთა მოკრეფა.

შენობის შესასვლელში კონსპირაციის მიზნით ხილაბანდის თვალებზე აკვრა მოუნდომეს, ამან ირონიულად განაწყო: სხვა თუ არაფერი, იგი ამ უბანში იყო გაზრდილი, ზემოთ კი უძვირფასეს ნოხზე ნახევარრკალად მსხდომარე სპარსელი სოვდაგრების დანახვამ, რომელთაც დღისით ხალიჩებით ჩაებნელებინათ დიდი დარბაზი და ვერცხლის შანდლებში ჩაჭედილი სანთლების შუქზე ფეხმორთხმულნი ჩაის შეექცეოდნენ. „ათას ერთი ღამის“ ზღაპარი მოაგონა და თავშესაქცევი სანახაობის სახილველად მოამზადა. მაგრამ საქმე სულ მთლად ასე არ გახლდათ. მდიდარმა ვაჭრებმა მისი დანახვისთანავე ნაქარგი ბალიშები, დიბის მუთაქები მოიტანეს და ისე დაყვავებით მიიპატიჟეს, რომ ეტყობოდა, მისი ვინაობის შესახებ ორიოდ სიტყვა აქ უკვე შეწეული იყო. მათ პირმოთნე ღიმილით ილაპარაკეს თავისუფლების იდეებზე, ადამიანის ვაჟკაცობაზე, კოსმოპოლიტიზმზე და შემპარავად შესთავაზეს მოქმედების გეგმა. ყურს უგდებდა ამ ოქრო-ვერცხლის ხურჯინებზე მსხდომ (როგორც მას მოეჩვენა) ცბიერთვალება ადამიანებს და ვერაფრით ვერ დაეჯერებინა, რომ ისინი უბრალო ხალხის სვე-ბედით და ინტერნაციონალისტური იდეებით იყვნენ შეწუხებულნი. კიდევ მეტ საგონებელში ჩააგდო მოხალისეთა შემადგენლობამ, რომელიც თვით ირანის რევოლუციის ხელმძღვანელმა, თბილისელი მოლას გარეგნობის მქონე სათარ-ხანმა გააცნო.

აქ იყვნენ რუსი, ებრაელი და ქართველი პროფესიონალი რევოლუციონერები; ულუკმაპუროდ დარჩენილი იაპონიის ომის ვეტერანები, ერთი ქართველი ნასტუდენტარი და გამოქცეული კატორღელები. ისინი ირანის შინაგან პრობლემებს არ იცნობდნენ, არც მის ხალხსა და ისტორიას. მათ უმეტესობას ამ კამპანიაში მონაწილეობის საკუთარი მიზეზები ჰქონდა - ერთნი რუსეთის 1905 წლის რევოლუციით გამოწვეულ რეაქციის წლებს არიდებდნენ თავს, მეორენი საშოვარზე იყვნენ ჩამოსულნი, სხვანი პოლიციის ძიებაში იმყოფებოდნენ.

ერთ ღამეს, კოკისპირულ წვიმაში ქალაქ ყაზვინზე თავდასხმის მომზადების დროს, მათთან ბანაკში ცხენები მოყარეს. დიდი, ახმახი და ჩოფურა მეჯოგე ქართველი გამოდგა. მან ცხენებთან ერთად რაღაც წერილი გადასცა რაზმის უფროსს, პასუხს აღარ დაელოდა და წვიმისგან გალუმპული ავდარში გაუჩინარდა. შუაღამე გადასული იყო, როდესაც მომავალი ბრძოლის ფიქრებით ძილგატეხილმა „მებომბე ნიკომ“ სხვათაშორის თქვა:

- ეს მეჯოგე გიგლა ბერბიჭაშვილია - ილია ჭავჭავაძის მკვლელი. სოციალ-დემოკრატებმა მოარიდეს იგი პოლიციას და აქეთ გამოგზავნეს.

***

რუსეთს სხვა ერთა აღმოჩენებისა თუ მიღწევების მზამზარეულად მონელებისა ანუ ჩინებული მემკვიდრის ნიჭი აქვს, რუსულ ყაიდაზე გარდაქმნილი ყოველი პოლიტიკური, კულტურული, მეცნიერული ან სხვა მოვლენა, მართალია, გარეგნულად ნაკლებად მიმზიდველია, მაგრამ ყოველთვის უფრო ღრმაა და შედეგიანი თავის პროტოტიპთან შედარებით.

მაღალი იდეალების სახელით იმდენი ბოროტებაა ჩადენილი, რომ იქნებ ბოროტებისათვის ბრძოლა ნაკლებ სიავეს გამოიწვევდა ქვეყანაზე.

გადაგდებული იარაღი წინააღმდეგობის შეწყვეტას ნიშნავს, დამარცხებულად თავის აღიარებას, გამარჯვებულის სამოწყალოდ დარჩენას. ამ მთის ყოველი ნატეხი, ყოველი პისტოლეტი წართმეული თავისუფლების ექვივალენტი იყო.

შიში არ იძლევა ფიქრის საშუალებას და როგორც ადამიანის ჯერ კიდევ ბუნებრივი მოთხოვნილება, იქვე სადღაც მოძრაობს აზრი.

- თავდაცვის შეუგრძნებელი ინსტინქტი თუ მოქმედებს, თორემ ყველაფერი სინამდვილედ რომ მიიღოს ადამიანმა, შეიძლება გაგიჟდეს.
- ხომ შეიძლება ინსტინქტი მარადიული მეხსიერების გამოვლინება იყოს?
- თუკი ადამიანის სული უკვდავია, მას მარადიული მეხსიერებაც უნდა ჰქონდეს. ყოფნა - მეხსიერებით არსებული საგანთა ორგანიზებული სახეა.

არის მოვლენა, რომელიც უსახელოა და დაუბრკოლებლად მოქმედებს თავის სტიქიაში, ის არც გარეშე დამოკიდებულებას, არც რაიმე დაქვემდებარებას არ საჭიროებს, მაგრამ საკმარისია სიტყვიერ ფორმაში გამოიხატოს, იმ წამსვე უამრავი წინააღმდეგობა წარმოიშობა: აუცილებელი შეიქმნება მისი შედარება, ალტერნატივად წარმოდგენა, განსაზღვრება, დაკანონება ან უარყოფა.

ყველა ბავშვია, დიდობა მოგონილი სისულელეა.

მტაცებელს გაცილებით დიდხანს სძინავს, ვიდრე მის მსხვერპლს.

- ერთი, თუ კაცი ხარ, სულ მინდა გკითხო, ეს ბოლშევიკები და მენშევიკები, თუ გაგეგება, რა არის?
- შარაგზაზე ნეხვი ხომ გინახავს?
- მაგან არ მამკლა?!
- ჰოდა, აი, ურემი რომ გადაუვლის, ესე ჩაჭრის, რა, ხომ დაკვირვებიხარ, ორ ნაწილად, დიდი აქეთ - პატარა იქით. ისე სწორედ იშვიათად გამოდის, რომა ზედ ხაზზე მოხვდეს და ტოლ ნახევრებად  ჩაჭრას, ასე არაა?

ხალხი წერამწერალივით ზუსტად ხაზავს ისტორიულ აუცილებლობათა სვლაგეზს, კრიზისულ მომენტთა შესახვევი იქნება ეს, თუ კანონზომიერი გზატკეცილი: მითქმა-მოთქმითა თუ შეთხზული ამბით თითქმის ყოველთვის წინ უსწრებს ისტორიულ მოვლენათა აღნიშვნა-გაფორმებას. 1918 წლის 7 აპრილს, ორი დღით ადრე, ვიდრე სინამდვილეში „დე იურე“ გამოცხადდებოდა რუსეთიდან დამოუკიდებელი კავკასიის ფედერაცია, მგზავრები ერთმანეთს ულოცავდნენ კავკასიის კომისარიატის გაუქმებას, რომელიც არ სცნობდა საბჭოთა ხელისუფლებას და სრულიად რუსეთის გაუქმებულ დამფუძნებელ კრებას ერთგულებდა.

კიდევ გაჩხრიკეს, მაგრამ არავინ გადარეულა, ოღონდ როდესაც ქ-ნ შუნიას ლოგინი აყარეს, ვერ მოითმინა და მიუხედავად იმისა, რომ ჭყონიას წარბები მაღლა აედრიკა და თვალით რაღაცას ანიშნებდა, ყველას გასაგონად ხმამაღლა თქვა: - У меня создается впечатление, что большевики потеряли что-то у себя, а ишут у других.

ისტორიულად ყოველი მონა მშიშარაა, რადგამ მან უკვე ერთხელ სიკვდილს მონობა ამჯობინა. იგი მუხანათიცაა, რადგან უნდა დაიბრუნოს თავისუფლება.

წინა ხაზზე გამოუსადეგარნი ხშირად დარბევისა და შეშინების შესანიშნავი ოსტატები არიან.

მოიძებნა შესაფერი სიტყვა - „ლიკვიდაცია“, რაც ნიღბავდა ყოველგვარ განუკითხავ ძალადობას, მიზნის მისაღწევ საშუალებატა განურჩევლობას და საეჭვო ღონისძიებათა შეფასებას სქოლასტიკური მსჯელობის ლაბირინთში სტყორცნიდა.

მოსწონთ რევოლუციის შემდეგ რევოლუციონერად ყოფნა, ისე მრავლდებიან, როგორც ნაწვიმარზე სოკო.

ჩავატარებინოთ კონცერტი, ხალხი შევყაროთ, ცირკი, სიმღერა ახალისებს ადამიანს. ეს შექმნის სიმყარისა და კეთილდღეობის შთაბეჭდილებას.

საგანგებო კომისიის არსებობის პირველ ხანებში სამხედრო ადმინისტრაციას მთელ რუსეთში „ჩეკას“ თანამშრომლებთან ურთიერთობის ირონიულ-შემწყნარებლური და, ამავე დროს, გამკილავი დამოკიდებულება გაუჩნდა, მაგრამ სულ მალე ამ დამოკიდებულების ქვეტექსტი, რომ ჟანდარმერია ჟანდარმერიაა, რაც არ უნდა დაარქვა მას, შიშმა და მოკრძალებამ შეცვალა. მათთან შეხუმრებას და ქარაგმებს კონტრრევოლუციონერების აღმოჩენის შესახებ ვეღარავინ ბედავდა. ისე გამოდგა, რომ „ჩეკას“ ყოველ წევრს რაიმე ისეთის დაბრალება შეეძლო - თავს ვეღარსად გაიმართლებდი. მათთან ფამილარობა უმაღლესი თანამდებობის პირთა ფუფუნებად შემორჩა ჯერ-ჯერობით, როგორც რევოლუციის ეჭვმიუტანელ მოღვაწეთა პრივილეგია.

იქ, სადაც ძალა შეგვწევს, აუცილებლად მასირებულად უნდა ვიმოქმედოთ! ეს ყოველგვარი წინააღმდეგობის მადას აფუჭებს!

მთავარია შიშის მონოპოლიზირება. ვინც უფრო დაუნდობელი იქნება, ის გაიმარჯვებს!

ყველაფერი, რასაც კი ცხოვრებას უწოდებენ, სიკვდილზე ფიქრის აცილების ფანდთა სისტემაა. მარტივად - კაცობრიობა იმ ერთ დიდ რიგად შეიძლება წარმოიდგინო, რომელიც ყოველ სეკუნდში სასაკლაოსკენ მიიწევს.

ალბათ, ბედნიერნი არიან მორწმუნენი... თუ ღმერთიც ფანდია?.. მაშ რა დანიშნულება აქვს ადამიანს?

ჩეკისტებს არ უფიქრიათ, რომ ვინმეს შეეძლო წინააღმდეგობის გაწევა, ასეთი შემთხვევისათვის არაფრით იყვნენ მომზადებული.

უსამართლობა თავს ყოველთვის ცილისწამებით იმართლებს.

პატრიოტიზმი საუცხოო გრძნობაა, მაგრამ საკუთარი ერის გადაჭარბებულ სიყვარულს სიძულვილის დიდი პოტენცია აქვს.

ტანჯვის მიყენების ძალა თუ აღემატება კეთილდღეობის მინიჭების ძალას, ასეთ სახელმწიფოს შეუძლია იმპერია შექმნას. სხვა სიტყვებით, იმპერია ძლევამოსილი მხოლოდ მაშინაა, როცა მას აქვს უკეთესი იარაღი, ციხე, სახრჩობელა, ბაწარი და უარესი საჭმელი, ჩასაცმელი, სახლ-კარი.

კაცი ფიქრსა და განსჯას თუ მიჰყვა, ყველა პრინციპს საცინად აიგდებს, ყოველ კეთილშობილ საქციელს ამპარტავნობად მონათლავს, ან მიზანშეუწონელ მოქმედებად მიიჩნევს. როგორი სულის სიმდაბლეც უნდა გამოიჩინოს, გასამართლებელ საბუთს მოიძებნის, ერთი სიტყვით, საკმარისია კრიტიკულ მომენტში გადაფასების ცდუნებას მიეცეს, რომ ყველაფერი დასაშვები და იოლი აღმოჩნდეს.

1980წ.